Wednesday, September 30, 2009

Du Bist Meine Morgensonne :)

I couldn't miss this VOLVO


საოცრად ნერვებისმომშლელი ინტერნეტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ თავი დავარწმუნო, რომ все к лучшему. სხვა შემთხვევაში, სულ კომპიუტერთან უნდა ვმჯდარიყავი და გამოვშტერდებოდი.
დღეს ვისეირნე ქუჩებში და საინტერესო სურათები გადავიღე. საინტერესო ჩემთვის, შეიძლება სხვებმა სულ არაფერი დაინახონ. ჩემი განწყობაც დევს ამ სურათებში ერთგვარად :)

კიდევ ვიყიდე ფინჯანი რძისთვის :) რადგან მე ყავას და ჩაის აღარ ვსვამ, მინდოდა საკუთარი ფინჯანი მქონოდა, ერთჯერადი ჭიქები არ მიყვარს. თან ნახეთ რა აწერია: "ჩემი დილის მზე ხარო", ყვითელია და ცხვირპაჭუა მზე ახატია :) ბერლინურ დღეებს გამიხალისებს.


ხვალ ანტვერპენში მივდივართ. მიხარია, ცვლილება მინდა :ლოლ: თითქოს მაკლდეს ცვლილებები, მაგრამ მაინც.

უი, დღეს სუნამოების მაღაზიაში შევედი და ჯეი ლოს "Glow" დავასხი ტესტერ ფურცელზე, ახლა გვერდით მიდევს და მატკბობს. კარგი სუნამოა, სხვათა შორის. ვივა Jenny from the block!

Tuesday, September 29, 2009

Eurotour - fall 2009

ევროტური – 2009 შემოდგომა ;))
24/09/09კიევი
როგორც აღმოჩნდა, ჩემს კომპიუტერს Wi Fi არა აქვს! ამიტომ ვზივარ კიევის აეროპორტში და ვწერ ჩემს მომავალ პოსტს. 7-ის 25 წუთია კიევის დროით, წინ კიდევ 8 საათი მაქვს, ამიტომ შემიძლია ვწერო და ვწერო სანამ ბატარია გამიძლებს. მერე კუს ტბაზე გაკეთებული ჩურჩხელა მივაყოლო, გოლდენი ვაშლები და შოკოლადი; სამწუხაროდ კოშერი საკვები არ არის ჩემს "თვითმფრინავებში".
კარგად ვიფრინე თბილისიდან, რამდენიმე წუთს თითქოს დავიძინე კიდეც, ოღონდ ზუსტად ვერ გეტყვით, უფრო სომნამბულური წათვლემა იყო :D მიყვარს ეს სიტყვა, მარკესს აქვს რაღაც მოთხრობა სომნამბულურ ცხოვრებაზე. აუ! დილაადრიან რა აზრები მომდის, რა დროს მარკესია! მეძინება და ალბათ საშინლად გამოვიყურები.
რაც მთავარია, მარტო ვიჯექი/ვიწექი სამ სკამზე. არ გამართლდა ლილუს ნათქვამი, აუ, ახლა მსუქნებს შორის რომ მოხვდეო.
თბილისიდან რომ აფრინდა, რაღაცნაირი სევდა ვიგრძენი. ვერ ავხსნი, ყოველთვის ასეთი შეგრძნება მაქვს, როცა თბილისს ვტოვებ. ყველაფერთან ერთად, გამახსენდა, რომ მე და ჩემს დეიდაშვილს გვინდოდა ერთად კიევში წასვლა და ის შარშან დაიღუპა.
შეღებილი ქერა გოგოები დადიან აქეთ-იქით.
მეძინება.
პ.ს. აღმოვაჩინე, რომ სარეგისტრაციო ბიუროზე მხოლოდ უკრაინულად და ინგლისურად აწერია стiйки реэстрацii трансферних пасажирiв – ტრანსფერ check in desk მე რუსულსაც ველოდი. აი ასე!
რა შტერი ვარ, რომ წიგნი არ წამოვიღე. დავათვალიერე კიევის სატრანზიტო ტუალეტი და duty free. სასწაული ფასები აქვს ყველაფერს და თან ნაგავი საქონელია. როცა დავბრუნდები, მერე ვიყიდი რამე სუვენირს კიევის სამახსოვროდ, ტო ესტ მისი აეროპორტის.
წელს აღარ ვიტყვი ცუდ სიტყვებს, ანუ იმ რამდენიმე F-ing სიტყვას, რომელიც წამომცდება ხოლმე. ასეთი პირობა დავდე :|
დინამ მითხრა, კიევში ბევრი ებრაელები არიან ხოლმეო, ჯერჯერობით სამი პეისიანი ხასიდი დავინახე. სიცოცხლეში პირველად მინდა ვინმეს გამოველაპარაკო :( იულია და რაბი ავიმელეხი მენატრებიან. ისე მივეჩვიე მათთან ყოფნას როშ აშანაზე. უი, ერთმა ხასიდმა ბროშურა მაჩუქა "ყველაფერი კარგად იქნება" ჰქვია. იქნება! იქნება! იქნება!მიყვარს ის საყვარელი ხასიდი, რა უცნაური ტიპი იყო.დინა, მინდა მოგიყვე ყველაფერი ან ერთად მივდიოდეთ ბერლინში (პ.ს. არა, დინა, ბერლინი საჩვენო არ არის! – მინაწერი უკვე ბერლინიდან).
წუხელ, არა, იმის წინ ჩილი ვნახე სიზმარში, მენატრება ძალიან!
პატარა ბეღურაა შემოფრენილი დარბაზში, რა საყვარლად დასკუპაობს.
ქართულ და ებრაულ სიმღერებს ვუსმენ. რა ნოსტალგიური ვარ, უხ!დებორას გამოგზავნილი სიმღერაა.
ქართველ ბიჭებს ვხედავ – იმიტომ, რომ ორმეტრიან უკრაინელ გოგოებს მარტო ეგენი აყოლებენ თვალს.
ბერლინი. იგივე დღე
არა ვარ მე ევროპისტი. საერთოდ, არ ვიცი რაისტი ვარ [ცაბაძეს ვუსმენ. მიყვარს.]ანუ, რამდენადაც საქართველოში მგონია, რომ ცივი ქვეყნები მომწონს, აქ იმდენად მენატრება თბილისი თავისი მოუწესრიგებლობით, სამაგიეროდ ბრჭყვიალა და სავსე თვალებით. საბერძნეთში როცა ვცხოვრობდი, მაშინ ასეთი ნოსტალგია არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ დედა და დეიდა იქ იყვნენ. აქ კიდევ ყველა თავისთვისაა. Hell, 24 წლის ახალგაზრდა ქალი ვარ, უკვე ფრაუს მეძახიან და დედა მენატრება :( აი, ქართველებს ეგ "პრობლემა" გვაქვს, სულ პატარები ვართ... წუხელ რომ დავწექი, უცებ ისე მომინდა ვინმეს დავლაპარაკებოდი. მიჩვეული ვარ, რომ ლილუ ყოველთვის ჩემთანაა და ვსაუბრობთ, ერთმანეთს ყურადღებას ვაქცევთ. მერე მივხვდი, მეთქი, სოფი, მორჩი წუწუნს, დაიძინე და ხვალ ახალი დღე გათენდება, შენს თავს მიხედავ, რაც მთავარია ხართ ღმერთი და შენ ერთად – როგორც ყოველთვის! სულ ასე ვარ, როცა შტერული აზრებით მეტენება თავი, ამას ვეტყვი ხოლმე საკუთარ წითელ თავს: მორჩი და ღმერთთან იყავი-მეთქი. კიდევ იაელი მომენატრა უცებ. სულ რამდენჯერმე ვნახე გოგო და უკვე ისე ახლოს ვიგრძენი თავი – ქართველს ჰგავდა და იმიტომ, ძალიან თბილი და ყურადღებიანია. მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებმაც მოსმენა იციან. ჩემი მიდრაშა (სკოლა) აღმოსავლეთ ბერლინშია, ანუ კედლის დანგრევამდე რომ სოციალისტური იყო. ჰეჰეჰე! არის ამაში რაღაც სიმბოლური. აღმოსავლეთ ბერლინი ბევრად ლამაზია დასავლეთზე, რომელიც ტაქსიდან დავინახე, აქ უფრო ძველი შენობებია, რაიხსტაგი და ყველაფერი. ახლა ზუსტად არ მახსენდება სახელები =)) გოგოები ნელ-ნელა გავიცანი. ზოგი უფრო მეგობრულია, ზოგი – ნაკლებად, ბუნებრივიცაა. ერთმა გოგომ დილას თავისი ლეპტოპი მათხოვა, რომ დამეპოსტა.
ნაომის თავისი საქმეები აქვს და დღეს წესიერად არც მინახავს.მაქვს რუკა და ამიტომ ვაპირებ ვისეირნო ჩემთვის. ხალხი დავათვალიერო და წიგნისთვის მასალა შევაგროვო.ამ დღეებში სუკოტი მოდის უკვე, სავარაუდოდ ანტვერპენში წავალთ სტუმრად.
ეს ინტერნეტის პრობლემა მაბრაზებს :( მაინტერესებდა ბერლინის და ანტვერპენის შესახებ მეტი ინფორმაცია ამომეღო, რომ მესეირნა კარგად. სწავლა დღესასწაულების შემდეგ გაგრძელდება, ამიტომ აბსოლუტური შვებულება გამომდის.
ჯოშუა (მიდრაშას ბოსი) ჯერ არ მინახავს. არადა, სწორედ მას მივწერე ამერიკული ი-მეილი ჩემი ცხოვრების ისტორიით :) ამერიკული ფილმები ძალიან გამოსადეგია, სხვათა შორის.
მაინტერესებს რა ხდება ბლოგებზე, ვინ რას წერს, იმედია, მალე მოვაგვარებ ინტერნეტის პრობლემას. ახალი ლეპტოპის ფული ჯერ ნამდვილად არ მაქვს.

29.09.09ბერლინი
გავიდა იომ ქიფური.გუშინ დავპოსტე კიდეც.დღეს წვიმს ბერლინში, არადა გავლა მინდოდა ქალაქში. ჩემს მეგობარს, თინის, მამა გარდაეცვალა თურმე და დარეკვა მინდოდა, იქნებ საღამოს მაინც მოვახერხო გასვლა :( ძალიან მეწყინა. ავად იყო რამდენიმე ხანია. ლილუმ მითხრა გუშინ.
ჰო, ჯოში გავიცანი თავისი ცოლ-შვილით, საყვარელი კაცია. ძალიან ელეგანტური ცოლი ჰყავს, შვეიცარიელი – ეტყობა ჩაცმაზე, განსხვავდება სხვებისგან – ძალიან chic და glamourous.

დღეს უკვე სამშაბათია, ხუთშაბათს ანტვერპენში მივფრინავთ, სუქოთის ბოლომდე იქ დავრჩებით ხასიდების ოჯახებში. გოგოები ძაან ისე ჰყვებიან, მკაცრები არიან ხასიდებიო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უმრავლესობას არასოდეს უნდა დაუჯერო. ცხოვრების გამოცდილებიდან გეუბნებით. როცა უნი-ში ყველა ერთ ლექტორს აქებდა ან პირიქით, მე ვიცოდი, რომ იმ ადამიანს გავუგებდი. გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა, ისეთი, როგორიც ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან ადამიანურად მიყვარს ნინო, სამაგალითო ჟურნალისტია ჩემთვის.
დღეს ოლგასთან გვქონდა ახალ ჩამოსულებს შეხვედრა. ოლგა ჩვენი, ასე ვთქვათ, კურატორია, ჯოშამდე მასთან მქონდა მიმოწერა და ყველაფერი მან მომიგვარა ვიზა და ბილეთი. უსაყვარლესი ქალია, სწორედ მასთან ვიყავით შაბათ საღამოს, 3 თვის ბავშვი რომ ჰყავს, თეთრი ფითქინა და ტკბილსუნიანი. ნოემბერში შევხვდებით და მერე გადაწყვეტთ ალბათ უკვე, თუ სურვილი გექნებათ, კიდევ დარჩითო. ამ გადასახედიდან, 3 თვე ჩემთვის სრულიად საკმარისია, საერთო საცხოვრებელი და ერთ სასადილო ოთახზე არ ვფეთდები. ჩემი საბოლოო მიმართულება მაინც ისრაელია. არ მინდა სხვა ქვეყანა საქართველოსა და ისრაელის გარდა!!! სასეირნოდ მინდა წასვლა, მაგრამ წვიმს, მე კიდევ ქოლგაც არ წამოვიღე თბილისიდან. სხვა გოგოები სეირნობაზე დიდად არ გიჟდებიან, ნაომიც სადღაც საქმეზე წავიდა.
აუ, ნეტა დაგანახათ როგორ წვიმს. არადა ისეთი ამინდები იყო წინა დღეებში, hell.
უზარმაზარი პოსტი გამოვა. ასე ვთქვათ, მონახაზებია ჩემი მომავალი წიგნისთვის ;)

Monday, September 28, 2009

წუწუნა ბერლინიდან

როგორ მიხარია თქვენი კომენტარები, ვერც წარმოიდგენთ!!!!
ისეთი შეგრძნებაა, როგორც ჯარში იყო და მეგობრები წერილებს გწერდნენ :)))

ძალიან დიდი პოსტი მაქვს დაწერილი ჩემს ლეპტოპში, ვეღარ მოვახერხე "ფლეშკაზე" გადმოტანა თავისი სურათებიანად :(
გუშინ იმდენი ვიარე, უნივერსიტეტამდე წავედი ფეხით, მოკლედ ასე ახსნა ძნელია, კილომეტრები გავიარე, ერთი სიტყვით, თან სურათებს ვიღებდი, თან ვფიქრობდი და უცებ აღმოვაჩინე :ლოლ: ტურისტი ვარ, ჩემი ოცნება ახდა და მე კიდევ ვწუწუნებ იმაზე, ყველა რატომ თბილი და მოსიყვარულე არაა. ვინ არ ოცნებობს, უნივერსიტეტის დამთავრების მერე იმოგზაუროს ევროპაში? ნახოს ახალი ადგილები, ადამიანებს გაეცნოს, სურათები გადაიღოს და უბრალოდ იხეტიალოს :) ჰოდა, მადლობა ღმერთს!
აღარ ვიწუწუნებ!

გუშინ ვცდილობდი დაკარგვას :D მეთქი, თუ ამებნევა გზა, მაგრამ ბოლო მომენტში რუკა ამოვიღე და მივაგენი სახლს ;))) ძალიან საყვარელი დაცვა გვყავს შენობაში :D მიხარია, მისი დანახვა, ჩემი ბერლინური ცხოვრების ნათელი (ქერა) წერტილია =))) სხვათა შორის, გუშინ მაღაზიებში დავსეირნობდი და მეთქი, რამე სუვენირი ვიყიდო, ვნახე "მაიკა" - I LOVE BERLIN საკმაოდ იაფად და მერე დავფიქრდი, რომ ჯერ არ მიყვარს ბერლინი და რა ჯანდაბად მინდა, მაინც არ ჩავიცვამ =))

გუშინ საღამოდან დღეს საღამომდე იყო იომ ქიფური, დღესასწაული, მონანიების და პატიების დღე. დილიდან სინაგოგაში ვიყავით. დავიღალე, მაგრამ სასიამოვნო იყო. განსხვავდება აქაური ლოცვები საქართველოსგან. სასწაულად მღეროდნენ აქ და ყველაფერი, მაგრამ მე მაინც მენატრებოდა თბილისის სინაგოგები და ხალხი, პირველ რიგში.

უხ, ისევ ვწუწუნებ! ღრრრ! =))

როცა მოვახერხებ, სურათებს დავდებ.
ყველანი მიყვარხართ და ისე მახარებენ თქვენი კომენტარები :HAPPY:
რამდენადაც შემიძლია, შემოვდივარ თქვენს ბლოგებზე, მაგრამ კომენტარების დატოვებას ვერ ვახერხებ!!!

BEST WISHES!!!
BIGGEST HUGS EVER!!!

GEORGIAN SUNNY LOVE FROM GERMANY :))

Sunday, September 27, 2009

I AM NOT EUROPEAN - THANK LORD!

საიდან დავიწყო, არც ვიცი.
ფილოსოფიურად ალბათ ხო? =))
ჩემი ცხოვრება ხომ არის სპონტანური და გიჟური, როგორც მე, მაგრამ არსებობენ ჩემზე გიჟებიც ;)

იმის თქმა მინდა, რომ ბერლინი ძალიან მომწონს - მოწესრიგებული ქალაქი, სუფთა, ხალხი მშვიდი და დაწყნარებული, მაგრამ საქართველოს მაინც არაფერი ჯობია და მე მართლა ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წელში ჩვენს სამშობლოს არაფერი ემჯობინება. აქ რაც უნდა კარგი იყოს, ჩემი არაფერი არაა, გარდა იმ ჩემოდნისა, რითიც ჩამოვედი.

გუშინ შაბათის მერე წავედით ნაყინზე "ჰეგენ დაზში", სადაც უგემრიელესი კოშერი ნაყინია. იქიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით, მაგრამ ბერლინს მგონი არასდროს სძინავს. თან ეს რაიონი, სადაც მე ვცხოვრობ, სავსეა კლუბებით, ბარებით, კაფეებით, ბევრი ტურისტია, რადგან ძველი ადგილია, ძველი შენობები. გუშინ გავისეირნეთ მე და ნაომიმ იმ შენობებისკენ, კომუნისტებმა რომ ააშენეს, თავი საქართველოში მეგონა, ზუსტად ისეთი პროექტებია, ოღონდ აქ ძველს არ ანგრევენ, იმიტომ, რომ ისტორიაა და აქ ჯერ კიდევ არის გორკის, მარქსის ქუჩები, ძველი ფასადები, რაც მესიამოვნა.

ხალხი ძალიან სიმპათიურია - მაღლები, თეთრები, ქერები - ჩემი სისუსტე :D

თვითონ მიდრაშაში, ანუ სადაც ვცხოვრობ და ვსწავლობ - 20 გოგო ვცხოვრობთ, 2 ამერიკელი ე.წ. ზედამხედველი გვყავს, რომლებიც დიდად თავს არ იხოცავენ ჩვენთვის. აქ საერთოდ, ყველას ჰკიდია, შენ სტუმარი ხარ, ახალი ხარ თუ ვინ ხარ, hello, hi, მიხატული ღიმილი და there u go :| ბუნებრივია, თავიდან გავოგნდი და ძალიან გამიჭირდა, მე მიჩვეული ვარ ჩემს საქართველოში, რომ ადამიანები ერთმანეთს ყურადღებას აქცევენ და თავს ისე აგრძნობინებენ, როგორც სახლში, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები ასე ვართ. აქ სხვანაირადაა და ესეც უნდა მენახა. აქამდე დასავლეთ ევროპაში არ მიცხოვრია და ამიტომ გამიჭირდა ალბათ. საბერძნეთში სულ სხვანაირი ხალხი იყო, ემოციური და ჩვენნაირი, სადაც საჭმელს არ თვლიან და ტყუილად არ გიცინიან. ვიცი, რომ მეც რთული ხასიათი მაქვს და ეს ხასიათი საერთოდ მაცოფებს, აქამდე სულ მჯეროდა, რომ ცივი ადამიანი ვიყავი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად სამხრეთული ხასიათი მაქვს და ევროპელობა არ მიხსენოთ! =))

ამ დღეებში ანტვერპენში მივდივართ სუქოთზე (დღესასწაულია ასეთი) და 13-დან უკვე სწავლას დავიწყებთ, რამე სამსახურიც მინდა ვიშოვო და ველოსიპედი ვიყიდო. ჯერჯერობით ფულს, რაც მაქვს, ძაან ვუფრთხილდები. ვიცი, რა ძნელია ფულის შოვნა კაპიტალიზმში :|

დღეისთვის ეს იყო მგონი. ამინდი სასწაულად მზიანია და წავალ სასეირნოდ, რომ ქალაქიც ვისწავლო ნელ-ნელა.

Wish me luck!

Saturday, September 26, 2009

Hallo AGAIN

კარგი, კარგი, მონატრებამ გადამიარა მეტ-ნაკლებად.
სამაგიეროდ ჩემს ინტერნეტს ჯერ არაფერი ეშველა, ამიტომ ისევ მეზობელი გოგოს ლეპტოპიდან ვწერ და სანამ შემიძულებს, სწრაფად დავწერ და გავიქცევი :ლოლ:
შაბათი ძალიან კარგი იყო, სხვადასხვა ოჯახებში ვიყავით.
დღეს კიდევ ერთ ახალგაზრდა ოჯახში, უუუ, ისეთი თეთრი და საყვარელი ბავშვი ჰყავდა, იმის გარდა არაფერი მინდოდა.
იმდენს ვსეირნობ ფეხით ბერლინში, რომ უკვე მაზოლები მაქვს.

ჩემი მიდრაშა (ანუ სახლი) აღმოსავლეთ ბერლინშია, ანუ სადაც ადრე სოციალისტური სახელმწიფო იყო ;) არის ამაში რაღაც სიმბოლური ხომ იცით :D ძალიან ლამაზია აქაურობა. ხალხი საოცრად ზრდილობიანი, მანქანები გზას გითმობენ კილომეტრებიდან, გავაფრინე. ყველანი "დანქე-დანქეს" გეუბნებიან და ბედნიერი ვარ, მადლობა ხომ ჩემი საყვარელი სიტყვაა.

უუუუ!
ახლა უნდა გავიქცე ისევ, ნაყინზე ვარ დაპატიჟებული.
მიყვარხართ!

დინა, დინა! გკოცნი ბევრს.
ლილუ, ალექს, ჭკვიანად მოიქეცით, ღმერთი თქვენთან!
ჩაო!

Friday, September 25, 2009

HALLO

გუშინ ჩამოვედი ბერლინში საღამოს უკვე 5 საათზე. კიევის გავლით ვიმგzავრე, რადგან პირდაპირი რეისი არ არსებობს თბილისიდან. დიდხანს მომიწია ლოდინი მერე კიევის აეროპორტში და მოკლედ გადავიქანცე, რასაც ჰქვია. უკვე აღტaცებამაც გადამიარა და მეთქი, ჩქარა სააბაზანოში შემაგდეთ, წყალი გადავივლო და დავიძინო.

ნაომი და კიდევ ერთი გოგო დამხვდნენ ბერლინის აეროპორტში ყვავილებით და აბრით WELCOME. სიხარულის თავიც არ მქონდა, ისე დავიღალე.
მაგრამ ერთი ნათელი წერტილი რა იყო იციT კიევში? ერთმა ხასიდმა წიგნი მაჩუქა "ყველაფერი კარგად იქნება" ჰქვია და რაღაცნაირად დავმშვიდდი. უცებ მოვიდა და ებრაელი ხარო, მეკითხება :) რა გამოცნობა უნდოდა პრინციპში, კიევში ჩემ გარდა მუხლებს ქვემოთ ბოლოკაბა არავის ეცვა =))

გუშინ დედაჩემის გარდა ვერავის დავურეკე და ყველა აქ წაიკითხავთ ჩემს ამბებს. ისეთი დაღლილი ვიყავი, არ შემეძლო. დღეს გავისეირნებ ქალაქში და სიმ-ბარათსაც ვიყიდი. პლუს აღმოჩნდა, რომ ჩემი ძველი ლეპტოპი Wi Fi-ს არ იჭერს და ახლა მეზობელი გოგოს კომპიუტერიდან ვწერ, სანამ "კაბელს" ვიშოვი და შევაერთებ. კარგი გოგოები არიან, უმეტესობა რუსეთიდან და ამერიკიდან, აი ასეთი მაგარი სხვაობაა. ორი ქართველი ვართ მხოლოდ. ჯერ რა თქმა უნდა მოწყენილი ვარ, არ ვიცნობ ბევრს და ჩემი ქართველი მეგობრები მენატრება უზომოდ! დინა, აუ, როგორ მინდა აქ იყო, ისე მაკლიხარ :(((

დღეს შაბათზე ოჯახში ვართ მიწვეული. შაბათის მერე კიდევ დავწერ, როგორ მიდის ჩემი ბერლინური ცხოვრება.უი, არ მითქვამს, საერთოდ აქ რას ვაკეთებ =))) სამთვიანი კურსია იუდაიზმის, ტრადიციების და ივრითის შესასწავლი. ნაომის და ჩემი ოსტატური ი-მეილის წყალობით მოვხვდი აქ, მადლობა ღმერთს.

ბერლინი ულამაზესია, რაც ტაქსიდან დავინახე. ყველა ველოსიპედით დადის და ვფიქრობ, მალე მეც შევუერთდები მათ რიცხვს. შეუძლებელია ბერლინში იყო და ველოსიპედით არ იარო.

ყველა მენატრებით!

განსაკუთრებით ჩემი ლილუ და ჩემი სახლი :(((

Wednesday, September 23, 2009

Going to BERLIN

ხუმრობა და ეროვნება

მეირ ლევინის ეს მოთხრობა, რომელსაც ახლა აქ ვდებ - დედაჩემის თხოვნით ვთარგმნე.
ნებისმიერი წიგნი, სიმღერა, ნახატი - ადამიანებს იმიტომ იზიდავთ, რომ მასში საკუთარ ანარეკლს ხედავენ; ზოგჯერ ეს აშკარაა, ზოგჯერ ქვეცნობიერად ხდება და წლების შემდეგ აანალიზებ.
დედაჩემის წინაპრები მალავდნენ თავიანთ ეროვნებას, რის გამოც ახლა მე მიწევს იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ამის გამო გამიჩნდა. მიზეზები არ მიძებნია, რადგან ალბათ ყველას ოდესღაც თავისი მიზეზი ჰქონდა - ისეთ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება; მერე იდეალისტი კომუნისტები გახდნენ და ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. ხან ვბრაზდები - რატომ მალავდნენ, ამით ხომ მე გამიძნელდა ცხოვრება, რომელსაც მთელი სულით და გულით მინდა ის გზა, რომელიც უკვე ავირჩიე. მეორე მხრივ - უფრო მეტ სტიმულს ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ მეტი მუშაობა მომიწევს, მეტი სწავლა და შესაბამისად, სიძნელეების გადალახვა - ეს კი ისევ ჩემი პიროვნებისთვის უკეთესი იქნება.

არასოდეს დამალოთ თქვენი ეროვნება, გთხოვთ!


"ხუმრობა"


"ებრაელს არა აქვს უფლება დამალოს თავისი ეროვნება" შულხან ყარუხი


ერთი ჩვეულებრივი მივლინება იყო. ჩავფრინდი ხარკოვში, საბუთები შევათანხმე, საღამოს კი - უცხოური ვაგონის კუპეში ჩავჯექი "ხარკოვი - მოსკოვი". დილით უკვე დედაქალაქში ვიქნებოდი.
ვაგონში კიდევ სხვა ხალხიც იყო საქართველოდან და ქართულად ვსაუბრობდით. ამ დროს ჩემთან კუპეში სამი უკრაინელი შემოვიდა.
__ მოდი, ქართველო, - შემომთავაზეს - დავლიოთ!
რუსეთში ყველა ჩემი მივლინებისას ქართველად მთვლიდნენ.
__ ებრაელი ვარ. - ვუთხარი
მერე მხოლოდ ისრაელში ცხოვრებისას გავიგე, რომ ებრაელს უფლება არა აქვს თავისი ეროვნება დამალოს, ჩემი ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ არასოდეს დამიმალავს.
უკრაინელებს ისტერიკული სიცილი აუტყდათ, თითებს იშვერდნენ ჩემკენ: "შენ - ებრაელი? ნახე, მიდის ქართველი და ებრაელი ვარო."
მათი ანტისემიტიზმი უკვე აშკარა იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავდნენ ებრაელების საწინააღმდეგო რამის თქმას. ფიქრობდნენ, რას გაიგებ, ქართველი რას იზამს, იქნებ ებრაელები უყვარსო? იმ დროს ქართველებს ისეთი რეპუტაცია ჰქონდათ, რომ მათი ყველას ეშინოდა, არავინ იცოდა, როდის გაბრაზდებოდნენ და ჩხუბს წამოიწყებდნენ. ბოლომდე ვერ გაიგეს, ქართველი ებრაელობას რატომ იბრალებდა, მაგრამ თავის სიმართლეში დარწმუნებულები იყვნენ: "შენ რომ ებრაელი იყო, ამას არ აღიარებდი".
უკრაინელები დიდხანს იცინოდნენ, ბოლოს ერთერთმა, იმედგადაწყვეტილად, მკითხა:
__ ალბათ ქართველი ებრაელი ხარ, არა?
__ არა, რუსი.
სიცილით დაიხოცნენ.
ჩემზე ერთი სადგურით ადრე ჩამოვიდნენ, ერთერთმა გარედან მომიკაკუნა ფანჯარაზე, გამოვაღე და მეუბნება:
__ ხუმარა ვინმე ყოფილხარ! ცხოვრებაში ასე არ მიცინია! მიდის ქართველი და ებრაელი ვარო! კარგი ხუმარა ხარ!
ამ ამბის გახსენება დიდხანს სიცილს იწვევდა. მხოლოდ ისრაელში წასვლის შემდეგ მივხვდი, სინამდვილეში რა საშინელება იყო: არ დამიჯერეს, რომ ებრაელი ვიყავი იმიტომ, რომ თავისი ნებით ამას არავინ აღიარებდა.

Tuesday, September 22, 2009

ხმები


დღეს სავსე დღე მქონდა.
ამ ბოლო დროს ყველაფერი მევსება :ლოლ: გული, დღეები...
ფეხით რომ ვიარე კილომეტრები, ფეისბუქელები ნახავდით ამას.
უკბილო ბავშვებმა ერთმანეთს რომ დასცხეს ავტობუსში, ამასაც ნახავდით ჩემს გესთ პოსტში.

მაგრამ მე სხვა რამის მოყოლა მინდა:
იცით ეს ჯგუფი - The Goo Goo Dolls?
მეც რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ასეთხმიანი ტიპები მომწონს, ოდნავ ჩახლეჩილი და დაღლილები რომ არიან. ავივ გეფენსაც ასეთი ხმა აქვს.

ადამიანებს მათი ხმის მიხედვით რომ ვიმახსოვრებ, გითხარით?
მაგალითად, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვის როგორი ხმა აქვს და როგორ მეძახის: სოფი! სოფიიიი! სოფ! სოფფფფ! სოოოოფი! :)
ყველაზე მეტად მიყვარს David რომ მეტყვის ხოლმე, კარგი რა, სოფი! :)
კიდევ დინა მეძახის უსაყვარლესად: სოფი! - რაღაცნაირად მახვილს -ზე აკეთებს ფრანგულივით.
დედაჩემი პირიქით - სოფი - მახვილი -ზე.
კიდევ რამდენიმე ადამიანის ხმა მენატრება, რომლებიც ვეღარასოდეს დამიძახებენ, მაგრამ ძალიან რომ მომენატრებიან ხოლმე, თვალებს მაგრად დავხუჭავ.
პარანოიაა, ვითომ? :P

Sunday, September 20, 2009

სავსე გული - to Yael

ალბათ ამ პოსტის კიდევ ორ სხვა ენაზე დაწერა მომიწევს - ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
უმეტესობას ემახსოვრება ჩემი ფესახისდროინდელი პოსტი, რომელიც ერთერთი იშვიათი იყო, როცა ბევრ ადამიანს დაამახსოვრდა. საერთოდ, რელიგია აშინებს ხალხს. ზოგი თვლის, რომ - რა დროს რელიგიაა 21-ე საუკუნეში და ეს ჩამორჩენილი ხალხისთვისაა, ზოგი უფრო მკრეხელურადაც ფიქრობს და ამაზე დაწერას არ ვაპირებ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანები აფასებენ ერთმანეთის რელიგიას, ტრადიციებს და წესებს. უნივერსიტეტში, შარშან, ნინო ჟიჟილაშვილი იყო ლექტორი, რომელსაც ვუთხარი, რომ შაბათს მის ლექციებსა თუ სემინარებზე ვერ ვივლიდი და უსიტყვოდ გამიგო. ყველაფერთან ერთად, ამის გამო კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმავე რწმენის ადამიანსაც კი უჭირს ზუსტად გაიგოს ის ტრადიციები და "რთული" წესები, რომელსაც სხვები იცავენ.

წინა პოსტის კომენტარებში ვნახე, რომ ბევრს აინტერესებდა ახალი წლის ტრადიციის შესახებ. ჩემს რუსულ ბლოგზეც ვწერდი, არ მიყვარს დღესასწაულებზე წერა, რადგან მათზე ინტერნეტშიც წაიკითხავ, მე მიყვარს ადამიანებზე წერა - იმიტომ, რომ მათთან შეხვედრა საკმაოდ ძნელია.

იმას ხომ თქმა არ უნდა, რომ ჩემი მასპინძლები რაბი ავიმელეხ და იულია როზენბლატები ჩემთვის უკვე ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. პარასკევის საღამოდან დღეს (კვირა) საღამომდე მათთან ვიყავი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და მხიარული დღეები ჩემს ცხოვრებაში. ფესახი ხომ იყო სასწაული, მაგრამ ეს როშ აშანა არასოდეს დამავიწყდება. ალბათ იმიტომაც, რომ მეც გავიზარდე, დავრწმუნდი, თუ რა მინდა ზუსტად, რომ სწორედ ეს გზაა ჩემი და მნიშვნელობა არა აქვს, რა სიძნელე შემხვდება, გადავლახავ და კარგი ებრაელი ქალი გავხდები, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს.

ახალი წელი ზუსტად შაბათს დაემთხვა და ორმაგად მხიარული დღესასწაული გამოვიდა. რაბი ავიმელეხი სინაგოგიდან სტუმრებით დაბრუნდა, როგორც ყოველთვის. ყველა რომ შემოვიდა, ბოლოს შემოჰყვა საშუალო სიმაღლის შავგვრემანი გოგო, დიდი და თბილი შავი თვალებით, ტურისტულად ეცვა და ასეც აღმოჩნდა. ისრაელიდან იყო ჩამოსული და სურდა, როშ აშანა ოჯახში გაეტარებინა, ასე მოასწავლეს როზენბლატებთან.
დიახ, ჩემი პოსტი ზუსტად ამ ადამიანს ეძღვნება, იაელი ჰქვია ამ გოგოს, 23 წლისაა, ჯარი დაასრულა და ახლა მოგზაურობს. არის სულ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პირველივე ნახვიდან შემიყვარდა: დინა, შოშანა (რაბი მეირ ლევინის მეუღლე) და იაელი. ვიცი, რომ ამქვეყნად ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და მადლობა ღმერთს, ყოველ ნაბიჯზე ვხვდები ასეთებს. მაგრამ უცებ რომ შემიყვარდეს, იშვიათად ხდება. იცით, როგორი გოგოა იაელი? მოგინდება შენც ისეთი უბრალო და თბილი იყო. ვისაუბრეთ, ვიცინეთ. გუშინ, ანუ როშ აშანის მეორე დღესაც ჩვენთან მოვიდა და ღამით გავაცილე რუსთაველამდე, როგორმა წვიმამ დასცხო, ხომ იცით, მაგრამ ეს ზუსტად იმ ბედნიერი დღეების დასაგვირგვინებლად იყო, რაც მე მქონდა. როცა დავბრუნდი და დასაძინებლად წავედი - სავსე იყო ჩემი გული სიყვარულით, სიხარულით. სავსე - ეს აღწერს ყველაფერს. ცხოვრებაში ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როცა კარგ ადგილას ვარ, მაგრამ უცებ ვხვდები, რომ იქ არ არის ჩემი ადგილი, არ მინდა საუბარი, არ მინდა მოსმენა - ეს როშ აშანა და როზენბლატებთან სტუმრობა იყო ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში, როცა თავს ჩემს ადგილას ვგრძნობდი და ძილის წინ მივხვდი ამას - მეთქი, wow, სოფი, იპოვე შენი ადგილი?

პოსტი დიდია, რა თქმა უნდა, თან ადამიანური გრძნობებით და ჩემი sunny ემოციებით სავსე. ყველაფერ ამას დავუმატოთ მხიარული სიმღერები, კერძები და თბილისი - ჩემი ძველი და ყველაზე თბილი ქალაქი, ისეთი სავსეგულიანი, როგორიც მე მქონდა გუშინ, იაელს რომ ვაცილებდი და წვიმა ჩემსავით ბევრს იცინოდა :)

Friday, September 18, 2009

Happy New Year - שנה טובה

იმ დღეს რაღაც ანკეტა შევავსე და ჩემს ძირითად პროფესიას ფრჩხილებში მივუწერე ბლოგერი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ სერიოზულად ვუდგები ამ საქმიანობას. ბლოგინგი ყველაზე საინტერესო და ძლიერ მედიად მიმაჩნია. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა საქართველოშიც ასე ჩათვლიან. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩათვლის და როდის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ინტერნეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბლოგებს. ინტერნეტის გააზრებული მომხმარებლის უმრავლესობა ერკვევა ბლოგებში და უკვე ყველა ერთმანეთს იცნობს [ბლოგინგზე ყოველთვის ეს ფილმი მახსენდება 'Blue state', სადაც ანა პაქვინი ეუბნება მთავარ ბლოგერ გმირს, ბლოგი რა არის, ჩემი დღიური უფრო მეტ ადამიანს წაუკითხავსო და ეს ტიპი ბრაზდება :ლოლ: ].

რადგანაც დღეს საღამოს როშ აშანა შემოვა, ებრაული კალენდრის მიხედვით 5770 წელი დადგება, გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ინგლისურენოვანი ბლოგის გაკეთებით მიმელოცა საკუთარი თავისთვის; და მათთვის, ვინც მომავალში უკვე ინგლისურადაც შეძლებს ჩემი პოსტების წაკითხვას.

ადრე სადღაც წავიკითხე, ვის აინტერესებს პატარა საქართველო, თუნდაც ინგლისურად წერდნენო. მე ყოველთვის მჯერა, რომ ზღვა წვეთებისგან შედგება - ერთი ადამიანიც თუ კითხულობს შენს ბლოგს და ამის შემდეგ რაღაც აზრები უჩნდება, ფიქრდება და შენს ნახსენებ ერთ მოთხრობას/ფილმს/მუსიკას მაინც მონახავს, ჩათვალე, რომ ბლოგერი ხარ და საქმეს აკეთებ (საქართველო კიდევ ბევრს აინტერესებს, იმიტომ, რომ ერთერთი ულამაზესი და განსხვავებული ქვეყანაა დედამიწაზე). თავის დროზე, დოდკა იყო ის ადამიანი, რომელმაც ნახა ჩემი ბლოგი 99 ფრანკის წყალობით და მერე ისევ მან დამარწმუნა, რომ ბლოგინგი სასწაული რამეა და უნდა ვწერო (იმ პერიოდში რამდენიმე სკეპტიკოსი მყავდა აკიდებული, რომელიც არასერიოზულად უყურებდა ჩემს ბლოგს). ხანდახან ახლაც მიჩნდება ეჭვი, ღირს თუ არა, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მერე წარმოვიდგენ ყველა ჩემს მკითხველს, რომლებიც ელოდებიან ახალ პოსტებს და ეჭვის ნატამალიც აღარ რჩება.
I'm here to stay!

Thursday, September 17, 2009

მე vs ტელევიზია

ერთი კარგი ვიდეოპოსტის მერე ყოველთვის მეზარება წერა. ჩემი უნი-ს გოგოებმა რომ გააკეთეს რადიოგადაცემა, მაშინ მიმიწვიეს და მკითხეს - წერა ჯობდა თუ ვიდეოპოსტების გაკეთება.
ვიდეოპოსტების ჩაწერა ჩემთვის ბევრად ადვილია, პირველივე ცდაზე მზადაა ხოლმე, არც გრამატიკის გადამოწმება უნდა, არც სურათების ჩამატება. მაგრამ კომენტარების მერე ვხვდები, რომ ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, თუ რას ვამბობ და მეტს - როგორი ვარ. სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ტელევიზია ესაა, თუნდაც იყოს home made.
ასეთი გადაცემა მინდა მქონდეს, როგორც ამ ტიპს და ისეთივე სასიამოვნო რესპონდენტები, როგორიც ემი ლია. ვგიჟდები ასეთ ბუნებრივ ადამიანებზე. თქვენ, საქართველოს, რომელიმე "ვარსკვლავი" თუ გინახავთ, ასე უბრალოდ საუბრობდეს, ყოველგვარი პრანჭვა-გრეხის გარეშე?

ყოველთვის შეიძლება საინტერესო პროექტის, გადაცემის მომზადება, სადაც ადამიანები მხოლოდ სულელურ იუმორისტულ შოუებს კი არა, იმასაც ნახავენ, რა ხდება ქვეყანაში სხვა მხრივ - თუნდაც მუსიკაში, თეატრში, კინოში, რეგიონებში როგორი ხალხი ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ინტერნეტი შეძრა ორი სუფსელი გოგოს ამბავმა, მაგრამ ტელევიზიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩვენს ტელევიზიებში ზომბები ან ჩლუნგები მუშაობენ (რა განსხვავებაა, პრინციპში).

სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ხომ იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სხვების ძალიან გაკრიტიკებაც არ ღირს, რადგან არავინ იცის, "იქ" რა ხდება. თუ რაღაც გაწუხებს და შეცვლა გინდა, შეცვალე და დაანახე, რომ ალტერნატივა არსებობს. ეს ბოლო წინადადება რომ დავწერე, უცებ მივხვდი, რომ ცხოვრების ბევრ ეტაპზე ხდება ასე - რაღაც/ვიღაც არ მოგწონს და ცვლი შენს ცხოვრებას, ცვლი შეხედულებებს და ირჩევ იმას, რაც შენ გინდა.

არჩევანის თავისუფლებაა ესეც და რა კარგია, როცა გვაქვს.

Tuesday, September 15, 2009

ყველა კვდება - VIVA LA VIDA

VIVA LA VIDA by Frida Kahlo

ჩემს ტოლ ადამიანებს - დაგრჩათ საყვარელი მსახიობი ან მომღერალი ცოცხალი? :(
ყველა კვდება.
ჯექსონმა დაიწყო. დღეს პატრიკ სუეიზიც. არადა, როგორ მიყვარდა 'Point break'-ში, რამდენიმე ხნის წინ ვწერდი ზუსტად მის გმირზე. რა მაგრად ცეკვავდა (Dirty dancing) და ჩემს ბავშვობაში, როგორ განვიცდიდი ბოთლის სახურავს რომ ვერ ეხებოდა (Ghost) :|

გუშინ თაზომ დაწერა საინტერესო პოსტი და იქ ამბობდა, საჩხერიდან ყველაფერი სასაცილო ჩანდაო, ბლოგებიც მათ შორის.
დიდხანს ვიფიქრე ამაზე. ყველაფერი სასაცილოა, რაღაც მხრივ.
ანუ ცხოვრება იმად არ ღირს, ადამიანი რაღაცას გადაჰყვეს. წარმოიდგინე, რომ ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი და ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. პატრიკ სუეიზმა რა უნდა ქნას? ვინც მოკვდა, რა უნდა ქნას? დავითს აქვს ერთ ფსალმუნში - ადამიანი რომ მოკვდება, მთელი მისი ჩანაფიქრები ფერფლად იქცევა და სთხოვეთ ღმერთს, გაცოცხლოთო.

შეიძლება თემის გარეთ იყოს ჩემი პოსტი, მაგრამ მომინდა დამეწერა იმაზე, როგორ ვაფასებ ცხოვრებას იმის მერე, რაც ვკითხულობ სხვადასხვა ბლოგებს, ვიგებ იმ ადამიანების წასვლის შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან დღემდე არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში. როგორ საუკუნეში ვცხოვრობთ, კი იცით - მედია პირდაპირ ჩვენს ტვინში ცხოვრობს.

ფრიდა კალოსაც კი უყვარდა თავისი ტკივილებით სავსე სიცოცხლე და ჩვენ კიდევ ხშირად გვავიწყდება. შეიძლება თქვენ არა, მაგრამ მე მავიწყდება ხოლმე და მჭირდება შეხსენება:
VIVA LA VIDA!

Monday, September 14, 2009

სიკეთის მოლოდინი


დილას რაბი აკივა ტაცის ლექციას ვუსმენდი თავისუფალი ნების შესახებ. მაგარი ადამიანია, მხიარულად ჰყვება ლექციას, ინგლისური იუმორით, ზოგჯერ კარგად გააზრება მჭირდება, რომ გავიცინო. მაგარი ტიპები არიან ეს ბრიტანელები (მართალია რაბი ტაცი სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული, მაგრამ ახლა ინგლისში ცხოვრობს). მოკლედ, საინტერესო ამ ლექციაში ის იყო, რომ ჩვენ მართლა გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, უბრალოდ, არსებული ტენდენციების გამო ათასი ინფორმაცია გვერევა თავში და თავისუფლება ის გვგონია, რასაც კინოში ან პოპ მუსიკაში ვხედავთ/ვუსმენთ. ეს თავისუფლება ყველა ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს და მერე, როცა მოიპოვებს, ეცადოს, საკუთარი პიროვნება დახვეწოს და გააძლიეროს. თავისუფალი ნება ის არ არის, რა გირჩევნია საუზმეზე - ყველი თუ ხაჭო. თავისუფალი არჩევანია - ირჩევ ღმერთს თუ არა, ან რომელ გზაზე მიდიხარ (გზაში სანაპირო და გამზირები არ იგულისხმება, რა თქმა უნდა). ეს ისეთი რამეა, როგორც უკვე დავწერე, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს თავის თავში.
ამ ლექციაში საინტერესო იყო ასევე ის ფაქტი, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. რაბი ტაცმა მაგალითად მოიყვანა ერთი პოლონელი კათოლიკე გინეკოლოგი, რომელიც თავის პაციენტ ებრაელ ქალს და მთელ მის ოჯახს თავისთან მალავდა, ბოლოს აშშ-ში გააპარა და წლების შემდეგ, როცა პაციენტ ქალს უკვე შვილთაშვილები ჰყავდა, გაიხსენეს ეს პოლონელი ექიმი და ქორწილში წაიყვანეს. როცა ჰკითხეს, რატომ ჩაიგდო საფრთხეში თავი, უპასუხა: ბიბლიას მეც ვკითხულობ და ვიცი, რომ ადამიანს თავისი კეთილი საქმეებისთვის ღმერთი ყოველთვის სიკეთით გადაუხდისო.

ზოგი იტყვის, რომ ეს უანგარობა აღარ გამოდის. მითხარით, რას ნიშნავს, საერთოდ, უანგარობა? ნებისმიერი ჩვენი საქციელი ანგარებიანია - თუნდაც იმ კუთხით, როცა სამაგიეროს არ ველოდებით, მაგრამ შინაგანად უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობთ საკუთარი თავის მიმართ. ჩემი აზრით, ს არის ყველაზე უანგარო საქციელი, როცა ღმერთისგან ელოდები სიკეთეს და არა ადამიანებისგან.

[კიმ კლისტერსმა გაიმარჯვა, ბუნებრივია და "სტიმულებმა" იფეთქა ჩემში.]

Sunday, September 13, 2009

კიმ, გაიმარჯვე რა!

დღეს, მგონი, ყველა საიტზე სერენას გაგიჟების ჰედლაინებია.
პრინციპში, პირველად არ მომხდარა ასეთი ამბავი, სერენა უილიამსს ყოველთვის ახასიათებს ხოლმე გამოხდომები, როცა ხვდება, რომ აგებს და გუდბაი გრანდ სლემ! სერენამ რა ქნა? კუთხის მსაჯ ქალს ეტაკა და ბურთის გადაყლაპებას დაემუქრა. მერე ძაან ამერიკული გამოსვლა იყო, გასვლაც და ყველაფერი. თუ დაგაინტერესებთ, ყველგან ნახავთ ამ ამბავს. უილიამსები არასოდეს მომწონდა, აგრესიული და უზრდელები იყვნენ ყოველთვის. They had it comin'

სერენა საქმის გარჩევაში

რაც მთავარია, ჩემი საყვარელი კიმ კლეისტერსი (თურმე მისი გვარი ასე წარმოითქმება) გავიდა ფინალში. მიხარია, მიხარია.

Kim Clijsters

ხო ყოფილხართ ასე, როცა გყავთ ფავორიტი და ძალიან გსურთ მისი გამარჯვება. იმიტომ, რომ საკუთარ თავთან აიგივებთ ქვეცნობიერად და გჯერათ, თუ ის გაიმარჯვებს, ესე იგი, თქვენც წარმატებას მიაღწევთ რაღაც საქმეში. ზუსტად ასე ვარ ახლა. საკმაოდ დატვირთული კვირა მელის წინ და კიმის გამარჯვება პირდაპირ მისწრება იქნებოდა. ფინალს ამაღამ ვნახავ!

კიმი, კიმი, კიმი, გაიმარჯვე რა!

Friday, September 11, 2009

PARTY


ვის არ უყვარს party?
განსაკუთრებით შაბათს
ოქეი, რა გვჭირდება?
ნაომისთან მივდივარ დღეს შაბათზე.
ხან რომ ვუყურებ, ვგიჟდები, ოდესმე თუ შევძლებ, ამდენი საჭმელი გავაკეთო, სტუმრები მივიღო, გავართო? სასწაული გოგოა ნაომი! (სოფი, რამდენიმე წელში გნახავ!)

Shabbat Shalom!!!
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ ყველას!!!

(აი, მოკლე პოსტი, ხომ გამომივიდა!)

Thursday, September 10, 2009

ჩემი 6 სიმდიდრე

აწ უკვე გასულ ზაფხულს, ჩვენი ერთერთი საკვირაო გასვლისას, დინამ ასეთი იდეა ჩაგვაწოდა, დაგვეწერა ყველაფერი ის, რის გარეშეც ცხოვრება ძნელია, მაგრამ ხშირად ამაზე არ ვფიქრობთ. მაშინვე დავწერე - მზე, დედა, წყალი, საუზმე...

გასულ დღეებში ცოტა რთული პერიოდი მქონდა, ცუდად მეძინა, ვნერვიულობდი. გუშინწინ გადავწყვიტე, დილით რომ გავიღვიძებდი, მაშინვე უნდა ჩამომეწერა ყველაფერი ის, რაც მაქვს და არ მაქვს. მე ისეთ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც თავის პირობას ყოველთვის იცავენ. ამიტომ, ავდექი თუ არა, გუშინ დილით, დავისხი უზარმაზარი ფინჯანი რძე, ავიღე რვეული და დავიწყე ჩამოწერა:

მადლობა ღმერთს,

მაქვს/მყავს:
  • საჭმელი
  • ჯანმრთელობა
  • საოცარი დედა
  • საყვარელი მეგობრები
  • სასურველი ტანსაცმელი
  • სახლი
და მაინც, დეპრესიაში მაგდებს ის ფაქტი, რომ

არ მაქვს/არ მყავს:
  • მაღალანაზღაურებადი სამსახური
  • ჭკვიანი და კეთილი ქმარი
  • ბევრი ფული
მერე დავთვალე ჩემ მიერ ჩამოწერილი პუნქტები და აღმოჩნდა, რომ მაქვს ექვსი სიმდიდრე და არ მაქვს - სულ რაღაც სამი. მთელი დღე გამომიკეთდა და მივხვდი, რომ ძალიანაც ბევრი რამე მაქვს; რაც მაკლია, არის - ცოტა მოთმინება.

ჩემი ვერდიქტი: ყველამ ვიცით, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ჭიქა ზოგჯერ ჩვენ ვართ და როგორც ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, ისე მიდის ჩვენი ცხოვრება, ისეთს გვხედავენ დანარჩენი ადამიანები და საბოლოოდ, ღმერთიც ისე გვექცევა, როგორც ამას ვიმსახურებთ.

შეიძლება დიდი მიგნება არ იყო, ჩემი ამ "სიმდიდრეების" ჩამოწერა, მაგრამ ძალიან ძალიან დამეხმარა. [მადლობა, ჩემო საყვარელო დინა და ნაომი!]

Tuesday, September 8, 2009

ვითომ მოკლე პოსტი


რამდენი ხანია ყოფითი პოსტი აღარ დამიწერია.
მინდა, მოკლე პოსტი დავწერო.
ჰოჰოჰოჰო
ოღონდ, არ გამომდის.
ჭეშმარიტებას ვეძებ და ვხვდები, რომ არსებობს მხოლოდ პატარ-პატარა სიმართლეები, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს. ამაზე დავწერე ახლა ბიო (არტ) ბლოგზეც.

არის ერთი Sunny ჭეშმარიტება, რომ, ამქვეყნად, შემწვარ კარტოფილს არაფერი ჯობია.
არაფერი ჯობია ფილმებით თავის გამოტენას და თვალების დათხრას.
არაფერი ჯობია წერას და მიხვედრას: იჩქარე და წერე, სოფი, სანამ დაგავიწყდება.
ორი ახალი "მაიკა" მაქვს - ყვითელი და ცისფერი, ზურმუხტისფერი, უფრო სწორად. რა სისულელეა, წარმოიდგინეთ, მაიკები, შარვლები, ტანსაცმელი საერთოდ.

ღამით ვფიქრობ თაზოს მოხუცზე, რომელიც თვეგამოშვებით იხდის გადასახადებს. მაღაზიაში ხალხი ნისიად ყიდულობს პურს და მე კიდევ ვბრაზობ, რომ ჰოლივუდში არ მიწვევენ. მერე ვბრაზობ მედიაზე, ზომბირებულ ორგანიზმზე, რომელიც სისულეებით გვიტენის თავს, ქმნის მტრის ხატს და არავის ეუბნება: გამოიფხიკე ყურები და პრობლემა შენს თავში ეძებეო! ფუჰ! გუშინ უგო ჩავესიც შემზიზღდა, არა, დილას. შევხედე და მაშინვე აზრად მომივიდა, რომ ეგეც არტისტია რა, პოლიტიკური ოღონდ.

ხანდახან პარანოიკივით ამეკვიატება ფიქრები ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ადამიანებზე, ეკოლოგიაზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკურ მიმართულებებზე და ბოლოს ვხვდები: უნდა შევჩერდე და ჩემს ცხოვრებას მივხედო. უკვე რამდენჯერ ვთქვი, მთავარია მე როგორი ვარ და რა მინდა-მეთქი... ეჰ, თითქოს ასეთი ადვილი იყოს.

Monday, September 7, 2009

ნიჭის მინიჭება


ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს ეგრედ წოდებული ეთნიკ მუსიკა, მთელი თავისი ვიოლინო-აკორდეონებით. მთელი სული და გული დევს ხოლმე. აი, ერთერთი ლინკი და აქედან სხვებზეც გადადით, თუ სურვილი გექნებათ. მუსიკა ყოველთვის იყო ჩემთვის განწყობისშემქნელი და ცხოვრების მიმართულების მაჩვენებელი. ახლა იცხაკ პერლმანს ვუსმენ. მოდი და ნუ იტყვი, რომ ღმერთი აჯილდოებს ადამიანებს და განსაზღვრულად აძლევს ნიჭს, რომ დახატონ, დაუკრან, დაწერონ და მერე ამით დანარჩენ სამყაროს სიამოვნება მიანიჭონ. ისე, მინიჭებასა და ნიჭს ერთი ფუძე აქვს, ამჩნევთ?

ადრე მაისფეისზე ვუსმენდი მუსიკას, მაინტერესებდა ახალი ბენდები, მუსიკოსები. თუმცა, ძალიან იშვიათია ისეთი მუსიკოსი, რომელიც მოგეწონება და თავს დაგამახსოვრებს. ძალიან ადრე დავწერე რამდენიმე მუსიკოსზე პოსტი, რომლებიც მაისფეისზე აღმოვაჩინე. ახლა დავამატებ ვიტალი პოდოლსკის, ისრაელში მცხოვრებ მუსიკოსს, რომელიც სასწაულად ასრულებს აკორდეონზე და მიყვარს მისი მოსმენა. ერთი პერიოდი "მიყვარდა". აი, კრისტინას რომ უყვარს ხელოვანები, ხომ იცით, ასე მიყვარდა, შარშან რამდენჯერმე მიმოწერაც გვქონდა. კრისტინა რატომ ვახსენე, გუშინ კიდევ ერთხელ ვუყურე "ვიკი კრისტინა ბარსელონას" და მივხვდი, რომ მეც, კრისტინასავით, მინდა ბევრნაირად გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო; სამწუხაროდ - არ ვხატავ, არც მუსიკა ვიცი, ფოტოგრაფიითაც ვერ დავიკვეხნი, მრჩება წერა. ახლა ვფიქრობდი, კიდევ რა-მეთქი და მივხვდი, რომ ყველაფერი ბანალური გამოვიდოდა. უბრალოდ, მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია მოსმენა და შეგრძნება იმის, რასაც ანიჭებს ადამიანებს.

P.S. ლაშარელა, აი, პირველი პოსტი ინგლისური სიტყვების გარეშე.

Saturday, September 5, 2009

იდეალური ადგილი

აღმოვაჩინე (no way!), რომ ჩემს პოსტებში ჭარბობს ციტატები ფილმებიდან, სიმღერებიდან და სელინჯერის წიგნებიდან. ამ ბოლო დროს სელინჯერის და ფროიდის წიგნების გარდა არაფერი წამიკითხავს. დღეს, შაბათს, რომ ვისვენებდი და ფროიდის "ბავშვების შიშის ფსიქოანალიზს" ვკითხულობდი, მივხვდი, რომ ჩემი მთელი ცხოვრება ესაა, პრინციპში. კინოსავით და წიგნივით ცხოვრება მაქვს, I'm telling you; ოღონდ ისეთი ჟანრის, სპონტანური, სცენარის დაუწერლად რომ მიდის და მსახიობები, რაც თავში მოუვათ, იმას ამბობენ. ამ დროს, რა ვიცი, იქნებ ვიღაც ზის ვენისკენ მიმავალ მატარებელში და ელოდება, როდის დაჯდება მის გვერდით ვინმე გაურკვეველიფერისთმიანი გოგო? Yeah, right.

ადამიანებს ხომ გვიყვარს, როცა განსაკუთრებულებად გვთვლიან?
მე მიყვარს. მიყვარდა ბავშვობიდან, როცა ყველა ჩემ გარშემო იჯდა და ჩემს დაწერილ მოთხრობებს თვალცრემლიანი უსმენდა. ახლა ის მოთხრობები სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მაშინ ხომ ყველას გვეგონა განსაკუთრებული? თუნდაც ხასიათი ავიღოთ, ფროიდსაც უწერია, ნევროზისკენ მიდრეკილი ბავშვები ყოველთვის უფრო საინტერესოები არიან და ისინი უმეტეს შემთხვევაში, მოაზროვნეები გამოდიანო. I've always loved my wild attitude. ნევროტიკი არ ვყოფილვარ, მაგრამ რთულ და ასოციალურ ბავშვად მთვლიდნენ. ჰოდა, ბავშვობა ხომ ისეთი რამეა, მთელი ცხოვრება რომ დაღს გასვამს ისე, ვერც ხვდები, თუ ფროიდმა არ შეგანჯღრია, man.

იდეალური სამყარო არ არსებობს, არც იდეალური ბავშვობა, როგორც 'Before sunrise'-შია, მდიდარი ოჯახის ბავშვებს ზედმეტად აქვთ ყველაფერი, ღარიბების შვილებს - აკლიათ, ზოგი მშობელი თან ჰყვება შვილს და ყელში ამოუყვანს, ზოგს - პირიქით, ენატრება მშობლების ყურადღება. ერთხელ გვქონდა მეგობრებს pyjama-party და მაშინ ყველამ მოვყევით, ვის რა გვაწუხებდა/გვაშინებდა/გვახარებდა. მახსოვს, მაშინ გამოვტყდი, რომ ძალიან მაკლდა მამა. მინდოდა, წავეყვანე ცირკში, პარკში, გვესეირნა ერთად... რადგან სანამ ჩვენთან იყო, მანამდე სულ აქეთ-იქით დავყავდი და გამიჭირდა შეგუება, თითქმის 15 წელი დამჭირდა, რომ დამევიწყებინა. ჩემს მამიან მეგობრებს გაუკვირდათ, სურვილიც არ გვქონია მამასთან ერთად ცირკში წასვლის და სეირნობისო. Hello. არაფერია საკმარისი ამქვეყნად, ყველას რაღაც გვაკლია და მერე ამ დანაკლისი გამოა, რომ ვწერთ/ვხატავთ/ვმღერით/საგიჟეთისკენ ან ბლოგებისკენ მივიჩქარით.

მაგრამ დღეს მაინც სულ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში:

Jesse: I kind of see this all love as this, escape for two people who don't know how to be alone. People always talk about how love is this totally unselfish, giving thing, but if you think about it, there's nothing more selfish.

Is it?

Friday, September 4, 2009

Where I stand - reality bites

Lelaina Pierce: I was really going to be somebody by the time I was 23.
Troy Dyer: Honey, all you have to be by the time you're 23 is yourself.
Lelaina Pierce: I don't know who that is anymore.

'Reality bites' (1994)


საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამაზე დავიწყე ფიქრი.
ჩემი ჰოლდენ კოლფილდობა ყველამ იცის უკვე, მაგრამ რეალობა მაინც სხვაა. იმ დღეს მეგობარმა მომწერა, დედაჩემი მეუბნება, აი, დაამთავრე უნივერსიტეტი და ახლა რაო? იმ დღეს მეც სწორედ ისეთივე ფიქრები მქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ვაღწევ, ისედაც სულ ჩემი ძალისხმევით, არასოდეს მყოლია დამხმარეები და თუ ვინმე დამხმარებია, ისევ იმიტომ, რომ იცოდა - მე იმის გამკეთებელი ვიყავი. მაგრამ ჩემი მოლოდინები მაინც სულ სხვა იყო, უფრო დიდი და bright.

ერთი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე. ინგლისელი გოგოა, რომელმაც ქართული ისწავლა და ძალიან კარგ პოსტებს წერს. თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე წერდა, როცა სულ სხვადასხვა პროფესიები იტაცებდა. მე დავუწერე, რომ ამ ეტაპზე, ზუსტად არ ვიცი რა მინდა-მეთქი [წელს მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა არ არის ის სფერო, სადაც მინდა მუშაობა, სტატიები და ვითომდაბალანსებული ნიუსები]. მერე ამავე გოგომ მითხრა: "ნუ ჩქარობ, 24 წლის გოგომ ჯერ არ უნდა იცოდეს რა უნდა ცხოვრებისაგან ჩემი აზრით" და დავმშვიდდი. მერე დედაჩემმაც გამახსენა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს, საქართველოში ჩქარობენ ყველაფერს! თუ 25 წლის ასაკში შვილიშვილები არ გახვევია და ხაჭაპურს არ აცხობ, წასულია შენი საქმე. გუშინ კიდევ ამ ფილმს ვუყურე 'Reality bites'. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კაპიტალიზმის ტყვეობაში ვართ (საქართველოში მისი ჰიბრიდის), მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩემი ტოლი ადამიანები ამას განიცდიან, რომ ეგონათ, რაღაცას მიაღწევდნენ, მაგრამ ხან პრინციპებმა შეუშალეს ხელი, ხან - ცუდმა ამინდმა და ბოსის ქვეტექსტებით სავსე საუბარმა. იდეალისტური ბულშითოლოგია არ გვინდა, თითქოს ფულის გარეშე დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლია. თუ ერთ ასეთ წარმატებულ ტიპს მაინც დამისახელებთ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

"ფრენი და ზუი", იცით სელინჯერის ეს მოთხრობა? აი, ეთან ჰოუკი და უინონა რაიდერი ზუსტად ამ გმირებს მაგონებენ. იქ ეუბნება ფრენი თავის ბოიფრენდს (პერიფრაზს ვაკეთებ), იქნებ სულაც არ მინდა, ვინმე გავხდეო. მეც არ ვიცი და თუ ვინმემ იცით, გილოცავთ!

Thursday, September 3, 2009

Only Ball Should Bounce

ვისაც ჩემსავით მარტინა ჰინგისის და შტეფი გრაფის პარიზულ ფინალზე არ უღრიალია (1999), ჟუსტინ ენინის უიმბლდონზე დამარცხებაზე არ უტირია (2007) და კიმ კლისტერსის დაბრუნებაზე დიეტა არ დაურღვევია (2009), ის ძნელად ჩაწვდება ამ პოსტის სულს ;)

ქალთა ჩოგბურთი - ჩემთვის წმინდა რამეა, მინდა გითხრათ. ბავშვობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სპორტი, რომლის გამოც საათობით შემიძლია გაუნძრევლად ვიჯდე ტელევიზორის წინ. ერთერთი ასეთი დაუვიწყარი მატჩი იყო 2005 წლის უიმბლდონის ფინალი ლინდსი დევენპორტსა და ვინუს უილიამსს შორის.

My all-time favourite - MARTINA HINGIS

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნებაა ჩოგბურთის, ჯერ მარტო, ყურება; თუმცა, რატომაც არა, ნატალია წარმოიდგენს და კიდევ ერთერთი მშიერი სტუდენტი თათია, რომელიც, რამდენადაც ვიცი, თვითონაც თამაშობს ჩოგბურთს.

Best player ever - JUSTINE HENIN

წელიწადში ოთხჯერ ჩემთვის არსებობს დიდი დღესასწაული - ზამთარში ავსტრალიის, გაზაფხულზე როლან გაროსის, ზაფხულში უიმბლდონის და შემოდგომაზე შეერთებული შტატების - დიდი მუზარადის შეჯიბრებები. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ისე ჩაიარა ამ შეჯიბრებებიდან რამდენიმემ, რომ არ დავინტერესებულვარ. აღარ თამაშობდა ჩემი საყვარელი მარტინა ჰინგისი, საკმაოდ გულდასაწყვეტი ფაქტის გამო; ჩოგბურთიდან წავიდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და სუპერტექნიკის მფლობელი ჟუსტინ ენინი, time-out აიღო კიმ კლისტერსმა, ლინდსი დევენპორტი - ყველაზე ძლიერი ჩაწოდების მქონე ჩოგბურთელი, საკმაოდ დასუსტებული დაბრუნდა ბავშვის გაჩენის შემდეგ :( მეთქი, წავიდა, სოფი, შენი დრო, შტეფი გრაფს ნორმალურად ვერ შეესწარი, ჰინგისით ვერ დატკბი, დარჩი ახლა ლამაზმანი სლავი გოგოების იმედად :| წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში - 5 ჩოგბურთელი რუსია, ორი ამერიკელი, დანარჩენი - ზოგი სერბი, ხორვატი, უკრაინელი, რამდენიმე ფრანგი და შვეიცარიელი...

My Favourite - KIM CLIJSTERS

მაგრამ მიმდინარე US Open-ზე გამოჩნდა კიმ კლისტერსი, ჩემი უსაყვარლესი ჩოგბურთელი. თავის დროზე ვიტანჯებოდი, არ ვიცოდი, ჟუსტინ ენინი მერჩივნა თუ კიმი? წელს ეს დარდი აღარ მაქვს :) მხოლოდ კიმი მყავს ფავორიტი.

ჰო, მართლა, ვნახოთ გაამართლებს თუ არა ჩემი პროგნოზი, ერთ კვირაში გაგაგებინებთ ;) თუ სურვილი აქვს ვინმეს, შეგვიძლია დავნიძლავდეთ, it's gonna be fun :))))

Tuesday, September 1, 2009

მაყვალი თუ BlackBerry?


როგორც იქნა, გავიგე ბლექბერი რა ყოფილა :| აქამდე მეგონა, კენკროვანი ხილი იყო, რომლის მურაბაზეც ვგიჟდები. ა, ჰო, მანამდე კიდევ დრიუ ბერიმორის გმირისგან გავიგე იმ ფილმში "He's just not that into you".
ფეისბუქზე დაწერა ვიღაცამ (ეს ვიღაცა როკო ყოფილა :P) ამის შესახებ, მერე ტვ-ში თქვეს და ლილუმ მკითხა, "ბლექბერი რა ხილიაო." ინტერნეტში ვნახე და თურმე პეიჯერის მსგავსი რაღაც ყოფილა, smartphone or somethin' of a kind.

My Cell

არ მიყვარს ტექნიკა - ტანჯვაა ჩემი და უთოს ურთიერთობა, ასევე მტვერსასრუტის, ერთადერთი - სარეცხის მანქანა და კომპიუტერი მიყვარს. ჩემი მობილური უკვე 3 წლისაა, გადაყვლეფილი და დაკაწრული. ცხოვრებაში სულ ოთხი მობილური გამოვიცვალე, 2002-დან დღემდე, სამი ნოკია და ერთი რაღაც უცნაური ფირმის. ერთი თვის წინ ჩემს მობის ბატარია შევუცვალე, უკვე აფეთქებამდე იყო მისული, გაიბერა და ტელეფონი რომ გავხსენი, ლამის თავისით ამოხტა. აზრზე არა ვარ, სხვა რა ტელეფონი შეიძლება ვიყიდო. ერთადერთი, რაშიც ჩემს მობის ვიყენებ, არის დარეკვა, მესიჯების წერა ჭირივით მეზარება, ინტერნეტი და wap მე არ მაქვს, ეგეც მეზარება.

მაგრამ ახლა ეს ბლექბერი რომ ვნახე, მომეწონა რაღაცნაირად.
ძალიან არასერიოზული გამოვა, რასაც ვიტყვი, მაგრამ თვითონ სახელწოდება მომწონს: მაყვალი :ლოლ: ხო საყვარლად ჟღერს?
პრინციპში, რაში მჭირდება, ალბათ არასოდეს ვიყიდი, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ვარ ისეთი ადამიანი, ბლექბერებსა და აიფონებზე რომ ფეთდება.
NEIN! არ მომწონს.
ისევ მურაბა მირჩევნია.

UPDATE: ჩემი კიდევ ერთი guest პოსტი, ამჯერად, ბაბისას ბლოგზე - you're gonna love BIG HOT MAMA!!!