ადრე ტვიტერზე ვნახე ეს ფოტო და ბუნებრივია, ჩემნაირი ემოციური დედის გული მაშინვე შეძრა. მერე რომ დავაკვირდი ფოტოს, იმდენი ამერიკული იდეა დავინახე, მედია უფრო შემზიზღდა და ეს პატარა ბავშვი კიდევ მეტად შემეცოდა.
ფოტოზე ეწერა, ვითომ ამ ერაყელმა ბავშვმა თავად დახატა თავისი დედა და მერე ასე მოიკუნტა მის მკერდზე. მოდი და ნუ აგიჩუყდება გული.
მაგრამ მერე კარგად რომ დავაკვირდი სურათს, 3 წლის გოგოს ნახატს კი არა, მარჯანე სატრაპის ილუსტრაციას უფრო ჰგავდა თავსაფრიანი დედა და ასე აკურატულად მოკალათებული ბავშვი კიდევ, დასავლეთის მედიის ფოტოშეკვეთას.
არ ვიცი, იქნებ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერზე ეჭვი გვიჩნდება (და ამისთვის გვაქვს კიდეც საკმარისი მიზეზები) და აღარაფრის გვჯერა, მაგრამ რა ვქნა, არ მჯერა მე ამ ფოტოს სინამდვილის.
ვისაც პატარა მუსულმანი გოგოები უნახავს, ეცოდინება, როგორი მორცხვები და შეშინებულები არიან, ამიტომ საეჭვოა, ამ პატარა ბავშვს, უბრალოდ, დაეხატოს თავისი დაღუპული დედა და ყველას დასანახად ჩახუტებოდეს.
რატომ ვწერ ამაზე?
ყველამ იცის, ალბათ, რა ხდება სირიაში.
გუშინ რაღაც შეხვედრაზე ვიყავი და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ჟურნალებს ვკითხულობდი და იქ იყო საინტერესო სტატია ამ სამოქალაქო ომზე. ომზე, რომელიც, კაცმა არ იცის, რა მიზეზით დაიწყო, ვინ ვის ეომება და ხალხი ვის მხარესაა, რადგან როგორც ყოველთვის, უბრალო ადამიანების და მოაზროვნე მოსახლეობის სურვილები ყველაზე ბოლო ადგილზე დგას.
მერე ის საშინელი ციფრი წავიკითხე, თუ რამდენი ლტოლვილი ბავშვია სირიიდან ევროპაში და ელოდებიან თავშესაფარს გერმანიისა და საფრანგეთისგან.
კიდევ უფრო დიდი საშინელება ისაა, რომ ამ ბავშვებს ფსიქიკა განადგურებული აქვთ, სკოლაში არ სწავლობენ და ეზოებში "საფლავობანას" თამაშობენ, ანუ ერთ ბავშვს ფიცარზე აწვენენ და დანარჩენებს ეს ფიცარი მიაქვთ...
(ვერ გეტყვით, იქნებ ეს ფოტოც მედიის დადგმულია)
იმ ადამიანსაც კი, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავს, სულს გაუყინავს ეს კადრი და იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები და რა ფასეულობებით (სასწაულად კომფორტული სიტყვაა) იზრდებიან.
ერთ პირად მაგალითს მოგიყვანთ, ოჯახში როგორ იზრდებიან ის ბავშვები.
მე და ეზრა სუპერმარკეტში ვიყავით და ჩვენს წინ ერთი მუსულმანი ოჯახი მიდიოდა ორი ბავშვით, ისინიც "კალიასკით" იყვნენ. მათი ოთხიოდე წლის გოგო ჩამორჩა შოკოლადების თვალიერებაში და ისე მოხდა, რომ ჩვენს "კალიასკას" დაეჯახა. დედამისმა რომ დაინახა, გიჟივით მოვარდა, ხელი სტაცა გამხდარ მკლავებში და ისე წაიყვანა. თან საშინლად უყვიროდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ ადვილად მისახვედრი შინაარსის სიტყვებს.
გარდა ამისა, მუსულმანი (განსაკუთრებით რელიგიური) დედები – ირანელების გარდა, (უმეტესად დედებს ვხვდები, რადგან მეც დედა ვარ და საერთო ადგილებში გვიწევს ყოფნა. მაგ: ბავშვის ექიმთან, მაღაზიებში, ტრანსპორტში – სადაც "კალიასკებისთვის" სპეციალური ადგილებია) საოცრად უხეშები არიან, ან ისეთი დაღლილ–დაჩაგრულთვალებიანები, საერთოდ არ გიყურებენ სახეში, ღიმილსა და მოსალმებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
[შეიძლება მე მივეჩვიე, რომ ვითომ ეს ყინულოვანი გერმანელები, როგორც მათ თვლიან, ორგანიზაციებში ყოველთვის თავაზიანები არიან, ადგილსაც დაგითმობენ ბავშვიანს და თუ დაგეჯახნენ ან შენ შეეჯახე, ბოდიშს მოგიხდიან და გაგიღიმებენ.
იმიტომ, რომ ესენი მშვიდ და სტაბილურ ქვეყანაში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ბავშვობაში არავინ უგრეხდათ მკლავებს და საფლავობანასაც არ თამაშობდნენ.]
ის ბავშვები კი, როგორი ადამიანები შეიძლება გამოვიდნენ ამ ყველაფრის შემდეგ, როცა სიყვარული და სითბო არც ოჯახიდან აქვთ და არც გარესამყაროდან? როცა ვერავისგან იღებენ გაგებას, უსაფრთხოების შეგრძნებას; შედეგადაც რისი გაცემა შეეძლებათ, აგრესიისა და ზიზღის გარდა.
რა სამწუხაროა, რომ გამოსავალი არასოდესაა იქ, სადაც ბევრი ნავთობი და უწიგნურებაა.
^^ პოსტი, ბუნებრივია, არ აღწერს მუსულმანების უნივერსალურ ცხოვრებას და ყველას ოჯახურ ურთიერთობებს. ყველაფერი მხოლოდ საკუთარი დაკვირვების შედეგია ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში.








