Thursday, September 20, 2012

კბილების წინაპერიოდი

დილას გარეთ 15 გრადუსი სითბო იყო, საძინებელში – 21 და მივხვდი, ეზრასთვის უკვე ჯემპრი და თბილი შარვალი უნდა ჩამეცმია. მიყვარს ზამთარი, მაგრამ ეს პერიოდი, გერმანული შემოდგომა, არა. უცნაური სიცივე იწყება, უფრო სწორად, სითბოდან რომ უცებ სიცივეში გადადიხარ, ალბათ მძაფრად ამიტომ აღიქმება.
ეზრასთვის თბილი საბანი გვაქვს საყიდელი. აპრილში დაიბადა და მერე უკვე ზაფხული დაიწყო, თან წელს სასწაულად თბილი და სასიამოვნო ზაფხული იყო, ივნისის ბოლოდან თბილად აღარ ჩაგვიცვამს (შარშანდელისგან განსხვავებით) და ახლა სულ რამდენიმე თბილი ჯემპრი და შარვალი აქვს.
ბავშვები რომ ძალიან სწრაფად იზრდებიან და თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ახალი ჩასაცმელები სჭირდებათ, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. საწყენი ისაა, გოგოებისთვის იმდენი ლამაზი ტანსაცმელია, გაგიჟდები და ბიჭებისთვის სულ უღიმღამო რაღაცებია, ფერებიც შეზღუდული. თუმცა, ეზრას საყვარელი მწვანე ფერის ტანსაცმელს მაინც ვპოულობ ხოლმე.
საიდან მივხვდი, რომ მწვანე უყვარს? რამდენჯერაც მწვანე რამე მეცვა, სულ დაკვირვებით მიყურებდა და მექაჩებოდა, სასეირნოდაც რომ დავდივართ, გაფოთლილ ხეებს ისეთი გაოცებით უყურებს, ძნელად მისახვედრი არ იყო. ახლა ნელ–ნელა ცვივა ფოთლები და ფერიც ხომ შეიცვალეს, შესაბამისად, ეზრას ყურადღებასაც ნაკლებად იქცევენ.

დღეს დავრწმუნდი, რომ კბილები ამოსდის. აქამდეც სულ ეფხანებოდა და უცებ სათამაშოს მტკივნეულ ადგილს რომ დააჭერდა, საშინელ ტირილს იწყებდა. გუშინ ღამით ცუდად ეძინა, მუცელიც წამოსტკივდა, დღეს დილას კი შევამჩნიე, რომ ღრძილები შესიებული აქვს და თითქოს გვერდით, სადაც "საღეჭი" კბილები უნდა იყოს, უკვე კბილების ფორმა აქვს მიცემული. თუმცა, ჯერ წინა ქვედა კბილები ამოდის, როგორც ვიცი. ყოველთვის სიმღერით იღვიძებს ხოლმე და დღეს წუწუნებს დილიდან, სააბაზანოშიც თავქუდმოგლეჯილი შევვარდი და გამოვვარდი პირის დასაბანად, რომ მოვფერებოდი, თორემ იწვა თავის საწოლში და ისე ტიროდა, მეც ცოტა დამაკლდა აღრიალებას.
ვიცი, ზოგს ძალიან პათეტიკურად მოვეჩვენები, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძნელია, შენს პატარა ბურთულას რომ რამე აწუხებს, ტირის და ამ დროს შენ ვერ შველი, ერთადერთი, რაც შეგიძლია, მოფერებაა და ამ დროს, ესეც არ შველის.
მერე თავისი საყვარელი მუსიკა ჩავურთე და ცოტა ხანს დამშვიდდა.

კიდევ რაღაცების დაწერას ვაპირებდი და სულ დამავიწყდა.



ა, ხო, როშ ჰაშანამ როგორ ჩაიარა?
წელს არც ისე მხიარულად, როგორც ადრე. ეზრას პაპა საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. როცა შენი ოჯახის წევრი ასე ავადაა, ძნელია შენ მხიარულად იყო და ისე მოიქცე, ვითომ არაფერი მომხდარა, როცა ხედავ, შენი ქმარი როგორ განიცდის. ადრე ვწერდი, ჯერ კიდევ დაქორწინებულებიც რომ არ ვიყავით და მისი დედ–მამა გავიცანი, ძალიან ახლოსაა თავის ოჯახთან ჩემი ქმარი, მე უფრო "უძღები შვილი" ვარ და ახლა ამით ღმ–ერთი ბევრ რამეს მასწავლის.

მხოლოდ ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა მოგვცეს ღმ–ერთმა და როგორც დეიდაჩემი იტყოდა, დანარჩენს ადამიანი როგორმე მოახერხებს.
ბედნიერი წელი გვქონოდეს ყველას, ვისაც სჯერა ან არ სჯერა.

Thursday, September 13, 2012

სუპერადამიანები და ბევრი სხვა ამბავი

ჩემი ბლოგი სტატისტიკას ვათვალიერებდი და ყველაზე მეტი ვიზიტორი 2010 წელს მყოლია. პოსტებს გადავხედე და მივხვდი, ქეითი რას გულისხმობს ხოლმე, რომ მწერს, ადრე სხვანაირად წერდიო. ბუნებრივია, ისე აღარასოდეს დავწერ და მიხარია კიდეც, იმიტომ, რომ უკვე 2 წელი გავიდა: მეც შევიცვალე და ჩემი ცხოვრებაც. მაგრამ მომინდა, უფრო ხშირად ვწერო ხოლმე. თუნდაც ერთი საათი გამოვნახო, როცა ეზრას სძინავს დღისით და ვწერო. ერთ ბლოგს ვკითხულობ, ავსტრალიურს, ყოველდღე წერს თითქმის ის გოგო და საოჯახო ქრონიკასავით აქვს. მე მთლად ისე ვერ დავწერ, რადგან ჩემი ბლოგი ისეთი სპეციფიკური არ არის და ბავშვების და პამპერსების გარდა, სხვა რაღაცებიც მიტაცებს ჯერ კიდევ.



დღეს "გუგლის დუდლი" ნახეთ? კლარა შუმანის 193–ე წლისთავია. კლარა, სხვათა შორის, ლაიპციგში დაიბადა და ცხოვრობდა, როგორც ბევრი სხვა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი (მისი ქმარი რობერტ შუმანი, მენდელსონი, ვაგნერი...) და ვუნდერკინდ პიანისტებს შორის ირიცხება, რომლებიც პატარაობიდანვე ცნობილ სცენებზე გამოდიოდნენ და დიდ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.
უნდა ვაღიარო, რომ უკვე დიდი ხანია, ვაპირებ შუმანების სახლ–მუზეუმის ნახვას, ისევე როგორც მენდელსონის (ვაგნერის უბანი ჩემთან ახლოსაა და გარედან ვიცი სახლი) და ვერაფრით მოვახერხე. ვიმედოვნებ, ეზრა ცოტა რომ წამოიზრდება და უკვე ჯდომას შეძლებს, წავალთ და დავათვალიერებთ ყველა საინტერესო სახლსაც და მუზეუმსაც.
ჩემს მეგობარს კი ვუყვებოდი, რაღაც უცნაური აურა უნდა იყოს ლაიპციგში, რომ ამდენი მუსიკოსი დაიბადა და სხვებიც მოდიოდნენ და აქ ცხოვრობდნენ–მეთქი, ბახი მაგალითად, რომელიც წმინდა თომას ეკლესიაში უკრავდა თავის ცნობილ ორღანულ მუსიკას (ასე ჰქვია? ორგანული ქიმიასავით ჟღერს); მერე კიდევ გოეთე, შილერი...
ხანდახან ვფიქრობ, როგორ კულტურულ ცენტრში ვცხოვრობ და იმავე ჰაერს, ან სხვა ატმოსფერულ ნალექებს ვსუნთქავ, რასაც ეს გენიოსები.
თუმცა, იმის აღიარება, რომ გოეთეს "ფაუსტი" ბოლომდე არ წამიკითხავს და "ახალგაზრდა ვერტერის ვნებებმაც" დიდად არ შთამაგონა, ცოტა მერიდება.

კვირა საღამოს როშ ჰაშანაა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშვიდად ვზივარ და პოსტს ვწერ, ცოტა ხანში ნერვიულობა მომივლის, რომ არაფერი მაქვს ჯერ მზად. მხოლოდ ხალის ცომი მოვზილე წუხელ და გავყინე. აი, ასე ყინავს ყველაფერს 5 თვის ბავშვის დედა, რომ როცა ეზრა ნამეტანი აქტიური იქნება, უცებ გამოვიღო, გავადნო და გამოვაცხო. ასევე ვყინავ ნამცხვრების ცომს და მანამდე კიდევ, დედაჩემი როცა აქ იყო, გამიკეთა რაღაცები წასვლის წინ და შემინახა; სასწაულად გამომადგა. მგონი, ყველა ასე აკეთებს, თორემ ადამიანი ვერაფერს მოასწრებდა. განსაკუთრებით ჩემთვისაა პრაქტიკული, რადგან ზოგჯერ ეზრას მთელი დღე ხელში უნდა ჭერა, თამაში, მაიმუნობა და რაც უფრო იზრდება, მით მეტ ყურადღებას ითხოვს; ამიტომ, ან ღამით უნდა ვაკეთო სადილები (მე კი ძილი მირჩევნია) ან ასე გავყინო.
დღესასწაულები სულ სხვანაირი ხდება, როცა საკუთარი ოჯახი გაქვს. ადრე, ყოველთვის მიკვირდა, როცა დედაჩემი ან დეიდაჩემი რაღაცას ვერ მოასწრებდნენ და ვწუწუნებდი, ეს რატომ არ გამოაცხეთ, ის რატომ არ შეწვით და ახლა მე თვითონ რომ მიწევს ყველაფრის გაკეთება, ვხვდები, რომ ისინიც ადამიანები ყოფილან. რა უცნაურია, ხო, რომ ბავშვობაში უფროსები სუპერადამიანები გგონია და ვერ წარმოგიდგენია, მათ რამე ვერ მოასწრონ ან დროზე არ გააკეთონ? სოფელში რომ ვიყავით წელს და წასვლის წინ, ბარგის მომზადება დავიწყე, საჭმელების და რამე, მაშინ დავაფასე დედაჩემიც და დეიდაჩემებიც მილიონჯერ მეტად. ადრე არც ვფიქრობდი ამაზე და გემოზეც ვებუზღუნებოდი ყველას, სადილი დროზე რატომ არ არის ან ჩემი საყვარელი შოკოლადის წამოღება რატომ დაგავიწყდათ–მეთქი.
შეიძლება მე მიკვირს ყველაფერი და ყოველდღე საკუთარი თავის გაცნობაში ვარ, ან ცხოვრებაა სასწაულად უცნაური და საინტერესო. ან ორივე ერთად.

ბედნიერი ხუთშაბათი გქონოდეთ და მალე შაბათ–კვირაც!!!

Tuesday, September 11, 2012

Postpartum თმა

ფეხმძიმობისას ორგანიზმში დიდი დოზით ესტროგენი გამოიყოფა, რაც თმის ცვენას აჩერებს, დღეში კი ქალმა 100 ღერი თმა უნდა "მოიცვალოს". სადღაც მესამე თვიდან, თმა ისე გამიხშირდა, გაოცებული ვიყავი, როცა დაბანის შემდეგ, შეიძლება ერთი ღერიც არ ჩამომვარდნოდა აბაზანაში და ვარცხნის დროსაც იგივე მეორდებოდა. მიხაროდა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემი თმა ორ–სამ ადამიანზე მეტს არ უნახავს.
სამაგიეროდ, მშობიარობიდან ოთხ თვეში ისეთი თმისცვენა დამეწყო და დღემდე გრძელდება, რომ ჩემი სქელი თმის ნახევარიღაა დარჩენილი. ექიმებიც და ყველა ნაცნობი ამბობს, რომ ნორმალურია. ეს ის თმა მცვივა, რომელიც ფეხმძიმობის დროს მყარად იყო მიბმული კანზე, როცა ყოველდღიურად ნელ–ნელა უნდა შეცვლილიყო. ძალიან კარგი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა 100 ღერი თმა დღეში ხუთჯერ გცვივა და მთელი სახლი თმითაა მოფენილი, თითქოს შინაური ცხოველი გყავდეს. Babycenter–ში ამბობენ, ბავშვი კარგად შეამოწმეთ, თუ უცბად ატირდება, რადგან შეიძლება ზურგზე, ტაკოზე და სხვა ადგილებში მიეწებოს თქვენი თმაო. ჰოდა, ეზრა სულ "გადმობერტყვაში" მყავს. ახლახან გამოვუცვალე და საფენში ვუპოვე ჩემი თმის ღერი :/

რადგან საქმე ჰორმონებს ეხება (სხვა რას უნდა ეხებოდეს, ქალები ხომ ჰორმონებისგან ვართ აწყობილი და არა ნეკნისგან, ამას წყალი არ გაუვა), რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ისე სწრაფად იცვლებიან, თვალს ვერ დაახამხამებ. ყველა ამბობს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ თმის ცვენა თავისით ჩერდება, თუმცა შეიძლება ვიტამინების მიღება. ყველაზე მეტად, რაც ნერვებს მიშლის, რჩევაა, ამ დროს თმა მოკლედ შეიჭრა.
როგორც ამბობენ, 9 months up & 9 months down. მეტი რა დამრჩენია, უკვე 5 თვე გავიდა და ვნახოთ, როდის დაბრუნდება ჩემი სქელი თმა და ძველებური თხელი კისერი.


დრიუს ისევ არ გაუჩენია. ისე ველოდები, გოგო ეყოლება თუ ბიჭი და რას დაარქმევენ. მინდა, რამე ლამაზი ებრაული სახელი დაარქვან და "ვაშლ–მსხალ–ატამი" არა, უკვე ბანალურ ჰოლივუდურ სახელებადაა ქცეული და მძულს.

Wednesday, September 5, 2012

სოფელი და 5 თვე ჩვენთან

სულ რამდენიმე დღით ვიყავით წასული დასასვენებლად სოფელში. ცხოვრებაში პირველად ვნახე გერმანული სოფელი და იქაური ადამიანები. მართალია, სულ რამდენიმე ადამიანი ვნახე, რადგან ისეთი კარგი ეზო გვქონდა, იქიდან გასვლის სურვილი არც გაგვჩენია.


ეს სოფელი დრეზდენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. მწვანე, მწვანე, უმწვანესი ადგილია, ტყეებით და ტბებით სავსე. ისეთი მოვლილი, სუფთა და მშვიდია ყველაფერი, ჯერ რომ ტკბები და გსიამოვნებს, მერე გშურს, რომ ეს ყველაფერი შენი არ არის. იხსენებ, შენს საქართველოშიც რომ ასეთივე სიმწვანეა, ტყეები (თუ რამე დატოვეს), ტბები, მთებიც, მაგრამ არავინ უვლის.
გერმანული სოფლები პატარა ქალაქებს ჰგავს, პრიალა გზები, სუფთა ეზოები და ლამაზად ჩაცმული სოფლელები.
ჩვენი სახლის პატრონს რეგინა ერქვა, 45 წლამდე ქალი იყო და ოთხი შვილი ჰყავდა. ძალიან განათლებული ქალი იყო, როგორც კი ეზრას სახელი გაიგო, მაშინვე თქვა, ებრაული სახელიაო, როცა სხვებს უკვირთ, რა სახელია და ზოგსაც გოგო ჰგონია, რადგან ა–ზე მთავრდება (გოიმი ევროპელები. ჩემი სახელი კიდევ,რადგან პასპორტში სოფიო წერია, ხანდახან წერილები როგორც ჰერ სოფი მომდის :ლოლ: ). ადამიანის "განათლებულობას", საერთოდ, მისი მუსიკის კოლექციით განვსაზღვრავ ხოლმე და როცა ჩვენს სასტუმრო ოთახში თეოდორაკისის, ბახის და ჩაიკოვსკის დისკები დავინახე, მაშინ დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ [საინტერესოა, ჩემზე რას იტყოდნენ, ჩემთან "სპაის გერლზი" და "ლედ ზეპელინი" რომ ერთად სახლობენ].

ჩვენ სოფლის სახლის ერთი, ქვედა სართული გვქონდა დაქირავებული, ჩვენი ეზოს ნაწილი ვაშლის ხეებით და ვარდის ბუჩქებით იყო გამოყოფილი სახლის პატრონებისგან და მთელ დღეს შეგვეძლო შეზლონგებზე წოლა, ბადმინტონის თამაში, სიცილი და იქვე საუზმე/სადილობა/ვახშმობა. მართალია ღამით ეზრა ძალიან ადვილად იძინებდა, მაგრამ დღისით ნახევარ–ნახევარ საათზე მეტს არ იძინებდა და ჩვენც, შესაბამისად, ამ პერიოდში ვსადილობდით და ვისვენებდით. სოფელში დრო როგორ ნელა გადის, შეგიმჩნევიათ? როცა უკვე ღამის 12 საათი მეგონა, ჯერ 9 იყო ხოლმე, უკვე ბნელოდა და ჭრიჭინებიც რომ იწყებდნენ მღერას, უკვე მეძინებოდა. დღისით ტყეში ვსეირნობდით, თუმცა დიდად შორს ვერ წავედით, კენგურუ არ წაგვიღია, ეზრას უკვე აღარ უყვარს მასში ჯდომა, არც ეტლი გვქონდა და ბავშვის ხელში ჭერა დამღლელი იყო, უფრო მეტად ეზრასთვის, რომელიც მიუხედავად თავისი "ბარიტონისა", რომელსაც ამ ბოლო დროს სასწაულად ავარჯიშებს და დილიდან სიმღერით გვაღვიძებს, ჯერ მაინც პატარა ბურთულაა და მალე იღლება.

გახსოვთ, ადრე ვწერდი, ვერასოდეს მივხვდები, ეს აბსოლუტურად მშვიდი გერმანელები ნაცისტებად როგორ იქცნენ–მეთქი და ამ ბოლო დროს მივხვდი. ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდები არიან და კანონმორჩილები, უადვილესია ერთი ქარიზმატული დიქტატორისთვის, რომელიც კანონში, რასაც უნდა, იმას დაწერს, აიყოლიოს მთელი ერი და ბავშვები გაზის კამერაში ისე გააგზავნინოს, ადამიანები არც იფიქრებენ, რას აკეთებენ. ხომ სისხლისგამყინავი საშინელებაა?
ამ დროს, მეორე მომენტი, რომელიც მათთვის სასარგებლოა, როცა დემოკრატიული კანონია (ნამდვილ დემოკრატიას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენებურს, ან თუნდაც ამერიკულს არა) და ადამიანები მას ემორჩილებიან, მაშინ ქვეყანა ისე სწრაფად დგება ფეხზე და ევროპას ლიდერობს, როგორც გერმანია.
ეს ჩემი დასკვნები გერმანულ სოფელსა და ბუნებაზე დაკვირვებით გავაკეთე, როცა ყოველ ნაბიჯზე წერია, იფიქრეთ ბუნებაზე, აქ ბუები ცხოვრობენ, იქ – ჭოტები, ეს მუხა 1600 წელს დარგეს და ქერქს ნუ ამოუჩორკნით (კაციშვილს ეს აზრადაც არ მოსვლია, ისე ვამბობ); კიდევ რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება და უბრალოდ მე ვერ ვიხსენებ.

მერე როცა ვამბობ, როგორ მენატრება საქართველო და ჩემი ბუნება, რეალობა მახსენდება და ვხვდები, რომ ალბათ უკვე ვეღარასდროს შევძლებ იქ ცხოვრებას. ვიცი, ადამიანმა უნდა შექმნას პირობები და იზრუნოს თავის ქვეყანაზე, მაგრამ როცა მეზობელი სადარბაზოში მხოლოდ თავის ნაწილს დაგვის და იმ ნაგავს ქვემო მეზობელს გადმოაბერტყავს, როგორ შევიდე მე იმ ადამიანის ცნობიერებაში და გავაგებინო, რომ სადარბაზოს ის ნაწილი მისიცაა? როცა შენს გაკეთებულს არ აფასებენ, ანაგვიანებენ, ამტვრევენ, ყრიან, რა დაგრჩენია? დგები და მიდიხარ. ყოველთვის ასე იყო და იქნება კიდეც. ადამიანები ყოველთვის უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ, მიდიოდნენ და ამერიკას აღმოაჩენდნენ, როცა ევროპა ძალიან ვიწროვდებოდა.
გუშინ დილით, ეზრა რომ დავაძინე, ისეთი სოციალური აზრები მომივიდა, მინდოდა დამეწერა, მაგრამ მე თვითონაც საშინლად მეძინებოდა და კომპიუტერი აღარ ჩავრთე. იქნებ, ოდესმე დავჯდე და მოგიყვეთ. პრინციპში, ვინც უკვე 2008 წლიდან მკითხულობს, იცის ჩემი სოციალისტური მისწრაფებების შესახებ და ახალს არაფერს ვიტყვი. ეზრას ჩე გევარასა და კუბის რევოლუციაზე ვუამბობდი, მერე ფიდელ კასტროზე, რომელსაც ბოლომდე არ ვენდობი–მეთქი და ჩემმა ქმარმა შეფიქრიანებულმა შემოიხედა ოთახში, რომ დარწმუნებულიყო ეზრას ვუყვებოდი ასეთი სერიოზულობით, თუ საკუთარ თავს :))))

ისიც კარგია, აღმოსავლეთ გერმანიაში რომ ვცხოვრობ, სადაც თავისებური სოციალიზმია, ხალხს იაფფასიანი და პატარა მანქანები ჰყავს, ტრამვაი ისეთი კომფორტული და სწრაფია, თავს დაჩაგრულად არ გრძნობ, როცა მგზავრობ, თანაც მამიკოს/ბიძის/საყვარლის ნაჩუქარი ხომალდისხელამანქანიანი მაიმუნები არ ჩაგიქროლებენ. ვინც ძვირფასი მანქანით დადის, იცი, ექიმი ან იურისტი იქნება, თანაც უკვე ასაკოვანი და დაუმსახურებია. მოკლედ, საყვარელმა სცენარისტმა, როგორც ყოველთვის, იცოდა, სად უნდა გადავეცხოვრებინე.
Hasta siempre, Comandante! :)

და ამასობაში, ეზრა უკვე 5 თვისაა. 5 თვეა ჩვენთან ცხოვრობს და იმედია, მოსწონს. როგორც ხდება ხოლმე, სხვა არჩევანი არც ჰქონია; მოვიდა და არის ჩვენი შვილი.
თავისმა ბებიამ 5 თვის აღსანიშნავად შოკოლადისმინანქრიანი უცნაური კექსები გამოუცხო და მშობლებმაც მოიწონეს.
დრიუ ბერიმორს ჯერ არ გაუჩენია.
ამინდი – წვიმიანი.
მე ისევ ოპტიმისტი და მოცინარი მზე.

ბედნიერ კვირას გისურვებთ! ოთხშაბათის მერე შაბათ–კვირა რომ უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა ხოლმე, შეგიმჩნევიათ?