Wednesday, May 23, 2012

მეექვსე კვირა

ეზრა 6 კვირაზე ცოტა მეტისაა და გადაწყვიტა, რომ ძილი ამ ეტაპზე არ სჭირდება. ასევე გადაწყვიტეს ჩვენმა მეზობლებმა და ტყუპები გააჩინეს; ამიტომ, როგორც იქნა დამდგარი ზაფხულის გამო, ყველა ფანჯარა რომ ღია გვაქვს სახლში, ისე მგონია, სამი ბავშვი გვყავს. ერთი ეზრა, რომელიც უკვე 6 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვივით ღრიალებს და კიდევ ორი კნუტი.

დედაჩემი ეზრას დამშვიდებას ცდილობს, მე – პოსტის დაწერას და ჩემი ქმარი ფიქრობს, რომ ქალები ბევრად უგულოები და სასტიკები ვართ, ვიდრე კაცები. თვითონ ბავშვის ერთ წამოკნავლებაზე მასთან გარბის, მე კიდევ ფეისბუქს ვსკროლავ და ავსტრალიურ ბლოგებს ვკითხულობ. რა ვქნა, რომ ფეთიანი დედა არა ვარ. მხიარული დედა ვარ: ეზრას სულ სასაცილო რაღაცებს ვუყვები და ვამხიარულებ.

დედობა ძნელი ყოფილა და თანაც როგორ. ამაში ალბათ კიდევ უფრო მაშინ დავრწმუნდები, დედაჩემი რომ წავა და ეზრა ახალბედა მშობლებს მარტოებს მოგვიხელთებს. არადა, კარგი ბავშვია, უბრალოდ, ყოველდღე იცვლება და ხასიათი უყალიბდება.
გარეგნობით უცნაურია, დიდად არცერთ მშობელს გვგავს, უბრალოდ მუქი ლურჯი თვალები აქვს და ჩემნაირი ცხვირი. ყველაზე სასაცილო ისაა, დედაჩემი ჩემს ქმარს ამსგავსებს და ჩემი ქმრის მშობლები და ძმა ფიქრობენ, რომ მე მგავს.

ხანდახან უცნაური სევდა შემომაწვება ხოლმე, სიმართლე გითხრათ, ჩემი ქართველი მეგობრები სასწაულად მენატრებიან და ისე მინდა, გავიდე გარეთ და ისინი დავინახო ამ უცხვირპირო გერმანელების მაგივრად; ან ეზრა "კენგურუში" ჩავსვა და ყავის დასალევად სადმე წავიდეთ (ჯერჯერობით საშინლად რომ სძულს ეს კენგურუ, არ ითვლება). ზაფხულობით ეს ნოსტალგია უფრო ძლიერი იმიტომ ხდება, რომ სოფელში მინდა ხოლმე წასვლა და მთის სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა, მდინარეში ცურვა და კარტოფილის ხინკალი. ლილუ მენატრება და ყველა გამვლელ–გამომვლელი, რომლებიც, მნიშვნელობა არა აქვს, გიცნობენ თუ არა, გესალმებიან და გამოგელაპარაკებიან.

ახლა ვოცნებობ, ეზრა როდის გაიზრდება, საქართველოში რომ წავიდეთ და იმდენი ითამაშოს თავის მომავალ ბიძაშვილ–დეიდაშვილებთან, რამდენსაც მე ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი.

მომავალ შაბათ–კვირას შავუოთის დღესასწაულია. ეზრას პირველი შავუოთი და თორის მიღება. ვერასოდეს ავხსნი და ალბათ, არც უნდა ავხსნა, რას ვგრძნობ, როცა მსგავსი დღესასწაულები დგება, მე უკვე შვილი მყავს და ზრდასრული ქალი მქვია, რომელსაც უფრო მეტი მოეთხოვება წელს, ვიდრე შარშან. მოეთხოვება რა, სხვა პასუხისმგებლობა და მიზნები გაუჩნდა.

ეზრა ისევ ტირის. ოჰ, ეს კრიზისული მეექვსე კვირა.
ვიცი, რომ ესეც გაივლის, თან ძალიან სწრაფად და მერე ბებიაც უცებ გავხდები. ბლოგერი ბებია, ღმ–ერთმა იცის, უკვე რომელიც ქვეყნიდან.

Monday, May 7, 2012

1 თვე და ახალი გმირი



ეზრა უკვე 1 თვისაა და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა იმ ქალებს დავემსგავსო, მხოლოდ თავის შვილებზე რომ საუბრობენ, სხვანაირად მაინც არ გამომდის. თითქოს მთელი სამყარო გაჩერებულია და ჩემი ტემპით მიდის. ჩემი ტემპი კიდევ ეზრას ტემპია, მისი დაძინება, გაღვიძება, ჭამა, გამოცვლა, ბანაობა და მერე ისევ ყველაფერი თავიდან.
ჩემმა მეგობრებმა წიგნები გამომიგზავნეს თბილისიდან და ეზრას როცა ვაჭმევდი, მაშინ ვკითხულობდი, მერე თავი დავანებე, რადგან უსამართლოდ მომეჩვენა სხვების ამბების წაკითხვა, როცა ჩემი "ამბავი" ჭამდა და ჩემგან ემოციურად მასთან ყოფნა სჭირდებოდა.
ახლა ვესაუბრები. ქართულად ძალიან სასაცილო რაღაცებს ვუყვები, ამ დროს დედაჩემი ცდილობს, მისი სახელი მოფერებით შეკვეცოს და ჯერჯერობით  არ გამოსდის, ამიტომ, "ჩემი პატარა ლამაზი ბიჭით" შემოიფარგლება და სახელის შეკვეცის მაგივრად, საბანს მაგრად უკეცავს და უნდა, ჩათბუნული მყავდეს.

ზოგჯერ მოსაწყენია ყველაფერი. თანაც ძალიან. ზოგჯერ მგონია, რომ დავიღალე და მერე მახსენდება, ჯერ რა დროს დაღლაა, როცა ყველაფერი სულ ახლახან დაიწყო.
უცნაურია დედობა.
ხშირად მეძინება.
ბოლო დროს ნაკლებად მახსენდება მშობიარობის ტკივილები, როცა ძალიან დავიღლები ან გამოუძინებელი ვარ, გულიც მხოლოდ მაშინ მიჩუყდება.

მინდა, ისე ძალიან დათბეს, ეზრას თბილად აღარ ჩავაცვა და ქუჩაშიც უქუდოდ ვასეირნო, რომ მზემ მოუღუტუნოს პატარა, რბილ თავზე. მეც მინდა, მზე ისევ მადგეს სახეზე და მაღიმებდეს, როგორც აქამდე იყო ხოლმე და საერთოდ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეტი რამე მინდა და განსაკუთრებით მზისგან ვითხოვ ხოლმე ამ ყველაფერს: სითბოს, სიხარულს და სიცილებს.

დღეს ეზრას რაღაცები ვუყიდე და სახლში რომ მოვდიოდი, ჩემს თავს ვუთხარი, სოფი, თითქოს ისევ იგივე ადამიანი ხარ, როგორიც აქამდე იყავი, უსამართლობა გძულს და ის ტენდენციები, ადამიანები ერთმანეთს რომ დასცინიან, გულს წყვეტენ და საკუთარი თავის გამოჩენა უნდათ, ყველაზე შტერულ რაღაცებზე ისევ გემრიელად გეცინება და დრიუ ბერიმორის სიხარულიც საკუთარივით გიხარია; მაგრამ მაინც, მაინც, მაინც, სოფი, შენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა და ახლა სახლში გეჩქარება, რადგან ეზრა გელოდება, რომელიც ჯერ მხოლოდ რძის სუნით გცნობს და შენ თავი იმ ზღაპრის გმირი გგონია, თავისი ბეკეკებისთვის რომ საჭმელი მიაქვს სახლში და ისინიც კარს მხოლოდ ასე უღებენ.

ეზრა ჯერ კარს ვერ მიღებს, სივრცეში იცინის თავისი უკბილო პირით და მაშინ ვიცი, რომ ცხოვრება კი არ იცვლება, ჩვენ ვცვლით, არჩევანს ვაკეთებთ ცხოვრებაში და როცა რაღაც ძალიან გვინდა, აუცილებლად მოდის ჩვენთან.
მსოფლიოს ყველაზე სოციალისტ იუდაისტთან თუ მოვიდა, სხვებთანაც მივა, ვისაც სჭირდება.