Monday, June 13, 2011

სულ ცოტაც

სამი შაბათი ლაიპციგში გავატარე.
ბინას ვაწყობდით.
ყველაფერი თავდაყირა დგას, ბარგი სასტუმრო ოთახში, ველოსიპედი სააბაზანოში...

ჩვენი ბინა იმ შენობაშია, საიდანაც 1941–43_ებში 7 ებრაელი გაასახლეს, ხუთი მათგანი ტერეზიენშტადტში, ორი რიგაში; ერთერთი ისევ დაბრუნდა 1943–ში ლაიპციგში, დიდხანს იმალებოდა და 1945–ში იპოვეს. ყველანი დახვრიტეს.
შლომომ ტფილინით ილოცა ბინაში და ამაზე ჟრუანტელისმომგვრელი არაფერი მიგრძვნია. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ის შვიდი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ და აქაურობა უყვარდათ, დაბრუნდნენ და დამშვიდდნენ. ჩემთვის ისტორია არასოდეს ყოფილა ისეთი მძაფრი, როგორიც ჩემი აშკენაზი საქმროსთვის და მისი ნაღვლიანი მომწვანო-თაფლისფერი თვალებისთვის. ხან ვუყურებ და ვგრძნობ, რომ მთელი საუკუნეების სევდა აქვს თვალებში, ჯვაროსნების და ინკვიზიცის პერიოდიდან შემორჩენილი...

ქორწილამდე ერთი კვირა დარჩა.
ტრადიციის მიხედვით, ქორწილამდე ერთი კვირა ერთმანეთი არ უნდა ვნახოთ და ტელეფონზე საუბარიც შევამციროთ... ი–მეილებს ვწერთ ერთმანეთს და ვცდილობ, ემოციური წერილები ნაკლებად გავუგზავნო.
დედაჩემი მეუბნება, უბრალოდ შენ ხარ ასეთი ემოციური და ყველაფერს განიცდიო. მართალია. ვითომ არაფერს ვიმჩნევ, მაგრამ განვიცდი. თან ყველა, ვისაც არ ეზარება, მეკითხება: სოფი, სტრესი გაქვს? ნერვიულობ? 5–6–7 დღე დაგრჩა, იცი?
ყველას უნდა სტრესი მქონდეს, ვინერვიულო და ფეთიანი პატარძალი ვიყო. არადა, არ მაქვს ეს სტრესი, რა ვქნა. მინდა, ოფიციალურ–ფორმალური ამბები მალე დამთავრდეს და მე და ჩემმა საქმრომ ბინა კარგად მივალაგოთ.

მეკითხებიან, მერე რას გააკეთებო?
ჩემი ქმარი მეყვარება და ბავშვებს გავაჩენ–მეთქი, ვპასუხობ, როცა ძალიან მაწუხებენ.
ჩემი ცხოვრება ხომ ფილმია, რომელსაც ყველაზე საყვარელი სცენარისტი მიწერს და გზას მიჩვენებს. ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც იმ პერიოდში ვიგრძნობ.

ეს ჩვენი საყვარელი სიმღერა, ტკბილი და იმედიანი:

Is Ephraim a darling son unto Me? Is he a child that is dandled? For as often as I speak of him, I do earnestly​ remember him still; therefore​ My heart yearneth for him, I will surely have compassio​n upon him, saith the LORD.
Jeremiah 31:19