წლის ამ პერიოდში, ჩემს ბლოგზე ძალიან ბევრი მკითხველი შემოდის საძიებელი სიტყვით "ხანუკა". არ მახსოვს,
წინა წლებში თუ დავწერე ხანუკის მნიშვნელოვანი ისტორიის შესახებ და ამიტომ, ახლა მოკლედ გიამბობთ (მსურველებს, შეგიძლიათ, ინგლისური ვერსია
აქ იხილოთ).
იმ პერიოდში, როცა საბერძნეთი (ჰ)ყვაოდა და მსოფლიოს იპყრობდა, ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული და შემდეგ, რომის იმპერიით დამთავრებული; ბუნებრივია, იერუსალიმიც/ისრაელი გახდა ბერძნების
გემრიელი სამიზნე, როგორც სამყაროს არსებობის მანძილზე, დღემდე, ხდებოდა.
დღემდე ბერძნული ფილოსოფიით იკვებება და სუნთქავს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით დასავლეთი სამყარო და ერთადერთი, ისრაელი იყო ის ერთადერთი ერი და კულტურა, რომელიც რადიკალურად უარყოფდა ბერძნების ფილოსოფიას და სხეულის განდიდებას.
თუმცა, სხვა დამპყრობლებისგან განსხვავებით, ბერძნებს არ დაუწყიათ ებრაელების მასობრივი ხოცვა, "მხოლოდ" წინადაცვეთა და
საძინებელ ოთახებში კარის ქონა აუკრძალეს. ანუ ერის დემორალიზაციით დაიწყეს (რაც ასაკი მემატება, მორალი მით უფრო მიყვარდება) და ჩვენთან რომ იტყვიან, მოყვრულად მოსული მტრის სტრატეგია მოიმარჯვეს, რომელსაც ვითომ ქვეყნის პროგრესირება და
თანამედროვე, წინწასული წესების შემოტანა უნდა. წინადაცვეთა იმიტომ, რომ ამით ებრაელები ღმ–ერთისგან დაეშორებინათ და საძინებელი ოთახი კარის გარეშე კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აღარ უნდა ჰქონოდათ პირადი სივრცე, სირცხვილი დაეკარგათ და ყველას თვალწინ დაკავებულიყვნენ სქესობრივი კავშირით, რაც იმ ეპოქის ბერძნებისთვის პროგრესულობას ნიშნავდა (დღევანდელ პერიოდს მაგონებს რატომღაც).
რა თქმა უნდა, იყო კიდევ სხვა აკრძალვებიც სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით, რამაც აიძულა "პარტიზანების" ჯგუფი შეკრებილიყო და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა წამოეწყოთ, რაც სასწაულად, პარტიზანების, მაკაბელების გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ, მადლობის ნიშნად, სოლომონის ტაძარში მთავარმა კოენმა მენორის ანთება მოისურვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ზეთი საკმარისზე ცოტა იყო. მიუხედავად ამისა, ის 8 დღე მაინც იწვოდა. ამის შემდეგ წამოვიდა ტრადიცია, ხანუკაზე (8 დღეს გრძელდება) სანთლების დანთება და ისეთი საჭმელების მომზადება, რომელიც ბევრ ზეთზე მზადდება.
როგორც ყოველთვის, დღემდე ორად იყოფა აზრი, თუ რომელი უფრო დიდი სასწაული იყო, ერთი მუჭა მაკაბელების გამარჯვება თუ ზეთი რომ 8 დღეს იწვოდა. ფიზიკის თვალსაზრისით, ალბათ ზეთი უნდა ყოფილიყო და სტრატეგიულისა კი – პარტიზანების გამარჯვება, მაგრამ მე ამაზე არასდროს ვკამათობ, რადგან ყველანაირი სასწაული მიყვარს, რომელიც კეთილად სრულდება.
ხანუკა 2011
წლევანდელი ხანუკა იმითაა განსაკუთრებული ჩვენთვის, რომ ეზრა დაგვემატა. შარშან ამ დროს ჯერ კიდევ მუცელში იჯდა და ოდნავ იყო გამობურცული. მართალია ჯერ არაფერი ესმის, მხოლოდ ძალიან უნდა სანთლებს ხელი მოკიდოს და მამა რომ ხანუკის ისტორიას უყვება (რაც მე ზემოთ დავწერე), ყურადღებით უსმენს და იცინის.
ზეთზე მომზადებული საჭმელები კეთდება–მეთქი, დავწერე და ძირითადად, ესაა სუფგანიები (ხილფაფიანი ან შოკოლადიანი ფუნთუშები ე.წ. "პონჩიკი") და ლატკესი (გახეხილი კარტოფილი ფქვილით, კვერცხით, სუნელებით, ბევრ ზეთში შემწვარი). შარშან პირველად გავაკეთე ფუნთუშები. ორჯერ მომიწია ცომის მოზელა, რადგან პირველი პარტია ვერაფრით ამოფუვდა და ზეთში როგორც კი ჩავყარე, დაიწვა და ცომად დარჩა. სამაგიეროდ, მეორე ცდაზე გამოვიდა ძალიან ფაფუკი და გემრიელი.
წელს უკვე ბევრად სწრაფად და ადვილად გავაკეთე და გემრიელიც გამოვიდა. თუმცა, როგორც მემართება ხოლმე, რეცეპტებს ვიწერ და ინგრედიენტებში რაღაცები რომ შედის, მერე მზადების პროცესში ვეღარ ვპოულობ, სად უნდა შევურიო. ჩემი სისწრაფისა და
ფათა–ფუთა, "მულტიტასკინგის" მოყვარული ხასიათის ბრალია.
ხანუკა 5773, ჩვენი სუფგანიები – შეიძლება გარეგნობით ვერაფერი, მაგრამ ძალიან გემრიელებია
დასასრულს, იცით ლაიპციგში როგორი თოვლი მოვიდა? გუშინ მთელი დღე ისე თოვდა, მეგონა, აღარასოდეს გადაიღებდა და თავი ზღაპარში მეგონა. ასეთი ლამაზი თოვა არ მინახავს დიდი ხანია. დღეს ცოტა დადნა და აჭყაპდა, მაგრამ მაინც დევს და ისეთი სასიამოვნოა გარეთ სიარული. ვიმედოვნებ, კიდევ ითოვებს.
ბედნიერ და თოვლიან, სუფთა ჰაერიან ზამთარს გისურვებთ!!!
პირველი თოვლი ლაიპციგში, დეკემბერი 2012