
როგორ მომწონს
ეს ბლოგი და როგორ მინდა, მეც ვაკეთებდე ასეთ ლამაზ რაღაცებს, მიუხედავად იმისა, ვიცი, შეიძლება ასეთი ფერადი ტკბილეული სულ არ იყოს გემრიელი და "ჩვენებური" ნაპოლეონი ჯობდეს (რომლის გამოცხობაც ჯერ არ ხელმეწიფება).
ჩემი ბოლო
ნამუშევარი ამერიკული რეცეპტით გამომცხვარი ყავის ღვეზელი იყო, რომელიც სტრიქონებს შორისაც კი წავიკითხე და ყავის ნასახი ვერ ვიპოვე. ან რაღაც ეშმაკობაა, ან ჩემს მეგობარს გამორჩა, როცა რეცეპტს მწერდა.
კვირას ბერლინში ვიყავით,
ჩემი ფორთოხლისფერი მეგობრის ქორწილში. ისე წვიმდა, ისე, ცა ფეხად ჩამოდიოდაო, მწერალი რომ იტყოდა, თან
S-Bahn საშინლად მუშაობდა, მერე სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩვენმა მატარებელმა ორმოცი წუთით დააგვიანა და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ცხოვრებაში ვერაფერს დაგეგმავ, გერმანიაშიც კი, რომელიც ვითომ ყველაზე პუნქტუალურ ქვეყნად ითვლება.
გუშინ საშემოდგომო შოპინგი I მქონდა (II მაშინ იქნება, როცა საშემოდგომო ფეხსაცმლის საყიდლად დავღვინდები, მე ყველაფრისთვის დრო მჭირდება). "ზარაში" ხუთი ბოლოკაბა და სამი ბლუზა შევარჩიე, ბოლოს მხოლოდ ერთი მწვანე ჟაკეტი (ფასდაკლება, 30 ევროდან 20 გახდა, თან ისეთი თბილი და ღუნღულაა, უკვე მსიამოვნებს, როცა წარმოვიდგენ, ზამთარში როგორ ჩავიფუთნები) და ლურჯი შარფი ვიყიდე. არცერთი ბოლოკაბა მომიხდა და ბლუზები კიდევ სასწაულად (რაც აქ ნიშნავს: საშინლად) მედგა ტანზე. მერე C & A–ში შევიარე, იქ ბევრი ბოლოკაბა აქვთ ხოლმე (თუმცა ეს მაღაზია სულ
რობის იმ კლიპს მახსენებს, პოლიციელი ბრიჯიტ ჯონსის ტრუსებს რომ უფრიალებს და რობი ეუბნება, სავარაუდოდ C & A–შია ნაყიდიო. მოკლედ, ეს პოპ კულტურა!). გარდა ბოლოკაბებისა, ვნახე ერთი თავხედი ნაცისტი, ჩანთაზე სულ შავი სტიკერები ჰქონდა მიწებებული, შავად შეღებილი, ჭუჭყიანი გვერდზე გადაგლესილი თმა და საშინელი ხმა ჰქონდა. ვნახე რა, ესკალატორზე ჩემზე ორი საფეხურით მაღლა იდგა და ჩანთამ მიიქცია ყურადღება; მერე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ესენი კიდევ არსებობდნენ–მეთქი და სახლში რომ მოვედი, ტარანტინოს "Inglorious basterds" გამახსენდა. ამ მაღაზიაშიც ხუთი–ექვსი ბოლოკაბა გავისინჯე და ორი ცალი ვიყიდე. მესამეც მინდოდა, მაგრამ 49 ევრო ღირდა, უნამუსობად ჩავთვალე ასეთი სიძვირე და უკან დავაბრუნე. როგორ შეიძლება შოპინგი დაარქვა, თუ ჰ & მ–ში არ შეივლი და ერთი–ორ mainstream რამეს არ შეიძენ, როგორიცაა basics მაისურები. ამ ბოლო დროს ორგანული ბამბა
მიზიდავს და H&M–ში ამ სეზონზე ყველაფერი ასეთი ბამბის გამოვიდა, მაისურები, გეტრები, შიდა თეთრეული – მართლა ძალიან რბილი და სასიამოვნო, ისეთი, რომ ყიდვა ნამდვილად ღირს.
[ლირიკული გადახვევა: დილას ტექნორატის დაუსრულებელი კითხვარი მომივიდა მეილზე, ერთერთი კითხვა იყო, რომელ ბრენდთან ითანამშრომლებდითო, კოკა კოლა და პრინგლსი–მეთქი, აშკარად მშიოდა, ახლა ვხვდები, ჰ&მ უნდა ჩამეწერა]
ასეთი მრავალთემიანი პოსტი დიდი ხანია არ დამიწერია და ვიცი, ჰოლდენ კოლფილდს კიდევ უფრო შევუყვარდებოდი, ეს რომ ენახა. ხომ ამბობდა, თუ ადამიანს უცებ რაღაც საინტერესო გაახსენდება, რატომ არ შეიძლება ძველ თემას გადაახტეს და ახალი რაღაც დაიწყოსო.
მოკლედ, ბერლინი ვახსენე და მომნატრებია–მეთქი, მაშინვე ვთქვი, როცა კვირას მეტროში ჩავედით და ესპანური საუბარი გავიგონე,
ცოცხალი და ხმამაღალი. ჩემი საყვარელი საქმიანობაც მაშინვე დაიწყო, იმის გარჩევა, სადაურები იყვნენ, ესპანელები თუ არგენტინელები. მერე მათი აქცენტები რომ "გავყავი", აღმოჩნდა, სამი არგენტინელი იყო და ერთი ქერა გოგო – ესპანელი.
აღმოსავლეთ გერმანიის
მომცრო ქალაქებში კი – მოსაწყენი ისაა, რომ სულ გაბრაზებული ადამიანები ცხოვრობენ, მხოლოდ კულტურა აქვთ შემორჩენილი; მერე ვხვდები, რატომ დაიბადნენ აქ ყველაზე
ნევროზული ტიპები: ვაგნერი, გოეთე, მენდელსონი და ბახმაც ჩვენს ქალაქში გაატარა თავისი ცხოვრების საინტერესო წლები. ბოლომდე ვერ ვხვდები, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ამ აღმოსავლეთში რაღაც, რაც ნიჭს უღვივებს ადამიანებს.
თითქმის ერთი საათია, ამ პოსტს ვწერ. ბატიბუტი დავამლაშე, არადა ერთი თვეა სიმინდი ვიყიდე,
კრძალვითა და ცახცახით ვეძებდი დროს, რომ მომეხალა; კვერცხის მოხარშვა საერთოდ დამავიწყდა და მხოლოდ არაჟანი და ხაჭო გვექნება ვახშმად.
(Oh, Emmy–ს უსაშინლეს ნომინანტებსა და მათ ჩაცმულობაზეც უნდა დამეწერა ამ პოსტში, მაგრამ ვგრძნობ, არ ღირს, საერთოდ არ არის საინტერესო და ჩემს მკითხველს დიდად არც სჭირდება)
ღამე მშვიდობისა!!!