Thursday, May 8, 2014

კვლავ დათა თუთაშხია, კვირის 9 პოსტი და 9 მაისი

დღეს ჩემს კვირის ფავორიტ პოსტებზე გიამბობთ, უფრო სწორად, ჩემს აზრს გამოვხატავ და თანაც ერთგვარი ვრცელი კომენტარი იქნება სხვადასხვა ბლოგებისა.



მანამდე კი, მინდოდა, მეთქვა, როგორ მშურს ჩემი ამერიკელი ბლოგო-ნაცნობებისა, რომლებსაც თავიანთი ე.წ. community აქვთ და ვერ წარმოიდგენთ, როგორი "შეკრულები" არიან: წერენ, ერთმანეთს ამხნევებენ, ხუმრობენ, კეთილ რჩევებს იძლევიან და არასოდეს, არასოდეს ნსჯიან (თუ სჯიან? - ეს სულ მეშლება, ჩემს საყვარელ ზინას უნდა ვკითხო...) ვინმეს.
მე ვნსჯი ვინმეს? კი, ხანდახან.
მაგალითად, საქართველოში ბერი გაბრიელის საფლავზე რომ იყო ამბები, მაშინ ტვიტერზე გამოვხატე ჩემი გაკვირვება იმის შესახებ, რომ მიცვალებულს არ ასვენებენ-მეთქი და რამდენიმე ადამიანმა ძალიან იწყინა.
მივხვდი, ან საერთოდ არ უნდა დამეწერა, რადგან რა ჩემი საქმეა, დათა თუთაშხია ვარ თუ არა, ბოლოს და ბოლოს.
მეორე, დავწერე იმიტომ, რომ გულწრფელად გამიკვირდა, ვერანაირი განსხვავება ვერ დავინახე იმ ფეტიშისტებისგან, რომლებსაც ლენინი ჰყავთ გამომწყვდეული მავზოლეუმში და აქეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბერის სხეულის ნაწილებს არ ასვენებენ.
ვაღიარებ, რომ რელიგიები ნერვებს მიშლიან, ჩემი საკუთარიც მიშლის და ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება და გამოვხატავ კიდეც, რაზეც ჩემი ახლო მეგობარი მეუბნება, რომ შუა საუკუნეებში შანსი არ მქონდა, ინკვიზიციის ყველაზე კაშკაშა მსხვერპლი ვიქნებოდი.
ჩემთვის ადამიანები და ურთიერთობები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური დოგმები და თუნდაც ტრადიციები. ეს დოგმები და ტრადიციებიც სულ იქნებიან (როგორც საერთოდ ხდება) და ადამიანები კი აღარ, ამიტომ ისინი უფრო მეძვირფასებიან.
ჩემი საყვარელი მკითხველებისთვის, რომლებმაც ისედაც კარგად იციან ჩემი sunny ტოლერანტობის შესახებ, მინდა, იცოდნენ, რომ არავისადმი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვხატე მაშინ და თუ ვიღაცას ჩემს რელიგიაში არსებული "უცნაურობები" გაუკვირდება, შეუძლია უპრობლემოდ შემეკითხოს (გაიხუმროს კიდეც) და სიამოვნებით ვეცდები პასუხის მოძებნას.

საიდან სად ვისკუპე.

ესე იგი, მე მინდა, რომ ქართველი ბლოგერები მეგობრულები ვიყოთ, ერთმანეთი მხოლოდ პოზიტიურად განვსაჯოთ და თუ რაღაცას ვერ გავიგებთ, თავაზიანად ვიკითხოთ და გავარკვიოთ.
ხო, კიდევ რა მინდა?
მინდა, ბევრი კარგი ბლოგი იყოს ქართულ ენაზე, ბევრი დედა წერდეს, ბევრი ქალი წერდეს თავის გამოცდილებაზე, რჩევებსაც იძლეოდეს და საკამათო თემებსაც წამოსწევდეს. იმიტომ, რომ მხატვრული ლიტერატურით გატენილია ბიბლიოთეკები და პირადად მე, არც მადამ ბოვარი შთამაგონებდა და არც ანა კარენინაზე ვფეთდებოდი, ყოველთვის ნამდვილი ადამიანების წაკითხვა, მოსმენა და დანახვა მინდოდა. ბლოგების უნიკალურობა ზუსტად ამაშია, რომ ყველა წერს საკუთარ ცხოვრებაზე, გამოცდილებაზე, მარცხსა თუ გამარჯვებაზე, უბრალოდ ფოტოებს დებენ და ამითაც გამოხატავენ განწყობას, ან მუსიკით და ასე შემდეგ. ამას კიდევ არაფერი ჯობია, ჩემი აზრით.

მაშ ასე,

1. ქეთის ეს პოსტი ისე მომეწონა, იდეაც კი გამიჩნდა, მეც დამეწერა დღიურისმაგვარი პოსტი. შარშან კი დავწერე რაღაც მსგავსი, მაგრამ ბუნებრივია ეკატერინე გაბაშვილს ვერ შევედრები. "მაგდანას ლურჯა" თუ არ გეუბნებათ რამეს, გავაფრენ. ისე მიყვარდა ბავშვობაში ეს მოთხრობა, დღემდე გულს მიჩუყებს და მათბობს.

2. ვინ დამეთანხმება, რომ ჩორვენი გიჟია? :P უფრო სწორად, ვინ შემეწინააღმდეგება, რომ არ არის გიჟი? :D ხანდახან მის ბოლო პერიოდის პოსტებს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, აჰა, რაღაც ცუდად არის საქმე, მაგრამ რისი სათნო ვარ, რომ დადებითად არ განვსაჯო და მის პოსტებში ლიტერატურის უახლესი ჟანრი ვერ დავინახო. I love'er.

3. ქეითსა და მე, ეგრედ წოდებული, love-hate relationship გვაქვს :D ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც მიყვარს ინტერნეტურად და ვფიქრობ, საინტერესო პოსტებსაც წერს ხოლმე ხანდახან, როცა ახალი ფილმები გამოელევა :P ამ პოსტზე თავიდან ვერ დავეთანხმე, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი კარგად, ვთვლი, რომ ზოგჯერ (ხშირადაც კი), ინტერნეტნაცნობებთან ბევრად ვახლოვდებით, ვიდრე რეალურებთან, რომლებსაც ხშირად ისე ვშორდებით, მიზეზიც ვერ გაგვიგია.
ხო, ქეით, გათხოვება კი ამას ხელს იმიტომ უწყობს, რომ ქმარს, მერე შვილებს ბევრი (ძალიან ბევრი და დიდი) ყურადღება, მზრუნველობა სჭირდებათ, რადგან ოჯახი ყოველთვის ქალზე დგას; გარდა ამისა, ოჯახი იმდენად გავსებს და ხანაც ისე გქანცავს, რომ ზოგჯერ უბრალოდ საკუთარ თავთან გინდა მარტო დარჩენა, ფიქრი, წაკითხვა, დაწერა, გასეირნება და მეგობრებისთვის ვეღარ იცლი.

4. როგორ მინდა ეს ქართველი ქერათმიანი უფრო ხშირად წერდეს. ჯერ იყო და ქალების ოთახისთვის რა პოსტი დაგვიწერა, გახსოვთ? ახლა კიდევ იმ ეტაპზეა პირველად, რომელზეც მე მეორედ (მისივე ორიგინალური ფრაზა) და კიდევ უფრო შემიყვარდა ინტერნეტურად ისიც.

5. ეს პოსტი იმიტომ, რომ ნურავინ გაბედავს ჩემს საყვარელ ნატალიას ხურდა არ დაუბრუნოს და თანაც არათავაზიანად მოეპყრას.

6. ვეს ანდერსონ, ვიფიქრე, მაინც გეტყვი-მეთქი, რომ გშურდეს! :P

7. განსაკუთრებულად მიყვარს მარის ბლოგი, მის გოგოს კიდევ მსოფლიოში ულამაზესი სახელი ჰქვია და ასევე ლამაზ ქალაქში ცხოვრობს. ვირჯინია ვულფიც ჰყვარებია და ამაზე სრულყოფილი დედა აღარ შეიძლება არსებობდეს.

8. ელიზა, do little? ;) ლითლ, კი არა, მსოფლიოში ყველაზე უდიდეს და უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებ. მომწერე, როცა მოგინდეს :)

9. და ბოლო პოსტი.
როდე, როგორც ყოველთვის. და მისი პოპულარული მკითხველი მაგა :) ისეთი ბლოგო-კომენტ-დიალოგები აქვთ, ხან მერიდება ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს სავარძელში ვარ მოკალათებული მკლავებში აარონითა და ტელეფონით, ქართული შრიფტის გარეშე.
პოსტზე სპეციალურად არაფერს ვწერ, რადგან კომენტარისთვის დავტოვებ სათქმელს.


ისიამოვნეთ პოსტებით და გამიხარდება, თუ რამე ახალ, საინტერესოს დამილინკავთ, რაც ამ კვირაში (ან სულაც წინა კვირაში) მოგეწონათ და გაზიარება გინდათ.

ბედნიერ პარასკევსა და შაბათ-კვირას გისურვებთ!!!

ხვალ უკვე 9 მაისია!!! ვულოცავ ომის ვეტერანებს, ვინც ჯერ კიდევ დარჩენილა და ჯანმრთელობას ვუსურვებ, დიდი მადლობა! დიდი მადლობა და ღმ-ერთმა აცხონოს ყველა ომში მონაწილე, მაგალითად, ჩემი ლილუს პაპა და ყველას პაპები, ვინც სამართლიანობისა და სიკეთისთვის იბრძოდნენ.
(პოპულარულ მოსაზრებებს, კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის სიავეზე, არ  ვართ! :P )


Monday, May 5, 2014

ვარ, თუ არა სულ ასეთი მზიანი ანუ როგორ გადავურჩეთ კოლიკებს

ვარ, თუ არა?
თითქმის კი. ანუ არა.

ალბათ, უბრალოდ, ძალიან თავმომწონე ვარ და მინდა, ყველაფერი კარგად გამომივიდეს, ანუ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდე და როგორც ახალგაზრდობაში მიყვარდა თქმა, I don't let the system get me down :D
ჩემი გადარევა-გაცოფების გაძლება, ბუნებრივია, ჩემს ქმარს უწევს (ადრე დედაჩემს და ლილუს ჰქონდათ ეს ბედნიერება). უმეტესად მაშინ ვბრაზდები, როცა ბავშვები ძილს არ მაცდიან, ერთდროულად ატირდებიან და ერთდროულად უნდათ ჩემთან ჩახუტება და დამშვიდება. ვცოფდები კოლიკებზე, რომლებიც ეზრასაც აწუხებდა და ახლა აარონს საშინლად ტანჯავს.
იმაზეც ვბრაზდები, როცა ბევრი რამე ისე არ ხდება, როგორც მე მინდა; ან როცა ყველაფერი ისეთი მარტივია და ადამიანები მაინც ვერ (მ)იგებენ.

ბოლოს რაც მშველის, ჩემი მიდრაშის ჭკვიანი მასწავლებლების რჩევებია, რომ მხოლოდ სუსტი ადამიანი კარგავს თავს, რადგან სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს და თავს უძლურად გრძნობს. უძლურობა კი ვის მოსწონს.

ამიტომაც გეტყვით, რომ არ ვარ ყოველთვის მზიანი და მხიარული, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რადგან საშინლად ვიღლები. ყველაფერს ერთად ვერ ვუმკლავდები და ამას განვიცდი. განვიცდი, სახლი რომ დასალაგებელია, ჩემს საყვარელ ნამცხვრებს რომ ვეღარ ვაცხობ, გასაუთოვებელი სარეცხის გროვა რომ დგას ოთახში, იმასაც განვიცდი (ნუ, ამას არც ისე ძალიან ;) ), ბლოგზე ჩემებური სიხშირით რომ ვეღარ ვწერ და მეგობრებისთვის ვერ ვიცლი.

ხომ იცით, ყოველთვის პოზიტიური ტიპი ვარ, მაგრამ ორი პატარა ბავშვის მოვლა ძალიან რთულია, როცა ქმარს დატვირთული გრაფიკი აქვს და 24 საათიანი დამხმარეც აღარ გყავთ, როგორც მე ალტრუისტი დედაჩემი მყავდა ეზრას დაბადებისას. ამიტომ პირველი შვილის მერე სამი წელი პაუზა აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ორი წლის ბავშვს არაფერი ესმის ჯერ. რამდენადაც ჭკვიანი და დამხმარეა ეზრა, მაინც ძალიან პატარაა და დამოუკიდებლად ბევრი არაფერი შეუძლია. რა უნდა შეეძლოს, 2 წლის ბურთულას, ისე? :D

თუმცა, როგორც ყოველთვის, არის მეორე მხარე: ბავშვებსაც გააჩნიათ. 
ეზრა ძალიან ცელქი და მოძრავია, ხან საიდან ისკუპებს, ხან რას გადმოაგდებს, სულ დალურჯებული მუხლები და კოპები აქვს. მისი სიცელქე და ოინები პიკს მაშინ აღწევენ, როცა მე აარონს ვაჭმევ ან ვუცვლი და ამ დროს არ შემიძლია მისი მარათონული რეკორდების მოხსნა (გუშინ, მაგალითად, აარონის პატარა საწოლში ჩახტა და მოარყია, დღეს გარდერობის კარები იმდენჯერ გააღო და დაკეტა, ისიც მოარყია და მადლობა ღმ-ერთს, თავში არავის დასცემია)...
რამდენი სხვა ოჯახი ვიცი, ასევე პატარა ბავშვები რომ ჰყავთ და იმათი სახლიდან ერთ ზედმეტ ხმაურს ვერ გაიგონებ, როცა ჩვენიდან სულ ჟივილ-ხივილი ისმის.

მაგრამ სამი წელი პაუზა? ვფიქრობ, ისედაც საკმაოდ დიდი ვარ, წელს 30-ის გავხდები. მე კიდევ ბევრზე ბევრი შვილი მინდა :)

ახლა რაც შეეხება კოლიკებს, ესაა გაზების დაგროვება ნაწლავებში (მხოლოდ ეს არა, რა თქმა უნდა, ვისაც დეტალები გაინტერესებთ, ლინკი), რაც თოთო ბავშვებს აწუხებთ ორი კვირიდან სამ-ოთხ თვემდე; ამიტომ ხშირად პირველი ორი კვირის მანძილზე მშობლები ისე მშვიდად არიან, აღტაცებულები, აღფრთოვანებულები და მერე უცებ, ბახ, ანგელოზი პატარა მჩხავანა დემონად ექცევათ და აღარ იციან, რა ქნან.
ჩვენც, სწორედ, მსგავსი მშობლები ვიყავით თავის დროზე და მეორედ უკვე მომზადებულები (შედარებით) შევხვდით ფსიქოლოგიურად.


კოლიკების შემოტევა, მუცლის შემობერვა, გაზების დაგროვება უმეტეს შემთხვევაში საღამოს საათებში ეწყებათ პატარებს, სადღაც 7 საათიდან და შეიძლება 12-მდეც გასტანოს, უარეს შემთხვევაში, 9-დან 2-3-მდეც კი და ასე შემდეგ.
ამ დროს ვერაფრით დაამშვიდებ ბავშვს, რაც უნდა არწიო და აცეკვო, მუცელი დაუზილო, კამის წყალი დაალევინო, ბოლოს შენ თვითონაც აღრიალდე და ლამის შორს მოისროლო ყველაფერი (ბავშვიც, რა თქმა უნდა :P ).
ერთადერთი, რაც ამ დროს გიშველის ადამიანს, საკუთარი ნერვების დაწყნარება და იმის ჩაგონებაა, რომ პატარა არაფერ შუაშია (როგორც წინა პოსტში დავწერე), არც მეუღლე და მათზე ჯავრის ამოყრა არ ღირს.
ჩემს შვილებს რაც შველოდათ, ძველებურად, მუთაქასავით "პილიონკაში" გახვევა და მაგრად ჩახუტებაა. ამ დროს პატარას მუცელი უთბება და ტკივილიც უამდება, ასევე თავს ვიწროდ გრძნობს, როგორც დედის მუცელში და ეს სიმშვიდეს ანიჭებს (მთლად გიჟები არ იყვნენ საბჭოთა კავშირში, პატარებს რომ ასე "კოჭავდნენ", ახლა დასავლეთშიც კი ეთანხმებიან და ასე ახვევენ ბავშვებს, რომ მუცელში ყოფნის ილუზია შეუქმნან), რადგან 9 თვე მუცელში ყოფნის შემდეგ, უცებ უკიდეგანო სამყაროში გამოსვლა სასწაულ სტრესში აგდებთ ახალშობილებს და ამიტომაცაა, სულ ხელში ჭერა რომ უნდათ.
ბუნებრივია, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დროებით ამშვიდებს ბავშვს და გაზებისგან ათავისუფლებს, მაგრამ რადგანაც ამ პერიოდში მისი ნაწლავები ყალიბდება, დროის გარდა არფერია ნამდვილი მკურნალი.

ეზრას ორ თვემდე ჰქონდა კოლიკები და მერე ხანდახან თუ წამოუვლიდა, კამის წყალი/ჩაი ამშვიდებდა და 9 საათზე უკვე ეძინა. აარონი - სულ სხვანაირია. სამი თვის ხდება და ისევ ხშირად აქვს კოლიკები, არც ჩაი შველის და 9 საათზეც არასოდეს იძინებს. ადრე მეგობარმა ეზრაზე მირჩია, თბილ წყალში ჩასვიო და არასოდეს მიცდია, ისე სწრაფად გაუარა. მერე აარონზე თიმ გამახსენა ეს ამბავი და ამ ბოლო დროს მხოლოდ ეს უამებს ტკივილს: მე და ეზრა პატარა ტაშტში ვასხამთ ცხელ (ისეთ ცხელს, როგორიც ბავშვის საბანაოდაა მისაღები) წყალს და პატარა აარონს შიგ ვსვამთ. ყველა ბედნიერია. ეზრა იმით, რომ უფროსი ძმაა და დიდ საქმეებში მეხმარება, აარონს ტკივილი რომ გაუვლის და მე კიდევ ორივეს მაგივრად, რომ მშვიდად იქნებიან და არ გადამრევენ ცოტა ხანს მაინც :ლოლ:


ჯერ ბოლომდე არა, ცოტაც რა, ბებიკი!!!


ისე რომ, კოლიკებიანი და ჭირვეული ბავშვების მშობლებო, გაუძელით სულ ცოტაც! 3-4 თვემდეა ეს კრიტიკული მომენტი და მერე ნელ-ნელა კალაპოტში დგება ყველაფერი. სიცრუე იქნება, ვთქვა, ყველაფერი დალაგდება და დაისვენებთ თქვენს ნებაზე-მეთქი (ეს დამთავრებულია, სანამ პატარები გყავს), მაგრამ ახალშობილი იზრდება და მშობლებიც ვმშვიდდებით მასთან ერთად, რომელსაც უკვე აღარ ენატრება დედის მუცელში, ვიწროდ, ჯდომა და უკვე მზის ბავშვი ხდება. მზეზე კარგი, კიდევ, რა უნდა იყოს.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!!!