Thursday, December 30, 2010

ძიება, პოვნა და ისევ თავიდან

მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნები, მთავარია ვისთან იქნები. არც დროს აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ხომ ისეთი ფარდობითია. რას ჰქვია დრო? ახალი წელი, ძველი თვე და მსგავსი რაღაცები. იმდენჯერ მქონია შემთხვევა, როცა სადღაც ვიყავი და ამ დროს ვოცნებობდი, სხვაგან და სხვა ადამიანებთან ვყოფილიყავი. მთავარია ეს გრძნობა არასოდეს იყოს ადამიანებში და ყოველთვის იქ ვიყოთ, სადაც გვინდა და ვისთანაც გვინდა. რა სადღეგრძელოსავით გამომივიდა. ვამაყობ ფესვებით.


მიყვარს გრეის კელის და კერი გრანტის ეს ფოტო. კერი გზას უყურებს, გრეისი კიდევ – მას. ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ბალანსი ოჯახში ;)


რომი შნაიდერი და ალენ დელონი
კიდევ ისეთი ზღაპრული წყვილი იყო, ხან მგონია, სინამდვილეში არ არსებობდნენ.

შემაჯამაბელი პოსტი როგორ დავწერო, როცა "ჩემი" წელი ჯერ სულ ახალი დაწყებულია და 2010–ში რასაც ვაკეთებდი – ძიება, პოვნა, ისევ თავიდან ძიება, მოგზაურობა, სიყვარული, სიგიჟეები და ისევ სიყვარული, სიგიჟეები იყო.

Have fun and give your heart in all you do (ინგლისურს ისევ ვერ ვეშვები, რა ვქნა. 2011 წლისთვის გადავდოთ)!

Wednesday, December 29, 2010

თოვლი მერილინი


მელანქოლიური საღამოა. შუქის ანთებაც მეზარება, სიბნელეში ვზივარ და ქუჩას ვუყურებ. ამ თვეში იმდენს ვწერ, რამდენიც მთელი წინა თვეების მანძილზე არ მიწერია. ისე ვგრძნობ, რომ ჩემს ბლოგში ვარ შეყუჟული, როგორც ბავშვი თავის მაგიდისქვეშა შტაბში, შემიძლია გავაკეთო, რაც მინდა, ვთქვა, რაც მაწუხებს და ვერავინ შემოვა, იმიტომ, რომ "ბრონირებული" შტაბი მაქვს.
ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე ასე და ბედნიერები ვიყავით, რომ "ბრონირება" შეგვეძლო ჩვენი შტაბების და მტერი ვერ შემოაღწევდა.

მერე იზრდები და ხვდები, რომ მტერი შიგნითაა. როგორც ეთან ჰოუკის გმირი ამბობს "მზის ამოსვლამდეში": თვითონ ვართ ერთმანეთის დემონები და ანგელოზები.

თოვლს შევხედე და რატომღაც გავიფიქრე, რომ მერილინ მონროს ჰგავს. ისიც ხომ ისეთი თეთრი და თბილი იყო. თბილი სახლიდან რომ ჩანს, ისე კი ცივი და მარტოსულია. ჩემი თოვლი მერილინი. მომენატრა.

ხვალ უკვე 30 დეკემბერია. გოზინაყს აკეთებთ?

Tuesday, December 28, 2010

ვის მოაქვს თოვლი


ძალიან მყუდროდ ვარ მოკალათებული სავარძელში. ისე თოვს, თვალს ვერ მოაშორებ. თან ყინავს, ყინავს და ჰაერიც ისეთი სუფთაა. ასეთი სასწაული ზამთარი კარგა ხანია არ მინახავს და უცებ ვხვდები, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც ყოველთვის მინდოდა – ბევრთოვლიან ზამთარში, ჩრდილოეთში. უცნაურია, რომ ჩემს ქართველ მეგობარ–ნაცნობებზე მეტად მაქვს საახალწლო და საზამთრო განწყობა. თოვლი და განათებული ქუჩებიც მიწყობს, ალბათ, ხელს.

და კიდევ არდადეგები. 2 იანვრამდე ვისვენებ. ოთხთვიანი ინტენსიური ლექციების შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა ცარიელ შენობაში ხეტიალი, გვიან ადგომა, ჩაის ნელ–ნელა სმა და შოკოლადების ნაფცქვენებში ცხოვრება :) ვკითხულობ, ტომ უეიტსს ვუსმენ მთელი დღეები, თოვლს ვუცინი და უცხოურ ბლოგებს ვათვალიერებ, ბედნიერ ბლოგებს, ფერადი სურათები და თბილი წერილები რომ აქვთ. ისეთი სასიამოვნოა ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც შენსავით პოზიტიურად ფიქრობენ და სიცოცხლე ახარებთ.

გიხაროდეთ ახალი წელი რა! თოვლს კი არ მოაქვს ბედნიერება, თქვენ მოგაქვთ თოვლი :)

Sunday, December 26, 2010

მწვანე და სტაფილოსფერქურთუკიანი ბავშვები


მიყვარს კვირა. ხან არ მიყვარს, მაგრამ უმეტესწილად მიყვარს (უმეტესწილად – რა საყვარელი სიტყვაა, წ– ასო ისე მომწონს). მგონია, კვირას ყველა ჩემი ნაცნობი თუ მეგობარი სახლშია, გვიანობამდე სძინავს, მერე დგებიან, ცხელ ჩაის, რძიან ყავას ან კაკაოს სვამენ, კომპიუტერს მიუსხდებიან, ან ტელევიზორს ჩართავენ და უინტერესო ფილმებს, ან მულტფილმებს უყურებენ. აღარც მახსოვს, რა იყო ხოლმე კვირაობით ტელევიზორში.

სასწაულია, მაგრამ ბერლინში მზემ გამოანათა, ცა ისეა მოწმენდილი, გაფრენა მოგინდება, მაგრამ საშინლად ყინავს. ჩემი ლამაზი ქუჩა ისევ ცარიელია და თხუთმეტ წუთში ერთხელ, ტრამვაი თუ ჩაივლის. მოპირდაპირე სახლის სახურავიდან ბოლი ამოდის, ეტყობა ბუხარი აქვთ სახლში და მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, თითქოს იქ დიდი ოჯახი ცხოვრობს, ან შეიძლება არც ისე დიდი. უბრალოდ, საყვარელი ცოლ–ქმარი და ბავშვები, რომლებსაც მწვანე და სტაფილოსფერი ქურთუკები აქვთ, მშობლებს ეხვეწებიან, საციგაოდ წაგვიყვანეთო. გუშინ დავინახე, ერთი მამა ციგით მიასრიალებდა თავის მწვანექურთუკიან ბავშვს და წარმოვიდგინე, ზუსტად ესენი ცხოვრობენ იმ ბუხრიან ბინაში–მეთქი.
რაც თოვლი მოვიდა, ხშირად ვხედავ მშობლებს, სულ ციგებით დაჰყავთ შვილები ქუჩაში. ისეთი ლამაზია ყველაფერი, სურათების გადაღებაც არ მინდა, სიმყუდროვე რომ არ დავურღვიო და დრო არ დავკარგო. უბრალოდ, ვიგრძნო და გავიხარო იმით, რასაც ვხედავ.

Friday, December 24, 2010

ბრენდი და მონიკა



დღეს 90–იანების დასასრულის ემთივის სიმღერებს ვუსმენდი და ნოსტალგია მომეძალა.
არ მჯერა, რომ ვინმეს არ უყვარდა იმ პერიოდში, ბრენდი და მონიკას დუეტი, ან "TLC" და "Destiny's child". მთელი ჩემი თინეიჯერობა იყო ჩადებული ემთივიში. ახლა, წარმოდგენაც არ მაქვს, თუ კიდევ არსებობს ეს არხი და რანაირი ფორმატისაა.

ლინდა ევანჯელისტა, უინონა რაიდერი და დემი მური – როგორ მიყვარდა სამივე, ერთნაირი ვარცხნილობები და baby faces ჰქონდათ

ენდი მაკდაუელის ტკბილი ღიმილისნაირი დიდი ხანია არ მინახავს

კიდევ სინდი კროუფორდის ხალში, ენდი მაკდაუელის ღიმილში, ბრუკ შილდსის წარბებსა და დრიუ ბერიმორის შეშლილ ახალგაზრდობაში დარჩა ჩემი თინეიჯერული ასაკი. რა მაგარია, ადამიანი რომ იზრდები, შენი role-models_იც იზრდებიან და ხვდები, სად იდექი და ახლა სად დგახარ. პრინციპში, დრიუ და მე ისევ ერთად რომ ვდგავართ, ყველამ იცით :)


ბედნიერ შაბათ–კვირას და დღესასწაულებს გისურვებთ.

Thursday, December 23, 2010

Merde! I am 26


ზუსტად რა დავწერო, არ ვიცი, მაგრამ რაღაც მაინც მინდა დავწერო.

ცოტა გიჟი ვარ ისევ :)
წითელი თმა აღარ მაქვს უკვე თვენახევარია.
გავხდი, ჭამა მეზარება.
ახლა სარკეში ჩავიხედე და ცარიელი თვალები და სიცილი ვარ :დ

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რას ვგრძნობ და 26–ე წელი რამდენად მოქმედებს ჩემზე.
დილას როცა გავიღვიძე, საწოლიდან ვისკუპე და ოთახის კარი გამოვაღე, იმდენი საჩუქარი დამხვდა ჩემი მიდრაშას გოგოებისგან, თან მეცინებოდა, თან – მეტირებოდა. საჩუქრები კი არ არის საქმე, უბრალოდ ყურადღება და სითბოს გამოხატვა. ზოგმა, უბრალოდ, ბარათი მაჩუქა და გამიღიმა, ნებისმიერ დიდ საჩუქარს ჯობია. ახლა ვგრძნობ, რომ დიდი ოჯახი მაქვს და ეს ოჯახი ჩემი მიდრაშაა.


მადლობელი ვარ ღმ–ერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც მექნება. 26 წელზე ცოტა ნაკლები დამჭირდა, მივმხვდარიყავი, როგორ და ვისთან ერთად მეცხოვრა.

ადრე მკითხეს, ამდენი პოზიტიური ენერგია საიდან გაქვს და ყველაფერში კარგს როგორ ხედავო. საიდან და უბრალოდ არ მაქვს უფლება, არ ვიყო დადებითი, ან სამყარო არ მიყვარდეს, როცა პატარა ანა ფრანკს, რომელმაც ცხოვრებაში ვერაფრის ნახვა მოასწრო, ადამიანები კეთილებად მიაჩნდა და ყველაფერი ახარებდა. საკმარისია ეს გავიხსენო და მაშინვე ღიმილით მევსება თვალები. ყველაფერი ხომ ჩვენშია საბოლოოდ, რწმენაც, სიყვარულიც, სიკეთეც და ჩვენი ცხოვრებაც. ჯობია გონებამახვილი გიჟი იყო, ვიდრე ჭკვიანი სკეპტიკოსი, ეს მე არ მითქვამს, სადღაც წავიკითხე, მგონი.

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის!!!
მიყვარხართ, იცით.
ამიტომ კომენტარებს ვთიშავ, მერე თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ ხოლმე, როცა ადამიანები ბევრჯერ მილოცავენ.
შეინახეთ ემოციები თქვენიანებისთვის და ის ღიმილები, რომლებიც ჩემთვის გემეტებათ, თქვენს ახლობლებს მიანათეთ :)

Saturday, December 18, 2010

სნობების საყოველთაო დღე

ეს გიჟური მოთხრობა (ვითომ მოთხრობაა?) თებერვალში დავწერე, თბილისში და დღემდე კაციშვილს არ წაუკითხავს. ლინტონმა შთამაგონა, გამომექვეყნებინა. ჩემს ბლოგზე უკეთეს ადგილს სად ვნახავ.


როცა 2 თებერვალი მსოფლიოს სნობების საყოველთაო დღედ აქციეს, უკვე 25 წლის ვიყავი. უმუშევარი, მარტოხელა, თმა შესაღები მქონდა, ფრჩხილები მოკლედ დაჭრილი და ინტერნეტიც ყოველ წამს მეთიშებოდა.
ჩემი ცხოვრება თებერვლიდან თებერვლამდე იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სნობებთან იშვიათად ვურთიერთობდი და ჩემი მეგობრობა რელიგიურ ადამიანებთან შემოიფარგლებოდა.
იმ 2 თებერვლის დილაც არაფრით განსხვავდებოდა, თუნდაც, 1 თებერვლის, ან 31 იანვრისგან. მზე ანათებდა, მაგრამ ციოდა. მაცივარში დამპალი გოგრა და არაჟანი მქონდა, მაგიდაზე - დაჭრილი ლიმონი და ჩაიდანი.
სადაც არ უნდა მიგეხედ-მოგეხედა, ვერაფერს დაინახავდი 70-იანებში აშენებული კორპუსებისა და მაღაზიების გარდა, რომლებიც ჩემი უბნის ყველა კუთხეში იყო გახსნილი. ორი-სამი დღე წაიმუშავებდნენ და მერე იკეტებოდა. მერე ახალს ხსნიდნენ და მალე იმასაც კეტავდნენ.

2 თებერვალი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის მთელი დღე.

ჩემი 25 წლის თავი და ტანი სტაფილოსფერ დივანზე ისხდნენ და ინტერნეტში შესვლას ცდილობდნენ. თავი დასაბანი მქონდა, მწვანე ჟაკეტი გახუნებული და ადგილ-ადგილ გამოხეული იყო, ტანზე რომ დავიხედე, ყველაფერი სტაფილოსფერი მეცვა – კუბოკრული ბოლოკაბა, ჯემპრი; ხელი რომ მედო, ის ბალიშიც კი სტაფილოსფერი იყო. შეიძლება ზოგმა ნარინჯისფერი დაარქვას, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ნარინჯი და არ ვიცი მისი ფერი.

2 თებერვალს მივხვდი, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში არ მყავს. ეს ნიშნავს, რომ უმეტესობა მათგანს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ჩემგან რამე სჭირდებათ, ან ნერვების დამშვიდება და თავიანთი ენერგიის ჩემთან დაცლა სურთ. ჩემზე კარგი დამცლელი კი არსად იშოვება. ჩემთან შეგიძლია ილაპარაკო ყველაფერზე, იჩხუბო, იტირო, იწუწუნო, მოიტყუო, მე არაფერს გიპასუხებ, უბრალოდ მოგისმენ და მთელი ჩემი 25 წლის ცისფერ-ნაცრისფერი თვალებით მოგისმენ. მერე შეგიძლია წახვიდე და საერთოდ, არ დაინტერესდე, მე თვითონ როგორ ვარ და რას ვგრძნობ.

მე 2 თებერვალს არდაბადებული მონსტრი ვარ.

ბორის ვიანი ოცნებობდა ჩემთან ერთად სირბილზე ყოველ დილით და მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მასაც თავისი ნევროზების ჩემთვის მოხვევა და დაცლა უნდოდა. ან არ ვფიქრობდი და თავს ვიტყუებდი, რომ ვიანი ჩემი მეგობარია, რომელიც მენდობა, ყველაფერს მიზიარებს და ჩემი აზრი აინტერესებს. სინამდვილეში, ალბათ ისიც იტირებდა, იწუწუნებდა, თავაზიანობისთვის მკითხავდა, ჩემკენ რა ხდებოდა და დაიჟინებდა, მისთვის მომეყოლა ჩემი ამბები. მერე კი ჩაეძინებოდა, ან გზაში დაიკარგებოდა.
მე მძულს 2 თებერვალი და ის, რომ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ სულელი. მიხარია სხვების სიხარული და მჯერა, რომ სხვებსაც ასევე ვუხარივარ. სინამდვილეში არავის, ღმ-ერთის გარდა, ისიც იმალება და იმალება. მოვკიდებ ხელს და დავდივარ, ხან მავიწყდება, სად არის და რატომ არ მესაუბრება, მაგრამ მახსენდება, რომ ღმ-ერთი ჩემი "მეგობარი" არ არის, რომელიც დაჯდება და თავის პრობლემებს თავზე დამაყრის. ჩემს პრობლემებთან გამკლავებას მაცდის და თვითონ დადის, დადის. ოჰ, ღმ-ერთო, რატომ მაინცდამაინც ეს 2 თებერვალი?

2 თებერვალი გრძელდებოდა, როცა მივხვდი, ტაფა უნდა გამეხეხა. არადა, ისე ჰქონდა ზეთი მიმწვარი, იმის გარეცხვა სასწაული უნდა ყოფილიყო. ბოლოს, გადავწყვიტე გამეხეხა, დედაჩემის ნაყიდი ტაფა იყო და დედაჩემის ნაჩუქარ-ხელმონაკიდ ნივთებს, როგორც წმინდა გრაალს, ისე ვეპყრობოდი. ავიღე სახეხი, ჩავიმუხლე და ტირილით გავხეხე. გაიხეხა. სასწაულად გაპრიალდა და მეც გავიღიმე, თურმე კარგი ვქენი, ხელი რომ არ ჩავიქნიე, არადა თავიდან იმ ტაფის გადაგდებას ვაპირებდი.
ღმ-ერთმა ისევ მაგრად ჩამკიდა ხელი და მე ტირილი დავიწყე. ოღონდ უკვე სიხარულისგან, რომ ტაფა გამახეხინა და მიმახვედრა, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ვიყავი და იმ დღეს მსოფლიო სნობების დღე, 2 თებერვალი, იყო.
შეიძლება, ყველაფერი მეჩვენება, არც ტაფა არსებობს, არც სახეხი და ღმ-ერთიც არ მკიდებს ხელს. უბრალოდ, ნესტიანი წიწიბურა ვჭამე და ახლა გული მერევა. დღე კი გრძელდება და მე ამას ვეღარ ვიტან.

იზაბელა, სოლომონი და გერასიმე მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ უარი ვუთხარი, კარებს ვერ გაგიღებთ-მეთქი. ვიჯექი და ადგომა მეზარებოდა. იზაბელა მაშინვე წავიდა, გული დამწყვიტე, შენთან საუბარი მინდოდაო, გერასიმემ მხოლოდ ამოიხვნეშა, მუნჯი იყო და რას მეტყოდა. სოლომონი იქვე ჩამოჯდა და სანამ არ ადგები, არც მე ავდგებიო. სოლომონი ჩემი მომავალი საქმრო იყო, ასე კარებებიდან ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ამიტომ სჯეროდა, რომ მე ქერა თმა მქონდა და სტაფილოსფერი არ მიყვარდა. არაფერს ამბობდა თავის შესახებ, გარდა იმისა, რომ გიჟური ცეკვები უყვარდა. სახლში მარტო რჩებოდა ხოლმე და ხელებს, ფეხებს იქნევდა, მერე სიცილით კვდებოდა და კარებიდან მიყვიროდა, ადექიო.
ესეც 2 თებერვალს მოხდა. მაშინ გამოაცხადა "ბიბისიმ", რომ მსოფლიო სნობების საყოველთაო დღეა და გთხოვთ, ყველამ წუთიერი დუმილით მიაგოთ პატივიო. სოლომონიც ჩემს კართან იდგა ჩუმად.

Thursday, December 16, 2010

ისევ სურათები, შავ–თეთრი

კაროლ ბუკე და ანჯელა მოლინა – ორი კონჩიტა. ჩემი პირველი ბუნუელის ფილმი, აჯანყება და სიყვარული.

ჩემი ფავორიტი კიმ ნოვაკი თავისი პოსტერის წინ. ჰიჩკოკის ქალი.

ოლივია დე ჰავილანდი – ზუსტად ესაა "ქარწაღებულნის" ჩუმი და უფერული მელანი ჰამილტონ–უილკსი, რომელიც სკარლეტზე მეტად უყვარდა ეშლის და მე კიდევ მძულდა.

მერილინი.

Sunday, December 12, 2010

ჩრდილოეთის ზღაპრები

გერდა ჩრდილოეთისკენ

შევამჩნიე, ძალიან ბევრს ფეისბუქზე სხვადასხვა მულტფილმის გმირების ავატარი აქვს, ზოგს მძინარე მზეთუნახავის, ზოგს – კარლსონის მეგობარი ბიჭუნასი, ზოგს ქალთევზა არიელის. დიდხანს ვიფიქრე, მე რომელი მულტფილმი მიყვარს ასე განსაკუთრებით და აღმოვაჩინე, რომ არცერთი.

სამაგიეროდ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები მიყვარდა, იცით. "თოვლის დედოფლის" გერდას ავირჩევდი, რამე რომ იყოს. ვგავართ ხასიათით: დავდივართ, სულ ვეძებთ, ის თავის გათოშილ კაის და მე – ჩემსას, თუმცა არ ვიცი, გათოშილია ისიც, თუ არა.
როგორც მახსოვს, დისნეის არ გადაუღია და მგონი, ძველი რუსული მულტფილმი უნდა იყოს, რომელიც კარგად არ მახსოვს, ალბათ ბავშვობაში მექნება ნანახი. ახლა აღარ ვუყურებ ფილმებს ჩემს საყვარელ წიგნებსა და ზღაპრებზე. არ მინდა რეჟისორის და პროდიუსერების მსხვერპლი გავხდე და მერე სხვამ დაიკავოს გერდას ადგილი, როცა გერდა, ამ შემთხვევაში, მე ვარ. ყველაზე საყვარელი და ამავე დროს სასტიკი ზღაპარია, როგორც ჰანს ქრისტიან ანდერსენს შეეფერება. სხვა ზღაპრებში მხოლოდ მზეჭაბუკები მიდიან მზეთუნახავების გადასარჩენად, ანდერსენმა კი სტერეოტიპები სრულიად დაამსხვრია და თავის პატარა, ოქროსფერ გოგოებს მისცა ძალა, ირმებს მოახტნენ და პატარა, გათოშილი, შტერი ბიჭების გადასარჩენად წავიდნენ.

ცივი კვირაა ბერლინში. თოვლი თითქმის სულ გადნა.
გერდას ირემი მჭირდება, ჩრდილოეთის ციალი რომ ვნახო.

Wednesday, December 8, 2010

Love Uma


გუშინ ქეითმა facebook-ზე დადო ტარანტინოს და უმას სურათი, ერთად არიანო და გამახსენდა, როგორ მიყვარს უმა. ტარანტინოც მიყვარს, იცით, განსაკუთრებით მისი გიჟური ფილმები.


მაგრამ უმა ხომ მაინც განსაკუთრებულია. თითქოს იდეალური არაფერი აქვს, მაგრამ ისეთი ქალია, გინდა შენი მეგობარი იყოს და ერთად იცინოდეთ ხუმრობებზე. სახელიც ორიგინალური ჰქვია და ცხოვრებაში მეტი მნიშვნელოვანი როლი რომ აღარ მიიღოს, 'Pulp fiction'–ში შესრულებული ფეხშიშველი ცეკვა ყველას ემახსოვრება.

I love Uma.

Tuesday, December 7, 2010

გაუღეთ კარი

მე დღეს ამ მუსიკამ გამაგიჟა. არაბული ღამეები რა მოსატანია, მთელმა "ვეფხისტყაოსანმა" თვალწინ ჩამიქროლა. შეიშლები ადამიანი, რომ დაფიქრდე რა დღეშია ჩვენი ფსიქიკა; რამხელა გავლენას განიცდის ლიტერატურისგან და საერთოდ, ხელოვნების ნებისმიერი მიმართულებისგან. უსმენ მუსიკას და გახსენდება სხვადასხვა ისტორიები, ფილმები, ადამიანები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ, მაგრამ ისე არიან შენში გაბნეული, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამოშლი. მერე იტყვიან, რატომ იბრძვის ადამიანში ორი არსებაო. ჩემში ორზე მეტი იბრძვის, სიმართლე გითხრათ.

სასწაული მუსიკაა, ვიდეოს არ უყუროთ, უბრალოდ მოუსმინეთ და თქვენს ცნობიერს გაუღეთ კარი.

(ვიდეო, რა თქმა უნდა, ჩემს Facebook friend-თან ვნახე, სხვაგან სად შეიძლება ხელოვნებას ეზიაროს ადამიანი.)

David Arkenstone "Song of Sheherazade from myths and legends"


Wednesday, December 1, 2010

Sunny ხანუკა

რამდენმე იცით, რა არის ხანუკა?
უმრავლესობას ხანუკა შობის ებრაული ალტერნატივა ჰგონია და ერთხელ ვიღაცამ მკითხა, თქვენ ვის დაბადებას აღნიშნავთ ამ დღესო.

ხანუკა სინათლის და სასწაულის აღსანიშნავი დღეა.
ისტორიულად ამ პერიოდში მამაცმა მაკაბიტებმა ბერძნები დაამარცხეს და დამოუკიდებლობა მოუპოვეს ისრაელს. მაკაბიტები (იმედია, ქართულად ასე ითარგმნება), ასე ვთქვათ, თავისი დროის guerrilla მეომრები იყვნენ. რელიგიურ დღესასწაულს რაც შეეხება, სოლომონის ტაძარში, მენორაში, რომელსაც მთავარი კოენი ანთებდა, ძალიან ცოტა ზეთი ესხა, მაგრამ სასწაულად, მთელი 8 დღის განმავლობაში მაინც იწვოდა. ამიტომ ახლა მთელი 8 დღის განმავლობაში ვანთებთ სანთლებს, პირველ დღეს 1 სანთელს და მომდევნო დღეებში თითო სანთელი ემატება, რითიც სასწაულს ვიხსენებთ.

ხომ მიცნობთ, მიყვარს ისტორიები მამაც ადამიანებზე, თან წარმოუდგენელია, ადამიანი ქართულად იყო გაზრდილი და გმირები არ გიყვარდეს. ამიტომ ხანუკა ჩემი ერთერთი უსაყვარლესი დღესასწაულია, გარდა იმისა, რომ სინათლის და სასწაულების დროა, მთელი მსოფლიოს ლიტერატურა თუ მხატვრობა ამაზეა აგებული. მაკაბიტების გარდა, ამავე პერიოდს ეკუთვნის ცნობილი ივდითი (יְהוּדִית), რომელმაც ჰოლოფორნესს თავი დააკარგვინა (პირდაპირი გაგებით).


როგორც ჩემი საყვარელი რაბი იტყოდა, ყველა ადამიანშია ჩადებული გმირობის კოდი, პრინციპები და სამშობლოს, ხალხის სიყვარული. უბრალოდ, ზოგი ვერ ხსნის ამ კოდს და იკარგება იმ პოპულარული კულტურის ლაბირინთში, რომელსაც ბოლოს ეჩვევა და სურვილიც აღარ უჩნდება, რომ კედელი გაარღვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ დღესასწაულები ადამიანებისთვისაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც სამყაროში არსებობს. ყოველდღიური ცხოვრება ზოგჯერ ისეთი მოსაწყენია, გვჭირდება (დღე)სასწაულები, სტიმულით და ოპტიმიზმით რომ ავივსოთ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ირონიით უყურებენ მსგავს დღეებს, არაფერი მოსწონთ, არცერთი რელიგია აკმაყოფილებთ და ჰგონიათ, სხვებზე მაღლა დგანან, რადგან არ სჭირდებათ სასწაულების დაჯერება. მე ასეთ ხალხს, უბრალოდ, შურიან ბოღმებს/ბოღმა შურიანებს ვეძახი – როცა ადამიანს არც შენი, არც სხვების სიხარული გიხარია, ცუდადაა შენი საქმე, თანაც ძალიან.

მე მიხარია ახლა ძალიან. არ შემიძლია სიხარულის დამალვა. წელს ჩემი ყველაზე გააზრებული და ნათელი ხანუკაა. მინდა ყველას უხაროდეს, ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოს რწმენა, რომ სინათლე ყოველთვის აქრობს სიბნელეს.

ბონუსად The MACCABEATS - One Day