Saturday, December 31, 2011

სანამ 28 წუთი დამრჩენია

28 წუთი დამრჩა იმისთვის, რომ 2011 წლის დეკემბრის ბოლო პოსტი დავწერო; გასული წელი გავიხსენო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გამოვყო.
28 წუთი არ მეყოფა.
უკვე 27 დამრჩა.

იანვარში ხმა დავკარგე და ის მამაკაცი, რომელსაც მოგვიანებით ცოლობაზე დავთანხმდი მილან კუნდერას შემდეგ, ღამე ტელეფონით ზღაპრებს მიკითხავდა.


თებერვალში იყო პრაღა.
გაზაფხულზე ამოყვინთვა მომინდა და 23 მარტს წყლის ზედაპირზე სხივები რომ დავინახე, გავბედე.

აპრილი აღარ მახსოვს.

მაისში ბევრი 25საათიანი დღე მქონდა.


თითქმის ივნისი და ივლისიც აღარ მახსოვს.

სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი...

ეს წელი ისე სწრაფად გავიდა, ხან მგონია, საერთოდ არ ყოფილა და ყველაფერი ის, რაც იყო, უბრალოდ მესიზმრებოდა. მხოლოდ ის არის ნამდვილი, რაც ახლაა ჩემს ცხოვრებაში და მანამდე რაც იყო, იმას თითქოს მხოლოდ ვწერდი და სიზმრებში ვნახულობდი.
ვიზრდები. სარკეში როცა ვიხედები, მაშინ ვხვდები და მნიშნელობა არა აქვს, რომელი წელი მოდის, აშკარაა, რომ სარკიდან ყოველდღე სხვა ადამიანი მიყურებს.

ჩემი ცხოვრება ყოველთვის ფილმი იყო, ხანაც წიგნი. ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ გადავწყვიტე, საყვარელ სცენარისტთან დაახლოება და მისი დახმარებით ჩემი ცხოვრების წერა. ჩვენი ახალი წელი კარგა ხანია, რაც დადგა და 2012 მხოლოდ კალენდრის ფურცლებს თუ შეცვლის. ცხოვრებასაც არაფერი ცვლის ადამიანების გარდა.
არასოდეს არაფერი შეიცვლება და სამყარო ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც არის. ან შეიცვლება ოდესმე, მაგრამ უმეტესობა მაინც ვერაფერს მიხვდება და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.

დავითი ამბობს თავის 30-ე ფსალმუნში (პერიფრაზს ვწერ): მხოლოდ სიცოცხლეს აქვს ფასი, რადგან თუ არ ვიქნები, ჩემი მტვერი ღმ–ერთს ვეღარ ადიდებს და ვერაფერს გააკეთებს დედამიწაზეო.

იცოცხლეთ, იცოცხლეთ, იცოცხლეთ!!!

Wednesday, December 28, 2011

ესეც წლევანდელი ხანუკა


გუშინ საღამოს უკვე 9 სანთელი ავანთეთ. ხანუკის ბოლო საღამო იყო.
ყველაფერი, რაც მთავრდება, რაღაცნაირად სევდისმომგვრელია.

მაგალითად, ბავშვობაში ახალ წელს რომ ელოდებოდი უკვე სექტემბრიდან, დარეკა 12–მა, გოზინაყიც გასინჯე, დეიდის გამომცხვარი სასწაული ნამცხვრებიც და ახალი წელიც დამთავრდა. ლოგიკურად, კი არ დამთავრდა, დაიწყო, მაგრამ მოლოდინი ხომ დასრულდა.

იმის თქმა მინდა, გუშინ ხანუკის ყველა სანთელი რომ ავანთეთ, რაღაცნაირად გული დაგვწყდა. იცით, როგორ მიყვარს დღესასწაულები, მაგრამ ხანუკა ყველაზე განსაკუთრებულად, ალბათ სინათლისა და სასწაულების პერიოდია და იმიტომ. ოღონდ წარმოსახვითი სასწაულების არა, მზის სხივი მხიარულ ჩრდილს რომ დატოვებს შენს კედელზე და სასწაულად ჩათვლი; არა, ნამდვილი სასწაულების, მაგალითად, უკვე რომ აღარ ელოდებოდი, იმას დაგიბრუნებენ, ან სტიპენდიას დაგირიცხავენ ზუსტად მაშინ და იმდენს, რამდენიც იმ დღეს გჭირდებოდა...
რას ვიზამ, გავიზარდე და ჩემმა სასწაულებმა უფრო მატერიალური სახე შეიძინა.

ამ თვეში ჩემი ბლოგის მკითხველების უმეტესობას, გუგლიდან შემოსული ადამიანები შეადგენდნენ, რომლებიც ხანუკაზე ეძებდნენ ინფორმაციას და იმედია, იპოვეს კიდეც. წინა წლებში საკმაოდ ინფორმაციული პოსტები მაქვს დაწერილი.

თუმცა წლევანდელი დღესასწაული მაინც განსაკუთრებული იყო: ჩვენი პირველი ხანუკა ერთად. ამ ხანუკის პარასკევს ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა და ჩემი ქმრის ბებიისგან ქარვის ყელსაბამი მივიღე საჩუქრად. ქარვა ჩემი სულის ქვაა, ვინც იცის.
საერთოდ, ხანუკაზე საჩუქრებს იშვიათად ჩუქნიან, ეს უფრო საშობაო ტრადიციაა.
ხანუკა 8 დღეს გრძელდება და როგორც ადრე ვწერდი, ყოველდღე თითო სანთელი ემატება (საერთოდ, "ხანუკიაში", იგივე შანდალი, ცხრა სასანთლეა, ამაღლებულ ადგილას მდგარი სანთლიდან სხვა სანთლები ინთება და თავად ეს სანთელი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვისაა). ბოლო დღე ყველაზე ლამაზი გამოდის, ყველა სანთელი რომ ანთია, თან ფანჯარასთან დგას და ულამაზეს სინათლეებად იღვრება.

ხანუკის პირველ დღეს ხილფაფიანი (ხო ყველა სხვა სიტყვას ეს ჯობია, ჯემი იქნება, კონფიტური თუ "პავიდლო"?) ფუნთუშები გვქონდა, ესეც ტრადიციის ნაწილია. იმავე საღამოს 15 ფუნთუშიდან 5 დარჩა და სიხარულით ცას ვეწიე, რადგან ამ რეცეპტის მოსაძებნად რამდენიმე დღე დამჭირდა. ხანუკაზე კიდევ კარტოფილის ალადიებს აკეთებენ, მაგრამ იმდენად ცხიმში გაჭყიპჭყიპებული რამეა, მე როგორც ჯანსაღი საკვებისა და მწვანილეულობის მოყვარული ადამიანი, ასეთ ალადიებს არ ვცნობ. ცხიმიანი ფუნთუშებიც საკმარისი იყო. ცხოვრებაში პირველად გავაკეთე და დიდხანს გაოცებას ვერ ვმალავდი, როცა ნახევარი ბოთლი ზეთის ჩასხმა მომიწია ტაფაში.

ესეც წლევანდელი ხანუკა, 5772 წელი, ებრაული კალენდრის მიხედვით. ჩვენი სასანთლე ერთი წლით შევინახეთ, ფუნთუშებიც, მეეჭვება, ახლო მომავალში გამოვაცხო. ერთადერთი, მინდა მჯეროდეს, სასწაულები გაგრძელდება – მატერიალურიც და წამოსახვითიც, ისე რომ ხანუკიაში მუდამ ვასხამდეთ ქარვისფერ ზეთს და მზემაც ხშირად დატოვოს ოქროსფერი სხივები ჩვენს სახლში!!!
!!!אמן

Wednesday, December 21, 2011

УЖАСАЮЩАЯ ФАМИЛЬЯРНОСТЬ


ეზრა ყოველთვის იღიმება, თუმცა ხომ ვიცი, მასაც ნერვებს უშლიან ადამიანები. მასაც აქვს ისეთი პერიოდი ცხოვრებაში, როცა ბუზღუნებს, თმის დავარცხნა ეზარება და მეუბნება, რომ ყველაფერი აბსურდია. მე პასუხად ვუღიმი და მაიაკოვსკის ლექსებს ვაკითხებ; იცოდეს, რომ მარტო არ არის:
"Причесываться? Зачем же?!
На время не стоит труда,
а вечно причесанным
быть невозможно."

მეუბნებიან, რომ მაიაკოვსკი ის პოეტი არ არის, რომელიც ქალმა შეიძლება წაიკითხოს და მოეწონოს. ამასაც ვუამბობ ეზრას. ის თავის საყვარელ ლექსს მიკითხავს და მარწმუნებს, რომ ღრუბლები კაბაშიც უნახავს.
"У меня в душе ни одного седого волоса,
и старческой нежности нет в ней!
Мир огромив мощью голоса,
иду красивый,
двадцатидвухлетний."

მე ისევ მეშინია უმადური ადამიანების და მერე საკუთარი თავის.
გერმანიისაც მეშინია.
ეზრა დილამდე იჯდებოდა და ლექსებს წაიკითხავდა, მერე საუზმესაც მოინდომებდა და მე ამ დროს ნერვები უკვე აღარ მეყოფოდა. ამიტომ დასაძინებლად მიდის და ესპანურ სიმღერას ვუსმენ.
"Где я?
В Ялте или в Туле?
Я в Москве
или в Казани?
Разберешься?-
Черта в стуле!
не езда, а - наказанье,
Каждый дюйм
бытия земного
профамилиен
и разыменован,
В голове
от имен
такая каша!
Как общий котел пехотного полка."

წიგნებიც შემძულდა და მეზარება კითხვა. მხოლოდ რუსული პოეზია.
ხანდახან ესპანურსაც ვკითხულობ და ბოლომდე არაფერი მესმის, მაგრამ მგონია, რომ ვგრძნობ და ამიტომ ვკითხულობ და ვკითხულობ. ადრე ასე პრაღა მიყვარდა, შეიძლება ახლაც მიყვარს, მაგრამ ნელ–ნელა მავიწყდება.
ხშირად მავიწყდება რაღაცები, მერე უცებ მომაგონდება და მწყინს, რომ დამავიწყდა; ხან ის მწყინს, რომ საერთოდ გამახსენდა და ისევ თავიდან.

უცნაური ოთხშაბათი გამომივიდა დღეს. სულ არ ვაპირებდი დასევდიანებას და ეზრასთან მაიაკოვსკიზე საუბარს. უბრალოდ, ადამიანებმა გამაბრაზეს.

Wednesday, December 14, 2011

თურმე confectioners sugar რა ყოფილა


სახლში ყოველთვის უნდა იყოს რამე სასუსნავი, განსაკუთრებით ზამთარში. სიცივიდან რომ მოხვალ თბილ სახლში, სამზარეულოში შეხვალ და საყვარელ კარადას გამოაღებ, სადაც იცი, შოკოლადები და ვაფლები გელოდება. ან კიდევ მეორე კარადას გამოაღებ და იქ შენი გამომცხვარი შოკოლადის "პეჩენიები" აწყვია და ერთი სული გაქვს, ხელები დაიბანო, სწრაფად ისადილო და მერე აბსოლუტურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სასუსნავი გასინჯო.

ასეთია ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა შუადღისას სკოლიდან დაღლილი ვბრუნდები, ზოგჯერ სადილი მზად არ არის და სახელდახელოდ მიწევს რაღაცების მოფიქრება.
სადილის მერე ტკბილეულს და ჩაის მივირთმევ და ზოგჯერ ფიქრიც მავიწყდება.

დღეს ისეთი დღე იყო, რომ გუშინდელი სპაგეტი მაცივარში მელოდებოდა ძალიან გემრიელი სოუსით (ადვილად მზადდება: ზეთში მოხრაკავ ერთ საშუალო ზომის ხახვს და ერთ კბილ ნიორს, დაუმატებ ორ რბილ პომიდორს, მანამდე გაფცქვნილსა და წვრილად დაჭრილს, ასევე ჩაყრი წვრილად დაჭრილ ნახევარ ბულგარულ წიწაკას, 10–15 წუთს აჩერებ ქურაზე და პერიოდულად ხის კოვზით ურევ, ბოლოს უმატებ სუნელებს, პილპილსა და მარილს გემოვნებით; პიკანტურობისთვის, ერთი სუფრის კოვზი კეჩუპის დამატებაც შეიძლება. ამ შემადგენლობით, სოუსი სამ თეფშზეა გათვალისწინებული, შესაბამისად, მეტი პროდუქტი დაგჭირდება, თუ დიდი ოჯახისთვის გინდა გემრიელი სპაგეტის მომზადება. მაკარონი: ადუღებულ წყალში ერთ სუფრის კოვზი მარილი, შემდეგ უკვე მაკარონი. სპაგეტის არავითარ შემთხვევაში არ ამტვრევ, თუ გსურს, კლასიკური იყოს. უბრალოდ ჩაყრი ქვაბში, როგორც ჩაეტევა. ხარშვას დაიწყებს თუ არა, ჰაერზე დარჩენილი ნახევარი თავისით ჩასრიალდება. მერე გადაწურავ და ცივ წყალს დაასხამ. ქვაბს გააცხელებ და მოხარშულ მაკარონს უკან დააბრუნებ, სადაც მანამდე ზეთი გააცხელე. ესეც პასტა). მოკლედ, ასე ვისადილე დღეს და კარადაში ნახევარი პაკეტი პარვე ვაფლი ვიპოვე (პარვე ნიშნავს ე.წ. "ნეიტრალურს", რომელიც რძის პროდუქტებს არ შეიცავს, შესაბამისად ხორციანი სადილის შემდეგ თავისუფლად მივირთმევთ). რაც უნდა გემრიელი იყოს მაღაზიაში ნაყიდი სასუსნავი, სახლში გამომცხვარს მაინც არაფერი ჯობია და ამიტომ საღამოს "ზებრა "პეჩენიების"" გამოცხობა გადავწყვიტე, რომლის რეცეპტიც ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მომცა. ეს ის მეგობარია, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, იურისტია და მსოფლიოში ყველაზე სასწაული ტკბილეულის მცხობელი 25 წლის ასაკში.

რადგანაც ცომი 1–2 საათს მაცივარში უნდა იყოს, ახლა ვზივარ და ველოდები. რეცეპტსაც გეტყვით და სურათსაც განახებთ, თუ კარგი გამომივიდა ან ხვალამდე თუ რამე დაგვრჩა და სურათის გადაღება მოვასწარი. ამ მოლოდინში იმის მოძებნას ვცდილობდი confectioners sugar რას ნიშნავს და ისეთ ბლოგებს გადავაწყდი, გაოცებას ვერ ვმალავ. როგორ, როგორ, როგორ გამოსდის ხალხს ასეთი სასწაული რაღაცები?

Link

Monday, December 12, 2011

წითლები


წითელი კაშნე და ჭრელი "სამუხლეები" მოვიქსოვე. ოთხი ცალი ჩხირი ვერსად მოვნახე, რომ წინდები მომექსოვა. ეს სამუხლეები ჩემს საზამთრო ფეხსაცმელებს უხდება, მუხლებიც თბილად მექნება და თან სასაცილოდაც გამოვიყურები. ძაფებს ევრო–შოპში ვყიდულობ ან სხვადასხვა დიდ სუპერმარკეტებში ვპოულობ იაფად. სპეციალურ მაღაზიებში, სადაც ჩხირები და ძაფები იყიდება, ყველაფერი ძალიან ძვირია.

ერთ შაბათს ჩემი ქმრის მშობლებთან დავრჩით. შაბათი უკვე ძალიან ადრე მთავრდება და საღამოს 6 საათზე მაღაზიებში გავლა გადავწყვიტეთ. სასწაულქუსლიანი წითელი ფეხსაცმელები ვნახე ძალიან იაფად და ვიყიდე. არ შეიძლებოდა, არ მეყიდა. ჩემს ქმარს მოსწონს, მაგრამ ეშინია, ფეხი არ გამისხლტეს და ამ ქუსლებიდან არ გადმოვვარდე. მეც შევპირდი, რომ გაზაფხულამდე არ ჩავიცვამ. არადა, მინდოდა შაბათს სადმე სტუმრად რომ წავიდოდით, იქ ჩამეცვა.

მოკლედ, მქონდა წითელი კაშნე, წითელი ფეხსაცმელები და მერე ჩემი ქმრის დედამ "საიდანღაც" ძალიან ლამაზი წითელი ჩანთუკა გამოიტანა და მაჩუქა.

ესე იგი, მაქვს ყველაფერი წითელი.


გადის ერთი კვირა და აღმოვაჩინე, რომ წითელი აღარ მომწონს. კაშნე გარდერობში შევკიდე, ფეხსაცმელებიც ყუთში ჩავაწყე და ჩანთაც შევინახე.

სუპერმარკეტებში ფქვილი გაძვირდა მთელი 15 ცენტით. რამდენადაც ჩვენს ოჯახში ბევრი ფქვილი იხარჯება, ეს 15 ცენტი ძალიან შესამჩნევია. სამაგიეროდ 1,5%–იანმა რძემ დაიკლო 3 ცენტით; ჩვენთან ასევე ბევრი რძე ისმევა და ამიტომ ეს სამი ცენტიც მახარებს. უცნაურია ეს ოჯახური ცხოვრება, ყველა პროდუქტის ფასი რომ ზეპირად იცი, რამდენიმე სუპერმარკეტიდან პროდუქტები გაქვს არჩეული და შესაბამისად განაგებ შენს ბიუჯეტს.

წითელი შეიძლება ისე აღარ მომწონს, როგორც რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ახლა შევხედე ჩემი სკოლის ნაჭრის ჩანთას და წითელია, კალამი – წითელსა და თეთრ ფერებში, წყლის ბოთლის ეტიკეტიც წითელი. დრიუსაც წითლები აცვია ამ ფოტოზე და მე კიდევ ერთი მიზეზი მაქვს (თუნდაც არ მქონდეს), გავიღიმო და ორშაბათს დავემშვიდობო.

Sunday, December 11, 2011

მკვდარი კვირადღეები


მართალია "მსოფლიოს ცენტრებში" უკვე საშობაო მზადება დაიწყო, მაღაზიებიც თეთრმა და წითელმა ფერმა მოიცვა, მე ჯერჯერობით მშვიდად დავდივარ ჩემს სკოლაში და როცა დრო მაქვს, ბლოგებს ვკითხულობ. ისეთი პოსტები მწყურია, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრებენ, მოჰყვებიან ყველაზე ყოველდღიურ ამბებს, როგორი ომლეტი ჰქონდათ საუზმეზე და რამდენი წუთით დააგვიანა ავტობუსმა.
დიდი ხანია აღარ წამიკითხავს ისეთი სასიამოვნო პოსტები, დივანზე რომ მოკალათდები, თაფლიან რძეს მოიდგამ გვერდით და თვალებგაფართოებული მიაცქერდები ეკრანს, ხანაც გაგეღიმება და ფანჯრიდან დაიწყებ ყურებას, ფიქრი აგეშლება იმაზე, რაც ორიოდე წუთის წინ წაიკითხე და სასიამოვნო განწყობა მოგიცავს.

წინა კვირას ნანამ ძალიან საინტერესო პოსტი მანახა. ეს ქალი ისე თბილად, საინტერესოდ და გონებამახვილურად წერს, ვერასოდეს გამოიცნობ მის ნამდვილ პროფესიას, მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმეში ძალიან ჩაფლული ადამიანი ჩანს. წერს თავის ქმარზე, შვილებზე, დილით ალადიებს რომ უკეთებს, სამსახურზე და ადამიანებზე, ვისთან ერთადაც მუშაობს; ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ, იმაზე, რაც აწუხებს, საზოგადო პრობლემებზე, რაც ხშირად ხვდება.
ნანამ იმით მიმიზიდა ამ პოსტის წასაკითხად, რომ დამიწერა, ამ დღიურებს როცა ვკითხულობდი, შენი ბლოგი გამახსენდაო და ადამიანებს კიდევ საკუთარ თავზე მეტად სხვა ვინ მოგვწონს? შესაბამისად, ყველა ბლოგერს ხომ შვილივით გვიყვარს ჩვენი ბლოგები და ის ადამიანები კიდევ უფრო მეტად, ვისაც ჩვენი "შვილები" უყვარს და ახსენდება.

ამ დღიურების წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი იმაზე, მე როგორი დედა ვიქნები და ჩემი გაკეთებული ალადიები თუ ეყვარებათ ჩემს შვილებს; რა იქნება ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტული, რითი ვიქნები დაკავებული 5–10 წელში? ისევ მექნება თუ არა "ჩემი" sunny ღიმილი, რომელიც მე თვითონაც ხშირად მამხიარულებს და სიძნელეებს მავიწყებს...

ეს პოსტი მილიონი წლის წინ დავიწყე, მგონი და დღესღა მოვიფიქრე გამოქვეყნება, ამიტომ სასწაულად ალოგიკურია დასასრულისა და დასაწყისის ერთ პოსტში მოქცევა.
თავიდან თაფლიანი რძით ვიწყებდი და დღეს კვირამ ისე შემაწუხა, ამავე პოსტში მოვაქციე და გამოვაქვეყნე.
საშინელებაა.

სინამდვილეში გერმანია დიდად არანაირი დღესასწაულისთვის ემზადება. უბრალოდ, ყველა ლუდით გამოთვრება, მერე ბოთლებს ფერების მიხედვით გადაარჩევენ სანაგვე კონტეინერებში და ისევ ისეთი გაყინული სახეებით ივლიან, როგორც სიფხიზლეში. ზოგჯერ წესრიგმა და კანონმორჩილებამ შეიძლება შეგშალოს ადამიანი და მოგინდეს, მთელი ერის შენჯღრევა და ცოტა სიცოცხლის "შთაბერვა". Why do I care anyway?..

მიხარია, კვირადღე მთავრდება და ახალი კვირა იწყება.
სასწაულად მკვდარი კვირადღეებია გერმანიაში.

Wednesday, December 7, 2011

დეკემბრის პირველ ოთხშაბათს


დღეს, ნომერ 11 ტრამვაიში მჯდომმა დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს დაისვენებ ადამიანი. გგონია, რომ ეს სიძნელე გადალახე და უცებ, მეორე, ამაზე კიდევ უფრო რთული წინ გადაგეღობება. მერე მესამე, მეოთხე და როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, ვისაც ჰგონია, ამქვეყნად დასასვენებლად მოვიდა, ძალიან ცდება, აქ მხოლოდ მუშაობა და მუშაობააო.
უცნაურია, ადამიანს, რომელიც მუდამ ბევრი მუშაობის წინააღმდეგი იყო, მსოფლიოში ყველაზე "მომუშავე" დედა და ქმარი მოუვლინა ღმ–ერთმა.

ტრამვაით იშვიათად მიწევს მგზავრობა, მაგრამ დღეს ბილეთები აღმოვაჩინე საფულეში, თან ის თევზი გვჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ "დიდ სუპერმარკეტშია". სულ სამი გაჩერებაა ჩვენიდან და ფიქრისთვის ძალიან დიდი დროც არ მქონია, მაგრამ ამ პოსტის პირველი აბზაცი მაინც სწორედ იქ ჩამოვაყალიბე.

ჩემი ეს პოსტი თუ წაიკითხეთ, გეცოდინებათ, რითიც ვარ ახლა დაკავებული. რამდენადაც საინტერესოა განსხვავებული კულტურის ადამიანების გაცნობა და ურთიერთობა, სახლში ზოგჯერ იმდენად სევდიანი ვბრუნდები, არ ვიცი, რა გავაკეთო. წარმოვიდგენ, თითოეული ადამიანის ცხოვრებას, მიზეზს, რის გამოც დატოვეს სამშობლო და გაყინულ ქვეყანაში წამოვიდნენ, მერე გადავხედავ ხოლმე და მინდა, გავიგო, მათაც თუ იპყრობს ჩემნაირი სევდა. მერე თავს ვარწმუნებ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და თუნდაც მე ვერ ვხვდებოდე, თავისი ლოგიკური ახსნაც მოჰყვება.
ლოგიკური თუ არა, ისე ახსნა მაინც.

უკვე 7 დეკემბერია. ცივა, წვიმს და დილიდან უკვე საღამოს ჰგავს. წელს ხანუკა თვის ბოლოს მოდის, მე კი ჯერ ფუნთუშების გამოცხობა არ ვიცი. სამაგიეროდ, დილაობით ხაჭოს ფუნთუშებს ვატან ჩემს ქმარს სამსახურში, მე კარაქიან პურს ვჭამ და თბილ რძეს ვსვამ; ამ დროს გარეთ ჯერ ისევ ბნელა, მე ბინაში დავხეტიალობ და მგონია, სამყაროში მხოლოდ მე მღვიძავს და რაღაცნაირად მიხარია. სულელური აზრია, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ გღვიძავს და მიუხედავად იმისა, თავიდან თბილი ლოგინიდან ადგომა რომ არ გინდა, მერე კმაყოფილი და ბევრად ენერგიული ხარ, ვიდრე 12 საათამდე რომ დაგეძინა და სითბოც უკვე მოგბეზრდებოდა.
ხო ვამბობ, არსებობს ცხოვრებაში ლოგიკური რაღაცები.