ერთ მკაცრ დედას ვიცნობ, რომელსაც ირლანდიურ-გერმანული ფესვები აქვს, 7 შვილი ჰყავს, 36 წლისაა და ჰოლივუდის მსახიობივით ტანწერწერტა. გასაგებია, ეს წერწეტობა მისი კარგი გენების დამსახურებაა და ალბათ იმისიც, ჩემგან განსხვავებით, ღამით შოკოლადებს რომ არ ჭამს, მაგრამ მე მაინც მის "სიმკაცრეზე" გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ძალიან მომწონს აღზრდის მისი რამდენიმე მეთოდი.
გეტყვით, ჩემთვის 7 შვილის დედა ბევრად უფრო ექსპერტია, ვიდრე ნებისმიერი პედიატრი თუ ბავშვის ფსიქოლოგი, განსაკუთრებით ის ფსიქოლოგები და ექიმები, რომლებიც კაცები არიან, შესაბამისად, ვერასოდეს გამოცდიან დედობა რას ნიშნავს და ერთი ჰორმონიც არ გააჩნიათ დედობრივი. ამიტომ მიყვარს დედები. არ ვიცი, 7 შვილამდე თუ გავქაჩავ ოდესმე, როცა უკვე 29 წლის ვარ და მაშინ ცოტა უფრო ადრე უნდა დამეწყო ამაზე ფიქრი :D
დღეს ერთ პუნქტს დავწერ და ჩემს პირად მაგალითსაც მოვიყვან, როგორც ეზრას დედის, რაც ნიშნავს, პირველი ბიჭის დედობას, ანუ - ჩემზე მოწებებული, ჯიუტი და ჭკუის კოლოფი ბავშვისა (ჭკუის კოლოფი ყველა დედის შვილია, ამას ძალიან ნუ მიაქცევთ ყურადღებას).
ეზრა რამდენიმე დღეში გახდება 22 თვის, ანუ წლისა და 10 თვის, სულ რაღაც ორი თვე რჩება ორ წლამდე.
მთელი ამ თვეების განმავლობაში, ვფიქრობ, ეს ბოლო 3-4 თვე ყველაზე რთულია მისი აღზრდის მხრივ, ვიდრე აქამდე ყოფილა.
შესაბამისად, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეიძლება მისი დისციპლინირებისთვის გავაკეთოთ, იქნება ეს დასჯა თუ დასაჩუქრება.
სავარაუდოდ, ამ ასაკში ბავშვებს არცერთი ამ კონცეპტის დიდად არ ესმით და ერთადერთი, რაც ჭრის, სიმკაცრე და პრინციპულობაა.
"მკაცრმა დედამ" გვირჩია, არასოდეს დაიხიოთ უკან და always mean what you say-ო. ანუ თუ ბავშვს უთხარი, რომ სამზარეულოს კარადიდან ჭურჭლის გამოლაგება არ შეიძლება - ყოველთვის ასე უნდა იყოს. დღეს არ გამოალაგებინოთ და ხვალ მთელი დანა-ჩანგალი მისცეთ სათამაშოდ, ეს უკვე მშობლის ავტორიტეტს სწევს დაბლა და ბავშვი კარგად ხვდება (სასწაულად გონივრები და ეშმაკები არიან, მერწმუნეთ, ამ ასაკში), დედას ნებისყოფა არ ჰქონია და იმის გაკეთება შეიძლება, რაც თავად მოუნდება.
ძნელია, ვიცი. ძალიან.
განსაკუთრებით მაშინ, როცა დაქანცული, დივანზე წამოწოლილი, ცოტას წათვლემ და გესმის ბრახა-ბრუხი, ეზრა უკვე მეათედ აღებს კარს და თეფშების ლაგებას იწყებს, ამ დროს უნდა ადგე და მკაცრად უთხრა, ცოტა ხმამაღლაც კი და თუ არ დაგიჯერა, ხელი მაგრად მოკიდო და "გამოაძუნძულო" აკრძალული ზონიდან.
ვერ გეტყვით, რომ 100%-იან შედეგს მივაღწიე და რასაც ვეუბნები, ყველაფერს მიჯერებს, ან აღარ იმეორებს, რის გაკეთებასაც ვუშლით, მაგრამ უკვე იცის რა შეიძლება, რა - არა; ერთ თქმაზე (დღის განმავლობაში მეათედ, მაგრამ ეს უკვე კარგი შედეგია ;) ) ხურავს კარადას და თავის სათამაშოებს უბრუნდება.
ვიღაცამ მითხრა, ბავშვები ამ ასაკში მშობლების მოთმინებასა და ნებისყოფას ცდიანო და ამაზე დიდი სიმართლე არსად გამიგია.
22 თვის ბავშვი უკვე იმდენად გონიერი და სასწაულად დაკვირვებულია, რომ თავის მშობლებს ლამის მათზე კარგად იცნობს, იცის მათი ხასიათი, სისუსტეები და შესაბამისად იქცევა კიდეც.
ისე ვწერ, თითქოს პატარა ყაჩაღზე ვწერდე და ასეცაა, ყველა პატარა ბავშვში ზის პატარა, ანგელოზისსახიანი ეგოისტი ეშმაკი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და გართობაზე ფიქრობს (საშინელებაა, ზოგი ზრდასრულიც რომ ასეთ ბავშვობას განაგრძობს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა).
ბუნებრივია, რასაც მე ვწერ, ყველა დედას სულაც არ ეხება და არავინაა ვალდებული, ისე გაზარდოს/აღზარდოს შვილი, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მე კი მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლებისადმი დიდი სიყვარული და ამავე დროს უზარმაზარი პატივისცემა და ერთგვარი შიშიც, რომ ცხოვრებაში სწორი გზით იაროს, არ იყოს გათამამებული და ეგოისტი, რადგან ეს თვისებები მისთვისვე იქნება ცუდი.
სიჯიუტეს კი რაც შეეხება, ამ თვისების დადებითად გამოყენების და მოტრიალების შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ მოიგებს, ამიტომ ეზრას სიჯიუტე დიდად არ მაღელვებს, პირიქით, მიხარია კიდეც. თავის დროზე და დღემდე, ჩემი სიჯიუტე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მტანჯავდა, მასაში ინდივიდად დარჩენაში ძალიან მეხმარებოდა.
ბედნიერი კვირა გქონოდეთ!
და, დიახ, დედამ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის ;)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago









