Monday, September 30, 2013

6 დღე კვირაში – ორშაბათი

"ქალების ოთახისადმი" დიდი სიყვარულის შემდეგ, კიდევ მინდა რამე პროექტი გავაკეთო, როგორც ეძახიან. მთელი სექტემბერი დღესასწაულების თვე იყო და ამიტომაც არ მეცალა. ოქტომბერი კი ჩემთვის შემოდგომის ნამდვილი კულმინაცია იქნება, რადგან ოქტომბერი ყველაზე მეტად ჰგავს ნამდვილ შემოდგომას – ფერადს, გრილს და სურნელოვანს (გერმანიაში იმდენად არა, უფრო ქარიანი ეთქმის).

მინდა ამ კვირაში ყოველდღე დავწერო პოსტები, შაბათის გარდა. დღეიდან (ესე იგი, ორშაბათიდან) კვირის ჩათვლით.
მინდოდა, ჩემი საყვარელი მკითხველი ბლოგერებისთვისაც შემეთავაზებინა მსგავსი პროექტის გაკეთება. წარმოიდგინეთ, ამ კვირაში ყველა ბლოგერი თუ 6 პოსტს დაწერდა, ყოველდღე რამდენი საინტერესო საკითხავი გვექნებოდა და მეც უცხოურ ბლოგებს ცოტა ხნით მოვეშვებოდი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ქართული რეალობისგან შორს არიან [მეც შორს ვარ, პრინციპში, მაგრამ ცოტა სხვანაირად] და მინდა მივწერო ხოლმე, ცოტა მეტად მადლიერები იყავით პირველი სამყაროს ქვეყნებში რომ ცხოვრობთ და უაზრო რაღაცებზე წუწუნებთ–მეთქი.
მოკლედ, ჩემო კარგო ბლოგერებო, ძალიან გამიხარდება, თუ სურვილი გაგიჩნდებათ და თქვენს ბლოგზეც ექვსდღიანი პოსტების კვირას განახორციელებთ.

წარმატებები ყველას, ჩემი ჩათვლით, რომ ეზრამ ნორმალურად დაიძინოს და წერა დამაცადოს! :)

პირველი დღე

ორშაბათი

სამუშაო კვირა ჩემთვის ყოველთვის სხვადასხვანაირად იწყება.

წუხელ, მაგალითად, ეზრას საშინლად ეძინა. მალე გაიღვიძა და მაშინვე ჩემთან მოუნდა გადმოძვრომა. მერე საშინლად ეძინა, ფეხები ხან თავზე დამაწყო, ხან – გულზე. მამამისმა რატომღაც იფიქრა, რომ გვციოდა და ეზრას თავისი თბილის საბანი დააფარა, რომელიც მერე ეზრამ მე დამაფარა და თვითონ ზემოდან იწვა. დილით გაწითლებულმა გავიღვიძე, ცალკე სიცხისგან და ცალკე – ბრაზისგან, რომ ვერ გამოვიძინე და თან ცალი გვერდი მტკიოდა.
არ ვიცი, როგორ მივაჩვიო თავის საწოლში დილამდე ძილს :/ რა ვქნა, ნატურალისტი კი ვარ და ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს: ძუძუს წოვება იქნება, ხელში ჭერა, ჩემთან დაწვენა, ბიოპროდუქცია... მაგრამ ხანდახან, როცა ასეთი რთული ღამეები გვაქვს, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამიერიდან აღარ დავაწვინო ჩემთან. ოღონდ როგორ, არ ვიცი. არ მინდა შუაღამისას ვატირო და მეზობლებთან ერთად მეც გამოვფხიზლდე, ასე კიდევ ადვილია, გადმოძვრება ჩემთან და გვძინავს მშვიდად (მეტწილად).
აი, წლინახევრის გახდება და მერე მორჩა! (?)


ეს ბუნდოვან–არაფოკუსირებული ფოტოც ბონუსად, რატომღაც ამოიჩემა ეზრამ და თაროდან მაინცდამაინც "ულისეს" ჩამოაგდებს და ფურცლავს. მე ვერაფრით წამიკითხავს ბოლომდე და არა მგონია, ეზრას დიდად გამოადგეს.
ვინმეს წაგიკითხავთ, საერთოდ, ეს წიგნი? რაზეა ბოლოს და ბოლოს?

ორშაბათი შემდეგ მაღაზიებში წასვლით გრძელდება, სადაც უმეტესად ჰიგიენურ საშუალებებს ვყიდულობთ: პამპერსები (ეს პამპერსი ძალიან ზოგადი დასახელება გახდა, სინამდვილეში ადგილობრივ ბავშვის საფენებს "Babylove" ვყიდულობ, რომლებიც უფრო იაფია და ხარისხიანიც). ეს მიანიშნებს, რომ წლინახევრიდან სხვა დიადი გეგმები გვაქვს – პამპერსების გადაყრა და ქოთანზე დაჯდომა (ეს სულ სხვა თემაა კიდევ).

მაღაზიაში წასვლა უმეტესად ახალი ფრჩხილების ლაქის ყიდვით მთავრდება, რადგან ეზრა უკვე ვეღარ ძლებს "კალიასკაში", გადმოსვლა და სიარული უნდა; სახლში წასვლის დროა.

გზად მე ადამიანებს ვათვალიერებ, ეზრა – თითოეული ტრამვაის გავლაზე ჭყიპინებს და ხელებს უქნევს. სასწაულად უყვარს ტრამვაი. ადამიანებიც უყვარს, მაგრამ ჯერჯერობით ტრამვაი ურჩევნია.
მე – ადამიანები, მაინც :)

ხიდზე რომ გადმოვდივართ, იხვებს შევხედავთ ხოლმე და თუ პურის ნამცეცები დაგვრჩა, დავუყრით და გზას განვაგრძობთ...
კიდევ ლაიპციგში სასწაულად ბევრი ყვავი ცხოვრობს. ალბათ იმიტომ, რომ ვაკე ადგილია; შესაბამისად ქარი ხშირად ქრის და ყვავებს უნდა უყვარდეთ ასეთი კლიმატი (ჩემი დიადი  ფრინველოლოგობის პრინციპით). ეზრას უყვარს როგორ ყვავიან და კარგადაც ბაძავს, ისე კარგად, რომ ზოგჯერ ახლოს მოფრინდებიან და გვიყურებენ ხოლმე

........

მკითხეთ ჩემთვის როდის მრჩება დროო?
მთელი დრო ჩემია. თითქმის წელიწადნახევარია მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ეს ჩემი დრო ყველაფერში უნდა ვიპოვო. ეზრას დროც ჩემია და მთელი მსოფლიოს დრო ჩემია, თუ მინდა, ფილოსოფიურად ;)
ამ ასაკში და ამ მდგომარეობაში ჩემი დრო ჩემს ოჯახში და ინტერესებშია, თუნდაც ეს მხოლოდ წიგნების კითხვა, წერა და ფრჩხილების ლაქების შეგროვება იყოს.

ყველა ჩემი ნათესავი, ნაცნობი თუ მეგობარი წუხს იმაზე, თუ როგორი ნიჭიერი ვიყავი/ვარ, რამხელა პოტენციალი მქონდა/მაქვს და ამის მაგივრად სახლში ვზივარ ბავშვთან.
უჰმ.
ძალიან რომ მინდოდეს, ალბათ, ვიმუშავებდი. როცა რაღაც ძალიან მინდა და შესაბამისად ვცდილობ, გამომდის კიდეც, ღმ–ერთის დახმარებით და ამ მომენტში, სავარაუდოდ, ჩემი პოტენციალის გამოყენება მხოლოდ ოჯახში მინდა.

რატომ ვწერ ამ ყველაფერს?
არ ვიცი, იქნებ ქვეცნობიერად მინდოდეს კიდეც კარიერა მქონდეს (თანაც ისეთი, როგორიც მე მინდა, უფროსისა და სტრესის გარეშე ანუ არარეალური) და ამას ქმარ–შვილს და მანიკურ–მაკიაჟსაც ვუთავსებდე, როგორც თინიტას პოსტის გმირი.
ვინ იცის.

რა მნიშვნელობა აქვს.
უბრალოდ, ორშაბათმა დამაწერინა, რაც წაიკითხეთ და მგონი, კვირა კარგად დაიწყო. მთავარია, ვინ როგორ შეხედავს და რას დაინახავს.

ხვალამდე!!!

Monday, September 23, 2013

არც ისე რთული დღიდან


ჩემთვის ქეით უინსლეთი ყოველთვის ყველაზე კარგი მსახიობი იყო, განსაკუთრებით იმ როლებში, სადაც ჟღალი თმა და ზედმეტი კილოგრამები აქვს (როგორ გვიყვარს "ჩვენი" მსგავსი ადამიანები).

დღეს მეც თბილი პულოვერი და თბილი ნაცრისფერი წინდები რომ ჩავიცვი, ვიგრძენი, ზამთარი მოდის.
ზამთარი ყოველთვის მიყვარდა (ალბათ იმიტომ უფრო, რომ ზამთარში ვარ დაბადებული) და მაშინებდა (სიცივე?..). დღესაც ასეთი შეგრძნება მაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.

იმდენი საქმე მაქვს!!!
ეზრას ზამთრის ტანსაცმელი არ აქვს.

ჩვენი ციცქნა ბინა უკვე ვეღარ გვიტევს. ეზრას საძინებელი აქვს დაკავებული და ჩვენ კიდევ – მოგზაურებივით გვძინავს სასტუმრო ოთახში. ისეთი ძნელია კარგი ბინის შოვნა, თანაც ამ რაიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. 
კიდევ ისიც ძნელია, მხოლოდ ერთი ადამიანი რომ მუშაობს ოჯახში და მართალია, მადლობა ღმ–ერთს, გვყოფნის, მაგრამ ზედმეტი რაღაცების შეძენისგან თავს ვიკავებთ. არადა, ზოგჯერ როგორ გინდა ადამიანს ეს "ზედმეტი" რაღაცები, უჰ.

.........................

შორენას აქვს მოცვისსურნელიანი პოსტი, თან ბოტები უნდა. მეც მჭირდება კარგი ბოტები.

ნათიკუდას ბლოგი მომწონს ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს. ყოველთვის მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ სასწაულად შემოქმედებითი (სიტყვა კრეატიული გაცვდა) გოგოა, ჩემგან განსხვავებით, და ლამაზ რაღაცებს აკეთებს ხოლმე.

ჩემი უძველესი მკითხველი და ძვირფასი ბლოგერი ქეთი საინტერესო პროექტში/კონკურსში მონაწილეობს და ყოველთვის საინტერესოა მისი წაკითხვა.

კიდევ ერთი ტეხასელი გოგოს ბლოგმა გამიტაცა, რომელიც ახალ ზელანდიაში თავის ქმართან და ორ ლამაზ შვილთან ერთად ცხოვრობს.

............................

ბედნიერი კვირა გქონოდეთ თავისი ორშაბათიანად, რომელიც ვითომ რთული დღეაო და ამ დროს, არც ისე რთულია, უფრო რთულებიც ხომ არსებობს.

Sunday, September 15, 2013

სიბნელე, მორალი და კიდევ ათასი რამ

ჩემი სტუდენტობის დროინდელ "ფლეშკას" გადავაწყდი და ჩემი ისეთი შემოქმედება აღმოვაჩინე, რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა. ვაიმე, ლექსებს ვწერდი... თითებზე, თმებზე, სულიერ ფათერაკზე, პასტერნაკის მოხიბლვასა და მერე მისთვის თოკის მოპარვაზე...


ასეთი ვიყავი 2008 წლის ზაფხულში – ენთუზიაზმით სავსე, გამხდარი და ბოშასავით ვერცხლის სამკაულასხმული

ისე გავიზარდე იმ წლების მერე.
დღეს ეზრა რომ დავაძინე და ჩემი ქმარი კოლელში გავუშვი [ტიპიური ცოლური ფრაზა] (სადაც ცოლიანი კაცები თალმუდს სწავლობენ), პლედში გავეხვიე და ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი; იმის გარკვევას ვცდილობდი, ვინ ვარ და რა მინდა, რა მომწონს საერთოდ ამქვეყნიური. 
ამქვეყნიურში ვგულისხმობ ხელოვნებას: წიგნებს, მუსიკას, ფილმებს, მხატვრობას...
აღმოვაჩინე, რომ აღარაფერი მიზიდავს ისე, როგორც ადრე. წიგნებს ბოლომდე ვერ ვამთავრებ, იშვიათის გარდა (აი, ვირჯინია ვულფი და ჯეიმს ჯოისი წლებია შუაში მაქვს გაწყვეტილი); ახალი ფილმებიდან, დაასახელეთ ნებისმიერი, არცერთი მინახავს. მუსიკა? მაქსიმუმ, რეჯინა სპექტორის რაღაცები მქონდეს მოსმენილი და პინკის :დ

არაფერი მაინტერესებს. ყველაფერი ისეთი ამორალურია :/ მორალისტი და განმსჯელი არასოდეს ვყოფილვარ და ყოველთვის სასწაულად ლიბერალურ–ტოლერანტი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია. როცა მე თვითონ დედა ვარ და პატარა ადამიანიდან დიდი უნდა აღვზარდო, არ შემიძლია. ფასეულობებს ვეღარაფერში ვხედავ.
თუ ვხედავ, ძალიან იშვიათში და იმასაც იოტისოდენას.

ყველაფერი რეკლამა და შეფუთვაა. ყველაფერი ბიზნესი და სექსია. ყველაფერი სარკაზმი და ძალადობაა.

ჰოდა, ამიტომ ვზივარ და პლედში ვეხვევი, ვითომ რომ არ დავინახო რეალობა, მაგრამ როცა მეზობელ ოთახში იმ პატარა ბიჭს სძინავს, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს და მერე იმეორებს, რასაც ხედავს, ვიცი, არც პლედი მიშველის და მით უმეტეს, სიბნელე. ამიტომ პლედს მოვისვრი, შუქს ვანთებ და ჩემს აღმოსავლურგერმანულ, მინიმალისტურ, სამზარეულოში გადავინაცვლებ ანტიკურ ლეპტოპთან და რძიან ყავასთან ერთად.

ასე ვაწყდები ჩემს ძველ მწვანე ლექსებს და მოთხრობებს მოგზაურ სანი–გოგოზე, რომელიც ბუნებრივია ჩემი პროტოტიპი იყო და ჩვენი ცხოვრებები სასწაულად დაემთხვა, დღემდე არ მჯერა. ისე ვწერდი, თითქოს წინასწარ ვიცოდი, სად წავიდოდი და როგორ ვიცხოვრებდი.


 მე 2013–ში, ედრიენ ბროდის გმირივით ამ ფილმში – ყველაფრისგან შორს!!!

{იმ დღეს კიდევ უგო ჩავესი გამახსენდა რაღაცაზე და გამეცინა. მერე უცებ გული დამწყდა, რომ ტყუილად გამახსენდა, რადგან აღარ არსებობს. რანაირად ხდება დედამიწაზე, რომ უცებ ადგებიან ადამიანები და შეწყვეტენ ცხოვრებას?..
რიტორიკული კითხვაა.}

..............................................................................

Thursday, September 12, 2013

დედები, გოგოები და ბიჭები

Happy side to this... because we can't take our eyes off our babies, we don't miss the things we'd miss if we could look away.

Beth Ann Fennelly "Great With Child"


ერთ ამერიკულ ბლოგზე გადავაწყდი რეკომენდაციას ბეთ ენ ფენელის ამ წიგნისა და თან დაემთხვა, რომ ამაზონზე 10 ცენტით (ჰაჰა!!!) იყო მასზე ფასდაკლება და მაშინვე შევუკვეთე.
ალბათ ცალკე პოსტი უნდა დავწერო ამ წიგნზე და მის ავტორზეც, იმდენად კარგი წიგნია და ბეთ ენ ფენელი კიდევ, ირლანდიური წარმოშობის, ამერიკელი მწერალი ქალი; ჭკვიანი და მგრძნობიარე, თან ძალიან ლამაზი.
არადა, მეგონა, ბავშვის გაჩენის შემდეგ მხოლოდ მე გავხდი ასეთი მგრძნობიარე და "გულაჩუყებული", რომ სევდიან ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუყურებ, არც დარდიანი მუსიკის მოსმენა შემიძლია და წიგნებსაც, ძალიან დაკვირვებით ვარჩევ. მხოლოდ ჩემს შვილზე კი არ მჭირს "ფეთიანობა", სხვებისაზეც. ყველა დედის გასაჭირი მაღელვებს და მაწუხებს. ნამდვილი Mother Earth მგონია ხან თავი; როგორც ყოველთვის, სასწაულად ვიცი გრძნობებში გადაჭარბება.
ჰოდა, ფენელი ამ ყველაფერს ისე ლამაზად აღწერს, თვითონაც როგორი სხვანაირად მგრძნობიარე გახდა დედობის შემდეგ და თან ძლიერიც, როგორც ყველა დედა, ადამიანი იქნება, თუ კრუხი.
ბევრ ისეთ რამეზეც წერს, რაც გგონია, მხოლოდ შენ გამოგიცდია და შენ გიგრძვნია, ამ დროს თურმე ამერიკელ წითელთმიან დედასაც მსგავსი განცდები ჰქონია, თანაც იმდენად ზუსტად შენნაირი, ერთდროულად გახარებს (პარანოია მხოლოდ შენ არ გქონია!) და გაშინებს (თავი უნიკალური გეგონა).
გირჩევთ, უკვე თუ მომავალ დედებს ამ წიგნის წაკითხვას.

ბეთ ენ ფენელი – ამერიკელი ავტორი

იმ დღეს ეზრა აცრაზე გვყავდა და იქ ერთი თავისი ტოლი გოგო გაიცნო, რომელსაც სოფი ერქვა :) ლამაზი რუსული წარმოშობის დედა ჰყავდა და თვითონაც პატარა ოქროსფერთმიანი და უზარმაზარცისფერთვალება ანგელოზი იყო. ისე იცინოდა და თავის რამდენიმე თეთრ კბილს აჩენდა, რომ ვიჯექი და მეც ვუცინოდი აღტაცებული. ეზრაზე კი დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სათამაშო აიღო, რომელიც ეზრასაც მოუნდა და მაშინვე დაუფიქრებლად წაართვა.
პატარა გოგოს გული არ დაწყვეტია, წავიდა და სხვა სათამაშო აიღო. მერე ისევ ეზრასთან მობრუნდა და ხან მე მიცინოდა, ხან – მას. სასწაულია, რომ გოგოები, უკვე დაბადებიდან გოგოები არიან და რაც უნდა ვთქვათ ჩემნაირმა (ექს)ფემინისტებმა, აბსოლუტურად სხვანაირად მოწყობილი გონება და ქცევები აქვთ, რადგან ორგანიზმიც დაბადებიდან ქალისა აქვთ (ჰორმონებით "ვსებადი", ბუნებრივია), შესაბამისად, ბევრად გამჭრიახები და "ეშმაკები" არიან, ვიდრე ბიჭები, რომლებიც მომხიბვლელად კი არ გაგიღიმებენ, უბრალოდ მოვლენ და სათამაშოს წაგართმევენ.
პირველად მოხდა ჩემი დედობის განმავლობაში, რომ ეზრა უცებ სხვა კუთხიდან დავინახე, როგორც პატარა ძუძუმწოვარა ბავშვი კი არა, უკვე პატარა ძლიერი ბიჭი (1 წლის და ხუთი თვის), რომელსაც თავისი ხასიათი აქვს და ბავშვებთან ურთიერთობასაც არ ერიდება ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე, არავის უნდა დაეჩაგვრინოსო (ოჰ, ეს ქართველი ბებოები!!!).

საინტერესო დასვენების დღეებს გისურვებთ!