Wednesday, March 31, 2010

თავისუფალი და გონიერი ადამიანი


"It is because G-d acted for my sake when I left Egypt."


გახსოვთ ჩემი შარშანდელი პესახი? წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ საუკეთესო და მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში.
წელს ყველაფერი სიხარულით დავიწყე და პესახის პირველ დღეებზე ისევ როზენბლატებმა დამპატიჟეს. რაბი ავიმელეხ როზენბლატი საქართველოს მთავარი რაბინია, რებეცინი იულია კიდევ - მისი მეუღლე. უამრავ ოჯახში ვყოფილვარ შაბათზე, სხვადასხვა დღესასწაულზე, მაგრამ თავს ისე კარგად არსად ვგრძნობ, როგორც მათთან. მერე, სახლში ვბრუნდები და ისევ მათთან მინდა, ისეთი სიმშვიდე, საინტერესო საუბრები და სრულიად სხვა ღირებულებები აქვთ. "გარე" სამყაროსგან განსხვავებით, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გარეგნობა, ჩაცმა და კიდევ ბევრი რაღაცაა მნიშვნელოვანი. როზენბლატებთან კი, უბრალოდ, ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში, ნაკლებს ვსაუბრობ და არ ვღელავ იმაზე, თუ რას იფიქრებენ ჩემზე, რადგან ზუსტად ვიცი, რახან სტუმრად მიწვევენ, ესე იგი, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება აქვთ და ღმერთს ვუყვარვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა.

ადრე ვწერდი, როგორ არ მიყვარდა დღესასწაულები, მაგრამ რელიგიასთან დაახლოებამ დამანახა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ ხასიათზე, პიროვნებაზე ვიფიქრო და არ განვსაჯო სხვების საქციელი, ვიცხოვრო ისე, როგორც თორაში წერია და ძალიან ბევრს (ალბათ სამყაროს 90%) მოძველებული ტრადიციები ჰგონია. ხან შეცდომებსაც ვუშვებ, სირთულეებიც მხვდება და ტირილიც მიწევს, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ არსებობს საყვარელი სცენარისტი და მერე ისეთი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მომკიდებენ ხელს; რა თქმა უნდა, არაპირდაპირი მნიშვნელობით, თავისი სიტყვით ან თუნდაც ერთი გამოხედვით მაგრძნობინებენ, რომ მილიარდიან სამყაროში მცხოვრები უმნიშვნელო ჭიანჭველა კი არა, ადამიანი ვარ, თავისუფალი და გონიერი, რომელიც ცხოველისგან უნდა განსხვავდებოდეს - აზროვნებდეს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვოდეს.

P.S. რადგანაც შარშანდელ პოსტში ყველაფერი დაწვრილებით მიწერია, წლევანდელი მხოლოდ ჩემს ემოციებს ეხება და შედარებით მოკლე გამოვიდა. But my love to you is The same :)

Sunday, March 28, 2010

Trois Couleurs: Bleu

Julie Vignon: Why are you crying?
La servante: Because you're not.




დღეს ისევ კიშლოვსკის დღე მქონდა, თუმცა "ლურჯმა" ისეთი დიდი გავლენა ვერ მოახდინა ჩემზე, როგორც "თეთრმა" და "წითელმა". შეიძლება იმიტომ, რომ ამ ნაწილში მხოლოდ ჟულიეტ ბინოში ჩანს და სხვებს ადგილს არ უტოვებს. სამაგიეროდ მუსიკა იყო ისეთი, მინდოდა არასოდეს დასრულებულიყო.


წინა პოსტის კომენტარების მიხედვით, ყველა "ლურჯს" ამჯობინებდა დანარჩენ ფერებს და ისიც მითხრ, "მიუხედავად იმისა, რომ ჟულიეტ ბინოში" გამოდისო. ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა ეს ფილმი. მართალია თითქმის ყოველი მეორე ფრანგი მსახიობი ქალი მომწონს, ჟულიეტ ბინოშისადმი მაინც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მისი ფილმი (ზუსტად როგორ ითარგმნება, არ ვიცი) "საყვარლები ხიდიდან" ვნახე და იმის შემდეგ ვერ ვივიწყებ ჟულიეტის თვალებს, ხელებს, ცოტათი შეშინებულ ცხოველს რომ ჰგავს.


"ლურჯში" მუსიკის გარდა ყველაზე შთამაგონებელი წყალი იყო. ლურჯი წყალი, რომელშიც ყველას შეუძლია ჩასვლა, მაგრამ განსაკუთრებული შეგრძნებებით უნდა იყო სავსე, რომ იქ ცურვა განაგრძო. მთლად წყალზეც არ მაქვს საუბარი, წყალი, უბრალოდ, ცხოვრების ერთერთი ნაწილია; და მეზობლის მონადირე ჟღალი კატა. ყველაფერი ცხოვრებაა, ღმერთის შექმნილი, ან ვისაც როგორ უნდა სჯეროდეს.

Friday, March 26, 2010

სოფი გოლდენის unique ცეკვა

ამ ბოლო დროს ისე მიხარია გაზაფხული, რომ არ მადარდებს:

  • ზამთრიდან გამოყოლილი მომატებული კილოგრამები
  • ჭორფლების მომრავლება სახეზე
  • მილან კუნდერას სექსუალური ეპიზოდები (თურმე, როგორ მღალატობდა)

შვედი დები აღმოვაჩინე, რომლებიც ზუსტად ისე მღერიან, როგორც მე ვმღერი, მარტო როცა ვარ სახლში :D და კიდევ ნატალი პორტმანივით, უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ (ამ ფილმში რომ ანახებს ზაქ ბრაფს) და მიხარია, რომ ასეთი ცეკვა არავინ იცის დედამიწაზე.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!!!

Thursday, March 25, 2010

მაკულატურა

დღეს ჩემი უჯრების და კარადების დალაგება გადავწყვიტე. გადმოვალაგე მთელი დღიურები, რვეულები, ოთხწლიანი უნივერსიტეტისდროინდელი "ქსეროქსები", რომლებსაც ისეთი რაოდენობით გვაღებინებდნენ, ყუთები მაქვს გატენილი. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ თბილისში სადმე მაკულატურას იბარებენ-მეთქი. მერე ვიღაცამ მითხრა, ეგ საბჭოთა პერიოდში ხდებოდაო. ვუყურებ ამდენ ქაღალდს და წარმომიდგენია, რამდენი ხეა მოჭრილი და განადგურებული მის გამო.


გერმანიაში, ბელგიაში არის სპეციალურად დახარისხებული სანაგვე ყუთები, სადაც ცალკე ყრი მინას, ქაღალდებს, საჭმლის ნარჩენებს და ღამე მშვიდად გძინავს, იცი, რომ ხე თუ მოჭრეს, მერე ამ ქაღალდებს გადაამუშავებენ და ახალ ფურცლებს გამოუშვებენ. ვიცი, ჩვენ ჯერ ამისგან ძალიან შორს ვართ და ქალაქში ნაგავსაყრელებიც კი არ არის ნორმალურად მოწესრიგებული და იქ საქონელს "აბალახებენ".
ამიტომ ჩემს ქაღალდებს ისევ ვინახავ იმ იმედით, რომ შეიძლება სადმე აღმოვაჩინო მაკულატურის ჩამბარებელი პუნქტი და ხეებზე აღარ ვიდარდო.


"გუგვლისას" ეს სურათი ვნახე და მომეწონა, მშვენიერი გამოგონებაა. იქნებ მეც ასეთი ნაგვის ყუთები გავაკეთო? მაგრამ ჩემი მაკულატურა თაბახის ფურცლებს შეადგენს, რომელთან ჭიდილისას, სავარაუდოდ, ხელებს დავიჭრი. მერე გადასაყრელი გახდება. ისე რომ, თუ ვინმემ იცით, სად შეიძლება მაკულატურის ჩაბარება ან იდეა გაქვთ, რა შეიძლება მოვუხერხოთ ქაღალდებს, მომწერეთ.

Tuesday, March 23, 2010

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ მიყვარს, რომ მხოლოდ იქ შეიძლება შეგემთხვეს თავგადასავლები. თან ისეთი, რომ მერე ამაზე იცინო და ბლოგზეც დაწერო. სულ სხვანაირია ცხოვრება, რაც ჩვენ, ინტერნეტფრიკებს, გვაქვს და სულ - სხვაა გარეთ, სადაც ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებზეც მხოლოდ "ქალაქურ ლეგენდებში" წაგვიკითხავს.

დღეს სახლში "მარშუტკით" მივდიოდი, რომ უცებ, წინ ერთი ლურჯი და, სავარაუდოდ, ძვირფასი სპორტული ავტომობილი გადაგვიდგა, მძღოლმაც თავი გამოჰყო ფანჯრიდან და ჩემი მარშუტკის ქოჩორა მძღოლს ეკითხება: "ბიჭო, წეღან უკნიდან რომ დაგისიგნალე, ჩემზე რა ჩაილაპარაკე?"
კინოებში რომ არის ხოლმე, ხომ იცით: ჩხუბის სუნი დადგაო, ზუსტად ეს ვიგრძენი და ისიც კი ვიფიქრე, თუ ნამდვილი ჩხუბი ატყდებოდა, უნდა გამეშველებინა :crazysophie:
მაგრამ ჩვენი მძღოლი გამოცდილი კაცი აღმოჩნდა: "არაფერი ძმაო, რა უნდა მეთქვა", მშვიდად უთხრა და გზა გავაგრძელეთ, თუმცა რამდენიმე წუთით მეგონა, რომ სპორტული მანქანის პატრონი, მისი დიდსათვალიანი ქერა გოგო და უკანა სავარძელზე წამოწოლილი "შავსაროჩკიანი" ბიჭი გადმოვიდოდნენ და "მარშუტკას" საერთოდ გვერდზე გადადგამდნენ.

სახლში რომ მივედი, მერე ვიფიქრე, რა სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ოღონდ კლასიკური გაგებით სასაცილო კი არა, ტირილი რომ გინდა, ვერ ტირი და სიმწრისგან გეცინება. არ ვიცი, თუ სხვაგანაც ხდება ასე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს წინ უხტებიან და საქმის გარჩევას უწყებენ: დასიგნალების შემდეგ, შეიგინა თუ არა. მგონია, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ასეთი ადამიანების, შეიძლება მთლიანი სოციუმის ფსიქოლოგიური გამოკვლევა, მათზე დაკვირვება და ფესვების ძებნა, რამ მიიყვანა ისინი აქამდე.

მე კიდევ განვაგრძობ მგზავრობას და როგორც ჩემი საყვარელი რებეცინ რობერგი იტყოდა: არაფერი ხდება უმიზეზოდ და ქუჩაში შემხვედრი გამვლელიც კი რაღაც ნიშნის მომცემია ჩვენთვის.

Sunday, March 21, 2010

Trois Couleurs: Rouge

The Judge: Perhaps you're the woman I never met.

"Three Colours: Red"


სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს ამ რეჟისორს; ყველაზე რთული ფილმები, ზუსტად იმ პერიოდზე გადაღებული, რომელიც ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრებთათვისაც, ძალიან მძიმე იყო. ამიტომ, მიჭირს მისი ფილმების ნახვა და მერე მათზე საუბარი. დედაჩემს უყვარს აღმოსავლეთევროპელი რეჟისორები და მათი ფილმები, იმიტომ, რომ არავის ჰგვანან და იმას ასახავენ, რაც ჩვენთვის ნაცნობი იყოო.


კისლოვსკის უყვარს ტრილოგიები, დეკალოგები... როცა მისი ტრილოგიის "თეთრ ნაწილს" ვუყურე, რატომღაც მილან კუნდერა გამახსენდა, ჩემი კიდევ ერთი საყვარელი აღმოსავლეთევროპელი მწერალი, რომლის "ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს" გუშინ ვკითხულობდი და რაღაც ფრაზებს ვინიშნავდი. კუნდერაზე ადრეც მქონდა საუბარი, II კურსზე იმდენად მიყვარდა, რომ წერილის მიწერას ვაპირებდი, ცოლად გამოგყვებით-მეთქი. გოგოებს მოგვდის ასეთი აზრები, ათასში ერთხელ. საბოლოოდ გადავიფიქრე, ფრანგულად ან ჩეხურად მინდოდა მიმეწერა და არცერთი ვიცოდი. ზუსტად ასეთივე სურვილი მიჩნდება კისლოვსკის ფილმების ნახვის შემდეგ, დავურეკო და ვუთხრა, რო მიყვარს.

"წითელი" იმდენად ემოციური ფილმი არ იყო, როგორიც "თეთრი", მაინტერესებს "ლურჯი" როგორი იქნება და მერე აუცილებლად გიამბობთ მის შესახებ. "წითელი" იყო ყველაზე საყვარელი და რბილი ფილმი, რაც კისლოვსკის შეიძლება გადაეღო, ისეთი, რომელიც გულზე არ მოგიჭერს და მძიმე წლებს არ გაგახსენებს. შეიძლება იმიტომ, რომ მოქმედება საფრანგეთში ხდება და იქ ყველაფერი უფრო ფერადია. რაღაც მომენტში "ამელიც" კი გამახსენდა და მერე აღმოვაჩინე, რომ ამელის ირენ ჟაკობს ადარებენ. ირენ ჟაკობი კი იმ მცირერიცხოვან მსახიობებს მიეკუთვნება, რომლებიც მომწონს ზუსტად ისეთი, როგორიც არის - ნაზი, დიდი მუქი თვალებით და ყველაფრისმთქმელი ტუჩებით.

ახლა მგონია, რომ კისლოვსკის წითელ ფერში ვარ გახვეული და იმ გემზე ვაპირებ ასვლას, რომელზეც ვალენტინი ადის. რა უცნაურია, რომ მეც სულ გემზე მგონია თავი.

Friday, March 19, 2010

მეკობრეების გემზე

ორ პლედში ვარ გახვეული, გათბობაც ჩართულია, მაგიდაზე ქაფქაფა ჩაით სავსე ჭიქა მიდგას და მაინც მცივა. გაზაფხულზე უფრო საშინლად ცივა, ვიდრე ზამთარში, დავაკვირდი.

უკვე პარასკევია. რა მალე გადის დრო. 2010 წლის მესამე თვეა და ლამის უკვე ესეც დასრულდეს. ირლანდიური St Patrick-ის დღესასწაული კიდევ სულ დამავიწყდა, sorry Irish brothers :(


გასული კვირა კარგი იყო, იმდენად, რომ ვფიქრობდი, ზებრაზე ვცხოვრობ და ხან თეთრ, ხან - შავ ზოლზე დავდივარ-მეთქი. ერთი კვირა დაღლილი, მუქი და დეპრესიული მაქვს, მეორე კიდევ - საინტერესო, მხიარული... მხოლოდ ქარი არ იცვლება, უკვე რამდენი კვირაა, სულ ქრის და თავი გემში მგონია. ფანჯარას გამოვაღებ და წარმოვიდგენ, ვითომ მეკობრეების გემზე ვარ და მივქრივარ. 2კიჯა დადო ბლოგზე არარომანტიკული სომალელი მეკობრის დაპატიმრების ვიდეო და ცოტა გული დამწყდა. ჩემი მეკობრეები სხვანაირები არიან.

Natasha Khan aka Bat For Lashes

კიდევ ლეონარდ შელბიმ Bat For Lashes-ის ალბომი "Two Suns" ამიტვირთა, ახლა ვზივარ, ვუსმენ და ვფიქრობ, მეკობრე კი არა, ინდიელი ვარ და სამხრეთი ამერიკაც ამიტომ მიყვარს. ინდიელს ჰგავს ნატაშა ქანიც თავისი მუსიკით და გარეგნობით.

ამ კვირაში ცეკვის დღეებიც მქონდა, ყოველდღე ვცეკვავი სხვადასხვა მუსიკაზე, კელტური მელოდიებით დაწყებული ლაიონელ რიჩის "Say you say me"-მდე :) ჰოდა, როგორც ნატო მეტყოდა ჰარუკი მურაკამივით:

You gotta dance, as long as music plays!

Wednesday, March 17, 2010

Bat For Lashes


რა უცნაური სახელი აქვს არჩეული ხო? სინამდვილეში კი ნატაშა ქანი ჰქვია. თავიდან ჩაკა ქანის შვილი მეგონა. დრიმარის მაისფეისზე ვნახე მისი ვიდეო პირველად. მერე იუტუბზე სხვა სიმღერებიც მოვისმინე. რაღაცნაირად ლილი ალენს ჰგავს, მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავდება. თავისებური ჟღერადობა აქვს. ყველანაირ ინსტრუმენტზე უკრავს და როცა უკვე აღარ იცი, რას უსმინო, ან ვისი სურათები დაათვალიერო, გამოჩნდება 30 წლის ბრიტანელი გოგო და თავის პაჭუა, ხალიან ცხვირს Sunny World-ზე შემოყოფს.


თუ ვინმემ უფრო მეტი იცით Bat For Lashes-ზე, დამიწერეთ. თუ არადა, ერთად გავიცნოთ.

P.S. ახლა სანტორომ მომწერა ცოტათი ბიორკსაც ჰგავსო. დავაკვირდი და მართლა ჰგავს ისე.

Monday, March 15, 2010

მაღლივის გეტო


შარშან დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩახველება), მაგრამ დიპლომი ჯერ არ ამიღია. არც დამჭირვებია, პრინციპში და ეჭვი მაქვს, ოდესმე დამჭირდეს. ბოლოს და ბოლოს, საზღვარგარეთ წავალ სასწავლებლად, მერე დავბრუნდები და ქრისტიან-დემოკრატი გავხდები; მოიცა, ეს პარტია აშკარად არ შემეფერება. მანამდე რამეს მოვიფიქრებ, იმედია, წითლები ცოტა გაიქაჩებიან :P


დღეს მაღლივ კორპუსში ვიყავი.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან (რომელიც მაღლივშია) ცნობა უნდა ამეღო, რომ 4 წლის განმავლობაში იქიდან წიგნი არ გამიტანია და მიმითვისებია. მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ დიპლომს. რომელ წიგნზეა ლაპარაკი, მანდ, საერთოდ, პირველად მოვხვდი.
მაღლივი - это что-то. სტუდენტები ავტობუსიდან და მარშუტკიდან ისე ხტებოდნენ, რომ ტალახში არ ჩაცვენილიყვნენ. ტრაქტორები კი იდგა, ალბათ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ბუნებრივ "ტალახთსაცავს" რას უპირებენ, არ ვიცი. ისე შემეცოდა, ვინც იქ სწავლობს. გეგონება გეტოში არიან, ქალაქს მოწყვეტილები; ვერ გაიგებ, საით წახვიდე, ან არ წახვიდე. ძალიან ნაცრისფერ-ტალახისფერი გარემოა. ამინდმა და წვიმამაც ხელი შეუწყო, მაგრამ შენობებიც ხო წვიმის ბრალი არ არის :( უზარმაზარი, ბათქაშჩამონგრეული კორპუსები, ძველებური ბიბლიოთეკა, საბჭოთა კავშირის შემდეგ რომ არ გაკეთებულა.
სანამ მე დიპლომისთვის ცნობას ვიღებდი, ერთმა გოგომ ისეთი ძველი და დაფლეთილი წიგნები გაიტანა, შემეცოდა.

ანონსი: "თავისუფლ. მოედანს ზვიად გამსახურდიას მოედანი რქმევია თურმე"

საბოლოოდ, ცნობა ავიღე და ჭავჭავაძეზე დავბრუნდი. კიდევ ერთხელ ვუთხარი მადლობა ღმერთს, რომ სტუდენტი აღარ ვარ, მაგრამ დიპლომი მაინც არ მომცეს. თურმე ჟურნალისტების დიპლომები ჯერ ბოლომდე არ დაუმზადებიათ და ოდესმე იქნება. ამას მეუბნებოდა ყავისფერკაბიანი ქალი II კორპუსში, რომელიც ისე მტრულად მიყურებდა, გაქცევა მომინდა. მაინც როდის-მეთქი? და "ნუ, ალბათ, თვის ბოლოს", გაწელა. Gosh, მთელი ქვეყანა დებ ღლონტებად როგორ იქცა, გული მერევა :(

Sunday, March 14, 2010

In someone else's shoes


ბავშვობაში მქონდა ოცნება, ბევრზე ბევრი ფეხსაცმელი მქონოდა, დიდი სახლი და იმდენი მევლო, ყოველდღე ახალ-ახალი ფეხსაცმელი გამეცვითა :D


ახლა კიდევ ფეხსაცმელების სურათებს ვაგროვებ.
ინგლისურად არსებობს ასეთი გამონათქვამი, in someone else's shoes-ო და რამდენჯერაც ფეხსაცმელს დავინახავ, სულ ვფიქრობ, ნეტავ როგორია სხვა ადამიანი იყო, სხვა ფეხსაცმელი გეცვას და სხვანაირად დადიოდე-მეთქი. ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დროსაც ეს მახსენდება, როგორია სხვის ტყავში/ფეხსაცმელში ყოფნა. ყველას ისეთი ფეხსაცმელი მოსწონს, როგორიც უხდება, ან თავს მოხერხებულად გრძნობს და ხომ ვერ ეტყვი, გაიხადე და ის ჩაიცვი, რომელიც გიჭერს, მაგრამ, რაც მთავარია, მე მომწონსო.


მე ჯერ ისევ ფეხსაცმელების არჩევაში ვარ.


ეს პოსტი არ შეიცავს ნამდვილ ფაქტებს. რეალურ "პერსონაჟებთან" და "მოვლენებთან" ანალოგიურობა, მხოლოდ, დამთხვევაა.

Friday, March 12, 2010

პატარა დავითის ზღაპარი

ბავშვობაში ხო ყველას ჰქონდა საყვარელი ზღაპარი?
მე კიდევ დედაჩემს დავსვამდი და ვთხოვდი, "პატარა დავითის ზღაპარი" მოეყოლა. წარმოდგენილიც კი მყავდა, როგორი იყო ეს პატარა დავითი, გოლიათს რომ შეებმება და შურდულით მოკლავს. თან იმ პერიოდში მეგობარი მყავდა, დათო და მეგონა, ზუსტად მისი მსგავსი იქნებოდა დავით მეფეც :)

დღეს ასეთ "ზღაპრებს" უკვე სხვა კონტექსტში ვკითხულობ და შინაარსსაც სხვანაირად ვიგებ, მაგრამ დავითის ისტორია დღემდე ყველაზე ახლობლად რჩება. ალბათ იმიტომ, რომ ყველას გვყავს გოლიათები (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობის), რომლებთან შებრძოლებაც გვიწევს და ეს ისტორია ძალას გვმატებს, რომ დავითი თუ მოერია, მეც შევძლებო.

თუმცა დავით მეფე იმაზე მეტი იყო, ვიდრე გოლიათების შურდულით მხოცავი. ჩემი მკითხველების უმრავლესობას, მჯერა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექნება მისი ფსალმუნები წაკითხული ისეთ დროს, როცა თავს მარტოდ ან ცუდად გრძნობდა. იმიტომ კითხულობენ, რომ დავითი ყველაზე მარტივი ენით წერს, ღმერთს ესაუბრება და საკუთარი თავის, ადგილის პოვნას ცდილობს. ყველაზე ადამიანური და რთული ბიბლიური გმირია. მის ფსალმუნზე გაკეთებული სიმღერა გამომიგზავნა ადრე დინამ და გადავწყვიტე, იუთუბზე ამეტვირთა სურათით. მგონია, რომ თქვენც მოგეწონებათ.

ბედნიერ შაბათ-კვირას და გოლიათების დამარცხებას გისურვებთ ყველას!

Thursday, March 11, 2010

Luckiest monkey

გუშინ გადავწყვიტე, ადამიანობას დავუბრუნდე და 1-ის ნახევარზე დავიძინე. ასე კარგად თვეებია, არ მძინებია.

უკვე სამი თვეა, რაც "Ne me quitte pas"-ს რეჯინა სპეკტორის ვერსია მაქვს აკვიატებული, თვითონ სიმღერა ლამის უკვე შემზიზღდა, მაგრამ მაინც თავისით მეღიღინება.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მაიმუნობას ვინატრებდი... what a monk-ey luck!


ჩემი ახალი ფავორიტი მსახიობი ემილი უოტსონია, "ბოქსიორიდან" მომწონს, დღეს კიდევ "მეტროლენდში" ვნახე - Brit indie, yep. "Breaking the waves"-ის ნახვა მინდა და ინგლისურად ვერ ვიპოვე. ახლა კიდევ მის სხვა ფილმს ვიწერ. "ლუჟინის დაცვა" - ნაბოკოვის წიგნია, რომელიც 3-4 წლის წინ წავიკითხე და მაშინ ძალიან მომეწონა. უფრო იმიტომ, ნაბოკოვის რომ იყო და მანამდე "ლოლიტას" გარდა, არაფერი წამიკითხავს, ისიც ბოლომდე ვერ დავასრულე. ვნახოთ, ფილმი როგორი იქნება. რაღაცნაირი ბუნებრივი ქალია ეს ემილი და ისეთი თვალები აქვს, ვერ გაიგებ, მოწყენილია თუ ბედნიერი.


რანაირი ამინდია, ხო? ყველაზე საშინელი თვეა ეს მარტი.

Tuesday, March 9, 2010

Indie მოჩვენებები


დღეს სასწაული დღე იყო. ისეთი, სომნამბულური, როგორც მარკესი იტყოდა. უკვე მეორედ ვახსენებ დღეს მარკესს. ნატალიასთან დავწერე გესთ პოსტი. რამდენ ბლოგზე ვყოფილვარ სტუმრად, მაგრამ wonderland-ში სულ სხვანაირად დაიწერა. იმდენი ემოცია მქონდა, პოსტი რომ დავწერე, მერე ცოტა ხანს თვალები დავხუჭე და მუსიკას მოვუსმინე.

არ მჯერა, მაგრამ ჩემი ბლოგი, მგონი, ინდი გახდა ამ ბოლო დროს. თანაც ისეთი ინდი, რომელიც გარკვეულ მკითხველზეა გათვლილი. ხან სულ არ არის მკითხველისთვის და უბრალოდ დღიურია, როგორც წინა პოსტი. არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს ბლოგი ინდი, who cares.

პატარა რომ ვიყავი, ერთ ადამიანს ვიცნობდი, მსოფლიოში ყველაზე განათლებული, ნაკითხი და ლოთი იყო. ჰოდა, ყველა ამბობდა, ამდენი კითხვისგან გაგიჟდაო. თან ხალხთან ლაპარაკი ეზარებოდა, მხოლოდ მე მიყვებოდა ხოლმე წიგნებზე და ჭადრაკის თამაშს მასწავლიდა. გუშინ მეგობართან ვიყავი და იქიდან ღამით წამოვედი ავტობუსით, ფანჯარასთან ვიჯექი და სიბნელეს ვუყურებდი. უცებ გამახსენდა, რომ მეც მარტო იმას ვუყვებოდი ჩემს გიჟურ იდეებზე. რამდენიმე წლის წინ მოკვდა ის კაცი. დეიდაჩემის ქმარი იყო.
გული კი არ დამწყდა, პირიქით, ვიფიქრე, რომ ზუსტად იქ წავიდა, სადაც ბევრი ლაპარაკი არ მოუწევდა.
ალბათ დღესაც მასზე ვფიქრობდი და ამიტომ გამომივიდა მარკესისებური პოსტები მოჩვენებებსა და მკვდრებზე: I love'em both.

Monday, March 8, 2010

რას ეძებთ ოსკარებზე?

ვინც ოსკარებს იმის იმედით უყურებს, რომ კარგ ფილმს დააჯილდოებენ, ძალიან შემცდარა. საერთოდ, კარგ ფილმებს არც ოსკარზე წარადგენენ და არცერთ სხვა ფესტივალზე, იმიტომ, რომ ყველა დაჯილდოება თუ ფესტივალი ბითურული შოუა, მეტი არაფერი.
ერთადერთი ფილმი, რომელიც ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა "პიანისტი" იყო და ისიც იმიტომ, რომ პოლანსკიმ გადაიღო და ბროდიმ მთავარი როლი შეასრულა.

მე ოსკარებს არ ვუყურებ, ანუ ღამეს არ ვათენებ. საღამოს "რუსთავი 2"-ზე (თუ ახლა "იმედზე" გადაიტანეს?) ვნახავ ჩანაწერს. ერთადერთი, რაც ოსკარებზე მაინტერესებს, ქალების კაბებია ხოლმე. ჩემი წლევანდელი აბსოლუტური ფავორიტი კამერონ დიაზი გახდა ზოი სალდანას კაბასთან ერთად.


ზრდილობისთვის, გეტყვით, რომ ოსკარი წელს სანდრა ბულოკმა და ჯეფ ბრიჯესმა აიღეს, როგორც მოსალოდნელი იყო. დანარჩენს თავად უყურეთ :yawn:

ყველა დროის ფავორიტი პენელოპე

Sunday, March 7, 2010

კულტურული დემონები

By Evgenya Gapchinska

გუშინ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებაა. იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც სპონტანურია და ხან ისე იქცევა, თვითონაც უკვირს. ჰოდა, ეტყობა ბევრი ვიფიქრე ამაზე და წუხელ დამესიზმრა, რომ ისევ ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ ადამიანის ბუნებაში დევს პრობლემების სიყვარული. ისევე როგორც სხვადასხვა რელიგიის ადამიანების რწმენაში, რომ მოვა მესია, იქნება მეორედ მოსვლა, დაბრუნდება მუჰამედი, ბუდა და მილიონი ისეთი ვიღაც და რაღაც, რაც ცხოვრებას გააადვილებს, ბოროტება დამარცხდება და თხა და მგელი ერთად დაიწყებენ ბალახის ძოვას :|

მე კიდევ არ ვიცი, რამდენად მომეწონება ისეთი სამყარო, თუმცა წუხელ სიზმარში რომ ვფიქრობდი ამაზე, კარგი იყო სიმშვიდის და სტაბილურობის შეგრძნება. როცა გავიღვიძე, ეჭვი გამიჩნდა, ისეთი ცხოვრება მომწონებოდა, მოვემზადე მთელი ჩემი ცხოვრებისთვის დრამატულად შემეხედა და ტირილი დამეწყო, როცა ისევ ჩემმა თავმა შემანჯღრია და მითხრა, სოფი გოლდენ, მოეშვი drama queen-ობას და მადლობა თქვი იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ღმერთმა მოგცა! It worked.

ხან ძალიან ადვილია საკუთარ თავთან და "კულტურულ" იეცერ არასთან შებრძოლება, როგორც დინამ მითხრა გუშინ, ხან კი - ადამიანი ვერაფერს უხერხებ, ნერვებს იშლი, მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ გგონია და ისიც კი არ გაწუხებს, სამყაროს დასასრული რომ დღესვე დადგეს.

1:0 ჩემ სასარგებლოდ, inner დემონების წინააღმდეგ.

P.S. ვითომ მგელს ბალახი მოეწონება?

Tuesday, March 2, 2010

Holi Holi Holi


გუშინ ინდოეთში ფერების დღესასწაული, ჰოლი, იყო, იცოდით??? მე ჩემი ქართველი ფეისბუქელი მეგობრისგან გავიგე, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს და სწავლობს. ისეთი ლამაზი სურათები ჰქონდა, ინდოეთში წასვლა მომინდა. ყველაზე ლამაზი იდეა ამ ტრადიციაში ის არის, რომ სხვადასხვა ფერებში უნდა "გაეხვიო" და იმხიარულო :) საერთოდ, მიყვარს lovey dovey დღესასწაულები, ნიღბები იქნება თუ ფორთოხლების სროლა, ჰოლიმ თავისი ფერებით და ინდური მისტიკით საერთოდ გადამრია.


გასული კვირის მანძილზე ხან სამხრეთ ამერიკელობა მინდოდა, ხან ირლანდიელობა და როცა ჰოლის შესახებ გავიგე (არ გეგონოთ ინდოელობა მომინდა) მივხვდი, რა ლამაზია მსოფლიო, რა საინტერესოა ყველა კულტურა თავისი ტრადიციებით, რელიგიით, თუნდაც თავისი ფუნდამენტალისტებით და ჩადრიანი ქალებით. მივხვდი, რომ ყველა მიყვარს და მიხარია მათი არსებობა. რა საშინელება იქნებოდა, ყველანი რომ ერთნაირები ვიყოთ, ერთნაირი კანის ფერი ან ერთი რელიგია გვქონდეს. ღმერთმა ზუსტად იცოდა თავისი საქმე, სამყაროს როცა ქმნიდა. Thank You, LORD!

რაც უნდა ვიძახო, გაზაფხული არ მიყვარს-მეთქი, ფანჯრიდან რომ მზე შემომეპარება, მაშინვე მავიწყდება პროპაგანდა, პოლიტიკური სისტემებ და ისეთი ფერადი ხდება ყველაფერი, როგორიც ეს ინდური დღესასწაულია :)


P.S. ჰოლიმ ისე შთამაგონა, რომ ჩემს არცთუ ისე საყვარელ ოთახში, სამზარეულოში, შესვლა "გავბედე" და სეფარდული ფლავი გავაკეთე :)