Saturday, February 28, 2009

"ჩვენიანები"

(მოთხრობა პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე ავტორის, რაბი მეირ ლევინის, თანხმობით [სოფი გორელაშვილის თარგმანი])

ეს ამბავი ორმოცი წლის წინ მოხდა.
მე და ჩემი დეიდაშვილი ალიკ ბრაცლავსკი ავტობუსის გაჩერებაზე ჩავდივართ. მისი დის დაბადების დღეზე მივდიოდით. დეიდაჩემი პროდუქტების საწყობში მუშაობდა, ამიტომ დიდი ნადიმი იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებით, ღვინო იქნებოდა კარგი. მოსკოვში აყენებდნენ იმ ღვინოს, "ცეკა კპსს"-ში. ისე რომ, მე და ნიკიტა სერგეევიჩი ერთი ქვევრიდან ვსვამდით, თუმცა მისას წყალს ურევდნენ, ხრუშჩოვის დეიდა ხომ საწყობში არ მუშაობდა.
მე და ალიკი ვიცინით, ვხუმრობთ, უცებ ერთი ოცდაათიოდე წლის კაცი შევამჩნიე, ხეს ეხვევა და თავისთვის ლაპარაკობს. როცა მივუახლოვდით, უცებ, თავისი ხე მიატოვა და მე ჩამეხუტა. დეიდაშვილს შეეშინდა, საშველად მომვარდა.
კაცს, რომელსაც, დავუშვათ, გოგი მჟავანაძე ერქვა, ენა ებმოდა:
__ ბიჭებო, ჩემს მეგობარს ვაჟი შეეძინა. ექვსი ბოთლი შამპანური დავლიეთ... არცერთი მანქანა არ მიჩერებს, მომეხმარეთ რა, ვინმე ნაძირალა არ გეგონოთ, უფროსი ინჟინერი ვარ, აი. – თან ხელებში რაღაც მოწმობას მაჩეჩებდა.
__ არ არის საჭირო, - ვუთხარი.
უცებ გოგი ბეჭებში გასწორდა და თითით მიწაზე მიუთითა:
__ უკვე, დიდი ხანია, წამოვწვებოდი, მაგრამ გაივლის ვინმე რუსი და იტყვის, აი, ქართველი დამთვრალა და სად დაწოლილაო.
მე და ჩემმა დეიდაშვილმა ერთმანეთს გადავხედეთ. მე გოგის ვიჭერდი, ალიკმა - ტაქსი გააჩერა. მძღოლი დიდად კმაყოფილი არ იყო ნასვამი მგზავრით, მაგრამ გოგის სიტყვა რომ მოისმინა, პატივისცემით გადმოგვხედა. გზაში გოგი გამოფხიზლდა და სამივეს, მძღოლის ჩათვლით, გვეხვეწებოდა, სახლში წავყოლოდით სტუმრად. მერე არც ფულის გადახდა დაგვანება. მძღოლიც უარზე იდგა.
ამ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებას ბევრჯერ იმაზე მეტად დავუთვრივარ, ვიდრე ექვს ბოთლ შამპანურს. ხშირად ისიც მომსურვებია, სადმე თხრილში ჩავწოლილიყავი... მაგრამ ყოველთვის გოგი მიდგებოდა თვალწინ და საკუთარ თავს ვახსენებდი: "ვინმე გაივლის და იტყვის, აი, ებრაელი თხრილში ჩაწოლილაო..."
თალმუდში წერია, რომ ადამიანი სამ რაღაცაში იცნობა: ფულის ხარჯვა, თავშეკავებულობასა და სასმელში. ცნობილი ფენომენია, რომ ყველაზე უკულტურო ქართველიც კი არ დაეცემა ცხოველის მდგომარეობამდე და ქუჩაში არ დაწვება. შეიძლება იმიტომაც, რომ ღვინოს სვამენ და არა – არაყს. მაგრამ დალევა მათთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. სმასთან ერთად უამრავ ლამაზ სიტყვას ამბობენ, – მშობლებზე, მანდილოსნებსა და ქვეყანაზე. თუნდაც ყოველთვის გულწრფელად არა. ალბათ, მაინც ეს სიტყვები აკავებდნენ გოგი მჟავანაძეს იმ საღამოს, რომ მიწაზე არ დაცემულიყო და ჩემთვის თავმოყვარეობის ნათელ მაგალითად ქცეულიყო.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. ახლა სრულიად სხვა მიზნები და ცხოვრებისეული ფასეულობები მაქვს, მაგრამ უცებ ძალიან მომინდა, მომინდა... გოგი მჟავანაძესთან ერთად დალევა. ჩამოდი, გოგი, გენაცვალე! დავლიოთ ჩვენი ახალგაზრდობისა და მრავალჭირნახული სამშობლოების სადღეგრძელო, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში! ჩამოდი აზიზ-ჯან! ნუ გრცხვენია, ყველანი ჩვენიანები ვართ!

Thursday, February 26, 2009

Печаль моя светла


ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვწერ. ყოველდღე მინდა დავწერო ბლოგზე, ჩემი განწყობა გავუზიარო ყველას, ვინც კითხულობს. უკვე წინასწარ ვიცი კიდეც, ვინ როგორ გაიგებს და რას მეტყვის. ვიცი, დებორა ყოველთვის კითხულობს და მერე ჩემ შესახებ ყველაფერი იცის :) ხან რაღაცები უკვირს კიდეც, მაგრამ თავისებურად, ტაქტიანად, არ იმჩნევს. მთელი სიცოცხლე ტაქტიან ადამიანებზე ვოცნებობდი და უცებ დებორა აღმოჩნდა ასეთი, მე კიდევ შესაბამისად ვერ ვაფასებ, თვეებია, რაც არ მინახავს. But I am young and wild, მიგებს, ვიცი.
ლილუ კითხულობს, ჩემი სრულუფლებიანი მენეჯერი. კიდევ რამდენიმე საყვარელი ადამიანი...
ადრე ვწერდი ისე, მინდოდა, ყველას მოსწონებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასჯერ ვამოწმებდი, რამე არ გამპარვოდა და მერე ვინმეს არ სწყენოდა. ახლა აღარ ვფიქრობ, უბრალოდ, მე თვითონ ვიღებ უდიდეს სიამოვნებას აქ წერისას ზუსტად იმაზე, რაზეც მე მინდა.

გუშინ ერთ ბლოგზე მირზა გელოვანის ლექსის ნაწყვეტი წავიკითხე და დღემდე იმაზე მეფიქრება, მე თქვენი თმები დამაბრუნებენო...
ვან გოგის "ვარსკვლავიან ღამეს" ვუყურებდი და პუშკინის ლექსი გამახსენდა, ნათელ სევდაზე :) პირველ კურსზე გვიკითხავდა ერთი ორიგინალური ტიპი, რამაზ ჭილაია, ქართულ სტილისტიკას, სწორედ მან ახსენა ეს ლექსი ერთხელ და იმის მერე ხშირად ვგრძნობ ხოლმე მსგავს სევდას. სევდას პირველი კურსისა და პოეზიით გატაცებისა, არა მარტო... იმ დროს ორი "ცოცხალი" პოეტი მყავდა ერთდროულად. მაგრამ ქალებს ხომ პოლიგამია ეკრძალებათ, მერე სხვები დაიჩაგრებიან.

ოდისეას ცაკალოს ვუსმენ ბოლო დროს, მაი სფეისზეც მისი სიმღერები მაქვს ფლეილისთში, ჩემი ნათელი სევდის მუსიკაა. "Den peirazi" (არაუშავს) ჰქვია. მე ჩემებურად ვთარგმნი - "ესეც გაივლის", ამიტომაც არაუშავს ;)


Tuesday, February 24, 2009

ახდენილი ოცნება - three make the dream come true

მე რომ ახლა ოსკარებზე არ დავწერო, არ შეიძლება. ქეით უინსლეთმა მიბიძგა :) ბავშვობაშიო, შამპუნის ბოთლს ვიჭერდი და ვითომ ოსკარი იყო, სიტყვას ვამბობდიო. მეც ვამბობდი, სარკის წინ :D იმასაც კი ვვარჯიშობდი, ხელს როგორ დავუქნევდი ხალხს წითელი ხალიჩიდან. წელს მგონი 81-ე ცერემონიალი იყო და მე მეორედ ვიყავი ინდიფერენტული. ფასეულობები, მიზნები შემეცვალა ოცნებებიც ამასთან ერთად. რჩება რეალობა, რომელიც მინდა, რომ ჩემად ვაქციო ;)

წელს დედაჩემის ოცნება ახდა :ლოლ: მისმა საყვარელმა შონ პენმა აიღო ოსკარი და კომუნისტური სიყვარულით მიმართა საზოგადოებას. ახდა ჩემი ბავშვობის ოცნებაც, რომ ერთ ბუნებრივ ქალს მაინც მიეღო ოსკარი და უცებ ორმა, ქეითმა და პენელოპემ, აიღო. ვიცოდი, რომ ქეით უინსლეთს მისცემდნენ, ისეთი როლი ითამაშა, მაგრამ მაინც აკადემიის წევრებს რას გაუგებ, ისე აწამებენ ადამიანებს. პენელოპე შეუდარებელი იყო, როგორც ყოველთვის, ლამაზი და უბრალო, ყველას რომ ეუბნება, ასეთი აქცენტი მაქვს და არ გაგეპრანჭებითო. აქამდე სულ ვამბობდი, პენელოპეს ჰოლივუდში აფუჭებენ-მეთქი, იმიტომ, რომ ვერცერთი მისი ამერიკული როლი ესპანურს ვერ შეედრება. "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" ჯერ არ მინახავს და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აზრი შემეცვალოს, ვუდი ალენს კი პატივვყოფ, იცით ;)

სხვა ნომინანტებსა და დაჯილდოებულებზე ვერაფერს ვიტყვი, არ დავინტერესებულვარ, სიმართლე გითხრათ, აი თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ ადევნებდით თვალს და წინასწარ თუ გყავდათ ფავორიტები.

Monday, February 23, 2009

2+2=4


დღეს უნდა "ამოვთქვა" რაღაცები, რაზეც გუშინ დავფიქრდი, მიუხედავად ყურის საშინელი ტკივილისა და ტირილის ნდომისა.
გუშინ ისეთი კარგი დღე მქონდა :)
ჩემმა "ხევრუსამ" დამირეკა ლონდონიდან და 45 წუთიანი გაკვეთილი გვქონდა.
მაგრამ კულმინაცია სხვა იყო - უცებ დინა მირეკავს სკაიპში აღფრთოვანებულ-დარცხვენილი, მეირ ლევინმა დამირეკა ახლა, შენმა მეგობარმა სოფიმ მომწერაო და დამირეკოსო. დინა აღელვებული იყო, ასეთი რა მისწერეო, მეც გული გამისკდა, მეთქი სიყვარული ხომ არ ამეხსნევინა რაბისთვის და იქვე გულიც გამისკდებოდა. წარმოიდგინეთ, წინა დღისით ადამიანის წიგნს ვკითხულობ და მეორე დღეს ველაპარაკები :D დეტალებს, რაც მივწერე, აღარ ჩავუღრმავდები, იმიტომ, რომ გამოვამჟღავნე ჩემი გიჟური ბუნება :ლოლ: სამაგიეროდ, ახლა სიცოცხლის ბოლომდე მადლობელი ვიქნები დედაუნივერსიტეტის, რომელმაც ასე მოკლე და მიზანმიმართული წერილების წერა მასწავლა. მეირ ლევინს რომ ველაპარაკებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, სადაცაა სიმღერას დაიწყებს-მეთქი, საოცრად თბილი და ტკბილი ხმა ჰქონდა. მერე დინასაც და მე დაგვავალა დაგვეწერა წერილი ჩვენ შესახებ, რასაც თითქმის 1 საათი მოვუნდით, სანამ დინა ჩემს რუსულ ორთოგრაფიას შეასწორებდა და გავუგზავნეთ. გათენებამდე ვერ ვმალავდით აღფრთოვანებას, რომ ასეთი ადამიანი გავიცანით.
იმ დღეს ვიღაც ანონიმს ჩემზე უთქვამს, სოფი მორცხვიაო, მეორეს - არა, ისეთია, შეიძლება, ვინმე შემოაკვდესო :( ადამიანებს რომ თავიანთი შეხედულებები აქვთ და ამის შეცვლას არ ვაპირებ, ეს ხომ ადრეც ვთქვი, მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ მესამე იტყოდა, ძალიან გაბედულიაო, სიგიჟემდე გაბედული :D არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ აი, როგორც პატარა დავითი გამოვიდა და გოლიათს შეება მხოლოდ თავისი რწმენისა და შურდულის ამარა, ასე ვგრძნობ თავს :D ცოტა თუ არ გადაუხვიე და არ გამოეყავი ხალხს, შენ თვითონ იგრძნობ, როგორ უკან რჩები.
(არ შემიძლია არ დავამატო, მეგონა, აქამდე მე ვწერდი საუკეთესო წერილებს :) გუშინ დინამ თავისი წერილი რომ წამაკითხა, მივხვდი, რას გულისხმობდა მეირ ლევინი მოთხრობაში "2+2=4". დინა, შენ ჩემზე ბევრად ლამაზად წერ.)

Saturday, February 21, 2009

წიგნოთეკა - "Обретая себя"


დღეს წავიკითხე ეს წიგნი, ერთი ამოსუნთქვით, როგოც იტყვიან. თუმცა დიდხანს ვიფიქრე, როგორ შეიძლება ქართულად ვთარგმნო - "Обретая себя"

ზუსტად ამ დღეებში ვფიქრობდი, როგორ არ მიყვარს დიდი წიგნები, გრძელი წინადადებები, უზარმაზარი დეკორაციები, თმადახვეული ქალები და გალაქულფეხსაცმლიანი მამაკაცები...
ერთმა "ბეღურა გოგონამ" გამომიგზავნა თავისი ნაწერები, მთხოვა, წამეკითხა და შემეფასებინა. დიდი ხანი მოვუნდი, მიჭირს ხოლმე წაკითხვა და მერე კრიტიკა. იმ გოგონას დავუწერე, რომ ძალიან მაღალფარდოვნად წერდა, რომ პირადად მე მიხეილ ჯავახიშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე გამსახურდია, რობაქიძე, ტოლსტოისაც კი მირჩევნიან-მეთქი. ზუსტად იმიტომ, რომ ესენი ძალიან გაჭიმული წინადადებებით წერენ და თითქოს ზემოდან გიყურებენ, აბა, გაიგებს ეს მდაბიო მკითხველი თუ ვერაო.

ჰოდა, დღეს მეირ ლევინის ზემოთ აღნიშნულ წიგნს რომ ვკითხულობდი, სწორედ ერთერთ ქვეთავში (თუ შეიძლება ასე დავარქვა) ეწერა, რომ არ უყვარს დიდტანიანი წიგნები და მასაც ასე ჰგონია, ეს დიადი მწერლები ზემოდან უყურებენ. სამაგიეროდ, მის წიგნში ძალიან ბევრჯერ არის შოთა რუსთაველის აფორიზმები მოყვანილი და ნაწერსაც ასე ასრულებს: "რასაცა გასცემ შენია, რაც - არა დაკარგულია". ისეთი თბილი წიგნია, ებრაულ და ქართულ მელოდიებივით, სევდა და იმედნარევი რომ არის ხოლმე, თან გეტირება, თან - იღიმი და მზეს გრძნობ სხეულში. სწორედ ასეთია მეირ ლევინის წიგნი, რომელსაც ასე ვთარგმნიდი - "საკუთარი თავის ძებნაში".

მეირ ლევინმა, როგორც თავად წერს, საკმაოდ გვიან, 45-50 წლის ასაკში იპოვა თავისი თავი, უფრო სწორად ის ადგილი, სადაც მისი ნამდვილი პიროვნება იმალებოდა დიდხანს - იერუსალიმში, რა თქმა უნდა. წიგნი ავტორის ბიოგრაფიაა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭის, რომელსაც ქუჩაში "შავებთან" შეხვედრაც მოუწია ერთხელ, საბჭოთა კავშირშიც დადიოდა "კამანდიროვკებზე", არსებული სისტემის შესახებ ანეკდოტებსაც ჰყვებოდა და ღორის ხორცსაც ჭამდა მანამ, სანამ დრო მოვიდოდა. საკუთარ მიწაზე დაბრუნების დრო. როგორც თვითონ წერს, ნოსტალგია დარჩა, ახალგაზდრობის წლების, იმ დაკარგული წლების, როდესაც ბევრი რამე არ იცოდა და არც უნდოდა სცოდნოდა. არადა, უფრო მეტის სწავლა შეეძლო. განსაკუთრებით ალბათ იმიტომ მომეწონა (დინამ თავიდანვე მითხრა, ზუსტად ისეთი წიგნია, შენ რომ გიყვარსო), რომ ავტორი ძალიან გახსნილი, გონებამახვილი და უბრალოა. როცა წიგნს ვკითხულობ, აუცილებლად უნდა ვიპოვო საერთო ავტორთან, წიგნის გმირთან, თორემ სხვა შემთხვევაში ერთი წელი მედება წიგნი დაწყებული და ვერდამთავრებული. ვკითხულობდი, ხან მეცინებოდა, ცრემლებიც წამომცვივდა. აქამდე მეგონა, რომ მარტო ქალებს, მაგალითად: დინა რუბინას, მარინა მოსკვინას, შეეძლოთ ასე "საკაიფოდ" წერა და აღმოჩნდა, რომ რელიგიურ მამაკაცსაც შესძლებია. უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ ჩემი გზა განვაგრძო სწორედ ისე, როგორც მგონია, რომ უნდა განვაგრძო :)

ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ მეირ ლევინის შემოქმედებას, ასევე გადმოიწეროთ მისი სიმღერები "ოქროსფერი კუნძულიდან"

http://maratlevin.googlepages.com/home

Thursday, February 19, 2009

ცვლილებების არჩევა


აქამდე ვერავინ დამაჯერებდა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. მჯეროდა, რომ ერთადერთი სავლე იქცა პავლედ, ისიც ქრისტიანულ რელიგიაში.
ბოლო-ბოლო ამ კაცმა ნახევარი მსოფლიო აიძულა, ებრაელ დედა-შვილზე ელოცა.
ჰოდა, შევიცვალე, თუმცა პავლე მოციქულივით ყველაზე ცნობილი "ლობისტი" ვერ ვარ.
ადრე რომ გეკითხათ - შარვლის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი, შაბათს ვერასოდეს დავიცავდი, ადვილი ხომ არ არის, არც შუქი აანთო, არც კომპიუტერი ჩართო და რაც ყველაზე რთულია ჩემთვის, ვერ დაწერო. მაგრამ ახლა ამ კითხვების დასმის უფლება გაქვთ ;)
სამაგიეროდ, დედაჩემიდან დაწყებული და მეზობლების ბიძაშვილებით დამთავრებული, ყველას აკრძალული ჰქონდა ჩემთან გათხოვებაზე საუბარი, რასაც მოჰყვება ოჯახი, საჭმელების კეთება და ბევრი მტირალა ბავშვი, მერე რა, რომ ჭორფლიანი წითელთმიანები იქნებიან.

ახლა საჭმელების გაკეთებას ვსწავლობ :) იმაზეც ვფიქრობ, რა ფერის პარიკი შეიძლება მომიხდეს მომავალში... ჟღალი თუ ქერა? და, რა თქმა უნდა, იმაზე, რა მჭირდება სინამდვილეში და არა ის - რა მინდა. თუმცა საქმე ისაა, რომ მომწონს ის, რაც მჭირდება. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ვიცი, რა ხდება დღეს და ისიც ვიცი, საით მივდივარ. I've made my choice.

(დინიკო, მადლობა ფოტოსთვის)

Monday, February 16, 2009

"როგორ იწრთობოდა კრიზისი"

გუშინ დინამ წამაკითხა ერთი ჭკვიანი ბიჭის სტატია Livejournal-ზე. წავიკითხე და მივხვდი, როგორ ცუდად ვერკვევი ეკონომიკაში, საერთოდ ცუდად ვერკვევი რეალურ ფინანსებში, აბა რა იქნება, მათემატიკის დავალებებს სულ დედაჩემი მიწერდა.
ერთი ასეთი საკაიფო აზრი ეწერა იმ ბიჭს, "ჰასიდის" ფსევდონიმით რომ წერს: მოსკოვში, ორგანიზაციებში 14 თანამშრომლიდან 2- ტოვეო და, რაც ყველაზე საკვირველია, ეს 2 ადამიანი უპრობლემოდ ართმევს თავს სამუშაოსო. უმეტესობა ოფისის თანამშრომლებისა იმ გოგოებისგან შედგებოდა, რომლებსაც ყველაფერი "ნაკლადნოი" აქვთო.
ამაზე გამახსენდა დედაჩემის სამსახური შორეულ 80-90-იანებში. ერთი უზარმაზარი სამშენებლო ტრესტი იყო (ასე ეძახდნენ მაშინ), რა თქმა უნდა, "უფროსობა" მოსკოვში იჯდა; ხოდა ამ ტრესტში მუშაობდა 20 მთავარი ბუღალტერი (ღ-ს ვიხმარ, ჩემი ნებართვით, და არა ხჰ-ს), კიდევ ისე 20 ბუღალტერი, 18 ინჟინერი და 15 მხაზავი. პლუს უცნაური აბრევიატურის განყოფილებები არსებობდა: პტი, კბგ (რომელიც მე რატომღაც კა-გე-ბე მეგონა დიდხანს). ნახევარ მილიონ "პრარაბსა" და მექანიკოსზე აღარ მოვყვები, უზარმაზარი ორგანიზმი იყო ეს ტრესტი და ჩემმა ბავშვობამ იქ გაიარა, როგორც იტყვიან.
91-ში უკვე, მოსკოვივით, 20 თანამშრომლიდან 4 დატოვეს, ისინიც ირწმუნებოდნენ, რომ საქმეს თავს მშვენივრად ართმევდნენ და კაპიტალიზმი ძაან კაი რამე იყო. მომდევნო წლებში საერთოდ აღარაფერი შენდებოდა და შესაბამისად, ზედმეტი გახდა ამ ტრესტის არსებობა, პრივატიზაცია "უქნეს", თუ როგორც ჰქვია, და წავიდ-წამოვიდნენ.
ახლა "ჰასიდის" სტატიამ სერიოზულად დამაფიქრა ეკონომიკაზე.
სინამდვილეში რა ხდება?
რაღაცნაირად ლოგიკური იყო "დედაჩემის" ტრესტის დაშლა, იმიტომ, რომ აღარაფერს აშენებდნენ უკვე და ხალხიც არ სჭირდებოდათ; ახლაც იგივე მგონია, არაფერი კეთდება და ამიტომ არის ეკონომიკური კრიზისი... ან, უბრალოდ, ათიოდე კაცს, შვინდისფერ ლოჟაში რომ სხედან (მე რატომღაც ასე წარმომიდგენია), მოუნდა მსოფლიოს გასუფთავება და დაგვაკრიზისეს. დედაჩემმა "თავისებური" ეკონომისტური ტერმინები იცის, რომლებიც მე არ მესმის და არც მაინტერესებდა აქამდე. არ მინდა დავიჯერო, რომ ასე ცუდად არის ჩვენი საქმე.
P.S. დღეს ერთმა ცნობისმოყვარე ქალმა, ლილიამ, თქვა გაკვეთილზე, საერთოდ ადამიანებს არაფერს გვეკითხებიანო, თავისი თბილი თვალებით შეხედა რაბიმ და უპასუხა, ცდებითო, ხოდა მზით ავივსე :) აი ასე :)

Saturday, February 14, 2009

ფარიკაობის ერთი გაკვეთილი

ერთხელ ვთქვი, რომ არასოდეს დავწერ ძალიან პირადულ რაღაცებზე-მეთქი.

შესავლისთვის, გეტყვით მიზეზს, რატომ გადავწყვიტე დამეწერა. დიდი ხანია მაწუხებს ის ამბავი, რომ ადამიანებს ყოველთვის ეკითხებიან მშობლების შესახებ... ძალიან მაღიზიანებს, როცა შვილებს მშობლების მიხედვით სჯიან, "ხემ მოისხა ხილიო..."-ს მსგავსი ანდაზები და ბულშითოლოგია.
მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, როცა ცნობისმოყვარეებს აინტერესებთ, რა გვარია დედაშენი. როგორ შეიძლება ასეთი კითხვა დაუსვა 7-8 წლის ბავშვს, რომელიც მთელი თავისი გაცნობიერებული ცხოვრების მანძილზე დედის გვარს ატარებს და საშინლად წუხდება, როცა ეკითხებიან, იმიტომ, რომ დედამისს იგივე გვარი აქვს, რაც მას.

სწორედ ამ ასაკში, სკოლაში გადაწყვიტეს, რომ მე ფარიკაობის ტალანტი მქონდა (?!) და წრეზე უნდა მევლო. მე და ორიოდე ბავშვი აგვარჩიეს და შეგვიყვანეს კიდეც ფარიკაობაზე. პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა ჩამოგვაყენა კედელთან და გამოგვკითხა: გვარი, სახელი... და დედის გვარი. არ ვიცი, რანაირი მოფარიკავე იყო ან მე როგორი გამოვიდოდი, დედაჩემის გვარით რომ არ დაინტერესებულიყო. მაშინ "გამიტყდა" სიცოცხლეში პირველად, რომ დანარჩენ 5 ბავშვს დედისგან განსხვავებული გვარი ჰქონდა და მე - არა.
შეიძლება არაფერი, ახლა რომ წაიკითხავთ, მაგრამ მაშინ ძალიან რთული იყო ჩემი პატარა "მოფარიკავე" გულისთვის, რომ ეთქვა, დედის გვარი მაქვს და ვამაყობო.
ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი გაკვეთილი ფარიკაობაში.
ამის მერე კაი ხანი გავიდა, ჩემი გვარი დღემდე ყველაზე მეტად მომწონს და ვერ წარმომიდგენია სხვა მქონდეს. თითქმის აღარავის უკითხავს, დედაშენი რა გვარიაო... გასულ წლამდე :D როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი (ზუსტად არ ვიცი მისი თანამდებობა) კახა მაჭავარიანი დაინტერესდა, რა გვარი იყო დედაჩემი. იმის მერე ნატას ვაბრაზებ ხოლმე, შენს საყვარელ კახა მაჭავარიანს ჩემს დანახვაზე თვალებში სვასტიკები უციმციმებს-მეთქი.
ალბათ ვერასოდეს მივხვდები გვარების, სახელების და წინაპრების სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჩაძიების ფაქტებს.
Hello! მე ვარ მე, არც მამაჩემი, არც დედაჩემი, ინდივიდუალური ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, ღმერთმა ჩემს მშობლებს მისცა სიყვარულის შედეგად. Don't you ever dare to ask!

Thursday, February 12, 2009

Show me your head...


რამდენი ხანია, მინდოდა წითელთმიანებზე დამეწერა.
ჯერ კიდევ მაშინ, "სანის თავგადასავლებს" რომ ვწერდი, ჩემი მოთხრობის გმირს, სანის, თმა წითლად შევუღებე :D "მისი" აზრით, ადამიანი თმას შავად იღებავს, როდესაც ოდნავ დეპრესირებულია ან ცისფერი/მწვანე თვალები აქვს და ხაზგასმა უნდა, ქერად იღებავს - როცა უნდა, თავი ნამდვილ ქალად იგრძნოს. აი, წითელთმიანი მაშინ ხდება, როცა პროტესტი აქვს ყოველთვის, პროტესტი და სურვილი, რომ შეცვალოს რაღაც, სამყარო თუ არა, საკუთარი თავი მაინც :) სანის ასე სჯეროდა. მეც მჯერა.
რა ფერის თმა გაქვთ???

Tuesday, February 10, 2009

"თითებით მკითხველი"


უცნაური დღე მქონდა. ისეთივე, როგორიც ამინდი იყო. გარეთ ვიყავი, წვიმაში მოვყევი, მეგობრებიც ვნახე და უცებ განმარტოება მომინდა.

ადრე, ძალიან ადრე "ტიტანიკი" რომ გამოვიდა, მე და ჩემი მეგობარი სკოლიდან გავიპარეთ, რომ მასთან გვენახა "ვიდეოზე". რა თქმა უნდა, ბევრი ვიტირეთ, მანამდე ასეთი მასშტაბის ფილმი ნანახი არ გვქონდა. იმის მერე, სულ ვუყურებდი ჩემს თითებს და ქეით უინსლეთისას ვამსგავსებდი :)
დღეს "მკითხველი" (The reader) ვნახე (ასე თარგმნიან, ალბათ, ამ ფილმს). ვზივარ იმის მერე და ისევ ჩემს თითებს ვუყურებ. "მკითხველმა" რაღაც უცნაური შეგრძნება დამიტოვა. თავიდან ქეით უინსლეთის გმირი ებრაელი მეგონა, იმიტომ, რომ ჰანა ერქვა და დავითის ვარსკვლავიანი მინები ჰქონდა მის კარებს. შემდეგ ეკლესიაში რომ დაჯდა და გალობაზე ატირდა, დავეჭვდი. დამშვიდობების ნიშნად, საწყალი მაიკლი რომ გახეხა და დაბანა, უცებ ძალიან შემეცოდა. მთელი ფილმის განმავლობაში (რომელიც 2 საათზე მეტხანს გრძელდება) ასეთი ემოციათა ცვლილებები მქონდა - ხან ჰანა მეცოდებოდა, სისტემის მონა, ხან - მაიკლი, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიიღო ამ შემთხვევაში. ფილმის ნახვის მერე ვინმეს რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ დიდად არ მომეწონა. მაგრამ ახლა, რაც ჩემს თითებს დავაკვირდი და მოვიწყინე, მივხვდი, რომ კარგი ფილმია. თითქმის ყველაფერია ნაჩვენები, მოზარდის ვნებიანი გატაცება, ჰანას უცნაური სიყვარული სხვისი წაკითხული წიგნებისა და არასრულწლოვანი ბიჭისადმი. ძალიან შთამბეჭდავი სცენები - სასამართლო, აუდიოკასეტები და თვითმკვლელობა. უნდა ნახოთ ეს ფილმი, მოგეწონებათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დაგაფიქრებთ და რაღაცნაირად თითებზე დაიწყებთ ყურებას. დასევდიანდებით და განმარტოება მოგინდებათ. მე რას გავაკეთებდი ამ თითებით? ბოლოს ლინა ოლინის გმირს რომ ხედავ, ხვდები, მავთულხართების რომელ მხარეს ჯობდა ყოფნა.

კარგი იყო ქეით უინსლეთი, თუმცა მკერდი აღარ უვარგა. ბუნებრივია, 10 თუ 12 წლის წინ, "ტიტანიკში" ბევრად უკეთესი ჰქონდა. რეიფ ფაინსია სამაგიეროდ თავისებურად ღრმა, ჩუმი და მორცხვი, ძალიან ძალიან მიყვარან ფაინსები, ორივე ძმა :)

Sunday, February 8, 2009

ლიბერალური დემოკრატიის წინკარში

The man - Abraham Lincoln -->


Subject: "რას შეიძლება დაეფუძნოს ლიბერალური დემოკრატია საქართველოში"
რა თქმა უნდა, ამ პოსტის დაწერა რომ გადავწყვიტე, მიზნად მქონდა - ირონიულად მომეყოლა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შესახებ მედიაკლუბში, მაგრამ გაგა ნიჟარაძე ძალიან მომეწონა :blushingsmile: მართალია ბევრი ისეთი სიტყვა თქვა, რომელიც არასოდეს გამეგონა მანამდე, მაგ: "სუბსტანციური... პოზიციური ლოზუნგები, თვითკმარი ერთეულების ჯგუფი, ბორტისა და აბორტის ნათესაური კავშირები, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არავითარი ნათესაური კავშირი არ ჰქონიათ" (tellin' ya), მაგრამ ლამაზი თვალები აღმოაჩნდა (Gaga guy, I mean) ;-)

რაც შეეხება ლიბერალურ დემოკრატიას, დამსწრეთაგან უმრავლესობამ ვერ გაიგო, რას ნიშნავს საერთოდ. შეხვედრა რაღაც არაორგანიზებულად მომეჩვენა, სტუდენტებისა და მომხსენებლებისგან მარტო სასწაული ტერმინები მესმოდა, მაგალითად: ირაკლი ხვადაგიანმა ახსენა - პანაცეა და ბრტყელზედაპირიანი პლასტმასი, ორივეს შესახებ პირველად გავიგე, ვაღიარებ, რადგან აქამდე არც პანაცეა დამჭირვებია და არც - ბრტყელზედაპირიანი პლასტმასი, ისიც მიწისქვეშ გამომდნარი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რახან მე არ დამჭირვებია, სხვებსაც არ სჭირდებათ, უბრალოდ, ხშირად უხვევდნენ თემას და წინა რიგში მსხდომი მანდილოსნები მკლავდნენ პირდაპირ. კინაღამ წამოვდექი და ვთქვი, ხალხო, 40 წელი ყველა ვარიანტში გვჭირდება, ამ უდაბნოდან რომ გავიდეთ-მეთქი, მოსეს პოვნას ვიღა ჩივის. მერე კიდევ ერთმა გოგომ ისაუბრა პლურალიზმზე და რამდენად შესაძლებელია სიმდიდრის პროდუცირება, თუ ეს უკვე გაგა ნიჟარაძემ ახსენა, ამერია. მოკლედ, გაოცებული დავრჩი, როგორი განათლებული საზოგადოება გვყავს... მობილურების "არგათიშვა" და ზურგსუკან ჩურჩულიც არ შეშლიათ. როდესაც საქმე ლოიალობის დეკლარირებაზე გადავიდა, პაიჭაძემ, "დედას ვფიცავარ", იმ გოგონას შეკითხვის ჯერი იყოო. მე კინაღამ შევყვირე, რას შვრებით, დაფიცება არ შეიძლება-მეთქი.

გაგა ნიჟარაძემ იმის სურვილი გამიჩინა, სახლში რომ დავბრუნდი, ვიკიპედიაზე შევედი და ლიბერალური დემოკრატიის შესახებ წავიკითხე, საინტერესო ფოტოებიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ისრაელი ერთერთი ყველაზე ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც გენდერული ბალანსიც წესრიგშია და სექსუალური მისწრაფებებიც არანაირად იჩაგრება, ამას უკვე ჩემს პირად აზრს გიზიარებთ :ლოლ:

ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი დარჩა და პირობა დავდე, რომ უფრო მეტი წავიკითხო, მეტ ტერმინს გავეცნო და პანაცეაზე თუ არა, იერარქიზირებულ საზოგადოებაზე მაინც ვისაუბრო მომავალში.

ავტობუსში რომ [ჩ]ავსხედით, ლილუმ აღიარა, რომ ასეთი შეხვედრების მერე რაღაცებზე ფიქრდება, აანალიზებს და მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიაში ლიბერალური დემოკრატია არ გამოადგება, მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან ის სამი, ძალიან საინტერესო ცნება დაიჭირა: დრო, ფული და სისუფთავე. მისწრება ლოზუნგი შეიძლება გახდეს ეს სამსიტყვიანი სენტენცი (აი, რაღაც მაინც შემიმეცნებია), ხალხი რომ დაფიქრდებოდეს.

Saturday, February 7, 2009

წიგნოთეკა


უკვე დიდი ხანია, რაც მინდოდა წიგნებზე დამეწერა, იმიტომ, რომ ბევრ ბლოგს ვნახულობ, ვკითხულობ და თითქმის არავინ წერს წიგნებზე, რას კითხულობენ, ან რაც წაიკითხეს ოდესღაც და ამან გავლება მოახდინა მათზე.

გადავწყვიტე, რამდენად რეგულარულადაც გამომივა, დავწერო ხოლმე იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც ვკითხულობ, ან წამიკითხავს. ადრე dreaMar წერდა თავის პოსტში, არცთუ ისე ბევრი წიგნი წამიკითხავსო და ამან დამაფიქრა, შესაძლოა ჩემი წიგნოთეკა დაეხმაროს ადამიანებს, რომ წიგნები უფრო ადვილად აარჩიონ. მაგალითად, მე ბევრჯერ წამიკითხავს წიგნი მეგობრის რჩევით და ძალიან კმაყოფილი დავრჩენილვარ. არჩევაზე გამახსენდა, იმ დღეს მე და ნატა ვიყავით წიგნების მაღაზიაში, როგორც ყოველთვის, ყველა წიგნს შევავლეთ თვალი და ხელი, ღრმად ამოოხვრებიც არ დაგვიკლია, აუ, ნეტავ ყველა წიგნის ყიდვა შეგვეძლოსო. ამ რჩევასა და ხელისშევლებებში ვართ მე და ნატა, რომ ვიღაც ქალიც ოხვრას მოჰყვა, ოღონდ სხვა მიზეზით, ვერ გადაეწყვიტა, რომელი წიგნი ეყიდა თავისი 14 წლის ქალიშვილისთვის. ბუნებრივია, shop-ასისტენტი გოგონა, როგორც ყველა ქართველი shop-ასისტენტი, დაბოღმილი და წარბებგადაბმული იდგა, აი, ისეთი სახით, რომ გეუბნება, სახლში ორი დიპლომი მაქვს, სულ shop-ასისტენტი კი არ ვიყავიო და ეს ქვეტექსტი მკლავს უკვე დიდი ხანია. ქალმა იკითხა "საზოგადოდ" (იმ ასისტენტ გოგოს ვერ შეჰბედა), ნეტავ, რომელი წიგნი შეიძლება 14 წლის გოგონას ვუყიდოო... ჰოდა, აქ მე და ნატა დავიქოქეთ. წიგნებს ვერ ვყიდულობდით და სამსახურს მაინც გავუწევთო, ვიფიქრეთ, იმდენი რამე შევთავაზეთ ამ ქალს, გადაირია და აღარ იცოდა, რა ეყიდა. საბოლოოდ ასისტენტი გოგო მოგვიახლოვდა, ჩვენი რჩევა მიიღო, წიგნი თაროდან ჩამოუღო ქალს. მე და ნატა კი ხმამაღლა მოვყევით წუწუნს, როგორ არაკომპეტენტურ ხალხს ამუშავებენ წიგნების მაღაზიებში, როდესაც ჩვენ სიამოვნებით ვიქნებოდით shop-ასისტენტები.

მოდი და ასეთი შემთხვევის შემდეგ ნუ გაგიჩნდება სურვილი, საკუთარ ბლოგზე მაინც გაწიო ასისტენტობა და ისაუბრო წიგნებზე.
ამჟამად კაფკას "ამერიკას" ვკითხულობ. საშინელებაა. I mean, საშინელებაა ის სისტემა, რაზეც კაფკა საუბრობს, ის ადამიანები არიან საშინლები, ვიზეც წერს და საერთოდ, ისეთივე მუქი და იპოქონდრიული წიგნია, როგორიც თავად კაფკა იყო. რა თქმა უნდა, კაფკა კლასიკაა, კაფკა აკრძალული ხილია და შეუძლებელია, არ მიგიზიდოს, მაგრამ ამავე დროს, კაფკა ბნელი და ნაღვლით სავსე სამყაროა. ერთი ასეთი მწერალი ჩემთვის არის მიხეილ ჯავახიშვილი, მერე დოსტოევსკი და ბოლოს კაფკა. ამ სამი მწერლის შემოქმედება პირდაპირ მაგიჟებს და მაშინებს. ვინც არ მეთანხმება ან მეთანხმება, შეუძლია შემეკამათოს და თავისი მოსაზრებები მითხრას.

პირველად კაფკას "პროცესი" წავიკითხე, ისიც ტკივილი იყო საშინელი, დიდხანს დავდიოდი და ვფიქრობდი, დედაჩემსაც კი ვერ ავუხსენი შინაარსი. მართლა სასწაული მწერალია, როგორც ყველა ავადმყოფ ადამიანს, კაფკასაც თავისი ხედვები აქვს, რომელიც საერთოდ გაშორებს შენს სამყაროს და სხვაგან გაგდებს. "ამერიკა" ის წიგნია, რომელიც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად რეალობა. კარლ როსმანი - ერთი, რომ ძალიან ჰგავს ლევ მიშკინს, რეალობას საერთოდ ვერ აღიქვამს, ან ეს რეალობა რა ჯანდაბაა, ამერიკა მართავს მას, კაფკას, ლამის ღმერთსაც და მაშინ დავფიქრდი, საბჭოთა კავშირში ძალიან ცდებოდნენ, კაფკას რომ კრძალავდნენ, მაშინ რომ ეს წიგნი "მიეშვათ", დარწმუნებული ვარ, უფრო ნაკლებ ადამიანს მოუნდებოდა საზღვარგარეთ გაქცევა. გარდა ბანალური აკრძალული ხილის მომხიბვლელობისა, ისიც იქნებოდა, რომ ადამიანები მიხვდებოდნენ - არაფერია ფარდის მიღმა, გარდა აყროლებული ჩონჩხებისა და გვინდა ჩონჩხები, ხალხო? მაგრამ, მგონი გვინდა. ყველას იზიდავს ჩონჩხები, იმიტომ, რომ შოუს სუნი სცემს, ადამიანები კიდევ შოუს საყურებლად არიან გაჩენილები, შოუ იყო - დავითის და გოლიათის შებმა, შოუ იყო ქრისტეს ჯვარცმა და შოუა დღევანდელი დღე. შესაბამისად შოუა კაფკას "ამერიკა" და ტანჯული კარლ როსმანი. So don't take life too seriously! ;)

See you on the next show :lol:

Thursday, February 5, 2009

კუბა, სიყვარული, ფსიქოლოგია, ფული



წარმოიდგინე, ზიხარ, მუსიკას უსმენ და აღმოაჩენ, რომ შეყვარებული ხარ. გული რაღაცნაირად გიცემს, შეიძლება არც გიცემს, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ შეყვარებული ხარ. ასეთი რაღაცები ძალიან ადვილად მემართება. გუშინწინ რაღაც ტესტი გავაკეთე და კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ცვალებადი ხასიათის ვარ, მზეობიდან უცებ კოკისპირულ წვიმად შემიძლია გადაქცევა... მაგალითად ახლა - არიელ კუბრია მიყვარს, კუბელი მუსიკოსი. ისეთი ხმა აქვს, ისეთი... თანაც ჩემი საყვარელი სამხრეთი, უფრო სწორად, ცენტრალური ამერიკიდანაა. სამხრეთ ამერიკა ისე მიზიდავს, როგორც ბავშვს ზემო თაროზე შენახული ტკბილეული. ზღაპარივით არის ჩემთვის იქაურობა. ერთი პერიოდი მე და ჩილის გვქონდა სურვილი ერთად გვემოგზაურა, როგორც ჩე გევარამ და ალბერტო გრანადომ იმოგზაურეს შორეულ 50-იან წლებში და ჩე მაშინ ზუსტად ჩემი ტოლი იყო.

მეც ავდგები ერთ დღეს, წავალ და ვიმოგზაურებ. არიელ კუბრიასაც მოვუსმენ და პერუელ ინდიელებსაც. ერთხელ ათენში ქუჩაში მოვუსმინე პერუელ ინდიელებს და თიხის ყელსაბამიც ვიყიდე მათგან, ინდიელი შავნაწნავიანი გოგო და პატარა ლამა ახატია. შეიძლება ის ლამა პატარა სულაც არ არის, უბრალოდ ასე დახატეს. ინდიელები ბავშვობიდან მიყვარდა. ერთი იმიტომ, რომ მგონი, ბავშვობაში ყველა მაინ რიდს, მარკ ტვენს, ერნესტ სეტონ ტომპსონს და ჯეკ ლონდონს კითხულობს. მეც ამ წიგნებზე გავიზარდე. სულ ვიცოდი, რომ ინდიელი უნდა ვყოფილიყავი :D ბავშვობაში, ხომ იცი, ასეთი რაღაცების სჯერათ ხოლმე და თოვლის პაპის მაგივრად, მეც ინდიელების "მჯეროდა". მერე უკვე რევოლუციებისადმი სიყვარული აღმოვაჩინე და სოციალიზმმა გამიტაცა, დედაჩემის პაპასავით, კუბაში გადავინაცვლე და არგენტინელი ექიმი შემიყვარდა :ლოლ: დღემდე იქ ვარ, როგორც ჩანს.

გუშინ რადიოს მოვრჩი. ეს ტაქტიანად რომ ვთქვა, თორემ ისე სხვანაირად ჰქვია. ნამდვილი ცირკი მოაწყვეს დირექტორ-რედაქტორებმა. ძალიანაც არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ საქართველოში ყველა ასეთი "პროფესიონალიზმით" ეკიდება სამსახურს. არ ვიცი, ყოველთვის თუ ასე იყო, მაგრამ რაც მე დავინახე ის იყო, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ ხარისხი და კულტურის მინიმალური გამოვლენა, მარტო რეკლამა და ფული. ამ დროს იმასაც ვერ ხვდებიან, რეკლამა მოაქვს ჭკუას, მერე ამ ჭკუისა და რეკლამის პირმშოა - ფული. დანარჩენი კი მაიმუნობაა და მეტი არაფერი. გაოცებული ვიყავი, ბევრად უკეთესად დავინახე სიტუაცია და აშკარად სჭირდებოდათ პიარ-კონსულტანტი, რომ ცოტა ყურები გამოეფხიკათ. Hello! რაც ერი, ის - ბერიო. ჩემი თვის ანდაზაა. ქეთინო დამცინოდა ხოლმე, ბებიაჩემივით ანდაზები გიყვარსო. როგორ არ უნდა მიყვარდეს, სულ საანდაზო ხალხს ვეჩეხები. "ცივსისხლიანად" მივიღე ყველაფერი და წამოვედი. არადა მანამდე უკვე მოვასწარი "მოშურნეების" გაჩენა. ბითურული პროფესიაა ჟურნალისტიკა. ეს ყველაფერი დინას რომ მოვუყევი, ჩემზე მეტად გაბრაზდა, მგონი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, დამამშვიდა და პირიქით, საკუთარ თავში დამარწმუნა :-) ჩემო დინიკო!!!!!!!

წმინდაფსიქოლოგიური მომენტია, როცა რაღაც არ გამოვა, საკუთარ თავს უხსნი, რომ ისინი შენ არ გიმსახურებდნენ, შენი ადგილი უკეთეს ადგილასაა, რომელიც ღმერთმა უკეთ იცის. ასე ვარ ზუსტად დღეს. დილას ავდექი და ფსიქოთერაპიის შესახებ წავიკითხე რაღაცები და გადავწყვიტე, რომ მომავალში ამ სფეროს გავყვე. ჩემს ფსიქოლოგიურ კაბინეტს გავხსნი, მერილ სტრიპივით ჩავიცვამ და დეპრესირებული ქერა ქალებისგან ფულს ვიშოვი :P რეკლამაც ეს იქნება და ჭკვიანური ფულიც.

Tuesday, February 3, 2009

არაპაციფისტური


დღეს რადიოში ვიყავი, დრიმარის პოსტი რომ წავიკითხე. მაშინვე მომინდა დაწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მეც გამახსენდა ჩემი საყვარელი ძველი ჯგუფი 'Stereophonics'. ძალიან ადრე მიყვარდა. Frontman ჰყავდათ ისეთი, ჩახლეჩილხმიანი უელსელი ბიჭი, სულ შავი მაისური ეცვა და თმა აჩეჩილი ჰქონდა. მე კიდევ იმ დროს ასეთი ტიპები მომწონდნენ და მილიონ მოთხრობას ვწერდი მათი შთაგონებით. ხოდა ეს ჩემი სტერეოფონიკი ბიჭი დღეს ვნახე შემთხვევით მაისფეისზე და გავიხსენე.


სიჩუმე ადვილიაო, ერთი ასეთი სიმღერა აქვთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია სიჩუმე, მაგრამ მე მაინც ვერცხლი მირჩევნია ;-)

ერთმა ჩემმა ჯგუფელმა დღეს დამგმო იმის გამო, რომ ისრაელს ვუჭერდი მხარს. რა სასაცილოა. ადამიანებს რომ ჰკითხო, დემოკრატები და ლიბერალები არიან, ამ დროს გზღუდავენ, რატომ უჭერ მხარს ამას და არა - იმასო. ამასთან ერთად გულდაწყვეტით დასძინა, მე შენ "No war" ადამიანი მეგონეო. საიდან მოიტანა, ალბათ გარეგნობა მაქვს, უბრალოდ, პაციფისტური. ომი აუცილებელია ზოგჯერ, რომ ადამიანებმა დაიოკონ თავიანთი ვნებები, ბავშვობის ტრავმები და კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რა მდაბალი არსებები არიან და ნამდვილად იმსახურებენ, ღმერთმა სამოთხიდან რომ გამოყარა და დღემდე ოფლს ადენს თავის სარჩენად. ამიტომ, მე არ ვაღიარებ წმინდანებს, ბრძენებს, ფილასოფოსებს. ყველანი ადამიანები იყვნენ. ყველას ჰქონდა კუჭი და მისი მოქმედება. ამიტომ არც მე ვარ პაციფისტი, გჯერათ, ლენონი იყო? განგრეულ კაიფში იწვნენ და ერთობოდნენ ის და იოკო. ომი, უბრალოდ, დამტკიცებაა იმის, რომ გაქვს ბრძოლის, გამარჯვების ტ..., ესე იგი გადარჩები. ისევე, როგორც საქართველო გადარჩა საუკუნეების მანძილზე. გადარჩა ისრაელი. ვისაც არ გინდათ, ნუ ისვრით, ხალხო, დასხედით და მიუშვირეთ მარცხენა, როცა მარჯვენა ყბას ჩამოგიღებენ. თუ ცხოვრებაა, ცხოვრება იყოს და არა ფსევდომშვიდობა, გაერო და ბულშითოლოგია.

Sunday, February 1, 2009

less than 10 things

1) The Coldplay - I've just realized that I could listen to them over and over.
2) Joseph Fiennes - he looks deep and kinda agressive.
3) English language
4) Black tea with no sugar
5) ?
and I am stuck. უცებ ვხვდები, რომ სულ 4 რაღაც მიყვარს.
Мама, роди меня обратно! :-( სულ არ არის სასაცილო.
ტერენტი გრანელს აქვს ერთი კარგი ლექსი, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვაო... ჰოდა, მეც ეს სხვა მინდა, სულ სხვა. თან მეშინია. ადამიანებთან მიჩვევის მეშინია. ერთ ადგილზე გაჩერების და რუტინად ქცევის. მშიშარა ვარ ძალიან და ყველაზე მეტად ემოციების მეშინია. რამდენიმე დღეში ერთხელ წამომივლის ხოლმე ეს ემოციებისადმი შიში და ვებრძვი... შიშს არა :-( ემოციებს.

კოელიოს ისე საკაიფოდ უწერია "ვერონიკაში" რაღაცები: რა არის საერთოდ ეს სამყარო, კანონები მხოლოდ იმისთვის შექმნილა, რომ დაირღვეს, იმიტომ, რომ რაღაც გიბიძგებს. მერე სასამართლოზე გამოცდილი ტიპი ყოველთვის ჯობნის გულუბრყვილოს და მთელი ცხოვრებაც ესაა - ვინ აჯობებს, ვინ უფრო გამძლე და ჭკვიანი გამოდგება.
ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი დიდი სცენარისტის მიერ და ბოლო დროს სულ ამას ვიმეორებ. ადამიანი არაფერს ირჩევს, ხან ასე მგონია და ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს თავის ნებაზე. ფანჯრიდანაც კი სხვისი შთაგონებით ხტება. ამ დროს მოდგება ეს ბებერი ზიგმუნდი და ყველაფერს ბავშვობისდროინდელ ტრავმებს დააბრალებს. ხანდახან მეც ვაბრალებ ხოლმე. წეღან დრიუ ბერიმორის ინტერვიუს ვუსმენდი, 15 წლის რომ იყო და სარეაბილიტაციოდან გამოწერეს. აი, ბავშვობის ტრავმა ამ გოგოს აქვს. hell. ხან ისეთი გულისამრევია ცხოვრება, ხან კიდევ - ისეთი ტკბილი, ფორთოხლისფერი. დღეს რაღაც ტესტებს ვავსებდი და აღმოჩნდა, რომ ჩემი და ტიმოთი ლირის ცხოვრება სწორედ რომ ნარინჯისფერი ყოფილა. რა კარგია, აბა სხვა ვის დავემსგავსებოდი, მეც არ მიკვირდა? :ივილგრინ:

So I love this Timothy guy:


ტიმოთი ლირი იმიტომ მიყვარს, რომ ქარიზმატული იყო. მე კიდევ ქარიზმატული ხალხი მიყვარს, თუნდაც ელ-ეს-დეს მოძღვრები იყვნენ.
ამ ყველაზე არეული პოსტის მიზანია, რომ რაღაცნაირად დავფიქრდე და სხვებიც დაფიქრდნენ, რა უყვართ ამქვეყნად ყველაზე მეტად. დავუშვათ, რის გამოც აქ ცხოვრება ჯობია მარსზე გაფრენას, როგორც ჩემი მეგობრები მარწმუნებენ. ან ჩვენი kitsch ანძა რომ ჯობია ეიფელს და crap like that.
That was it. Was it?