Thursday, January 27, 2011

ჩემი ყვითელი ბურთი – იანვრის ბოლო კვირა


არ ვიცი, ჩემი საყვარელი ხუთშაბათის ბრალია თუ დაბრუნებული (ჯერ ისევ ჩახლეჩილი) ხმის, მაგრამ კარგ განწყობაზე ვარ, გიჟურ სიმღერებს ვუსმენ და მგონია, მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს.

დილას თოვდა, ახლა სასწაულად გამოანათა მზემ და მე მჯერა, ჩემთვის გადადგა ეს ნაბიჯი, გადალახა ჩრდილოეთის ღრუბლები მრგვალმა, ყვითელმა ბურთმა და ჩემს ფანჯარას მოადგა.

ბაბისამ მაჩუქა დრიუს ეს სურათი, ზემოთ, და ჩემი კვირის პროფილის ფოტო გახდა. ისე კარგად გამომხატავს, ვერ წარმოიდგენთ. ლამის თმა შევიჭრა, გადავიღებო და ველად გავიჭრა. ოღონდ რომელ ველად, არ ვიცი, ჯერ ისევ ძალიან ცივა საამისოდ.

"Женщина не врет никогда - она просто не помнит, что говорила минуту назад" – ეს ფრაზა, პირდაპირ, ჩემზეა ზედგამოჭრილი. იქით სულ სხვა განწყობით დავწერე და ლამის გულიც ამომვარდა და ახლა კიდევ მეცინება, მეცეკვება...

გახსოვთ, საქართველოში როცა ვცხოვრობდი, შაბათებსა და დღესასწაულებს უმეტესად მთავარი რაბინის სახლში ვატარებდი? როზენბლატები დღემდე ჩემს უსაყვარლეს ადამიანებად და მეგობრებად რჩებიან, მიუხედავად სიშორისა. რამდენიმე დღის წინ ტყუპები შეეძინათ ვადაზე ადრე, ახლა ინკუბატორში არიან და საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაში. დღეს მეგობარმა მითხრა, უკეთ არიანო, მერე ჩემმა დეიდაშვილმაც დამამშვიდა, რომ დღესდღეობით იმდენად საშიში არ არის ვადაზე ადრე მშობიარობა და ბავშვები კარგად გაიზრდებიან. ამანაც იმოქმედა ჩემს განწყობაზე ალბათ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავენ ეს ბავშვები თავიანთი მშობლებისთვის. მე ვინ ვარ, საერთოდ, მაგრამ მთელი ჩემი გული და სულია იმ პატარა არსებებთან, ჯერ რომ თბილად უნდა მსხდარიყვნენ დედის მუცელში და უცებ გადაწყვიტეს ქვეყანა ენახათ. არ ვიცი, რა იქნება და ისევ გრძელდება ჩემი წინა პოსტის pathétique: "რა იჭერს ამ სამყაროს, ღმ–ერთო, თუ მივხვდებით ოდესმე".

იანვრის ბოლო კვირაა და კარგი ხუთშაბათი საღამო გქონდეთ. ისეთი, რომ დაჯდები (ან ადგები) და იტყვი, ბედნიერი ვარ, ვინც ვარ და სადაც ვარო.

Wednesday, January 26, 2011

ოჰ, »Pathétique«

Berlin Philharmonic Hall

ერთობ კულტურულად დატვირთული კვირა მაქვს. წინა პოსტში დავწერე, გამოფენაზე რომ ვიყავი. გუშინ, ჩვენი (ქვეყნის არა, კომპანიის) პრეზიდენტის ცოლმა ბილეთები გვაჩუქა მე და ერთ გოგოს. თან რა ბილეთები: ბერლინის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე დასასწრები. რამდენი ხანია ასეთ კულტურულ ფორუმზე არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხმა ისევ არ მაქვს, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო გუშინ და ერთი სულით ველოდებოდი საღამოს მოსვლას.

Potsdamer Platz

ბერლინის ფილარმონიული დარბაზი უზარმაზარია, ძალიან ლამაზი, რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და დასავლეთ ბერლინში მდებარეობს; შესაბამისად ძალიან განსხვავდება აღმოსავლეთისგან. Potsdamer Platz ჰქვია იმ ადგილს და გარშემო სულ კონგლომერატების შენობებია აღმართული: მერსედესი, სასტუმრო კარლტონ რიცი (თუ რიც კარლტონი), ჰაიატი, სონი, ლეგო... სრული კაპიტალიზმის ზეობაა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, როცა ასეთ კონცერტზე მიდიხარ და უკვე წინასწარ წარმოგიდგენია ვიოლინოების, ჩელოების, ალტების, ფორტეპიანოს, ტრომბონების სამყარო.

პირველი ნაწილი პიანისტ ეფიმ ბრონფმანს მიჰყავდა ორკესტრთან ერთად, ბელა ბარტოკის Piano Concerto No. 2 შეასრულეს. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მქონდა მოსმენილი ამ კომპოზიტორის ნაწარმოებები. ვერ ვიტყვი, რომ გამაოგნა, მით უმეტეს, როცა მეორე ნაწილში ჩაიკოვსკი მელოდებოდა. ჰოლივუდის საომარ ფილმებში მეგონა თავი და შეიძლება, ამიტომაც, ვერ შთამაგონა იმდენად. თუმცა პიანისტი სასწაული იყო და ორკესტრიც.
ვინც გამაოცა, ეს დირიჟორი იყო, დანიელ ბარენბოიმი. სასწაულად გრძნობდა თითოეულ ინსტრუმენტს, ყოველ პატარა ნოტს, ყველა მოძრაობას. მეორე აქტში, პიანისტის წასვლის შემდეგ, ორკესტრს რამდენიმე ადამიანი დაემატა და დირიჟორი კარგად გამოჩნდა, რამდენიმე მომენტზე ცრემლები ვერ შევიკავე. ჩაიკოვსკის Symphony No. 6 in B minor »Pathétique« შეასრულეს. არ ვიცი, მოგისმენიათ თუ არა, თუნდაც მოსმენილი გქონდეთ, სრულიად განსხვავდება ცოცხალი შესრულებისგან, როცა უზარმაზარი ორკესტრი უკრავს და გავიწყდება, სად ხარ, ვინ ხარ, თავზე ხელს ისვამ, რომ დარწმუნდე, ისევ აქ ხარ თუ ჰაერში გაიფანტე.
მეგონა, გული ამომიხტებოდა, როცა ვიოლინოები და ალტები "შემოდიოდნენ"; ერთი შავთმიანი ქალი უკრავდა ალტზე სასწაულად, თმა და თვალები ერთნაირად უელავდა. ყველანაირი განცდა, რაც სამყაროში არსებობს, იმ დარბაზში იყო თავმოყრილი. როცა დაკვრა დაასრულეს, მთელი დარბაზი დუმდა, მერე სასწაული ოვაცია შეაგებეს და ვიგრძენი, ყველამ ერთად ამოისუნთქა, მთელი ორი საათის განმავლობაში რომ შეკრული ჰქონდათ. სასწაული იყო.

კონცერტის შემდეგ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რა არის ჭეშმარიტება. რას ვეძებთ ადამიანები, რატომ მოქმედებს ჩვენზე მუსიკა. მუსიკა კი არა, მთელი ემოციებია, მუშაობა და ადამიანების ძალისხმევა, რომლებიც ერთად მიდიან იმ სრულყოფილებამდე, რაც წუხელ აჩვენა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა. მერე იმაზე ვფიქრობდი, ვაითუ, ყველაფერი ამაოებაა, ეს მუსიკაც, ემოციებიც, ადამიანებიც და ყველაფერი, რაც ჩანს, ილუზიაა.
არ მინდოდა კონცერტის დასრულება. არ მინდოდა რეალობაში დაბრუნება. უკეთესად, არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ სასწაული სევდა ვიგრძენი. მთელი მსოფლიოს ისტორია მომაწვა ყელში, მონარქიითა და ნაციზმით დაწყებული, დაჩაგრული მუშათა კლასითა და ასევე დაბნეული ინტელიგენციით დამთავრებული.
რა იჭერს ამ სამყაროს, ღმ–ერთო, თუ მივხვდებით ოდესმე.

Monday, January 24, 2011

შე_ხმა_ტკბილებულნი


ხმა დავკარგე. აი ასე, ზოგი წითელპერანგა ბიჭს რომ კარგავს. ჰოდა, წუხელ ვიჯექი და სევდას ვეძლეოდი ამ სიმღერის ფონზე.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხმას ვერ ამოვიღებდი. მარტო ვჩურჩულებ და ვზივარ ასე, ანდერსენის ზღაპრის გმირივით, ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო და თავისი მოჯადოებული ძმებისთვის ჭინჭრის პერანგები მოექსოვა. როგორ იცის ისე, ხო? ადამიანს ყველაფერზე რომ ფილმები, წიგნები და სიმღერები გახსენდება და თავი გეცოდება, მერე გეცინება და იცი, ხვალ გაგივლის, ხმაც დაგიბრუნდება და მზეც გამოვა.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მომხდარა და თაფლიან რძეში ცურავ, ხომ უნდა ისევდიანო, სოფი Sunny Sarah გოლდენ.

გუშინ (ხმის დაკარგვამდე) გამოფენაზე ვიყავი, International Green Week ჰქვია და სინამდვილეში "ჭამა–სმის კვირა" უნდა ერქვას. მართალია ყვავილები და სხვადასხვა მცენარეები აქვთ "გამოფენილი", მაგრამ უმეტესად მაინც მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოს ჩვენებაა.
საქართველოსაც აქვს პატარა პავილიონი მიჩენილი, აზერბაიჯანის და სომხეთის გვერდით. ერთი ძალიან საყვარელი ქართველი "მეღვინე" გავიცანი, თავისი ნაცნობის ნომერიც კი ჩამაწერინა, kosher ღვინოები იმას აქვსო.
მაგრამ გულდასაწყვეტია, მარტო ის იყო ქართველი, დანარჩენი მეწარმეები ყაზახეთიდან იყვნენ, ქართულ ღვინოს წარმოადგენდნენ და ქართულად ვერც ლაპარაკობდნენ. თავიდან რომ მივედი და დავუწყე საუბარი, ერთერთს არ უნდოდა გამჟღავნება, რომ არ ესმოდა ქართული, მხოლოდ მიღიმოდა და თავს მიქნევდა, მერე ახლოს მოვიდა და ჩუმად მითხრა, ბოდიში, ჩვენ არ ვიცით ენა, ინვესტორები ვართო. ყაზახეთიდან ხართ–მეთქი და როგორ გამოიცანითო. თითქოს დიდი გამოცნობა უნდოდა, გარეგნობას რომ თავი დავანებოთ, დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა (და არა მხოლოდ) სხვა ვის უკავია.

ყველაზე ლამაზი და მასიური გამოფენა აქვს რუსეთს. გასაგებია, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ ხომ არიან სხვა დიდი ქვეყნებიც, რუსეთი მაინც სულ სხვაა, ყველაზე სივრცული პავილიონი აქვთ და პროდუქციაც ისე უწყვიათ, მაშინვე მიხვდები, სად ხარ. აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდათ გამოტანილი – ალკოჰოლი, წვენები, ტკბილეული, ხორცი...
ძალიან საკაიფო პავილიონი ჰქონდა უკრაინას, თან მხიარულ სიმღერებს უკრავდნენ და მონაწილე გოგო–ბიჭებიც სულ ცეკვა–ცეკვით დადიოდნენ (ეს კიდევ როგორ მოქმედებს ჩემზე, ხომ იცით). ამიტომ ყველაზე მაღალ ქულას მათ დავუწერდი, რომ შეიძლებოდეს, ყველანი იღიმებოდნენ და კალენდარიც კი მაჩუქეს, ერთ განყოფილებასთან რომ მივედი. ამათ გარდა, შვეიცარიაც მომეწონა. და კიდევ მაროკო – ულამაზესად ჰქონდათ გაფორმებული ყველაფერი: დეკორაციები, მუსიკა, სუნელები, საჭმელები და ყველას იქით მიუწევდა გული და ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდათ, მაინც ეგზოტიკაა ევროპისთვის.

კარგი კვირა დღე მქონდა და მაშინ რა ვიცოდი, თუ ღამე ასე შეიცვლებოდა და ორშაბათ დილას უკვე ვეღარ ვილაპარაკებდი. ვიღაცამ მითხრა, მწერალს რად უნდა ხმა, შენი იარაღი კალამიაო. ჰოდა, ვართ ახლა მე და ჩემი იარაღი ასე შე_ხმა_ტკბილებულნი. ვწერთ და ვწერთ.

Friday, January 21, 2011

მზე, გოგოები და ბიჭები


ჩემი საყვარელი პარასკევია, რაც შაბათის მოახლოებას ნიშნავს. წინა week end ლაიპციგში გავატარე, ახალგაზრდულმა თორა ცენტრმა შაბათონი მოაწყო და თანაორგანიზატორი ვიყავი.
ლაიპციგში ძალიან საკაიფო "სასტავია", როგორც ჩვენში იტყოდნენ. ახალგაზრდა და მხიარული რაბინები, გოგოები და ბიჭები მთელი გერმანიიდან, ყველანი ერთად ვართ, ვმღერით, ვსვამთ, ვიცინით სიგიჟემდე, ბოულინგზე დავდივართ და საკმაოდ განსხვავდება ბერლინისგან. ასეთი დღეების შემდეგ, ხომ იცით, რა ძნელია რუტინასთან დაბრუნება. ამიტომ დღეს პარასკევი რომ გათენდა და ფანჯრიდან გავიხედე, ისევ მომინდა ლაიპციგში. მაგრამ ახლა ჩვენ ვაწყობთ შაბათონს და სტუმრები აქ გვეწვევიან.

ამ კვირის ყველაზე შთამაგონებელი და სახალისო რა იყო, იცით? ზურ.გეს პოსტი :)))) ვინ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცა ასე ფიქრობს ჩემზე და ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, რომ გამირბის. პატარა ბავშვებმა იციან ასე სკოლაში, ბიჭები თმებს აწიწკნიან იმ გოგოებს, რომლებიც მოსწონთ. მადლობა, ზურა!!! Grab your binoculars - come on follow me, you know.
მერე მეტყვიან, ადამიანები ასე ძალიან რატომ გიყვარსო.

სამყარო ძალიან მაგარი რამეა და არ ვიცი, ღმ–ერთს როგორ შეიძლება საკმარისი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრის გამო, რასაც მაძლევს.

ბედნიერი შაბათ–კვირა გქონდეთ ყველას!!! ისიყვარულეთ, იგიჟეთ და იმ პერსპექტივიდან შეხედეთ ყველაფერს, საიდანაც მზე თვალებში გიჭყიტინებთ და სიცილისგან თავს ვერ იკავებთ.

Wednesday, January 19, 2011

ძველი ფილმი


მომენატრა ჩემი ბლოგი :) რა სიგიჟეა, მაგრამ ასე მეჩვენება, შორს ვარ წასული და წერილებს ვიწერები... ლოლ. მგონი, რაღაც მეშლება. ბლოგში სახლს ვგულისხმობ, ალბათ, ჩემს ნათესავებს, ბავშვობას და იმ ადგილებს, სადაც პატარაობაში დავდიოდი. მდინარეს, სადაც დაბადებიდან ვცურავდი, ადგილს, სადაც ველოსიპედის ტარება მასწავლა ჩემმა პატარა დეიდაშვილიშვილმა; მხლის ქადებს (ასეთი მხალია აღმოსავლეთში, მინდორში მოდის და სანამ ძალიან გაიზრდება, უნდა მოკრიფო, მოხარშო, ზეთით შეანელო და ცომში გამოაცხო. სასწაულად აგიხსენით), როგორსაც მარტო ჩემი უმცროსი დეიდა აცხობდა, ბავშვობის მეგობრები და MTV :))
ერთმა ახალმა მეგობარმა მითხრა, ბავშვობაზე იმიტომ გეფიქრება ალბათ, რომ რაღაც მომენტში მომავლის ცვლილებების გეშინია და მარტო იქ შეგიძლია გაქცევა – ბავშვობის უსაფრთხო და მშვიდ მოგონებებშიო. ჭკვიანი მეგობარი მყავს, ვერაფერს იტყვი.

ჰოდა, ვზივარ ეს რამდენიმე დღეა, ძველ სურათებს ვათვალიერებ, რაც კომპიუტერით წამომყვა და თვალებს რომ დავხუჭავ, თონის პურის სურნელის შეგრძნებაც არ მიჭირს. საქმე მართლა საჭმელში კი არ არის, უბრალოდ ადამიანი რომ იზრდები, იცვლები და ცხოვრებაც სხვანაირად მიდის, წარსული გახსენდება მთელი თავისი არომატებით.

სევდა არ მაწვება ოღონდ, მინდა გითხრათ. უბრალოდ, ძველი ფილმი რომ გაქვს ადრე ნანახი და მერე ღიმილით გახსენდება, ისე ვარ.

Spice up your life, right? :)

Thursday, January 13, 2011

Girls gotta have their favourite things

რაც უნდა სოციალისტი იყო და ჩაცმა დიდად არ გაღელვებდეს, როცა ახალგაზრდა ქალი ხარ (ვაფრენ ამ ცნებაზე :დ ), ადამიანებში ტრიალებ და ყოველ შაბათს დღესასწაული გაქვს, შესაბამისად, უნდა გქონდეს ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც. რაც უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და მნიშვნელობას არ ანიჭებდე გარეგნობას, ვერ გაექცევი იმას, რომ ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ: ყველა აქცევს ყურადღებას, როგორ აცვია სხვა ადამიანს, როგორი ვარცხნილობა აქვს და ამით რას გეუბნება.

იანვარში საკმაოდ კარგი ფასდაკლებებია მაღაზიებში. რა თქმა უნდა, არცერთი ბრენდი ისეთ ფასდაკლებას არ გაგიკეთებს, რომ შეხვიდე და დატვირთული გამოხვიდე, მაგრამ მეინსტრიმი მაღაზიები, როგორიცაა H&M, Zara, Mango, Orsay, New Yorker, ისე აიაფებენ საქონელს, რომ საკმაოდ მცირე თანხა თავისუფლად გყოფნის ნორმალური რაღაცების საყიდლად. ჩვენ აქ ვსაუბრობთ სოციალისტური გადახრების ადამიანებზე, ok, რომელსაც თავში სულ მშიერი ბავშვები უტრიალებს და მეტ ფულს ვერ დახარჯავს ძონძებზე. მერილ სტრიპი არ მიხსენოთ "პრადაში", იმპერიალისტური შეგონებები არ მოქმედებს ჩემზე :)

დრიუს ეს ფეხსაცმელი მომწონს. ვგიჟდები. მაგრამ ძაან მაღალი ქუსლი აქვს საჩემოდ.

ჩემს წლევანდელ შენაძენში სამი ბოლოკაბა, ოთხი ბლუზა და აქსესუარები შედის. ერთი ისეთი საყვარელი ბოლოკაბა ვიპოვე H&M–ში, ვიწრო, ოქროსფერი ხაზებით, ზუსტად ჩემი გოლდენ ხასიათის შესაბამისი. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით ვერ ვნახე, ფეხსაცმელებია. ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იქნება კლასიკური და ამავე დროს little funky, როგორიც ფოტოზე.


სავარაუდოდ, დასავლეთ ბერლინში მომიწევს წასვლა ფეხსაცმელების საძებნელად. დასავლეთში წასვლა კი იგივეა, რაც თბილისიდან მცხეთაში, ახლოსაა, მაგრამ მაინც მთელი დღე გჭირდება, მაღაზიები დაათვალიერო, იპოვო, რაც გინდა და მერე სახლში დაბრუნდე მეტროთი.

Oh, girls!!! :)

Tuesday, January 11, 2011

დები ჰარი და იბნ ეზრა – my controversy


ვითომ ყოველ ორშაბათს "შთამაგონებელი ადამიანების" ფოტოპოსტს ვგეგმავდი. გუშინ მოვიდა ორშაბათი და მივხვდი, რომ არ შემიძლია. სულ არ შთამაგონებენ ადამიანები და ფოტოები ორშაბათობით, არც სამშაბათობით. იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ოთხშაბათს გამახალისონ და ორშაბათამდე რატომ უნდა გადავდო? თანაც ჩემს ბლოგს არ ესმის ისეთი ცნებები, როგორიცაა აუცილებლობა და რუტინა: Free as a bird or as Sophie Golden, remember?

ბოლო დღეებია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დებორა ჰარის და ალინა ორლოვას ვუსმენ. ვგიჟდები წინააღმდეგობრიობებზე. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქის ქალები არიან, ამავე დროს, აურაც განსხვავებული აქვთ. დები დღისით, ალინა კი – ღამით ხდება ჩემი თანამგზავრი. დებორა მღერის, ამერიკის დედოფალი მინდა ვიყო და ის კაციც ხელში ჩავიგდოო; ალინამ კიდევ – ყველანი სევდიანი და უცნაური ემიგრანტები ვართ, თან ამ დროს ღრუბლებიც მიფრინავენ და მამას ტრიკოები მიაქვთო...

მანამდე აბრაჰამ იბნ ეზრას პოეზიას ვკითხულობდი და იქ ამბობს, როგორ შეიძლება სრულყოფილება მომთხოვოთ, როცა წინააღმდეგობებით სავსე ვარო. სასწაული კაცი იყო იბნ ეზრა, შოთა რუსთაველიც ახსენებს "ვეფხისტყაოსანში" და ჯერ კიდევ სკოლაში რომ ვსწავლობდი, ისე მიზიდავდა, ერთი სული მქონდა, მისი ფილოსოფია გამეგო. ალბათ, უფრო იმიტომ ვაიგივებ იბნ ეზრასთან ჩემს თავს, რომ რელიგიური იუდაისტი იყო, ამავე დროს ფილოსოფოსი, პოეტი და მათემატიკოსი, ანუ იმ ორ სამყაროს აერთიანებდა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სასწაულია, რამდენი რამე შეუძლია ადამიანს, თუ თავის პოტენციალს სწორად გამოიყენებს. მე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება მაქვს წინ, რომ ის გავაანალიზო, ჩემი პოტენციალი რაშია: სიყვარულობანას და სიგიჟეებს თუ არ ჩავთვლით :)

მხიარული და გიჟური სამშაბათი გქონდეთ!

Sunday, January 9, 2011

კეთილი დღე


რაღაცნაირი ასეთი დღეა, არა?
მოთენთილი კვირა. მთელი დღეა წვიმს ბერლინში. თოვლი სულ გადნა.

დილას ორი გაკვეთილი მქონდა.
მერე შოკოლადების რამდენიმე წამი. ჩემი დაბადების დღიდან შემორჩენილი მქონდა რამდენიმე კოლოფი. ისე მიყვარს, შოკოლადი როცა მაქვს სახლში. ასეთი "თეორია ჩამოვაყალიბე", ყოველთვის უნდა იყოს ტკბილეული სახლში.
ერთი რაბის ისტორიაა ასეთი, მთელ დღეს სწავლობდა/ასწავლიდა და საღამოს სახლში როცა მიდიოდა, სანამ შევიდოდა, ჯიბიდან ტკბილეულს ამოიღებდა და შეჭამდა. ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა, რატომ ჭამდა ტკბილეულს, როცა სახლში ცხელი ვახშამი ელოდა. რაბიმ უთხრა, მთელი დღე შიმშილი მის განწყობაზე მოქმედებდა და უნდოდა, როცა ცოლი კარს გაუღებდა, ღიმილით შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მაშინვე სამზარეულოში არ შევარდნილიყო სავახშმოდ. ხო, საყვარელი ისტორიაა? ყველა ადამიანი რომ ასე ფიქრობდეს, როცა სახლში მიდის, დედას/ცოლს ჩაეხუტოს, მოიკითხოს და სამზარეულოში არ გაიქცეს, რა გამიკეთე სადილადო.
ამიტომ, შოკოლადები ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს. ვისაც ტკბილეული არ უყვარს, ისეთი რამე მაინც, რაც ახალისებს და კარგ განწყობას უქმნის.

შოპენს ვუსმენ, სულაც არ არის მძიმე. ტკბილია. თან ჩემნაირი ფანტაზიის მქონე ადამიანი, ედრიენ ბროდის თითებს თუ წარმოიდგენს.
რა უცნაურია, თვეებია, ბროდი აღარ გამხსენებია. Wow! ნუთუ, "განვიკურნე"?

დღევანდელი დღის ყველაზე ნათელი წერტილი, მაინც, ეს წერილი იყო, რომელიც ერთი უსაყვარლესი გოგოსგან მივიღე. არ ვიცნობ, ბუნებრივია, ჩემს ბლოგს კითხულობს და თურმე, როგორ ღრმად ფიქრობს. აი, რა მომწერა: "შენი თარგმანები წავიკითხე, მეირ ლევინის... ძალიან დამაფიქრა. ერთ რამეს მივხვდი: სიკეთისთვის, ღირსებისთვის და ზნეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს, წარმომავლობას, ეროვნებას და არც რელიგიას. მადლობა თარგმანისთვის, თუმცა ორიგინალიც ძალიან მაინტერესებს".
მე გავოცდი, თქვენი არ ვიცი. 21–ე საუკუნის მსოფლიოში, ადამიანი რომ სიკეთეს, ღირსებას და ზნეობას ახსენებს, ცნებებს თავი რომ დავანებოთ; მეგონა, დღეს კაციშვილი ამ სიტყვებს აღარ იყენებდა და უცებ, 1992 წელს დაბადებული გოგო რომ მოგწერს, ხვდები, სამყარო არასოდეს "დაიკარგება".
მადლობა ყველაფრისთვის, ღმ–ერთო!!! მადლობა, ანა, წერილისთვის.

ბედნიერი და კეთილი ახალი კვირა გქონდეთ!!!

Thursday, January 6, 2011

სპონტანური გასვლა – Lucy in the sky...

გუშინ ჰალეში ვიყავი. ჰალე, მდინარე სალეზე, პატარა ქალაქია აღმოსავლეთ გერმანიაში.
ავდექი და მეგობარს ვესტუმრე ერთი დღით. დილით 9 საათზე ჩავჯექი მატარებელში და 10–ზე უკვე იქ ვიყავი, საღამოს კი 8–ზე დავბრუნდი ბერლინში. ამინდიც ნორმალური დაემთხვა. გასაგებია, რომ –5 გრადუსი ყინვა იყო, მაგრამ მზე მაინც ანათებდა.

ისეთი სასიამოვნოა მატარებლით მგზავრობა, დრო გაქვს წიგნის წასაკითხად, ფანჯრიდან საყურებლად და ადამიანების დასათვალიერებლად. მართალია მე სწრაფი მატარებლით წავედი, თორემ უფრო მეტი დრო დამჭირდებოდა გზაში, სამაგიეროდ ქალაქში ვერაფრის ნახვას მოვასწრებდი, მეგობართან ნორმალურად საუბარსაც კი.

რამდენიმე მუზეუმის ნახვას ვგეგმავდით.
პირველი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ბითლზის მუზეუმი იყო. დიახ, ზუსტად იმ "ბითლზის", რომელიც არასოდეს ყოფილა ამ ქალაქში, მაგრამ ფანებმა მაინც გახსნეს მათი მუზეუმი.
სასწაულად ძველი შენობაა და კარებზე აბრა, ფრთხილად იყავით მოაჯირებთან და სხვადასხვა ნივთებთანო. შედიხარ და მაშინვე სხვანაირი სუნი დგას, 60–იანებიდან იწყება და 90–იანებით მთავრდება. მუზეუმის პერსონალი ახალგაზრდა და ძალიან მხიარული ბიჭებისგან შედგება, სულ ცეკვა–ცეკვით რომ დადიან და გიცინიან. უცებ წარმოვიდგინე, 60–იანები რომ ყოფილიყო, მარიხუანასაც შემოგვთავაზებდნენ.

80–იანების ოთახში ყველაზე დიდხანს დავრჩით. ერთი, რომ მათ უცნობ (ჩემთვის) სიმღერებს უკრავდნენ, მეორე, ლენონის და იოკოს ძალიან იშვიათი სურათები ჰქონდათ (სხვებისაც, მაგრამ მე, უბრალოდ, ამათ მიმიზიდეს). მგონი, ერთი საათი იმ ოთახში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი ფანჯრის რაფაზე და ვსაუბრობდით ამ ყველაზე ორიგინალურ წყვილზე, 60–70–იანებზე და დღევანდელობაზე; რამხელა გავლენა აქვს ჩვენზე მოხდენილი "ბითლზს". მერე ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ეს ყველაფერი, მაინც, დროებითია, გავა რამდენიმე ხანი, ამ შენობას დაანგრევენ და მუზეუმსაც დაივიწყებენ. მე კი ვუთხარი, რომ ალბათ ასეც იქნება, მაგრამ მერე სხვაგან გააკეთებენ ასეთივე მუზეუმს და უკეთესსაც კი, იმიტომ, რომ "ბითლზი" და ჯონი–იოკო არასოდეს, არასოდეს, დაავიწყდება სამყაროს.
მერე საკუთარ თავზე გამეცინა და მივხვდი, როგორ მყვარებია თურმე "ბითლზი", რამდენი რამე მცოდნია მათზე და მთელი ჩემი ცხოვრება მათი საუნდთრექებისგან შედგება.


ერთი ბეწო მუზეუმია და 3 საათი დავბორიალობდით. სხვა ორი მუზეუმი, რომლის ნახვაც გვინდოდა, გადავდეთ და უნივერსიტეტში წავედით, სადაც ჩემი მეგობარი სწავლობდა. ჰალეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველია, მე–17 საუკუნიდან, რუსი თავადები და პრინცები იქ ჩადიოდნენ სასწავლებლად. მე, როგორც, უნივერსიტეტების ფრიკს, ყველა უნივერსიტეტის ნახვა შთამაგონებს და მახარებს.
ამ უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი თან ისეთია, დადიხარ და თავი მე–17 საუკუნის მოაზროვნე გგონია. ახლა არდადეგებია, თითო–ოროლა სტუდენტი და ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ შეგხვდება. და სიჩუმე. სასწაული სიჩუმე, რომელსაც გინდა, დაჯდე და უსმინო.
ჩვენი "სამეფო" ლანჩიც უნივერსიტეტის ერთერთ აუდიტორიაში შედგა. კაფეში ჩვენ ვერ ვჭამდით, ამიტომ სახლიდან წამოღებული სასუსნავები გავიყავით და მთელი 4 საათი იქ გავატარეთ.

დარჩენილ დროში ძველი ქალაქი დავათვალიერე: წითელი კოშკი, ახალი ალტერნატიული თეატრი, კომპოზიტორ ჯორჯ ჰენდელის სახლი, იერუსალიმის მოედანი, სადაც "ბროლის ღამეს" სინაგოგა დაწვეს და ახლა მემორიალი დგას; სასტუმრო, ნაპოლეონი რომ ჩერდებოდა... ფოტოები არ გადამიღია, ამ ბოლო დროს მგონია, რომ დრო არ უნდა დავკარგო. ჩემზე კარგ სურათებს სხვები იღებენ და გუგლში ყველაფრის ნახვა შეიძლება, მე კიდევ – მხოლოდ შეგრძნებები მინდა შევაგროვო და შთაბეჭდილებები ადამიანების თუ ადგილების შესახებ.

Monday, January 3, 2011

Kim Novak Kim Novak



გადავწყვიტე, 2011 წლიდან, ყოველ ორშაბათს ასეთი პროექტი გავაკეთო, სადაც იმ ადამიანების ფოტოები იქნება, რომლებიც შთამაგონებენ და უამრავ ემოციას აღმიძრავენ.

დღეს კიმ ნოვაკის დღეა. ჰიჩკოკის ქერა ქალის, მკაცრი ნაკვთებით და კოსტიუმებით.



Sunday, January 2, 2011

Gotan Project

გავგიჟდი. ტანგოს გარდა აღარაფერი მახსოვს.
საშინელი იმპერიალისტური ცეკვაა და ყველაფერი, მაგრამ მაინც მომწონს. So sensual. ეს "Gotan Project" ხომ, საერთოდ, სასწაულ კომპოზიციებს ქმნიან.