Saturday, December 28, 2013

მაცივარი, ლაქტაცია და სხვა დედური რჩევები



იმდენი იდეა მაქვს პოსტისთვის, ფავორიტები, რჩევები ახალბედა დედებისთვის, ნერვიული ადამიანებისთვის, სოციალისტი იუდაისტებისთვის და ჩემი კომპიუტერი ზუსტად ახლა მიიცვალა :(
ბოლომდე არა, რადგან ახლა მასზე ვკრეფ პოსტს, უბრალოდ, როგორც კი, სურათების ატვირთვას დავიწყებ ან ორზე მეტ გვერდს გავხსნი, სუნთქვა უმძიმდება და ითიშება. ხანაც სრულიად უმიზეზოდ ითიშება და ვერასოდეს ვახერხებ სერიოზულად დავჯდე და დავწერო. მერე საათზე მეტი სჭირდება გონზე მოსასვლელად და მე დრო/ნერვები აღარ მყოფნის.

ახალ ლეპტოპს როდის ვიყიდი, არ ვიცი :/ იმდენი რამე გვჭირდება, ადრეც ხომ ვწერდი, უბრალოდ არ შემიძლია, ავდგე და ახალი ვიყიდო, როცა ვიცი, რომ ბევრად უფრო პრიორიტეტული რაღაცები გვაქვს საყიდელი, მაგალითად, მაცივარი. ჩვენი ძველი, ციცქნა მაცივარი უკვე ვეღარ იტევს პროდუქტებს და თანაც, როცა პატარა ბავშვი გყავს და მილიონი საქმე გაქვს, აუცილებლად გჭირდება ადამიანს დიდი მაცივარი უფრო მოზრდილი საყინულით. ჩვენს საყინულეში კი ცოტა რამე ეტევა, სამწუხაროდ. სხვა შემთხვევაში, ბევრ რაღაცებს გავაკეთებდი, როცა დრო მექნებოდა და გავყინავდი, რომ მოუცლელობის დროს უცებ გამომეღო და გამეცხელებინა.

ფაქტიურად, ესეც პირველი რჩევა ახალბედა დედებს და ოჯახებს, რომლებიც ბავშვს ელოდებიან:
დიდსაყინულიანი მაცივარი!

2. არ იყიდოთ საბავშვო კრემები და ლოსიონ–შამპუნები. ტყუილი ფულის ყრაა და ბავშვს საერთოდ არ სჭირდება. მანდ არ ვიცი, უბრალოდ აქ ძალიან ბევრ საბავშვო ჰიგიენური საშუალებების რეკლამებს გვიგზავნიან.
ჩემი ნატურალისტი ბებიაქალის რჩევით, ეზრას ზუსტად 8 თვემდე ჩემს რძეში ვაბანავებდი. რაც უნდა გულისამრევად ჟღერდეს სხვებისთვის, ფაქტია, რომ ყველა შამპუნს ჯობია და ქიმიის ნასახი არ ურევია. წყლით სავსე პატარა აბაზანაში (ლიტრებით არ ვიცი), რომელშიც პატარა ბავშვს აბანავებთ, 250 მლ საკუთარი რძე ჩაასხით და ნახავთ, როგორი რბილი კანი ექნება პატარას და მშვიდადაც დაეძინება.
მომდევნო თვეებიდან დღემდე კი ეზრას Penaten–ის ამ შამპუნით ვბან, რომელიც თვალებს არ წვავს და სუნიც თითქმის არ აქვს (მჯერა, რაც უფრო ტკბილი/მძაფრი/ნებისმიერი ძლიერი სუნი აქვს შამპუნს, მით უფრო ცუდი ხარისხისაა).


აქვე, მე–3 პუნქტიც:
8 თვემდე რატომ? იმიტომ, რომ ეზრა 8 თვე წოვდა ძუძუს ინტენსიურად და მერე უკვე პიურეები და ხორცები უფრო შეუყვარდა. თუმცა ეს ყველაზე ტკბილი პროცესი 13 თვემდე გავაგრძელეთ და მშვიდად დავასრულეთ.
იყო პერიოდები, როცა ვფიქრობდი, ღმ–ერთო, ექვსი თვე გამაძლებინე როგორმე, აღარ შემიძლია "მერძევეობა", მერე ვამბობდი, ჯანდაბას, წლამდე მაინც და როცა ბოლოს ეზრამ თვითონ დაანება თავი უპრობლემოდ, ცოტა მეწყინა კიდეც :ლოლ:
ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა ბავშვი განსხვავებულია.  
მთავარია ახალმა დედებმა თავი არ დაისტრესოთ!!! 
მოგწონთ ეს პროცესი და თქვენთვის მნიშვნელოვანია? აწოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი თვე საკმაოდ რთული იქნება და ზუსტად ამ პერიოდში, ნერვების გამო, მიდი–მოდის რძე. სამაგიეროდ, ღამით საწოლიდან ადგომა და ბოთლების გათბობა არ დაგჭირდებათ, ყოველთვის თან გექნებათ თბილ–თბილი და ახალი საჭმელი.
არ შეგიძლიათ და არ გინდათ, გადადით ხელოვნურ საკვებზე, რადგან ყველაზე მთავარი თქვენი სულიერი სიმშვიდე და დაპურებული ბავშვია.

4. არ იყიდოთ Babybjörn–ის კენგურუ, ადრეც ვწერდი. სასწაულად მოუხერხებელია. მართალია, ბავშვის ხერხემლისთვის ყველაზე კარგად გაკეთებული "კენგურუა", მაგრამ დედის ბეჭების მტერი. ბეჭები კიდევ დედებს ისედაც გვტკივა ღამით მილიონჯერ გაღვიძების და ცუდად ძილისგან. ბევრი ჩემი ნაცნობი Ergo Baby–ს აქებს, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით, არ მქონია და სანამ თავად არ გამოვცდი, ვერ გირჩევთ.

5. გახსოვდეთ, რომ ეს ბავშვი (რომელიც გააჩინეთ) თქვენია და შესაბამისად, თქვენ უნდა გაზარდოთ ისე, როგორც საჭიროდ თვლით. 
საერთოდ ხომ, მეტ–ნაკლებად, ყველა ადამიანმა ვიცით, მაგალითად, ვის უნდა მოვუსმინოთ და ვის – არა ;) მე, ჩემი, 29 წლის მანძილზე უკვე ვისწავლე. ვიცი, დედაჩემის რომელი რჩევები გავითვალისწინო, რომელი ქმრის დედის, რომელი  – დეიდის და საბოლოოდ, მხოლოდ ჭკვიანური და ჩემს პრინციპებთან ახლოს მდგომი დარიგებები მივიღო.
რადგან, ვიცი, ხშირად ვბრაზდებით რჩევებზე (შინაურ–გარეულებისგან), მაგრამ მშვიდად თუ მოვუსმენთ, შეიძლება ზოგი გამოგვადგეს კიდეც.
მაგალითისთვის გეტყვით, დედაჩემი მსოფლიოში ყველაზე ნატურალისტი დედაა, რომელიც სულ მიჩიჩინებდა, ბავშვს რაც შეიძლება დიდხანს უნდა აწოვო ძუძუ, მე 2 წლამდე გაჭმევდი, შენთან დააძინო, როცა მოუნდება და მოკლედ, სხვადასხვა ფეთიანობებიო :დ ჩემი ქმრის დედას კიდევ, თვითონ რომ პირველად გახდა დედა, ყველა სასწაულად სტრესავდა თურმე ლაქტაციაზე და საერთოდ, ყველაფერზე, ამიტომ, შენ არაფერზე გაგიჟდე, როგორც გამოგივა, ისე გააკეთეო, მირჩია (სხვადასხვა ფეთიანობები მასაც აქვს, ბუნებრივია, მაგრამ ჩემი დედა რომ არ არის, მაინც ერიდება ისეთი რჩევების მოცემა).
ჰოდა, მე ავდექი და ეს ორივე რჩევა შევაერთე :დ 13 თვიანი ლაქტაცია სტრესის გარეშე. რა ვქნა, დე, 2 წელი ვერ გავქაჩე =))


ეს კი ჩემი კვირის ფავორიტი პოსტები ბონუსად:

ბაბისას სუპერპოსტი, პოსტზე დიდ კომენტარს დავუწერ ალბათ. როგორი სიმართლეა!

ჩემი საყვარელი თის პოსტი, ისე მიხარია მისი სისავსეობა!!!

ტომას გემრიელი "პეჩენიები".

არ მახსოვს, თუ გამიზიარებია აქამდე კათოლიკე ჰიპი დედის ბლოგი, რომლის ეს პოსტი, ვფიქრობ, არაკათოლიკე და არაჰიპებსაც შეიძლება გამოადგეთ.

და ბოლოს, ყველას გვჭირდება ინტელექტის ამაღლება (ჩემნაირ big fat დედებსაც კი), ამისთვის კი ლინგვისტუსის ბლოგი არსებობს. მომეწონა ეს პოსტი, თუმცა ჰიპსა და ჰიპსტერს შორის განსხვავების ახსნასაც სიამოვნებით წავიკითხავდი :დ

ბედნიერ წინასადღესასწაულო პერიოდს გისურვებთ!!!

Monday, December 23, 2013

29

სასაცილოდ მინდა დავიწყო, რაღაცნაირ წიგნებში რომ წერენ ხოლმე:

1984 წლის 23 დეკემბერს ქვეყანას რომ მოვევლინე, დედაჩემისთვის მსოფლიოში ულამაზესი ბავშვი ვიყავი, თეთრი და ფუმფულა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი უკვე სოლიდურ სადედო ასაკში იყო (35 წლის), სასწაულად ადვილად და სწრაფად გავუჩენივარ. სახელიც უკვე მოფიქრებული ჰქონდათ, სოფია ბებიის, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ხუთი შვილი ჰყავდა და საკმაოდ მკაცრ ქალად ითვლებოდა.

პატარა რომ ვიყავი, მილიონჯერ ვაამბობინებდი დედაჩემს ჩემი დაბადების ამბავს, რადგან განსაკუთრებულად მიმაჩნდა.

დღეს კიდევ, 29 წლის რომ გავხდი, დილას საოცრად დაღლილმა გავიღვიძე და ტირილი მინდოდა. ცხოვრებაში ჩემს დაბადების დღეს გული არ აუჩუყებია და დღეს რა დამემართა, არ ვიცი, ამიტომ დავჯექი და ამ პოსტის წერა დავიწყე. ეზრას მულტფილმი ჩავურთე (საერთოდ იშვიათად ვურთავო "25-ე კადრს", ასეთი დედა ვარ, რას იზამ), რომ წერა დამაცადოს.

მოკლედ,
ის კი არ მანაღვლებს, ასაკი რომ მემატება და მასთან ერთად ნაოჭები და კილოგრამები, პასუხისმგებლობები მაშინებს, რომელიც ყოველ წელთან ერთად უფრო მეტად იზრდება. ეს მსოფლიო კიდევ ისეთი ტემპით მიდის, არ ვიცი, რამდენად მინდა ფეხი ავუწყო, არც არასოდეს მდომებია, მაგრამ ზოგჯერ ვერ გაექცევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ბავშვი გყავს და ნელ-ნელა დიდი ხდება, შესაბამისად, ყველაფერი უნდა იცოდე, ყველაფერში ერკვეოდე, რომ მას სათანადოდ აუხსნა.

იმედია, ასაკთან ერთად, სიბრძნე და გონიერებაც მომემატება და 29 წლის ბევრად უფრო ჭკვიანი ვიქნები, ვიდრე 28-ის ვიყავი. ასევე ჯანმრთელი, მხიარული და წარმატებული!

ეს ლინკები კი მათ, ვისაც აინტერესებს ჩემი წინა წლების სადაბადებისდღეო ვნებები:
24, 25, 26, 27 - იმ წელს პოსტი არ დამიწერია, ეტყობა ოჯახური საქმეებით ვიყავი დაკავებული, 28 - დედური პოსტი და სადღაც ბოლოში დაბადების დღეზეც, მთავარია რეალობა.


ბედნიერ კვირას გისურვებთ!

Wednesday, December 18, 2013

დეკემბრის 5 ფავორიტი

როგორც იქნა მოვახერხე ამ თვეში 5 ფავორიტის აღმოჩენა და სიამოვნებით გაგიზიარებთ. სამწუხაროდ, არავის უნდა შემომიერთდეს ამ პროექტში, ისევე როგორც, როდეს არავინ შეუერთდა ჯერჯერობით XX საუკუნის ადამიანებში (როდე, ძალიან შევეცდები, როგორმე, 2013 წელს დავწერო ჩემი გავლენიანი ადამიანების შესახებ).


მაშ, ასე:
1. ხელის კრემი

Dove-ის პროდუქციის უმეტესობა ძალიან მომწონს, ხარისხი ყოველთვის შეესაბამება ფასს. კარგ ხელის კრემს კი უკვე დიდი ხანია ვეძებდი, განსაკუთრებით ზამთარში მჭირდება გემრიელად დამატენიანებელი, რადგან კანი სწრაფად შრება.



2. ზოლიანი სვიტერები, მაისურები...

ძალიან მიყვარს ზოლიანი ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტალური ზოლები წონას მმატებს. მაგრამ როდის იყო მე ზედმეტი წონა მაშინებდა? ნამდვილი ქალი ხომ შორიდან უნდა ჩანდეს, შესაბამისად, ესეც ჩემი ბოლო შენაძენი H&M–ში 7 ევროდ :)



3. სარეცხის კონდიციონერი/დამარბილებელი/კარგისუნისმიმცემი

ამაზე მთელი ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია, იმდენად საშინელი მანიაკი ვარ სარეცხის რეცხვის და კონდიციონერების ექსპერიმენტატორი. ყოველთვე ვცვლი კონდიციონერების ფირმას სურნელების მიხედვით, ბუნებრივია. გემოვნება სურნელებში კიდევ ქალებს მხოლოდ სეზონის კი არა, თვის განმავლობაში მილიონჯერ გვეცვლება. ყოველ შემთხვევაში, მე.


4. ხილი

სარეცხის კონდიციონერების გარდა, ყოველი სეზონისთვის შესაბამისი საყვარელი ხილი მაქვს ხოლმე. ზამთარში განსაკუთრებულად კარალიოკი და ფორთოხალი მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, ბროწეულს არაფერი მირჩევნია.
ეზრას ბებიამ თავის მეზობლად იპოვა პატარა ხილის მაღაზია, სადაც უგემრიელეს ბროწეულს ყიდიან იაფად და როცა სტუმრად მოდის, ყოველთვის მოაქვს ბროწეული.
ეზრასთვის - ყურძენი, რომელიც მისი ამ ეტაპის საყვარელი ხილია და შეუძლია უზომოდ ჭამოს, თუმცა ჩემნაირი დედა რისთვის ჰყავს, საზღვრები რომ არ ასწავლოს ;)


5. ბლოგი

ამ თვის საყვარელი, არა, უსაყვარლესი ბლოგი. ამერიკელებზე დიდად არ ვგიჟდები (გლასების ოჯახის გამოკლებით), მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებიც მყავს იქ და ყველაფერი. მაინც ვთვლი, რომ დიდად არ გადმოსდით ინტელექტი, თუმცა, როგორც ყოველთვის, სტერეოტიპებით ცხოვრება საშინელებაა და სანამ ჩემს ახალ ფავორიტს "გავლინკავ", აქვე სივრცეში მოფრიალე თამთას ეს პოსტიც უნდა მოექცეს ყურადღების ქვეშ, რადგან ძალიან საინტერესო თემას შეეხო და უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, ცალკე პოსტად უნდა დამეწერა გენდერული ამბები.

რაც შეეხება თავად თვის ფავორტ ბლოგს, რომელსაც ქაღალდის წვიმის წვეთები ჰქვია, ვერაფრით ვცილდები და ამ ლამაზი, ნიჭიერი გოგოსი ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით ეს პროექტი, რომელიც, წესით, თქვენც ძალიან უნდა მოგეწონოთ.



ბედნიერ კვირის დასასრულს გისურვებთ, აწ უკვე (ცოტა) დასვენებული დედა :D

Sunday, December 15, 2013

მხნე პოსტი დაღლილი დედისგან

არ ვიცი, უცხოური ბლოგების გარეშე რა მეშველებოდა.
ან ბლოგი რომ არ მქონდეს, რა უნდა მექნა.
 
წინა პოსტის კომენტარში ბაბისამ მომწერა, რა კარგი დედა ხარ, ასე სენტიმენტალურ–რომანტიკულად რომ აღიქვამ ყველაფერსო. თან გამიხარდა, თან გამეცინა, იმიტომ, რომ ხან ისე ვიღლები, მგონია, მეტი აღარ შემიძლია, ხშირად ისიც მგონია, რომ არ ფასდება ჩემი შრომა, უფრო მეტს გავცემ, ვიდრე ვიღებ (პრინციპში, როგორც ყველა დედა). ხშირად ვბრაზდები, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება, სამი თვის წინ დაწყებული წიგნი ჯერ არ დამიმთავრებია და ერთი პოსტის დაწერას სამ დღეს ვუნდები, რადგან სანამ მოვიფიქრებ, აზრებს დავალაგებ, დავწერ, მერე გავასწორებ და გამოვაქვეყნებ, შუალედში უნდა მოვასწრო სახლის დალაგება, სადილის მომზადება, ეზრას გასეირნება, დაძინება, ქმრისთვის ყურადღების მიქცევა, სარეცხი მანქანის გატენვა–დაცლა, გაფენა, გაუთოება...
მეგობრებს წერილებზე ვერ ვპასუხობ, რადგან მთელი დღის დაღლილს, საღამოს გონება აღარ მყოფნის, დალაგებული და ინტელექტუალური პასუხები გავცე, განსაკუთრებით ისეთ მეგობარს, განსაკუთრებით რომ მიყვარს და მაკლია.

ბოლოს, ეს ბლოგი მრჩება, როგორც ერთგვარი მოტივაცია, რომ რაღაცები დავწერო, სხვა დედები და არადედები გავამხიარულო, გავამხნევო და ალბათ, პირველ რიგში საკუთარი თავი [მო]ვიპოვო :) 


ადრე ერთმა მეგობარმა მითხრა, გათხოვილი ქალები მოსაწყენები არიან, ოღონდ შენ არ გეწყინოსო. რამდენჯერაც ერთ დაქალთან მივალ, რომელსაც ორი პატარა ბავშვი ჰყავს, ჩემთვის ვერასოდეს იცლის, დასდევს ბავშვებს, სულ საქმე აქვს და ნერვებს მიშლისო :/ მივახალე, ადექი და მიეხმარე, თუ მიდიხარ, შენც მასთან ერთად ირბინე და თუ არ გინდა, მაშინ სულ ნუ მიხვალ–მეთქი.
ამის შემდეგ მე და ის მეგობარი აღარ/ვეღარ ვურთიერთობთ.

ამიტომაც მიყვარს უცხოელი დედების ბლოგები, განსაკუთრებით მრავალშვილიანების, იმიტომ, რომ არასოდეს განგსჯიან, კეთილ რჩევებს მოგცემენ, გაგამხნევებენ; ყველაფერი გაივლის, მიუხედავად იმისა, რომ რთულია დედობა, ძალიან რთული, რადგან ყველა ბავშვი განსხვავებულია, თუ ერთ ქალს მშვიდი, ანგელოზი ბავშვი ჰყავს, მეორეს (იხ: მე) – მოუსვენარი და ძილის მოძულე, მესამეს – მტირალა და ჭირვეული. ამიტომაც არ არსებობს დედობის ერთი მეთოდი, სამაგიეროდ არსებობს ერთი მხარდაჭერა და ყურადღება, რომელიც ყველა დედას სჭირდება და რაღაც ეტაპზე ძალიან აკლია.

ზუსტად ამიტომ ვწერ მეც დღემდე.
ამიტომ ვკითხულობ უცხოურ ბლოგებს, თუნდაც ზოგჯერ მაკვირვებდეს, როგორ გასცემენ ადამიანები ამდენ პირადულ ინფორმაციას, სასწაულად ინტიმურ ფოტოებს (მშობიარობის, მაგალითად) აზიარებენ და ყველაფერზე წერენ. მერე ვხვდები, რომ მე და ისინი ძალიან განსხვავებული კულტურისა და მენტალიტეტის შვილები ვართ და მშვიდად ვაგრძელებ კითხვას. ბოლოს და ბოლოს, განსხვავებულობა და დივერსია ძალიან ლამაზია, მთავარია ერთნაირი მორალური ცნებები ჰქონდეთ ადამიანებს.
ამ ქალებისა და ჩემი კი, შეიძლება ყველა ცნება (ანდაც მცნება ;) ) არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩემი დედობის პერიოდში ისინი უფრო მეტად დამხმარებიან და გავუმხნევებივარ, ვიდრე ნაცნობ–მეგობრებს. ბუნებრივია, არავის განვსჯი, ყველას თავისი ცხოვრება, ინტერესები და გამოცდილებები აქვს.

მინდა, ქართველი დედების ბლოგებიც იყოს (ამჟამად სულ ერთი–ორია ასეთი), ისინიც წერდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ ფიქრებს, დაღლას, გულისტკივილს და ვკითხულობდეთ, კომენტარებს ვუწერდეთ და ერთმანეთს ვამხნევებდეთ. 
მხოლოდ დედებისაც არა, ქალების ბლოგები, რომლებიც წერენ და სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

Thursday, December 12, 2013

20 თვე

ეს პოსტი უფრო მეტად ჩემი, საკუთარი არქივისთვის მჭირდება, თანაც დიდი ხანია ეზრას ამბები არ დამიწერია, ანუ რა უყვარს ამ ეტაპზე, რას აკეთებს, რას ვაჭმევ და მე თვითონ სად ვარ, როგორც დედა; ამიტომ, არ მოგერიდოთ, წაკითხვა თუ არ მოგინდებათ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ :)

ადრე, სანამ მე თვითონ მეყოლებოდა ბავშვი, ნაცნობ ქალს ვკითხე, მისი უმცროსი შვილი რამდენი წლის იყო და მიპასუხა, 27 თვისო. მაშინ ვიფიქრე, რომ გიჟი იყო ის ქალი, ხომ შეეძლო ადამიანურად ეთქვა, 2 წლის და 3 თვის და თავი არ მემტვრია თვეების გამოთვლით.

ახლა კიდევ როცა მე მეკითხებიან, ხშირად "წამომცდება" ხოლმე, თუ რამდენი თვისაა ეზრა, რომელიც სინამდვილეში თვეების აღარ არის, 1 წლის და 8 თვისაა. მაგრამ ჩემთვის, დედისთვის, რომელიც ყველაფერს მაინც თვეებით თვლის, 20 თვისაა და ღმ–ერთის ძალით, 4 თვეში, როცა უკვე 2 წლის გახდება, აღარ დავთვლი თვეებს და უკვე წლებს შევეჩვევი.

 
 მე ემილის ასაკში

სადღაც მეორე–მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა დეიდაშვილმა, რომელიც უკვე ხუთი წელია აღარ არის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნი მაჩუქა, ნარინჯისფერ–ცისფერი ყდით, რომელშიც "ლიონებერგელი ემილი", "ბიულერბიუელი ბავშვები" და "ჩვენც სალტკროკელები ვართ" შედიან. ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ეს წიგნი, უკვე გაცრეცილი და ნატალიასი არ იყოს, გატკბილულფურცლებიანი, რადგან ალუბლიან მაჭკატებს მიირთმევდით კითხვისას (მე ალუბლისმურაბიან ალადიებს, რომლებსაც მაჭკატებად მივიჩნევ დღემდე).
ყველა გოგოს უყვარს ბიულერბიუელი ლიზი და ბავშვობაში მისნაირ ოთახზე ოცნებობდა, ცოტა რომ გაიზრდება ის გოგო, მერე სალტკროკაში დასასვენებლად წასული მზრუნველი უფროსი და მალინი უყვარდება, ან სულაც პუტკუნა უცნაური გოგო ჩორვენი და მისი ძაღლი...
მაგრამ მე ლიონებერგელ ემილზე მეტად ლინდგრენის არცერთი გმირი მყვარებია. იმიტომ, რომ ემილი ჩემი ბავშვობის პროტოტიპი იყო, უბრალოდ ის ბიჭი იყო და ჩემზე ქერა. ცელქზე ცელქი, სამართლიანი, უშიშარი და საკუჭნაოში დასჯილს, შეეძლო მთელი ზამთრის მარაგი ძეხვი შეეჭამა.


ერთერთი საყვარელი მომენტი, ემილი რომ წვნიანის ქოთანს თავზე ჩამოიცმევს და გაიჭედება

ახლა იონებერგელი მილი აღარ ვარ კაი ხანია, სამაგიეროდ მყავს აიპციგელი ზრა, რომელიც ასევე არ არის ქერა, სამაგიეროდ ბიჭია და ისეთივე ცელქი, როგორიც მე ბავშვობაში.
მხოლოდ ეზრას შეუძლია კარადებზე დადებული საკეტების გაღება, რომლებსაც, წესით, მისი ასაკის ბავშვები ვერ უნდა ხსნიდნენ, რადგან ჭურჭლის და სხვა მსხვრევადი ნივთების, სწორედ მათგან, დასაცავადაა მოგონილი. მხოლოდ ეზრას შეუძლია ერთ წამში მაგიდიდან ჭიქის გადმოგდება და სანამ მე ჰაერში ჭიქას ვიჭერ, უკვე შორეული უჯრის იატაკზე გადმოცლა; მხოლოდ ეზრას შეუძლია თავისი პატარა სწრაფი თითებით ელექტროღუმელის ტაიმერის არევა, ჩემი ანტიკური ლეპტოპის კლავიატურის ამოჩიჩქვნა და მერე ანგელოზივით გაღიმება.
სავარაუდოდ, ყველა დედის შვილს შეუძლია მხოლოდ ასეთი რაღაცები, მაგრამ ჩვენ ხომ გვჯერა, ჩვენს შვილს მაინც ყველაზე განსაკუთრებული ოინების ჩადენა შეუძლია.
  • 20 თვის ასაკში ეზრას საყვარელი წიგნია "ისტორიები დავითზე", რომელიც ჩვენმა მეგობარმა აჩუქა.
ბუნებრივია, ჩემი შვილი ჩემი მსხვერპლია და მისი საყვარელი ისტორია დავითის და გოლიათის შერკინებაა, მანამდე კიდევ ის ამბავი, სადაც დავითი თავისი კრავის გადასარჩენად, ლომსაც არ უშინდება და პირიდან ამოართმევს შეშინებულ ბატკანს.
ამ ბიბლიური ისტორიებით, მინდა, ეზრამ ისწავლოს თავისი ერის სიყვარული, სამართლიანობა და ადამიანების პატივისცემა, მათზე მზრუნველობა, რომ როგორც დავითი წავიდა თავისი ერთი დაკარგული კრავის საძებნელად და არაფრის შეეშინდა, ისევე უყვარდეს ეზრას ადამიანები და თითოეულს, როგორც ინდივიდს, აფასებდეს.
ვფიქრობ, ადამიანების სიყვარულიდან იწყება თავდაჯერებულობა, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ძალიან სჭირდება. თუკი რაღაც შიშები და ეჭვებით გაიზრდება, მხოლოდ სხვებისადმი კი არ იქნება ცივი და უნდობელი, საკუთარ თავს უფრო მეტად ავნებს.
როგორც დედაჩემი მირჩევს ხოლმე, შვილი თავისუფლად უნდა გაზარდო, მაგრამ ამავე დროს საზღვრებით, უნდა ასწავლო ზრდილობა, კარგი ქცევები და აუცილებლად იცოდეს, ცხოვრებაში არის ლიმიტები და არის – ღია კარებები, რთული და მარტივი გზები, არჩევანის გაკეთება კი მასზეა დამოკიდებული, ბუნებრივია იმ აღზრდის მაგალითზე, რომელიც ოჯახიდან ექნება ნასწავლი.
  • საყვარელი საჭმელი: გუფთა
ამ ასაკში კარგი უკვე ისაა, რომ ეზრასთვის ცალკე სადილების კეთება აღარ მიწევს და რასაც ჩვენთვის ვამზადებ, იმას ჭამს.
  • საყვარელი სასმელი: ვაშლისა და სტაფილოს კომპოტი
ასევე ჩემი საყვარელიც. სულ უბრალოდ იხარშება, რამდენიმე მწვანე ვაშლი, წითელიც შეიძლება, გარეცხეთ და დაჭერით გულის გამოუცლელად, ჩაყარეთ ქვაბში 3–4 ცალ საშუალო სტაფილოსთან ერთად და მოადუღეთ, დაუმატეთ ცოტა შაქარი და გემრიელი, სურნელოვანი კომპოტიც მზადაა
  • ბოლოდროინდელი ჰობი: მამის ფეხსაცმელების ჩაცმა
იმ დღეს ქუჩაში უკრავდნენ და ძალიან მოეწონა. მერე სახლში რომ მოვედით, ჩავურთე და საოცარი ყურადღებით და ინტერესით უსმენდა, ერთხელაც კი არ უცდია გამორთვა, როგორც სხვა დროს იცის ხოლმე.

რაც შემეხება მე, იქით ვწერდი, რა ეტაპზეც ვარ.
დედობას რაც შეეხება, ეზრა მასწავლის მოთმინებას, მზრუნველობას და უანგარობას, იმიტომ, რომ შვილისადმი სიყვარული ზუსტად ამ სამი ძირითადი ცნებისგან შედგება.
ყველაზე საშიში კი მაინც ისაა, როცა აღმოაჩენ, ყველაზე მეტად გიყვარს შვილი ამქვეყნად და ყველაფერი/ყველა დანარჩენი ძალიან მეორეხარისხოვანია.

Wednesday, December 4, 2013

ადამიანობის თავისუფლების ზღვარი

რამდენი ხანია, ერთი ისტორიის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
გუშინ საღამოს კიდევ, ისე მოხდა, ვიჯექი ჩემთვის მშვიდად (სასწაულები ხდება) და იუთუბზე სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებდი. არ ვიცი, საიდან სად წავედი (აშკარად გუგლის იმპერიალისტი აგენტურა იცნობს ჩემს სოციალისტურ მისწრაფებებს) და მაიკლ მურის ამ ფილმის კლიპს გადავეყარე, რომელიც აქამდე არ მქონდა ნანახი.
თავიდან ძალიან აღვფრთოვანდი და მეორე ნაწილზე, სადაც ალეიდა თავის მამაზე საუბრობს, ცრემლებიც წამომივიდა (გეუბნებით!), მაგრამ  მერე გავიხსენე, ყველაფერი მაინც როგორი პოლიტიკაა და არაფერს აქვს ერთი მხარე.


მოკლედ, გვყავს ერთი მეგობარი, რომელიც ადრე, კვირაში ერთხელ ჩემთან ერთად დადიოდა თორის გაკვეთილებზე.
ჩვეულებრივი ბიჭია, პატარა ტანის, თეთრი, წაბლისფერი თმით და დიდი თაფლისფერი თვალებით, რომელიც მისი ოდესელი დედის ეროვნებას გასცემენ :) ეს ჩვენი ალექსი თავისუფლად საუბრობს თითქმის ხუთ უცხო ენაზე, განსაკუთრებით კი მაინც ესპანური უყვარს. დიდი ამბავი, დღეს უცხო ენები ვინ არ იცის, არასოდეს ჩავძიებივარ.
ერთხელაც, გერმანული შემოდგომის ცივ საღამოს, როცა ჩვენს თორა ცენტრში ვიყავით ვახშამზე, მოვიდა გარუჯული ალექსი, გაბრჭყვიალებული თვალებით, აღტაცებული.
ერთადერთი არ გაუმართლა, რომ ჩვენს გვერდით მოხვდა სუფრაზე (უფრო კონკრეტულად, ჩემში არ გაუმართლა) იმ საღამოს. იმდენი შეკითხვა დავაყარე, ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ ძალიანაც ესიამოვნა, ყველაფერი რომ მაინტერესებდა პოლიტიკურიდან დაწყებული, სოციალურ–კულტურული ამბებით დამთავრებული.
ეს ჩვენი თეთრი ბიჭი თურმე კუბაში/კუბაზე ყოფილა ორი კვირით, სადაც თავისი მამა და ნათესავები გაიცნო.
მოდი და ნუ აღტაცდები!

ერთი იმიტომ, ყოველთვის მეგონა კუბაში თეთრკანიანები მხოლოდ ფიდელ კასტრო და მისი ახლობლები არიან. 
მეორე, ჩემნაირი wannabe მწერალიც ვერ მოიფიქრებდა, თუ 80–იანი წლების დასაწყისში სიმპათიური კუბელი სტუდენტი (მე წარმომიდგენია, როგორც ახალგაზრდა ფიდელი) ოდესაში ჩამოვიდოდა სასწავლებლად, იქ შავთვალა ებრაელ გოგოს გაიცნობდა და შედეგად, ლამაზი და ჭკვიანი ალექსი დაიბადებოდა. მერე ეს კუბელი სტუდენტი ისევ უკან დაბრუნდებოდა და მხოლოდ 25 წლის შემდეგ გაიცნობდა თავის შვილს, რომელიც არსებული ფესვების გამო ესპანურს სრულყოფილად დაეუფლებოდა.

ალექსმა მიამბო იმ საღამოს, რომ კუბაში, ჩემდა გასაკვირად, მოსახლეობის უმრავლესობა თეთრკანიანია და იმას, რასაც მედია აჩვენებს, ან მე მქონდა ნანახი, უმეტესად ჰავანის ქუჩებია, სადაც ფერადკანიანები ჭარბობენ, რადგანაც ისინი განათლების მიღებაზე თავს დიდად არ იკლავენ და ცეკვა–სიმღერა ურჩევნიათ. სამაგიეროდ, ინტელიგენციის უმეტესობა თეთრია (რაღაც უხეშად ჟღერს, მაგრამ ჩემი დაღლილი გონება მეტად ვერ იძაბება).
[ბუნებრივია, რასიზმში არ ჩამითვლით, თეთრკანიან–შავკანიანს რომ ვწერ, უბრალოდ, ის ამერიკული ფსევდოპოლიტ.კორექტულობა მძულს, ლამის 70–იან წლებამდე შავებს ავტობუსში თეთრების ადგილზე რომ არ სვამდნენ და ახლა ყველა ჰუმანისტი გახდა]

ისიც აღსანიშნავია, რომ კუბაში კრიმინალი ძალიან დაბალ დონეზეა და თუ შტერი ტურისტი არ ხარ, რომელიც დოლარების თვლას ქუჩაში დაიწყებს ან ოქროს სამკაულებით ასხმული ივლის საეჭვო უბნებში, კაციშვილი არ მოგეკარება და არც ღამე სიარულია საშიში.

კუბელები ძალიან მეგობრული ხალხია, მაგრამ როგორც ყველა ქვეყანაში, იქაც სასწაულად ცდილობენ ტურისტების მოტყუებას და მეტი ფულის გამორთმევას.

რელიგიურ უმცირესობებს რაც შეეხება, ნამდვილად ტოლერანტულები არიან ყველას მიმართ, არსებობს მოქმედი სინაგოგა, ეკლესია, მეჩეთი და არავის მოუვა აზრად ვინმეს შევიწროვება. თუმცა, ბუნებრივია, რელიგიაზე დიდად არც ღელავენ და უფრო ტრადიციის, გართობის სახე აქვსო, ალექსმა მითხრა. 

კითხვაზე, როგორ ცხოვრობს კუბელი ერი, სად მუშაობს, რას აწარმოებს, ამაზე ზუსტად ის პასუხი ჰქონდა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულისთვის უცნაურად სულაც არ ჟღერდა, ყველა იპარავს, როგორც შეუძლიაო :/
როდამდე გასტანს ამდენი მოპარვა, კაცმა არ იცის, ისევე როგორც არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს დიდი ფიდელი. იცოცხლე, კომანდანტე, მტრების ჯინაზე, რატომაც არა!

ყველაზე უარესად მაინც გერმანიიდან ჩასულ ალექსს ის მოეჩვენა, რომ უხარისხო ტუალეტის ქაღალდი იყო კუბაში, ან საერთოდ არ მოიპოვებოდა და როგორც ძველ, კეთილ საბჭოთა დროს ხალხი სხვადასხვა ქაღალდს იყენებდა.

მერე ალექსმა თავის მამაზე გვიამბო, რომელიც ინჟინერია, მაგრამ აღარ მუშაობს და ჰავანის "განაპირას" ცხოვრობს თავის მეორე ოჯახთან ერთად, აქვს პატარა ფერმა და ბოსტანი. გვიამბო თავის კუბელ ბებიაზე, რომელსაც რევოლუცია ახსოვს და იმპერიალისტებისგან განმათავისუფლებელი ფიდელი და ჩე ძალიან უყვარს.
ყველანი კმაყოფილები არიანო, ღიმილით დაასრულა ალექსმა, ალბათ იმიტომ, რომ უკეთესი ცხოვრება არ უნახავთო.

მე კი გავიფიქრე, უბრალოდ, კუბას სხვანაირი, შინაგანი თავისუფლება აქვს–მეთქი.  

როცა ერთი ადამიანის თავისუფლება მეორე ადამიანის ფიზიკურ თუ სულიერ ცხოვრებას ვნებს, იქ მთავრდება კიდეც ეს ცნება და იწყება კაპიტალიზმი, სამწუხაროდ. საქართველოსთვის კი, უფრო უარესი, მისი ჰიბრიდი, რომელიც საერთოდ ურეცხავს (დარჩენილ) ტვინს ადამიანებს, უსარგებლო განათლებით აშტერებს და ყველანაირი ფასეულობის წაშლას ცდილობს. 
სრულიად ვეთანხმები იმას, რასაც ზემოთ, ვიდეოში, ჩემი საყვარელი მამის ქალიშვილი ამბობს; შეფარდებითია თავისუფლება, თანაც ძალიან შეფარდებითი. ყველაფრის თქმა, ყველაფრის ღიად კეთება თავისუფლებას და პროგრესს კი არა, ამორალურობას და ადამიანობის დაკარგვას ნიშნავს, იმიტომ რომ სრულიად თავისუფლები და "უკომპლექსოები" (ჩვენთან უყვართ ამ სიტყვის ხშირად თქმა დადებით კონტექსტში) მხოლოდ ცხოველები არიან. 
განა ცხოველებს შეურაცხვყოფ, უბრალოდ, მათ არა აქვთ ისეთი გონება, როგორიც მხოლოდ თავისუფალი ნების მქონე ადამიანებს გვაქვს, არა აქვთ შესაძლებლობა მისი გამოყენების, რითიც ინსტინქტების შეკავებაა შესაძლებელი (სამწუხაროდ, ადამიანები დღესდღეობით ვერ არ იკავებენ თავიანთ ინსტინქტებს, ხშირად ამას ხელოვნების სახელსაც არქმევენ და ბოლოს ავიწყდებათ კიდეც, რა განსხვავებაა მათსა და უსულო საგნებს შორის).

მოაზროვნე ადამიანური გონება ცხოველურ თავისუფლებას (მაგალითად, თავისზე სუსტის ჩაგვრა) ზღუდავს და ემოციებს თოკავს. 
ზუსტად ამ მნიშვნელოვან იდეოლოგიაში ვერთიანდებით სოციალისტები და ბიბლიის მოყვარულები (რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს), ტოლერანტობაში, ადამიანების სიყვარულსა და ნებისყოფაში. 

Hasta Siempre!!!

Monday, December 2, 2013

ეზრას ხანუკა

დღეს ხანუკის მეხუთე დღეა, ცოტაღა დარჩა.
საღამოს უკვე 6 სანთელს ავანთებთ.
წინა პოსტში დაგპირდით, ეზრას ხანუკაზე გიამბობდით.
დიდ სიამოვნებას ახლაც არ იღებს დღესასწაულებისგან (შაბათის გარდა, რომელიც სასწაულად უყვარს და ამაზე მერე ცალკე დავწერ). სავარაუდოდ, ამ ასაკის ბრალია, როცა უნდა ყველაფერს ხელი მოკიდოს, თვითონ გააკეთოს, შედეგად კი, აფუჭებს, ყრის და მერე ბრაზობს. ასეა სანთლების ანთებაზეც, მამას არ აცდის, ხან რას გამოართმევს, ხან – რას. მერე თვითონაც იღებს წიგნებს და მამასავით ცდილობს წაიკითხოს, რაც ძალიან სასაცილოდ გამოსდის.
სანთლების ანთების შემდეგ კი მაგიდაზე "დრეიდელებს" ვაბზრიალებთ ხოლმე, ესეც ხანუკის ტრადიციაა, თუმცა ეზრას ბზრიალზე მეტად მათი დაშლა და აწყობა უყვარს (ზუსტად ასეთი დრეიდელები გვაქვს, როგორიც ფოტოზე და სახურავი ეხდებათ, მათ ახდა–დაფარებაში იგულისხმება "დაშლა–აწყობა"). სასწაული ასაკია, ხომ გეუბნებით.

 დრეიდელი და ხანუკა გელდი

ვფიქრობდით, როგორ უნდა შევაყვაროთ ხანუკა და სხვა ებრაული დღესასწაულები–მეთქი, განსაკუთრებით კი ხანუკა, რომელიც ზუსტად ადვენტს ემთხვევა და მთელი მაღაზიები, ასევე ჩვენი მეზობლის კარები და ფანჯრები ნათურებითაა მორთული. რა იტაცებს ბავშვის თვალს, ბრჭყვიალა სათამაშოები თუ ზეითუნის ზეთზე დანთებული ხანუკის სანთლები, რომლებიც ისეთი თვალისმომჭრელი ვერ არის, როგორიც საშობაო–საახალწლო სათამაშოები.
ტრადიციების შეყვარება დაძალებით და ტყუილებით არ არსებობს, მივედით ამ დასკვნამდე და ყველაზე კარგი გამოსავალი მაგალითში ვნახეთ. ანუ როცა ბავშვი ხედავს მშობლებს, რომლებსაც უყვართ ხანუკა და სხვა დღესასწაულები, როცა ელოდებიან და სიხარულით ემზადებიან, მაშინ შვილებსაც აუცილებლად შეუყვარდებათ ტრადიციები. ვისაც შვილები ჰყავს, დამეთანხმება, როგორი ოჯახის სარკეა ბავშვი; სასწაულად დაკვირვებულები არიან და მშობლების, უფროსების ყოველ მიმიკას ისე იმახსოვრებენ და ითვისებენ, ვერასოდეს წარმოიდგენ ზრდასრული ადამიანი, თუ რამხელა გავლენა გაქვს პატარებზე.

ჩემი წლევანდელი სუფგანიოტები ანუ სახანუკო ფუნთუშები/"პონჩიკი"

ბავშვების უმეტესობას უყვარს ის, რაც მის მშობლებს, განსაკუთრებით – დედას. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ბავშვობაში დედამ უთხრა, რომ ქლიავის ჩირი უგემურია და დღემდე ვერ დააჯერებ სხვანაირად. უკვე დიდი კაცია და მისი მეუღლე ვერაფრით არწმუნებს, რომ ძალიანაც გემრიელია და განსაკუთრებით კარგად მომზადებულ ხორცის სოუსს უხდება.
მეც მაქვს მსგავსი "ტრავმა". დედაჩემს სასწაულად უყვარს ელტონ ჯონის სიმღერები და ისე გავიზარდე, რომ სულ მესმოდა, მისი პირადი ცხოვრება არავის ეხება, მთავარია მისი ნიჭიერებაო და დღემდე მეც სხვანაირად ვერ ვფიქრობ. ცხოვრებაში ელტონ ჯონს არ ვუსმენ, მაგრამ მასზე ცუდს მაინც ვერ მათქმევინებ :ლოლ:

ისევ ხანუკას და ეზრას ვუბრუნდებით.
ხანუკის პირველ საღამოს ჩვენი, ლაიპციგის, რაბინის ბენდის კონცერტი და ვახშამი იყო და იქ წავედით. საერთოდ, ეზრა არსად მიგვყავს ასე გვიან ხოლმე (ეზრასთვის გვიანია 19:00), მაგრამ დღესასწაული მისთვისაც ხომ დღესასწაული უნდა ყოფილიყო და ამიტომ წავიყვანეთ. თავიდან ძალიან გაოცდა ჩაბნელებულ დარბაზში ხმამაღალი მუსიკა და ბრჭყვიალა ნათურები რომ დაგვხვდა და სადღაც ნახევარ საათზე მეტი კალთაში მეჯდა და არ ინძრეოდა. მერე უკვე ისე მიეჩვია, ყველა მოხუც ბებოსთან ჩამოჯდა, იცეკვა და ფერად პროჟექტორებსაც ვერ ვაცილებდით (ამ ბოლო დროს ნათურებზე, ლამპებზე, ფანრებზე და ნებისმიერ სანათებელ საშუალებებზე გიჟდება). ბოლოს საჩუქრად "ხანუკა გელდი" მიიღო ანუ შოკოლადის მონეტები, რომლებიც ჩვენ შევუჭამეთ, რადგან ჯერ შოკოლადს არ ვაძლევთ; წინააღმდეგი არ ყოფილა, რადგან გემო ჯერ არ იცის, ადვილად გვიყოფს.
21:00–ზე დავბრუნდით სახლში და მეშინოდა, რომ საღამოსგან აღტაცებულ ეზრას ვერ დავაძინებდი, მაგრამ სასწაული მოხდა და ორ წუთში ჩაეძინა, მთელი ღამე კარგად ეძინა, ანუ მეც გემრიელად გამოვიძინე. გამოძინებული დედა კიდევ უდრის ბედნიერ, მშვიდ, თმადაწყობილ დედას :)))
ყველა გზა დედასთან და მის ბედნიერებასთან მიდის, არა? განა ეგოიზმია, უბრალოდ დედის ბლოგია და მე კიდევ ასეთი დედა, გამოძინება რომ ჰაერივით სჭირდება, თუ უნდა ადამიანად იგრძნოს თავი.

[პოსტი დაღლილ–დაქანცულ დედაზე, რომელსაც ეჩვენება, მისი შრომა საკადრისად არ ფასდება, იხილეთ მომავალში ;–) ]