Wednesday, November 27, 2013

ხანუკა და სასწაული დღეები

ამ პერიოდში ჩემს ბლოგზე უმეტესად ხანუკას ეძებენ ხოლმე და ვიფიქრე, თავიდან რომ აღარ ვწერო, ლინკს დავდებ და ადვილად გადავა, ვისაც აინტერესებს–მეთქი.

ესეც 2009, 2010, 2011 და 2012 წლის ხანუკები.

 

ეს წარსული (ბერლინი 2010) ხანუკის ფოტო, ოდეს ერთობ შეყვარებული ვიყავი ჩემს აწ ქმარსა და ეზრას მამაზებუნებრივი პოზაა, ჩუმად გადამიღო მეგობარმა, მე ძალით ასე ვერ დამსვამდნენ სურათის გადასაღებად, ხომ იცით :)

წლევანდელი როგორი გამოგვივა, მერე მოგიყვებით, დღეს საღამოს შემოდის ხანუკა და პირველ სანთელს ვანთებთ.
ეზრასთვის მეორე ხანუკაა ქრონოლოგიურად, მაგრამ შარშან 8 თვის იყო და დიდად არ შეუნიშნავს. წელს კი უკვე წლინახევარზე ცოტა მეტისაა და მაინტერესებს, როგორ შეხვდება.

თქვენ გიყვართ დღესასწაულები? ელოდებით შობა–ახალ წელს? მე მახსოვს ბავშვობაში, როგორ ველოდებოდი ახალ წელს :) სადღაც პოსტიც უნდა მქონდეს ამაზე.
თუმცა, ახლა საქართველოში "მოდაში" აღარ არის დღესასწაულების მოლოდინი და სიხარული, ხო? რაღაც გაციებული მეჩვენება ადამიანების შეხედულებები და მოლოდინები...
ამაში შორეს პოსტმაც შემიწყო ხელი და გული დამწყდა, ხალხი თურმე ბავშვებს რომ არც კი უღიმის ქუთაისის ქუჩებში.

არადა, დღესასწაული ხომ სასწაულია თავისებურად. ნებისმიერი, მნიშვნელობა არა აქვს რელიგიურ თუ სოციალურ მიმართულებას, როცა დღესასწაულს მშვიდობა, სიყვარული და მხიარულება მოაქვს, მაშინ ყველა დღესასწაული კარგია ადამიანებისთვის.

ბედნიერ ხანუკას ვუსურვებ ჩემს იმ მკითხველებს, ვინც აღნიშნავს! ხოლო ვინც მოგვიანებით ელის დღესასწაულებს, მათ გულის და სულის (ჯიბისაც, ვიცი მე ჩვენი ქართული ამბები) სისავსეს ვუსურვებ!!!

ბონუსად კი, როგორც ყოველთვის, სხვების ბლოგების გულუხვად გამზიარებელი სოფი Sunny–ს კვირის ფავორიტი ლინკები:

1. სამყაროს უკანასკნელი და ჩემი საყვარელი, კოსმოსში მოფრიალე, ამჯერად რუმინეთში მცხოვრები თამთას ბლოგი.

2. ძალიან ლამაზსახელიანი გოგოს დაბადების დღისთვის.

3. ჩემი ერთადერთი ნატას პოსტი პავიჩზე.

4. ირინას ქმრის ოჯახის ამბები... მიყვარს ეს გიჟი გოგო.

5. ჰაჰა როდისმე თუ დაწერს ეს ბიჭი ისეთ რამეს, რომ წაკითხვა დამეზაროს და მით უმეტეს გაზიარება? ეს პოსტი მაინც განსაკუთრებით, 25 წლის ასაკის კრიზისის ამბავში ;)

Monday, November 25, 2013

ბრძოლა ბოლომდე


ზუსტად, ჩემზეა ეს ნათქვამი!


ჟული დელპის ნევროტიკობა მაღიზიანებს ხოლმე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკაში ცხოვრობს და ერთგვარ ქალ ვუდი ალენად უნდა გახდომა.
მაგრამ ზოგჯერ ისე მაგონებს ჩემს თავს, არ ვიცი, სად წავიდე, მეც ნიუ იორკში ხო არა.

25 ნოემბერი ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის დღე ყოფილა, ახლა გავიგე.
ვიბრძოლოთ რა, ბოლომდე, თორემ ქალებს ხომ არასოდეს გვასვენებს საზოგადოება, ნერვებს გვიშლის და ყოველთვის ჩვენ გვადანაშაულებს ყველაფერში.

Tuesday, November 12, 2013

ანგინა

I created you and I shall bear you
Isaiah 46:4

სამშაბათი მშვიდობისა!

გასული კვირა მძიმე იყო. ეზრას ანგინა დაემართა, ყელი სტკიოდა საშინლად, ახველებდა, სიცხე 38,5 და ძლივს ვუგდებდით. ცუდად ეძინა და ეს ვიზე აისახებოდა ყველაზე საშინლად? რა თქმა უნდა, დედაზე.
მთელი კვირა ნორმალურად არ მიძინია. კიდევ კარგი, შაბათი არსებობს და კიდევ ბებია, რომელიც ჩვენთან დარჩა და მე "დილით" 12 საათამდე შევძელი გამოძინება.
ახლა ანგინამ უკვე გაუარა, მადლობა ღმ–ერთს, ცოტა ხველაღა დარჩა, რომელიც საბავშვო სიროფმა უნდა დაარბილოს და გააქროს.
ჩემი ქმარი სასწაულად ფეთიანია, როცა საქმე ეზრას ჯანმრთელობას ეხება და მე ვცდილობ, უფრო cool "დავიჭირო" ხოლმე ამ მომენტებში და მეტად აღარ დავტვირთო. ამიტომ დედაჩემს უწევდა ჩემი წუწუნის მოსმენა ტელეფონით, თუ როგორი ძნელია დედობა და რა გმირები ვართ.
გამოუძინებელი დედა საშინელი რამეა, ნერვიული, აგრესიული, თმააჩეჩილი და თვალებდაწითლებული. მერე საკმარისია ზედმეტი ორი საათიც კი დავიძინო და მორჩა, უკვე ენერგიით ვარ სავსე და აღარაფერზე ვბრაზდები.

დედაჩემს, კიდევ, ყველაზე კარგად ეხერხება ჩემი დამშვიდება, არ ვიცი, როგორ შეუძლია ჩემნაირი შვილის ატანა, ზუსტად მასზეა ეპიგრაფად მოყვანილი ესაიას სიტყვები, რახან მე შეგქმენი, ისევ მე უნდა "გაგიძლოო" (ჩემი თარგმანი). ერთი სიტყვით, ბავშვები ავადობის გარეშე არ იზრდებიან, ხან ანგინა ემართებათ, ხან გრიპი, ხან კუჭის აშლილობა, ხანაც თავით გადმოხტებიან საწოლიდან და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, როცა დედა ხარ – მაგრად დადგე და გაუძლო :დ
არ მახსოვს, სად წავიკითხე, დედობა იგივეა, რაც სამაშველო ან სასწრაფო სამსახურიო, ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთო, ყველა "ხელსაწყო" თან გქონდეს, არ დაიბნე და არ დაიღალო (ან, უბრალოდ, არ დაგეტყოს).

ყველაზე დამამშვიდებელი მშობლებისთვის ისაა, როგორც ბრძენი ბეთ ენ ფენელი წერს, რომ ბავშვის განვითარების არცერთი ფაზაა სამუდამო; არც კარგი, არც – ცუდი. ყველაფერი იწყება და მთავრდება იმისთვის, რომ მერე სხვა, კიდევ ახალი ეტაპი დაიწყოს და ასევე, ლოგიკურად, დასრულდეს.
ეზრას ახლა უკანა დიდი კბილები ამოსდის, მილიონ ახალ რამეს სწავლობს და ბუნებრივია მოქმედებს ყველაფერზე, მის ხასიათზე, ძილზე, ქცევაზე. ამიტომ ხშირად ვახსენებ თავს, რომ ყველაფერი გაივლის; მშობლებო, არ ინერვიულოთ (მგონი, ამას საკუთარ თავს უფრო ვეუბნები)!

პრაქტიკული რჩევა:
თუ თქვენს პატარასაც უმიზეზოდ მაღალი სიცხეები დაეწყება, აუცილებლად წაიყვანეთ ექიმთან. მანამდე კი ეცადეთ, ბევრი სითხე დაალევინოთ (კომპოტი, ბულიონი) და პიურეები აჭამოთ, რომ მაგარმა საჭმელმა ისედაც გაწითლებული და გაღიზიანებული ყელი არ ატკინოს. თუ ექიმთან წაყვანამდე ბავშვს 38–ზე მაღალი სიცხე მისცა, აუცილებლად მიეცით შესაბამისი წამალი, რომ ორგანიზმი გამოფიტვისგან დაიცვათ. 
მეც კი, წამლების საქვეყნოდ მოძულე, დავემორჩილე ანგინასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს. 
როგორც წესი, 3 წლამდე ბავშვების ანგინა "ადვილადჩაქრობადია" და ანტიბიოტიკს უნიშნავენ, ამიტომაც ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდება თქვენს შვილს გამოსაჯანსაღებლად. თუმცა, ანტიბიოტიკების კურსი (პენიცილინის, მაგალითად), ჩვენთან ათ დღიანია და შეწყვეტა არ შეიძლება.


ვიცი, ძალიან ჰიპური სურათია და ბევრ ჩემს მკითხველს შეიძლება არ მოეწონოს :პ ხო ვიცი მე ქართული ესთეტიკა, მაგრამ ამ მომენტზე ლამაზად არაფერი მეჩვენება.

ახლა კი კვირის საკითხავები: ე.წ. 5 მინი–ფავორიტი :)

1. ადრე შეგპირდით, ყოველ კვირას დავწერ "5 ფავორიტს"–მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა, ძნელი აღმოჩნდა ყოველ კვირას ფავორიტების აღმოჩენა. ამიტომ, მხოლოდ თვეში ერთხელ დავწერ. სავარაუდოდ, ძალიან მალე. იმედია, მოგწონთ ეს წამოწყება.

2. აი, თვის ფავორიტი ბლოგი კი ელიზას დღიურებია. ძალიან მიყვარს ასეთი გრძელი პოსტების კითხვა, ადამიანი თავის სულიერ და ფიზიკურ განწყობებზე რომ ჰყვება, თანაც ასე ლამაზად და თბილად. ყველა პოსტზე მინდოდა უგრძელესი კომენტარის დატოვება, მაგრამ ერთი მხრივ ჩემი ანტიკური კომპიუტერი "გაიჭედა" და მეორე კიდევ, ვიფიქრე, გიჟივით გამომივიდოდა.
ბევრი ასეთი ბლოგი მინდა, რომ კითხულობ, კითხულობ და არ გინდა დასრულდეს კარგი ფილმივით.
[თუმცა, მიყვარს კომენტარების წერა და რა ვქნა.]

3. ჩემს ძველ საყვარელ ბლოგზე კი თი იმ თემებს შეეხო, რომლებიც ძალიან მწვავედ მიმაჩნია. აუცილებლად ნახეთ და თქვენი აზრი გამოთქვით, მაინტერესებს, თქვენც თუ ისე მოგეწონებათ, როგორც მე. მართლაც ჭეშმარიტებაა, ქალი არ უნდა "ჩაჯდეს სახლში" და ყოველთვის იქონიოს ინტერესის სფერო, ისწავლოს, იმუშაოს, თორემ დიდ დიასახლისად (=სასოწარკვეთილს) გადაიქცევა.

4. ვასასის ძალიან ჭკვიანური პოსტი. ხშირად წერე ასე, რა!

5. Last, but absolutely not least, როდეს პოსტი... დასასრულმა გამაოცა, თუმცა ველოდებოდი, რომ საქმე ასე უნდა ყოფილიყო, ისე წერს და ისეთ მახეშია გაბმული თავის მკითხველებთან ერთად.

Tuesday, November 5, 2013

ლხინი აქა!!!

კვირას ბერლინში ვიყავით მეგობრის ქორწილში. ბერლინში არ ვყოფილვარ უკვე 2 წელიწადზე მეტია და ეს ბედნიერი ამბავი რომ არა, სურვილიც არ მქონდა იქ წასვლის.
მძულს დიდი ქალაქები და მიხარია, ევროპაში პატარა ქალაქები რომ ჯობია დედაქალაქებს და საწყალი თბილისისგან განსხვავებით, იქ არ არის "დედამიწის ჭიპი". კაციშვილი არ "გაიმარიაჟებს" აქ, რომ ბერლინიდანაა :ლოლ: ყველას თავისი მხარე უყვარს და ეამაყება. ესაა კარგი ეკონომიკა და ცივილიზაცია, რომ სოფელში ცხოვრება უფრო პრესტიჟია, ვიდრე ქალაქში.

მოკლედ, ლაიპციგი იდეალური ადგილია. არც ძალიან დიდია და არც – პატარა. სუფთა ქუჩებით, გაწმენდილი ჰაერით, სასიამოვნო ადამიანებით და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმითაა ჩემთვის, რომ აქ გვქონდა ქორწილი, აქ არის ჩვენი სახლი და ეზრაც ამ ქალაქში დაიბადა.

ქორწილს რაც შეეხება.
ოჰ, ადრე ხომ იცით რამდენი მაქვს ნაამბობი თქვენთვის, ჩვენი ებრაული და განსაკუთრებით, "მიდრაშული" ქორწილების შესახებ: სასწაული სიმხიარულე, უშუალობა, ხტუნვა, ცეკვა–თამაში და ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც, საერთოდ, ქორწილების მოძულეებს ნერვებს უშლით.
მეც ერთერთი მათგანი ვიყავი თავის დროზე და ვინ იფიქრებდა, რომ ასე შემიყვარდებოდა ქორწილები.

მაზალ ტოვ!!!

ჩაცმა – ყველა ქალის პრობლემა, ქორწილსა და მსგავს დღესასწაულებზე წასვლისას.
მეც ყოველთვის მიჩნდება ხოლმე ეს საფიქრალი, მაგრამ ეს დღე გამონაკლისი იყო, რადგან ლამის ერთი თვის წინ ვიყიდე შესაბამისი სამოსი და კვირას რომ გამოვეწყვე, არ მეგონა, თუ ასეთი კმაყოფილი დავრჩებოდი. 
ამ ტანსაცმლის არჩევისას შემდეგი პრინციპით ვმოქმედებდი, "მდიდარი არა ვარ, იაფი საქონელი ვიყიდო–მეთქი" და ნამდვილად გაამართლა. როცა კარგი ხარისხის ტანსაცმელს იყიდი და გრძნობ, როგორი რბილი და ნაზი ნაჭერი გაცვია, თანაც მოხერხებული და ელეგანტური, ესე იგი, სწორი არჩევანი გაგიკეთებია. მე კიდევ, გეტყვით, რომ ხშირად ვერ არ ვაკეთებ ასეთ არჩევანს, ზედმეტად სოციალისტური სულის ვარ.
ელეგანტურად რომ გამოვიყურებოდი, ეს ერთმა მეგობარმა მითხრა ბერლინში, ანუ მისი სიტყვებით, ახალგაზრდა რებეცინ რობერგს ვგავდი ასე გამოწყობილი და ეს კიდევ უმაღლესი კომპლიმენტია ჩემთვის.


ამ ძველ ფოტოზე (2011 წლის მარტი, მიდრაშელი მეგობრის ქორწილი) უკანა პლანზე არც ისე ელეგანტური დოინჯშემოყრილი მე და წინ – რებეცინ რობერგი, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, იდეალური მენტორი, ქალი, მეუღლე, დედა. ზუსტად ეს რებეცინ რობერგი, თავის დროზე ნაცისტების ოკუპირებულ ჰოლანდიაში გაიზარდა კათოლიკე გლეხების ოჯახში და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაიბრუნეს მშობლებმა (სისხლისგამყინავი ისტორიაა, რომ დაფიქრდე. წარმოიდგინეთ, რომ ვერ ეპოვნათ მშობლებს თავისი შვილი, ვგიჟდები ასეთ რამეს რომ წარმოვიდგენ და ვისაც შვილი ჰყავს, უფრო უკეთ გამიგებს ალბათ). ახლა 5 შვილის დედა და უთვალავი შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებიაა, ისრაელს, ინგლისსა და გერმანიას შორის მოგზაურობაში ატარებს ცხოვრებას თავის ასევე უსაყვარლეს მეუღლესთან ერთად, ლექციებს კითხულობს და ყოველთვის აკიაფებს ვარსკვლავებს ჩემს თვალებში.

მგზავრობა – სულ რაღაც საათი და 20 წუთი უნდა ლაიპციგიდან ბერლინამდე მატარებელს, მაგრამ მაინც სასწაულად ვიღლები, არ ვიცი, რატომ. 
ამჯერად ძალიან კარგი კლასის მატარებლით ვიმგზავრეთ, ბილეთები თვეების წინ ვიყიდეთ და იაფი დაგვიჯდა ამიტომ, მაგრამ ბერლინიდან დაბრუნებამ მაინც დამქანცა. 
საზიზღარი ქალაქია, გეუბნებით – ბინძური, ხმაურიანი. ასე მეგონა, მთელი მტვერი და ნაგავი ზედ მომეწება და დავმძიმდი. ასევე თურქული მშობლიური ენასავით ისმის ბერლინის ქუჩებში, რაც უკვე დავიწყებული მქონდა (მადლობა ღმ–ერთს, 2 წელზე მეტია იქ აღარ ვცხოვრობ). თურქებს დიდად რომ არ ვწყალობ, უკვე ყველამ იცის და დამადანაშაულონ, რაშიც უნდათ – უმეტესობა, მე ვინც შემხვედრია, უზრდელი და უხეშია.
ვიცი, უცნაურად ჟღერს, შენ თვითონ უცხოელი იყო და ამ დროს სხვებს არ წყალობდე, მაგრამ გულწრფელი ვარ, ხომ იცით. სამაგიეროდ, აზიელები მიყვარს ძალიან – მშვიდი, თავაზიანი ხალხი, ირანელებიც მშვენიერი, განათლებული ადამიანები არიან... მიყვარს ადამიანები, მაგრამ ყველა არა, როგორც ვხვდები :დ

მიდრაშა – ოხ, ჩემი თაობის მიდრაშელები, როგორ მომნატრებიან! უმეტესობა უკვე გათხოვილია, შვილი ჰყავს და ზოგი უკვე "მეორე წრეზეც" წასულა. ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარი თუ გახსოვთ? ისეთი სასაცილო "პოსლიკა" ბიჭი ჰყავს, 10 თვის. ქორწილის ვახშამზეც წამოიყვანა და დედასთან ჩახუტებული ისე ცეკვავდა, წარბი არ შეუხრია და არც ხმაურიან მუსიკას შეუწუხებია.
ყველანი შეცვლილები და გაზრდილები არიან, ზოგი გასუქებული, ზოგი – გამხდარი, მაგრამ ყველა ახლობელი და საყვარელი ჩემთვის. იმდენ ხანს ვცხოვრობდით ერთად, ვსწავლობდით, ყოველდღე ვუყურებდით ერთმანეთს და დებივით ვხდებოდით. ძალიან კარგი იყო ყველას ნახვა, საერთოდ რაღაცნაირად არ მიყვარს reunion–ები, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო – ჩვენი საერთო მეგობრის ქორწილი – ამაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს.

ცეკვა – მე ვინც მიცნობს, იცის რა ფეთიანი მოცეკვავე ვარ და პირველივე ნოტზე საცეკვაოდ რომ გავრბივარ; ამ ქორწილზეც არავის დაუსწრია, მაგრამ მაინც ჩემნაირ დარბაისელ "ელეგანტურ" ქალს როგორც შეეფერებოდა, ზომიერად ვიცეკვე და სხვებს მეტად დავუთმე მოედანი :)))

რეზიუმე – მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ბერლინი, რაღაცნაირად მაკლია ახლა. ორშაბათს უკვე ძალიან მენატრებოდნენ ჩემი იქაური მეგობრები, მიდრაშა და ყველაფერი. იქ უფრო დიდი სამეგობრო წრე გვაქვს, ხშირია ქორწილები, ბავშვების დაბადებები, დღეობები და ლაიპციგში, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ოჯახი ვართ, ვინც ერთად ვატარებთ დღესასწაულებს და ერთად ვიკრიბებით.

არაფერია ლხინზე კარგი და ღმ–ერთმა სულ კარგი ამბები გაგვაგონოს!!!

პ.ს. სამწუხაროდ, ქორწილზე ერთი სურათიც არ გადამიღია, მინდოდა მომენტით მესიამოვნა და ფოტოაპარატით არ მერბინა, როგორც ადრე ვიცოდი ხოლმე. მშვენივრად კი ვისიამოვნე, მაგრამ ახლა გული მწყდება, რომ ერთი ფოტოც არ მაქვს. როდის გამომიგზავნიან სხვები, უნდა ველოდო :/