Thursday, April 30, 2009

"პოსტფემინისტის მოგონებები"


ამ პოსტის დაწერა ბაბისას ბლოგმა შთამაგონა, რომელიც ახლახან აღმოვაჩინე. ფემინიზმზე წერდა და ამბობდა, არ ვარ მე ფემინისტიო!

სამაგიეროდ მე ვიყავი.
ჩემი ფემინიზმი თინეიჯერობიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც წავიკითხე ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი". "ჩემს" ფემინიზმს კიდევ ჰქონდა ერთი ასეთი მიზეზი, რომ ჩემი მშობლები უკვე გაყრილები იყვნენ და სახლში გადაწყვეტილებას ყოველთვის ქალი იღებდა. ოღონდ იმ დროს კლასიკური ფემინიზმი მთელი თავისი მიმდინარეობებით, იქ სუფრაჟისტებით, რადიკალებით, ლიბერალებით, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. უბრალოდ, მომწონდა ის თანასწორობა, რაზეც ფემინიზმია დაფუძნებული. თან ისე დაემთხვა, რომ ჩემ გარშემო, ვისაც ვხედავდი - შორეული ნათესავებიდან დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ყველას loser ქმარი ჰყავდა :| არ ვიცი, პერიოდი იყო ისეთი, კაცებმა თავისი ფუნქცია რომ დაკარგეს, თუ რა; მე იმ პერიოდში გადავწყვიტე: არასოდეს გავთხოვდებოდი, როგორც კი შევამჩნევდი მამაკაცს "მზრუნველობას" და სკამის დათმობას, მასთან ურთიერთობას შევწყვეტდი. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა მოზარდი ვიყავი და ამ ასაკში ბიჭები სკამებს სულ არ უთმობენ, რაც უფრო თავხედები არიან, მით უფრო იზიდავენ გოგოებს.

ახლა რომ ვხედავ, მგონია, რომ ის უბრალოდ პროტესტი იყო იმ მამაკაცებისადმი, ვისაც ვხედავდი, რომ არ იმსახურებდნენ ქალებისგან ამდენ დათმობას. დღეს ნაკლებად ვურთიერთობ რეალურ ადამიანებთან და დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ვატარებ, სადაც მსგავსი ადამიანები არ მხვდებიან, იმიტომ, რომ აქ მე ვირჩევ, ვისთან ვიმეგობრო და ვინ შემოვუშვა ჩემს ინტიმურ სივრცეში, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა ;)

ჩემმა თინეიჯერობამ ჩაიარა, 20 წელსაც გადავცდი და რადიკალიზმი პოსტფემინიზმში გადავიდა, თუ არსებობს ასეთი რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე თმას საპარიკმახეროში, oh, უკაცრავად, სალონში, არასოდეს ვიჭრი (ლეგენდაა ასეთი, რომ წითელთმიანი ფემინისტი ქალები თმებს სხვებს არ აჭრევინებენ), ბიჭები თუ სკამს დამითმობენ, ამას უკვე აღარ ვაპროტესტებ ;) სამაგიეროდ, იუდაიზმში ვიპოვე ჩემი ადგილი, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ქალი უთმობს კაცს გზას, ქალი არ არის ჩაგრული არსება, დაწერილია, რომ ქალი შინაგანი სამყაროა, ბევრად ღრმა, ვიდრე მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება სჭირდება, რომ ისწავლოს, ისწავლოს და ჭეშმარიტებას მიაგნოს. ეს კი ქალში თავისთავად დევს. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, როგორც ყველას და ყველაფერს, რომ დამენახა ფემინიზმის არსი, ჩემი ადგილი ამ მიმდინარეობაში (რომელიც საბოლოოდ ვერ ვიპოვე) და საერთოდ, ცხოვრებაში. So I've been there & I'm proud of it.

Just click on'em:

საინტერესო სტატია თემაზე

საინტერესო ისტორიები ქალებსა და თანამედროვეობაზე

Wednesday, April 29, 2009

ჰოი, საოცრებავ!


ბოლო ორი დღეა, ყოველ საღამოს ინტერნეტი მეთიშება და პოსტის დაწერასაც ვერ ვასწრებ. ამიტომ 11 საათზე უკვე დასაძინებლად მივდივარ და ახლა მივხვდი, როგორ მომნატრებია ადამიანობა :| რაც ინტერნეტი ხელმეწიფება, იმის შემდეგ 11-ზე არ დამიძინია. სანამ დავიძინებ ტელევიზორს შევავლებ ხოლმე თვალს.

წუხელაც ასე შევავლე კავკასიას. პირადად არ მიიღოთ, მაგრამ ალექსანდრე ელისაშვილი მე აქამდე კარგი ჟურნალისტი მეგონა. სტუმრად ჰყავდა ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლების მთელი ნაღები(ნები) - ძიძიგური, ბესელია, ხიდაშელი, გუბაზი; ერთი სალომე აკლდათ, მომღერალი ბულბული, და შესაშურ კვინტეტს ვიხილავდით. სადღაც 12-მდე გავუძელი ამ გადაცემას, ერთი, რომ საშინელი ხარისხის გადმოცემა აქვთ და შორი ხედის კამერა საერთოდ ვერაფერს აფიქსირებს, მეორე - ელისაშვილი ისეთი აჟიტირებულ-ემოციურად აღგზნებული მომეჩვენა, ყურება არ შემეძლო. ჰოდა, პაიჭაძე ვინატრე. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ფავორიტი ლექტორია და საინტერესო წიგნებს მირჩევს ხოლმე, არა - უბრალოდ, მომენატრა ერთი მშვიდი, გაწონასწორებული ჟურნალისტი ხმის აწევის გარეშე რომ ისაუბრებს და რესპონდენტების პასუხებს დააბალანსებს, ანუ ორივე მხარეს ასაუბრებს.

ბოლო ორი პოსტია, რაც ჟურნალისტები მაშფოთებენ, შეიძლება ითქვას, და კიდევ ერთხელ მიმტკიცდება ის აზრი, რომ როგორიც ხალხია, ისეთი ჰყავს ხელისუფლება-ოპოზიცია-მედია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. როცა ადამიანი შვილებს მიტინგზე წაიყვანს და საკანში წამოწვება, იქ დამთავრებულია ქვეყნის დემოკრატიულ ფასეულობაზე საუბარი.

არ მინდა დიდი პოსტი გამომივიდეს, თანაც უკვე მთელი თვეა ვცდილობ, პოლიტიკას გვერდი ავუარო, მაგრამ ვეღარ შევძელი.
მაწუხებს გადაკეტილი ქუჩები, მაწუხებს აპრილში ჩადენილი დანაშაულებების გაზრდილი რიცხვი, მაწუხებს, ჩემი პატარა მეგობრები რომ სკოლაში ვერ დადიან, ჩემს ჯგუფელებს და უფროს მეგობრებს კიდევ დეპრესია აქვთ.

ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ვუერთდები დოდკას.
გვაცალეთ!!!

(ფოტოები აღებულია დოდკას 'Wall photos'-დან, Facebook)

Sunday, April 26, 2009

Turn on that box

რამდენი ხანია, მინდოდა პოსტის დაწერა ტელევიზიაზე. ხან მავიწყდებოდა, ხან - მეზარებოდა, მაგრამ გასული ხუთშაბათის (23.04.09) "პროფილმა" გადამაწყვეტინა, რომ უნდა მესაუბრა ტელევიზიაზე, თუ ასე ჰქვია ქართულ საეკრანო სივრცეს.

ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, მაგრამ როცა ჩართულია, ბუნებრივია, ყურები იქით გამირბის და ძალაუნებურად მესმის მაია ასათიანის მარგალიტები. 2007-ში "გაუ"-ს პიარსკოლის სამთვიანი კურსი გავიარე, სადაც მაია ასათიანი მიკითხავდა მედიამენეჯმენტს. ზუსტად მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ ახლა ბევრი სატელევიზიო არხი გვაქვს, ბევრი გადაცემა და, შესაბამისად, ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია ახლანდელი წამყვანებისგან (Б-же упаси!). აბა, ჩემს დროს ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო და იმისგან რა უნდა ესწავლაო :| გასაგებია, რომ ჩემი მოზარდობა, უკვე ასათიანისაზე უკეთ, ემთივიზე აეწყო და ჯულიეტა არ მახსოვს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე უფრო კარგად წაიყვანდა "პროფილს", ვიდრე მისი დღევანდელი წამყვანი, რომელიც "პრეზერვატივს" ვერ ახსენებს, "მაინც ქალი ვარ და იმ სიტყვას ვერ ვიტყვიო" - ეს ფრაზა შეგიძლიათ ზემოთ არსებულ ლინკში მოისმინოთ.

ჩემზე რამდენიმე დღით ადრე თაზომ მშვენიერი პოსტი დაწერა ტელევიზიის შესახებ და აღნიშნა, როგორ არ უნდა დღევანდელ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც ორი ალტერნატივაა: მაესტრო/კავკასია ან სახელმწიფო ტელევიზიები, ორივე "ჯიშის" მაუწყებლობა, რა თქმა უნდა, ტენდენციური და ნამდვილი ჟურნალისტიკისგან შორსაა. თაზოსგან განსხვავებით, მე ყოველთვის მქონდა ტელევიზიაში მუშაობის სურვილი და დღემდე მგონია, რომ ჩემი ადგილი უფრო იქაა, ვიდრე პრესაში. გარდა იმისა, რომ ასათიანისგან განსხვავებით ჯულიეტა ვაშაყმაძეზე არ გავზრდილვარ და CNN, BBC, MTV, Travel Channel-ით ვიკვებებოდი, მაინც უნდა ვთქვა, რომ პირველი ტელეწამყვანები, რომლებიც მიყვარდა და სიამოვნებით ვუყურებდი, იყვნენ თიკა, აწ თინა, კანდელაკი და ქეთი კეკელია. არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, მაგრამ ეს ორი გოგო შორეულ 90-იანებში მეორე არხის ყველაზე ნათელ წერტილებს წარმოადგენდნენ. შეიძლება, ისინი პროფესიონალი ჟურნალისტები არ ყოფილან, მაგრამ ჰქონდათ ის sparkle, რაც ტელეწამყვანს უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, და თუ საჭიროა, "პრეზერვატივიც" ახსენოს, მიუხედავად იმისა, რომ ქალია :| თინა კანდელაკზე, როგორც ბოღმიანებს სჩვევიათ ხოლმე, მილიონ ჭორს და ღვარძლიანობებს ავრცელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ თინა არის ისეთი ტიპის წამყვანი, რომლის ყურებაც შეიძლება და საოცრად უშუალოა ბავშვებთან ურთიერთობისას თავის გადაცემაში. მე კიდევ ჯერ არ მინახავს ისეთი ქართველი ტელეწამყვანი, რომელიც ყოველგვარი პრანჭვა-გრეხის გარეშე გაიცინებს, ბუნებრივად "გამოძრავდება" და დაგარწმუნებს, რომ ცხოვრება მართლა მშვენიერია და არა ისე, "ჩვენთან" როა, ხო იცით ;)

ამ უშუალობისა და ბუნებრიობის სწავლა რამდენად შესაძლებელია, ამას უკვე ვერ გეტყვით. ბევრი ჟურნალისტი არსებობს, თუნდაც ჩემი ჯგუფელი სტუდენტები, რომელთა მოსმენა და დანახავაც ღირს, მაგრამ ჩვენთან ურჩევნიათ ცარიელი თვალები გამოუშვან სატელევიოზიო ეთერში, რომლებიც "ყველაფერს ვერ იტყვიან, რადგან ქალები არიან".
ვითომ, ესეც "რაც ერი, ის ბერიო"-ს ბრალია?..

Thursday, April 23, 2009

Frozen

'You're frozen - when your heart's not open...'
მადონას ეს სიმღერა გახსოვთ? "თინეიჯერობაში" მიყვარდა ძაან, მმმმ!

მადონას რა უჭირს, ორმოცდაათს გადაცდა და ფეხებს ისევ კისერზე იწყობს.
მე, კიდევ, დღეს გავითოშე, 40 წუთი ველოდე ავტობუსს ფილარმონიასთან, მერე გავბრაზდი და მეტროში ჩავედი. თურმე ზესკნელში ისე ციოდა, მეტროში რომ შევედი, ჯერ სათვალე დამეორთქლა და ხურდები ძლივს მოვიქექე, მერე მატარებელში კაი ხანს გაშტერებული ვიყავი და ვერ ვიგებდი სადგურის დასახელებას. ამას ჰქვია freezin' guts out.

კარვების ქალაქიო, გაიგეთ?

დღევანდელი დღე სასწაული იყო. თათიას ბლოგზე დავუწერე, რას ამბობ, ნეტში ურთიერთობა პირად საუბრებს და თვალებში ჩახედვას როგორ შეიძლება ჯობდეს-მეთქი...

The story: ჯერ იყო და ბიზნესის ფსიქოლოგიის ლექციაზე დისკუსია გაიმართა პოლიტიკაზე :| მე ვთქვი, ახლა რუსეთი რომ შემოვიდეს, ისევე გვიშველის, როგორც ამერიკამ უშველა ერაყს და დემოკრატიის აკვანი დაურწია-მეთქი. ჰოდა, მეტაკნენ, ეგ რა შედარებააო. ვითომ ერაყს როგორ ადარებ საქართველოს, თუ ამერიკას და რუსეთს როგორ ადარებ ერთმანეთსო, კარგად ვერ გავიგე :| ეკონომიკაზე ვსაუბრობდით და "გამოვაცხადე", დამთავრდა, ciao, აღარასოდეს იქნება პატარა ქვეყნებში დიდი მრეწველობები, რადგანაც ზესახელმწიფოები ამის უფლებას არავის მისცემენ-მეთქი. ამაზეც მეტაკნენ, რა თქმა უნდა, ლექტორმა მითხრა, არასწორად მსჯელობ, პატარა ქვეყნებს პრინციპულობა გადაარჩენო. ერთადერთი ასეთი პრინციპული ქვეყანა კუბა ვიცი-მეთქი და ისიც ყველასგან იზოლირებული. მერე მეექვსეში გადავედი და დალის ლექციას დავესწარი. გეებზე უნდა დაეწერა ვიღაცას სტატია და მთელი ლექციის განმავლობაში იკვლევდა ერთი ბიჭი: აუ, პიდარასტებზე ვინ წერსო??? მოკლედ, ვიყავი მე და მთელი ჯგუფი as usual. ნატოშა გამახსენდა, გუშინ ვსაუბრობდით ზუსტად ჩვენს უნივერსიტეტებზე და მარაზმი ადამიანების პარადზე :( გამიტყდა რა. აშკარად შევცდი იმაში, თვალები და ცოცხალი საუბრები რომ მირჩევნია ინტერნეტ ურთიერთობებს. არადა, ბევრი (დღეს უკვე უახლოესი მეგობრები) ადამიანი სწორედ ინტერნეტით გავიცანი და ურთიერთობას ბევრად უკეთ ვაწყობთ.
იულია როზენბლატმა (რაბინის მეუღლე) თქვა იმ დღეს, შაბათის სადილზე, ინტერნეტით ხშირად უკეთესი ურთიერთობები იმიტომ იგება, რომ იქ ადამიანებს არ აინტერესებთ ერთმანეთის გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა და crap like that, იქ აქცენტი უფრო აზროვნებაზე, შეხედულებებსა და მსოფლმხედველობაზე კეთდებაო. მართლა ასე ყოფილა.

Tuesday, April 21, 2009

ესეც გოგო... ესეც ბიჭი!

"სიზმარა" გემახსოვრებათ. ჩემი ბავშვობის მულტფილმი იყო. 4-5 წლის ვიყავი, როცა პირველად (მეორედ, მეგ რაიანი "როცა ჰარი შეხვდა სალის"-ში) იქ მოვისმინე შეყვარებული ქალის ვნებიანი მონოლოგი და ასევე ამ მულტფილმმა დამაინტერესა, როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები. "ესეც გოგო, ესეც ბიჭი" და все? მაშინვე ვკითხე დედაჩემს, როგორ გავჩნდი-მეთქი, საიდან მოვედი, ეგ უკვე ვიცოდი ;) დედაჩემმა ამიხსნა, რომ ქალის და კაცის ერთად დაწოლით ჩნდებიან ბავშვები და არა - სიტყვით. იმ ასაკში "ერთად დაწოლა" საკმარისი იყო ჩემთვის, თუმცა მერე ამანაც დამაფიქრა, რადგან იმ დროისთვის ჩემი მშობლები უკვე ხელსაც აღარ ართმევდნენ ერთმანეთს.

ჰოდა, რამ გამახსენა ეს ამბავი. იმ დღეს ნათესავთან ვიყავი, 3-4 წლის ბავშვი ჰყავთ. "ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს" წიგნს ვათვალიერებდით. ჰოპ, წეროს სურათი დაინახა ბავშვმა და მეუბნება: ნახე, ეს წეროა, ამან მომიყვანა, კართან დამტოვა, მერე მამიკომ მნახა და სახლში შემომიყვანაო. მეთქი, ეგ ვინ გითხრა? დედიკომო. გავბრაზდი, hell, სულელია ეგ ქალი? მაგრამ მაშინვე გამახსენდა ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვები: ნურასოდეს დაამცირებთ დედას შვილთან და ქმარს ცოლთანო! გავჩუმდი, იმიტომ, რომ აშკარად მე არავინ მეკითხებოდა ბავშვისთვის რეპროდუქციული განათლების მიცემას. ამ შემთხვევაში მხოლოდ მშობლების საქმეა, როგორც გაზარდონ თავიანთი შვილები.

ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძნელია გარკვევა, მაგრამ ბავშვებთან აუცილებლად გულწრფელი უნდა იყო, არ მოატყუო: წერომ მოგიყვანა, კომბოსტოში გიპოვეთ... ჯობია იცოდეს, რომ დედის და მამის ერთობლივი ნამუშევარია, უხეშად რომ ვთქვა. ბევრად ახლოს იქნება მშობლებთან და მეტადაც ეყვარება ისინი. ერთხელ, დედაჩემს ჩემი კლასელის დედამ უთხრა, სოფიმ უკვე ძალიან ბევრი იცისო. რადგანაც დაწყებით კლასში უკვე ვიცოდი, ბავშვები რომ დედის მუცლიდან ჩნდებოდნენ და არა კოსმოსიდან. ახლა, როცა ნათესავის ბავშვს მოვუსმინე, რაღაცნაირად გავხდი. გაიზრდება ეს ბავშვი და მერე თავის შვილებსაც ასე აუხსნის, როგორ დატოვა წერომ კართან და მამამ სახლში შემოიყვანა. Bullshit, man! კარგია ეს, თუ ცუდი, ზოგადი თეორია - არ მადარდებს, უბრალოდ არ მომწონს, შეიძლება იმიტომ, რომ მე თვითონ სხვანაირად გავიზარდე და სულაც მე ვისწავლე ზედმეტად მალე ყველაფერი.

Still, don't kid your kids!

Saturday, April 18, 2009

ოდესაში მინდა!

ოდესაში მინდა!

უკვე ოთხი წელია, მგონი, რაც ვგეგმავ მოგზაურობას :) ფულსაც ვაგროვებ, რომელიც ხან სწავლის გასაგრძელებლად მინდა, ხან სამოგზაუროდ, თანაც აუცილებლად ოდესაში!.. სულ მგონია, რომ ჩემი ადგილი ცივ ქვეყანაშია, სადაც ჩემს ნებაზე ვიქნები. აქაც ჩემს ნებაზე ვარ, I can tell you that, მაგრამ სხვა რამეს ვგულისხმობ.

ოდესაში მინდა!

ოდესის გარდა, კიდევ ბევრგან მინდა. ოღონდ ღირსშესანიშნავი ადგილების ნახვის გარეშე, უბრალოდ მგზავრობა, ქუჩებში ხეტიალი და ადამიანების დანახვა. რაღაც სოციალური დაავადება მაქვს, რომ ადამიანებთან მიყვარს ყოფნა, მოსმენა და მერე წერა. ერთი ამერიკელი მწერალია ასეთი, ლუიზა ელკოტი, ჰოდა მისი წიგნის გმირი, ჯო მარჩი ამბობს, სადმე მინდა წასვლა და ჩემი სიუჟეტების პოვნაო. სადღაც ასე ვგრძნობ. ერთხელ ჩემმა ფრანგმა ნაცნობმა მითხრა, ზოგჯერ მოგზაურობა არ არის საჭირო, მთავარია ფანტაზია და თვალსაწიერი გქონდესო. მე არ მჯერა ამის. თანაც თვითონ იმ დროს ჩემი ნაცნობი 29 წლის ლექტორი იყო და მსოფლიო მოვლილი ჰქონდა. ასეთი ფართო თვალსაწიერი, შეიძლება, ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, მაგრამ მე მოგზაურობა და ადამიანების გაცნობა მინდა, ადგილების ნახვა, მგზავრობა და ამ მგზავრობის დროს ფიქრი, რადგან სხვა დროს ყოველთვის რაღაც/ვიღაც მიშლის ხელს.

გარდა ნაცნობის "შეგონებისა", სამოგზაუროდ ბევრი ფულია საჭირო, დავეშვათ მიწაზე, hello there! ამიტომ მინდა ოდესაში დასაწყისისთვის ;) თორემ თვალსაწიერი და ფანტაზია ფართო მაქვს ;)

P.S. ტოპ.ჯის მთვლელი დავაყენე ბლოგზე, როგორც იქნა. იქნებ გამომადგეს.

Thursday, April 16, 2009

რაც ყველაზე ძალიან გინდა

გუშინ ჩემს თავს ვკითხე, სოფი, რა გინდა ყველაზე მეტად-მეთქი, რას გააკეთებდი სიამოვნებით?
ვერაფრით მოვიფიქრე, what I really really want :(
უკვე ერთი კვირაა, რაც ქალაქის ცენტრისკენ გახედვა არ მინდა, არ მაინტერესებს აქციები. პოლიტიკა იმდენად საზიზღარი რამეა, გგონია, რომ ასეა და აღმოჩნდება, რომ "ისეა", ყველა ერთად არის, არავინ იცის სინამდვილეში სად არიან და რა უნდათ. გულისამრევი სანახაობაა.
ამიტომ არ ვიცი, რას გავაკეთებდი დიდი სიყვარულით.
იქნებ, ჟურნალისტიკა არ არის ის, რაც მე მინდა?

სინამდვილეში, ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მინდოდა. დედაჩემს დავსვამდი და გაზეთებს ვუკითხავდი, ვითომ ახალი ამბების წამყვანი ვიყავი. ის პერიოდიც მქონდა, როცა მედეას განვასახიერებდი, სამზარეულოში ჩავიკეცებოდი ხოლმე და დედას ანტიკურად შევღაღადებდი, მაშინ მსახიობობა მინდოდა :| სულ ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე: ადამიანებთან ურთიერთობა, სიცილი და ლაპარაკი :) იმ დროისთვის ჟურნალისტიკა ეს მეგონა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანებთან საუბარი და სიცილი, რომ თვალი ვერ მოეწყვიტათ :ლოლ: დათო პაიჭაძემ მომწერა იმ დღეს, ნუ გინდა "Всеобщая любимица" იყოო. ჟურნალისტიკაში ეს შეუძლებელია, I know, სად არის შესაძლებელი, თორემ კი. ყველას ვერ ეყვარები, იმიტომ, რომ არც შენ გიყვარს ყველა, Sun ;)

მაინც, ჩემს თავს ვეკითხები, რა გინდა? როგორი გინდა იყო და ახლა როგორი ხარ? ძალიან self centered ადამიანი ვარ, ვიცი, ყოველთვის ჩემში ვეძებ ხოლმე მიზეზს, გამოსავალს და შედეგიც სახეზეა, you know ;)

გასაგებია, სელინჯერობა რომ მსურს, რაზეც დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე მე უნდა ვიყო, ინდივიდუალური ადამიანი, და სხვები, თუნდაც გენიოსები, იყვნენ თავისთვის. ამიტომ აღარ მინდა გენიოსობა, არც მოხალისეობა აფრიკაში შიდსიანი ბავშვების დასახმარებლად (არადა ეს დიდი ხნის მანძილზე მინდოდა). მინდა, მშვიდ ქვეყანაში ვცხოვრობდე, დილით ვდგებოდე და არ ვფიქრობდე იმაზე, რომელ ავტობუსს გავყვე, რომ გადაკეტილ გზაში არ მოვყვე, არ მერიდებოდეს მოდაზე და მარკ ჯეიკობსზე წერა, როდესაც ადამიანებს შიათ, სცივათ, სწყურიათ, ბრმა ხო არა ვარ, რომ ვერ ვხედავდე :| ჰოდა ამ ყველაფრის მერე პასუხი მაინც არ მაქვს, რა მინდა ყველაზე მეტად...

I just wanna be The Catcher In The Rye, I guess.

Saturday, April 11, 2009

საკუთარი თავის ძებნაში

'Whoever is hungry - let him come and eat. Whoever is needy - let him come and take part in Passover...'

წინა პოსტის მერე იმდენი ვიფიქრე, ვერ წარმოიდგენთ.
ის იყო ყველაზე ეგოისტური ვიდეოპოსტი და ახლა თავს ცუდად ვგრძნობ ამის გამო. იმიტომ, რომ ყველას გული დაწყდა, გარდა იმ ადამიანებისა, ვიზეც ვიყავი ნაწყენი და გულნატკენი. ცხოვრება ძნელია, უხ, ტი შტო, ახალი რაღაც აღმოვაჩინე! Silly.

რა ვიცოდი, რომ საოცარი დღესასწაული მელოდა წინ.

როგორც ვიდეოპოსტში აღვნიშნე, სამი დღით მართლა "განვშორდი" ამაოებას. Passover/პესახი/პასექი დღესასწაული ზუსტად გასული ოთხშაბათის საღამოდან იწყებოდა და მე, თბილისის ერთერთ მთავარ რაბინ ავიმელეხ როზენბლა ვიყავი მიწვეული. ძალიან სასიამოვნოა, როცა გაქვს ასეთი პატივი, მთელი სამი დღე გაატარო მშვიდად, ტელევიზორ-კომპიუტერ-მობილურის გარეშე, მაგრამ ამავე დროს რთულია. ყოველ შემთხვევაში, არცთუ ისე ადვილია, ჩვეულებრივი ჟურნალისტი გოგო ადგე და წახვიდე სამი დღით ასეთ პირობებში. დიდხანს ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა, არ ვიცოდი, რამდენად მზად ვიყავი ეს დღეები რელიგიურად მეცხოვრა. ამას დაემატა ის იმედგაცრუებები და სამყაროზე გაბრაზებები, რაც წინა პოსტში იხილეთ თქვენი თვალით, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს იყო challenge, დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მაქვს ძალა ვაჯობო რაღაც "ამაო" დარდებს და წავიდე იმ ადამიანებთან, რომლებთან ყოფნაც საოცრად ზრდის, უკეთესს ხდის ადამიანს (მეც ვიმედოვნებ, რომ რაბი ავიმელეხის, მისი მეუღლის, იულიას, მეორე საყვარელი რაბი აარონ მდინარაძის და მისი ულამაზესი მეუღლის გვერდით ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, დავინახე და ახლა სულ ოდნავ უკეთესი ადამიანი მაინც გავხდი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მექნება წინაპოსტისნაირი სიტუაცია და მასთან გამკლავება უნდა შევძლ, როგორც ახლა შევძელი, baruch Hashem).

ვიმედოვნებ, გაინტერესებთ, საერთოდ რაში მდგომარეობს პასექი.
ეს არის იმ დიდი დღის აღსანიშნავი დღესასწაული, როდესაც მოსემ ებრაელები მონობიდან გაათავისუფლა. ისტორიის წაკითხვა თავადაც შეგიძლიათ, ამიტომ იმას გიამბობთ, რაც ვიკიპედიაში ნაკლებად წერია :)

არ მახსოვს, რომელ კურსზე ვიყავი, მაგრამ ლექტორმა გვკითხა, ვის რა სტერეოტიპები გვონდა სხვა ერების მიმართ. ძალიან ბევრმა ბავშვმა თქვა, რომ ებრაელი მათთვის ფულთან ასოცირდება, ჭკუასთან და აინშტაინთან :) იყო კიდევ რაღაც ვერსიები. მე, პირველი რაც მომივიდა თავში და სხვებს - არა, რადგან ისინი ებრაელებს, მგონი, არც კი იცნობდნენ, იყო - სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სწორედ ესაა ჩემთვის ყველა ებრაული დღესასწაული, როგორ უყვარს ღმერთს ებრაელები, მათ კიდევ ერთმანეთი უყვართ, რადგან ადამიანები, საბოლოოდ, ღმერთის სახის მიხედვით არიან შექმნილები, თუ არ გეყვარება ადამიანები, ვერასოდეს შეიყვარებ ღმერთს. ჰოდა, მთელი პასექის განმავლობაში უბედნიერესი ვიყავი და ღიმილი არ მომშორებია იმის გამო, რომ მიყვარს ეს ადამიანები და მათგანაც იმავეს ვგრძნობ.

გავიცანი უამრავი ადამიანი.
ყველა უცხოეთიდან ჩამოსული ებრაელი, ვისაც სედერზე (საპასექო სუფრა) უნდოდა ყოფნა და შემოგვიერთდა, იმდენად ღია და თბილი იყო, გავოცდი. მეორე დღეს, ხუთშაბათის სედერზე, ორი ბრუკლინელი მასწავლებელი მოვიდა, მე მომისხდნენ გვერდით. მთელი საღამო საუბარში გავატარეთ. ისეთი სასიამოვნო ადამიანები იყვნენ, თქვი შენ მენტალიტეტი და სიშორე, ხუმრობები მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის და რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩანდა ის სიყვარული, რაც ებრაელებს აქვთ ერთმანეთისადმი, მსოფლიოს რომელი კუთხიდანაც უნდა იყვნენ. ყველაზე საინტერესო ის იყო, ერთმა მათგანმა, დებიმ, მითხრა, რომ თვითონაც აქვს ბლოგი, რომელიც თავისმა შვილმა გაუკეთა და ძალიან მოსწონს, თავისი მოგზაურობის ამბებს რომ პოსტავს. დები სადღაც 60 წლამდე იყო, მეორე მასწავლებელი ქალი, რობინი, ალბათ 45-50-ის, მაგრამ დღეს საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანებთან არ მისაუბრია ისე "გემრიელად" ბლოგებზე, როგორც მათთან.

სამმა დღემ ისე გაიარა, სახლში რომ დავბრუნდი, თავი სიზმარში მეგონა. კომპიუტერი რომ ჩავრე და საიტებზე შევედი, თავი "რაღაცნაირად" ვიგრძენი, ოღონდ ზუსტად ვერ გეტყვით, რანაირად. დინა მომენატრა ძალიან მხოლოდ და სულ მინდოდა, ისიც ჩემთან ერთად ყოფილიყო ამ დღეებში.
ახლა ვზივარ და მენატრება გასული სამი დღე.

აუცილებელი პოსტ სკრიპტუმი:

მინდა, ყველას ასეთი ბედნიერი პასექი ჰქონდეს!


ასევე მინდა, ჩემს მეგობრებს ბედნიერი აღდგომა ჰქონდეთ მომავალი კვირიდან, ერთმანეთი უყვარდეთ და მოთმინება ისწავლონ. სიყვარულის გარეშე შორს მართლა ვერ წავალთ. რაბი ავიმელეხმა მკითხა, შენ როგორი ადამიანი ხარ, ყველაფერში კარგს ხედავო??? ჰოდა, დავფიქრდი, როგორი ვარ. თურმე ჯერ კიდევ არ ვიცნობ საკუთარ თავს.
სანამ საკუთარ თავს უკეთესად არ გაიცნობ, არ შეიყვარებ, რაღაცებს არ დააძალებ და ხანდახან ცოტას არ შემოულაწუნებ, ცხოვრება ძნელი და ისეთივე უფერული იქნება, როგორიც ჩემი წინა ვიდეოპოსტი იყო.

"It is because God acted for my sake when I left Egypt."

Wednesday, April 8, 2009

Monday, April 6, 2009

Monday's the day

დღეს საოცარი ენერგიით ვიყავი სავსე, დილიდან რომ წამოვხტი, არ გავჩერებულვარ, სახლი დავალაგე (რაც ყველაზე მეტად მეზარება), ჭურჭელი დავრეცხე, სარეცხის მანქანა ჩავრთე და ჯემპრები შევყარე. დედაჩემი მომკლავს, ვიცი, მაგრამ დაბალ გრადუსზე მქონდა და მგონი, გადავრჩი მეც და ჯემპრებიც. მერე სუპერ-მარკეტში გადავწყვიტე წასვლა. არ მითქვამს, როგორ მიყვარს პროდუქტების ყიდვა :) მომწონს იატაკის ფილები რომ პრიალებს, სულ ცეკვა მინდება. სახლში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ "გრეჩიხაც" მიყიდია. არადა, არ მჭირდებოდა. ჰოდა ამ "გრეჩიხამ" ფრიად ჩამაფიქრა.

2003 წლის ნოემბერი გამახსენდა, იმ დროს საქართველოში არ ვიყავი და სი-ენ-ენის ყურებაში ვათენებდი. მაშინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ დიდი გამოცნობა არ სჭირდება, ვის მივცემდი ხმას, აქ რომ ვყოფილიყავი. არჩევნებზე არასოდეს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, შარშან უნი-ში იყო, თვითმმართველობის, და იქაც არ წავედი, არადა მაიკო წიკლაურიც იყრიდა კენჭს თურმე. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ხომ იყო არჩევნები შარშან და აირჩია ხალხმა მიშა, გაყალბებები იყო, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი ზუსტად, რომ მოსახლეობის 51%-მა მაინც მისცა ხმა. რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 49%-ს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პრეზიდენტის გადაყენება, მხოლოდ იმიტომ, რომ შავკურტკიანი ბიჭები მოენატრათ. ვიცი, პოლიტიკა ბინძურია, ჩახლართული და იმის ნახევარიც არ ჩანს, რაც არის, ჩემი "გრეჩიხასავითაა" ;) გგონია, გჭირდება და ამ დროს აღმოაჩენ, რომ ტყუილად გიყიდია, როცა სახლში წიწიბურით სავსე ქვაბი გიდგას. ამ მეტაფორებიანი პოსტით იმის თქმა მინდა, რომ გადატრიალება მარტო ფილმებსა და წიგნებშია ლამაზი, წითლად შეფერილი და მომხიბვლელი სამხრეთამერიკელი იდეალისტებით სავსე.
იქაც საკმარისია!

Saturday, April 4, 2009

Swimming upstream

რამდენი ხანია ფილოსოფიური პოსტი აღარ გამომსვლია.
არადა, ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც სულ სხვა ადამიანი სხვის კანში/ტანში, whatever. სარკეში რომ ჩაიხედავ და უცნობ ადამიანს დაინახავ, ხომ იცით, just like that.

პირველად იყო ჰოლივუდი.
მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, რა თქმა უნდა.

გასული კვირის განმავლობაში იმდენი ფილმი ვნახე ერთბაშად, რომ ახლა გულისრევის შეგრძნება მაქვს და მგონია, პერედოზიროვკა მომივიდა. კინო ყოველთვის იყო ჩემი "მხარე". ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ევროპელები, უბრალოდ, შურიანები არიან, როცა ამერიკული კინო არ მოსწონთ და ჰოლივუდს ესნობებიან. ამ დროს მთელი ჰოლივუდი ჯიბეში ჩაისვამს ევროპას, როგორ დინა რუბინა იტყოდა, ბებერ კახპა ევროპას, რაღაც ფასეულობებზე რომ გველაპარაკება და ამ დროს 6 მილიონ ებრაელს ბანაკში უშვებს "დასასვენებლად". ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემს ფილოსოფიურ ბოღმას დღეს ევროპაზე ამოვანთხევ და ვიტყვი, როგორ მიყვარს ამერიკული კინემატოგრაფი.

ვუდი ალენი - ვინ შეიძლება იყოს პირველი ამერიკულ კინემატოგრაფში ჩემთვის. როცა "მანჰეტენს" ვუყურე პირველად, მივხვდი, რატომ შეიძლება შეუყვარდეს ეს კაცი არასრულწლოვან გოგოს, ზრდასრულ ქალს და მე. იმიტომ, რომ ვუდი ალენში არის ის, რაც არ არის სხვასთან - ბევრზე ბევრი საუბარი საკუთარ თავზე.
ვუდი ალენი ეგოისტია, ფსიქოანალიზზე და სექსზე შეყვარებული. სულის (თუ რაც გინდა დაარქვით) სიღრმეში, ყველა ამაზეა შეყვარებული - საკუთარ ეგოზე და სექსზე. ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი გადარჩენის? ვიწროშუბლიან კუნთიან ტიპს, თუ ვუდი ალენს? You tell me.

ვუდი ალენი - თვითონ არის ამერიკული ოცნება, ისევე როგორც, კევინ სპეისი - აბსოლუტური ლუზერი "ამერიკულ სილამაზეში", ამ დროს ტიპი, რომელთან ერთადაც მთელი მსოფლიოს ძვირფას დივნებს ლუდით დასვრიდი, you know what I mean. ამერიკული კინო ჩემთვის ის ადგილია, სადაც ინდივიდუალიზმი ჩანს, სადაც სიგარეტს იშვიათად, მოზარდები, ეწევიან, სადაც ფროიდს აფასებენ და ვუდი ალენივით პატარა კაცები დიდ ქალაქში ულამაზეს ქალებთან წვებიან. ამ ქალებს კიდევ უყვარდებათ, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი ამერიკული კინემატოგრაფი, რომელშიც ყველაფერი აბსურდია, თუ ჰოლდენივით გძულს, თუ იცი, რომ არაფერს წარმოადგენ. ვუდი ალენი არ არის ჰოლდენი, right? ზუსტად იცის, რას წარმოადგენს და ჰკიდია. იმიტომ, რომ მთავარია, შენ რა გინდა და სადამდე გინდა წასვლა, არა ის, საერთოდ ვინ ხარ და როგორი ჩანხარ სარკეში.

Inspiration by:
'Ghost world'
'American beauty'
'Manhattan'
'Match point'
'Prozac nation'
'If these walls could talk-2'
'Girl, interrupted'

Wednesday, April 1, 2009

როგორც ილია იტყოდა ;)

დღეს მთელი დღე ვფიქრობ იმაზე, როგორ განვაგრძო ჩემი ბლოგის წარმოება. ჯერ ისიც კი ვიფიქრე, იქნებ პირველი აპრილია და საკუთარი თავი რაღაცებს მატყუებს-მეთქი. საერთოდ, ღირს თუ არა წერა, როცა ნატა მეუბნება, შენს ბლოგს უკვე ბევრი კითხულობს და ცოტა ფრთხილად წერეო. როგორ უნდა წეროს ჟურნალისტმა ფრთხილად, მე არ ვიცი. რატომ უნდა იფრთხილოს, რომ ვიღაცებს არ აწყენინოს, როდესაც უმეტეს შემთხვევაში ეს ვიღაცები, საჯარო პირები არიან და ვალდებულები არიან, ანგარიში ჩვენ ჩაგვაბარონ.

უნივერსიტეტში რომ წავედი, ჩემს თავს ვარწმუნებდი, ყველაფერი კარგადაა, მზეს შეხედე, შენს სამყაროში ჩაიხედე და გაიცინე-მეთქი. გამომივიდა. თუმცა, არცთუ ისე კარგი განწყობა მქონდა მას შემდეგ, რაც მეექვსე კორპუსის დიასახლისმა, როგორც თაზო იტყოდა, გუშინ მითხრა, რომ ჩემი ბლოგი უნახავს და ვერ მიხვდა, რა საერთო ჰქონდათ ქალებისა და ხუბუას სურვილებს. ვერ ვიტყვი, ისეთი ძლიერი ვარ, რომ სტრიქონებს შორის ვკითხულობ, მაგრამ აშკარა იყო თათიას ტონიდან, რომ დიდად არ მოსწონებია ჩემი პოსტი. ამიტომ ახლა არ გამიკვირდება, ბელქანიასაც წაკითხული ჰქონდეს ის “მრავლისმსურველი” პოსტი ქალების ლიბიდოსა და ხუბუას შესახებ, სადაც მასზე მეწერა, რომ დატუქსული ბავშვივით იყო.

გგონიათ, ის მაკვირვებს, რომ ყველა ადამიანი თავის კეთილდღეობასა და იმ ხელფასზე ზრუნავს, რაც უნივერსიტეტში აქვთ? არა, მხოლოდ ის მაოცებს, რატომ მოსწონთ ადამიანებს გაფუჭებულ ჰაერში ცხოვრება, თავაზიანად რომ ვთქვა, და რატომ გვაიძულებენ, ჩვენც ასე ვიცხოვროთ, თანაც მოგვწონდეს კიდეც. ილია ჭავჭავაძის არ იყოს, მე იმიტომ ვწერ, რომ მიყვარს უნივერსიტეტი, მიყვარს საქართველო და გული შემტკივა ადამიანებზე, მინდა საუკეთესო იყოს ჩვენი უნივერსიტეტი და სხვა “უმაღლესი სკოლები” არ გვესნობებოდნენ, როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. მხოლოდ ჩემი ენამახვილობის გამო არ ვაწარმოებ ამ ბლოგს, ფეხებზე რომ მეკიდოს ყველა ის ფასეულობა, რაც ჩამოვთვალე და საქართველო, უნივერსიტეტი, ადამიანები – ჩემთვის ფასეულობებს წარმოადგენენ, მაშინ ვიყიდდი გემისხელა ჯიპს, მინებს ჩავამუქებდი და ვივლიდი. ჩემთვის უმნიშვნელოა ხუბუაც, ბელქანიაც და მთელი “ადმინისტრაცია”, ეს უნივერსიტეტი, ქვეყანა – ჩემია და დავწერ, რასაც მინდა და სადაც მინდა. ხოლო მათ, ვისაც აქამდე ჟურნალისტიკა ლექსების მხატვრულად წარმოთქმა და “ქვათა ღაღადის” კონსპექტირება ეგონათ, შეუძლიათ საერთოდ არ წაიკითხონ ჩემი ბლოგი და განაგრძონ გაფუჭებუ, ლ ჰაერში ცხოვრება, სადაც თვითმართველობის წევრები და მათი მეგობრები ჰარვარდში დადიან, გრანტებს იღებენ და ცისფერ პერანგებს იცვამენ!

მე კი - მკიდია ჰარვარდი, მინდა, ჩემი უნივერსიტეტი იყოს საუკეთესო!