Wednesday, February 27, 2013

სკრეპბუქინგი

გაზაფხულამდე 2 დღით ადრე შემიპყრობს ხოლმე პანიკა, რომ ვერაფერს ვასწრებ.
ამ დროს მახსენდება ყველა დედლაინი.
ამ დროს მიშლიან ადამიანები ნერვებს, განსაკუთრებით ვითომ გონებამახვილი გოიმები.
მოკლედ, რთული პერიოდია.

აპრილში ეზრას პირველი დაბადების დღეა და უკვე რამდენი ხანია, მისთვის "სკრეპბუქის" გაკეთებას ვაპირებ, სახელწოდებით: "პატარა ბაყაყუნადან პატარა უფლისწულამდე", ეს იმიტომ, როგორც კი გავაჩინე და სისხლიან–გაწებილი გულზე დამიწვინეს, პირველი რაც ვიფიქრე, იყო, ბაყაყს ჰგავს–მეთქი (ისე, ხომ იცით ჩემი სიყვარული ბაყაყებისადმი).


სკრეპბუქი კი ის არის, როგორც ჩვენს ბავშვობაში სურათების ალბომი იყო, ადამიანური, ქაღალდის და სურათების ჩამაგრება შეიძლებოდა. ახლაც იგივეა, სურათების გარდა, ტექსტიც ჩაწერაც შეგიძლია და სხვადასხვა სიმბოლური ნივთის ჩაწებება–მიმაგრება.
მე, მაგალითად, პარკინგის ბილეთის ჩაკვრასაც კი ვაპირებ და შენახული მაქვს, სადაც წერია ზუსტი დრო და რიცხვი, როცა მანქანა სამშობიაროსთან დავაყენეთ და არც ველოდით, რომ ეზრა ასე სწრაფად გაჩნდებოდა ქვეყანაზე.
აქ ძალიან მოდაშია ციფრული ალბომები, ანუ სურათებს კი აღარ ბეჭდავ, პირდაპირ კომპიუტერში ირჩევ ალბომის დიზაინს, ფოტოებს და მერე მთლიან წიგნს, ე.წ. Fotobuch–ს ბეჭდავ. ჩვენი ქორწილის ალბომი გაგვიკეთეს ასე და ლამაზიც გამოვიდა, მაგრამ რაღაცნაირია, ხელს ვერ ახებ სურათებს და წიგნს ჰგავს (რაც არის კიდეც მისი არსი). გულს არ მითბობს.

დილას კიდევ ეზრას დაბადების დეტალურ ისტორიას ვიხსენებდი და ვწერდი, რომელსაც ასევე ამ სკრეპბუქში შევინახავ. გაიზრდება და წაიკითხავს, როგორი ემოციები და განცდები ჰქონდათ მის მშობლებს აპრილის იმ წვიმიან დღეს, როცა სპონტანურად გადაწყვიტა ჩვენი განცვიფრება (ეს ზმნა 100%–ით შეეფერება ჩვენს მაშინდელ ემოციას).

კარგი რამეა განცვიფრების უნარი რომ გვაქვს ადამიანებს. მაგალითად, ახალდაბადებულ, თოთო ბავშვებს რომ ვხედავ, მიკვირს, მშობლებს როგორ უჭირავთ ეს რბილი არსებები. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომელმაც მესამე ბავშვი ორი თვის წინ გააჩინა, ღმ–ერთი სპეციალურად გვავიწყებს ჩვენი შვილები პატარები როგორები იყვნენ, რომ ყოველი ახალი ბავშვი სასწაულად მოგვაჩვენოს და გაგვაკვირვოსო. ნამდვილად.
როცა ადამიანი ამ ემოციას კარგავს და აღარაფერი ანცვიფრებს (ჩემი დღის ღამის სიტყვა იქნება ეს), მაშინ მიდის ალბათ დეპრესიისკენ.

სკრეპბუქით დავიწყე და საით წავედი... ოჰ, სოფი.

  • სკრეპბუქი აპრილისთვის – შესაბამისად, უნდა დავბეჭდო ეზრას სურათები, ტექსტები ამოვბეჭდო, წებო და ფლომასტერები/ფანქრები ვიყიდო. ასევე დავბეჭდო ეზრას საყვარელი სათამაშოების და ცხოველების სურათები, მერე გამოვჭრა და ასე ჩავაწებო ალბომში.
  • ეზრას პასპორტის სურათი გადავუღო – მალე 11 თვის იქნება და საქსონიას არ გასცილებია. Not fair.
  • ვარჯიში გავაგრძელო.
  • 6–ის მერე აღარ ვჭამო. 
  • პესახისთვის (იგივე პასექი) მომზადება დავიწყო. ჯერ ფსიქოლოგიურად მაინც (გუშინ ეზრას რომ ვუცვლიდი და სახელოებიდან "პეჩენიის" ნაფხვენები გადმოსცვივდა, მივხვდი, იმ დედების კლუბს შევუერთდი, პესახის წინ პანიკა რომ იპყრობთ). უფრო ზუსტად ამაზე მერე მოგიყვებით.
  • DON'T LET THE SYSTEM GET YOU DOWN! – ამას ვეუბნები ჩემს თავს მას შემდეგ, რაც ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია ჩამოვაყალიბე. ხან გამომდის, ხან – ვერა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო.

ჯერჯერობით სულ ეს იყო :)
წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

Tuesday, February 26, 2013

ანტოშკა



ეზრას საყვარელი სიმღერა

Friday, February 22, 2013

ფორთოხლისფერი გოგო და ჩვენი ფურიმი

გახსოვთ ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარი და ოთახის მეზობელი მიდრაშაში? ბიჭი ეყოლა რამდენიმე კვირის წინ, ნათანი :) ეზრას პირველი ჟღალთმიანი მეგობარი. გული ამიჩუყდა რაღაცნაირად. როგორ უცებ ვიზრდებით ადამიანები და ჩვენი ცხოვრება ისე იცვლება, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებთ...


ჩვენ ფურიმისთვის ვემზადებით. დედაჩემს ეზრასთვის ფაფახი და სვანური ქუდი უნდა ჩამოეტანა, რომ ნამდვილი ქართველივით გამოწყობილიყო, მაგრამ მისი მგზავრობა გადაიდო და ახლა, არ ვიცი რა ვქნა.


გოზინაყი ჩვენ ისე გვიყვარს, ყველა დღესასწაულზე ვაკეთებ ახალი წლის გარდა :ლოლ: იმიტომ, რომ ებრაულ ახალ წელს ნიგვზის ჭამა არ შეიძლება.
გარდა ამისა, ყველა ჩვენმა მეგობარმა რომ იცის, საიდან ვარ, გოზინაყის გარეშე ვერსად მივსულვარ სტუმრად :)))
კლასიკურისგან განსხვავებით, გოზინაყს მე მზესუმზირის, ნუშის და ნიგვზისგან ვაკეთებ.



ლიმონის ნამცხვრუნები (ე.წ. cupcakes)


ეს სამკუთხედი ჯემიანი ნამცხვრები "ამანის ყურებია" , იდიშზე "Gumentaschen", რომელიც ფურიმის სიმბოლურ დესერტს წარმოადგენს.

ჯერ ისევ მზადების პროცესში ვარ, ამიტომ საბოლოო ვარიანტის სურათებს კვირას დავდებ, როცა საჩუქრებს "შევკრავ" ჩვენი მეგობრებისთვის, როგორც ყოველ ფურიმზე.

შაბათ შალომ!!!

ბედნიერი შაბათ–კვირა გქონოდეთ!!!


Monday, February 18, 2013

10

ეზრა,
10 თვის ხარ უკვე, man.
ჩემი საუკეთესო მეგობარი, არადა ყოველთვის ვამტკიცებდი 20 წლის შემდეგ ახალ მეგობრებს ვეღარ შევიძენ–მეთქი.
ეზრა,
10 თვის მანძილზე ბევრი სირთულე გვქონდა, მაგრამ მზე უფრო ხშირად ანათებდა.
ეზრა,
ყველაზე ორიგინალური სახელი გქვია და ვიცი, შენი, ასე ვთქვათ, ხასიათი რაღაც მომენტში უკვე მაშინ გადავწყვიტე, როცა ჯერ ისიც არ ვიცოდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, თუ იქნებოდა, ეზრა უნდა დაგვერქმია. იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ეზრაა ისტორიაში და მათ შორის ერთი ქართველი.
ეზრა,
ერთი სული მაქვს, როდის წაიკითხავ წიგნებს და შთაბეჭდილებებით სავსე, ყველაფერს მომიყვები, ხანაც გაბრაზდები და ვინ იცის, შენც სამხრეთ ამერიკაში მოგინდეს გაქცევა დედასავით.
ეზრა,
ძალიან მიყვარს ჩემი თავი. არა, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ბოლო 10 თვეა, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი :|
ცუდი კი არ არის, მაგრამ ხელს მიშლის ზოგჯერ.
იმიტომ, რომ ვბრაზდები, როცა ძილი არ გინდა. ვბრაზდები, როცა არ მიჯერებ.
თუ საჭმელი არ მოგწონს, ხელებს იქნევ, მერე ფაფა ჰაერში დაფრინავს და თოვლივით გვეფინება თმებზე და მერე იატაკზე.
მერე მე მივდივარ და ირანელი მწერლების ან ჰანა არენდტის წიგნებს ვკითხულობ და ვხვდები, როგორი მსხვერპლები ვართ ყველა – ზოგი პოლიტიკის, ზოგი – რელიგიის და ზოგიც – ემანსიპაციის, ჩვენს სულს და გულს რომ ახრჩობს.
ეზრა,
არ მომწონს სამყარო.
ხანდახან მომწონს;
მაგრამ უფრო ხშირად არ მომწონს.
ზუსტად არც კი ვიცი.

გაიზარდე დიდი, ჯანმრთელი და გონიერი, სამართლიანი!!!

Saturday, February 16, 2013

გაყინული ბლოგი

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო, ზუსტად ეს ანდაზა გამახსენა ჩემმა, ბოლო დროს მიტოვებულმა, ბლოგმა, როცა ბოლო თვეა მხოლოდ "სპამები" მიტოვებენ კომენტარებს და რამის დაწერა გადავწყვიტე.

იმ ეტაპზე ვარ, წერა რომ მეზარება, კითხვაც და საერთოდ, კომპიუტერის ჩართვაც.
ხან ვფიქრობ, საერთოდ გავყინო ეს ბლოგი და სხვაგან გადავიდე...

ლაიპციგში ზამთარი არ სრულდება ჩემი ზედმეტი კილოგრამებივით.
ცხოვრებაც და ადამიანებიც ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ყოველთვის იყვნენ და ალბათ, იქნებიან კიდეც.

ეზრა უკვე 10 თვისაა. დიდი და ჭკვიანი ბიჭი. მოუსვენარი და მოსიყვარულე, ხან წუწუნა და ჯიუტი.

ეს ფოტო კი, უბრალოდ, განწყობისთვის :) ჩემი საყვარელი ოჯახი, უკვე რამხელა შვილები ჰყავს ვიქტორიას.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!

Sunday, February 10, 2013

სწორედ რომ


Sunday, February 3, 2013

კარგი ადამიანები და მე


ვიღაცამ "კარგი ადამიანები" ჩაწერა გუგლში და ჩემს ბლოგზე მოხვდა – ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

ჩემმა ბავშვობის უახლოესმა მეგობარმა და თანაკლასელმა, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ყოველთვის ჩემთვის, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო დიდხანს არ გვიურთიერთია, წერილი მომწერა და ისე გამიხარდა, ღამით ძილი აღარ მინდოდა.

კარგი ადამიანებისა და მეგობრების გარეშე ჩვენი ცხოვრება არაფერი იქნებოდა. მიუხედავად ჩემი უცნაური ხასიათისა და განწყობებისა, ადამიანებს რომ ვუყვარვარ და არ ვავიწყდები, ძალიან მიჩუყებს გულს.

ბლოგზე ხომ სულ იმას ვღაღადებ: სიყვარული, სიკეთე და მწვანე ვაშლები–მეთქი, მაგრამ ხშირად ჩემზე ასოციალურ და უხასიათო ადამიანს ვერსად ნახავთ, რომელსაც, თუ განწყობა არა აქვს, არავის ნახვა, არც საუბარი და საერთოდ, არაფერი არ უნდა, გარდა თავისი აკვიატებული სელინჯერის წიგნებისა.

კარგო ადამიანებო, იყავით კარგები რა, რომ მეც მაგალითი ავიღო და კარგი ვიყო.