Sunday, February 28, 2010

2010-ის უკანასკნელი თებერვალი

Февраль. Достать чернил и плакать!
Писать о феврале навзрыд,
Пока грохочущая слякоть
Весною черною горит.

ჩემი მთარგმნელობითი კარიერის "მსვლელობისას" კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორი აბსურდია ყველა პოლიტიკური სისტემა; როგორი უძლურია ადამიანი, როგორ უყვარს ოცნება და მარტივი ცხოვრება.

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. I mean, take it easy, Soph!
დღეს დილით მეგილას რომ ვუსმენდი, მაშინ მივხვდი, ერთადერთი ცნება ღმერთია, რომელიც არასოდეს გიღალატებს, ტყუილ დაპირებებს არ მოგცემს - უნდა იმუშაო, ეცადო და მერე შედეგს დაელოდო - აი ერთადერთი ჭეშმარიტება. დანარჩენი ყველაფერი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მოსმენადაც არ ღირს.

გუშინ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარს" ვკითხულობდი და ყველანი ისე შემეცოდნენ. ხო ყველას რაღაც იდეა ამოძრავებდა და ადამიანებს რომ არ ემოქმედათ, შესაბამის შედეგსაც ვერ მიიღებდნენ ომის შემდეგ. მაინც, შემეცოდნენ, ზუსტად არ ვიცი რატომ.

ყველაზე სასაცილოები, იცით, როდის არიან ადამიანები? გაზაფხულს როცა ელოდებიან და ჰგონიათ, ახლა მაინც შეიცვლება რაღაც. კი, შეიცვლება, მაგრამ ბევრი არაფერი, თუ შენში არ შეიცვალა რამე და შენი მისწრაფებები სერიოზული არ გახდა. ბოლოს, ეს მისწრაფებებიც სასაცილოდ მომეჩვენება და მგონი, არ ღირს კამათი. კაპიტალიზმი მძულს და მაინც მათ საქმეს ვაკეთებ :| პოპ-ხალხი მძულს და ამ პოპს მაინც ვერ ვცდები თავისი ფილმებით და მუსიკით.


ორი დღეა ჟაკ ელულის "პროპაგანდას" ვთარგმნი. ვისაც წაგიკითხავთ, მიხვდებით, რატომ მეძინება გაღვიძებისთანავე და მხოლოდ ჭკვიანი ესტერი და მისი მორდეხაი მახალისებენ. ა, კიდევ იულიას ნაჩუქარი ჩიტი, რომელიც მამალიაო, ლილუმ მითხრა და ზოგმა კიდევ, წიწილას ჰგავსო :)

Tuesday, February 23, 2010

Is milis dá ól é ach is searbh dá íoc é.

Life's too short not to be Irish!

Irish proverb


გუშინ ვფიქრობდი იმაზე, როგორი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ირლანდიელი. ცხოვრებაში ასე არაფერი მნდომებია, I mean it.

ირლანდია ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა და მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს გავხდები ირლანდიელი (never say never, me), რამდენჯერაც ირლანდიის სურათებს ვნახავ, ირლანდიურ დიალექტს და მუსიკას მოვისმენ, გული მიჩქარდება და ფრენის სურვილი მიჩნდება. აი, ისეთი, სიზმარში რომ შეუძლია ადამიანს ფრენა და ფილტვების სუფთა ჰაერით ავსება

გახსოვთ ამ პოსტში რომ დავწერე სასურველ კაცზე? ჰო, ახლა შეუძლია სამხრეთამერიკელი აღარ იყოს ;) :D


That's Salinger, not me ;)

P.S. სელინჯერიც :)

Sunday, February 21, 2010

Swinging sixties under my skin

მე არ დავუთმობ სხვას
შენსკენ მომავალ გზას!..
- დათა აჯიაშვილი



გუშინ ვნახე ფილმი "Me without you", მანამდე კიდევ ჩემი დიდი მეგობრის შვილის ეს სტრიქონი ჩამებეჭდა თავში და დღემდე ვიმეორებ. ისე მოხდა, რომ ფილმი დაემთხვა ამ სიტყვებს და წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი, უნდა დათმო თუ არა, იქნება ეს შენი ადამიანი, მდგომარეობა თუ ყველაზე დამალული - სული?..

ყოველ კვირას სვინგინგ-ლონდონური დღე მაქვს, ძველი ტანსაცმელი მაცვია სახლში, მხოლოდ ამ დღეს ვსვამ რძიან ყავას და მიუხედავად ჩვეულებრივი ქცევისა, სულ ვფიქრობ და საკუთარ თავთან ვკამათობ.


არ ვიცი, იქნებ უნდა დათმო და როგორც "ოსტატ და მარგარიტაშია", არაფერი სთხოვო შენზე ძლიერს, თავად მომცემსო, ასე იფიქრო და თუ შენია, მაინც შენთან მოვა ბოლოს.
"ბოლოს" ქრონოლოგიურად თორემ, ის, რაც ყოველთვის გინდოდა, ისედაც შენი იქნებოდა, სიზმრებში მაინც.
ჰოდა, გუშინ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ბევრი არაფერი დამითმია. რაც დამითმია, ქვეცნობიერად არ მეძვირფასებოდა და მერე ბედნიერიც ვიყავი ამის გამო.

60-იანები კიდევ იქნება რამდენიმე წელში, არ ვიცი რამდენად swinging, მაგრამ მე ვიქნები მოხუცი, რომელსაც ყველაზე ბევრი სიზმარი ექნება ნანახი.

Thursday, February 18, 2010

ჩემი ბრაზილიელი ბებია დღეს


დღეს ისეთი სასწაული მომღერალი აღმოვაჩინე, გაზიარება მომინდა და მერე ჩემი ბრაზილიელი ბებიაც გავიხსენე :)

კიდევ მივაღწიე იმას, რომ გაბრაზების მაგივრად ბევრი ვიცინე, თუ როგორ მოსწონს ზოგს თავისი lousy თავი და სხვებსაც აჯერებს, რომ ძალიან ლამაზი და ცხოვრების საჩუქარია. "ცხოვრების საჩუქარი", არ ვიცი, რამდენად ქართულია, სადმე წიგნში უნდა მქონდეს წაკითხული, მსგავსი ფრაზები ამომიტივტივება ხოლმე და საუბარშიც ხშირად ვიყენებ.

დღეს ნანა ზარდიაშვილის ისეთი საკაიფო წერილი წავიკითხე. ზუსტად ამის წაკითხვა მჭირდებოდა, რომ მთელი ცხოვრება საბოლოოდ მიმეძღვნა ამ სოც. ქსელისთვის.

"ფრენი და ზუის" ვთარგმნი, გითხარით? ფრენის ნაწილს მოვრჩი და ზუიზე გავიჭედე. PMS-მა გაიარა და "ნორმალურ" მდგომარეობაში მიჭირს სელინჯერის ისე აღქმა, როგორც საჭიროა. ერთი თვე მომიწევს ლოდინი, რომ ზუის დავუბრუნდე.

მჭირდება სოციალისტური შეხედულებების მქონე იუდაისტი სამხრეთი ამერიკიდან, თუნდაც ესპანეთი ან პორტუგალია იყოს. დღეს მივხვდი, რომ რთულადაა my love საქმე.

ჰელენა ბონემ კარტერი როტშილდების შთამომავალი ყოფილა ბებიის მხრიდან. ჩემი გასაცნობი ადამიანების სიას დაემატა.

ა, დილას თმა შევიჭერი, გემოზე მინდოდა დამოკლება, მაგრამ მერე I faced the reality, ჩემი ხვეული თმა ძალიან მოკლეს ვერ აიტანს და მხრებამდე დავტოვე. ჩემი თავის საუკეთესო პარიკმახერი მე ვარ. მორჩა, ამიერიდან ჩემს თმას ვეღარავინ მიეკარება.

Wednesday, February 17, 2010

My Ghost World

Rebecca: This is so bad it's almost good.
Enid: This is so bad it's gone past good and back to bad again.


"Rebecca & Enid"

"თამაში ჭვავის ყანაში" ის წიგნია, რომელსაც განუწყვეტლივ ვკითხულობ, ყველგან თან დამაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ვიცი. "Ghost world" - კიდევ ის ფილმი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვნახულობ, რეპლიკები აქაც ზეპირად ვიცი. არასოდეს მწყინდება თორა ბირჩის და სკარლეტ იოჰანსონის თინეიჯერული დუეტი. წუხელ ვნახე კიდევ ერთხელ და მერე ვფიქრობდი, ფილმი 18 წლის გოგოებზეა და მე მაინც მომწონს, მათი პრობლემები ჩემთვისაც გასაგებია და რატომ არ ვიცვლები-მეთქი. მერე გუგლში ძებნისას გადავაწყდი ავტორს: ნიელ კლოუსმა 39 წლის ასაკში გააკეთა კომიქსი 'Ghost world' და ამბობდა, 18 წლის ენიდთან (მთავარი გმირი) ყველაზე მეტი საერთო მაქვს, მიხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მისი ასაკიდან გამოვედიო. ჰოდა, დავმშვიდდი. თუ 39 წლის კაცი ჰგავს სკოლადამთავრებულ გოგოს, მე რატომ არ უნდა ვგავდე.


My fav scene with old man

ტერი ცვიგოფის ერთადერთი ფილმია, რაც მინახავს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი რეჟისორია. შეიძლება სცენარი მშვენიერი გქონდეს და მაინც ბითურულ ფილმად აქციო. კლოუსის კომიქსი არ მინახავს და მგონია, რომ ფილმს ბევრად ემჯობინება, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგაც არ გრჩება უკმაყოფილების გრძნობა, რომ მოგატყუეს ან რაღაც. ხშირად არის ჰოლივუდურ ფილმებში - უყურებ, სასწაული მსახიობებია, ძლიერი რეჟისორი, საუკეთესო პროდიუსერები და ფილმი არაფრად ღირს, თუნდაც "New York, I love you" ავიღოთ.

"Enid & Seymour"

თორა ბირჩი რომ არ ვახსენო, არ შემიძლია. "ამერიკული სილამაზის" შემდეგ მიყვარს ეს გოგო, თუმცა ამ ბოლო დროს ნაკლებად საინტერესო ფილმებში თამაშობს, სკარლეტისგან განსხვავებით, რომელიც ამ ფილმში საკმაოდ უფერული გოგოს როლშია, დღეს კიდევ - ყველაზე კარგ როლებს იღებს. ასე იცვლება ცხოვრება... და თქვენ იცით, როგორ მიყვარს სკარლეტი, მაგრამ თორა ის მსახიობია, რომლის როლებიც უფრო დასამახსოვრებელია და თვალებში რომ უყურებ, მთელ მის მოჩვენებებით სავსე სამყაროს ხედავ.

Monday, February 15, 2010

ბავშვობის განძი


ბავშვობაში მეც მქონდა ასეთი სიმდიდრეები :)
მოცვლილ სარძევე კბილებს, სოფელში ნაპოვნი ლოკოკინების ნიჟარებსა და მძივებს პატარა გულის ფორმის ყუთში ვინახავდი. ყველა ბავშვს აქვს თავისი განძის კოლოფი და ამ სურათმა ისეთ კარგ განწყობაზე დამაყენა. ჩემმა მეგობარმა, დინამ, გამომიგზავნა, რომელმაც იცის, როგორ მიყვარს ასეთი სურათები. ისე მომეწონა, გადავწყვიტე უფრო მეტი მომეძებნა და ასე აღმოვაჩინე ევგენია გაპჩინსკა, უკრაინელი მხატვარი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ჩემს საყვარელ ოდესაში ცხოვრობს :)


რაღაცნაირად იანა ფრანკი გამახსენა ევგენიას სურათებმა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტილი აქვთ და ცხოვრებაც. იანა ისე მიყვარს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ვნახავ. აი, ევგენიას გაცნობაც ძალიან მომინდა, რაც მიზეზს მაძლევს, ოდესაში წასვლაზე სერიოზულად ვიფიქრო.

Sunday, February 14, 2010

ახალი მთვარე

ებრაული კალენდრის მიხედვით დღეს როშ ხოდეშია, ანუ ახალი თვის დასაწყისი, როცა ახალი მთვარე გამოდის. პატარა დღესასწაულივითაა, უნდა დაისვენო, წაიკითხო და რაც შეიძლება ნაკლებად იფიქრო მატერიალურ სამყაროზე. ჩემი საყვარელი დღეა. თუმცა, მთვარესთან დაკავშირებული დღეები ქალებისთვის საკმაოდ რთულია, როგორც იცით, და ხასიათის ცვალებადობის მიხედვით, კალენდრის გარეშეც შემიძლია ვთქვა, როშ ხოდეში როდის იქნება ხოლმე.

ბავშვობაში არ მიყვარდა დღესასწაულები, არც შაბათ-კვირა, მეგონა, უბრალო დასვენების დღეები იყო. ახლა კი ვხვდები, რომ ნებისმიერი დღე, როცა თავისუფალი გაქვს, საჩუქარია, რადგან ამ დღეს შეგიძლია საკუთარ თავთან დარჩენა. ეს კი ნიშნავს, რომ შენი განწყობის, ხასიათის შეცვლა შეგიძლია. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემს ბავშვობაზე, ცხოვრებაზე და იმაზე, როგორ მინდა გავაგრძელო, ვინ მინდა ვიყო და ნამდვილად მინდა, თუ არა. პრინციპში ჩემი ცხოვრება სულ ძებნაა, მაგრამ ზოგჯერ (განსაკუთრებით ახალი მთვარის გამოჩენამდე) ადამიანი ყველაფერს მძაფრად შეიგრძნობს და არ იცის, სად მიიდრიკოს თავი, როგორც ბარათაშვილი იტყოდა...

ძებნა გრძელდება, რა თქმა უნდა და ამას არაფერი ჯობია, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ნაწილს მაინც ვიპოვი, რაც სტაბილურობის შეგრძნების საშუალებით შემაჩერებს და მერე ალბათ უკვე ერთად გაგრძელდება ძიება. "ფრენი და ზუიში" ამბობს ფრენი ასეთ საყვარელ რაღაცას, ნებისმიერ რელიგიაში ადამიანი ღმერთს ეძახის და თუკი ამის მართლა სჯერა, ესე იგი, ღმერთსაც დაინახავსო. გუშინ რაბ ავიმელეხთან და იულიასთან რომ ვიყავი შაბათზე, ჩემი საყვარელი ლევინებიც იყვნენ და მეირ ლევინმა ზუსტად ეს თქვა, როცა ადამიანს სიკეთის, ერთგულების და საყვარელი სცენარისტის გჯერა, მნიშვნელობა არა აქვს შენს რელიგიასო და ამის მაგალითად მოშეს (იგივე მოსე) სიმამრის, იტროს მაგალითი მოიყვანა, რომელიც მთელი ცხოვრება კერპთაყვანისმცემელი იყო. კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი იუდაიზმი.

დღეს ჩემი ერთი ლექტორის სურათებს ვათვალიერებდი, ისრაელში ყოფილა და იერუსალიმის სურათები ედო. რა უცნაურია, რომ ყველა ამ ქალაქისკენ მიისწრაფის.
ჩემი დრო როდისღა მოვა?..

ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას!

Tuesday, February 9, 2010

ჩემი "ბოროტი" კაპიტალისტი მეორე მე


წეღან შანელის აქსესუარებს და ფეხსაცმელებს ვათვალიერებდი. დედაჩემს რომ ვუთხარი, ნეტა, ძალიან ძვირი ეღირებაო, მაშინვე მკითხა. ბავშვობიდან ასეა, სულ სჯერა, რომ მე უნდა მქონდეს, რაც მინდა. ამ დროს მე თვითონ დარწმუნებული ვარ, შანელსა და მსგავს გაპრანჭულ ბრენდებში ფულს არასოდეს გავიმეტებდი. იმდენი ფული, პრინციპში, არც მქონია, რომ საქმე აქამდე მისულიყო, სიტყვაზე ვამბობ :) მაგრამ არის მეორე ბრენდი Burberry; რომ წარმოვიდგენ, როგორი ფაფუკი კაშნეები, ნაზი ფეხსაცმელები და საწვიმარები აქვთ, ლამის დავდნე. მაგრამ ამაშიც არ ვარ დარწმუნებული. ჩემი სოციალისტი თავის ამბავი რომ ვიცი, ბოლოს ხელი ამიკანკალდებოდა იმ ფულით ისევ წიგნებს ვიყიდდი, ან სამხრეთ ამერიკაში წავიდოდი სამოგზაუროდ :)


გუშინ ერთი მარმონი ბიჭის ბლოგი ვნახე, რომელიც მისიონერად ურუგვაიში იყო წასული. მთელი ღამე ვკითხულობდი და კიდევ უფრო მომინდა სამხრეთ ამერიკის ნახვა. მაინც სულ ტანჯული ქვეყნები რომ მიზიდავენ, gosh.


დღეს ტელეფონის და ინტერნეტის დავალიანებები უნდა გადამეხადა და მომიწია ახლ ხიდზე გადასვლა. არ ვიცი, ვინმე თუ ასულხართ, მაგრამ მე საშინელი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა ეს ლითონის თხელი ფირფიტები ჩაიღუნებოდა, ან კიბეზე დამისხლტებოდა ფეხი... ასეთი სასწაული გამოგონებების როგორ მშურს :| შეიძლება მე არ მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნები საკმარისად ნანახი, კიდევ სად გინახავთ მსგავსი ლითონის ჯართები შუა ქუჩაში?
მაგრამ რა დროს ეს არის, როცა შანელი ახალ კოლექციას უშვებს და ჩემი "ბოროტი", კაპიტალისტი მეორე მე მიჩიჩხინებს, კიდევ ერთხელ დავგუგლო.

Monday, February 8, 2010

ყველა კარგადაა

ამერიკელები ხშირად იღებენ ფილმებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე. მე კიდევ ზუსტად წუხელ ვფიქრობდი ამაზე, რომ გვინდა თუ არ გვინდა, მათ ვგავართ და მთელ მომავალ ცხოვრებაზე აისახება, როგორმა მშობლებმა გაგვზარდეს; ისე ვექცევით სხვებს, როგორც ოჯახში გვისწავლია და რაც უნდა გვინდოდეს, ვერ გავექცევით იმ დემონებს (ან რაც გინდა დაარქვით), ბავშვობიდან რომ დაგვყვებიან.

დღეს ამ ფილმს, "ყველა კარგადაა"-ს რომ ვუყურებდი, რაღაცნაირად შემეცოდა რობერტ დე ნიროს გმირი, უკვე მოხუცი, რომელსაც საუბარი და შვილებთან ყოფნა აკლია, მათ კიდევ თავიანთი პრობლემები აქვთ. არის ფილმში ზოგი ისეთი ეპიზოდი, რომელიც ბანალურია და გინდა, გადაახვიო, მაგრამ უმეტესად ძალიან სასიამოვნო საყურებელია, ყველაზე მეტად დრიუ ბერიმორის გმირის თავის მამასთან შეხვედრა და დამშვიდობება მომწონს, ისეთი თბილი და მზიანია.


ფილმის მესიჯი ისაა, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაგება, ნდობა და სიყვარული იყოს; მაგრამ ჩემთვის ამ ფილმში უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ დგება მამა და თვითონ მიდის შვილებთან, არ ზის და მათ არ ადანაშაულებს, არც ვალდებულებებს აკისრებს. ძალიან იშვიათია ასეთი მშობლები. პრინციპში, არც მე მაკისრებს მამაჩემი რამეს...
ხომ იცით, ფილმები იმისთვის არის, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები გაიხსენოს, რაღაცები გადააფასოს კიდეც, თუმცა საბოლოო დასკვნა ეს იქნება, მშობლებს ვერ შევცვლით, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ და გვიყვარდეს. ვისაც როგორ შეუძლია.

Sunday, February 7, 2010

Шаганэ ты моя, Шаганэ...

Потому, что я с севера, что ли...

- Сергей Есенин

არადა, საიდან ჩრდილოეთი...
შეუძლებელია ადამიანს Sunny გერქვას და მზეს თოვლი გერჩივნოს. მაგრამ მთავარი სულიერი მდგომარეობაა, ხომ იცით.
დღეს რომანტიკული კვირადღე მაქვს, ვუყურე "ბედის ირონიის გაგრძელებას", ვუსმენ რუსულ რომანსებს და ესენინის ლექსებს გადავხედე. ხდება ცხოვრებაში, როცა ისეთი ადამიანები გიყვარს, რომლებსაც ცხოვრებაში არ შეხვდები და მხოლოდ მათი ნაწერების/შემოქმედების მიხედვით აფასებ. ბუნებრივია, ამ საუკუნეში სერგეი ესენინის იმიჯი სერგეი ბეზრუკოვმა შემიქმნა და მანამდე მაიაკოვსკი ბევრად მერჩივნა.

პირველ კურსზე ერთი გიჟი ლექტორი გვყავდა, ქართული ენის სტილისტიკას გვასწავლიდა და ბოლოს თავისუფალი თემები დაგვაწერინა საგამოცდოდ... მე სამ რუს (?!) პოეტზე დავწერე: ბლოკი, ესენინი, მაიაკოვსკი... და ყველაზე მაღალი ქულა დამიწერა, ხომ ვამბობ, ცოტა წაიგიჟებდა (მეც არ ჩამოვუვარდებოდი). იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება რუსული პოეზია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზოგიერთი ნაცნობი ამბობს, ვერ ვიტანთ ამ რუსულ березовая სევდასო, მაგრამ იმას თქმა არ უნდა, რომ რუსული პოეზია მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.


პოეზიაზე დაწერას კი არ ვაპირებდი, უბრალოდ, ჩემი საკვირაო განწყობის გადმოცემა მინდოდა თქვენთვის.
ჩემი ლოდინი გრძელდება, შედარებით მშვიდად, რადგან ლიბ.გე-მ გამოაქვეყნა ჩემი თარგმანები. თოვლი მოვიდა და ჩემი აზრით, ღმერთი საკმარის სიყვარულს ამჟღავნებს ჩემდამი, რომ ლოდინით გავიჭაღარავო თმა.

Friday, February 5, 2010

Facebooking Me Softly

ის, რაც მარკ ცუკერბერგისთვის ბიზნესია, ჩემთვის - მთელი ცხოვრება.


ეს პოსტი შეგიძლიათ ყველამ საკუთარ თავზე მიიღოთ.

ყოველ დილით (რამდენადაც დილით ადგომას ვახერხებ) ჩემი ბლოგის შემდეგ, ფეისბუქს ვხსნი, მაშინვე იმ ლინკებს და სტატუსებს ვამოწმებ, რომლებიც ჩემმა "მეგობრებმა" დაა-share-ეს.
უკვე დავესწარი ერთ ფეისბუქურ ქორწილს (პიკოლინა-ლიშთოთა), ასევე ჩემი ახლო მეგობრის ნიშნობა ოფიციალურად იქ შედგა. აქ მყავს ოჯახი - ნათესავები, მეგობრები, "კედლები", ფოტოალბომები, პეტი, ბუნებრივია.

ვერ ვიტყვი, რომ ფეისბუქი მიყვარს ან მძულს, უბრალოდ ეს არის ყველაზე საუკეთესო სოციალური ქსელი, რომელიც ჩვენს საუკუნეს წარმოადგენს და უსწრებს კიდეც. აჯობა თითქმის ყველა სხვა ქსელს, მაგალითად, ჩემს ყოფილ უსაყვარლეს My Space-ს, რომელიც იშვიათად მახსენდება.

რადგანაც დღეს მთავარი პროდუქტი კი არა, მისი წარდგენაა, ფეისბუქი ამის საუკეთესო საშუალებაა; შეგიძლია სხვებს გაუზიარო მუსიკა, ფილმები, ბლოგები, საიტები, ბულშითოლოგიები და საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩება. თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებიც მილიონჯერ დებენ ერთსა და იმავე ვიდეოს, წერენ cry me a river სტატუსებს, და მერე ჩატშიც გიხსენებენ: ჰეი, რას შვრები, რა არის ახალი :| როცა ამისთვის არსებობს პირადი მიმოწერა, თუ პასუხის გაცემა ძალიან მომინდება, აუცილებლად გავცემ. ზოგ რომანტიკოსს ისიც ჰგონია, რომ ფეისბუქელი ფრენდები მართლა მისი მეგობრები არიან და შეუძლია ცრემლები უღვარღვაროს, ისეთი fragile-ებიც შემხვედრიან, რომლებიც ხუმრობას ან კრიტიკას ვერ იგებენ და მაშინვე ამოგშლიან/დაგბლოკავენ. თუმცა ხუმრობის გარეშეც ხდება ასე, როცა ერთერთმა ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა აღმგავა მისი ფეისბუქის პირიდან, ისევე როგორც საკუთარი ბლოგროლიდან. ვიტყოდი, მკიდია-მეთქი და მკიდია კიდეც, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ასეთი ადამიანების არაპროფესიონალობას. გგონიათ, ჩემი 407-ივე ფრენდი და 100-მდე ბლოგი მიყვარს? უბრალოდ, სოციალური ურთიერთობაა, როცა ყველასგან რაღაცის სწავლა შეგიძლია და ვისაც ჰგონია, რა უნდა ვისწავლო "იმ" ვიღაცისგანო, ჩათვალე, რომ დიდხანს იდგება იმ ადგილზე, სადაც არის.

ფეისბუქი მკლავს და მაცოცხლებს. ხან მაღიზიანებენ ადამიანები და მათი გავრცელებული ტენდენციური ლინკები, მაგრამ ბოლოს ვხვდები, არაფერი ხდება შემთხვევით და ჩემს ფეისბუქურ ცხოვრებაში ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც უნდა იყვნენ.

Wednesday, February 3, 2010

პასუხი ზევიდან

Cursed is the man who trusts in human beings... Blessed is the man who trusts in God, and God shall be his assurance
- Jeremiah 17:5, 7


არაფერია ლოდინზე საშინელი.
ზუსტად ამ საშინელ მდგომარეობაში ვარ უკვე დიდი ხანია :|
ამ დროს ხვდები, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული, ერთი პატარა ვინმე ხარ, რომელმაც სწორი არჩევანი, სწორი მენეჯმენტი (gosh) უნდა გააკეთოს და მერე შედეგს დაელოდოს.

ველოდები პასუხს "ვოგიდან", დიახ that very Vogue.
დავწერ, რა პასუხსაც ველი, როცა (ან თუ) მომივა, თუ არადა, დავივიწყებთ მეც და თქვენც.
ასევე დღეს მეირ ლევინის მოთხრობის ჩემი თარგმანი გავაგზავნე ლიბ.გე-ზე და ვნახოთ, თუ გამოაქვეყნებენ.

ჩემს საუზმეს რძიანი ყიყლიყო შეადგენს.
ადამიანებთან საუბარი მეზარება.

ჩემი მოთმინების გაზომვა მიმდინარეობს ახლა ზევით (ან ქვევით და ყველგან). ამიტომ ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე და პერეკ შირას ვკითხულობ.