ამასთან ერთად, აარონი სიმშვიდის სიმბოლოა თორაში, რომელიც ადამიანებს ამშვიდებს და კონფლიქტებისგან არიდებს.
ჩვენთან კიდევ აარონი ეზრას უმცროსი ძმაა :) ჯერჯერობით თავადაც არ შეუძლია სიტყვით გამოსვლა, მხოლოდ ტირილით; კონფლიქტებს ესეც ერიდება.
თავიდან სულ სხვა სახელი გვქონდა პატარასთვის გადაწყვეტილი, მაგრამ სამშობიაროდან რომ დავბრუნდით სახლში, ვიჯექით და ვუყურებდით, როგორ ეძინა, ისეთი მშვიდი და კეთილი სახე ჰქონდა, მაშინ გადავწყვიტეთ, აარონი დაგვერქმია ჩვენი მშვიდობიანი და ღიმილიანი პატარა ბიჭისთვის.
ახლა გადავხედე ეზრას ამბებს და საკმაოდ განსხვავდება აარონისგან. უფრო სწორად, ეს ორსულობა განსხვავდებოდა.
ეზრას მაიაკოვსკის ვუკითხავდიო, ვწერ და აარონს ბლოგების მეტი არაფერი "მოუსმენია", რაც მუცელში იჯდა (მაქსიმუმ, ნაწყვეტები "ფრენი და ზუიდან", როცა ეზრას ეძინა და მე ორ თავისუფალ წუთს ვპოულობდი წიგნებისთვის). ეტყობა მეორე და მომდევნო შვილებს ყოველთვის ნაკლები ხვდებათ, ვიდრე პირველებს; განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველს ჯერ ორი წელიც არ შესრულებია.
Your კი არა, you're ;)
ეზრაზე, მაგალითად, ასეთი პოსტების წერისა და სევდიანობისთვისაც კი ვიცლიდი, როცა აარონს ასეთი პოსტების მწერალი დედა ხვდა წილად :D
ზოგჯერ სინდისი მქენჯნის, რაც სხვა დედებსაც შევამჩნიე, ვისაც მეორე ბავშვი ახლა შესძენია და ჰგონია, პირველს საკმარის ყურადღებას ვეღარ აქცევს. ასეცაა სინამდვილეში. თუ ადრე მე და ეზრა სულ ერთად დავდიოდით ყველგან, ახლა აარონის კვებისა და გამოცვლის გრაფიკზე ვარ და ეზრა მამასა და ბებიასთან ერთად უფრო ხშირად დადის სასეირნოდ.
მერე ვიხსენებ ხოლმე, რომ ადამიანები საკმარისს მაინც ვერასოდეს ვიღებთ და ჯესის არ იყოს, შვილები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან გარკვეული დოზით რაღაც ასაკში, მშობლების მიმართ პროტესტის გრძნობაც გაუჩნდებათ და როგორც მარი აქ შიშობდა, იქნებ ჩვენი ტელეფონის ზარზე პასუხიც კი დაეზაროთ.
მანამდე დიდი დროა, გეყოფა, სოფი!
ჰა ჰა
ახლა მე როგორ ვგრძნობ თავს ფიზიკურად თუ მენტალურად, მკითხავთ.
ფიზიკურად - დაქანცული. ჩემს ბლოგსაც ეტყობა და უპასუხო ი-მეილებს. ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში რაღაც სასწაული მემართება, უკვე ორჯერ მეგონა, ადამიანებს წერილები მივწერე და ამ დროს დრაფტებში შენახული დამხვდა, ან არცთუ ისე smart phone-ის ბრალია და/ან ჩემი ძილნაკლებობის (ამის ბონუსად აქ ნატალიას პოსტი უნდა იყოს, ოჰ ბროდი ედრიენ!!!).
მენტალურადაც - ვურევ ხანდახან, ანუ ვბრაზდები, ვტირი და მგონია, პიროვნება აღარ ვარ :ლოლ: როცა ვცოფდები, მაშინ არ:ლოლ: მაგრამ ახლა როცა ამას ვწერ, მშვიდი და შედარებით დასვენებული, სასაცილოდ მეჩვენება. ამ დროს ღმ-ერთს მხოლოდ მადლობას უნდა ვუხდიდე ჯანმრთელი შვილებისთვის და ყველაფრისთვის, მე კიდევ ვბრაზდები, როცა ეზრა გამთენიისას გაიღვიძებს და მხოლოდ ჩემთან ჩახუტებული თუ დაიძინებს, ამ დროს აარონს შია და ის უნდა ავიყვანო ხელში, ეზრა კიდევ თავის საწოლში დავაბრუნო, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგება... ასე მათენდება მერე, ნაგვის მანქანა ჩვენს ქუჩას მოადგება და უკვე ადგომის დროა.
ყავის დალევას ძლივს ვასწრებ და ჭამა ხან საერთოდ მავიწყდება, რაც წონისთვის კარგია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის - არა.
სამაგიეროდ, ვიცი, რომ ესეც გაივლის რამდენიმე თვეში. ან წელში, სადღაც 5-10 წელში... :D
"სამეცნიერო და ბრძნული" დაკვირვებებით სავსე პოსტით, იმედია, შემდეგში დავბრუნდები. იმდენი რამის დაწერა მინდა, რაც მეორე ორსულობას, მშობიარობას ეხება, რადგან შეიძლება ბევრი მკითხველისთვის საინტერესო და გამოსადეგი იყოს, არასოდეს ვიცით, ვინ კითხულობს ჩვენს ბლოგს, როგორც საყვარელი ადამიანები, ისე ბოღმა ანონიმუსები, რომლებმაც ბექჰემების ოჯახის ამბები საკუთარზე უკეთ იციან :D
ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!






