Wednesday, December 30, 2009

My 2009 life + pics

2009 წელი ჩემი გარდატეხის წელი იყო... დავწერე თუ არა ეს წინადადება, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან წიგნებიდან გადმონაშთია :) მაგრამ მაინც არ წავშლი; ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სამუშაო წლისა და ცხოვრების მანძილზე ვისწავლე - გულწრფელობა და გაცინებაა. საკუთარ თავსა და სიტუაციებზე სიცილი.

ჩემმა ბლოგმა რა ისწავლა?

იანვარი - დაიწყო ჩემი სერიოზული დაინტერესება ბლოგინგით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აპრილიდან ვბლოგავდი, იმას ბლოგი ნაკლებად შეიძლება დავარქვა.

თებერვალი - დედაჩემის ოცნება ახდა და შონ პენმა ოსკარი აიღო.

მარტი - პირველი ვიდეოპოსტი ჩავწერე და კიდევ ყველაზე სკანდალური პოსტი ჩემი ბლოგის ცხოვრებაში.


აპრილი
- ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ბლოგი გახდა. საკუთარი თავის ძებნა დაიწყო და დაიწყო...


მაისი
- გავაპარტახე მაგისტრატურა (დღემდე ამ აზრზე ვრჩები) და აღმოჩნდა, რომ კრისტინა ვარ, ვისაც აქამდე სოფი გეგონეთ.

ივნისი - ყველაზე ნაყოფიერი თვე იყო ვიდეპოსტებისთვის. უკანმოუხედავად დავამთავრე თსუ.


ივლისი
- ბაიდენი ჩამოვიდა და კბილის ექიმთან მისავლელად კილომეტრების გავლა დამჭირდა. ჰემინგუეის დაბადების დღე აღვნიშნე და ჩემი ოცნების მამაკაცი დავსახე.


აგვისტო
- ვიყავი ყაზბეგში და ამის გახსენებაზე ახლაც მიფრიალებს გული - სიმაღლე, ღრუბლები და ყველაზე სუფთა ჰაერი...
სექტემბერი - კიმმა გაიმარჯვა. წავედი ბერლინში.


ოქტომბერი
- დავიკარგე ანტვერპენში, ჩავფლავდი (ჩავზეთდი) კუგელის გამოცხობაში, გავიცანი იანა ფრანკი.

ნოემბერი - პირველად ვიყავი ორთოდოქსების ქორწილში, ლაიპციგში და თმა შევიჭერი (რასაც დღემდე ვნანობ).

დეკემბერი - თბილისში დავბრუნდი და დიდხანს წყალი არ მოდიოდა.


დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე ყოფილა, 2010 მოდის.

მე მჯერა, რომ რაც უნდა ხდებოდეს, ВСЕ К ЛУЧШЕМУ.
გუშინ განვიცდიდი რაღაცებს.
დღეს დამავიწყდა.

ხვალ კიდევ ახალი დღე იქნება, ask Scarlet if you don't believe me.

Tuesday, December 29, 2009

'Away we go' - იქ რას ვიტყვით?

რამდენი ხანია ფილმების რევიუ აღარ გამიკეთებია. იმიტომ, რომ არც მინახავს ფილმები, I mean, ახალი ფილმები. უფრო მეტად ძველ მიუზიკლებს ვუყურებ, ჯერი გოლდსმითის მუსიკით და ქერა, ცხვირპაჭუა გოგონებით. მიყვარს გრანდიოზული სახელები (ჰოლდენს მაინც წააკითხა ეს სიტყვა) და ტიპები, დიდი მსახიობები რომ ჰქვიათ, მაგრამ ხან იმდენად არაბუნებრივები არიან, რომ გინდა ვინმე უბრალო ადამიანი ნახო და გემრიელად გაიცინო.

საბას პოსტი მომეწონა ძალიან, "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2"-ზე რომ დაწერა. შეიძლება რამდენიმე წლის წინ, მელანქოლიური მზერით აღსავსე მე, ვიტყოდი, რომ მხოლოდ ფელინის და ბუნუელს ვუყურებ, რომ ფერადი და პრიალა ფილმები ისეთი ზედაპირულია... დღეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ შემიძლია მძიმე ფილმების ყურება - არ მჯერა იმ მუქი და კუთხოვანი რეალობის, როგორსაც ის რეჟისორები ქმნიან. ჩემს რეალობას მე თვითონ ვქმნი, თუ არ ვქმნი, მინდა დავიჯერო, რომ ვქმნი და იმას ვირჩევ, რაც არ მამძიმებს და ცუდ განწყობაზე არ მაყენებს. საბოლოოდ, ხომ ყველამ ვიცით, რომ დავიხოცებით და მოგვიწევს რაღაც-რაღაცებზე პასუხის გაცემა; მადლობის გადახდა მაინც შეგვეძლება საყვარელი სცენარისტისთვის, რომ იქ კარგ ხასიათზე ვიყავით და ცხოვრება მშვენიერთან ერთად, სასაცილოც იყო. You know I love fun.

წუხელ გვიანობამდე ვუყურებდი ახალი ფილმების ტრეილერებს. რამდენიმე დავაფავორიტე კიდეც, მაგრამ დღეს რომ გადავხედე, მივხვდი, ამ ფილმებიდან ნახევარზე მეტს ბოლომდე ვერ გავუძლებ და შესაბამისად, არც გადმოწერა ღირს, კინოში წასვლაზე ხომ არც მიფიქრია.
აი, ჩემი რამდენიმე "გაძლებული" ფილმი:

"ნაკიანი წელიწადი" - წითელთმიანი ემი ადამსი და უსაზღვროდ მიმზიდველი მეთიუ გუდი - ფილმის სიუჟეტი უბანალურესია (who cares), მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც ყველა გოგო უყურებს ;)

I love men cooking

"ჯული და ჯულია" - ისევ ემი ადამსი, ოღონდ არაწითელი თმით და მერილ სტრიპი - "სოფის არჩევანის" შემდეგ, ყველაზე მეტად აქ მომწონს!

"რაც შორს მივდივართ" (ეს ზუსტი თარგმანი შეიძლება არც იყოს, ჩემი პირადია) - უფრო იმან მიმიზიდა, რომ ფილმის მთავარი გმირის მშობლები ანტვერპენში, ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, მიდიან, საუნდთრექებია უტკბილესი და თვითონ წყვილის ურთიერთობაა ძალიან საკაიფო. + ელისონ ჯენი - ჩემი აზრით, საუკეთესო არაკომერციული მსახიობი.


იმიტომ მიყვარს ამერიკული ფილმები - ადამიანებზე და მათ შესაძლებლობებზე, რომ არ არსებობს წაგებული ამ ცხოვრებაში, თუ თვითონ ადამიანს სჯერა, რომ მოიგებს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ჩვენს თავშია.

Monday, December 28, 2009

როცა თოვლი არ მოდის


მთელი ცხოვრება თოვლს ვნატრობ და გუშინ აღმოვაჩინე, რომ ყველაზე თოვლიან და ცივ ზამთარშიც კი არ მყოფნის თოვლი. შეიძლება ჩემს ამ სურვილს ფსიქოლოგიური ახსნა ჰქონდეს, ის, რომ ზამთარში ვარ დაბადებული და თბილი ტანსაცმელი მიყვარს; და ნამდვილი კატა ვარ, სითბოში ჯდომა რომ უყვარს და როცა მოუნდება, მაშინ ადგება და გაიზმორება....

დღეს ორი ფილმი ვნახე, ჰეილი მილსის მონაწილეობით ('Summer magic' & 'The trouble with angels'). Man!

როგორც კი მოსაღამოვდა, წარმოვიდგინე, რომ გარეთ თოვლია და მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ.

წარმოდგენა ძნელი არ ყოფილა ჯეინ ბირკინის ფონზე:

Sunday, December 27, 2009

Holiday Movie With Bloggers

ალბათ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა დაწერს, როგორ დაგვპატიჟეს ბლოგერები კინო "რუსთაველში", რა საკაიფო ფილმი ("რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2") ვნახეთ და რა სასიამოვნო იყო ერთმანეთის ნახვა და გაცნობა.

მე რაზე შეიძლება დავწერო?
სიმართლე გითხრათ, საშინლად მეზარებოდა წასვლა, მაგრამ ბლოგერების ნახვა მინდოდა და საბოლოოდ დავძლიე. ყოველი შემთხვევისთვის, დარბაზში ისეთ ადგილას დავჯექი, თუ ფილმი არ მომეწონებოდა, სხვების შეუწუხებლად გავიდოდი. არ დამჭირდა. ნამდვილად ღირდა - სასაცილოც იყო, მსახიობებიც ლამაზები და თბილქართულთვალებიანები იყვნენ (მომნატრებია ცივი გერმანიის მერე), საუნდთრექებიც საკაიფო ჰქონდა. და პლუს, ისეთი განწყობა გამიჩინა, მომინდა თოვლი, მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება.
სახლში რომ დავბრუნდი, ლილუს ვუთხარი კიდეც, ამ ბოლო დროს გადაღებულ ძალიან ბევრ ამერიკულ თუ რუსულ ფილმს ჯობდა-მეთქი. არ მეგონა, თუ ასე საკაიფოდ გადაიღებდნენ. მშვენიერი გასართობი holiday movie-ა.

საქართველოში პირველად მივიღე რაღაც ბლოგერობის გამო. ბერლინში ჩემი მიდრაშას გოგოები კითხულობდნენ და სულ აინტერესებდათ, ცნობილი პიროვნება ვიყავი თუ არა :ლოლ:
წინწასულ ქვეყნებში ბლოგერები ლამის სელებრითები არიან და ბლოგებიდან, მატერიალურ მოგებასთან ერთად, ბევრი პრივილეგიაც აქვთ.
თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების (განსაზღვრული ჯგუფი) უმეტესობა აქაც იცნობს ჩემს ბლოგს;
და ისეთი სასიამოვნოა, როცა გწერენ და გეუბნებიან, რომ მოსწონთ, როგორც წერ, ან სულაც შენი ბლოგის ნახვის შემდეგ თვითონაც გადაწყვიტეს ბლოგერობა :happy&sunny:

დღეს ბევრი ახალი და ძველი ბლოგერი ვნახე. განსაკუთრებით გამიხარდა ნატოშას ნახვა, ისეთი საყვარელი გოგოა, ვგიჟდები მის საუბარზე. სულ მგონია, რომ კატაა, ფუმფულა და კრუტუნა. Oh, my goodness, როკო - რომელიც პირველი კურსის მერე არ მინახავს & so cute გამხდარა. მისტერ პიკასო აქამდე არ ვიცნობდი და საოცრად მეგობრული და გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ქრისტინე - რომლის ბლოგიც არ მქონდა ნანახი :(

აუცილებლად, ცალკე უნდა აღვნიშნო Just Simple Guy, ახალბედა და ახალგაზრდა (სკოლის მოსწავლე, IX) ბლოგერი, რომელიც საინტერესო თემებზე წერს. მგონია, რომ მე უკვე ძალიან დიდი ვარ და მაინტერესებს, რითი სულდგმულობენ სკოლის მოსწავლეები, როგორები არიან და რითი განსხვავდებიან ჩემი თაობისგან. ძალიან მახარებს მსგავსი ბლოგები, ვიგებ იმას, რაც ასე მაინტერესებს.

აი, რა კარგია ბლოგი. გარდა იმისა, რომ [банально говоря] ჩემი მწვანე და მზიანი სახლია; ჩემი ცხოვრებაა მთელი თავისი მიზნებით, შეგრძნებებით, სურვილებით, ქვე- და არაცნობიერებებით, man, I'm happy to be me.

Thanks everyone who made this life Happen ;))

Saturday, December 26, 2009

2009 წლის ფრანგული დასასრული

სადაცაა 2009 დასრულდება, სამუშაო წელიწადი, როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა.

ვიდეოპოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მეზარება.

ჩემი 2009 წლის აღმოჩენებზე მინდა დავწერო, სასწაულ მუსიკოს ქალებზე, რომლებმაც ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინეს:

Regina Spektor

რეჯინა სპეკტორმა მას შემდეგ მოიცვა ჩემი შთაგონება, რაც ლალენას ვიდეო-კომენტარი ვნახე რომელიღაც ბლოგზე, თუ არ ვცდები. 12 დეკემბერს ბერლინში ჰქონდა კონცერტი, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა, ზუსტად ხანუკას დაემთხვა და სხვადასხვა საღამოებს, რაც მიდრაშაში გვქონდა. იმედია, კიდევ მომეცემა მსგავსი შესაძლებლობა.

Jeanne Cherhal

ჩემი მეორე აღმოჩენა ფრანგი ჟან შერალია - ტიპური ფრანგული გარეგნობის, მოკლეთმიანი გამხდარი ქალი. ისეთი ტიპია, ძალიან ბევრ ფილმში რომ მთავარ როლს შეასრულებდა, მაგრამ აქ უნდა დაჯდე და უსმინო... აქ კი არა, პარიზში, პარიზში.

Francoise Hardy

მესამე აღმოჩენა - ფრანსუაზ არდი - რომელიც ადრე ჯეინ ბირკინში მეშლებოდა. ისეთი ნაზი და სიფრიფანა გოგოა ამ ვიდეოებში... ხმაც ისეთი 60-იანების საფრანგეთის აქვს, მე რომ მიყვარს და სულ მგონია, იმ პერიოდში ვცხოვრობდი.

Charlotte Gainsburg

კიდევ დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა შარლოტ გენზბურგს მოვუსმინე. დედამისზე (ჯეინ ბირკინი) ბევრად ტკბილი ხმა აქვს და მამამისს (სერჟ გენზბურგი) კიდევ რეჯინა სპეკტორისნაირი ისტორია... შემიყვარდა ეს ოჯახი და ალბათ ოდესმე ერთ პოსტს გენზბურგ-ბირკინს მივუძღვნი, ისევე როგორც რომი შნაიდერს და ალენ დელონს ეკუთვნით ჩემგან პატივის მიგება.

რეჯინას თუ არ ჩავთვლით, tres ფრანგული კვირა მქონდა ;) სიმღერები, ფილმები, ფოტოები, სიზმრები...
[თან ერთმა სტრასბურგელმა ბიჭმა მომწერა, შენს ინგლისურ ბლოგს და ტვიტერს "ვედევნებიო" (follow - ყველაზე კარგად ასე ვთარგმნე)... გამიხარდა, გამიხარდა. ბუნებრივია, რაღაც დოზით წამეპირფერა, მაგრამ მაინც მეტი სტიმული მომეცა, რომ ვისწავლო და უფრო მეტი ვწერო. იქნებ, მალე პარიზიც ვნახო, იყოს ბანალური და არაბებით სავსე, მაინც უნდა ვნახო.]

Thursday, December 24, 2009

რა ბიზნესი ჰ_ყვავის თბილისში ანუ ბანალური Georgia's on my mind

ფოტო განწყობისთვის

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ინსტინქტურად ჯდებით ტრანსპორტში, მიდიხართ და დანიშნულების ადგილზე რომ მიხვალთ, მერე ხვდებით, რომ მთელი ეს პერიოდი (რუსულად საკაიფოდ ჟღერს - промежуток) გაუაზრებლად მიდიოდით?

დღეს ზუსტად ასე დამემართა, როცა ლესელიძეზე წავედი იულიასთვის იანა ფრანკის წიგნების გადასაცემად.
როზენბლატების სახლის წინ რომ აღმოვჩნდი, მერე გავაანალიზე, საერთოდ არ მიფიქრია მთელი გზის განმავლობაში. ალბათ უფრო იმიტომ გამიკვირდა, ბერლინში სადმე თუ მივდიოდი, სულ დაძაბული ვიყავი მეტროსა თუ ტრამვაში, რომ ჩემი გაჩერება არ გამომეტოვებინა, ან სხვა ავტობუსში არ ჩავმჯდარიყავი. ქუჩებშიც სულ თვალებს ვაცეცებდი და ვიმახსოვრებდი, აჰა, ეს ქუჩა აქაა, ის - იქ, თავიდან ხომ სულ რუკით დავდიოდი.
თბილისში კიდევ - არც ვფიქრობ, რომელი ავტობუსი მინდა ზუსტად, ახლა სად უნდა ჩავუხვიო, რომელი ქუჩით მივიდე ადგილზე... რაღაცნაირად [ლაღად] ვიგრძენი თავი.

მერე საღამოს საქართველოს რაბინს, არიელ ლევინს სტუმრები ჰყავდა ამერიკიდან და მეც დამპატიჟეს. იქ ერთმა ქალმა მკითხა, საქართველოში ხალხი სად მუშაობს, რას აკეთებენო, რისი ბიზნესიაო? :| რა უნდა მეთქვა, ბანკის ან სლოტ-კლუბების-მეთქი; მერე თვითონ მიხვდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა და სხვა თემაზე გავაგრძელეთ საუბარი.

ჰოდა, ახლა რომ მოვედი სახლში და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, თან სასიამოვნო შეგრძნება მქონდა, რომ აი, ჩემს მშობლიურ თბილისში თვალდახუჭულს შემიძლია სიარული, მაგრამ მეორე მხრივ - რეალურად რომ დაფიქრდე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები??? სად მუშაობენ (ან საერთოდ თუ მუშაობენ), როგორი ცხოვრება აქვთ, რას ჭამენ და რისი მოლოდინი აქვთ?

ყოველთვის, როცა ვლოცულობ და სურვილებს ჩავიფიქრებ ხოლმე, საქართველო არასოდეს აკლდება, მაგრამ მხოლოდ ლოცვა რომ კმაროდეს. მეტი ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, რა ვქნა.

Tuesday, December 22, 2009

სად არის თხის რქა?


ერთი წელი მომემატა.

23 - რიცხვი ბავშვობიდან მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი, რომ სხვა არცერთ რიცხვში შეიძლებოდა ჩემი დაბადება.
კიდევ ის, რომ ჩემი ზოდიაქო თხის რქაა და ბავშვობიდან ვკითხულობდი, როგორი მისტიკურ-გამოუცნობი ხასიათი აქვს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს. ძალიან დიდხანს ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ჰოროსკოპების წიგნში ეწერა და ამის მერე მივხვდი, რომ ადამიანები უმეტესად ჩვენივე ფსიქიკის მონები ვართ.

1 წლის წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა რელიგიასთან დაახლოებამ და იმის გაცნობიერებამ, რომ ზოდიაქო ზოდიაქოდ და საკუთარი ცხოვრების, ხასიათის და ქცევების შეცვლა მე თვითონ შემიძლია, მიუხედავად იმისა, მარსი მზის ეტლშია თუ სატურნი ვენერასთან მოგზაურობს.

ყოველ წელს ნელ-ნელა ვიზრდებოდი, მაგრამ 24-დან 25-მდე, მგონია, 1 წელი კი არა, მთელი საუკუნე გავიდა და უკვე დიდი ხანია ის სოფი ვარ, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე გავხდი: მშვიდი, ოპტიმისტი და კომუნიკაბელური.

პატარა რომ ვიყავი, ჩემი ტოლი გოგოები ძალიან დიდები მეგონა.
სარკეში როცა ვიხედები, ვხვდები, რომ პატარა აღარ ვარ და არც მინდა, მაგრამ ხასიათის ძირითადი თვისებები იგივე დამრჩა, რაც დაბადებიდან მქონდა. ესე იგი, ბოლომდე მაინც ვერ ცვლის ადამიანი მას, უბრალოდ აბრუნებს იმ გზაზე, რომელიც თვითონ უნდა და ღმერთმა მისცა ასარჩევად.
როცა თავისუფალ ნებაზე ვფიქრობ და ჩემს ბოლო წელიწადზე, როცა წითელთმიანი შარვლიანი ჟურნალისტიდან kosher-კაბიან ბლოგერად ვიქეცი - ვხვდები, აი, ჩემი ნამდვილი ადგილი, ჩემი ტანსაცმელი, ჩემი საკვები. That's where I got to be!

Mazal Tov to myself! :)

ჩემი იშვიათი სურათები

Unbelievable Cary Grant (at least for me)

One & only Marilyn

პატარაობიდან ვაგროვებდი მსახიობების/მომღერლების სურათებს; უფრო სწორად, ჟურნალ-გაზეთებს, მერე სურათებს ვჭრიდი და რვეულებში ვაწებებდი. რადგანაც შორეულ 90-იანებში არცთუ ისე ბევრი ჟურნალი გამოდიოდა, ძალიან ვწვალობდი, როცა ზოგჯერ გაზეთებიდან მიწევდა უხარისხო და სახეწაშლილი სურათების ამოჭრა. ეს რვეულები დღემდე მაქვს შენახული და წელიწადში რამდენჯერმე გადავხედავ ხოლმე, რომ გავიხსენო, როგორი ვიყავი და ვინ მომწონდა მაშინ.

Linda Darnell

Ava Gardner

ახლა ინტერნეტი მაქვს. VIVA!
ნებისმიერი სურათის მოძიება შემიძლია, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. გაზეთებს აღარ ვჭრი, მაგრამ გვიანობამდე ვიgoogleები და მერე ვინახავ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ბლოგზე გავაკეთო ჩემი ბავშვობისდროინდელი რვეულივით და დავაწყო სურათები.

Ann Harding

Wanda Hendrix

Brigitte Helm

ზუსტად გუშინ ვნახე იმ პერიოდის და მსახიობების სურათები, რომლებიც ყველაზე ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილები არიან.
ადრე ნატოშამ ერთი საკაიფო პოსტი დაწერა იმაზე, რატომ მოგვწონს ესა თუ ის მსახიობი ადამიანებს და გამარკვია, თუ რატომ მიყვარს დრიუ ბერიმორი.
ამ შემთხვევაში მეც ვიპოვე რაღაც საერთო ხასიათსა თუ გარეგნობაში, რის გამოც ვინახავ ამ სურათებს... და მერე ხშირად მავიწყდება კიდეც, რისთვის მინდოდა. ქალების ცვალებადობა ხომ იცით. You never know.

Sunday, December 20, 2009

Pop-Sunday


სულ სხვანაირია კვირას საკუთარ სახლში ყოფნა.
რამდენი ხანია დილით საუზმე აღარ მომიმზადებია და დღეს ენერგიულად წამოვხტი.
ცა ისეთი მოწმენდილია, როგორიც 3 თვეა აღარ მინახავს. ბერლინში მზე 11 საათზე ამოდის, მგონი, და 12-ზე ისევ ჩადის, აქ კიდევ - მთელი დღე ანათებს და ანათებს. მართალია ახლა უკვე თოვლი მინდა, მაგრამ რაც იქ მზე დამაკლდა, ახლა მინდა შევისრუტო.

მეოთხე დღეა, რაც თბილისში ვარ, ვზივარ სახლში. მეზარება გარეთ გასვლა - ტრანსპორტი. ავტობუსი აღარ შთამაგონებს. არადა ჩემი ძველი პოსტების უმეტესობა სწორედ ამ ადგილას დაიბადა/ჩაისახა :D

წიგნებს ვკითხულობ: შაბათს წავიკითხე ხასიდიზმის დამაარსებელი ბაალ შემ ტოვის ისტორიები 'Seeker of Slumbering Souls', პეისახ ჯ. კრონის წიგნიც დავიწყე და ჩე გევარას "მოტოციკლეტისტის დღიურებსაც" გადავხედე.
თბილისი და ჩემი სახლი სოციალიზმის სიყვარულს ისე აღმიძრავს, ვერ წარმოიდგენთ, როგორც კი აქ ჩამოვდივარ და ამ წიგნს ვხედავ, მაშინვე მიწითლდება თმები, გონება, აზრები... და ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ყველა ქარიზმატული ადამიანი ფანატიკოსია (კარგი გაგებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია) - მნიშვნელობა არა აქვს, პოლიტიკოსი იქნება, პოპ-ვარსკვლავი თუ წმინდანი. ფანატიკოსი იმ მხრივ, რომ თავისი უცნაური ჟინი გააჩნია და მერე ამის ისე სჯერა, სხვებსაც აჯერებს.

I WELCOME MYSELF!
კეთილი იყოს ჩემი ჩამოსვლა თბილისში - სადაც, მადლობა ღმერთს, იმდენი საზრუნავია, რომ, ძალაუნებურად, უფრო მეტს ფიქრობ, აანალიზებ და ხვდები - დღეიდან ბლოგზე უფრო მეტი უნდა წერო!

Friday, December 18, 2009

ძილი და წყალი - რომელიც არ მოდის

ახლა ვფიქრობ, როგორ დავწერო საინტერესო პოსტი, როცა მეორე დღეა წყალი არ მოდის. მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც შიმშილსა და სიღატაკეში შეეძლოთ დიდებული ნაწარმოებების შექმნა. მე კიდევ მხოლოდ წყალი მაკლია და ცუდ ხასიათზე ვარ. თავს ვარწმუნებ, რომ ესეც კარგია და ალბათ ღმერთი რაღაცას მანიშნებს.
დილას მარტო ვიყავი და გაზის კაცები არ შემოვუშვი სახლში :D საეჭვო ხმა და აქცენტი ჰქონდათ, რა ვქნა. მეჩხუბნენ გემრიელად.

ქართულ ბლოგებს გადავხედე და მგონი, სხვებსაც ეძინებათ.
რამდენიმე საათში შაბათი იქნება და წიგნებს წავიკითხავ, ახლა აღმოვაჩინე, რომ სახლში პეისახ ჯ. კრონის წიგნი მაქვს 'Echoes of the maggid', უსაყვარლესი კაცია, ბერლინში მის ლექციებს ვუყურებდით ხოლმე.

ა, ხო, თბილისში ვარ :D
16-ში დილით ჩამოვედი.
მზეა და მე მეძინება.
ძალიან მენატრება მიდრაშა, არ მეგონა, ასე თუ მივეჩვეოდი. მენატრება იქაური შაბათები, გოგოები, მასწავლებლები.

აღარ მახსოვს, ბერლინში წასვლამდე რას ვაკეთებდი და როგორი ვიყავი.
ეს პოსტი ყველაზე უღიმღამოა ჩემი ბლოგის ცხოვრებაში ალბათ. სამაგიეროდ ბევრად თბილი და ცოცხალი დავწერე სხვა ბლოგზე.

მიხარია სახლში ყოფნა. რა ჯობია მძაფრ შეგრძნებებს, განსაკუთრებით წყალს რომ ელოდები.

Monday, December 14, 2009

My Movie-Like Life

Community Women Chanuka Party - with the Nekrich girls

ჩემს ბლოგს შევხედე და რაღაცნაირად მესიამოვნა :)
2008 წლის აპრილში დავიწყე წერა. ჟურნალისტურ რაღაცებს ვწერდი და ჩემი ძველი პოსტებით მიხვდებით კიდეც, როგორ ჩარჩოში ვყავდი ჩასმული ჩვენს (და საერთოდ) ჟურნალისტურ სკოლას.

ბოლო პოსტზე ანონიმმა ვიდეო დამიტოვა...
2005-2006 წლებში მიყვარდა Сонечка, ცვეტაევა, რუსული პოეზია და სევდა, როგორც ოლგა იტყოდა, ахматовская печаль.
ის ვიდეო რომ ვნახე და ძველ სიმღერებსაც მოვუსმინე, თბილი ჩაივით ჩამეღვარა.

მერე მე და ნაომი რაღაც ფართიზე წავედით. ვითომ ხანუკა-party იყო :| just another clubbing spot.

გუშინ კიდევ მიდრაშაში გვქონდა საღამო community-ის ქალებისთვის. პაულა და Louise ვიოლინოზე უკრავდნენ, კერენი - keyboard-ზე.
სურათებში ისეთი სახე მაქვს - ბედნიერი, გაბრწყინებული და მშვიდი.

მიყვარს ეს community! მიყვარს მიდრაშა! მიყვარს აღმოსავლეთი ბერლინი!
3 თვეა რაც აქ ვარ და უკვე დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. არსად მიგრძვნია თავი ასე კარგად, როგორც აქ. სულ სხვა სამყარო გვაქვს, თუნდაც ზოგი ვერ ხვდებოდეს, რატომ ავირჩიე ეს გზა.

როგორ შევიცვალე!!!

მხოლოდ რუსული პოეზიის სევდის დავიწყება კი არ ითვლება, არც რელიგიით აღტაცება, როგორც 1 წლის წინ, სუკოტის მერე მქონდა.
უბრალოდ, ახლა ვიცი, ამას ვისთვის ვაკეთებ. და ვინ აკეთებს ჩემთვის ამდენ სიკეთეს...


ყველაფერი დაიწყო ი-მეილით, რომელიც ჯოშს (the boss) მივწერე, არადა ადგილი აღარ ჰქონდათ. მაშინ დავუწერე, უნდა მიმიღოთ, იმიტომ, რომ მიდრაშაში სინათლის შემოტანა შემიძლია... და ჩემთვისაც შანსი იქნება, უკეთესი ადამიანი გავხდე-მეთქი.

ადრე ვიღაცას ვუთხარი, ჩემი ცხოვრება ამერიკული კინოა-მეთქი და არ დამიჯერა. ჯოშივით ჭკვიანი არ იყო.
And here I am.

ჩემი წუწუნიც მახსოვს ბერლინში ჩამოსვლის პირველ დღეებში.
ახლა მთავრდება სემესტრი და მიხარია, რომ მიმიღეს. უამრავი ადამიანი გავიცანი, ურთიერთობები ვისწავლე და ზუსტად ის მივიღე, რაც მე მჭირდებოდა და თავიდან ვერ ვხვდებოდი - ნებისყოფა და მოთმინება.
ბავშვობაში დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგისრულდებაო.
სულ მინდოდა, რომ სიყვარული მეგრძნო. ამისრულდა - ღმერთს ვუყვარვარ და დანარჩენები კიდევ - მე თვითონ მიყვარს :)

Friday, December 11, 2009

ჩემი ბლოგი და ადამიანები

გუშინ ერთმა ჟურნალისტმა გოგომ მომწერა, რომ ჩემგან ინტერვიუ უნდა ბლოგის შესახებ - სტანდარტული კითხვები გამომიგზავნა, როდის დავიწყე, რატომ დავიწყე, რაზე ვწერ, ვისთვის ვწერ...
ბავშვობაში მიყვარდა "მეგობრობის დღიურების" შევსება და ახლა სერიოზულად მომეცა ამის საშუალება.
დიდხანს ვიფიქრე, როგორ შეიძლება განისაზღვროს, თუ რაზე და ვისთვის ვწერ.
დღეს, ჩემი ახალი მეგობარი ელა რომ გავაცილე მეტრომდე და წვიმა დაიწყო, მაშინ მივხვდი - ჩემი ბლოგი ეხება ადამიანებს, პირველ რიგში.

ელა - წარმოშობით აზერბაიჯანიდანაა, დიდხანს ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, მერე ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი და ზუსტად ისეთი გოგოა, როგორიც წარმოგიდგენიათ ინგლისელი ინტელიგენტი: უბრალო, თავმდაბალი, თავაზიანი, კეთილი და თბილი, ხანდახან მასთან საუბრისას ქართული სიტყვები წამომცდება ხოლმე, იმდენად ახლობლად ვგრძნობ. ისეთი თვალები აქვს - მუქი და ღრმა, ქართულ-ებრაული.

ზუსტად დღეს რაბი როუზთან (our dean) მქონდა შეხვედრა; რადგან სამშაბათს უკვე ვამთავრებ ამ სემესტრს, მკითხა Lauder Midrasha-ში სწავლის შთაბეჭდილების შესახებ, ვის დაუმეგობრდიო და უცებ ვერავინ გავიხსენე ელას გარდა.

თითქმის 3 თვეა, რაც ბერლინში ვარ და ჯერ არცერთ გოგოსთან არ დავახლოებულვარ ასე. რამდენადაც კარგი მსმენელი ვარ და ადამიანები ადვილად მიყვარდება, მე თვითონ რთულად ვიხსნები და იშვიათად ვსაუბრობ ბევრს. ელასთან პირიქით - მინდა სულ ველაპარაკო, მოვუსმინო...
ვისთან გრძნობ ადამიანი თავს ყველაზე კარგად? იმასთან, ვის თვალებშიც საკუთარ ანარეკლს ხედავ <- ჩემი საყვარელი ფრაზაა. ზუსტად ასეა ელასთან (იმის გამოკლებით, რომ ჩემზე ბევრად განათლებული და ჭკვიანია).
დღეს ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ის შედეგი, რისი ავტორიც ყოველთვის საყვარელი სცენარისტია. როცა ერთნაირად მივიღებთ კარგსაც და ცუდსაც, ბოლოს მივხვდებით, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა. ასეთი ადამიანი ყოველთვის ბედნიერი იქნება. და ვინ არის უბედური და მელანქოლიკი? ის, ვინც რაღაცას ვერ მიიღებს, უკმაყოფილოა, მარტოდ გრძნობს თავს მთელ ქვეყანაზე და მსოფლიოს სევდა ისე ბოჭავს, როგორც ადამიანს კაპიტალიზმი ;) :P გგონიათ, აქამდე არ ვიცოდი? უბრალოდ, ადამიანებს ის გვახარებს, როცა ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანებს ვნახავთ ხოლმე, თან თუ ეს ადამიანები მაღალ ინტელექტუალურ საფეხურზე დგანან, ვხვდებით, რომ that's a place to be. ამის შემდეგ თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რაზე წერს სოფი გოლდენი, ან რატომ ჰგონია, რომ სამყარო მზიანია, მაშინვე ეს პოსტი დაულინკეთ.

I AM HAPPY FOR WHAT I'VE GOT & I'VE GOT EVERYTHING I NEED!

Sunday, December 6, 2009

Something on your head - "თმაა და გაიზრდება"


ამ პოსტის დაწერა დეგას ნახატმა შთამაგონა და ასეთი სიტყვებით უნდა დამეწყო: ძალიან მიყვარს თმა... მერე უცებ, როგორც ეს ჩვენს pop-ish საუკუნეს შეეფერება, გამახსენდა "ჩარლის ანგელოზებში" რომ არის ტიპი ქალების თმებზე დაფეთებული და მთელი მისტიკა-რომანტიკა გამიფუჭა.

მაგრამ მაინც დავწერ იმაზე, როგორ მიყვარს თმა. თებერვლის პოსტიც ვიპოვე, სადაც თმის ფერზე ვწერდი. ახლა იმდენად დარწმუნებული აღარ ვარ, რამდენად მოქმედებს თმის ფერი ადამიანის ხასიათზე. სამაგიეროდ, მგონია, რომ თმის აგებულება - სწორია თუ ხვეული მეტ-ნაკლებად გამოხატავს ადამიანის პიროვნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გრძელი თმა არასოდეს მქონია, მაინც მჯერა, გრძელი თმის მისტიკურ-სიმბოლური მნიშვნელობისა. მეცნიერებიდან რელიგიამდე, ყველა აღიარებს - რომ ქალის თმა ენერგიითაა დატვირთული, ამიტომაც იფარებდნენ თავს გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ბიბლიური გმირი სამსონიც ხომ თმის შეჭრის შემდეგ კარგავს ძალას. კიდევ გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში" თამარი თმას რომ იჭრის, პირველად როცა წავიკითხე, გული დამიმძიმდა.
ვითომ არაფერია, "თმაა და გაიზრდება" :|
რამდენიმე კვირის წინ მეც შევიჭერი თმა, არც ისე მოკლედ და ვიცი, მალე გამეზრდება, მაგრამ ძველ სურათებს რომ შევხედავ, გული მაინც მწყდება. ალბათ თმას მიჰყვება ჩვენი ფარული ენერგია, მიჰყვება განცდები და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად შეჩვეული ხარ, შენს თავზე რომ იზრდებოდა იმდენი ხნის განმავლობაში :)

Thursday, December 3, 2009

ქალების დღიურები

ცხოვრება და ადამიანები რომ მიყვარს - ფაქტია.
ღმერთს რომ ძალიან ვუყვარვარ და მეც ვცდილობ, ოდნავ მაინც დავემსგავსო, ესეც ფაქტია.

მაგრამ დღეს ქეთიმ რომ სტატია გამომიგზავნა, კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი მადლობელი უნდა ვიყო საყვარელი სცენარისტის, რომელმაც ყველაფერი მომცა, რაც მჭირდება.
ქეთიმ (რომელიც თვითონაც ბლოგერია) დაწერა სტატია ქალებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დღიურებს, ახლა კი - ბლოგპოსტებს წერენ... განსხვავება ისაა, რომ მაშინ ვერავინ ნახულობდა მათ ნაწერებს და ახლა ჩვენს ბლოგებს რამდენიმე ათეული ადამიანი კითხულობს. ადამიანების ოცნებაც ხომ ყოველთვის ის იყო, რომ მათი დღიურები ვინმეს ენახა და თანაეგრძნო [ან დაეცინა... ასეც ხდება]. ქეთიმ ძალიან საინტერესო პოსტები ამოიღო რამდენიმე ბლოგიდან და ისეთი სტატია დაწერა, როგორის დაწერაზეც ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი იოცნებებდა და მე უცებ ვიფიქრე, რომ "როლინგ სტოუნის" შესაფერისი story-ა ზუსტად. მადლობა, ქეთი! (იმედია, დაბეჭდავს ის გამოცემა, რომლისთვისაც დაწერე!!!)

რახან დღიურებზე დავიწყე -
სანამ წერას ვისწავლიდი, უბრალოდ ვიგონებდი ზღაპრებს და ოჯახის წევრებს ვუყვებოდი, მაგალითად "ძირგავარდნილ ავტობუსზე", ჩემს უფროს დეიდაშვილებს ემახსოვრებათ. მერე დავიწყე დღიურის წერა: "დღეს დედამ 8 საათზე გამაღვიძა, მაგრამ ტროლეიბუსი ისეთი გატენილი იყო, ვერ ავედით (ესეც 90-იანები)"; მომდევნო პერიოდში ვწერდი: "ვერავინ მიგებს, ყველანი ისეთი ზედაპირულები და გულგრილები არიან!", სტუდენტობისას: "Hasta La Victoria Siempre!", დღესდღეობით - იხილეთ ჩემი fresh პოსტები.

საკმაოდ ბევრს წერენ იმაზე, რა არის ბლოგი, როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა, PR და მსგავსი ბულშითოლოგია. მაგრამ ჩემთვის ბლოგი ზუსტად ისაა, რაც ვირჯინია ვულფის და კიდევ ადრე, სხვების დღიურები იყო - საკუთარი ნააზრევის, ემოციების, შთაბეჭდილებების გამოხატვა; და არა - წესების მიხედვით წერა, რომ ეს აბზაცი "დავაბულეტო", მომდევნო ფრაზა ქვეტექსტით გავავსო და რეიტინგში პირველ ადგილას ავიწიო. Screw that!

Tuesday, December 1, 2009

თბილისი vs Los Angeles

ბლოგებს გადავხედე და დღევანდელი პოსტების უმეტესობა ეძღვნება ასოციალურობას (და "ბათუმელებისადმი" მხარდასაჭერ აქციას).

მე კიდევ პირიქით - მივეჩვიე ხალხმრავლობას და ყოველდღე 15 გოგოს დანახვას, ამიტომ მარტოობას უკვე ვეღარ ვიტან. მთელი დღე ჩვენს ინსტიტუტში (ეს სიტყვა ინსტიტუტი გამოსასწორებელ დაწესებულებას მაგონებს) ისეთი ხმაურია, გოგოების ამბები ხომ იცით.
ვსწავლობთ და დილიდან წიგნებში ვართ. თან იმდენს ვიცინით და ვმხიარულობთ; აბა რა იქნება, ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეა და ერთი საყვარელი გოგო, ხანა, სულ ნამცხვრებს აცხობს...

17-ში მთავრდება ეს სემესტრი და ყველა გოგო სახლში ბრუნდება, ჩემი ჩათვლით. ჰოდა, ერთი უსაყვარლესი გოგოა ლოს ანჯელესიდან. როცა სადმე მივდივართ და გვეკითხებიან, საიდან ხართო, ისე საყვარლად პასუხობს, მოგინდება შენც იქიდან იყო. გუშინ ვხუმრობდით, მე სცენარს დავწერ და შენ ჰოლივუდში წაიღე-მეთქი. ხოდა, დღეს ვფიქრობდი, რა იქნება, მეც ახლა ლოს ანჯელესში ვბრუნდებოდე, დიდი ოჯახი, სითბო და მზე მელოდებოდეს. მერე გადავწყვიტე, რა მინდა ლოს ანჯელესში? საქართველოში ხომ ჩემი სახლია, ჩემი საყვარელი ადამიანები და ძველი თბილისი, მსოფლიოს ყველაზე ტოლერანტული რაიონი.

საღამოს რაბი როუზის გაკვეთილი გვქონდა და რა თემა მოიტანა, guess: თალმუდიდან (Talmud - Sotah 47a - R. Yochanan) მოიყვანა ტრაქტატი იმის შესახებ, როგორი განსაკუთრებული მიზიდულობა და სიყვარული აქვს ადამიანს იმ ადგილისადმი, სადაც დაიბადა და ცხოვრობს. იმ დღეს ვსაუბრობდით, რატომ ხდება, როცა ადამიანს რაღაც გაწუხებს, ფიქრობ და უცებ ზუსტად იმ კითხვაზე იღებ პასუხს, რაც გაწუხებდა. ლოგიკურად თუ ავხსნით, უბრალოდ, ადამიანი იმ დროს იმაზე ამახვილებ ყურადღებას, რაც გაწუხებს და გგონია, რომ ზუსტად შენთვის ლაპარაკობს ის ადამიანი. ამ დროს, შეიძლება სხვა დროსაც ამბობდა ამას, უბრალოდ, შენი ტვინის ის ნაწილი მაშინ პასიური იყო.

Anyways, 2 თვეზე მეტია, რაც აქ ვარ. გემახსოვრებათ თავიდან როგორ მიჭირდა გერმანიაში ცხოვრება და ხანდახან ახლაც ძნელია, მაგრამ სწორედ ასეთი გაკვეთილები და მასწავლებლები მაძლებინებენ, როგორიც რაბი როუზი, რაბი ფაბიანი, ოლგა და სხვები არიან.

Baruch Hashem!