Friday, November 26, 2010

პირველი თოვლი, სახელი და ბოტები

თოვს.


ახალი ებრაული სახელი მაქვს: სარა (Sarah). ხო მიხდება? ზუსტად, ზუსტად ჩემი სულის და გულის სახელია.

שרה

ახალი ბოტები მაქვს. ცხოვრებაში პირველად მაქვს ასეთი ბოტები და თავი ჯუდი ებოტი მგონია :)


ბედნიერ შაბათს და კვირას გისურვებთ ყველას!!! Treat each others with love, laugh and love as much as you can!!!

Sunday, November 21, 2010

May I have this dance?

ხანდახან ხომ არის ადამიანი ისეთ განწყობაზე, რომ საუბარი არ უნდა, სამაგიეროდ მუსიკით და ფოტოებით უნდა გამოხატვა?
ზუსტად ასე ვარ, თან ეს სურათები დიდი ხანია მაქვს და ველოდებოდი, როდის ვიქნებოდი შესაბამის ხასიათზე, თქვენთვის გამეზიარებინა.

ამ ფოტოზე მგონია, მერილინი მხოლოდ იმას კი არ განიცდის, ფეხი რომ აქვს ნატკენი და ვერ ცურავს, ისიც აწუხებს, რომ ასეთი ლამაზია და ადამიანები იმის მიღმა ვერაფერს ხედავენ.

კიმ ნოვაკი და კერი გრანტი – ჩემი და ჰიჩკოკის საყვარელი წყვილი. კერი გრანტის კეფას რომ ვუყურებ, მგონია – სულ სხვა რამეზე ფიქრობს და არა იმაზე, რაზეც კიმი. გრანტი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მსახიობობასთან ერთად; წიგნს არ დავწერ ჩემს ცხოვრებაზე, რადგან ბევრი ადამიანის გაფარჩაკება მომიწევსო, ასე ამბობდა.

მარჩელო მასტროიანი და ფედერიკო ფელინი, gosh მეტი რა უნდა ვთქვა, თან "დოლჩე ვიტას" აფიშასთან.

როკ ჰადსონი, კერი გრანტი, მარლონ ბრანდო და გრეგორი პეკი – ან ბრმა ვარ, ან ბებერი, რადგან დღეს ვერცერთ მსახიობს ვიხსენებ, ამ ოთხეულს რომ მივამსგავსო და გული ამიფანცქალდეს. CLASSIC ჰოლივუდი ალბათ 70–იანების დასაწყისში. ჰადსონი შიდსით დაიღუპა 80–იანებში, კერი გრანტი დღემდე ჰოლივუდის ნომერ პირველ ჯენტლმენად ითვლება; მარლონ ბრანდო ყოველთვის rebellious იყო, გრეგორი პეკთან ერთად კი რამდენჯერ ვყოფილვართ რომში, ღმერთმა იცის.

რა უცნაურია, რომ მერილინ მონროს და კიმ ნოვაკის გარდა, სხვა ქალის ფოტოები არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ მერილინისნაირად არავინ მიყვარს და ნოვაკი კიდევ – ძალიან კარგი მსახიობი იყო თავის დროზე.

მაგრამ თვითონ ფოტოები ხომ რაღაცნაირი ატმოსფერულია? ანუ, გადაყავხარ ძველ პერიოდში და წარმოიდგენ, რომ შენც ასეთი "შავ–თეთრი", უკვე დაბერებული ან მკვდარი ჰოლივუდელი ხარ. ელოდები, კერი გრანტი ხელს როდის გამოგიწვდის საცეკვაოდ: 'May I have this dance?'

Friday, November 19, 2010

სიყვარულით, შაბათი

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დილას მზემ ცოტა გამოანათა. ეს ორი დღე ისე წვიმდა, დილიდან ღამეს ჰგავდა და გარეთ გასვლა წამების ტოლფასი იყო (რა სიტყვაა ეს ტოლფასი!).

გერმანიაში შაბათი ძალიან მალე დგება ზამთარში, 4–ის ნახევარზე. მერე სინაგოგაში მივდივართ, ვმღერით. შაბათს ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე და სიხარულისგან ვერ ვჯდები. სადღაც 6–ის ნახევარზე სტუმრად მივდივართ სავახშმოდ და 8 საათისთვის უკვე ვამთავრებთ, როცა ზაფხულში ხან 12–მდე გრძელდება.
შესაბამისად, შაბათი საღამოც მალე მოდის. არ მომწონს, თითქმის მთელ შაბათს ძილში ვატარებ, ისე გამოდის. ზამთარში მთელი დღე ღამეა და სანამ საუზმეს მოვრჩებით, უკვე სადილის დრო მოდის და ვინც იცის, როგორი სადილები გვაქვს შაბათს, წარმოუდგენელია ყველაფრის გასინჯვა მოასწრო.
Anyway, შაბათს (პარასკევ საღამოს) ისეთი სასწაული ატმოსფეროა ხოლმე მიდრაშაში, ყველანი წინ და უკან დავრბივართ, გოგოების საერთო საცხოვრებლის წარმოდგენა ძნელი არ უნდა იყოს: ჰაერში თმის სპრეის, ფრჩხილების ლაქის და ათასი სუნამოს არომატი ტრიალებს [ერთი მკაცრი კანონი მაქვს მხოლოდ, არავითარ შემთხვევაში არ ვისვამ ლაქს საძინებელ ოთახში და არც ჩემს ფორთოხლისფერ გოგოს ვასმევინებ. სასწაულად მძაფრი ყნოსვა მაქვს, ცუდი მხედველობის ბონუსად].


სანთლებს რომ ვანთებ და მერე ფანჯრიდან ვიყურები, ვფიქრობ, რა უნიკალურია, ყველანი აქეთ–იქით მიიჩქარიან, ჩვენ – კიდევ ყველაფერს გამოვრთავთ (პირდაპირი გაგებით), საყვარელ სცენარისტს ჩავაბარებთ და მასთან სასაუბროდ მივდივართ. დედაჩემი როცა მეკითხება, მაინც რატომ გადავწყვიტე რელიგიურობა, ზუსტად ამავეს ვეუბნები და ვამატებ, ეს ზუსტად ის ცხოვრებაა, რაც მე მაბედნიერებს და საშუალებას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც ყოველთვის მინდოდა, ისე ვიცხოვრო, როგორც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს და პარასკევ საღამოს დავივიწყო რა ხდება და სრულიად მივენდო იმას, ვისიც ეშინიათ, უყვართ, ზოგჯერ არც სჯერათ და საბოლოოდ, მაინც ყველა მისკენ მიისწრაფის.
ცხოვრებაც ხომ ესაა.
ღმერთია ყველგან და ყველაფერში. როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ ღმერთი ღრუბლებზე წამოწოლილი, თეთრწვერა კეთილი მოხუცი კი არა, მთელი არსებობაა თვითონ ადამიანებში, მაშინ დაიწყებენ ცხოვრებას. იმას არ ვამბობ, თითქოს პრობლემები თავისით მოგვარდება და "თხა და მგელი ერთად სძოვენ"; პირიქით, მივხვდებით, რამდენი რამეა ჩვენზე დამოკიდებული, რახან დავიბადეთ, ვალდებულებაც გვაქვს, ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მეტი სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთისადმი.

როგორც ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება, სოფი, მარტო შენ შეგიძლია რელიგია, სოციალიზმი და ჰიპური გაგება ერთმანეთს შეუთავსოო. მარტო მე არა, ყველას შეუძლია, ვისაც არც სიცილის რცხვენია და არც ტირილის, როცა თავს ცუდად გრძნობს.
მიყვარხართ ყველა, ვისაც ჩემი სიყვარული გჭირდებათ!

ბედნიერ შაბათს და კვირას გისურვებთ!!!

שבת שלום

Wednesday, November 17, 2010

ნემსების წვიმა

Если бы я был маленький, как океан,- на цыпочки волн встал, приливом ласкался к луне бы. Где любимую найти мне, Такую, как и я? Такая не уместилась бы в крохотное небо!
Владимир Маяковский


საღამოს ლექციების შემდეგ, რებეცინ რობერგი სახლში გავაცილე. გარდა იმისა, რომ ერთი გზა გვქონდა, თან მასთან საუბარი მინდოდა. რებეცინთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, ისეთი თბილი და მეგობრული ქალია, ხელს ჩაგკიდებს და გიყურებს თავისი ულამაზესი ლურჯი თვალებით, შენც გჯერა, რომ სამყარო სამართლიანია, ადამიანები კიდევ – კეთილები; რადგან თვითონაა ამის ცოცხალი მაგალითი: ფაშისტების მიერ ოკუპირებული ჰოლანდიის მომსწრე, კათოლიკე გლეხების ოჯახში გაზრდილი, სანამ მშობლები საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნდებოდნენ... ასეთი ისტორიები, ალბათ, რამდენი გინახავთ ფილმებსა და წიგნებში.
მაგრამ ის, რაც მე მაწუხებს, სულ სხვა რამეა.
სულ სხვა რაღაცები მინდოდა რებეცინისთვის მომეყოლა, სხვანაირი პასუხები გამეცა და მე კიდევ – მხოლოდ ის ვთქვი, რაც პირდაპირ გულიდან წამოვიდა. ზოგჯერ პირიქით – რაც მინდა, იმასაც ვერ ვამბობ, რაღაც ისე მიჭერს ხოლმე ყელში. მხოლოდ მასთან კი არა, სხვებთანაც ასე მემართება ხშირად: ვერ ვამბობ იმას, რაც აუცილებელია და გულწრფელობები კი თავისით "გამორბიან". რატომ მემართება ასე, არ ვიცი. მაგრამ დღეს მაიაკოვსკის ეს ლექსი რომ გავიხსენე, თითქოს მივხვდი... აქაც არ დავწერ, რას მივხვდი, მაგრამ იმედია, ოდესმე გადავლახავ ჩემს ამ უცნაურ ჩვევას და ზუსტად იმას ვიტყვი, რაც აუცილებელია და მხოლოდ იმას არა, რაც გულწრფელად მეთქმევინება. ცხოვრება ხომ იმისთვისაა, რაღაცები ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გავაკეთოთ :/ სიმართლე რომ ვთქვა, გულით არ ვამბობ ამას, მაგრამ ხან აშკარაა, რომ საჭიროა.

რებეცინი რომ მივაცილე სახლში, იქიდან სხვაგან წავედი. უკვე 11 საათი იყო რომ გამოვედი, საზიზღრად რომ იცის წვიმა, წვრილად და თითქოს ნემსებს გასობს, ისე წვიმდა და გალაკტიონი დაწერდა, მეფე ლირივით ავტირდიო.

მერე დედაჩემმა მომწერა. მეც ვუპასუხე, მაგრამ ის არა, რაც მინდოდა. არასოდეს უნდა უთხრა მშობელს, როგორ ბითურულად გრძნობ თავს, განსაკუთრებით, როცა შორს ხარ.
ვიცი, ხვალ უკვე გაივლის, დილით რომ ავდგები და სარკეში ჩემს თავს გავუცინებ, მაგრამ დღეს ისევ ნემსებივით წვიმს და მეფე ლირიც ტირილის ხასიათზეა.

Monday, November 15, 2010

თვალებთან ახლოს

For three years straight, I’ve been burning the candle at both ends, and as of last December, I just didn’t have anything left.

Drew Barrymore


ახალ ფილმში სასწაულად ჩანს, რომ დრიუ დაღლილია. დაღლილია მუდმივად თავისი გიჟური ბავშვობის შეხსენებით, ტკბილღიმილიანი გოგოს იმიჯით, დაღლილია თავისი მრავალრიცხოვანი ჰოლივუდელი პარტნიორებით. 35 წლის ასაკში იმდენი რამე აქვს უკვე გაკეთებული, რასაც ხალხი ერთი საუკუნის მანძილზეც ვერ ასწრებს.

წუხელ, სწორედ, ეს ფილმი ვნახე.
"Going the distance" იმდენად რეალურია, რომ მისი ნახვის შემდეგ ცოტა ხანს გავიარ–გამოვიარე და ბევრ რამეზე დავფიქრდი. მართალია პროდიუსერები კარგად ეცადნენ გაებანალურებინათ და დასასრული გამოუვიდათ კიდეც; მაგრამ ბევრი სცენა ძალიან ლამაზადაა გადაღებული, თითქოს მოყვარულის კამერიდან. დიალოგები ცოცხალი, როგორც დრიუს ყველა ფილმში და კარგი მუსიკა. ხშირია ახლო კადრები, განსაკუთრებით, ფოკუსი დრიუს თვალებზეა გაკეთებული. ჯერ არცერთ ფილმში მინახავს დრიუ ასეთი ნაღვლიანი თვალებით. ამიტომ მისი ინტერვიუ რომ ვნახე, აღარ გამკვირვებია ის ფრაზა, რაც ეპიგრაფად მოვიყვანე.

რადგანაც ფილმი ძალიან ახალია, ვეცდები შინაარსზე არაფერი წამომცდეს, რომ განწყობა არ გაგიფუჭოთ. უბრალოდ, ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც ცდილობს იცხოვროს, იმუშაოს, ისწავლოს, ურთიერთობა ჰქონდეს და ამავე დროს, დარჩეს ლაღ ადამიანად. ვისთვისაც სილაღე იმავეს ნიშნავს, რასაც ჩემთვის, მაშინ ზუსტად გამიგებთ.
დრიუ ბერიმორშიც ესაა ყოველთვის უნიკალური, რომ მისი 34 წლიანი ჰოლივუდური კარიერის მიუხედავად, შერჩენილი აქვს სიბრჭყვიალე თვალებსა და ღიმილში. რაც, სამწუხაროდ, ამ ფილმში მხოლოდ რამდენიმე სცენაში თუ ჩნდება და ისე ამზიანებს ყველაფერს, ღიმილს ვერ შეიკავებთ.


მუსიკა ვახსენე და დრიუს ფილმებში ყოველთვის კარგი ახალი ბენდების მუსიკაა.
ჯასტინ ლონგი? მიყვარს, იმიტომ, რომ დრიუს უყვარს და მეგობრები არიან (ყველანაირი გაგებით). ურთიერთობაში კი არაფერია იმაზე მთავარი, ვიდრე მეგობრობა.
ფილმის შეფასება, რამდენად ობიექტურადაც შემიძლია 7/10.


მადლობა, დრიუ!!! დაისვენე და იბრჭყვიალე რა!

Tuesday, November 9, 2010

Tarantino for President!


სინამდვილეში ამ პოსტს ტარანტინოს კი არა, ზოი ბელის სიყვარული მაწერინებს. პირველად დრიუ ბერიმორის ფილმში ვნახე და მაშინ დავინტერესდი, როგორ გახდა ეს ახალზელანდიელი ქალი ტარანტინოს კასკადიორი მუზა, თანაც ისე, რომ თავის Kill Bill ფილმებში უმა თურმანის დუბლიორად აიყვანა და ბოლოს 'Death Proof'–ში როლი სპეციალურად მისთვის დაწერა. მერე ეს ვიდეო ვნახე და მივხვდი: ტარანტინოა თვითონ ისეთი ტიპი, სულ აღტაცებული და ემოციური, რომ ზუსტად ზოი ბელი სჭირდებოდა ფილმებში. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ზუსტად ტარანტინოს და მერე დრიუ ბერიმორის წყალობით გამოჩნდა ზოი ბელის სახე ეკრანზე, როცა მანამდე მხოლოდ ცნობილი ჰოლივუდელი ქალების ტანი იყო. თავის ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ საინტერესოა მსახიობობა და იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც ადრე ცხვირაწევით უყურებდნენ და მისი სახელიც არ ახსოვდათ, "ჩემი ახალზელანდიელი დუბლიორიო" ამბობდნენ.

მისი პროფესია, საერთოდ, ცალკე გასარჩევი თემაა, ჩემი აზრით. თვითონ ზოი კი ამბობს, რომ არცერთ გიმნასტ სპორტსმენს აქვს მასზე უსაფრთხო ცხოვრება, მაგრამ ვიდეოებს რომ ვუყურებ, გული მიჩქარდება: მანქანაზე ისე ზის/წევს/დგას და სასწაული სიმაღლეებიდან ხტება. გასაგებია, მოზღვავებული ადრენალინითაა ადამიანი დაბადებული და მისი მოწოდება ესაა, მაგრამ ძალიან საწყენი იქნებოდა მთავარი როლი რომ არასოდეს შეესრულებინა და ყველას არ გაეგო, ვინ დგას უმა თურმანის დალურჯებული სხეულის, ისევე როგორც ცნობილი მეომარი პრინცესა Xena–ს და ქალი–კატის უკან.

The Tarantino "Legs Girls" (The Grindhouse cast)

Kurt Russell as Crazy Mike

"Jungle Julia" - girl with most beautiful legs

ტარანტინოს რაც შეეხება, ამ ფილმში განსაკუთრებით ჩანს მისი ფეტიში ფეხებისადმი. ყველგან ქალების ლამაზი და შოკოლადისფერი ტერფები ჩანს. არ მინდა ბევრი დავწერო შინაარსზე, რადგან მთავარი ისაა, რა გადაიღო ტარანტინომ, კადრები, ფერები, სასწაული მუსიკა, უწმაწური დიალოგები, ბევრი სისხლი და სიცილი. თანაც თქვენ თვითონ ნახავთ და მერე მეტყვით თქვენს აზრსაც.
გიჟია ეს კაცი, როგორც დედაჩემი იტყოდა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი გიჟი.

Saturday, November 6, 2010

ყოფნა–არყოფნა ტავტოლოგიურად

სასწაულია რობი უილიამსი, მაგრამ ამ ვიდეოს რომ ნახავ, ხვდები, რომ ეს ტიპიც სასწაულია. გასაგებია, იმიტომაა სასწაული, რომ რობია, მაგრამ თან არ არის.

საქმე ის არ არის, ვინ ვინ არის. I mean, ეს პოსტი საერთოდ არ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო.
პოსტს უნდა ერქვას – "ყოფნა–არყოფნა ტავტოლოგიურად". პრინციპში, ჰქვია კიდეც ;)

It's the 80s, what you looking at, ya mong?

Wednesday, November 3, 2010

Sleeping In The World To Come


ცივა.
იანა ფრანკის კატასავით მინდა რადიატორთან "ჩავიფუთნო" და დავიძინო.
ვითომ, ზამთარში ღამე გრძელიაო და მე მაინც არ მყოფნის. საღამოს 11 საათზე ვიძინებ და დილით 8-ზე ვდგები, მაინც მეზარება ხოლმე ადგომა. როცა ავდგები, უკვე ენერგიულად დავრბივარ, მაგრამ სანამ ლოგინიდან წამოვხტები, მანამდე რამდენიმე წამს ვფიქრობ, კიდევ ხომ არ გავაგრძელო ძილი.

რაც საათი გადაწიეს, 5 საათზე უკვე ღამეა და ისე ბნელა, ლექციიდან ფანჯარაში რომ გავიხედავ, მარკესის მოთხრობები მახსენდება. მთლად უკუნეთიც რომ არ არის, რაღაც მუქი ლურჯი ნისლისფერია.

დილას მერკელი შეაშინეს. "საჩუქრებს" გზავნიან საბერძნეთიდან.
წინა ღამეს რაღაც სასწაული ხმაური იყო ჩემს ქუჩაზე და უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ტანკები მოდიოდნენ და მეორე მსოფლიო ომი მეორდებოდა.
აქამდე არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რაღაც ბერლინში, იმდენად უსაფრთხო და სტაბილურ ადგილად მეჩვენებოდა.
რა საშინელებაა ეს პოლიტიკა, ადამიანს მშვიდად გინდა ცხოვრება და ახალი ამბები ცხვირში გეჩრებიან. ძალიან ვიმედოვნებ, რომ 'Olam Haba' მაინც იქნება ისეთი ადგილი, სადაც ზედმეტი ფიქრებით არ გამოგეტენება თავი და ამ თეთრი ფისოსავით მშვიდად დაიძინებ თბილ ადგილას.