დილას, ჩემი ქმარი რომ სამსახურში გავაცილე და მე ისევ თბილ ლოგინს მივუბრუნდი, ზუსტად მაშინ დაიწყეს ჩვენს ქუჩაზე "ზეპელინებმა" რახრახი და სავარაუდოდ, კანალიზაციის შეკეთება. ნელ–ნელა სინათლეც შემოვიდა ფანჯრიდან და რაც უნდა მაგრად დამეხუჭა თვალები, ვეღარ დავიძინე.
მანამდე, ძალიან ადრე გამეღვიძა იმის გამო, რომ თავში ათასგვარი ფიქრი მქონდა არეული და ჩემს თავს ვუთხარი, ან რამდენიმე პოსტს დაწერ, ან ერთში აურევ ყველაფერს და მოუყვები შენს მეგობრებს, რაზე გეფიქრება–მეთქი. ახლა, როცა უკვე წამოვხტი და კომპიუტერი ჩავრთე, უკვე აღარ ვიცი, დავწერო, თუ არ ღირს. იქნებ, დავხურო და ძილის გაგრძელება ვცადო კიდევ ერთი საათით, სანამ სინდისი ქენჯნას დამიწყებს, რომ ავდგე და შაბათისთვის გამომცხვარი "ტარტალეტკებისთვის" კრემი გავთქვიფო (რა ლამაზი ზმნაა).
გუშინ ჩემმა 16 წლის მეგობარმა მითხრა, რებეკამ (იცნობთ უკვე წინა პოსტებიდან, ოსნაბრუკელი მოზარდი), ვამჩნევ, რომ ფეისბუქს ძალიან ცუდი გავლენა აქვს ჩემზე და ყველაზე უწყინარი ინფორმაციაც კი, ხშირად, თავში დიდხანს მრჩება, მერე მთელი დღეები ამაზე ვფიქრობ და გონების გაღიზიანებას ვგრძნობო.
მე თვითონ ინტერნეტს არასოდეს ვთვლიდი მავნე გამოგონებად, თუმცა რებეკას საკმაოდ დიდი ხნის წინ დავეთანხმე, როცა ჩემი
ფრენდების სიიდან ისეთი ადამიანები ამოვშალე ან "გადავმალე", რომლებიც 100–დან 99 აგრესიულ და უცენზუროსიტყვებიან ლინკებსა და სტატუსებს ავრცელებდნენ. იმიტომ არა, რომ მე ასეთი კონსერვატიული და პურიტანი ვარ, უბრალოდ, მივხვდი, მსგავსი ნევროტიკი ადამიანების გაზიარებული ინფორმაცია ჩემზე ცუდად მოქმედებდა. მოზარდი არ ვარ, რა თქმა უნდა, შემდეგ "ველად გავიჭრა", მაგრამ ჩვენი საწყალი აზროვნება ისედაც ბავშვობიდანაა გატენილი ნაგვით, რომელსაც ვეღარასოდეს ამოვშლით და ვიფიქრე, უკეთესია, თუ ყველაფერს დაუღეჭავად არ გადავყლაპავ.
განსაკუთრებული ნაგავი ისაა, ადამიანები სხვის ქორწილებზე, ან ბითურულ ინტერვიუებზე რომ იცინიან, სადაც ჩვეულებრივი, ადამიანები საკუთარ აზრს გამოთქვამენ და უბრალოდ, ისე ხდება, რომ ეს მათ
პროგრესულ შეხედულებას არ ემთხვევა.
როგორც წესი, ადამიანები სხვებს მაშინ დასცინიან, როცა საკუთარი შიშებისა და სხვისი აზრის მონები არიან.როცა ჟურნალისტიკას ვსწავლობდი (ჩემი ცხოვრების შეცდომა), მაშინ ენთუზიაზმით სავსე ვამბობდი, თუ არ მოგწონს, გადართე, ყველაზე მდაბიო მიდგომაა, ან მედიამ უნდა იზრუნოს და კარგი მასალა მიაწოდოს აუდიტორიას, ან თვითონ ადამიანმა მიიღოს ისეთი განათლება, რის შედეგადაც ეცოდინება და შეეძლება ინფორმაციის სწორად არჩევა და მიღება–მეთქი. ახლა ისევ "პირველყოფილ" იდეას დავუბრუნდი, თუ რაღაც არ მომწონს და ვგრძნობ, არასასიამოვნოდ მოქმედებს ჩემზე, ვშლი, ვრთავ და ვხვდები, ეს აზრები ერთმანეთს სულ არ ეწინააღმდეგება.
თურმე არჩევანის უფლება ნამდვილად მქონია და მედიას არც ისეთი ძლიერი გავლენის მოხდენა შეძლებია ჩემზე, როგორც მეგონა და განვიცდიდი.
ბერლინის მიდრაშაში როცა ვსწავლობდი, ერთი ძალიან ჭკვიანი ქალი გვასწავლიდა ფილოსოფიას და გვეუბნებოდა, რამდენადაც შეძლებთ, ეცადეთ, გარემომ ნაკლები ზემოქმედება მოახდინოს თქვენზე, რეკლამებს კარგად დააკვირდით და ნებისმიერი რაღაცის არჩევისას, ყოველთვის იფიქრეთ,
ეს ნამდვილად გჭირდებათ თუ უბრალოდ მოგინდათო.
ჭკვიანი ქალია, ჯერ 30 წლისაც არ არის, ბერლინის იეშივის გამორჩეულად გონიერი რაბინი ქმარი და სამი შვილი ჰყავს.
წერა საათნახევრის წინ დავიწყე. სანამ აზრები, მერე სიტყვები დავალაგე, უკვე 9 საათი გახდა და მეათე დაიწყო. ჩემი სინდისიც იღვიძებს, რადგან ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია, შაბათი და არაფერს უნდა მივცე უფლება ეს გამიუფერულოს. ამიტომ, იმათგან განსხვავებით, ვინც ადამიანებს სოციალურ ცხოველებად თვლის, მე ჩემი თავისუფალი არჩევანის ნებას გამოვიყენებ, ვეცდები, მორალი გაცვეთილ სიტყვად არ მექცეს; ადამიანებს ყურადღება მივაქციო და თბილი ვიყო. არასოდეს შემეშინდეს სიყვარულის და თუ იუმორი
ძალიან მომეძალება, ჩემს საკუთარ სისუსტეებზე ვიცინო. მერე ავიღებ ამ სისუსტეებს და "ტარტალეტკების" კრემად ვაქცევ, ალუბალს მოვაყრი და ისევ ბევრს ვიცინებ. ოღონდ არავითარ შემთხვევაში სხვებზე.
ბანალური ფრაზაა, მაგრამ don't let the system get you down, გთხოვთ, გთხოვთ.
שַׁבָּת שָׁלוֹםბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!