როგორც ერთ პოსტში ვწერდი, პრიორიტეტების ამბავია-მეთქი, მართლაც ასეა.
ქმარი იმსახურებს ლამაზ და კეთილ ცოლს, ბავშვები - მშვიდ და მხიარულ დედას, რომელსაც ფუნთუშების ცხობა არ ეზარება, რადგან ღამით კარგად გამოიძინა.
თვითონ დედა (ანუ მე) რას იმსახურებსო, იკითხავთ.
რასაც ღმ-ერთი მაძლევს, იმას.
ერთი სასწაული ბლოგი მაქვს ამ ბოლო დროს ნაპოვნი და ვკითხულობ და ვკითხულობ, როცა დროს ვნახავ. მერე მეც მინდა დავწერო რაღაცები, ჩემი საყვარელი მკითხველების კითხვებს გავცე პასუხი და მგონია, არ მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ ვინმეს რამე ვურჩიო.
მაგრამ, იცით რა?
ყველა ადამიანს აქვს რაღაც გამოცდილება და ის მაინც შეუძლია ყოველთვის, დადებითი ენერგია გადასცეს სხვებს, შეაქოს და კონსტრუქციულად ურჩიოს რამე.
ამიტომაც, შევეცდები ახლა ერთ კითხვას გავცე პასუხი. დანარჩენებს კი ნელ-ნელა, იმედია, ამ კვირის განმავლობაში.
1. როგორ ვიპოვოთ დედებმა საკუთარი თავისთვის დრო?
2. როგორ მოვცილდეთ ინტერნეტს?
3. როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად თუ არა, აკურატულად მაინც?
1.
ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ძალიან არამოდური გამომივიდეს. არამოდური იმიტომ, რომ დღეს მთელი მსოფლიო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ვფიქრობ, ჩვენი ეპოქა ყველაზე ეგოისტური და მატერიალისტურია სამყაროს არსებობის მანძილზე. ეგოიზმი და მატერიალიზმი კიდევ მხოლოდ დამღუპველი შეიძლება იყოს.
ჩემზე კარგად არავინ იცის, რა რთულია პატარა ბავშვებთან მთელი დღეების გატარება. განსაკუთრებით ძნელი მაინც პირველი შვილია, როცა შენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ისე იცვლება, რომ ვერაფერი გაგიგია და პირველი თვეები ცდილობ უკან დააბრუნო ყველაფერი: ძველი ცხოვრება, ურთიერთობები, წონა...
ზოგს გამოსდის, ზოგს - არა.
მერე იწყება კონფლიქტები მეუღლეებს შორის, თუ ვინ უფრო კარგად ატარებს დროს, ვინ უფრო მეტხანსაა გარეთ და ადამიანებთან ურთიერთობს.
მერე წყვილები ჩხუბობენ. ზოგჯერ რიგდებიან, ზოგჯერ - არა.
არაეგოისტები ყოველთვის რიგდებიან, ერთმანეთს უთმობენ, ბოდიშსაც უხდიან და კონსტრუქციულად (ჩემი საყვარელი წლის სიტყვა) ათანხმებენ ერთმანეთთან დროს, თუ როდის გაისეირნებენ ერთად, ან როდის დარჩება ერთი მშობელი ბავშვთან, რომ მეორემ ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს და ა.შ.
ჰოდა, რა კავშირშია ეს დედის დროსთან საკუთარ თავთან?
თუ დედა ბედნიერია თავის შვილებთან, რომლებიც უკვე ისე ჰყავს აღზრდილი, რომ იციან საზღვრები (რაზეც ამ პოსტში ვისაუბრეთ), თამაშობენ, მღერიან, ცეკვავენ და დედას აცდიან დივანზე წამოწვეს და დაისვენოს, მაშინ დედა აღარ დახვდება დოინჯშემოყრილი, სამსახურიდან მოსულ ქმარს (რომელიც ასევე ძალიან დაქანცულია) და არ ეტყვის, მორჩა, აი, შენი შვილები, მე წავედი სასეირნოდო.
დააცდის ქურთუკის გახდას, ხელების დაბანას, ასადილებს და მერე კი ნამდვილად ეტყვის იმას, რასაც მანამდე აპირებდა დოინჯშემოყრილი, ახლა უკვე ღიმილით.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება.
ყველა სიტუაცია განსხვავებულია, ყველა ადამიანი თავისებური ინდივიდუალობის მქონე, ისევე როგორც მენტალიტეტის, აღზრდისა და ა.შ.
არ ვიცი, ჩემი პასუხი რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას, რადგანაც საქართველოში ახლა ჰიპერტენდენციაა იმისა, რომ ქალები ლამის მშობიარობის მეორე დღიდან ბრუნდებიან სამსახურში, რადგან როგორც ჩემი მეგობარი მიამბობდა, თუ ერთი წელი ჩამორჩი, მორჩა, ძალიან ხშირად შენს კარიერას წერტილი აქვს დასმულიო.
ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი.
ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ აარონის დაბადების მერე უფრო მშვიდი გავხდი და სახლში ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. საკუთარი თავის (და სხვებისაც :დ ) უფროსი ვიყავი და ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ სწავლა და მუშაობა მჭირდებოდა, გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობა და უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, როგორც იტყვიან. იყო ლექციები, პატარა გაკვეთილები და მერე ვიპოვე ჩემი ნახევარგანაკვეთიანი სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავდივარ. უფრო დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ მალე ისევ სახლში ვბრუნდები და საყვარელ სახეებს ვხედავ, რომლებიც ყველანაირ ჰაერს მირჩევნია და დოინჯსაც აღარ ვიყრი კაი ხანია :-)
ადამიანს არასოდეს ექნება საკმარისი ფული, სიმდიდრე, სახელგანთქმულობა... ყოველთვის მოინდომებს მეტს, რადგან ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ამაოების ყველაზე დიდი სიმბოლოებია; ამაოება, როგორც წესი, ყველაზე მიმზიდველი და უსასრულო (ოღონდ ბოროტულად უსასრულო, როგორც კაშჩეი ბესსმერტნი) რამეა.
ამიტომაც რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ უანგაროდ და მშვიდად შენს ოჯახს, მით მეტს მიიღებ უკან. მოსიყვარულე ადამიანები კიდევ ყოველთვის ყველაზე კეთილები და სასიამოვნოები არიან.
გონიერი ადამიანი, ვინც ჯერ დედა სულაც არ არის, დარწმუნებული ვარ, იპოვის თავისთვის რამე გამოსადეგს ამ პოსტიდან, რადგან ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში აუცილებელია დიპლომატია, გაგება და დათმობა.
ბედნიერი კვირა გქონოდეთ!
მომავალ პასუხამდე ;-)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




7 comments:
მე მაინც ვფიქრობ, რომ დოზირებაა ყველაფრის გამოსავალი.
24 სთ არც ქმარი მინდა, არც შვილი, არც სამსახური და არც მეგობრები.
არიან დედები, რომლებიც 24 სთ სახლებში სხედან და ვაიმე, რომ წარმოვიდგენ, ეგეც კი კოშმარია ჩემთვის. როგორ უნდა ვიცხოვრო მუშაობის გარეშე, არ მესმის.
სოფი გამარჯობა, მიუხედავად იმისა, რომ არც ქმარი მყავს და არც შვილი, მყავს დაოჯახებული შვილიანი მეგობარი, რომელსაც ჰგონია, რომ შვილის ყოლის შემდეგ მისთვის 'ყველაფერი' (სუბიექტურია) დამთავრდა და რატომღაც ყველას ურჩევს, რომ სანამ გათხოვილები არ არიან და შვილი არ ჰყვათ 'ყველაფერი' უნდა მოასწრონ, იარონ ყველგან, და სახლში თუ ხარ და დაგეგმილი არ გაქვს აქტივობა გარეთ, სეირნობას არ თვლის (რომელიც ძალიან მიყვარს) , მაშინ ხარ ცუდათ, ჩაჯექი სახლში.., ყოველთვის ვუხსნი, რომ სახლშიც შიძლება დაკავდე სასიამოვნოდ და სასარგებლოდ, ვცდილობ ტაქტიანად, არა დამრიგებლურად ვურჩიო სახლში ყოფნის დრო სასიამოვნოდ გაატაროს, ვუყვები მე რას ვაკეთებ. სისტემატიური ხასიათი მიიღო, მისი მხრიდან, ჩემს მიმართ გამოთქმულმა აზრმა რომ უი აცივდა ჩაჯექი, უი რა ზარმაცი ხარ რატომ არ მიდიხარ...,. გამიგრძელდა, თუ ადამიანს არ უნდა კარგად იყოს შექმნილი ვითარების ფონზე, რომელიც მისთვის არავის დაუძალებია, ვერანაირი რჩევა და მაგალითი ვერ უშველის ვერც მის ღიმლს და ვერც მის შექმნილ ხასიათს. ყველაზე ცუდი რაც არის, სხვებს სთხოვს და თვითონ უმოქმედოა, რაც არ მომწონს ძალიან
ქეით, 24 საათი არა კაცო, ბავშვებს დღეში 12 საათზე მეტი სძინავთ და ეგ არც გამოვა :ლოლ: :დ
ანონიმურო მკითხველო, რამდენადაც მე სახლში ჯდომის მოყვარული ვარ ბავშვობიდან, ერთი (ან მეტი) კარგი წიგნი, ცხელი ჩაი თუ მქონდა, კვირობით არ გავიდოდი გარეთ :ლოლ:
იმას ვამბობ, ბედნიერება თუ უნდა ადამიანს, ყოველთვის იპოვის.
აღარ აუხსნა შენს მეგობარს, თუ შენ რა კარგად ატარებ დროს სახლში, შეიძლება მას აქვს თვითონ რაღაც სირთულეები და ვინ იცის, საერთოდ, ადამიანებს სულში რა აქვთ და რა აწუხებთ. უბრალოდ უთხარი, რომ ყველა ადამიანმა თავად იცის და ვისაც სად უნდა ჯდომა, იქ იჯდება :-)
ყველაფერი ინდივიდუალურია, სუბიექტურია და ამიტომაც ვისთვის სახლში ყოფნაა სიმშვიდე და თავისუფლება, ვისთვის 24 საათიანი გიჟური სამუშაო რეჟიმი, ვისთვის მუდმივი მცდელობა ამ ორი პოლუსის დაკავშირების... მე თვითონ არ ვიცი რა მინდა... სახლში ყოფნა ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონია რომ უმუშევრობას ვერ ავიტან, საერთოდაც ცოტა ზარმაცი ადამიანი ვარ და ჩემთვის რეჟიმი წამალივითაა გამოწერილი... შვილთან ყოფნა ნეტა ვინმესთვის ზედმეტი ჯაფაა?! რა ვიცი, რა ვიცი, იშვიათად ალბათ ასეთებიც მოიძებნებიან, მაგრამ მათაც აქვთ უფლება თავის პრიორიტეტები ჰქონდეთ... ოდესღაც შვილებიც დაგვტოვებენ, ჩვენს თავთან მარტო დავღცებით, განა ჩვენც უნდა გავუშვათ და ეს გაშვება ასე ვთქვათ წმინდა საქმე და ხელოვნებაა, იმიტომ რომ თუ სწორად ავღზრდით სამყაროს კიდევ ერთი "პიროვნება", უფრო სწორად დამოუკიდებელი პიროვნება უნდა "ვაჩუქოთ" და არა მშოებლებზე დამოკიდებული, სუსტნებისყოფიანი არსება... ამისთვის კი მაგალითიც უნდა ვიყოთ რაღაც ნაწიში და მათზე მზრუნველი ობიექტებიც, არ არსებობს ცალსახად კარგი ან ცუდი, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ და არა უბრალოდ ისეთი "შუალედი", რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაწყობს...
ვინც რა უნდა ის უნდა აკეთოს (სხვისი ცხოვრებისა და სიცოცხლის ხელყოფის და მისთ. გარდა ბუნებრივია)
კუში, დიდი მადლობა. შენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე ჩემთვის. ეს შუალედი კიდევ, განსაკუთრებით ოქროსი, არსებობს საერთოდ? სად იშოვება? :'\
ყველა ადამანმა სქესის მიუხედავად უნდა მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზება. რეალიზების საშუალებას ყოველთვის გამონახავს ის, ვისაც სურს მისი პოვნა. სახლში ჩამჯდარი ქალები ძირითადად სურვილის საწინაარმდეგოდ ზიან ხოლმე შინ და შესაბამისად გამოიყურებიან და იქცევიან კიდეც. თუ ზეწოლას არ აქვს ადგილი ოჯახის წევრების მხრიდან, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცის ბრალია ასე ჯდომა. პირველ ეტაპზე შინიდანაც შეიძლება რაიმე საინტერესოს კეთება და გამოცდილება, კავშირები, წარმატება უკვე მონდომების შედეგად, დროთა განმავლობაში მოდის.
Post a Comment