Monday, June 18, 2012

იჯექი და იყავი შენთვის, დათა თუთაშხია

როცა რაღაცაზე გავბრაზდები, ჩემს თავს ვეტყვი ხოლმე, მაშინ გაჩუმდი და შენთვის იჯექი, სადაც ზიხარ–მეთქი.
გიფიქრიათ, რომ ფეისბუქი რეალურ ცხოვრებაზე უარესი რამეა? დაწერ სტატუსს, ათი კაცი დაგიწერს კომენტარს და იქიდან რვა ნერვებს მოგიშლის თავისი რჩევებით ან სულელური შეკითხვებით. ზუსტად ასეთ დროს ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, სოფი, თუ სხვისი აზრის გაგება არ გინდა, მაშინ ნურაფერს წერ და თუ წერ, მაშინ ნებისმიერი აზრის მოსმენა/წაკითხვა მოგიწევს–მეთქი.
დიდად არ მშველის.
მაგალითად, იმ დღეს, ეზრა პაუნდზე დავდე ლინკი, რომელიც ცნობილი ამერიკელი პოეტი იყო, თავისებური იდეალები ჰქონდა, ჰემინგუეის წიგნების გამოცემაში ეხმარებოდა, მოსოციალისტო იყო ვითომ, მერე ადგა და რუზველტი რომ ნერვებს უშლიდა, ევროპაში წავიდა, სადაც მუსოლინის და ჰიტლერს დაუმეგობრდა.
მოკლედ, ებრაელები სძულდა და ორივე ომის დაწყების მიზეზად კაპიტალიზმს თვლიდა.
არის რაღაცები, რაშიც ვეთანხმები და კაპიტალიზმი რომ იყო ყველა ბოროტების სათავე, ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. მაგრამ ჰიტლერთან მეგობრობა და მისი პოლიტიკის მოწონება როგორ შეიძლებოდა, ამას ვერასოდეს გავიგებ.

ეზრა პაუნდზე სასაუბროდ არ "მოვსულვარ", უბრალოდ, იქ დამიწერა ერთმა ქალმა, რომელსაც გავლით ვიცნობ/მიცნობს, შენი შვილისთვის სხვა მაგალითი უნდა მოძებნოო.
ტაში!
რა მაგალითი, ადამიანო, ბოლომდე წაიკითხე, რას ვწერ.
ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ჩემი ეზრას მაგალითი პაუნდი გახდებოდა, როცა ეს სახელი სულაც იბნ ეზრას და ეზრა ჰა–სოფერის გავლენით დავარქვით.
რატომ გავბრაზდი?
არ ვიცი.
არა, ვიცი.
იმიტომ, რომ იმ შტერმა ქალმა ვერ გაიგო, რას ვგულისხმობდი. მარტო ის ქალი არ არის საქმე, ადამიანებს ისე აქვთ დახშული გონება, გაგიჟდები.
რა მნიშვნელობა აქვს, რა დაგიცობს გონებას, ფაშიზმი თუ რომელიმე სხვა, ვითომ ნაკლებად საზიანო, –იზმი.
დაცული აქვს ხალხს ტვინი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი სამყაროსავით ძველია, მაინც ახლიდან აღმოაჩენს ხოლმე თითოეული ჩვენგანი და ამაზე დიდხანს შფოთავს. მე ვშფოთავ.

დღეს ეზრას ორი საათი ვაძინებდი. ბანაობის მერე ადვილად იძინებს ხოლმე, მაგრამ დღეს არაფრით უნდოდა დაძინება.
ძალიან რომ ავღელდი, ჩემს თავს ვუთხარი, როცა მშვიდადაა, იცინის, დივანზე კოტრიალობს და პატარა გაქუცულ ყავისფერ ცუგას უყურებს თავისი ღილებივით თვალებით (ერთადერთი სათამაშო, რასაც ყურადღებას აქცევს), მაშინ ხომ შენც ბედნიერი ხარ და რა კარგი ბავშვიაო, ამბობ; როცა აღელვებულია, ვერ იძინებს, იკლაკნება და ჭირვეულობს, მაშინ შენც ბრაზობ, ღმ–ერთო, ეს რა ბავშვია, ჩქარა დააძინე, ნერვიულობ, უსამართლობაა ბავშვის მიმართ და ამიტომ ახლავე დამშვიდდი–მეთქი!
დავმშვიდდი.
ხომ ვიპოვე თვითდაწყნარების სასწაული მეთოდი? :)

ლაიპციგში გრილა. დღისით შეიძლება 25 გრადუსამდე ავიდეს, დილაობით კი ისე ცივა სახლში, ეზრას ქუდს ვაფარებ.
დილაობით, სანამ ეზრა თავის გაქუცულ ცუგას რაღაცებს ეჭყიპინება, მე სადილს ვამზადებ ხოლმე. კენგურუთი ჯერ ერთხელ გავასეირნე, ექიმმა გვითხრა, ბავშვის ხერხემლისთვის არ არის კარგი, სამ თვემდე მოიცადეთო. არადა მოეწონა, აქეთ–იქით იყურებოდა, ეტლი კიდევ არ მოსწონს, რომ წევს და ცის მეტს ვერაფერს ხედავს. ჩვენი ეტლით სეირნობა ბოლოს იმით მთავრდება, ეტლი ცალკე მოგვყავს და ეზრა – ხელში აყვანილი.
კიდევ რა?
მშობიარობიდან თითქმის 2,5 თვე გავიდა, 10 კილო დავიკელი და ერთი ამდენი კიდევ მჭირდება, მაგრამ დიეტას არ/ვერ ვიცავ. ისე ვიღლები და იმდენი ენერგია მეცლება, სულ მშია და ვჭამ. ის 10 კილოც, ალბათ, სულ წყალი იყო, იმდენი წყლით გავიჭყიპე ფეხმძიმობისას. არ დალიოთ ამდენი წყალი და საერთოდ, ყველაფერს ნუ მოისმენთ, რასაც ექიმი გეტყვით. ჩემი ვერდიქტით, საკუთარ სხეულს უფრო უნდა უგდოთ ყური (რა ფრაზებით ვსაუბრობ!) და დედას, რომელსაც მეტი გამოცილება აქვს და ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარხართ.

რა კარგია ბლოგი. რამდენი ვწერე და ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვესაუბრები, თუმცა ისიც ხომ ვიცი, ისინიც წაიკითხავენ, აი ფეისბუქზე ნერვებს რომ მიშლიან თავისი გონებადახშულობით. მაგრამ მაინც, ჩემი მკითხველის უმეტესობა უკვე ახლობელია ჩემთვის და ვიცი, იმიტომ კითხულობენ ჩემს პოსტებს, რომ მართლა ესმით.

წარმატებულ კვირას გისურვებთ!!!

Thursday, June 7, 2012

სიცილი და პასუხები

No one laughs at G-d
When the doctor calls after the routine tests...
No one laughs at G-d in a hospital,
No one laughs at G-d in a war...



ღმ–ერთზე სიცილი ცხოვრებაში არ მიფიქრია, მაგრამ ამ დღეებში მქონდა უცნაური აზრები რელიგიასთან დაკავშირებით. საერთოდ, იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, რატომ და სინამდვილეში რამდენად შეგვიძლია რაღაცების შეცვლა, ან არჩევანის გაკეთება. და კიდევ ბევრ რამეზე დავფიქრდი. 
ეზრას ჩემს გულზე ეძინა და მე ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ხანაც ვტიროდი და იმას მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერავინ შეიგრძნობს იმას, რაც ერთი ადამიანის თავსა თუ გულში ტრიალებს. იმიტომ კი არა, რომ, უჰ, მე ასეთი განსაკუთრებული ვარ (თუნდაც, ცოტა მჯეროდეს, რომ ვარ), უბრალოდ იმიტომ, რომ ყველას ცხოვრება გვაქვს სხვადასხვანაირი, აღზრდა, სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობდით ბავშვობაში და მე თუ ცურვა მიყვარდა, სხვებს – წყლის ეშინოდათ, ან პირიქით. 

საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ საშინელი აბების მიღება დავიწყე, რომელსაც ასევე საშინელი სახელი "ცერაზეტე" (Cerazette) ჰქვია. ის ჰორმონალური აბებია, ჩასახვის საწინააღმდეგოს რომ ეძახიან და მშობიარობის მერე გინეკოლოგები გირჩევენ, რადგან ლაქტაციის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ დაფეხმძიმების რისკი დაბალია, მაინც იმდენად მაღალია (ალოგიკური გამოვიდა, ვიცი), თავდაცვა არავის სწყენს. 
არავის სწყენსო და მე ისე მაწყინა, ინექცია დამჭირდა სისხლდენის შესაჩერებლად. მთელი ოჯახი დავპანიკდით და პატარა ეზრასაც კი ისე გადაედო ჩემი ნერვიულობა, რომ ჭამა აღარ უნდოდა და ცუდად ეძინა.

ინტერნეტს რომ გადახედოთ, 95% ქალებისა ცუდად ახსენებს ამ აბებს. მაინც, ერთერთი ყველაზე ცნობილი კონტრაცეპტიული საშუალებაა მსოფლიოში და საშინელი უკუჩვენებების მიუხედავად, ქალები განაგრძობენ მიღებას და სისხლისგან დაცლას (ევა, როგორ დაგვღუპე!).

ზუსტად ამან დამაფიქრა რელიგიაზე, ცხოვრებაზე და მერე ღმ–ერთთან გასაუბრებაც მომინდა, რომ მეკითხა, თვითონ მოიგონა რელიგია, თუ მეტიჩარა ადამიანებმა, რომლებსაც მეტი საქმე არ ჰქონდათ და ახალი ფილოსოფიები შემოიტანეს მასების სამართავად და მარქსის ყბაში ჩასავარდნად. არის ოპიუმის მარცვლები რელიგიაში, ყველა რელიგიაში. ზოგში უფრო მეტი, ზოგში – ნაკლები.
ადამიანი როცა ავადაა ან რაღაც უჭირს, ხომ უფრო ამ დროს ახსენდება რელიგიაც, ღმ–ერთიც და ფსალმუნებიც. 
ჩემი ცხოვრება უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ამასთან და ამიტომ, უფრო ფილოსოფიური მხრიდან დავიწყე ფიქრი გასულ დღეებში, ვიდრე ემოციურიდან.

კათოლიციზმი ხომ ყველანაირ კონტრაცეფციას უარყოფს, მართლმადიდებლური მრწამსის დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ ვიცი და მგონია, უფრო ნეიტრალური იქნება ამ მხრივ, რადგან ყველა ეპოქაში და განსაკუთრებით საქართველოში, არ ყოფილა ისეთი ბრმა, როგორც ევროპაში და სიმართლე რომ ითქვას, რაც დავით აღმაშენებელმა რეფორმები გაატარა და მგონი, მანამდეც, ქართულ ეკლესიას არავისთვის დაუშავებია რამე. რაც შეეხება იუდაიზმს (რომელიც მე პირდაპირ მეხება), ნებისმიერი კონტრაცეფცია დაშვებულია, გარდა პრეზერვატივებისა, რადგან ბიბლიური ონანის მაგალითზე, რომელიც სიკვდილით დაისაჯა, არ შეიძლება სპერმის ამაოდ გაფანტვა (ახლა უკეთეს ფრაზას ვერ ვიხსენებ). 

ეზრა უკვე 2 თვისაა და რომ ვუყურებ, ვფიქრობ, იქნებ, ჩემი მისიაა ბევრი ეზრასნაირი გავაჩინო და ზედმეტ ფიქრებს თავი დავანებო? მაგრამ თან ვიცი, ეს უკვე შიშია, იმ აბების შემდეგ.
ფაქტი კი ფაქტად რჩება, არავინ დასცინის ღმ–ერთს, როცა ავადაა, არც ომში, არც თვითმფრინავში როცა ზის, როგორც რეჯინა სპექტორი იტყოდა. უბრალოდ, ბევრ რაღაცაზე ფიქრდება და შეკითხვებს სვამს სივრცეში.

სივრცე კი, არასოდეს, არასოდეს გცემს პასუხს. 
პასუხები სხვაგანაა.