Thursday, November 26, 2015

გული და სული - მთების მონატრება



მთას არ ადარდებს არაფერი. იმიტომ რომ მთაა და ყოველთვის იქნება. ან თუ არ იქნება, არც ჩვენ ვიქნებით, რომ ამის შესახებ გავიგოთ.

ასე არიან ქალები, დედები, დები, ძლიერი ადამიანები.
ჩვენ ხომ ვიცით, ვინც.

მთასავით.

მე გავიზარდე მთაში.
მგონია, სულ სხვანაირები არიან მთიელები (ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი... და ასევე სულისშემძვრელი სვანეთი და რაჭა). მიყვარს საქართველოს მთიანეთი და სუბიექტური ვიქნები, თუ გეტყვით, აღმოსავლეთი მთიანეთი მირჩევნია, რადგან ზუსტად იქ აღვიზარდე. იქ ვისწავლე, როდის გავჩუმდე და როდის - ვისაუბრო, რადგან მთიელები არასოდეს ლაპარაკობენ ზედმეტს. არადა, რა ძნელია, რამდენი გვაქვს ადამიანებს ყოველთვის სათქმელი...
იქ ვისწავლე სევდა, სიხარული, დავკარგე ადამიანები და ვიპოვე ჩემი თავი.
მერე ჩემი ადგილი.
ვიცი, რომ არსებობს სხვა ულამაზესი მთები, სხვა ადგილები...
მაგრამ იქ არ არსებობს ჩემი ბავშვობა, იქ არ არსებობს სულისშემძვრელი მელოდიები... როგორ არა, არსებობენ, მაგრამ ისინი მე არ მეკუთვნიან.

ყველას სჯერა, ჰგონია, იცის (მათ შორის მეც), როგორი კოსმოპოლიტი ვარ და მჯერა, ყველა იქ უნდა ცხოვრობდეს, სადაც თავს კარგად გრძნობს, და ამავე დროს, ვაჟა-ფშაველა მიყვარს მთელი გულით, იებით, არწივებით, წვიმად მოსვლის სურვილებით...
ხომ არსებობს ადგილი, სადაც შენი გულია? შენს სახლში.
სული? სული ყველგან რჩება, მისი პატარა ნაწილები... ჩემი ნახევარი სული საქართველოს მთებშია, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა, ხელის გაწვდენის მანძილზე... სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა და ვერხვებიც იმდენს იშრიალებენ, რამდენსაც შენ სთხოვ. მთავარია ისე უთხრა, ზედმეტი ხუმრობების გარეშე... არ უყვართ მთაში უკბილო ხუმრობები.

სად არის თქვენი გული? სული?

Tuesday, November 24, 2015

დედის როლი თანამედროვე ბლოგინგში... ჰაჰა!!! Just kiddin'

ყოველდღიურად რომ გხვდებათ ჩემი პოსტები, რა მაგარია, ხო? :დ


მე ვარ ეს ქალი ზუსტად. მზად ყველაფრისთვის, გაბედული და ცულმოღერებული თავისი ოჯახის, ახლობლების დასაცავად, გასათბობად და გასამხნევებლად. 
მართალია ცული არ მაქვს, არც განსაკუთრებული კალამი (თუ იაფფასიან "პასტებს" არ ჩავთვლი, ევროიან მაღაზიაში რომ ვყიდულობ და პროდუქტების სიასა და კულინარიულ რეცეპტებს ვიწერ) მხატვრულად რომ გითხრათ რამე, მაგრამ ყოველდღე რომ ვპოულობ რამდენიმე წუთს ჩემი განწყობის გამოსახატავად, უკვე მიხარია.

სანამ აარონი საწოლში ზის და ყველაფერს ძირს გადმოისვრის თავისი პიჟამოებიანად და მე მისი ხელახლა ჩაცმა მომიწევს ორ წუთში, მანამდე შემიძლია არაფერს მივაქციო ყურადღება და ბლოგზე შემოვირბინო.
წიგნის კარადაზე დახვავებული გერმანულის სახელმძღვანელოებიც არ მაშინებენ.
ყინვა მხოლოდ მახარებს და თოვლს ველოდები. მოიცა, ის რა სიმღერა იყო, მზეს რომ ელოდებოდა კაცი? :დ რაღაც იყო, მგონი 2000-იანების დასაწყისში.

ახლა ნატკასთვის მაქვს წერილი დასაწერი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მყავს ასეთი "ზემდგომი" საუკეთესო მეგობარი და ვნერვიულობ :დ ჰაჰა! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მიხარია მისი წარმატებები უზომოდ. საერთოდ, ჩემი გახარება უადვილესია, ხომ იცით და მეგობრების სიხარული და წინსვლა კიდევ - მით უმეტეს.

ბედნიერი სამშაბათი, loves!!! :0)

Monday, November 23, 2015

თოვლის მოლოდინში


ბავშვობიდან სულ თოვლის მოლოდინში ვარ.
წუხელაც ითოვა, ითოვა და მხოლოდ მანქანებს მოეფინა, მიწა ვერ დაფარა ჯერჯერობით.

მერე ეზრამ მითხრა, რომ მასაც ძალიან უყვარს თოვლი, მიუხედავად იმისა, რომ მის "ბაღელ" მიხაელს უთქვამს, საშიშია თოვლიო.
საიდან მოსდით ბავშვებს თავში ასეთი აზრებიო, ნუ იკითხავთ. ასეთი აზრები ბავშვებს არასოდეს მოსდით და თუ მშობლებისგან არ მოუსმენიათ, შიშებიც არ ექნებათ, მერწმუნეთ. ჩემს შვილებზე დაკვირვებით, დიდი ხანია, ამას მივხვდი.

გუშინ მთელი დღე დავდიოდი და ხმამაღლა ვოცნებობდი, ოჰ, როგორ მიყვარს თოვლი, მოვიდეს რა დიდი, მოვიდეს. ეზრასაც მეტი არ უნდოდა, გადაწყვიტა, მასაც უნდა უყვარდეს, რადგან დედას უყვარს და უხარია.
ასევე მისი 3,5 წლის მიხაელი, რომლის მშობლებს ან ბებიას ალბათ სულაც არ მოსწონთ თოვლი.

ბავშვი ოჯახის სარკეაო, ხომ იცით. ამაზე დიდი სიბრძნე კაციშვილს არ უთქვამს.
ოღონდ ღმ-ერთმა ქნას, ჩვენს ოჯახებში მუდამ ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ბედნიერება და სიხარული იყოს, რომ ჩვენმა ბავშვებმა მხოლოდ ასეთი სიკეთეები აირეკლონ და მათი პატარა სული და გონება არასოდეს შეგვეწუხებინოს. ამენ!!!

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!!!


Sunday, November 22, 2015

პრიორიტეტები: პასუხი მეორე კითხვაზე და მაგიური ხუთეული

კვირადღემშვიდობისა!

ცივა. ცივა და მიხარია, იმიტომ რომ სავარაუდოდ თოვლი უნდა მოვიდეს. როგორ მიყვარს თოვლი, რომ იცოდეთ. არაფერი მირჩევნია თოვლს და ზამთარში თუ ცოტა თოვლია, ან საერთოდ არ არის, ისე მწყდება გული, როგორც სხვებს ცუდ ამინდში.


ჩემს წინა პოსტში ნახსენებ კითხვას რომ დავუბრუნდე, რომელიც ინტერნეტს მოცილებას შეეხებოდა.
ზამთარში განსაკუთრებით ძნელია ამის გაკეთება. ინტერნეტი თუ არა, ტელევიზორი მაინც ჩართული აქვს ადამიანს და ხანდახან შეხედავს მაინც, როგორც ჩემს ერთ ნაცნობს უყვარს თქმა.
ყველაზე კარგი გამოსავალი, საერთოდ, ტელევიზორის არქონაა (როგორც ჩვენ, მაგალითად :დ ).
მეორე გამოსავალი:
მიყვარს ეს სიტყვა და რა ვქნა. პრიორიტეტების დალაგება. რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რატომ.

ჩვენს საუკუნეში ინტერნეტისა და ეკრანის გარეშე ცხოვრება, მეც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ინტერნეტს და ტელევიზორი კიდევ, საერთოდ არ გვაქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

მესამე გამოსავალი:
წიგნები!!!
არცერთი ფილმი და სპექტაკლი არ განუვითარებს ადამიანს გონებას ისე, როგორც წიგნები.
პირველი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ პირიქით, ფილმებიცა და ყველაფერი სხვა, რაც უმეტესად ვიზუალურ აღქმაზეა დამოკიდებული, ადამიანის ფანტაზიას უარყოფით დაღს ასვამს. ისეთ დაღს, რომ ვერც ხვდები, როგორ ექცევი სხვების იდეების, იდეალებისა და ფანტაზიების გავლენის ქვეშ.
წიგნში კი მხოლოდ წიგნი და შენ ხართ, შენი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გრძნობები...

მოკლედ, ეს პრობლემაც გადავწყვიტეთ :დ

პრიორიტეტები ისევ და ისევ:
  • ოჯახი (ქმარი, შვილები...)
  • მშობლები, და-ძმები, ბებია, პაპა...
  • მეგობრები
  • წიგნები
  • ბუნება
მაგიური ხუთეული :-)

ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!!!

Sunday, November 15, 2015

პასუხი კითხვებზე - საკუთარი დრო

როგორც ერთ პოსტში ვწერდი, პრიორიტეტების ამბავია-მეთქი, მართლაც ასეა.
ქმარი იმსახურებს ლამაზ და კეთილ ცოლს, ბავშვები - მშვიდ და მხიარულ დედას, რომელსაც ფუნთუშების ცხობა არ ეზარება, რადგან ღამით კარგად გამოიძინა.
თვითონ დედა (ანუ მე) რას იმსახურებსო, იკითხავთ.

რასაც ღმ-ერთი მაძლევს, იმას.

ერთი სასწაული ბლოგი მაქვს ამ ბოლო დროს ნაპოვნი და ვკითხულობ და ვკითხულობ, როცა დროს ვნახავ. მერე მეც მინდა დავწერო რაღაცები, ჩემი საყვარელი მკითხველების კითხვებს გავცე პასუხი და მგონია, არ მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ ვინმეს რამე ვურჩიო.
მაგრამ, იცით რა?
ყველა ადამიანს აქვს რაღაც გამოცდილება და ის მაინც შეუძლია ყოველთვის, დადებითი ენერგია გადასცეს სხვებს, შეაქოს და კონსტრუქციულად ურჩიოს რამე.
ამიტომაც, შევეცდები ახლა ერთ კითხვას გავცე პასუხი. დანარჩენებს კი ნელ-ნელა, იმედია, ამ კვირის განმავლობაში.


1. როგორ ვიპოვოთ დედებმა საკუთარი თავისთვის დრო?
2. როგორ მოვცილდეთ ინტერნეტს?
3. როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად თუ არა, აკურატულად მაინც?

1. 
ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ძალიან არამოდური გამომივიდეს. არამოდური იმიტომ, რომ დღეს მთელი მსოფლიო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ვფიქრობ, ჩვენი ეპოქა ყველაზე ეგოისტური და მატერიალისტურია სამყაროს არსებობის მანძილზე. ეგოიზმი და მატერიალიზმი კიდევ მხოლოდ დამღუპველი შეიძლება იყოს.

ჩემზე კარგად არავინ იცის, რა რთულია პატარა ბავშვებთან მთელი დღეების გატარება. განსაკუთრებით ძნელი მაინც პირველი შვილია, როცა შენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ისე იცვლება, რომ ვერაფერი გაგიგია და პირველი თვეები ცდილობ უკან დააბრუნო ყველაფერი: ძველი ცხოვრება, ურთიერთობები, წონა...
ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.

მერე იწყება კონფლიქტები მეუღლეებს შორის, თუ ვინ უფრო კარგად ატარებს დროს, ვინ უფრო მეტხანსაა გარეთ და ადამიანებთან ურთიერთობს.
მერე წყვილები ჩხუბობენ. ზოგჯერ რიგდებიან, ზოგჯერ - არა.
არაეგოისტები ყოველთვის რიგდებიან, ერთმანეთს უთმობენ, ბოდიშსაც უხდიან და კონსტრუქციულად (ჩემი საყვარელი წლის სიტყვა) ათანხმებენ ერთმანეთთან დროს, თუ როდის გაისეირნებენ ერთად, ან როდის დარჩება ერთი მშობელი ბავშვთან, რომ მეორემ ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს და ა.შ.

ჰოდა, რა კავშირშია ეს დედის დროსთან საკუთარ თავთან?
თუ დედა ბედნიერია თავის შვილებთან, რომლებიც უკვე ისე ჰყავს აღზრდილი, რომ იციან საზღვრები (რაზეც ამ პოსტში ვისაუბრეთ), თამაშობენ, მღერიან, ცეკვავენ და დედას აცდიან დივანზე წამოწვეს და დაისვენოს, მაშინ დედა აღარ დახვდება დოინჯშემოყრილი, სამსახურიდან მოსულ ქმარს (რომელიც ასევე ძალიან დაქანცულია) და არ ეტყვის, მორჩა, აი, შენი შვილები, მე წავედი სასეირნოდო.
დააცდის ქურთუკის გახდას, ხელების დაბანას, ასადილებს და მერე კი ნამდვილად ეტყვის იმას, რასაც მანამდე აპირებდა დოინჯშემოყრილი, ახლა უკვე ღიმილით.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება. 
ყველა სიტუაცია განსხვავებულია, ყველა ადამიანი თავისებური ინდივიდუალობის მქონე, ისევე როგორც მენტალიტეტის, აღზრდისა და ა.შ.

არ ვიცი, ჩემი პასუხი რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას, რადგანაც საქართველოში ახლა ჰიპერტენდენციაა იმისა, რომ ქალები ლამის მშობიარობის მეორე დღიდან ბრუნდებიან სამსახურში, რადგან როგორც ჩემი მეგობარი მიამბობდა, თუ ერთი წელი ჩამორჩი, მორჩა, ძალიან ხშირად შენს კარიერას წერტილი აქვს დასმულიო.
ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი.

ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ აარონის დაბადების მერე უფრო მშვიდი გავხდი და სახლში ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. საკუთარი თავის (და სხვებისაც :დ ) უფროსი ვიყავი და ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ სწავლა და მუშაობა მჭირდებოდა, გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობა და უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, როგორც იტყვიან. იყო ლექციები, პატარა გაკვეთილები და მერე ვიპოვე ჩემი ნახევარგანაკვეთიანი სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავდივარ. უფრო დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ მალე ისევ სახლში ვბრუნდები და საყვარელ სახეებს ვხედავ, რომლებიც ყველანაირ ჰაერს მირჩევნია და დოინჯსაც აღარ ვიყრი კაი ხანია :-)

ადამიანს არასოდეს ექნება საკმარისი ფული, სიმდიდრე, სახელგანთქმულობა... ყოველთვის მოინდომებს მეტს, რადგან ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ამაოების ყველაზე დიდი სიმბოლოებია; ამაოება, როგორც წესი, ყველაზე მიმზიდველი და უსასრულო (ოღონდ ბოროტულად უსასრულო, როგორც კაშჩეი ბესსმერტნი) რამეა.
ამიტომაც რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ უანგაროდ და მშვიდად შენს ოჯახს, მით მეტს მიიღებ უკან. მოსიყვარულე ადამიანები კიდევ ყოველთვის ყველაზე კეთილები და სასიამოვნოები არიან.

გონიერი ადამიანი, ვინც ჯერ დედა სულაც არ არის, დარწმუნებული ვარ, იპოვის თავისთვის რამე გამოსადეგს ამ პოსტიდან, რადგან ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში აუცილებელია დიპლომატია, გაგება და დათმობა.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ!
მომავალ პასუხამდე ;-)