Wednesday, October 14, 2015

პირველი თოვლი

დღეს საბავშვო ბაღში წრეში ვისხედით მე და ჩემი ბავშვები, რომ თოვლი წამოვიდა და 5 წლის ლუისმა მკითხა, კიდევ რამდენი წუთი დაგვრჩა, თოვლში მინდა სირბილიო.

გუშინ სილამაზეზე ვსაუბრობდი და თოვლზე მეტად ლამაზი რა უნდა იყოს. ან კიდევ 5 წლის ბავშვის გულწრფელობაზე, რომელსაც მოთმენა აღარ შეეძლო, ისე უნდოდა თოვლის ნახვა.

თოვა მალე შეწყდა და წვიმად გადაიქცა, ძველი კეთილი სიმღერასავით, მაგრამ იმდენად თბილი მომენტი იყო, მინდოდა აქ ჩამეწერა და არ დამვიწყებოდა.

არ დამვიწყებოდა:

როგორ ჩამიდო თავი პატარა ჰანამ კალთაში და მერე კიკინის გასწორება მთხოვა.
როგორ გამიზიარა ოთხი წლის იასმინმა, რომ ის ადრე დედიკოს მუცელში ეჯდა თურმე.
სამი წლის მიხაელმა მითხრა, რომ უკვე ძალიან დიდი და ძლიერია, ბუნებრივია მისი "მუსკულების" მოწმობით.
...

მერე ეზრამ შემახსენა, უკვე ჩემი სახლში წასვლის დრო იყო.


ეზრა უკვე სამწლინახევრისაა. დიდზე დიდი. თავისი აზრებით და განცდებით სავსე. თვალებში რომ ჩავხედავ, საკუთარი სულის ანარეკლს ვხედავ და ხან ისე მაშინებს, ისე, არ ვიცი, რა ვქნა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით სულ მამას ჰგავს, ასე მგონია, სულის ნაწილი მომატეხეს და მასში ჩასვეს.
ოჰ, ეზრა!

აარონი - ზუსტად ისეთი ბავშვია, როგორიც ბიბლიური აარონი უნდა ყოფილიყო: მხიარული, თბილი და მშვიდობისმყოფელი.
წლინახევრისაა და ზუსტად ისე იქცევა, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, დარბის, დახტის, მერე ეცემა და კოპებს ისვამს. ხშირად პოულობს და აგემოვნებს საგნებს, რაც საკვები არ არის, "ალაგებს" კარადებს და ა.შ.
იმ ეტაპზეა, როცა არას თქმა ტრაგედიის და ბოლო ხმაზე ტირილის ტოლფასია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რასაც ვამბობთ, ვგულისხმობთ, რაც ხშირად ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

...

ბედნიერი ოთხშაბათი გქონოდეთ!!!

Tuesday, October 13, 2015

ოქტომბრის ორთქლზე

ძალიან ცივა.
ისე უცებ და თან ისე ძლიერ აცივდა, ცხელი ჟოლოს ჩაი და ბლოგი თუ მიშველიან-მეთქი, ვიფიქრე.

გუშინ კიდევ ვფიქრობდი სილამაზეზე. რა არის საერთოდ სილამაზე.
მერე ერთი ლამაზი სიფრიფანა გოგოს ფოტოები დავინახე, გულზე მიკრული ბავშვი რომ ჰყავდა და მივხვდი, რომ ის იყო სილამაზე.

ოქტომბერია.


ჩაი რომ ნახევრამდე მიდის, წყალს ვუმატებ და ვსვამ. ისეთი ტკბილი აღარაა, სამაგიეროდ მომჟავო ხდება. ჟოლოს თავისებურებები, ხო?

დღეს გამახსენდა "იფქლი". ძალიან ადრე, ძალიან, როცა ჯერ ისევ შემეძლო ფუნთუშების გორა მიმერთვა და წონაზე არ მეფიქრა, ლიტრობით ჩაიც დამეყოლებინა და ჩემი ბავშვობის მეგობარი (მისივე) კომპიუტერთან არ მიმეკარებინა, წერეთლის გამზირზე იყო ასეთი საცხობი, სადაც სულ ნაირ-ნაირი ფუნთუშები და ცომეული ნაწარმი ჰქონდათ. სხვა ნაწარმი არ ვიცი, მე მახსოვს, რომ ლიმონიანი და ნიგვზიანი ფუნთუშები მიყვარდა ყველაზე მეტად...

რატომ ვიგონებ ამ ყველაფერს?
იმიტომ რომ, ასაკი მემატება და ხშირად აწმყოზე წერა მეზარება. თუ მოვახერხებ ხოლმე, მინდა ამ ბლოგზე მოგონებებიც იყოს, თბილორთქლიანი და ღუმელში დაბრაწული ვაშლისსურნელიანი.

ბედნიერი კვირა გქონოდეთ, ჩემო ცოტაოდენო მკითხველებო!!!