Monday, June 8, 2015

ბავშვები ოჯახში ანუ არაპირდაპირი მეხუთე მცნება

ერთერთი პოსტის კომენტარზე, საყვარელმა მკითხველმა გვანცამ მკითხა, როგორ მიაღწიე, რომ ეზრა (3 წლის) თავისით იცმევს და კბილებს იხეხავსო (ამაზე პასუხი იმავე კომენტარში უკვე გავეცი, შეიგიძლიათ ნახვა). გვანცა იმასაც განიცდიდა (როგორც ყველა კარგი დედა), იქნებ ჩემს 2 წლის და 9 თვის ბიჭს ყველაფერს ვუსრულებ და არასწორად ვზრდიო.



დავპირდი, პოსტს დავწერ ამაზე-მეთქი და ახლა შევეცდები.
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ექსპერტი არ ვარ, არც დიპლომირებული პედაგოგი ან ბავშვთა ფსიქოლოგი (მაინორს თუ არ ჩავთვლით სოციალურ ფსიქოლოგიაში). ორი პატარა ბავშვის "ჰიპი" დედა ვარ, რომელსაც სწამს ხანგრძლივი ლაქტაციის, ფეხშიშველი სიარულის; მინიმალური რაოდენობის სათამაშოებისა და სხვა "გასათამამებელი" ნივთების.

ეზრა 13 თვის იყო, როცა აარონზე ფეხმძიმობა აღმოვაჩინეთ.
პირველი, რაც ვიფიქრეთ, იყო ის, რომ ეზრა მზად უნდა ყოფილიყო უფროსი ძმობისთვის.
როგორც წესი, ბავშვები ძალიან ეჭვიანები ხდებიან, როცა ოჯახს ახალი წევრი ემატება და ბევრი მსმენია იმის შესახებ, როგორ კეტავენ დედები ახალშობილებს ოთახში, რომ უფროსი და-ძმები არ შეიპარონ და რამე არ დაუშავონ (უნებლიედ და ბოროტი განზრახვის გარეშე, ბუნებრივია. სიბოროტე არავის ჰყვება დაბადებიდან).
ასევე მსმენია, როგორ "ბრუნდებიან" ბავშვობაში უფროსი დედმამიშვილები, იწყებენ საწოვარას წოვას, ზოგი ძუძუსაც ითხოვს და ასე შემდეგ (ყველაფერი ასაკზე დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა).

მჯერა, დედაზე კარგად არავინ იცის შვილის ხასიათი და ტემპერამენტი, ისევე როგორც საკუთარი. დედამ იცის, როგორ რეაგირებს შვილი ამა თუ იმ მომენტში, რა ახარებს, რა სწყინს, რა მოსწონს და რა - არა.
ჩვენ ვიცოდით, რომ ეზრას ყოველთვის მოსწონდა დახმარება (თითქმის ყველა ამ ასაკის ბავშვს მოსწონს, თუ დააკვირდებით და უფლებას მისცემთ): სარეცხის მანქანაში ტანსაცმლის შეყრა და გამოღება, მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტების თაროზე დაწყობა, თავისი (სხვებისაც) ფეხსაცმელების შენახვა, ხილის ან ბოსტნეულის კალათიდან ამოღება და მოტანა, როცა სადილს ვამზადებდი და ასე შემდეგ.
ვიცი ადამიანები, მათ შორის ახლობლები, რომლებსაც აღიზიანებთ, როცა ბავშვები "ფეხებში ებლანდებიან" და ურჩევნიათ, სადმე მშვიდად დასვან, აიფედი ჩაურთონ და ყველაფერი წესრიგში და სუფთად იყოს.
ჩვენთან კი ასე არ არის, რადგან მე არ მაქვს ამის სურვილი :-)
ჩემი სამზარეულო და საერთოდ, მთელი ბინა, უმეტეს შემთხვევაში არეულ-დარეულია.
სასტუმრო ოთახს მამას მოსვლისთვის ვალაგებთ.
დღის ბოლოს კი ეზრასთან (და ახლა უკვე აარონის გვეხმარება, როგორც შეუძლია) ერთად ვალაგებთ ბავშვების ოთახს და ისე ვიძინებთ.

მას შემდეგ, რაც ეზრამ სიარული დაიწყო, ყოველთვის მეხმარებოდა პატარა საქმეებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე: სარეცხის მანქანა, პროდუქტების დალაგება...

როცა ცოტა წამოიზარდა, ვასწავლეთ თავისი ოთახის მილაგება, რომელიც ყოველთვის ასე მარტივი არ არის და სურვილიც არ აქვს, მაგრამ იცის, რომ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ადამიანს უნდა. შეიძლება არ გინდოდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ უნდა გააკეთო, რადგან ჩვენს ოჯახში ასე ვაკეთებთ: ძილის წინ ვაწყობთ კუბიკებს და სათამაშოებს თავიანთ ადგილას. ტანსაცმელს ლამაზად ვკიდებთ სკამზე და ისე ვიძინებთ.

სამზარეულოში.
პატარა ბავშვებს სანამ მოტორიკა კარგად განუვითარდებათ, მილიონჯერ დაებნევათ სიმინდის ფანტელები, ქიშმიში, იატაკზე დააქცევენ წყალს, ჩაის, რძეს, გატეხავენ თეფშებს, ჭიქებს...
მაგრამ ამაზე გაბრაზება საერთოდ არ ღირს, რადგან ბავშვობის ჩვეულებრივი პროცესია.
როგორც ერთმა ჭკვიანმა გერმანელმა რაბინმა, სამსონ რაფაელ ჰირშმა თქვა, ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა დასაჯო მკაცრად, როცა სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში (მაგალითად, ქუჩაში ხელს არ ჰკიდებს მშობელს, არ უჯერებს და წინ გარბის) და მაშინ, როცა მშობლებს პატივს არ სცემს. 
სხვა შემთხვევაში ბავშვის მკაცრად დასჯა და მით უმეტეს, ფიზიკურად, აბსოლუტურად აკრძალულია.

იდეალური დედა არ ვარ, როგორც ზოგმა შეიძლება დამცინოს, არც ორგანიზებული, უბრალოდ ძალიან პრინციპული. როგორც ჩემი მრავალშვილიანი მეგობარი ამბობს, always mean what you say-ო, ანუ "ქართულ-მხატვრულად" რომ ვთარგმნო, ჩემს ნათქვამს არ გადავდივარ.
თუ დღეს ბავშვებს ვუთხარი, რომ სასტუმრო ოთახში პური არ შეგვაქვს და მხოლოდ სამზარეულოში ვჭამთ, ეს ხვალეც ასე უნდა იყოს. თუ ეზრას უარი ვუთხარი რაღაც კაპრიზზე, ამას ხვალ არ შევუსრულებ. ისეთ მომენტში კი, როცა ძალიან გვეჩქარება, ყველაფერი თავზე გვეყრება, ბავშვები წივილ-კივილში არიან და ერთადერთი, ამ კაპრიზის ასრულება გააჩუმებთ. არა ნიშნავს არას და ჰო - ჰოს, როგორც იტყვიან :-)

თუმცა, არის მომენტები, როცა არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რასაც მშობელი არ შეასრულებ. მაგალითად, ბავშვი გაღიზიანებულია, შია, უკვე ძილის დრო აქვს და არ უნდა სათამაშოების ალაგება, არ უნდა და მორჩა! მშობლები გამიგებენ ამ გაჟინიანებას.
მაშინ ტკბილად უნდა გაუღიმო და უთხრა, რომ დედიკოც (ან მამიკო) მიეხმარება, დადგე მასთან და დაიწყო სათამაშოების შენახვა.
ბუნებრივია, ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული, მშობლის მიმართვის ტონსა და იმაზე, აქამდე როგორ არის ბავშვი მიჩვეული, ხშირად აკეთებს დედა მის მაგივრად საქმეს თუ არა.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწყენდეს მშობელი და სამაგიერო გადაუხადოს. რამდენიმე ადამიანისგან მაქვს გაგონილი, როგორ ეუბნებიან შვილებს, კარგი, რახან შენ არ მიჯერებ, მეც ასე არ დაგიჯერებ და ნაყინს აღარ გიყიდიო.
არა და არა!!!
მშობელი არასოდეს უნდა განაწყენდეს შვილზე, შეიძლება მკაცრად უთხრას რაღაც, მაგრამ ძალიან ძნელია პატარა ბავშვისთვის გაბუტული მშობლის დანახვა, რომელიც მისთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს.
მეორე, ძალიან გაუწონასწორებელი ვარიანტია, არ დაგიჯერებ, შენ თუ არ მიჯერებ.
მესამე, ნაყინს რაც შეეხება. თუ ბავშვის ასე დასჯა გსურს, მაშინ კონკრეტულად უნდა თქვა, რომ დღეს ან ხვალ არ გიყიდი, რადგან მე ასეთი მშობელი არ ვიცი, რომელიც შვილს ნაყინს სამუდამოდ არ უყიდის :-)))

მჯერა, აღზრდაში ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მშობელს გინდა ღირსეული, ძლიერი და ამავე დროს, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი გაზარდო.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც უნდა.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ ოჯახის წევრია და მისი ოჯახი განსხვავდება სხვებისგან, შესაბამისად, ის იქცევა ისე, როგორც მშობლები ამბობენ და არა ისე, როგორც სხვები.
რაც ყველაზე მთავარია, ბავშვმა უნდა იცოდეს 100%-ით, მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებს ის უსასრულოდ უყვარს და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მის გვერდით დადგებიან, მხარს დაუჭერენ და წაქცეულს ააყენებენ.

იმედია, ოდნავ მაინც ვუპასუხე გვანცას შეკითხვას.

ორი სიტყვით:

  • ბავშვს ვაძლევთ სტიმულს დამოუკიდებლობისთვის და ვიხმარებთ საქმეებში.
  • ვართ პრინციპულები
  • და სიყვარული, სიყვარული! უსასრულო და უანგარო სიყვარული. ჯერ არ ყოფილა, რომ სიყვარულს ადამიანები გაეფუჭებინოს. სიყვარულს და არა გათამამებას (ოღონდ ამაზე სხვა დროს)


ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას!!!


პოსტ სკრიპტუმ:

იცით, რომ საქართველოში ახალი ჟურნალი "ზებრა" გამოვიდა? მშვენიერი ადამიანების გაკეთებული გამოცემა, ასევე გადასარევი ხარისხითა და ფერებით, სადაც ჩემს ბლოგსაც იხილავთ ხანდახან.


Tuesday, June 2, 2015

ჩვენნაირი რომ ყოფილიყო... ცნობილი ჰიტის მოტივებზე

თურმე ამ სიმღერას შინეიდ ო'კონორი სულაც არ მღერის, როგორც მე დიდი ხნის განმავლობაში შეცდომით მეგონა. ჯოან ოსბორნის one hit wonder ყოფილა, მაგრამ მე ო'კონორი მიყვარს და მის სურათს ჩავართავ ამ პოსტში.


სულ ღმერთის ძიებაში იყო ო'კონორიც. არ ვიცი, იპოვა თუ არა, მაგრამ სულ ეძებდა.
მე კიდევ თის ეს პოსტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში და ხშირად მეფიქრება იმაზე, რაზეც ის ფიქრობდა: ღმერთის დავიწყებაზე, უმადურობაზე... კიდევ ბევრ რამეზე.
არც დამვიწყებია და ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველ წუთსა და წამს, ყოველივე წვრილმანისთვის მადლობას ვუხდი.

მაგრამ დღეს საღამოს აარონს რომ ვაძინებდი, უცებ გული ამიჩუყდა და გამახსენდა, თუ როგორ სხვანაირად უყვარდა პატარა სოფის ღმერთი, როგორ განსაკუთრებულად სწამდა და სჯეროდა მისი და ახლა, 30 წლის ქალს, რომელიც მთელი დღე დარბის, სულ სხვანაირად უყვარს, კიდევ უფრო მეტად სწამს, მაგრამ ის ბავშვური გულუბრყვილობა აღარ აქვს.

არ ვიცი, რამდენად კარგად ვხსნი.

11 წლის ვიყავი, დედამ (90-იანები იყო!!!) პირველი "კალგოტკები" რომ მიყიდა, "ხორცისფერს" რომ ვეძახდით მაშინ, დიდ გოგოებს რომ ეცვათ და ძალიან ძვირი ღირდა (რადგან ფული არ იყო, 90-იანები...). ჩავიცვი, ერთხელ გადავდგი ფეხი, მეორედ მერე მუხლთან ცოტა მოვქაჩე და თვალი წაუვიდა მაშინვე... წაუვიდა, წაუვიდა და ჩემზე გულდაწყვეტილი ადამიანი არ მოიპოვებოდა მაშინ დედამიწაზე.
მაშინვე გავიხადე და იცით, რა ვქენი? ლამაზად დავკეცე. უჯრაში ჩავდე და ლოცვა დავიწყე. ღმერთს ვთხოვდი, გაემთელებინა ჩემი "კალგოტკა", რადგან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი მაშინ. ჩვენ კიდევ ფული არ გვქონდა და დედაჩემის ხელფასი (კაპიკები/კუპონები!) ძალიან მენანებოდა.
ვლოცულობდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთი მოისმენდა ჩემს ლოცვას და გაამთელებდა თვალწასულ წინდას.
ისე გამოვაღე უჯრა და გავსინჯე წინდა, თვალიც არ დამიხამხამებია. 100%-იანი რწმენა მქონდა.

არ მკითხოთ, გამთელდა თუ არა ჩემი ხორცისფერი "კალგოტკა", მაგრამ ჩემს რწმენაზე ამას ოდნავადაც არ უმოქმედია. საკუთარი თავი გავამხნევე და ვუთხარი, უფრო ძლიერად უნდა ილოცო და ღმერთს ისე სთხოვო, მაშინ უკეთესად მოგისმენს-მეთქი.

ჰოდა, დღეს საღამოს, როცა აჭინჭყლებულ აარონს ვაძინებდი (უკანა დიდი კბილები ამოსდის), ისე მომინდა ძველებურად დავლაპარაკებოდი ღმერთს, როგორც ძალიან ადრე ჩემს მზიან ოთახში, თბილისში. დავლაპარაკებოდი და ყველაფერი მეთქვა, რას ვფიქრობ ქვეყნიერებაზე, რას ვისურვებდი და რას - არა...
მომეყოლა ჩემი სიხარულის, გულისტკივილის, წარმატებებისა თუ მარცხების შესახებ...
მაგრამ არ გამომდის.
არ ვიცი, რატომ აღარ გამომდის :-/
ახლა მხოლოდ იმას ვთხოვ, ჩემი ოჯახი იყოს კარგად, მერე მშვიდობას დედამიწაზე, ჯანმრთელობას... და იმდენად დაღლილი ვარ, მეტს ვეღარაფერს ვიხსენებ.

გაგვიმართლა, ღმერთი რომ ერთი ჩვენგანი არ არის.
ალბათ.