Tuesday, September 28, 2010

"ანათემის ბარიერები"

Discover Simple, Private Sharing at Drop.io


დღეს "ანათემას" ვუსმენდი. 2 ევროდ ვიყიდე დისკი საკვირაო ბაზრობაზე. ერთი სიმღერა ისე მომეწონა, არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა. იუთუბზე ვცადე ატვირთვა, მაგრამ კოპირაითის გამო, საქართველოში არ აჩვენებდა. მერე გამახსენდა, რომ სხვა საშუალებებიც არსებობს. აი, თურმე ზოგჯერ ტუტორიალებიც საჭიროა და ასე ავტვირთე "Barriers".

არდადეგები როცა დაიწყო, მაშინ ვწერდი, წიგნები მოვიმარაგე–მეთქი. ბევრი წიგნი მიდევს წინ, სამის კითხვა უკვე დავიწყე კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ ვუდებ გულს. ხან გარეთ გამირბის გონება, ხან – კომპიუტერისკენ და ხანაც ისე მეძინება, თვალს ვერ ვახელ.


რაც ერთი თვის მანძილზე არ მეცალა, ახლა ყველა ბლოგი გადავიკითხე. ზოგი უკვე შემიყვარდა, ზოგმა – საერთოდ, შემაძულა ყველაფერი. განსაკუთრებით ერთმა, სადაც ბლოგის ავტორს პრეტენზია ჰქონდა, რომ წერის განსაკუთრებული სტილი აქვს და "ერთობ" ინტელექტუალია. მერე ვიღაცამ უთხრა, ახმატოვას მაგონებო და ბლოგერმა "კუდი ყავარზე გაიდო" (ვაფრენ ამ ანდაზაზე), სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას, მხოლოდ ის ვიცი, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა და ბოლოს თავი ჩამოიხრჩოო. ჩემნაირ რუსული პოეზიის ფრიკს და სნობს როგორ გაუფართოვდა თვალები, ხომ წარმოგიდგენიათ. არა, მესმის, ყველას სულაც არ უნდა უყვარდეს რუსული პოეზია და შეიძლება ახმატოვას ცვეტაევასგან ვერც არჩევდეს, მაგრამ ამის დამალვა მაინც უნდა შეეძლოს, თუ უნდა, რომ ინტელექტუალად ჩათვალონ. ამის მერე კიდევ უფრო გამძაფრდა ჩემში Enid-ის ფრაზა "Ghost World"–დან: "I just hate all these extroverted, obnoxious, pseudo-bohemian losers."

ხო, ისე სხვა ყველაფერი კარგადაა :)))

Sunday, September 26, 2010

მარსის ქრონიკები


უკვე მეორედ მქონდა მარსზე ან სატურნზე დარჩენის საშუალება და უარი ვთქვი ისევ.

ბერლინის პლანეტარიუმი (უცნაური ძეგლით)

დღეს ბერლინის პლანეტარიუმში (ალბათ, ობსერვატორია უფრო სწორია, არ ვიცი) ვიყავით. სტუდენტებისთვის 4 ევრო ღირს შესვლა. პროგრამა ერთსაათიანია და ყველა დიდი პლანეტის მიმოხილვას მოიცავს.
შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი ზოდიაქოს პლანეტაა, სატურნი ყველაზე მეტად მიყვარს, თან ყველასგან განსხვავდება, რაღაცნაირი "შარავანდედიანია" და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მასზე. ვიცურავებდი, ველოსიპედითაც ვივლიდი... ისეთი მძაფრი შეგრძნებაა, დედამიწას რომ წყდები და გალაქტიკაში იჭრები, სუნთქვა გეკვრება და გავიწყდება, რომ სინამდვილეში ჩაბნელებულ დარბაზში ზიხარ და ყველაფერი სპეცეფექტებია.

სატურნი

პროგრამა მზით მთავრდება. თვალებს გჭრის; ნამდვილი ცეცხლოვანი ბურთია და გახსენდება, რომ ზუსტად ეს ბურთი გიყვარს ადამიანების თვალებში. სამაგიეროდ, ამ ბურთს დიდად არ უყვარს ბერლინი.


მერე დედამიწაზე ბრუნდები და ისეთი შეგრძნებაა, შორი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების, ყველაფერს იცნობ – ოკეანეებს, კონტინენტებს და სახლისკენ მიმავალი გზაც იცი... ყოველ შემთხვევაში, ასე გჯერა.

საქართველოშიც ხომ იყო ობსერვატორია, აბასთუმანში. იმედია, ახლაც არის და მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ, აუცილებლად წადით ვინმე. არაფერი სჯობს ცოტა ხნით დედამიწის დატოვებას და სივრცეში გაფანტვას. არ ვიცი, სხვებსაც თუ უჩნდებათ რომელიმე დაღარულ პლანეტაზე დარჩენის სურვილი, მაგრამ იმის წარმოდგენა უფრო ადვილდება, სად ცხოვრობდა პატარა უფლისწული ან ბრედბერის გმირები როგორ და[ჰ]ქროდნენ მარსის ქუჩებში.

Monday, September 20, 2010

Watching telly, drinking wine

სინამდვილეში, არც ტელევიზორი მაქვს და არც – ღვინო. თუმცა, შემიძლია წარმოვიდგინო, როცა ლიმონიან ჩაის კომპიუტერში შენახულ, "კლასიკადქცეულ", ფილმებს ვაყოლებ: "You've got mail", "Amelie", "Ирония судьбы - продолжение"...

4 ოქტომბრამდე სუქოთის არდადეგები მაქვს. გოგოების ნაწილი ანტვერპენში მიდის. შარშან ვიყავი და წელს, მინდა, მარტო დავრჩე, დავისვენო, წიგნები წავიკითხო და ვიფიქრო.

უცნაური ორი დღე მქონდა. გუშინ მთელ დღეს ფილმებს ვუყურებდი და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ გული ისე აღარ მიჩუყდება, როგორც ადრე. ბერლინმა გამაცია. დღეს კიდევ – დილით, ვსაუზმობდი და ერთი გოგო რაღაცებს მიყვებოდა, მინდოდა მეც საუბარი, მაგრამ სასწაულად დამეზარა გრძელი პასუხის გაცემა. ადრე თქვა ვიღაცამ, ადამიანი რაც იზრდება, მით უფრო უჭირს ახალი მეგობრების გაჩენაო.

ლილი ალენის დღე მაქვს.

Friday, September 17, 2010

Oh, boy!


იმ დღეს რაღაც "საუბარში მოვხვდი" და დასმულ შეკითხვას რომ ვუპასუხე, მითხრეს: ეგ ყველაფერი კომპლექსიაო. გავშრი. საერთოდ, ცხოვრებაში ადვილად არ ვიბნევი და რაც უნდა უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდე, ვცდილობ, გავიცინო და სხვებიც გავახალისო. მაგრამ ამ საუბარში ეს არ გამომივიდა.

რატომ?
  • იმ ადამიანს ვერ დავცინებდი და ვერც ვეჩხუბებოდი გარკვეული მიზეზის გამო.
  • შემეშინდა :| მეთქი, ეტყობა მართლა მაქვს გარკვეული კომპლექსი.
  • ძალიან მეწყინა, ასე რომ მომახალეს, როცა მე მილიონჯერ ვწონი სიტყვებს, ვიდრე ვინმეს ვეტყვი.

დღეს კიდევ მივხვდი, რომ არაფერი იყო საწყენი: თუ მართლა მაქვს ეს კომპლექსი და არ მომწონს, უნდა ვეცადო, მოვიშორო და თუ არ მაქვს – მაშინ, საერთოდ რა მადარდებს?

ალბათ ის, რომ იმ ადამიანმა არ იცოდა, როგორ არ უნდა ეთქვა ასეთი რაღაც ქართველი სოციალისტი და იუდაისტი ახალგაზრდა ქალისთვის.
Oh, boy, tactless people are killin' me.

Tuesday, September 14, 2010

ბიულერბიუელი ბავშვები წვიმაში

უკვე ორი დღეა გადაუღებლად წვიმს ბერლინში. დილას ადრე გავიღვიძე, როგორც ადრე დავწერე, ერთ გოგოსთან ერთად ვვარჯიშობ ხოლმე, მაგრამ გუშინ ფეხსაცმელები ისე დამისველდა, დღეისთვის ვერ მოასწრო გაშრობა და ამიტომ სახლში მომიწია დარჩენა. სასტუმრო ოთახში ძალიან საყვარელი დივანი და წითელი პლედები გვაქვს. იქ ჩამოვჯექი, გავეხვიე პლედში და წიგნი უნდა წამეკითხა, მაგრამ ისე წვიმდა, რომ თვალი ვერ მოვაშორე.

არ ვიცი, რატომ, უცებ გამახსენდა ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" და ისე, რაღაცნაირად დამწყდა გული. ასე ვიცი ხოლმე, ხანდახან ისე მწყდება გული, ვერ ვიგებ რატომ. მერე ლექციაზეც რომ ვიჯექი და წვიმას ვხედავდი, ისევ ლინდგრენის ბავშვები მახსენდებოდნენ: "ჩვენც სალტკროკელები ვართ", "ლიონებერგელი ემილი" და "ბიულერბიუელი ბავშვებიდან" და გული მიჩუყდებოდა.
როგორც ბერლინში, მის წიგნებშიც ხომ ხშირად ცივა, ზამთარია. ცხელ ჩაის, უფრო ყავას, სვამენ ფუნთუშებთან და მაჭკატებთან ერთად; თაფლაკვერებს აცხობენ და მერე მოხუც ბაბუასთან მიდიან, რომ გაზეთი წაუკითხონ...


ისე მიკვირს, როცა ვიგებ, ადამიანები ამ წიგნებზე არ გაზრდილან და ასტრიდ ლინდგრენის გმირები მისი ბავშვობის მეგობრები არ ყოფილან :/ მეორე კლასში ვიყავი, როცა ეს წიგნი მაჩუქეს და დღემდე, როცა თბილისში ვარ და თავს ცოტა მარტოსულად ვგრძნობ, ვიღებ და ვკითხულობ. წიგნი თან არ წამომიღია, მაგრამ წვიმამ მაინც მომიტანა დილას.


არ ვიცი, წვიმა დღეს თუ გადაიღებს საერთოდ, ამიტომ ბიულერბიუელ ბავშვებს ჩემთან დავტოვებ და მაჭკატები თუ არ გამოგვივა, ვაფლს შევჭამთ და გავიხსენებთ, როგორი სხვანაირი გვეგონა სამყარო (არცთუ ისე) დიდი ხნის წინ.

Saturday, September 11, 2010

"მზე სწორად მოეფინების"

ებრაული, ანუ მზისა და მთვარის ერთობლივი კალენდრის მიხედვით 5771 წელი დადგა.
ჩემი შარშანდელი როშ ჰაშანა ძალიან აღტყინებულ–ემოციური იყო. წელს აშკარად იმდენად გავიზარდე, რომ მივხვდი, ეს მხოლოდ დღესასწაული არ არის – ის პერიოდია, როცა დროა უკან გადადგა ერთი ნაბიჯი (ან წინ, საიდანაც უკეთ გამოჩნდება) და შენს ცხოვრებას შეხედო. ოთხშაბათ საღამოს სინაგოგაში რომ წავედით, ლოცვის დროს ერთი მოხუცი რაბი ისე ტიროდა, არ ვიცოდით, რა გვექნა. მერე ჩვენმა მასწავლებელმა აგვიხსნა, თუ როშ ჰაშანიდან იომ ქიფურამდე (მონანიების 10 დღე ჰქვია დროის ამ ინტერვალს), ადამიანი ერთხელ მაინც არ ატირდება, ესე იგი მის სულში რაღაც არასწორად ხდებაო. ჰოდა მთელი სამი დღე ვწუხდი, რომ არ მეტირებოდა და ფიქრებიც ისე მერეოდა, ვერ ვიგებდი, როგორ ხასიათზე ვყოფილიყავი. ამას, ალბათ, უფრო ეიფორია ჰქვია.

ჰოდა, დღეს, როცა შაბათიც გავიდა, დღესასწაულიც დამთავრდა და ათდღიანი დაფიქრების და ცხოვრების გაანალიზების პერიოდი დადგა, ვიტირე. ისე ვიტირე, რომ სარდაფში ჩავედი და დიდხანს ვიჯექი, სანამ თვალები არ დამიწყნარდა, რომ სხვებს არ დავენახე.

ხან მგონია, რომ ცხოვრებას ძალიან მძიმედ ვიღებ, ხან კიდევ – პირიქით, ყველაფერი სასაცილოდ მიმაჩნია და უმეტესად კარგი განწყობა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მალევე ვიხსენებ, ვინ დგას ჩემზე მაღლა, რისთვის ვცხოვრობ და რა მისია მაქვს ამქვეყნად – მაშინვე გადამივლის ყველანაირი სევდა და ვიღიმები.

რაღაცნაირად უცნაურია, რომ წელს ბერლინში მიწევს ამ დღეების გატარება, უფრო დიდი სულიერი გამოწვევა მაქვს. ამბობენ, ადამიანი რაც უფრო იზრდება და ბრძენდება, მისი შინაგანი "დემონი" კიდევ მეტად ძლიერდება და ღრღნისო. მართალი ყოფილა. ოღონდ ის "მღრღნელი" იმდენად ჩუმი და ცბიერი ხდება, პირდაპირ შეტევაზე არ გადმოდის, ისეთ სუსტ წერტილებს პოულობს შენში, რომელიც თვითონაც შეიძლება არ იცოდე და მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა კლდის პირას დგახარ და უნდა შეჩერდე. მთლად ასე დრამატულადაც არ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ამ კლდეზე გადაფრენა ან უკან დაბრუნება და გზის შორიდან შემოვლა...

ყველას გისურვებთ ბედნიერ წელს :) მზე და მთვარე ხომ ყველასია. სულიც ყველას გვაქვს და სიძნელეებიც იმიტომ გვხვდება, რომ გადავლახოთ და იქ მივიდეთ, სადაც ყველას ძალიან გვინდა მისვლა.

Monday, September 6, 2010

Not fair

ჯერ ეს იყო. ახლა ეს:


It's not fair.

Wednesday, September 1, 2010

ჯონი? არა, სოფი Walker

ამ ბოლო დროს სიარულის მეტი არაფერი მახსოვს. ლექციებს შორის შესვენება როგორც კი იწყება, საწვიმარი შემოსასვლელში მიკიდია, ხელს ვტაცებ და გარეთ გავრბივარ. სახლში დაბრუნების წინ მუსიკალურ მაღაზიაში შევდივარ, სადაც უძველეს ფირფიტებს ყიდიან და გული მწყდება, რომ ფირსაკრავი არ მაქვს. ისეთი უცნაური აურაა იმ მაღაზიაში – ერთი გრძელთმიანი კაცი მუშაობს; არასოდეს შემოგხედავს, დაბოდიალობს და ფირფიტები ერთი თაროდან მეორეზე გადააქვს. შეგიძლია მთელი დღე იდგე, ათვალიერო და თან მუსიკას უსმინო. გუშინ ბოსანოვა ჰქონდა ჩართული... იმ მაღაზიიდან როცა გამოვდივარ, მუსიკა აჩრდილივით მომყვება და ჩუმად ვირწევი.

ერთერთი walking–ისას ნაპოვნი turquoise მანქანა

გუშინ საღამოს ერთმა ახალმა გოგომ იკითხა, ვის უნდა დილაობით ჩემთან ერთად "სწრაფი სიარულიო". ვის ენდომებოდა, ჩემ გარდა.
დღეს დილით ნახევარ საათს ვიარეთ; მომიყვა თავისი ცხოვრების შესახებ იერუსალიმში. მანამდე ნიუ იორკში ცხოვრობდა და გაიხსენა, როგორ თამაშობდა ხოლმე ერთ ირლანდიელ გოგოსთან პარკში. ერთ დღესაც იმ ირლანდიელმა ბავშვმა ცნობილი "ჰოლდენ კოლფილდისეული" კითხვა დაუსვა და როცა გაიგო, ეს ებრაელი იყო, იმის მერე აღარ მისულა იმ პარკში. ისე წარმოუდგენლად მეჩვენება ხოლმე ასეთი რაღაცები... მერე მე – თბილისზე მოვუყევი, ჩემს საყვარელ წიგნებზე და სანამ საუბარი პოლიტიკურ ორიენტაციამდე მივიდოდა, სახლს მივუახლოვდით.

მიყვარს ვისკიც და სიარულიც

ახლაც ვზივარ და ვფიქრობ, სად შეიძლება საღამოს გავისეირნო. ყველაზე კარგი ეს არის ბერლინში: რაც უნდა კარგად იცნობდე აღმოსავლეთ ნაწილს და იმ რაიონს, სადაც ცხოვრობ, მაინც შეიძლება ისეთი ქუჩის აღმოჩენა, სადაც ჩუმი კაცის მუსიკალური მაღაზია, ან ბრიტანულაქცენტიანი გოგოს კაფე იქნება.

Keep walking!