Wednesday, July 27, 2011

ლიმონი და ეგო


When life hands you lemons, make a lemonade!

კლასიკური ვარიანტი

ეს ფოტო ერთერთი ისეთია, სხვადასხვა საიტებზე რომ დაბორიალობ, საინტერესო გამოთქმებს გადააწყდები, შეინახავ და მერე, რამდენიმე თვით მოგვიანებით აღმოაჩენ და მიხვდები, როგორ შეგეფერება.

ჩემს შემთხვევაში, როგორ არ შემეფერება, უნდა მეთქვა.
ცხოვრება ლიმონს რომ მოგაწვდის, ლიმონათი გამოწურეო, ამბობენ, ფოტოზე კი ჯინი და ტონიკიო. ჰოდა, უცებ ვიფიქრე, რომ მე ვარ ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ლიმონათს ვერა, მაგრამ ჯინს და ტონიკს კი უცებ გამოწურავდა.
შეიძლება მე სხვანაირად მესმის ეს ანდაზა, მაგრამ მძულს ლიმონათის მოყვარული ხალხი, ყველაფრისგან რომ სარგებელს ელიან, ნაბიჯს არ გადადგამენ, თუ იციან, რომ ვერაფერს მიიღებენ. ჯინს და ტონიკს კიდევ ჩემნაირი ადამიანები აკეთებენ, სიცილით კვდებიან და მერე ახსენდებათ, სუპერმარკეტში რომ იყიდეს და ლიმონი კიდევ საერთოდ "გამოეფიტათ".

მერე ჩემს ქმარს ვეწუწუნე, როგორ არ მიყვარს ასეთი ადამიანები და მე როგორი პირდაპირი ვარ, თუ ვიცინი, ყოველთვის გულით და როცა არ ვიცინი, ესე იგი, საქმე მართლა ძალიან ცუდადაა. ახლა ცოტა ხანს მარტო რომ დავჯექი, უცებ მივხვდი, ყველაფერი ეგოა. ესეც ეგოა – ლიმონათის მწურავებზე რომ ვწერ და ჩემი თავი მათზე უკეთესი მგონია მორალურ–ეთიკურად. ყველანაირად. ისიც ეგოა, ყველაფრისგან რომ წვენის გამოდენა შეუძლიათ ადამიანებს და საერთოდ, თუ დავფიქრდებით, მთელი სამყარო მეტი არაფერია, ვიდრე ერთი დიდი ეგო, რომელიც ყველას გვამოძრავებს და ადამიანებად გვაგრძნობინებს თავს.

ამიტომ, დავწერე ეს პოსტი და ისე გაბრაზებული აღარ ვარ ლიმონებზე. ლიმონათი ბავშვობაში მიყვარდა, თან ისეთი, იაფფასიანი, აბაზანებში ასხამენო, ჭორები რომ დადიოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, ჯინ–ტონიკს კიდევ არაუშავს.

Oh, life, will you hand me some after all?

Monday, July 18, 2011

ერთი თვე


ხვალ ქორწილის ერთი თვის იუბილე გვაქვს, რომელიც 17 თამუზის მარხვას ემთხვევა. ჩემი ქმრის მშობლებს უნდოდათ ვახშამი მოეწყოთ. სამაგიეროდ ჩვენთან დავპატიჟეთ ოთხშაბათს ნაყინზე. როცა მშობლებთან მივდივართ, თავი პატარა ბავშვი მგონია ხოლმე, ყველაზე კარგ საჭმელებს ჩვენ გამოგვიტანენ, შოკოლადებს, ტკბილეულს, რომლებსაც სპეციალურად ჩვენთვის ყიდულობენ. ვსხედვართ მე და ჩემი ქმარი და ბიულერბიუელი ბავშვებივით ვილუკმებით :)
სასწაული ბებია ჰყავს ჩემს ქმარს, უნდა გითხრათ. 83 წლისაა, ჩვენი ქორწილისთვის ჩამოვიდა ისრაელიდან, ზუსტად ისე წვავს კარტოფილს, როგორიც წლებია არ მიჭამია და ისეთ მარწყვისჯემიან ბლინებს აცხობს, როგორიც ჩემს ქმარს ბავშვობიდან უყვარს. პენსიონერების გუნდის სოლისტია და მსოფლიო შოუ–ბიზნესის ამბები ყველაზე უკეთ იცის. სულ მინდოდა ბებია მყოლოდა და ოცნება ამიხდა :)

ჩვენს ბინაზე არაფერი მომიყოლია, გარდა იმისა, რომ ველოსიპედი სააბაზანოში გვედგა და ყველაფერი დანარჩენი სასტუმრო ოთახში. ქორწილამდე ორი კვირით ადრე მოვაწყეთ საძინებელი და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გარდერობი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოგვიტანეს და ერთი კვირა მოუნდა აწყობას. როგორც ლილუს ვეტყოდი, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურთან რომ ავეჯის ცენტრია, იქ უფრო სწრაფად შეგვეძლო ავეჯის ყიდვა, უფასოდ მოგვიტანდნენ სახლში, აგვიწყობდნენ და ბუნებრივია, ახლადშექმნილ ოჯახსაც გვიდღეგრძელებდნენ.
სამაგიეროდ, ორი კვირაზე მეტია სამზარეულოს გარემონტებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს, ხვალ დაასრულებენ; შაბათისთვის უკვე დამოუკიდებლად შევძლებ საჭმელების მომზადებას.
ერთი თვეა, რაც ერთად ვცხოვრობთ და ქმრის მშობლები გვიგზავნიან მოხარშულ ქათამს, თევზს, კვერცხს, კარტოფილს, სტაფილოს, რადგან ჩვენს ახალ ელექტროქურას ჯერჯერობით დამონტაჟება ვერ მოუხერხეს. სამაგიეროდ, ჩემს ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ვაკეთებ უცნაურ სალათებს, სადაც "ვყრი" ყველაფერს, რასაც ვიპოვი. ჩემი ბოლო აღმოჩენა მანგოს სალათაა.

ქორწინების მეორე კვირა ჩაი და სიყვარული იყო, თუ გახსოვთ. ხოლო ერთი თვე უკვე – მანგოს სალათის, სამზარეულოს დამთავრების ოცნებით და ისევ სიყვარულითაა სავსე.

პ.ს. დღეს 18 გრადუსია ლაიპციგში :/ სიცხე მინდა!!!

Monday, July 4, 2011

"გოლდენიდან" კ-მდე



უკვე ორი კვირაა, რაც ქალბატონი კ. გავხდი.
პირველი კვირა ისეთი უცნაური იყო, მეგონა ვიღაც სხვა ადამიანი ცხოვრობდა ჩემში, დადიოდა, საუბრობდა, იცინოდა და არც მეკითხებოდა, მე ვინ ვიყავი და სად ვიყავი.

ქორწილი როგორი იყოო, მკითხავთ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი ნეფე ყველაზე ლამაზი იყო და ისე მიღიმოდა, მთელი სამყარო მასში იწყებოდა და სრულდებოდა; სასწაულად მძიმე კაბა მეცვა, ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა, დედაჩემი და დედამთილი ხმაშეწყობილად ტიროდნენ... მერე იცინოდნენ.

ხუპა, ანუ ებრაული საქორწილო ცერემონიალი, ყველაზე ლამაზი და სუნთქვისშემკვრელია ამქვეყნად. ბევრ ქორწილზე ვყოფილვარ, მაგრამ როცა შენ დგახარ თეთრი, ულამაზესი ყვავილებით მორთული ბალდახინის ქვეშ, აღარ არსებობს დრო, ადგილი, ადამიანები, ხართ მხოლოდ შენ, შენი ადამიანი და ის საყვარელი სცენარისტი, რომელიც მთელი ცხოვრება გვატარებდა და ბოლოს ჩვენი გზები ისე შეაერთა, როგორც მხოლოდ მას ეხერხება, თითქოს შემთხვევით; ამ დროს ყველაზე არაშემთხვევითია ჩვენი კავშირი.

ქორწილის მომდევნო ერთ კვირას "შვიდი დალოცვის" (არ ვიცი, რამდენად სწორად ვთარგმნი) კვირა ჰქვია, ანუ მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ოჯახები გვიწყობდნენ სადილს/ვახშამს, რომელსაც ათი სრულწლოვანი მამაკაცი ესწრებოდა და სადილის ბოლოს, ამბობენ 7 "ბრახას", ანუ დალოცვას, ჩვენებურად შეიძლება სადღეგრძელოც კი დავარქვათ.
შესაბამისად, პირველ კვირას გრძელდება ემოციები, ხალხმრავლობა და მხოლოდ მეორე კვირას ხვდები, რომ ახალი ცხოვრება დაიწყე და საპირისპირო სქესის ადამიანთან ერთად ცხოვრობ, რომელიც პირს იპარსავს და ყველაზე მშვიდად გაგრძნობინებს თავს.

მე ხომ მიცნობთ, ჩემზე გიჟური იდეების და მზიანი ხასიათის ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მეშინოდა, როგორი იქნებოდა ოჯახური ცხოვრება, ქმარი, სამზარეულო, ერთობლივი ბინა, პლუს ახალი ქალაქი და ადამიანები.

ცხოვრება ისეთი საინტერესოა!!! ამას გავიძახი უკვე 26 წელია და რაც უფრო ვიზრდები, კიდევ უფრო იზრდება ჩემში ენთუზიაზმი, გაოცება და სიყვარული ყველაფრისადმი, რაც ჩემ გარშემოა. ღმ–ერთი, უბრალოდ, ყველას იმას გვაძლევს, რაც გვინდა, შეიძლება ზოგჯერ ამას ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ ასეა, ქვეცნობიერად ყველას ის გვაქვს, რაც გვინდა და გვჭირდება ამ პერიოდისთვის.

ლაიპციგში საძაგელი ამინდია, მთელი კვირაა წვიმს და ტემპერატურა 12 გრადუსამდეა დავარდნილი, ჩაფუთნულები დავდივართ და ლიტრობით ჩაის ვსვამთ.
ჩაი და სიყვარული – ჩვენი ცხოვრების მეორე კვირა...