Sunday, March 8, 2015

ის ბლოგი და კიდევ ერთი 8 მარტი

ეს რომ ის ბლოგი აღარაა, უკვე ყველასთვის გასაგებია. ძალით ვცდილობ, რამე მოვიგონო და დავწერო, მაგრამ სურვილი აღარ მაქვს. ჩემს მეგობარს ვწერდი, ალბათ ამოვწურე ამ ბლოგის მისია-მეთქი.

მერე ის მკითხველები მახსენდება, რომლებიც მწერენ და კითხვებს მისვამენ, უბრალოდ დადებით რაღაცებს მეუბნებიან და მინდა ხოლმე, მათთვის მაინც დავწერო, რამე შთამაგონებელი და გამამხნევებელი, მაგრამ არ გამომდის.


უბრალოდ, ამ პოსტში მინდა ჩემი კლასელი რამაზ მოსახლიშვილი გავიხსენო, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა კიბოთი.
ახალგაზრდა ქვრივი დარჩა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
რამაზი ერთადერთი ბიჭი იყო, მთელი კლასის გოგოებისთვის რომ დაკრეფდა ხოლმე ყვავილებს სარვამარტოდ და მერე დანარჩენ ბიჭებს ურიგებდა, რომ ჩვენთვის ეჩუქებინათ.
მეშვიდე-მერვეკლასელ ბავშვს უკვე ეტყობოდა, როგორი კეთილი და გულისხმიერი იყო, ყველანაირი ეგოიზმისგან შორს. არადა, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, ტკივილით, მარტოობითა და სიცივით სავსე.
ღმერთმა აცხონოს რამაზი და მასთან ერთად ყველა ახალგაზრდა ადამიანი, რომელთა წასვლის ტკივილიც არასოდეს განელდება, უბრალოდ გაყუჩდება დროის სვლასთან ერთად.
ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს მის ცოლ-შვილს!!!

ბედნიერ 8 მარტს ვუსურვებ ჩემს მკითხველ ქალებს, ყველაზე ძლიერ, ლამაზ, ბრძენ და რთულად გასაგებ სქესს! 

Monday, March 2, 2015

ინდოეთის ფერებიდან ფემინიზმამდე

დღეს ინდოეთში ფერების დღესასწაულია. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი იყო იქ იმ დროს და თავისი სურათები გამიზიარა, იმის შემდეგ ვერ ვივიწყებ ამ უცნაურ დღესასწაულს.

ბევრ რამეზე მინდა დღეს დავწერო. როგორც ჩემი უცნაურად საინტერესო ლექტორი იტყოდა, ახლა ბევრ ინფორმაციას დავყრი და ნელ-ნელა ავკრეფთო. მგონი ასე ამბობდა, სიტყვასიტყვით :-) რამაზ ჭილაია იყო და ქართული ენის სტილისტიკას გვიკითხავდა თსუ-ს პირველ კორპუსში, მსოფლიოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტისა. იმიტომ რომ, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის და ყველა ადამიანისგან მიიღებს ცოდნას. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.
ჰოლდენ კოლფილდი ასე ამბობდა, მეც ასე ვამბობ და ჭილაიაც დამეთანხმებოდა ალბათ.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ანუშკა ვარაზისხევს უნდა ავყოლოდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, "მარშრუტკა" გავაჩერეთ (მაშინ ჯერ კიდევ უშვებდნენ) და უცებ ჭილაია დაგვხვდა იქ, ფული გადაგვიხადა "სულმოუთქმელად", მგონი, მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარით.

რატომ ვიხსენებ ამას, აღარ მახსოვს. საერთოდ, ალენ დელონის პოლიტიკურ შეხედულებებზე ვაპირებდი დაწერას. რომი შნაიდერის ინტერვიუს ვუყურებდი და მერე უცებ დელონზე გადავედი. იქ ამბობდა, სიკვდილით დასჯის მომხრე ვარო. ვინ წარმოიდგენდა ამას, რომ კაცი, რომელიც "ორნი ქალაქში" სიკვდილით ისჯება და მე თავის დროზე სისხლი გამიყინა, თავად ამის მომხრე იქნებოდა.

ალბათ, მეც მომხრე ვარ.
დღეს გავიგე, გერმანიის ერთერთ ოლქში, პედოფილს მხოლოდ 5000 ევრო ჯარიმა გადაახდევინეს და თავისუფლად გაუშვეს.
მე და ალენ დელონი კი ასე ადვილად არ გავუშვებდით.
ჭკვიან ხალხს ვინ რას ეკითხება.

თამთას ამ პოსტმა გამაბრაზა სასწაულად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფემინიზმი იმისთვისაა საჭირო, ასეთი მამაკაცები შეანჯღრიოს და ასწავლოს, როგორ მოეპყრან ქალებს. პირველ რიგში კი, საკუთარ თავს. კაცი, რომელიც ასეთ რამეს იკადრებს, არ ვიცი, ცხოველთა რომელ კატეგორიაში მიეკუთვნება. სავარაუდოდ ტურა-მელიებისას?

ჭილაია და დელონი კი არასოდეს იზამდნენ ასეთ რამეს, მჯერა :-)

ბედნიერ კვირას გისურვებთ, ჩემო მკითხველებო, თუ კიდევ დარჩით.