მოსწყინდა, რომ მასზე როგორც ანონიმურ პერსონაჟზე, ისე ვსაუბრობდი.
მოსწყინდა, რომ მხოლოდ წერილებს ვწერდი.
მოსწყინდა, რომ მოცარტი მხოლოდ ერთხელ მოვასმენინე, სამაგიეროდ მაიაკოვსკის ლექსებს ვუკითხავდი.
ყველა დიდ დღესასწაულზე მუცელში ჯდომა მოუწია და ესეც მოსწყინდა, ამიტომ ადგა და პირდაპირ პესახამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტა დაბადება.
მშობიარობა ამქვეყნად ყველაზე მტკივნეული რამეა. ყველა კბილს რომ ერთად გაძრობდნენ, ან ტვინში ნემსებს გიყრიდნენ, ალბათ ასეთი სტრესული არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სასწაულად სწრაფად გავაჩინე, თავის გამოსვლის მომენტში, მეგონა, რომ არასოდეს დამთავრდებოდა ეს წამება და დარჩებოდა ასე ჩემში გაჭედილი და იმ ოთახიდანაც აღარასოდეს გამოვიდოდი. ბუნებრივია, რაც მეტი კუნდერა გაქვს წაკითხული, მით უფრო გამძაფრებული გაქვს შეგრძნებები; გამახსენდა, რადგან ქალი ვარ, შესაბამისად, ასეთი ტკივილები უნდა მსიამოვნებდეს–მეთქი, ამის გახსენება და თავთან ერთად, ბავშვის ტანი უკვე უადვილესად გამოსრიალდა. დეტალების მოყოლა დიდად სასიამოვნო არ არის, ალბათ, მაგრამ ზემოთ კუნდერა ვახსენე, რომელიც წერს ქალებს თავის მშობიარობაზე საუბარი სიამოვნებას ანიჭებთო და ამაზე დიდი ჭეშმარიტება კაციშვილს არ უთქვამს.
ძალიან რთულია მშობიარობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყოდი ამ ტკივილებზე კიდევ ერთხელ, მერე იმდენად სასიამოვნოა თბილ–თბილ, ჭუჭყიან და ფართხალა არსებას რომ გულზე დაგიწვენენ, რომელიც ჯერ თვალებსაც ვერ ახელს და შენ ხან გეცინება, ხან – გეტირება იმაზე, რომ შენი შვილია, შენში იჯდა ამდენი ხანი და მაინც ვერასოდეს წარმოიდგენდი, თუ ყველაფერი ასეთი სასწაული იყო.
ახლა ეზრა უკვე სახლშია, ორი კვირისაა, თვალებსაც ახელს, მაგრამ ჩემს გულზე წოლა ისევ ისე მოსწონს, როგორც ახალდაბადებულ, თბილ–თბილ და ჭუჭყიანს მოსწონდა.
ღამით, როცა არ ეძინება, ქართულად ვუმღერი და მერე გულაჩუყებული ტირილს ვიწყებ, ნამდვილი "მიმინოს" სესიები მაქვს; სიმღერებიდან მხოლოდ "დიდი მინდორი დანამა" მახსენდება.
დედობრივი სიყვარული მაშინვე არ მოდის, სიმართლე გითხრათ. მშობიარობის მერე, განსაკუთრებით სახლში დაბრუნების პირველ დღეებში უცნაური სევდა გამიჩნდა, რომელსაც თურმე babyblues–ს ეძახიან. ვითომ ყველაფერი ძველებურად უნდა ყოფილიყო და უცებ მივხვდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სამუდამო პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომელიც ამქვეყნად სხვა არაფერს ჰგავს.
თურმე ქალი იმდენად ეჩვევა ფეხმძიმობას და მასზე "მიბმულ" ბავშვს, რომ უკვე დაბადებულ და ცალკე პიროვნებად "ნაქცევთან" შეჩვევა უჭირს, ამიტომ იმ სამშობიაროში, სადაც მე გავაჩინე, ბავშვი პირველივე დღიდან დედასთან რჩება, მასთან სძინავს, თავიდანვე აჩვევენ ძუძუს წოვას, რომ skin to skin კონტაქტის მეშვეობით, დედას გაუადვილდეს შვილთან ურთიერთობა.
მაინც რთული იყო. პირველ დღეებში გული სასწაულად მიჩუყდებოდა და იმის გაგებას ვცდილობდი, მე ვინ ვიყავი, ახლა ვინ გავხდი და მომავალში რა იქნებოდა.
ნელ–ნელა ვიგებ ამ ყველაფერს. მომავლის ჯერ არაფერი ვიცი.
მხოლოდ ის ვიცი, რომ ეზრა უკვე აქ არის.
კეთილი იყოს შენი მოსვლა, ეზრა!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



