Thursday, December 27, 2012

ფემინისტური ლაქტაცია

აქამდე მილიონი პოსტი უნდა დამეწერა, მაგრამ წინა პოსტი ხომ ისე დავასრულე, როცა გადამივლის, მოვალ–მეთქი. iThingsფობიამ კი გადამიარა, მაგრამ სხვა პრობლემებმა გემოზე შემომიტიეს.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე ბევრი არეული დღე გვქონდა.
იმ დღეს, როცა ეზრა 37 კვირის გახდა ანუ ზუსტად იმდენის, რამდენი კვირაც მუცელში იჯდა, სასტიკი უარი განაცხადა ძუძუს მოწოვაზე და პროტესტს თითქმის მთელი კვირა აგრძელებდა. ამან კი რძის რაოდენობაზე იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რადგანაც, მერვე თვიდან, უკვე დღეში სამჯერ ჭამს ფაფებს და ხორცს, ძუძუს წოვა შეამცირა, ჰორმონებმა სწრაფად დაიწყეს "მოძრაობა" და 18 თვიანი შესვენების შემდეგ ჩემი ციკლი აღდგა.
ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ორსულადაა ან უკვე ჰყავს მეძუძური ბავშვი (სასწაული ტერმინებია, მაგრამ რა ვქნა). ლაქტაციის პერიოდში, გააჩნია, რამდენ ხანს გრძელდება, ზოგ ქალს საერთოდ არ აქვს მენსტრუაცია წლების განმავლობაში და ზოგს – კიდევ შეიძლება ბავშვის გაჩენიდან მესამე თვეშიც კი დაუბრუნდეს, რაც დამოკიდებულია ბავშვის კვების სიხშირესა და ქალის სხეულში არსებული ჰორმონების აქტივობაზე.


ძნელია ასახსნელია, რას გრძნობს დედა, რომელიც მოტივირებულია თავის შვილს, რაც შეიძლება, დიდხანს აწოვოს ძუძუ (ერთ წლამდე მაინც) და ამ დროს ბავშვი უარს ამბობს, რადგან ციკლის პერიოდში რძეს გემო შესამჩნევად ეცვლება.
საშინლად განვიცდიდი და არაფრის განწყობა აღარ მქონდა, თან ხომ იცით, ასეთ დროს რამდენ რჩევას დაგაყრიან. ზოგი მეუბნებოდა, ბუნებას ვერ მოატყუებ (არა, როდის დავაპირე?), თავი უნდა დაანებებინო და ხელოვნური რძე მოიმარაგოო, სხვები მიკიჟინებდნენ, არავითარ შემთხვევაში, ეს ქენი, ის ქენი, "ჩაები" დალიე, milk pump (ქართულად როგორც მოწველა, ისე ჟღერს და სპეციალურად არ ვამბობ) გამოიყენე...

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ის ადამიანი არა ვარ, სხვების რჩევებს რომ გაფაციცებით უსმენს; თან სიმართლე გითხრათ, ხელოვნური კვება და რძის ფხვნილები დიდად არ შთამაგონებს (არავითარ შემთხვევაში, ვინმეს არ ეგონოს, ვნსჯიდე, ვისაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავს ბავშვი, ჩემზე ტოლერანტი არავინ არსებობს). გარდა იმისა, რომ დედის რძეში ისეთი ანტისხეულებია, რომელიც ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს და ჩამოყალიბებაში ეხმარება, რძის ფხვნილები საშინლად ძვირი ღირს და ამას ტონა პამპერსიც დაუმატეთ, თვეში ძალიან დიდი თანხის გადაყრა მოუწევს ადამიანს.
თან მე მომწონს ლაქტაცია – ამაზე ლამაზ და თბილ პერიოდად არაფერი მიმაჩნია. ჩემს პოსტ–ფემინიზმსაც თუ გავიხსენებთ, რატომღაც მგონია, ამ დროს ქალი სასწაულად ძლიერი და თავისუფალია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ თავს და კაციშვილი ვერ გადამარწმუნებს. ადრე ფემინიზმის მჯეროდა და ახლა ძუძუთი კვებიზმის. ყველა დედამ უნდა სცადოს და საკუთარი თავი იპოვოს ამაში. ყველაფერი ფილოსოფიაა, ხომ იცით. ესეც.

...ბოლოს, ჩემს თავს რაც ვუთხარი, ეს იყო: სოფი, ეზრას ჩაეხუტე და როგორც თავს იგრძნობ, ისე გააგრძელე–მეთქი.
მადლობა ღმ–ერთს და კიდევ ერთ მეგობარს, რომელმაც ამიხსნა, რომ ციკლის დაბრუნება ხელს არ უშლის ლაქტაციას და მისი დასრულების შემდეგ, რძე ისევ მოიმატებს და ისევ შესაძლებელია ბავშვისთვის ძუძუს წოვება (ოღონდ ამ პერიოდში უნდა ეცადო, სულ ცოტა მაინც მოწოვოს, მაგალითად, ღამით "შეაპარო").
როგორც ყოველთვის, მთავარია ადამიანი არ დაპანიკდე და მხოლოდ პოზიტიური რჩევები გაითვალისწინო. 

შემდეგ სტერეოტიპებს კი – არ დაუჯეროთ, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია:
  • ლაქტაციის პერიოდში ქალებს თავები ძროხად მიაჩნიათ
  • ლაქტაცია რთული და უსიამოვნო პროცესია
  • ლაქტაციის პერიოდში მენსტრუაცია არ მოდის
  • ლაქტაცია დაფეხმძიმებისგან იცავს
  • ლაქტაციის პერიოდში ბევრი უნდა ჭამო, რომ ბევრი რძე გქონდეს

^^^
საკმაოდ უსიამოვნო კვირა იყო ჩემს დაბადების დღემდე, 23 დეკემბრამდე, ოდეს მე 28 წლის big fat mama გავხდი. პიცა party გავაკეთეთ სახლში, ეზრას ბებიამ ბაყაყიანი ტორტი გამომიცხო, იცის, როგორ მიყვარს ბაყაყუნები.


დანარჩენი ყველაფერი კარგადაა, როგორც ამელი იტყოდა.
:)

Happy Holidays!


7 comments:

Unknown said...

ჰეიი, როგორ მომნატრებიხარ.
და როგორ მაინტერესებს ხოლმე ასეთი რამეები : ))

გილოცავ დაბადების დღეს მოგვიანებით!
ბედნიერი დედიკო და ცოლიკო იყავი <3

Anonymous said...

Sophie, gilotsav mogvianebit dabadebis dges,janmrtelobas da bednierebas gisurveb upirveles kovlisa.
P.S. rogor mtskdeba guli rom amdeni xani ertmaneti piradad ver gavitsanit, imedia amas 2013 tsels maints movaxerxebt, ketili survilebit, Nanuka

Anonymous said...

ბედნიერებას გისურვებ ეზრასთან ერთად :)

ლაქტაციაზე ყველას სხვადასხვა შეგრძნებები აქვს, მე ორი კვირა ვაწოვე და მართლა ძროხად მიმაჩნდა თავი, ყველაფერი მძულდა, ძუძუს რომ წოვდა, ვტიროდი. მერე საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ რძე არ მაქვს გენეტიკურად და ხელოვნურზე გადავიყვანე. დღეში ერთ კვებას ეყოფოდა ჩემი რძე ცოტა ხნით, მაგრამ იმდენად უარყოფითად ვიყავი განწყობილი ძუძუთი კვების მიმართ, რომ ჩავთვალე, ბავშვს გაღიმებული დედა უფრო სჭირდება მეთქი და ბოლომდე გავიშრე ))

ჩემ შემთხვევაში მგონი არ შევმცდარვარ, ის ორი კვირა სულ დაძაბული ვიყავი, ახლა კი უბედნიერესად და უმშვიდესად ვზრდი ბავშვს, მგონი, ისიც ბედნიერია ))) სხვა სიკეთეებთან ერთად, დალაგებული რეჟიმი და სურვილისამებრ გასვლის შესაძლებლობაც მაბედნიერებს

Anonymous said...

ისე, მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა, ძალიან მოტივირებული ვიყავი, რომ ბავშვი ძუძუთი მეკვება და საკმარისი რძე რომ მქონოდა, ხელოვნურს დიდხანს არ გავაკარებდი. საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ ვიცი, რომ დედის რძის აბსოლუტური შემცვლელი არ არსებობს

Sophie Golden said...

@Salome, მადლობა, მადლობა, მადლობა :)))

@Nanuka, მადლობა. მეც ვიმედოვნებ.

@Mariefille, გამიხარდა შენი კომენტარი, გმადლობ. ზუსტად ამას ვამბობ, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ორი თვე საკმაოდ მიჭირდა და ნერვებიც მეშლებოდა, თან არავითარი გრაფიკი არ ჰქონდა ეზრას, ხშირად შივდებოდა, მაგრამ ჩემმა ერთერთმა მოტივატორმა "სიზარმაცემ", რომ ბოთლების გათბობა და ღამე ადგომა მეზარებოდა, მიშველა :)))
100%-ით გეთანხმები, მთავარი სიმშვიდე და ბედნიერებაა,, თანაც მხოლოდ ძუძუს წოვება არ ნიშნავს კარგ დედობას. შენც ბედნიერებას გისურვებ შენს შვილთან და მხიარულ დღესასწაულებს!!!

Keti said...

სოფი, დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს, მუდამ მზიანი და ბედნიერი იყავი! :*

ლაქტაციას რაც შეეხება, პოსტის ბოლოში კი ვნახე ის, რისი თქმაც მინდოდა. შენებურად მშვიდად იპოვე გამოსავალი...

remonti2013.ge said...

ლაქტაციის სირთულე ადამიანის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. მე მიუხედავად იმისა, რომ არ მსიამოვნებდა, როდესაც მივატოვებინე ბავშვს, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სულიერად დავშორდიო. რამოდენიმე დღე განვიცდიდი ამ შეგრძნებას. რომელიც შემდეგ მაინც განთავისუფლების გრძნობით შეიცვალა და ცოტათი გამიადვილდა არსებობა (ღამე რამოდენიმეჯერ გაღვიძება აღარ იყო, რაც ძალიან მსტრესავდა).