Monday, December 31, 2012

ბავშვობის ზღაპარი

С легким паром?..

სექტემბერი იყო, მგონი, 2000 წლის, მე და ჩემი მეგობარი (რომელიც ამავე დროს ჩემი დეიდაშვილების მამიდაშვილი იყო) სკოლიდან სახლში მივდიოდით. იმ პერიოდში ორივე ჩემს უმცროს დეიდასთან ვცხოვრობდით (რომელიც მისთვის ბიცოლა იყო) [დეტალურად იმიტომ ვწერ, რომ ვგიჟდები ქართულ ნათესაურ ჯაჭვზე, ყველაზე საკაიფო ფენომენია და მიხარია, ამის გამო ბევრზე ბევრი ნათესავი და მეგობარი რომ მყავდა ბავშვობაში] და საკმაოდ დიდი გზა უნდა გაგვევლო. ხოდა, იცით რას ვშვრებოდით? ახალ წლამდე რამდენი დღე იყო დარჩენილი, იმას ვთვლიდით და თან კანფეტებზე და ნამცხვრებზე ვსაუბრობდით, დიდხანს რომ არ დავიძინებდით ღამე და ტელევიზორთან გავათენებდით...

არ ვიცი, ეს რატომ გამახსენდა დღეს. ეზრა რომ დავაძინე, მეც ჩამეძინა და ძილში გამახსენდა ის სექტემბერი. მე და იმ გოგოს დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს, ისიც წასულია საქართველოდან და ბუნებრივია, ჩემგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვს; ჩემი ახალი წელი შემოდგომაზე მოდის, იმ კანფეტებისა და ნამცხვრების გემოც ნელ–ნელა მავიწყდება... ერთადერთი, გოზინაყს ბევრად ხშირად ვაკეთებ, ვიდრე ჩემს ბავშვობაში იყო ხოლმე.

მიყვარს ახალი წელი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობა მიყვარს და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ტკბება და მენატრება. მენატრებიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ბავშვობა გავატარე, ზოგჯერ მოწყენილი და უფრო ხშირად – ბედნიერი ვიყავი. მიყვარს იმ გემოების და სურნელების გახსენება, რაც მაშინ სახლებში ტრიალებდა ხოლმე...
არა, კი არ მიყვარს, ტკბილად მესევდიანება.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ზღაპრულს, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო. მერე რა, რომ თოვლის პაპის არასოდეს მჯეროდა და არც დავლოდებივარ, არც ნაძვის ხის გარშემო მიცეკვია; კანფეტებისა და დეიდაჩემის გამომცხვარი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნამცხვრების დღესასწაული იყო ხოლმე, ტელევიზორს რომ ვუყურებდი დილამდე და ხანდახან დაორთქლილ ფანჯარაში გავიხედავდი ოცნებით...

Thursday, December 27, 2012

ფემინისტური ლაქტაცია

აქამდე მილიონი პოსტი უნდა დამეწერა, მაგრამ წინა პოსტი ხომ ისე დავასრულე, როცა გადამივლის, მოვალ–მეთქი. iThingsფობიამ კი გადამიარა, მაგრამ სხვა პრობლემებმა გემოზე შემომიტიეს.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე ბევრი არეული დღე გვქონდა.
იმ დღეს, როცა ეზრა 37 კვირის გახდა ანუ ზუსტად იმდენის, რამდენი კვირაც მუცელში იჯდა, სასტიკი უარი განაცხადა ძუძუს მოწოვაზე და პროტესტს თითქმის მთელი კვირა აგრძელებდა. ამან კი რძის რაოდენობაზე იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რადგანაც, მერვე თვიდან, უკვე დღეში სამჯერ ჭამს ფაფებს და ხორცს, ძუძუს წოვა შეამცირა, ჰორმონებმა სწრაფად დაიწყეს "მოძრაობა" და 18 თვიანი შესვენების შემდეგ ჩემი ციკლი აღდგა.
ეს მათ საყურადღებოდ, ვინც ორსულადაა ან უკვე ჰყავს მეძუძური ბავშვი (სასწაული ტერმინებია, მაგრამ რა ვქნა). ლაქტაციის პერიოდში, გააჩნია, რამდენ ხანს გრძელდება, ზოგ ქალს საერთოდ არ აქვს მენსტრუაცია წლების განმავლობაში და ზოგს – კიდევ შეიძლება ბავშვის გაჩენიდან მესამე თვეშიც კი დაუბრუნდეს, რაც დამოკიდებულია ბავშვის კვების სიხშირესა და ქალის სხეულში არსებული ჰორმონების აქტივობაზე.


ძნელია ასახსნელია, რას გრძნობს დედა, რომელიც მოტივირებულია თავის შვილს, რაც შეიძლება, დიდხანს აწოვოს ძუძუ (ერთ წლამდე მაინც) და ამ დროს ბავშვი უარს ამბობს, რადგან ციკლის პერიოდში რძეს გემო შესამჩნევად ეცვლება.
საშინლად განვიცდიდი და არაფრის განწყობა აღარ მქონდა, თან ხომ იცით, ასეთ დროს რამდენ რჩევას დაგაყრიან. ზოგი მეუბნებოდა, ბუნებას ვერ მოატყუებ (არა, როდის დავაპირე?), თავი უნდა დაანებებინო და ხელოვნური რძე მოიმარაგოო, სხვები მიკიჟინებდნენ, არავითარ შემთხვევაში, ეს ქენი, ის ქენი, "ჩაები" დალიე, milk pump (ქართულად როგორც მოწველა, ისე ჟღერს და სპეციალურად არ ვამბობ) გამოიყენე...

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ის ადამიანი არა ვარ, სხვების რჩევებს რომ გაფაციცებით უსმენს; თან სიმართლე გითხრათ, ხელოვნური კვება და რძის ფხვნილები დიდად არ შთამაგონებს (არავითარ შემთხვევაში, ვინმეს არ ეგონოს, ვნსჯიდე, ვისაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავს ბავშვი, ჩემზე ტოლერანტი არავინ არსებობს). გარდა იმისა, რომ დედის რძეში ისეთი ანტისხეულებია, რომელიც ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს და ჩამოყალიბებაში ეხმარება, რძის ფხვნილები საშინლად ძვირი ღირს და ამას ტონა პამპერსიც დაუმატეთ, თვეში ძალიან დიდი თანხის გადაყრა მოუწევს ადამიანს.
თან მე მომწონს ლაქტაცია – ამაზე ლამაზ და თბილ პერიოდად არაფერი მიმაჩნია. ჩემს პოსტ–ფემინიზმსაც თუ გავიხსენებთ, რატომღაც მგონია, ამ დროს ქალი სასწაულად ძლიერი და თავისუფალია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ თავს და კაციშვილი ვერ გადამარწმუნებს. ადრე ფემინიზმის მჯეროდა და ახლა ძუძუთი კვებიზმის. ყველა დედამ უნდა სცადოს და საკუთარი თავი იპოვოს ამაში. ყველაფერი ფილოსოფიაა, ხომ იცით. ესეც.

...ბოლოს, ჩემს თავს რაც ვუთხარი, ეს იყო: სოფი, ეზრას ჩაეხუტე და როგორც თავს იგრძნობ, ისე გააგრძელე–მეთქი.
მადლობა ღმ–ერთს და კიდევ ერთ მეგობარს, რომელმაც ამიხსნა, რომ ციკლის დაბრუნება ხელს არ უშლის ლაქტაციას და მისი დასრულების შემდეგ, რძე ისევ მოიმატებს და ისევ შესაძლებელია ბავშვისთვის ძუძუს წოვება (ოღონდ ამ პერიოდში უნდა ეცადო, სულ ცოტა მაინც მოწოვოს, მაგალითად, ღამით "შეაპარო").
როგორც ყოველთვის, მთავარია ადამიანი არ დაპანიკდე და მხოლოდ პოზიტიური რჩევები გაითვალისწინო. 

შემდეგ სტერეოტიპებს კი – არ დაუჯეროთ, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია:
  • ლაქტაციის პერიოდში ქალებს თავები ძროხად მიაჩნიათ
  • ლაქტაცია რთული და უსიამოვნო პროცესია
  • ლაქტაციის პერიოდში მენსტრუაცია არ მოდის
  • ლაქტაცია დაფეხმძიმებისგან იცავს
  • ლაქტაციის პერიოდში ბევრი უნდა ჭამო, რომ ბევრი რძე გქონდეს

^^^
საკმაოდ უსიამოვნო კვირა იყო ჩემს დაბადების დღემდე, 23 დეკემბრამდე, ოდეს მე 28 წლის big fat mama გავხდი. პიცა party გავაკეთეთ სახლში, ეზრას ბებიამ ბაყაყიანი ტორტი გამომიცხო, იცის, როგორ მიყვარს ბაყაყუნები.


დანარჩენი ყველაფერი კარგადაა, როგორც ამელი იტყოდა.
:)

Happy Holidays!


Saturday, December 15, 2012

საშუალო კლასი

ეს იქნება პატარა, პოსტ–საბჭოთა ტრავმებით სავსე სოფი გოლდენის პოსტი, რომელსაც ეს "გვარი ფსევდონიმი" საერთოდ არ შეეფერება, თუ პირდაპირი გაგებით შევხედავთ.


საიდან დავიწყო?
ოთხშაბათ საღამოს ეზრამ თავისი ბებია მიაძინა და მერე თვითონაც დაიძინა, ამიტომ მე და ჩემი ქმარმა ნაყინის საჭმელად წასვლა გადავწყვიტეთ ლაიპციგში ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში, რომელსაც მე "ნაჭრებისა" და კონსიუმერიზმის უფსკრულს ვეძახი; რომ წარმოვიდგენ, რამდენი ტანსაცმელი იკერება ყოველდღე და რამდენი ნივთი კეთდება, რომლებიც ვიტრინებსა და შიგნით, მაღაზიების თაროებზე აწყვია, გულისრევის შეგრძნება მიპყრობს. ან მერე სად მიდის ეს ყველაფერი? რომელ ოკეანეში იძირება, როცა რაც უფრო აღმოსავლეთისკენ მივდივართ ევროპაში, ყველაფერი მცირდება და ბოლოს იმ ქვეყნებს მივაღწევთ, სადაც ხალხს შუქისა და გაზის გადასახადის გადახდა უჭირს, ან ყვითელ ავტობუსებს ელოდება საათობით...

სანამ იქამდე მივაღწიეთ, სადაც ჩვენი კოშერი Ben and Jerry's ნაყინი იყიდება, მილიონი მაღაზიის გავლა მოგვიწია და ბუნებრივია, რამდენიმემ შეგვიტყუა კიდეც.

თან ამ ბოლო დროს აბსოლუტურად ყველა ტექნიკა, რაც კი მაქვს, ისე დაძველდა, მალე ანტიკვარად გამოცხადდება: ჩემი 2006 წლის დროინდელი ლეპტოპი ფუჯიცუ სიმენსი, 2007 წლის მობილური ტელეფონი ნოკია, 2008 წლის 8 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა ოლიმპუსი. გადავწყვიტეთ, ჩემი პროლეტარული ხასიათი რამდენიმე საათით მაინც გაგვეჩუმებინა და ელექტრომაღაზიაში შევედით. ცოტა ხნით კი შემიპყრო აღტაცებამ და ყველანაირი "iThing" მოვსინჯე; რად ღირს ის თხელზე თხელი და მსუბუქი ეფლ მაკბუქი და ბოლო აიფედი, აიფონ5 და ფოტოაპარატების ზღვა 22 მეგაპიქსელამდე რომ ადის, მაგრამ რომ გამოვედით გარეთ და სასიამოვნო, თოვლიან–სუსხიანი ჰაერი ჩავისუნთქე და ჩემი გონება კაპიტალიზმის ნივთებისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ საშინლად საშინლად ტრავმირებული ადამიანი ვარ.
ტრავმირებული თუ არა, მაშინ ისეთ ქვეყანასა და ოჯახში უნდა დავბადებულიყავი, სადაც არ იციან, რა არის გაჭირვება და უშუქობა, სადაც ბავშვებს სხვების სიყვარულითა და სიბრალულით არ ზრდიან.
რა ვქნა, რომ ყოველთვის საშუალო კლასს ვეკუთვნოდი: მთელი ჩემი ოჯახი მასწავლებლებისა და ალტრუისტი ექიმებისგან შედგებოდა, რომლებსაც ყოველთვის საბჭოთა და მერე ქართული პატიოსანი ხელფასები ჰქონდათ, მხოლოდ განათლება და სურვილი, რომ შვილებსა და შვილიშვილებსაც განათლება მიეღოთ და ფულის დახარჯვა რაშიც არასოდეს ენანებოდათ, წიგნები იყო და მეც ზუსტად ასეთი გავიზარდე.
ჰოდა, ახლაც საშუალო კლასი ვართ მე, ჩემი ქმარი და ეზრა: გვყავს ციცქნა მანქანა, ვცხოვრობთ ციცქნა ბინაში და ყველაზე მასიური, რაც გვაქვს – ეზრას სათამაშო დათუჩაა.
მადლობა ღმ–ერთს, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ ჩემი 2006 წელს ნაყიდი ლეპტოპი შევცვალოთ, რადგან ალბათ კიდევ ამდენივე წელი აღარ შევცვლი ახალს, მაგრამ ძალიან ძნელია სოფი გოლდენისთვის ამის გაკეთება და იმ ფულის დახარჯვა, რომელიც მძიმე მუშაობით მოდის და იმ ზემო კლასებში უნდა წავიდეს, რომელიც ძვირფას ტექნიკას ქმნის და ვინ იცის, რამდენ ადამიანს უწევს ექპლუატაციას, როცა თავის ნაწილებს აწყობინებს.

იუდაიზმში ამბობენ, ადამიანმა სიამოვნება უნდა მიიღოს ცხოვრებისგანო.
მე ვერ ვიღებ სიამოვნებას, ვერ ვისიამოვნებ დიადი მაკბუქით, როცა ციცქნა ბინა და მანქანა გვაქვს, როცა ვფიქრობ, ეზრას მომავალში კარგი განათლება უნდა მივცეთ, როცა ვიხსენებ, რამდენ ადამიანს უჭირს საქართველოში, როცა ვუყურებ ამ საშინელ კონსიუმერიზმს და ერთადერთი, რაც მინდა – ყველა ფარდის ჩამოფარება და ყველა სოციალური წერტილის გათიშვაა.

აქ პოსტსაც დავასრულებ და როცა გადამივლის, მერე ისევ მოვალ.

Thursday, December 13, 2012

"ასაკში შესული ველოსიპედისტის აღსარება"

ველოსიპედის ტარება რამხელა ასაკში ვისწავლე, ამაზე არ "დავკონკრეტდები", უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი და ჩემი 10 წლის დეიდაშვილიშვილი დათუნა მასწავლიდა. არ დამავიწყდება, როგორ მიჭერდა იმხელა გოგოს პატარა ბავშვი, წონასწორობა რომ დამეცვა. მართალია, როგორც ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ერთ დღეში ვისწავლე, მუხლები ცოტა დავინგრიე და დათოსაც ლამის ხელები გადავუტყავე, მაგრამ მომდევნო დღეს უკვე ქარის საწინააღმდეგოდ დავქროდი.
მანამდე რატომ არ ვისწავლე ველოსიპედის ტარება, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემს საშინლად ეშინოდა, არ გადმოვვარდნილიყავი და ისევ ერჩივნა, მეცურავა და სულ წყალში ვყოფილიყავი სელაპივით. მერე კიდევ სულ წიგნებში მქონდა თავი ჩარგული და გარეთ თუ გავიდოდი, ბადმინტონის და "ემთივობანას" (რაც ნიშნავს, იმ დროს ემთივიზე რასაც აჩვენებდნენ, ყველაფერი ზეპირად უნდა გცოდნოდა) გარდა, არაფერს ვთამაშობდი.

ისე, რად უნდა ეზრას გაზრდას ლოდინი? ეს ბავშვი ზუსტად მისი ტოლი იქნება, გაზაფხულს უნდა დაველოდოთ და ეგაა.

ახლა კოპენჰაგენის სურათებს ვათვალიერებდი და ველოსიპედიც ამან გამახსენა. ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო იცნობს, დანიას კიდევ ველოსიპედების სამოთხეს ეძახიან.
მართალია ბერლინშიც უამრავი ადამიანი დადის ველოსიპედით და დილაობით მათი საცობიც ბევრგან შეგხვდებათ, მაგრამ ისეთი კულტურა, როგორიც კოპენჰაგენშია, მე სხვაგან არსად შემხვედრია.
ჩემს ლაიპციგშიც ბევრი დადის ველოსიპედით, ბავშვებიც ჰყავთ მიბმულები ასე, ან ასე (ჯერ მთლად ასე არავინ მინახავს, უბრალოდ, ფოტო მომეწონა) რაც მე ძალიან მაშინებს, რადგან ჩემს თვალწინ მოუსხლტა ერთ დედას ველოსიპედი და წაიქცა. თვითონ კი სწრაფად წამოხტა, მაგრამ ბავშვი რომ მიმაგრებული იყო, ხომ ვერ გაითავისუფლებდა თვითონ თავს და ისეთი ღრიალი ატეხა, გული გამიჩერდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, "შლემი" ეფარა და არაფერი სტკენია. ზუსტად ამ შემთხვევამდე ორი წუთით ადრე ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, ეზრა რომ წამოიზრდება, ასე ვატარებ–მეთქი და სიტყვები პირზე შემეყინა.
სამაგიეროდ, მომწონს ასე რომ უზით ბავშვები, ბევრად უსაფრთხოა და გადაადგილებაც ადვილია, რადგან წონასწორობის დაცვა ადვილდება.


ლაიპციგში ძალიან მოხერხებულია "კალიასკით" გადაადგილება, იმიტომ, რომ პატარა ბავშვს (რომელიც ამ ქალაქში დაიბადა) და მის მშობელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა 1 წლის განმავლობაში. ჩვენი უფასო სამგზავრო ბარათი ზუსტად გაზაფხულზე სრულდება და ვიმედოვნებ, იმ დროიდან მე და ეზრა ასე დავიწყებთ ველოსიპედით სიარულს. ეს ფოტო კი დღეს ჩემი უსაყვარლესი გახდა.

მახსოვს, ერთი ჩემი ნაცნობი ამბობდა, ნეტა თბილისშიც შეიძლებოდეს ველოსიპედით სიარულიო; მაგრამ გიჟური ავტომოძრაობის გარდა, ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს თბილისს, სასწაულად ძლიერი სუნთქვა უნდა გქონდეს, თბილისის პლატოებზე რომ აგორდე და ჩამოგორდე.

ველოსიპედი უდრის ჯანსაღ ცხოვრებას, ენერგიას და სიცოცხლით ავსებას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ თავს. ჯერჯერობით მხოლოდ იმ სავარჯიშო ველოსიპედს ვახარჯავ ჩემს ენერგიას, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სააბაზანოში გვიდგას და ჩემს სწრაფ და მსუბუქ მშობიარობასაც მას (ასევე სიარულის სიყვარულს) ვუმადლი.
[რჩევა ორსულებს: ექიმის რჩევის გარეშე, ნუ ივარჯიშებთ ველოსიპედზე, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით და თან, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე არ ვარჯიშობდით და არც ბევრს დადიოდით.]

უკვე ღამე მშვიდობისა და პარასკევი დღის გათენებისა!!!

Monday, December 10, 2012

ჩვენი ხანუკა

წლის ამ პერიოდში, ჩემს ბლოგზე ძალიან ბევრი მკითხველი შემოდის საძიებელი სიტყვით "ხანუკა".  არ მახსოვს, წინა წლებში თუ დავწერე ხანუკის მნიშვნელოვანი ისტორიის შესახებ და ამიტომ, ახლა მოკლედ გიამბობთ (მსურველებს, შეგიძლიათ, ინგლისური ვერსია აქ იხილოთ).
იმ პერიოდში, როცა საბერძნეთი (ჰ)ყვაოდა და მსოფლიოს იპყრობდა, ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული და შემდეგ, რომის იმპერიით დამთავრებული; ბუნებრივია, იერუსალიმიც/ისრაელი გახდა ბერძნების გემრიელი სამიზნე, როგორც სამყაროს არსებობის მანძილზე, დღემდე, ხდებოდა.
დღემდე ბერძნული ფილოსოფიით იკვებება და სუნთქავს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით დასავლეთი სამყარო და ერთადერთი, ისრაელი იყო ის ერთადერთი ერი და კულტურა, რომელიც რადიკალურად უარყოფდა ბერძნების ფილოსოფიას და სხეულის განდიდებას.
თუმცა, სხვა დამპყრობლებისგან განსხვავებით, ბერძნებს არ დაუწყიათ ებრაელების მასობრივი ხოცვა, "მხოლოდ" წინადაცვეთა და საძინებელ ოთახებში კარის ქონა აუკრძალეს. ანუ ერის დემორალიზაციით დაიწყეს (რაც ასაკი მემატება, მორალი მით უფრო მიყვარდება) და ჩვენთან რომ იტყვიან, მოყვრულად მოსული მტრის სტრატეგია მოიმარჯვეს, რომელსაც ვითომ ქვეყნის პროგრესირება და თანამედროვე, წინწასული წესების შემოტანა უნდა. წინადაცვეთა იმიტომ, რომ ამით ებრაელები ღმ–ერთისგან დაეშორებინათ და საძინებელი ოთახი კარის გარეშე კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აღარ უნდა ჰქონოდათ პირადი სივრცე, სირცხვილი დაეკარგათ და ყველას თვალწინ დაკავებულიყვნენ სქესობრივი კავშირით, რაც იმ ეპოქის ბერძნებისთვის პროგრესულობას ნიშნავდა (დღევანდელ პერიოდს მაგონებს რატომღაც).

რა თქმა უნდა, იყო კიდევ სხვა აკრძალვებიც სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით, რამაც აიძულა "პარტიზანების" ჯგუფი შეკრებილიყო და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა წამოეწყოთ, რაც სასწაულად, პარტიზანების, მაკაბელების გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ, მადლობის ნიშნად, სოლომონის ტაძარში მთავარმა კოენმა მენორის ანთება მოისურვა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ზეთი საკმარისზე ცოტა იყო. მიუხედავად ამისა, ის 8 დღე მაინც იწვოდა. ამის შემდეგ წამოვიდა ტრადიცია, ხანუკაზე (8 დღეს გრძელდება) სანთლების დანთება და ისეთი საჭმელების მომზადება, რომელიც ბევრ ზეთზე მზადდება.
როგორც ყოველთვის, დღემდე ორად იყოფა აზრი, თუ რომელი უფრო დიდი სასწაული იყო, ერთი მუჭა მაკაბელების გამარჯვება თუ ზეთი რომ 8 დღეს იწვოდა. ფიზიკის თვალსაზრისით, ალბათ ზეთი უნდა ყოფილიყო და სტრატეგიულისა კი – პარტიზანების გამარჯვება, მაგრამ მე ამაზე არასდროს ვკამათობ, რადგან ყველანაირი სასწაული მიყვარს, რომელიც კეთილად სრულდება.

ხანუკა 2011

წლევანდელი ხანუკა იმითაა განსაკუთრებული ჩვენთვის, რომ ეზრა დაგვემატა. შარშან ამ დროს ჯერ კიდევ მუცელში იჯდა და ოდნავ იყო გამობურცული. მართალია ჯერ არაფერი ესმის, მხოლოდ ძალიან უნდა სანთლებს ხელი მოკიდოს და მამა რომ ხანუკის ისტორიას უყვება (რაც მე ზემოთ დავწერე), ყურადღებით უსმენს და იცინის.
ზეთზე მომზადებული საჭმელები კეთდება–მეთქი, დავწერე და ძირითადად, ესაა სუფგანიები (ხილფაფიანი ან შოკოლადიანი ფუნთუშები ე.წ. "პონჩიკი") და ლატკესი (გახეხილი კარტოფილი ფქვილით, კვერცხით, სუნელებით, ბევრ ზეთში შემწვარი). შარშან პირველად გავაკეთე ფუნთუშები. ორჯერ მომიწია ცომის მოზელა, რადგან პირველი პარტია ვერაფრით ამოფუვდა და ზეთში როგორც კი ჩავყარე, დაიწვა და ცომად დარჩა. სამაგიეროდ, მეორე ცდაზე გამოვიდა ძალიან ფაფუკი და გემრიელი.
წელს უკვე ბევრად სწრაფად და ადვილად გავაკეთე და გემრიელიც გამოვიდა. თუმცა, როგორც მემართება ხოლმე, რეცეპტებს ვიწერ და ინგრედიენტებში რაღაცები რომ შედის, მერე მზადების პროცესში ვეღარ ვპოულობ, სად უნდა შევურიო. ჩემი სისწრაფისა და ფათა–ფუთა, "მულტიტასკინგის" მოყვარული ხასიათის ბრალია.

 

ხანუკა 5773, ჩვენი სუფგანიები – შეიძლება გარეგნობით ვერაფერი, მაგრამ ძალიან გემრიელებია

დასასრულს, იცით ლაიპციგში როგორი თოვლი მოვიდა? გუშინ მთელი დღე ისე თოვდა, მეგონა, აღარასოდეს გადაიღებდა და თავი ზღაპარში მეგონა. ასეთი ლამაზი თოვა არ მინახავს დიდი ხანია. დღეს ცოტა დადნა და აჭყაპდა, მაგრამ მაინც დევს და ისეთი სასიამოვნოა გარეთ სიარული. ვიმედოვნებ, კიდევ ითოვებს.
ბედნიერ და თოვლიან, სუფთა ჰაერიან ზამთარს გისურვებთ!!!


პირველი თოვლი ლაიპციგში, დეკემბერი 2012

Wednesday, December 5, 2012

იდეალური საღამო


ძილის წინ, სანამ პიჟამოს ჩავაცმევ, ცოტა ხანს ვაცდი, რომ ლოგინზე თავისუფლად იკოტრიალოს და იცინოს ხოლმე. მერე ვაჭმევ და იდეალურ შემთხვევაში, ჩემთან მოხუტებული იძინებს; არაიდეალურში, სწრაფ–სწრაფად ჭამს, აქეთ–იქით ბრუნავს და საბანს ფეხებით იხდის. ამ დროს, მე ორი ხელი უკვე აღარ მყოფნის მის შესაკავებლად და საბნის გასასწორებლად.
დღეს ერთერთი იდეალურ საღამოთაგანი იყო. უცებ დაიძინა, მე კიდევ მის თავში ჩავრგე ცხვირი და ისეთი ტკბილი სუნი ასდიოდა, ფრთხილად დავუკოცნე ბუმბულივით თმები და უცებ ვიგრძენი, როგორ მიყვარს ეს პატარა და მოუსვენარი ბავშვი, ხან რომ უსუსურია და ხან – სასწაული ძალა აქვს, განსაკუთრებით თვალებში. ზოგჯერ მეშინია, თითქოს მუდამ სარკეში ვიყურებოდე და საკუთარ, ცოტა გამუქებულ, თვალებს ვხედავდე.

როგორი მართალია დედაჩემი, რომელიც ხშირად ამბობდა, მთავარი ბავშვის გაჩენა კი არა, ჯერ მისი აღზრდააო. მხოლოდ იმის შემდეგ შეგიყვარდება, როცა მასზე ამაგი გექნებაო, მამშვიდებდა, აქ როცა იყო ეზრას დაბადების შემდეგ; მე კიდევ, საშინლად განვიცდიდი, რომ ჯერ ისე არ მიყვარდა, როგორც წიგნებში წერენ ან ფილმებში აჩვენებენ. 
პირველ ხანებში, საერთოდ, ვალდებულების გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. თან მშობიარობის ტკივილები და სისხლები ხშირად მახსენდებოდა და ძალიან მაწუხებდა. ძუძუს წოვებაც რთული და მტკივნეული იყო თავიდან. მაგიჟებდა სრულიად შეცვლილი ჩემი ცხოვრება და არეული გრაფიკი, ყოველ ორ საათში და ხანაც საათნახევარში რომ შივდებოდა ეზრას და თავი რძის საწარმო მეგონა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარაფერი მეგონა. მშობიარობიდან რამდენიმე თვე, ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან სიურეალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ვაზროვნებდი და თავს სიზმარში ვგრძნობდი, ოღონდ, არცთუ ისე სასიამოვნო სიზმარში.

უკვე 8 თვე გავიდა.
8 თვე.
8 – ყველაზე სიმბოლური ციფრი, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული. ისევე როგორც დედობას, ალბათ. ყველა ქალშია ეს საწყისი, მათშიც კი, ვისაც შვილები არ ჰყავს. 
უკვე 8 თვისაა ეზრა და ძალიან შეცვლილი, ვიდრე 8 თვის წინ იყო. პატარა ავოკადოს ბიჭი, მზიანი და ამავე დროს წუწუნა (როგორც ყველა ბიჭი), დედაზე მიწებებული (როგორც ყველა მამაკაცი :ლოლ: ), ძალიან სწრაფი და მოძრავი, ამ დროს ხელში ჭერის მოყვარული. 
ეზრა, ეზრა, გაიზარდე დიდი ბიჭი: ჯანმრთელი და ლაღი!!!


Tuesday, December 4, 2012

ფუშ აფ

გუშინ მე და ეზრა გადავდიოდით შუქნიშანზე და ჩვენს გვერდით სხვა დედა–შვილი მოდიოდა. ბავშვი იმ ასაკის იყო, კითხვა რომ ახალი ნასწავლი აქვთ და ყველაფერს კითხულობენ, აფიშებს, კედელზე წარწერებს, ტრამვაის ბილეთებზე ამობეჭდილ ნომრებს...
მოკლედ, პატარა ბიჭი იყო და გავიგონე, დედას ეკითხება: super push up BH (ანუ ბიუსტჰალტერი, გერმანულად ასეთი აბრევიატურა აქვს) რას ნიშნავსო? ჰ&მ–ის პლაკატებითაა ქალაქი აჭრელებული და იქ წაუკითხავს, აფუშაფებული და წამოწოლილი ლეტიცია კასტათი. ვეღარ გავიგონე, დედამ რა უპასუხა და როგორ აუხსნა. წარმოვიდგინე, ეზრა რომ გაიზრდება და ისიც მსგავს შეკითხვებს დამისვამს.

მაგას თავის დროზე მოვიფიქრებ. მაგრამ ლეტიცია კასტას ეს პლაკატები საოცრად გამაღიზიანებელია. შეიძლება მე დავბერდი და ამიტომ, მაგრამ არავითარი ფასეულობა აღარ არსებობს ამქვეყნად, ამჩნევთ? ფემინიზმსა და ქალთა უფლებების დაცვაზე დაიწყებენ საუბარს, ირანს დაუწყებენ დაცინვას და მერე საქართველოსაც მას შეადარებენ. რითი ჯობიან ირანს, რადგან იქ შიშველი და "ძუძუებფუშაფებული" ქალების სურათები არ არის ყოველ ნაბიჯზე?

გუშინ ერთი მეგობრისგან მივიღე წერილი. ადრე მოგიყევით კიდეც, იელში სწავლობდა და ახლა სესილ როუდსის სტიპენდია მოიპოვა და ოქსფორდში გააგრძელებს. უჭკვიანესი გოგოა, თავმდაბალი და ყველა "პროგრესული ქალისგან" განსხვავებული. არასოდეს იტყვის ზედმეტს და თავი ჭკვიანად არ მოაქვს, ამას უბრალოდ მასთან ურთიერთობაში ხვდები და სასწაული პატივისცემით იმსჭვალები მის მიმართ. ძალიან გამიხარდა მისი წარმატება.

ისე უცნაურად დაემთხვა, რომ ჩემი გუშინდელი დღის საფიქრალი ეს ორი ქალი და საერთოდ, ჩვენი, ადამიანების მომავალი იყო. როცა გგონია, რომ მორჩა, კაცობრიობა ჭაობში იფლობა და წმინდა აღარაფერი გააჩნია, აუცილებლად გამოჩნდება ნათელი წერტილი, რომელიც ნამდვილად ცდილობს ცვლილებები შემოიტანოს და ყველას დაანახოს, თუ სად არის ჭეშმარიტება და ის, რაც ადამიანებს უკეთესებად აქცევს.

Thursday, November 29, 2012

ინდიელი ბელადი დედა

....I am poor and naked, but I am the chief of the nation. We do not want riches but we do want to train our children right. Riches would do us no good. We could not take them with us to the other world. We do not want riches. We want peace and love.

Red Cloud (Makhpiya-luta) , April, 1870

 

"წითელი ღრუბელი" ინდიელების ერთერთი ტომის, ლაკოტას, ბელადი იყო.
უცნაურია და რაღაცნაირად ეხმაურება ამ ძალიან კარგ პოსტს, ახლა რომ წავიკითხე და გონება ფიქრებით გამივსო.


რა არის იმისთვის საჭირო, რომ კარგ ადამიანებად აღზარდო შენი შვილები?..
წარმოვიდგინე ეს წითელი ბელადი, უქონელი, ფეხშიშველი და დაკაწრული, მაგრამ მაინც ბელადი და ოჯახის მამა, რომელიც თავის შვილებზე და მათ პატიოსან ადამიანებად აღზრდაზე განიცდის.
ამ სიტყვას რომ ვიხსენებ, პატიოსანს, გული მეკუმშება. ვის სჭირდება შენი პატიოსნება და კეთილი ადამიანობა ამქვეყნად? რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას ვეჩეხები ამ ცნებებისადმი ერთგულების გამო და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეზრაც ასეთი ადამიანი გამოვა და მერე მასაც გაუჩნდება მსგავსი პროტესტის გრძნობა სამყაროს სისტემის მიმართ. იმ დღეს ჩემი ქმრის დედა ამბობდა, ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ბავშვები ზუსტად ისეთები იზრდებიან, როგორიც მშობლები ჰყავთო. შეიძლება 100%–ით ასე არ იყოს და შვილი განსხვავებული გამოვიდეს, მაგრამ სულის სიღრმეში (რაც მერე ზედაპირზე ამოვა) მაინც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მისი მშობლები: კეთილი ან ბოღმა, მხიარული ან სევდიანი, თბილი ან გულცივი...
ჰოდა, ამაზე რომ ვფიქრობ, რაღაცნაირად გული მწყდებასავით; იმიტომ კი არა, რომ რამეს ვნანობ და სხვანაირი ხასიათის მინდა ვიყო, უბრალოდ წარმოვიდგენ, რა რთულია ცხოვრება და ბავშვებისთვის კიდევ ერთი ათასჯერ.
ამბობენ, ვითომ დიდობაა რთული და ამ დროს, გაიხსენეთ, ბავშვობის შიშები, ტკივილები. მეგობარმა მომწერა, რომ ერთხელ ბავშვის გამოყვანა დააგვიანდა სკოლიდან და რომ მივიდა, საშინელი სევდიანი თვალებით დახვდა ბავშვი, ეგონა, დაავიწყდათ და მიატოვეს.

სხვა მეგობარმა მომწერა, საერთოდ, მშობლების სენია ის, რომ ყოველთვის დამნაშავედ გრძნობენ თავს, ჩემს შვილს რაღაც დავაკელი, დრო დავკარგე, რაც მასთან უნდა გამეტარებინა და არაფერი არ გამომდისო; მერე დავფიქრდი და ნამდვილად ასეა. ცოტა დროზე დიდხანს თუ დავტოვე ეზრა საწოლში და მე ამ დროს წიგნის ბოლო თავის კითხვა დავიწყე, ან პოსტის წერა არ მივატოვე, მერე სინდისი მქენჯნის, რომ ჩემს ყველაზე მთავარ მისიას, რაც ამჟამად მაქვს, კარგად არ ვასრულებ.

იმაზე ფიქრი, რომ ეზრა გაიზრდება და ჩვენ მიმართ პრეტენზიები გაუჩნდება, ან ბევრ რამეში არ დაგვეთანხმება, საერთოდ გულს მიწურავს (დღეს სასწაულ მეტაფორებს ვიყენებ). რადგან მე თვითონ 27 წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, როგორი ძლიერია დედობრივი სიყვარული და როგორი მძიმე ტკივილი, როცა რამე შენს შვილს ეხება. ამდენივე წელი დამჭირდა, დედაჩემის ამაგი სწორად და ბოლომდე რომ გამეაზრებინა და დამეფასებინა.

ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად ვცდილობ ჩემი შვილი გენიოსი გამოვიდეს (თუ ასეთებად მხოლოდ იბადებიან?), პრინციპში, ჯერ 8 თვისაც არ არის და ყველაზე მთავარი მისთვის დროზე ჭამა და ძილი, მშობლებთან ჩახუტება და თამაშია.
მხოლოდ ის მინდა, რომ მისი შესაძლებლობები სწორად შევაფასოთ, როცა გაიზრდება და შესაბამისი მიმართულება მივცეთ, რომ ცხოვრებაში იმას მიაღწიოს, რაც ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანად აქცევს. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანსაღი თვითშეფასებისა და წარმატებულობის შეგრძნება. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, თუ თავს ოდნავ წარმატებულად არ გრძნობ, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრებაში.

ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ და იმავეს, რაც ზემოთ დავწერე: ბედნიერებას და ცხოვრებით კმაყოფილებას!

Monday, November 26, 2012

ჯინ ვებსტერის გოგოების თვე

გამოიცანით, ახლა რას ვკითხულობ? ჯინ ვებსტერის "პატი კოლეჯში"–ს (პირდაპირი თარგმანი ძალიან ულამაზო გამოდის "როცა პატი კოლეჯში წავიდა"). უკვე მესამე წიგნია ვებსტერის, რაც წამიკითხავს, და უფრო უკეთესს ველოდი. თუმცა, ეს მისი პირველი წიგნია და ნახევრად ავტობიოგრაფიული, შესაბამისად მშრალი და ძალიან "მწვანე" ანუ გამოუცდელი მწერლის დაწერილი.
შეიძლება 20 წლამდე რომ წამეკითხა, მომწონებოდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან დიდი ვარ ამ წიგნისთვის. თანაც თვითონ წიგნი ცუდი ხარისხის გამოდგა, სახლში, პრინტერზე ამობეჭდილსა და აკინძულს ჰგავს, ყველანაირი წინასიტყვაობისა თუ სარჩევის გარეშე. პრინციპში, იაფიც იყო და სხვანაირი ვერ იქნებოდა. სავარაუდოდ, წელს მეტ წიგნს აღარ ვიყიდი, რადგან ბოლო თვეებია მთელი ჩვენი შემოსავალი წიგნებსა და ეზრას ტანსაცმელში მიდის.


ჯინ ვებსტერი თავისი დროის ფემინისტი იყო, ბებია სუფრაჟისტი ჰყავდა, თუ არ ვცდები. მერე სოციალიზმითაც დაინტერესდა და სტუდენტურ გამოსვლებშიც იღებდა მონაწილეობას. ოღონდ უცნაური სოციალისტი, მობურჟუო, მდიდრულად ჩაცმა და ჩაის საღამოები რომ უყვარდა. თავის თავს ფაბიანისტს ეძახდა, ანუ ისეთ სოციალისტს, რომელიც რევოლუციისკენ არ მიილტვის და უფრო მოლოდინშია. მოკლედ, მობურჟუო, როგორც უკვე ვთქვი. მამამისი მარკ ტვენის მენეჯერი იყო, მარკ ტვენი კი – ჯინის დედის ბიძა, რამდენადაც მახსოვს. როცა მარკ ტვენი ძალიან ცნობილი გახდა, ვებსტერის მამა გაათავისუფლა და რამდენიმე ხანში ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა.
ჯინ ვებსტერსაც საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. თავისი კოლეჯის მეგობრის ძმა შეუყვარდა, რომელსაც ფსიქიკურად დაავადებული ცოლი და შვილი ჰყავდა (ზუსტად მისი პროტოტიპია "ძვირფასო მტეროში" შოტლანდიელი ექიმი მაკრეი). როცა უკვე დაქორწინება შეძლეს და ბედნიერები ეგონათ თავი, ჯინ ვებსტერი უკვე 40 წლამდე იყო და მშობიარობისას დაიღუპა.
როგორც ჩანს, იმ პერიოდში ბევრი ქალი იღუპებოდა მშობიარობისას ამერიკაში. ექიმები საჭიროდ არ თვლიდნენ მშობიარობის მიღების წინ ხელების დაბანას და ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, რაც ძალიან მაღალ სიცხეს იწვევდა და ამის შედეგად მელოგინეები იღუპებოდნენ.
საშინელებაა, რომ დაფიქრდე. დღეს 40 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი ქალი აჩენს ბავშვს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო კმაყოფილი ვარ, რომ ამ საუკუნეში მიწევს ცხოვრება.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!!!

პ.ს. ბლოგის სტატისტიკას გადავხედე და ისეთი გულისამაჩუყებელი საძიებელი სიტყვებით შემოსულან ნოემბერში ჩემთან: კეთილი გული, სითბო, მზე, სიყვარული...
მიხარია. შემოდით, შემოდით და ბედნიერები იყავით.

Friday, November 23, 2012

ზეთის ქიმია

გიფიქრიათ ოდესმე, თუ რა არის ის ზეთი, რასაც ვჭამთ? რა არის ზეთში (ცოტა მეშინია იმაზე დაფიქრება, რაც საქართველოში იყიდება) და რისგან შედგება.


განსაკუთრებით ამაზე მას შემდეგ დავფიქრდი, როცა ეზრას ექიმმა მომცა რაღაც რეცეპტები, როგორი მრავალფეროვანი პიურეები შემიძლია ბავშვს გავუკეთო. თითქმის ყველა რეცეპტში, რომელიც ხორცისა და კარტოფილისგან მზადდება, წერია, რომ ერთი სუფრის კოვზი რაპსის იგივე კანოლის ზეთი ძალიან გააგემრიელებს და ამასთან ერთად, ორგანიზმისთვის აუცილებელი ომეგა 3 და 6–ით გაამდიდრებს. რა არის ეს ომეგა 3 ან 6? ეს რომ ზუსტად აგიხსნათ, მე თვითონ საუკეთესოდ უნდა ვიცოდე ქიმია, ინფორმაციას კი თავადაც გაიგებთ. უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ომეგა 3 და 6 მცენარეულ ცხიმებში გვხვდება და ცნობილია მათი სასარგებლო თვისებები სისხლის მიმოქცევის სისტემის გასაუმჯობესებლად. თუმცა, თუ ინტერნეტს გადახედავთ (რაც არცთუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის), ბევრი წერს ზემოთ ნახსენები ომეგების გადაჭარბებით გამოყენების რისკზე, განსაკუთრებით ზეთში, როცა სხვა მჟავებს ხვდება და მაღალ გრადუსზე იწვის, შესაძლოა ინფარქტსა და კანის კიბოს იწვევდეს; თუმცა, ბუნებრივია, ეს დამტკიცებული არ არის.
რაც შეეხება კანოლის ზეთს (Canadian oil, low acid), რომელიც გერმანიაში ყველაზე მაღალმოხმარებადი ზეთია, ყველაზე დაბალი მჟავიანობითა და ყველაზე მეტი ომეგა 3 და 6–ის შემადგენლობით გამოირჩევა. დასავლეთ სამყაროში კი, "ომეგები" და გაუჯერებელი ცხიმები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან ყველა დიეტაზეა და აღარავის სურს ცხოველური ცხიმების მიღება.თვითონ მცენარეს, რომლისგანაც ეს ზეთი იხდება მინდვრის მდოგვს ეძახიან; ქიმიური დანამატების გარეშე მისი გემო და სუნი საკმაოდ არასასიამოვნოა.
კანოლის ზეთის მსგავსი შემადგენლობა აქვს ზეითუნის, სიმინდისა და ქოქოსის ზეთს, რომელიც მე არასოდეს გამისინჯავს. რაც შეეხება მზესუმზირის ზეთს, რომელიც კანოლის ზეთზე ძვირია, მაგრამ ზეითუნისაზე იაფი, E ვიტამინის უშრეტი წყაროა, როგორც იტყვიან (და ამ დროს მახსენდება ნამდვილი კახური მზესუმზირის ზეთი, ჩემს ბავშვობაში ერთ ახლობელს რომ ჩამოჰქონდა და ის გემრიელი, ჯანსაღი სურნელი არასოდეს დამავიწყდება).
რამდენადაც, ზეთი იმის ზეთია, რომ მაღალ ტემპერატურაზე უნდა იწვოდეს, შესაბამისად მასში შედის ბევრი ისეთი მჟავა, როგორიც მანქანის საწვავში, უამრავი პესტიციდი (ჩვენებურად "სასუქი", ქიმიური ნაერთი, რომელიც სარეველა ბალახს კლავს და შესაბამისად, მოსავალი უფრო "მსუქანი" მოდის) და ქარხნის ყველა ზეთი გადის ე.წ. "დეოდორაციის" პროცესს, რომელიც სპეციფიკურ სუნს აშორებს.
საბოლოოდ, მცენარეულ ზეთში მცენარის შემადგენლობა მინიმალურ პროცენტს აღწევს.

ვერ ვიტყვი, რომ ადრეც ასე ძალიან მაინტერესებდა ზეთის ისტორია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჯანსაღი საკვები მიმეღო და მცოდნოდა, რას ვჭამდი. ახლა ჩემს "ბიომანიას" ეზრა დაემატა და ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა (არჩევანის ქონაც), თუ რას ვაჭმევ და მინდა თუ არა ეს მივცე ჩემს შვილს.
სიმართლე გითხრათ, არ მინდა და ამიტომ, გადავწყვიტე აღარ ჩავურიო ზეთი და სანამ შესაძლებელია, ავარიდო ზედმეტ ქიმიკატებს.
თუმცა, ესეც ცოტა პათეტიკურად ნათქვამია, რადგან ომეგებს თავი რომ დავანებოთ, დღეს აღარ არსებობს ბუნებრივი ხილი და ბოსტნეული, ის კარტოფილი და გოგრა, რასაც ჩვენ ვყიდულობთ და რომლის პიურეც ეზრას ასე უყვარს, პესტიციდებითაა სავსე.
ამასთან ერთად, თუ გენმოდიფიცირებულ და ჰორმონებით გავსებულ სხვა საჭმელებსაც გაიხსენებ ადამიანი, შეიძლება გაგიჟდე... შესაბამისად, თუ დაგაინტერესებთ, ამაზეც დავწერ, რადგან მე თვითონ ძალიან მაინტერესებს გენური ინჟინერია და მისი ავ–კარგიანობა. ამ პოსტში კი უკვე მეტი აღარ ეტევა.

გამოსავალი (?):
ცხოველური ცხიმები – ქონი ან კარაქი ( = ქოლესტერინს). 

ერთი ბლოგი ვნახე, სანამ ინფორმაციას ვეძებდი მცენარეულსა და ცხოველურ ცხიმებზე და ავტორი წერდა, ზეთების წარმოება 1900–იანი წლებიდან დაიწყო და სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდიდან ძალიან გაიზარდა გულის და ონკოლოგიური დაავადებებიო. სამაგიეროდ, მანამდე, როცა ხალხი მხოლოდ ქონსა და კარაქს ჭამდა, სიკვდილიანობა ძალიან ხშირი იყო და ადამიანები ახალგაზრდები იღუპებოდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს საუკუნეს არც ისე ცუდი რაღაცების წარმოება დაუწყია, რადგან დღეს ვაქცინისა და ტექნიკის წყალობით, ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ, ვიდრე ოდესმე (ნოეს კიდობნამდე რა ხდებოდა, ეს სხვა საქმეა).

ამიტომ, დავმშვიდდი  და გადავწყვიტე, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ბალანსია (ზეთებიდან კი მაინც ზეითუნისას ვარჩევ ყველას, განსაკუთრებით სალათებში და უმად) და სულიერი განწყობა.

გვინდა თუ არა, ქიმიას ვერ გავექცევით, რადგან ყველაფერშია. სიმართლე რომ ვთქვათ, ისე, იქნებ არც ისეთი საშიშია. ბოლოს და ბოლოს, წყალიც ხომ ქიმიური შენაერთია და სუფრის მარილიც ნატრიუმის ქლორიდია, რომელსაც თუ სხვა რამე შეერია, შეიძლება საწამლავადაც იქცეს.
სიყვარულიც ხომ ქიმიაა და ადამიანების ურთიერთობებიც ;)
სუფთა ქიმიური დასვენების დღეებს გისურვებთ, პესტიციდებისა და ტოქსინების გარეშე!!!

Wednesday, November 21, 2012

ოთხშაბათის განწყობა

წერას ვერ ვასწრებ და ეს ფოტოები შთამაგონებს. ამიტომ გიზიარებთ თქვენც.
მგონი, არც ისე ცუდი იდეაა, ყოველდღიური განწყობის სურათებით გაზიარება.



Sunday, November 18, 2012

Sunny Soul

Time is but the stream I go a-fishing in.
Henry David Thoreau


ზუსტად არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ფრაზის თარგმნა, მაგრამ არის ხოლმე გამონათქვამები, რომლებსაც ისე აღვიქვამ, როგორც მხოლოდ მე მინდა. ჰენრი დევიდ თოროს ციტატები ადრე მიყვარდა ძალიან და რას წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ყველაზე პაჭუაცხვირიან წითელთმიან სალი მაკბრაიდსაც ეყვარებოდა, რომელსაც ჩემსავით ირლანდიურ–შოტლანდიური სისხლი უჩქეფს ძარღვებში. ბოლოს და ბოლოს, მთელი ბავშვობა მთებში მაქვს გატარებული და ვითომ რითია საქართველოს მთიანეთი შოტლანდიაზე ნაკლები?

 სოციალისტური სულის Sunny. ბერლინი, 2010

სალი მაკბრაიდი ჯინ ვებსტერის წიგნის, "ძვირფასო მტერო"–ს გმირია.
თავად ჯინ ვებსტერი კი – გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალია, რომელმაც განსაკუთრებული წერილების ჟანრის თხრობა საინტერესო გახადა.
ქალი მწერლები ყოველთვის საინტერესოები არიან, მაგრამ ამას თუ მათი ამერიკელობაც ემატება, ჩემთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია მათი წაკითხვა. ამერიკულ ლიტერატურაში არის ის უცნაური ეშხი, რაც ჩემს გულსა და სულს ისე ხვდება, როგორც სხვა არცერთი.
ამერიკული ლიტერატურა არის ლაღი, უბრალო და ყოველთვის სოციალური თემებით სავსე, რომელიც რუსული კლასიკასავით დეპრესიაში არ გაგდებს, სტიმულს გაძლევს, რომ რაღაცების შეცვლაზე იფიქრო და მატარებელს არ ჩაუვარდე.


"გრძელფეხება მამილო", დარწმუნებული ვარ, წაკითხული გექნებათ. ეს იყო ჩემი პირველი წიგნი, როცა მივხვდი, ზუსტად მე ვიყავი ისეთი sunny soul, როგორადაც თავის თავს ჯუდი ებოტი აღწერდა. მართალია, ჩემი და მისი ცხოვრება სასწაულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ბოლოს ბევრი საერთო გაგვიჩნდა: იმას გოგოების კოლეჯი და მე – ჩემი მიდრაშა, იმას თავისი იდუმალი გრძელფეხება მამილო და მე – ჩემი მისტერ დარსი, ბოლოს ოჯახი და ბავშვები.
ცხოვრებაში ისეა, რომ შენი საყვარელი წიგნის გმირები იმავე ასაკის რჩებიან და შენ იზრდები; მერე მოიხედავ და ხვდები, რომ იმდენი საერთო აღარ გქონიათ და უკვე ბავშვებად მიგაჩნია.
ჯინ ვებსტერის "ძვირფასო მტერო" ზუსტად ის წიგნია, რომელიც გაზრდილ ადამიანს გაახარებს, რადგან მისი საყვარელი ჯუდი და სალი უკვე გაზრდილები არიან და ისევ ბევრი საერთოდ პოვნა შეიძლება, როგორც ადრე.

არ ვიცი, რამდენად დაგაინტერესებთ ეს წიგნები, მაგრამ ხომ იცით, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ზეფილოსოფიური ნაწარმოებების არც დრო მაქვს და არც მათი ანალიზის სურვილი, ჯინ ვებსტერის ეს მოთხრობები ზუსტად ისაა, რაც მხიარულ, იდეალისტ და სოციალისტ ახალგაზრდა ქალებს მოეწონებათ. ვიცი, სოციალისტი ქალების პოვნა დღეს ისეთივე ძნელია, როგორიც იდეალისტებისა, მაგრამ თუ მე ვარსებობ, ესე იგი, სხვებიც უნდა არსებობდნენ და თუ მთლად ჩემს შეხედულებებს არ იზიარებთ, გონებამახვილური წერილები მაინც მოგეწონებათ. ოღონდ ისეთი bitchy და სარკასტული გონებამახვილობა არა, დღეს რომ მოდაშია და ადამიანს გულს აგირევს, ნამდვილი sunny, funny, witty thing, როგორც ჩვენ შეგვეფერება.

რეზიუმეს სანაცვლოდ, როგორც ჯუდი ებოტი იტყოდა, მინდა გითხრათ, რომ "ძვირფასო მტერო" ბევრად დახვეწილი ნაწერია, ვიდრე "გრძელფეხება მამილო", სამაგიეროდ ის სილაღე აკლია, რაც ჯუდის გქონდა. ბუნებრივიცაა, პრინციპში, კოლეჯის სტუდენტი გოგოებიდან უკვე ზრდასრულ ქალებად არიან ორივე ქცეული და ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ ეძებდნენ თავიანთ გზებს ცხოვრებაში, მისიას, ბედნიერებას ამქვეყნად და ბოლოს როგორ პოულობენ ზუსტად იმას, რაც სჭირდებათ.

Friday, November 16, 2012

გოგრის ბიჭი

რამდენი რამის დაწერა მინდა უკვე ერთი კვირაა და ვერ მოვახერხე.
ჩემმა გაციებამ 3–4 დღეს გასტანა და ერთ მშვენიერ დილასაც, სარეცხი რომ გავფინე და კონდიციონერის სუნი ვიგრძენი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.



ეზრას ახალი აღმოჩენა ხმის ტემბრის თუ სიმაღლის ცვლაა. როცა შია, ან ხელში უნდა, ავიყვანო, ისე კივის, რომ სადარბაზოში, პირველ სართულზე ისმის და დღეს ჩემი ქმარი რომ სამსახურიდან ბრუნდებოდა, სწრაფად შემოვარდა სახლში შეშინებული. ამ დროს ეზრა თავის სკამზე იჯდა და ვერ ითმენდა, სანამ მის ფაფას გავათბობდი და ვაჭმევდი.
დესერტად ამ ბოლო დროს გოგრას მიირთმევს.
რამდენიმე დღის წინ ისე მოხდა, რომ ქეთი და მე ერთდროულად ვხარშავდით გოგრას. მაშინ შევპირდი, დავწერ, ეზრას თუ მოეწონა–მეთქი.
ვერასოდეს გაიგებ, ახალი ხილი რამდენად მოეწონება, მაგალითად, წვნიანი ვაშლი სულაც არ მოსწონს (რა ვქნა, ბლოგის ფორმატი ხომ არ შევცვალო?) და ამ დროს, შეუძლია მთლიანი, ჩემთვის სრულიად უგემური ავოკადო ისე შეჭამოს, შენც კი გასინჯო, იქნებ განსაკუთრებული გემო აქვსო. მოკლედ, იმ საღამოს შემდეგ, გოგრა ეზრას საყვარელი ხილი გახდა (არა, ისე იცოდით, რომ გოგრა ხილი ყოფილა და არა – ბოსტნეული??? მე ახლაღა გავიგე). ჯერ პიურე გავუკეთე – კარტოფილი და ქათმის ხორცი გავატარე ბლენდერში, დავუმატე სურნელოვანი გოგრის ფაფა და ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ძალიან მოეწონა და ერთ კვირას ვაჭმევდი ასეთ სადილს.
ერთ დღესაც, როცა ჩვენ ვსადილობდით და მაგიდაზე თბილ–თბილი გოგრის ნაჭრები ეწყო, ეზრა ძალიან მიიზიდა და ახლა როგორც ხილს, უკვე ისე მიირთმევს.
მე, როგორც მინიმალიზმის მოყვარული "ნატურალისტი" (o_O), ვცდილობ, ყველანაირი ხილი და ბოსტნეული გავასინჯო და თანაც, რაც შეიძლება ნაკლებად გავატარო სხვადასხვა ბლენდერ–საკეპ მანქანაში, რომ მეტი ვიტამინი შეინარჩუნოს ხილმაც და ბოსტნეულმაც. ამიტომ, ისეთ რბილ ხილს, როგორიცაა ავოკადო, ბანანი, გოგრა ჩანგლით ვუჭყლეტ ხოლმე თეფშზე და მერე პლასტმასის კოვზით ვაჭმევ. პატარა ბავშვები ვისაც ჰყავთ, იციან (ან კარგი იქნება, იცოდნენ), რკინის კოვზები არ მისცენ თვეების ბავშვებს, რომ სახეში არ ჩაირტყან ან ღრძილები იტკინონ. რახან ბანანი ვახსენე, ექიმმა გვირჩია, კვირაში მხოლოდ ერთხელ მივცეთ კუჭის შეკრულობის თავიდან ასაცილებლად. აი, გოგრა კი სასწაულად კარგად მოქმედებს კუჭზე, ისევე როგორც სტაფილო (ვისაც კი ჯერ ბავშვები არ ჰყავს, სასწაულად მოსაწყენად მოეჩვენება ეს პოსტი. მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და ერთმა მეგობარმა გადამრია, სულ თავისი ბავშვის კუჭის მოქმედებაზე ნერვიულობდა და მერე ანუშკამ მითხრა კიდევ, როცა გეყოლება შენი შვილი, ამაზე მნიშვნელოვნად არაფერი მოგეჩვენებაო და მართალი ყოფილა. უბრალოდ, ბავშვები ძალიან წუხდებიან ამის გამო და როცა შვილი წუხს, ამ დროს დედას გული ისე ეკუმშება, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ [oh, god, Sophie, what a mummy mum you've become!]). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მგონი, გოგრაშია თავმოყრილი ბუნებაში არსებული ყველა ვიტამინი და ბავშვების გარდა, განსაკუთრებულად რეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

უკვე ერთი საათია, რაც ამ პოსტს ვწერ და ვიტანჯები. შეიძლება იმიტომ, რომ უკვე ორის ნახევარია და ძილის დროა, თან საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა. ამასთან ერთად, ყოველი წინადადების დაწერის მერე დიდხანს ვფიქრობ, რამდენად გამართულად ვწერ გრამატიკულად და პანიკა მიპყრობს იმის აღმოჩენისას, რომ არც ისე გამართულად დამიწერია და თავიდან ვიწყებ.

მორჩა, ვამთავრებ წერას და ვიძინებ, სანამ ეზრას გაუღვიძია და ჰგონებია, რომ უკვე დილაა.
ღამე მშვიდობისა, ზოგან უკვე დილა მშვიდობისაც!

პ.ს. ჯინ ვებსტერის "ძვირფას მტერს" წავიკითხე, ან შეიძლება "ძვირფასო მტერო" უფრო უხდება და აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ამ წიგნისა და თვითონ ავტორის შესახებ. ეს პოსტ სკრიპტუმი იყოს, რომ არ დამავიწყდეს. 

Sunday, November 11, 2012

საძროხე ქვაბი

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

გიორგი ლეონიძე "ყივჩაღის პაემანი"


ზოგჯერ უცნაურად გამახსენდება ხოლმე ქართული ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ დაზეპირება ყოველთვის სასწაულად მიჭირდა, არის ლექსები, რომლებიც უადვილესად მაქვს ნასწავლი და შესაბამისად, არც მავიწყდება. მიყვარს "ყივჩაღის პაემანი". რომ დაფიქრდე, ძალიან თავხედური ლექსია, ანუ ყივჩაღია თავხედი და საკადრისსაც ხომ იღებს ქმრისგან, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომწონს, საძროხე ქვაბია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სასწაულად ლამაზად ჟღერს. არა?

მაინტერესებს, თქვენ თუ გაქვთ საყვარელი ლექსები და წარმოდგენები მათზე, ან საყვარელი ფრაზები და მეტაფორები პოეზიიდან.

ყველა დედა ერთნაირია. მე პლუს ჰოლდენ კოლფილდიც

ერთი მეგობარი მიმტკიცებდა, ყველა დედა ერთნაირია და დიდხანს მაინც ვერ გაუძლებ ცდუნებას, ეზრას სურათები რომ არ დადო ბლოგზეო. სადღაც ექვსი თვე გავუძელი და მეტი ვეღარ, როგორც ხედავთ. მართალია, ბოლომდე "გახსნილი" ფოტოები არ დამიდევს, მაგრამ მაინც უკვე ყველამ იცის, როგორი "უცხო მოყმე" ბავშვია (უკვე აღარ, რადგან დედაჩემისა და ჩემი ქმრის თხოვნით, ბლოგიდან ფოტოები წავშალე, არგუმენტი: ეზრას აზრი არ იყო გათვალისწინებულიო ;) ).

მანამდე მე ვარწმუნებდი ჩემს სხვა მეგობარს, ისეთი დედა არასოდეს ვიქნები, მხოლოდ თავის შვილზე რომ საუბრობს და სხვა ინტერესი არ გააჩნია–მეთქი.
ამანაც ექვს თვეზე ნაკლები გასტანა და უნდა გითხრათ, რომ თითქმის აღარაფერი მაინტერესებს ეზრას გარდა. იმიტომ კი არა, რომ ინტელექტი დამიქვეითდა ან გარშემო საინტერესო არაფერი ხდება, უბრალოდ, ჩვეულებრივი დედა აღმოვჩნდი და არა სუპერადამიანი (საბოლოოდ, ყველა დედა რომ სუპერადამიანია, ვიცით ჩვენ). საყვარელ ბლოგებსაც ვკითხულობ და ვწერ კიდეც, წიგნებსაც დავუბრუნდი, მაგრამ ყველაფერი ისე სასხვათაშორისო ადგილს იკავებს, ნამდვილი ცხოვრება კი ეზრას გაღვიძება–დაძინება–ჭამა–გამოცვლა–სეირნობა–თამაში–მოფერებისგან შედგება.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამჟამად სხვა ცხოვრება და საქმიანობა დედობის გარდა, არ მაქვს, ამიტომაც მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული და ჩემს მეგობარს ვწერდი, ვინ იფიქრებდა, რომ ჩემი საყვარელი საკითხავი, დედებისა და მზარეულობების ბლოგები გახდებოდა–მეთქი.

 
ადრე ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მითხრა, 2010–ში, აგვისტოში, გერმანიაში საბოლოოდ წამოსვლისას, არ გამიკვირდება შენნაირი პოსტფემინისტისგან სამზარეულოში მოტრიალე დედა რომ დადგესო. ასეც მოხდა. სადღაც ერთ წელში სამზარეულოში დავიწყე ტრიალი და მეორე წელს კიდევ დედაც გავხდი მსოფლიოში ყველაზე sunny ჯიუტი ბავშვისა.

ხუთშაბათს, როცა მთელ დღეს შაბათისთვის სადილებს ვამზადებდი და პლუს, ჩვენი სკოლის ბავშვებისთვის უზარმაზარი ლანგარი "ბრაუნები" გამოვაცხვე, ჩემს ქმარს ვუთხარი, მორჩა, ფემინისტებში თავი აღარ გამომეყოფა–მეთქი, ისეთი რაღაც მითხრა, რაც მთელ მსოფლიოს უდრიდა და თავი ყველაზე კარგად ვიგრძენი.
საერთოდ, ყველაფერი ხომ იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ გრძნობ და მერე როგორ გაგრძნობინებენ. თუ შენ თვითონ ბოღმა და ნერვიული ხარ, ყველა ასეთად გეჩვენება და ბრაზდები; არის კიდევ მეორე უკიდურესობა (რაც მე მემართება ხანდახან), როცა შენი თავი ხომ მიგაჩნია მსოფლიოს ჭიპად და ასევე ხარ სხვებისადმიც განწყობილი, გინდა ყველამ თავი ბედნიერად იგრძნოს და ბევრჯერ შენ იყო ამის მიზეზი. I'm still so nutty.
ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობაა და არაბოღმობა. დედაჩემი ბავშვობიდან მეუბნებოდა, რაც უნდა რთული ცხოვრება გქონდეს, ბოღმა არასოდეს იყო, ყველაფერს დადებითად შეხედეო და მალე 28 წელი იქნება, რაც ამ რჩევით დავდივარ და არასოდეს გაუცრუებია იმედი. განსაკუთრებით მაშინ მშველის ეს რჩევა, როცა თავი საშინლად წარუმატებელი და ამ ბოლო დროს, ამას გასუქებული რძის საწარმოობაც დაემატა.
ჩემი ერთი მეგობარი, თმას იჭრის ხოლმე თვითონ და ამბობს, ამ დროს ვგრძნობ (ან საკუთარ თავს ვატყუებ), რომ სამყაროში ამ მცირე რაღაცაზე კონტროლი მაინც მაქვსო. მე კიდევ, როცა ვიღიმები და ყველგან მზეს ვეძებ, მაშინ მგონია, რომ სამყაროს შეცვლა შემიძლია.
[ისე, თმას მეც სულ თავად ვიჭრი და ეს როცა მითხრა, თავი სასწაულად ძლიერად ვიგრძენი, მეც მქონია საკუთარ თმაზე კონტროლი–მეთქი. თუმცა იმის შემდეგ, რაც ეზრა 37–ე კვირას (3 კვირით ადრე) 2 საათში გავაჩინე, მივხვდი, ერთი ბეწო კონტროლიც კი არ მაქვს/გვაქვს საკუთარ თავზე. ჭუჭყიანი, სისხლიანი ბაყაყუნა რომ დამიწვინეს გულზე, მაშინაც კი ვბუზღუნებდი, არ არსებობს, აპრილის ბოლომდე არ უნდა გამეჩინა–მეთქი.]

ახლა საშინელი სურდო მაქვს, ეზრასთან ნიღაბს ვიფარებ და სულ რომ მიჩვეულია ჩემგან სიცილს, გაკვირვებული მიყურებს და არ იცის, თვითონ როდის გამიცინოს და როდის – არა, რადგან ჩემს რეაქციას ვერ ხედავს. თუმცა, ხანდახან თვალების მოძრაობაზე ხვდება, რომ ვუცინი და ისიც მპასუხობს.
დედა არასოდეს უნდა ხდებოდეს ავად. არასოდეს! მძულს სურდო.

ჩემსავით თემიდან თემაზე მოხტუნავეს, მხოლოდ ჰოლდენ კოლფილდს თუ ვიცნობდი და ისიც მაშინ 16 წლის იყო, მე რამდენის ვარ, აღარ გავიმეორებ :|

ღამე მშვიდობისა.

Monday, November 5, 2012

"უცხო მოყმე" უკვე 7 თვისაა

ასაკი: 7 თვის
წონა: 8 კგ
სიმაღლე: 74 სმ
თმის ფერი: ჰაჰა, ჯერ ძალიან ცოტა, ბუმბულივით თმა აქვს და მგონი, მოყავისფრო
თვალების ფერი: ნაცრისფერ–მოლურჯო
ჰობი: ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, არახუნებს და აკაკუნებს
საყვარელი გმირი: ვეფხისტყაოსნის ტარიელი

Thursday, November 1, 2012

ხან მჯერა, ხან – არა


გრძნობები კი არ ცვდება ან ნელდება, უბრალოდ ქორწინების მერე ბევრი რამ რუტინად იქცევა, ფინანსებზე მეტ ფიქრს იწყებ, სადილებზე და ვახშმებზე... განსაკუთრებით, პატარა ბავშვი რომ გვყავს, ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩება და ადრეც ვწერდი, ისე ვიღლებით, ის სამსახურში, მე – სახლში, რომ ძილის მეტი არაფერი გვენატრება.
ამიტომ დიდხანს საუბარსაც ვერ ვახერხებთ. ალბათ, ყველა ოჯახში ეს პერიოდი, როცა ბავშვი ჯერ ერთი წლისაც არ არის, საკმაოდ რთულია და სინდისი გქენჯნის, გინდა მეტი დრო დაუთმო ქმარს და ამ დროს, შენს შვილთან გაგირბის გული, გინდა ჩაიხუტო და მის რბილ, სასაცილოთმიან თავს ეფერო გაუჩერებლად. პირველი თვეები მიკვირდა, როცა ჩემი ნაცნობები ამაზე ჰყვებოდნენ და დედაჩემიც მარწმუნებდა, ეზრაზე მეტად ამქვეყნად არავინ გეყვარებაო და მე არ მჯეროდა.
უკვე მჯერა...

ახლა ბლოგის სტატისტიკას გადავხედე და ამ კვირაში ეს პოსტი ბევრჯერ უნახავთ, წავიკითხე და გული გამითბა. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ გამახსენდა ის პერიოდი, როცა ვხვდებოდით და როგორი რომანტიკულ–მხატვრული გრძნობები მქონდა.
კარგია ძალიან.
ამიტომ არაფერი ჯობია წერილების, განსაკუთრებით პოსტებად შენახვას.
ჩემი ნაცნობებისა და დედაჩემის კი ბოლომდე მაინც არ მჯერა ;)

ღამე მშვიდობისა!!!

პ.ს. მიხარია, რომ მაშინაც და ახლაც ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. ხომ ერთად ვართ და სიზმრებში მაინც დღემდე ვხედავ, რა შტერი ვარ ამხელა ქალი.

Monday, October 29, 2012

ეზრას დღე

დილას ეზრას ექიმთან გვქონდა შეხვედრა, U5–ზე, რაც მეხუთე გასინჯვას ნიშნავს. დაბადებიდან ექვს–შვიდ თვემდე ხუთჯერ ნახულობს ექიმი ბავშვს, ჯერ ამოწმებს წონას, სიგრძეს, აკვირდება, რა ისწავლა, როგორი მოტორული მოძრაობები აქვს, როგორ განვითარდა ფიზიკურად და გონებრივად; შეუძლია თუ არა ნივთების მარჯვენადან მარცხენა ხელში, ან პირიქით, გადატანა, მერე აცრას უკეთებენ და ასე შემდეგ. აცრას თუ არ ჩავთვლით, ეზრას ძალიან უყვარს თავისი ექიმი და თავისუფლად კოტრიალობს ხოლმე გასასინჯ ტახტზე. საერთოდ, უცხო ადამიანებში თავს კარგად გრძნობს, ყველას უცინის და ეთამაშება.
აცრებს უკვე აგვისტოში მოვრჩით, როცა ოთხი თვის გახდა ეზრა და ახლა ერთ წლამდე ისვენებს. პატარა საყვარელ ბარძაყებში უკეთებდნენ ნემსებს და ისე, გულამოსკვნილ–ინტელიგენტურად იწყებდა ტირილს, ჯობდა კატასავით ეჩხავლა.

ექიმის ყოველ ვიზიტზე ჩვენი მთავარი შეკითხვაა, რატომ გვიჭირს ასე მისი დაძინება და მით უმეტეს ძილის გრაფიკის შედგენა. მილიონი მეთოდი ვცადეთ და ბოლოს იქამდე მივედით, რომ ბოლო ორი კვირაა, ეზრა ღამით მხოლოდ ჩემთან ჩახუტებული იძინებს და თუ ტირილს იწყებს, ჩემ გარდა კაციშვილი ვერ აჩერებს. ექიმმა დაგვამშვიდა, რომ ახლა "გარდამავალ" პერიოდშია, უკვე ყველაფერს დიდი ადამიანივით ხედავს, ესმის და ბავშვი იმდენად იტვირთება მთელი დღე შთაბეჭდილებებით, რომ ღამით ეს ყველაფერი ესიზმრება და აშფოთებს. ამასთან ერთად, ყველაზე კარგი პასუხი, როგორც ყოველთვის, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი მეტად ემოციური, ზოგი – ნაკლებად და ბუნებრივია, ჩვენი შვილი სხვანაირი ვერ გამოვიდოდა. მართალია, ჩემი ქმარი ჩემზე ბევრად მშვიდი და გაწონასწორებულია, მაგრამ ისიც საკმაოდ სახასიათო ადამიანია.

პედიატრთან ვიზიტის შემდეგ, მე მქონდა კიდევ სხვა ექიმთან შეხვედრა და ამიტომ ეზრა ბებიას დავუტოვეთ. იქიდან კიდევ ლაიპციგში ახალგახსნილ სავაჭრო ცენტრში გადავწყვიტეთ შევლა და ზამთრის თბილი ქურთუკი ვიყიდეთ, რადგან ჩემი ძველი პალტო სასწაულად მადგას ტანზე (რა გასაკვირია, მშობიარობის შემდეგ 38 ზომიდან 42–ზე გადავედი :/ ) და გადასაგდებია. უკვე სახლში ვბრუნდებოდი, რომ ჩემი ქმრის დედას დავურეკე ამბების გასაგებად და სანამ ხმას ამოიღებდა, გავიგონე ეზრას, ამჯერად უკვე არაინტელიგენტური, ბღავილი. მერე მთელი საღამო, დაძინებამდე, "კენგურუში" მეჯდა და კატლეტს ისე ვწვავდი, არავისთან არ უნდოდა ყოფნა. მეჯდა ასე, იქნევდა ფეხებს და მაიმუნობდა.
[ამ კენგურუზე მინდოდა დამეწერა ისე, ჯერ ორი თვის არ იყო ეზრა, Babybjörn რომ ვუყიდეთ. უფრო სწორად, მე მაქვს organic cotton–ის მანია და მეთქი, აუცილებლად უნდა ვიყიდო და ეზრა ასე ვატარო. მაგრამ პატარა როცა იყო, მაშინ დიდად არ მოსწონდა, ახლა კიდევ, როცა უკვე დამძიმდა, სასწაულად მოსწონს ჩემზე ჩამოკიდება და მე აღარ შემიძლია დიდხანს მისი ტარება. მშვენიერი შვედური ფირმაა ეს Babybjörn, არ ვერჩი, ბავშვის ხერხემლისა და ფეხებისთვის იდეალური, სამაგიეროდ, დედის ბეჭების მტერი. ამიტომ, არ ვურჩევდი მომავალ დედებს ამ კენგურუს ყიდვას.]

ძალიან საინტერესოა, როგორ იზრდება და იცვლება შენი შვილი ყოველდღე. სხვადასხვა ეტაპებს გადის, ხან რას სწავლობს, ხან რას ივიწყებს და სხვანაირი ხდება; ხან სასწაულად გღლის და მეტი ბავშვის გაგონებაც აღარ გინდა, ხან კიდევ ისეთი საყვარელია, აღარ გახსოვს, მანამდე როგორ ცხოვრობდი მის გარეშე და გინდა, მინიმუმ, ერთი ოთხი ცალი მსგავსი კიდევ გააჩინო.
ხან როცა ვესაუბრები, ზის და მიყურებს ჭკვიანურად, მერე იცინის და მეც მგონია, რომ ესმის, რას ვეუბნები. მეორე წუთში ისეთ ტირილს ატეხს, არ ვიცი, როგორ გავაჩუმო და მაშინ ვხვდები, რომ ჯერ არაფერი ესმის და კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება. ბავშვებს ხომ ეგოისტური, დანაყრებულობის ინსტინქტების გარდა არაფერი ესმით.

გაიზარდე, ეზრა და კარგი ადამიანი იყავი!

Sunday, October 28, 2012

კვირა საღამოს სურათები

 რა უცნაურია ბუნება. ნახეთ, როგორი კარტოფილი აღმოვაჩინე.

 ჩემი უბადრუკი "ბრაუნები".

ესეც ელექტრიკ ბლუ ფრჩხილები, რომლის მოშორებასაც ლიტრობით აცეტონი სჭირდება.

Saturday, October 27, 2012

ღია წერილი

ჩემი ბლოგის მკითხველ ნანუკას, რომელიც ლაიპციგში ცხოვრობს და რამდენიმე დღის წინ ი–მეილი მომწერა:
ბოდიში, რომ აქამდე ვერ გიპასუხე; ყოველთვის ვპასუხობ ადამიანებს, როცა მწერენ და მე თვითონ საშინლად მწყინს, როცა დიდხანს ან საერთოდ არ მპასუხობენ ხოლმე. ზუსტად მაშინ, როცა დრო გამოვნახე შენთვის პასუხის მოსაწერად, ჩვეულების თანახმად, მანამდე წაკითხული ი–მეილები სწრაფად წავშალე და რატომღაც მეგონა, რომ შენი შევინახე. ამ დროს, არა მხოლოდ შენი, კიდევ ერთი ჩემი ოსნებრუკელი მეგობრის ი–მეილიც წამიშლია, რომელიც, ალბათ, კაი ხანს აღარ გამცემს ამის გამო ხმას.
მოკლედ, ნანუკა, მომწერე კიდევ ერთხელ (რადგან შენი ი–მეილი მე არ მაქვს) და შევთანხმდეთ შეხვედრაზე. მე და ეზრას გვიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა.

Wednesday, October 24, 2012

ოქტომბრის რეკორდი

Celine: I always feel this pressure of being a strong and independent icon of womanhood, and without making it look my whole life is revolving around some guy. But loving someone, and being loved means so much to me. We always make fun of it and stuff. But isn't everything we do in life a way to be loved a little more? 


ამ ციტატას არაფერი აქვს საერთო პოსტთან, პირადად ჩემთან აქვს და მინდა, გავიხსენო ხოლმე და ამიტომ ჩავურთე ეპიგრაფად.

ბოლოს არ მახსოვს, როდის დავწერე 9 პოსტი ერთ თვეში და დღეს ჩემს არქივს რომ გადავხედე, გავოცდი.
ეს ოქტომბრის მეათე პოსტი იქნება. ალბათ იმიტომ, რომ ემოციებით ვარ სავსე.
ეზრა უსწრაფესად იზრდება და იცვლება. თან ისე გამოვიდა ამ თვეში, რომ თითქმის ყოველდღე ეზრა ბებიას მიჰყავდა სასეირნოდ და მე მარტო ვრჩებოდი სახლშიც, საკუთარ თავთანაც და შესაბამისად, მეტი თავისუფალი დრო მქონდა საწერად. ჩემი ქმარი ძალიან დაკავებული იყო, სამსახურის გარდა, მამა საავადმყოფოში ეწვა და მეც ჩემი წუწუნი მინიმუმამდე დავიყვანე.
სად წავიდოდი უკეთეს ადგილას, ვიდრე ბლოგზე.
არ ვიცი, ოდესმე, თუ დავჯდები და ამ ბლოგს რამე გამოსადეგად, მაგალითად, წიგნად თუ ვაქცევ. ან გახდება თუ არა ეს ბლოგი ჟამთააღმწერლად ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ფაქტია, ჯერჯერობით, რომ ყველაზე ნაცრისფერ დღეს, როცა ჩემზე წარუმატებელი კაციშვილი არ მგონია, მცივა და მეგობრები მენატრება/მაკლია, სრულიად უცნობი ადამიანი გამოჩნდება და ისეთ რამეს მომწერს, გულსა და სულს გამითბობს.
ზუსტად ასეთი იყო სრულიად უცნობი ქალის, ჩვენი საკონსულოს თანამშრომლის ცოლის, კომენტარი ბლოგზე, რომელიც ფეხმძიმედაა (ვიმედოვნებ, როგორმე შევიტყობ, როცა გააჩენს) და ჩემს ბლოგს კითხულობს. როცა მე მის ქმარს ტელეფონზე ვესაუბრებოდი და ისიც თავაზიანად მიხსნიდა სხვადასხვა კანონმდებლურ საკითხებს, ეს ახალგაზრდა ქალიც იქ იყო თურმე და ჩემი ხმა ესმოდა. მაშინ მიხვდა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ის სოფი, პატარა ბავშვი რომ ჰყავს და დეპრესიული კომპოზიტორების ქალაქში ცხოვრობს.

ამიტომ ვაგრძელებ ხოლმე წერას, რადგან არასოდეს იცი ადამიანმა, შენ ვისი გულისა და სულის გათბობა შეგიძლია. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა (თუ შეიძლება ფილმის გმირს მეგობარი დაარქვა), ყველანი ერთმანეთის დემონები და ანგელოზები ვართო.

Monday, October 22, 2012

დახურული წიგნი

Vanity of vanities, all is vanity.

King Solomon "Ecclesiastes"



ქართულად, ალბათ, ბევრად ლამაზად იქნება ბიბლიაში ეს ფრაზა ნათარგმნი, ყველაფერი ამაოებააო, მეფე სოლომონი რომ ამბობდა და ვინ გაბედავს ყველაზე ბრძენკაცს შეეწინააღმდეგოს. სოლომონ ბრძენმა "კოჰელეთი" იგივე "ეკლესიასტე", თავისი ცხოვრების ბოლოს დაწერა, როცა ყველა ამქვეყნიური სიტკბო თუ სიმწარე იგემა და მანამდე დაწერილი წიგნები დახურა.
ლიტერატურაში, ზოგჯერ, წიგნის დახურვას სიკვდილს ადარებენ.
თუ ცხოვრება ამაოებაა და არაფერია ახალი მზის ქვეშ, მაშინ გამოდის, სიკვდილიც არაფერი ყოფილა. რომ დაფიქრდე, მართლა ასეა და ამიტომ შიში და სევდა ერთნაირად გძრავს.

ორიოდე დღის წინ ეზრას პაპა გარდაიცვალა. როშ ჰაშანამდე საავადმყოფოში მოხვდა და ბოლო დღესასწაულების დასრულების შემდეგ, მანაც ისე დახურა წიგნი, როგორც მეფე სოლომონმა. ეზრას პაპა პიანისტი იყო, მაგრამ ბოლოს უკვე დიდხანს მძიმედ ავადმყოფობდა და გარშემომყოფებთან ურთიერთობა აღარ შეეძლო.

როცა შენ კარგავ ახლობელ ადამიანს (და მე ცხოვრებაში მყავს ასე დაკარგული ძალიან ახლობელი, ახალგაზრდა ადამიანი), თითქოს უკვე იცი, როგორ გაუმკლავდე ტკივილს და რაც მთავარია, შენშია ემოციები, რომლებსაც გამოხატავ, ან არ გამოხატავ. აი, როცა შენი უახლოესი ადამიანი კარგავს მისთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, როგორიც მშობელია, მაშინ შენი განცდები ერთი–ორად მძაფრდება. ბოლომდე ვერ შეიგრძნობ სხვის ტკივილს და ემოციებიც ისეთივე ძლიერი არ გაქვს, თან აქ უკვე არავის გამოადგება შენი ემოციები, პირიქით, შენი ახლობელი ადამიანის გრძნობებს და ემოციებს უნდა მოუსმინო და გაამხნევო.
იუდაიზმში არის გაგება, როცა ჭირისუფალთან მიდიხარ, შენ არ უნდა დაიწყო საუბარი და მისთვის მხარზე ხელის მოთათუნება, უბრალოდ, ჩუმად ზიხარ და აცდი, სანამ თვითონ დაიწყებს საუბარსა და გულის გადაშლას.
ზუსტად ეს მომენტი კი, სანამ გულის გადაშლა დაიწყება, ყველაზე მძიმეა ამ ქვეყანაზე.
და მიუხევადად იმისა, სოლომონ ბრძენი რას ამბობდა, რაც უნდა არახალი იყოს ყველაფერი მზის ქვეშ, თითოეული ადამიანის მიერ დახურულ წიგნთან მიახლოება მაინცა ახლებურად მძიმეა და მტკივნეული.

ღმ–ერთმა ყველას დიდხანს დააცადოს სიცოცხლე. ჯანმრთელად ცხოვრება და თავის ახლობლებში გახარება!
დიდხანს იყოს წიგნები გადაშლილი.

Thursday, October 18, 2012

სამი შარვალი და ერთი კაბა


რა კარგები არიან!!!
ვიქტორია თავის ოთხ შვილთან ერთად. ვინც რა უნდა თქვას, ყველაზე საკაიფო celebrity დედაა.
ვინც ბევრს ლაპარაკობს ვიქტორიას გაუცინრობაზე, მინდა, ეს ვიდეო ვანახო ხოლმე და კიდევ სხვები. იუმორის გრძნობაც აქვს და ხმაც მომწონს, დაბალი და მშვიდი.
ჰო, 4 შვილის დედობა კიდევ გმირობაა, განსაკუთრებით, სამი ბიჭის. უჰუ ჰუ!!! :))

Wednesday, October 17, 2012

რა გაივლის და რა – არა

დღეს, სასწაულად, 10–ის ნახევრამდე დამაცადა ეზრამ ძილი. თავიდან 6–ზე გაიღვიძა, გამოვუცვალე, ვაჭამე და მერე მე დამეძინა და ის რას აკეთებდა, ვეღარ გავიგე. 8–ზე გამეღვიძა და მღეროდა თავისთვის, ისევ ვაჭამე და ჩაეძინა პატარა ფისოსავით, მეც მასთან ერთად და მერე უკვე 10–ის ნახევარზე მზემ რომ შემოიხედა ჩვენს ფანჯარაში, გამეღვიძა. გულაღმა ვიწექით ორივე და მე გიჟური სიზმარი მქონდა ახალი ნანახი; ვითომ მოცურავე ვიყავი და თან ვიღაცებს ვეჩხუბებოდი. მოცურავეობა ხომ ყოველთვის მინდოდა და ბავშვობაში წყლიდან ვერ ამოვყავდი ბაყაყივით, მდინარე, ზღვა, ტბა, გუბე, წყალი, ყველანაირი წყალი ერთნაირად მიყვარდა და დღემდე მიყვარს.

აქაც მინდოდა ეზრასთან ერთად მევლო ცურვაზე. არის პროგრამები, სადაც მშობლები შვილებთან ერთად დადიან და ერთობ მხიარული რამეც უნდა იყოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენი საერთო ცურვის გაკვეთილები არ გამოვა, რადგან საცურაო აუზის პირობები საჩვენოდ "ვერ" არის შერჩეული.


ცუდ ხასიათზე როცა ვარ ხოლმე, ვფიქრობ, რატომ არ/ვერ გავხდი სპორტსმენი, რატომ ვერ წავედი დიდ სპორტში... ცუდ ხასიათზე როცა ხარ ადამიანი, ხომ მთელი შენი ბავშვობის ტრავმები და არახდენილი ოცნებები გახსენდება, საკუთარი თავი გეცოდება, ადანაშაულებ არასწორ დროს, ადგილს, სხვადასხვა გარემოებას. მეც ასე ვარ ზუსტად.

მერე ჩემს ქმარს ვეწუწუნებოდი, როგორ მინდოდა მოცურავეობა ან ჩოგბურთელობა. მერე იმაზე გადავედი, რა ცოტა მეგობარი მყავს აქ და ხანდახან არავისთან მინდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ საერთოს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რაზე ველაპარაკო. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიჭირს მეგობრების შეძენა. ჩემი ხასიათიც ნერვებს მიშლის, ყველანაირი უსამართლობა და თვალთმაქცობა რომ მძულს, და ამიტომ თვალებს ვერ ვხუჭავ ბევრ რამეზე და ვშორდები ადამიანებსაც და ადგილებსაც.
არა, ისე რამდენი ხანია უკვე ეს ბლოგი მაქვს?
მალე მეხუთე წელი იქნება და ვინც დასაწყისიდან კითხულობს, ეცოდინება, რომ ადრე კიდევ უფრო მძაფრად მაწუხებდა ეს პრობლემა, ახლა ნელ–ნელა შემინელდა, განსაკუთრებით, ჩემი ოჯახური სტატუსის ცვლილების შემდეგ. მაგრამ რა ვქნა, რომ ქალები ჰორმონებით ვართ გატენილი და ხანდახან რომ მომივლის, ტირილიც მინდება, წუწუნიც და მთელი ქვეყნიერება ცარიელად მეჩვენება.

ვიცი, რომ ესეც გაივლის და სოლომონ ბრძენის გარდა, ვინმე თუ ამას მიხსენებს, გავგიჟდები. კი, გაივლის, მაგრამ სანამ გაუვლია, ხომ ჩემს გულსა და ემოციებზე მოქმედებს, ადვილია?

ცურვა მაინც მინდა. 

Monday, October 15, 2012

რასაც დედა გეუბნება



კვირაობით, ეზრას დაბადებამდე, ტრადიცია გვქონდა, ხინკალს ვაკეთებდით. ჩემი ქმარი გიჟდება ხინკალზე და მეც, მგონი, ქართული საჭმელებიდან, ერთადერთი ეს გამომდის კარგად და თანაც, მსიამოვნებს გაკეთება. ეზრა რაც დაიბადა, იმის მერე მხოლოდ ერთხელ გავაკეთეთ, დედაჩემი როცა აქ იყო. მთელი ამბები უნდა, ხომ იცით, ცომის მოზელა, ფარშის გაკეთება–შენელება და პატარა ბავშვი როცა გყავს, ცდილობ, რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი სადილები აკეთო. მაგრამ გუშინ თავისუფალი კვირა გვქონდა და გადავწყვიტეთ ტრადიციის აღდგენა; თან ჩემი ქმრის დედა და ძმა დავპატიჟეთ.
ძალიან გემრიელი ხინკალი გამომივიდა. ადრეც დავწერე "ჩემი" რეცეპტი: 1 კილო ფარშზე ერთი კილო ფქვილი უნდა და სადღაც 50–60 ხინკალი გამოდის, შეიძლება მეტიც, გააჩნია, რა ზომისას მოახვევ.
პირველად, რამდენიმე ხინკალი გაიშალა და სწორედ ამას შეესაბამება სურათი პოსტის დასაწყისში. დედაჩემი, წყლის წამოდუღების შემდეგ, 5 წუთზე მეტს არ აჩერებს და მე სადღაც წავიკითხე, 7 წუთიო და სანამ მერე ქვაბიდან ამოღება დავიწყე, დარბილდა ცომი და ხორცები გადმოცვივდა. ისე რომ, ადამიანს თუ რამე არ გამოგდის, დედის რჩევა უნდა გაიხსენო და ისე გააკეთო, როგორც ის აკეთებდა.

საბოლოო ჯამში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენი ხინკალი, თუმცა ჩემი ქმრის ძმას ჩანგალი ვერ წავართვი, დედა კი – ტრადიციულად, ხელით, ჭამდა.

ეზრას, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტაფილოს პიურე ერგო.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!

Friday, October 12, 2012

მწერლის დროით


იყო დრო, მჯეროდა, სასწაულად მაგარი მწერალი უნდა გამოვსულიყავი.
ხანდახან ისევ მჯერა, მაგრამ საქმე ამაში არ არის ახლა, უბრალოდ ბედნიერი შაბათ–კვირა მინდა გისურვოთ!!!

Thursday, October 11, 2012

სტაფილოს ბიჭი

ეს პოსტი უფრო ქრონიკის სახის იქნება, წლები რომ გავა, გადავხედავ ეზრასთან ერთად.


ესე იგი,

ეზრა 6 თვისაა უკვე, რაც იმას ნიშნავს, "დიდური" საჭმელების დამატებას ვიწყებთ. აქამდე მხოლოდ პატარა ძუძუმწოვარა იყო; ისევ გააგრძელებს, მაგრამ დღეში ერთხელ ბოსტნეულის და მალე ხორციანი სადილები ექნება.
გუშინ ვაჭამე პირველად სტაფილოს პიურე. სულ რამდენიმე კოვზით დავიწყეთ, ექიმის რჩევისამებრ. მეგონა, ვერ შეჭამდა, ზოგი წერს, რადგან ბავშვი ძუძუს ან ბოთლის წოვასაა მიჩვეული, ენამ შეიძლება შეუშალოს და საჭმელი გადმოყაროსო. მაგრამ ეზრამ ძალიან ინტელიგენტურად გადაყლაპა თავისი ულუფა და კიდევ მეტზე უარს არ იტყოდა, მაგრამ კუჭი ნელ–ნელა უნდა მიეჩვიოს.
ზოგიერთი, უკვე 4 თვიდან იწყებს ბავშვისთვის მყარი საკვების (solid food–ის ჩემეული სწრაფი თარგმანი) მიცემას, მაგრამ ეზრას რძე ყოფნიდა და ექიმმა გვითხრა, რომ არ იყო საჭირო სხვა საკვები და ბავშვის კუჭის გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გერმანული სტილია, ყველაფერი ნატურალურის მიმდევრები რომ არიან და უარს ამბობენ ნებისმიერ ზედმეტ დამატებაზე; თუმცა, არც მე ვარ წინააღმდეგი, სიმართლე გითხრათ. ძუძუს წოვება თავიდან ცოტა ძნელი და გემოზე მტკივნეულიცაა, მაგრამ ორი–სამი თვის შემდეგ უკვე ისე ეჩვევი, ამაზე მოხერხებულად არაფერი მიგაჩნია. თან, დედას რძე ყველგან თან აქვს, არც ტემპერატურის გაზომვა უნდა, არც გათბობა–გაგრილება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს მაინც და ასე დაიწყო ეზრამ ბოსტნეულის ჭამა. უცნაური გრძნობაა ძალიან. ვაჭმევდი და თან ვფიქრობდი, 6 თვე უკვე გავიდა და ალბათ წლებიც ისე გავა, რომ მოხედვასაც ვერ მოვასწრებ, ეზრა უკვე თვითონ დაიწყებს ჭამას, ბაღში, სკოლაში სიარულს, დამოუკიდებელი გახდება და მე ნაკლებად დავჭირდები; დაცოლშვილებაზე ხომ ნუ იტყვით, უკვე განვიცდი...

მანამდე მაინც დიდი დროა.
პირველი ოთხ ნახევარი თვე, მიუხედავად იმისა, რომ დაძინება პრობლემა იყო, ღამით კარგად ეძინა, ერთი–ორჯერ იღვიძებდა და მაშინვე ძილს აგრძელებდა. ამ ბოლო პერიოდში კი უფრო ხშირად იღვიძებს, თავის საწოლში აღარ უნდა გაჩერება და დილის 3–4 საათზე თამაში უნდა. მე კიდევ ხან "სოსკას" ვაძალებ, ხან – რას, რომ დაიძინოს, მაგრამ თითქმის ნახევარ საათზე მეტი მჭირდება, რომ ისევ დავაძინო და ბუნებრივია, უკვე ჩემს გვერდით რჩება და დილისთვის მე უკვე მხარგაბუჟებული ვიღვიძებ.
მოკლედ, ვერ გავხდი დისციპლინირებული დედა :/ ვერ მივაჩვიე დამოუკიდებლად დაძინებას და ჩემთანაც ვაწვენ, როცა უნდა. არა, ისე რომ დაფიქრდე, რამდენ ხანს იქნება ასეთი პატარა და დედასთან მოუნდება ჩახუტება? ან ვინ იცის, რას ფიქრობს, როგორ სცივა მარტოს თავის საწოლში და იქნებ, სულ საშიში, რძიანი ბოთლები ესიზმრება?

ჯდომაც დაიწყო, თუმცა ხელის მიშველება უნდა და დამოუკიდებლად ვერ ზის. მუცელზე წოლა აღარ უყვარს, როგორც პატარაობაში. ზურგზე წოლაც აღარ უნდა და ყველაზე რთულ პერიოდში შედის, როცა "გაადამიანებას" იწყებს. რასაც წერენ, რომ ამ ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, თითქმის ყველაფერს აკეთებს, გარდა ცოცვისა, რასაც ბავშვების მცირე პროცენტი იწყებს და მე გაოცებული ვარ, რადგან ჯერ სუსტი ხელები აქვს, თავის ტანი როგორ უნდა შეაკავოს?
მინდა გითხრათ, ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს ან მომავალი დედაა, არავითარ შემთხვევაში, დიდი ყურადღება არ მიაქციოთ სტანდარტებს და იმას, სხვების შვილები რას აკეთებენ! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მთავარია, მხიარულად იყოს, თუ იცინის და ბედნიერია, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის და არ უნდა არსებობდეს რაღაც შტერული სტანდარტი, რომელიც ყოველ თვეში, ბავშვს დაავალდებულებს, ესა თუ ის გააკეთოს.

ჯერჯერობით კბილები არ ჩანან, ისე ველოდები, როდის გამოჩნდება პირველი.
ახლა ეზრა დივანზე წევს და მეჩხუბება, სეირნობის დრო გვაქვს. ისეთი სასაცილოა უკვე იმის გარჩევა, რისი თქმა უნდა, სხვადასხვანაირად ჭყიპინს იწყებს და მეც ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო.
აი, ვუსმენ კიდეც და წავედით :)

ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ!!!

Wednesday, October 10, 2012

ნახევარი წელი

ნახევარი წლის წინ, სანამ დავიძინებდი, ნახევარ საათს მაინც ვანდომებდი ფიქრსა და მთელი დღის გაანალიზებას...
ნახევარი წლის წინ დიდხანს ვიდექი ხოლმე ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და არაფერზე ვფიქრობდი ამ დროს...
ნახევარი წლის წინ დამნაშავედ არ ვგრძნობდი თავს, თუ საუზმეზე ჩემს საყვარელ რძიან ყავას ნელ–ნელა ვწრუპავდი და ყველა სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს გამოვხატავდი...


ეზრა უკვე ნახევარი წლისაა და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს უკვე აღარ/ვეღარ ვაკეთებ.
ღამით, ბალიშამდე თავის მიტანასაც ვერ ვასწრებ, რომ უკვე მძინავს და მერე ღამით იმდენჯერ მეღვიძება, დილით უკვე აღარ ვიცი, საერთოდ მეძინა თუ არა.
ჰაჰა, ცხელი წყლის ჭავლიო?
აი, რძიან ყავას კი ხანდახან ისევ ვწრუპავ ასე და ბლოგებსაც ვკითხულობ ამ დროს, მთავარია ეზრა მშვიდად მეჯდეს კალთაში და თავისთვის იღიღინოს.

ყველა დედას რომ ჰგონია, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო, ლამაზი და საყვარელი შვილი ჰყავს, ასე არ ვარ. მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა :))) ოღონდ ისეთი ლამაზი და საყვარელი არ არის, სტანდარტული, ისეთი, ჩემიშვილისებურმზიანბავშვურია ეზრა.

რა არის ექვსი თვე და ისე მგონია, უკვე 6 წელია ბავშვი მყავს.
ხან ერთი სული მაქვს, საღამო მოვიდეს, ეზრა დავაძინო და მერე ცოტა განვიტვირთო, მაგრამ რამდენიმე წუთით მივუჯდები კომპიუტერს, ცოტა რაღაცას წავიკითხავ და უკვე მეძინება და მეჩქარება, მალე გათენდეს, რომ ეზრა ჩემთან ჩავიწვინო და მის "სიმღერას" ვუსმინო. მერე ყველაფერი ისევ რუტინულად მიდის თითქოს: საუზმე, ეზრას გამოცვლა, ჭამა, დაძინება, მაღაზიაში წასვლა, სადილი, ინტერნეტი, წიგნი, ეზრასთან თამაში, სეირნობა, გამოცვლა, ჭამა, ისევ დაძინება... მეორე დღეს ყველაფერი ისევ თავიდან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყოველი ახალი კვირა ეზრას სიახლეებით იწყება, ან ახლებურად იღიღინებს დილით, ან საღამოს ვერ დავაძინებ, სანამ გვერდით არ მივუწვები და მაგრად ჩავიხუტებ, ან ხაჭოიან თეფშში ჩამიყოფს ხელს და კაბაზე წამისვამს...
ხანდახან ვიღლები და მწყინდება კიდეც.
ზოგჯერ მინდა, ვმუშაობდე და დასვენების დღეები მქონდეს, რადგან იმ სამსახურში, სადაც ახლა ვარ, დასვენების დღეები არ არსებობს.
მერე გადამივლის და ისევ ღიმილით ვუყურებ ეზრასაც, ჩემს ქმარსაც და მთელ ცხოვრებასაც ხოლმე; ჩემი იარაღია ეს ღიმილი.

ესეც ერთი ნახევარი წელი. წინ გველოდება ცივი ზამთარი და კიდევ ბევრზე ბევრი წელი. ახლა კი წავალ და დავიძინებ, რომ მალე გათენდეს...

ბედნიერ ოთხშაბათს გისურვებთ!

Thursday, October 4, 2012

ოჰ, ო'ჰენრი!

ჩემი მეგობრისთვის ამაზონიდან გამოვიწერე ო'ჰენრის მოთხრობების კრებული და ზუსტად ის მოთხრობა არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემს მეგობარს სასწაულად უყვარს და რამდენი ხანია, ეძებს. ჩემი ბრალია, წიგნის სარჩევი არ იყო მოცემული და ერთი მკითხველის კომენტარს დავუჯერე, ამ წიგნიდან, განსაკუთრებით, ორი მოთხრობა მომეწონაო, რომ წერდა. მშვენიერი მკითხველი ყოფილა, ეტყობა არც გადაუშლია ის კრებული.
მანამდე წიგნი ზუსტად შაბათს მოიტანა ფოსტალიონმა, მე, რა თქმა უნდა, კარი არ/ვერ გავუღე და მეზობელთან დატოვა. მერე კვირას რომ მივადექი ჩემს მეზობელს და იმან მხოლოდ ხელი გამოყო და ამანათი ისე მომაწოდა, შევცბი, შიშველი იდგა კარს უკან ეტყობა. კვირა იყო, გასაგებია, ყველას ძილი უნდა.

გუშინ ეზრას ვუკითხავდი. ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა წავუკითხე, მეც არ ვიცოდი აქამდე. "სკოლები და სკოლები" ჰქვია, ძალიან სასაცილო გოგოზეა, ნევადა ჰქვია, ბიძასთან ჩამოდის დასავლეთიდან და ახალგაზრდა მხატვრის მოწერილ წერილებს სხვებს აკითხებს, რადგან თვითონ კითხვა არ იცის...
წაიკითხეთ რა. ისეთი ო'ჰენრისეული რამეა, შეგიყვარდებათ, ერთი ბეწო მოთხრობა და გმირების მთელ ცხოვრებას ხედავ.


მოკლედ, ბოდიში ჩემს მეგობარს, ამ წიგნს ჩემს თაროზე დავტოვებ და მისთვის ისევ განვაგრძობ ძებნას, იქნებ ის მოთხრობა ვიპოვო, რომელიც მას უნდა (ზუსტად კი, რომ იცოდეთ, "უკანასკნელ ფოთოლს" ვეძებ).

ამ პოსტის დაწერა, ჩემმა ძველმა პოსტმა ამერიკულ ლიტერატურაზე, შთამაგონა და ესეც იმ ჟანრში არ გადის? ო'ჰენრიზე აქამდე, მგონი, არასდროს დამიწერია. მეც არ ვიცოდი თვითონ მის ცხოვრებაზე ბევრი რამე, სანამ ის ზემოთ ნახსენები წიგნი არ ვიყიდე შეცდომით და მაინც მშვენიერი შენაძენი გამომივიდა.
უილიამ სიდნეი პორტერი ერქვა სინამდვილეში და ბანკში მუშაობდა, როცა 4000 დოლარის მოპარვაში დაადანაშაულეს და ციხეშიც ჩასვეს. რთული ცხოვრება ჰქონდა, ტუბერკულოზით დაავადებული ქალი შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და ბავშვიც ეყოლათ. ბოლოს თვითონაც დაავადდა და დაიღუპა. ციხეში როცა იჯდა, შვილს სწერდა, თითქოს სადღაც დასავლეთში იყო საქმეებზე წასული.
რაღაც მომენტში, ბენინის გმირი გამახსენდა "ცხოვრება მშვენიერიადან", გახსოვთ, შვილს რომ არ შეეშინდეს, ყველაფერი თამაშიაო, არწმუნებს და გული დამწყდა. არ ვიცი, იქნებ ნამდვილი თაღლითი და არამზადაც იყო ეს ო'ჰენრი, მაგრამ სასწაულად კეთილად კი წერდა და ასეთი მწერლებზე ყოველთვის მწყდება გული.
ოჰ, ჩემი საყვარელი ამერიკული ლიტერატურა. არ ვიცი, რატომ მიყვარს ამერიკელი მწერლები ასე განსაკუთრებულად. მართლა არ ვიცი. უბრალოდ, ვკითხულობ და მთელ სულ–გულში მივლის რასაც წერენ, როგორც წერენ. ამაზე კარგი კიდევ რა უნდა იყოს.

Wednesday, October 3, 2012

მსხვერპლი

მომგებიანი რეკლამების მსხვერპლი ვარ. Yves Rocher–ს ჰქონდა ამასწინათ აქცია, სახლებში ფოსტით გამოგზავნეს სარეკლამო ბროშურა, სადაც 15 ევროს საფასურ პროდუქციას თუ შეუკვეთავდი, 15 ევროიან ტუჩების საცხსა და საჭმელების პლასტმასის, ფერად კონტეინერებს საჩუქრად გაძლევდნენ, თანაც ამანათს უფასოდ გიგზავნიდნენ, როცა ისე 5 ევრომდე ღირს. პლუს, იმ ბროშურაში ბევრად იყო გაიაფებული სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ვიდრე ეს მაღაზიაში ღირს. სინამდვილეში, ივ როშეს მაღაზიაში ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ფეხი შედგმული, ისიც იმიტომ, რომ სახლში სუნამოს დასხმა დამავიწყდა და იქ გადავწყვიტე სპონტანურად გასურნელება.


ძალიან მიმზიდველი რეკლამა იყო, დამეთანხმეთ. თანაც მანამდე Yves Rocher–ის სახის კრემის sample (ქართულად უცებ ვერ ვიხსენებ) გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მოკლედ, ამან მიბიძგა, 15 კი არა, ჯამში 23 ევროს საფასურის კრემები გამომეწერა, რომლებიც სინამდვილეში, მშვენივრად მომგებიანია, თუ დავამატებ იმას, რომ ის სახის კრემი 22 ევრო ღირს, მე კიდევ სამი კრემი და ერთი შამპუნი დამიჯდა ამდენი, პლუს საჩუქრები. გასაგებია, რომ ყველაფერი მარკეტინგული სვლაა და შეიძლება ის კოსმეტიკა ამდენიც არ ღირს, მაგრამ მე ხომ ნასიამოვნები დავრჩი. კაპიტალიზმის მსხვერპლი გამოვდივარ, რომ დავფიქრდე და არ დავფიქრდები.

ჩემი მსხვერპლი კიდევ ეზრაა. გუშინ ეზრას ბებიის ნაჩუქარი, ნაცრისფერი "კომბინიზონი" ჩავაცვი და ბებიამისმა მითხრა, შენ რომ გიყვარს ეს ფერი, ამიტომ ვუყიდეო, შესაბამისად, დაბადებიდან დღემდე ეზრას ბებია ღია ნაცრისფერ, მწვანე და ლურჯ ტანაცმლებს ყიდულობს, სათამაშოებიდან კიდევ, რა თქმა უნდა, ბაყაყებს, რადგან ბაყაყი ხომ სოფი გოლდენის საყვარელი ცხოველი იყო ყოველთვის. რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, რომ მთელ ოჯახს მოვახვიე თავს ჩემი საყვარელი ფერები და შესაბამისად ეზრასაც, პატარა ბურთულას, რომელიც ცდილობს თქვას "მა–მა". ბუნებრივია, არ იცის, რას ამბობს, მაგრამ შაბათს "მამამამამამამა"–ს რომ იმეორებდა, უცნაური იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, ისე გამოდის მეც მეძახოდა და მამამისსაც. რა უცნაურია ეს ქართული ისე, მსოფლიო ენების 95%–ზე მამა დედას ნიშნავს და ჩვენთან პირიქით. მერე ვკითხულობდი, თურმე ბავშვები ამ ასაკიდან იწყებენ "საუბარს" და ასოების, მარცვლების გამოთქმას, მა–მა, ბა–ბა, და–და...
ყველაფერი საინტერესო და გულისამაჩქარებელი ჯერ კიდევ წინ გველოდება, არა, ეზრა?

სასწაულად მეძინება. თუ სხვა ამბებიც გაინტერესებთ, აქ დავწერე წეღან.
ღამე მშვიდობისა!

Thursday, September 20, 2012

კბილების წინაპერიოდი

დილას გარეთ 15 გრადუსი სითბო იყო, საძინებელში – 21 და მივხვდი, ეზრასთვის უკვე ჯემპრი და თბილი შარვალი უნდა ჩამეცმია. მიყვარს ზამთარი, მაგრამ ეს პერიოდი, გერმანული შემოდგომა, არა. უცნაური სიცივე იწყება, უფრო სწორად, სითბოდან რომ უცებ სიცივეში გადადიხარ, ალბათ მძაფრად ამიტომ აღიქმება.
ეზრასთვის თბილი საბანი გვაქვს საყიდელი. აპრილში დაიბადა და მერე უკვე ზაფხული დაიწყო, თან წელს სასწაულად თბილი და სასიამოვნო ზაფხული იყო, ივნისის ბოლოდან თბილად აღარ ჩაგვიცვამს (შარშანდელისგან განსხვავებით) და ახლა სულ რამდენიმე თბილი ჯემპრი და შარვალი აქვს.
ბავშვები რომ ძალიან სწრაფად იზრდებიან და თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ახალი ჩასაცმელები სჭირდებათ, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. საწყენი ისაა, გოგოებისთვის იმდენი ლამაზი ტანსაცმელია, გაგიჟდები და ბიჭებისთვის სულ უღიმღამო რაღაცებია, ფერებიც შეზღუდული. თუმცა, ეზრას საყვარელი მწვანე ფერის ტანსაცმელს მაინც ვპოულობ ხოლმე.
საიდან მივხვდი, რომ მწვანე უყვარს? რამდენჯერაც მწვანე რამე მეცვა, სულ დაკვირვებით მიყურებდა და მექაჩებოდა, სასეირნოდაც რომ დავდივართ, გაფოთლილ ხეებს ისეთი გაოცებით უყურებს, ძნელად მისახვედრი არ იყო. ახლა ნელ–ნელა ცვივა ფოთლები და ფერიც ხომ შეიცვალეს, შესაბამისად, ეზრას ყურადღებასაც ნაკლებად იქცევენ.

დღეს დავრწმუნდი, რომ კბილები ამოსდის. აქამდეც სულ ეფხანებოდა და უცებ სათამაშოს მტკივნეულ ადგილს რომ დააჭერდა, საშინელ ტირილს იწყებდა. გუშინ ღამით ცუდად ეძინა, მუცელიც წამოსტკივდა, დღეს დილას კი შევამჩნიე, რომ ღრძილები შესიებული აქვს და თითქოს გვერდით, სადაც "საღეჭი" კბილები უნდა იყოს, უკვე კბილების ფორმა აქვს მიცემული. თუმცა, ჯერ წინა ქვედა კბილები ამოდის, როგორც ვიცი. ყოველთვის სიმღერით იღვიძებს ხოლმე და დღეს წუწუნებს დილიდან, სააბაზანოშიც თავქუდმოგლეჯილი შევვარდი და გამოვვარდი პირის დასაბანად, რომ მოვფერებოდი, თორემ იწვა თავის საწოლში და ისე ტიროდა, მეც ცოტა დამაკლდა აღრიალებას.
ვიცი, ზოგს ძალიან პათეტიკურად მოვეჩვენები, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძნელია, შენს პატარა ბურთულას რომ რამე აწუხებს, ტირის და ამ დროს შენ ვერ შველი, ერთადერთი, რაც შეგიძლია, მოფერებაა და ამ დროს, ესეც არ შველის.
მერე თავისი საყვარელი მუსიკა ჩავურთე და ცოტა ხანს დამშვიდდა.

კიდევ რაღაცების დაწერას ვაპირებდი და სულ დამავიწყდა.



ა, ხო, როშ ჰაშანამ როგორ ჩაიარა?
წელს არც ისე მხიარულად, როგორც ადრე. ეზრას პაპა საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. როცა შენი ოჯახის წევრი ასე ავადაა, ძნელია შენ მხიარულად იყო და ისე მოიქცე, ვითომ არაფერი მომხდარა, როცა ხედავ, შენი ქმარი როგორ განიცდის. ადრე ვწერდი, ჯერ კიდევ დაქორწინებულებიც რომ არ ვიყავით და მისი დედ–მამა გავიცანი, ძალიან ახლოსაა თავის ოჯახთან ჩემი ქმარი, მე უფრო "უძღები შვილი" ვარ და ახლა ამით ღმ–ერთი ბევრ რამეს მასწავლის.

მხოლოდ ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა მოგვცეს ღმ–ერთმა და როგორც დეიდაჩემი იტყოდა, დანარჩენს ადამიანი როგორმე მოახერხებს.
ბედნიერი წელი გვქონოდეს ყველას, ვისაც სჯერა ან არ სჯერა.

Thursday, September 13, 2012

სუპერადამიანები და ბევრი სხვა ამბავი

ჩემი ბლოგი სტატისტიკას ვათვალიერებდი და ყველაზე მეტი ვიზიტორი 2010 წელს მყოლია. პოსტებს გადავხედე და მივხვდი, ქეითი რას გულისხმობს ხოლმე, რომ მწერს, ადრე სხვანაირად წერდიო. ბუნებრივია, ისე აღარასოდეს დავწერ და მიხარია კიდეც, იმიტომ, რომ უკვე 2 წელი გავიდა: მეც შევიცვალე და ჩემი ცხოვრებაც. მაგრამ მომინდა, უფრო ხშირად ვწერო ხოლმე. თუნდაც ერთი საათი გამოვნახო, როცა ეზრას სძინავს დღისით და ვწერო. ერთ ბლოგს ვკითხულობ, ავსტრალიურს, ყოველდღე წერს თითქმის ის გოგო და საოჯახო ქრონიკასავით აქვს. მე მთლად ისე ვერ დავწერ, რადგან ჩემი ბლოგი ისეთი სპეციფიკური არ არის და ბავშვების და პამპერსების გარდა, სხვა რაღაცებიც მიტაცებს ჯერ კიდევ.



დღეს "გუგლის დუდლი" ნახეთ? კლარა შუმანის 193–ე წლისთავია. კლარა, სხვათა შორის, ლაიპციგში დაიბადა და ცხოვრობდა, როგორც ბევრი სხვა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი (მისი ქმარი რობერტ შუმანი, მენდელსონი, ვაგნერი...) და ვუნდერკინდ პიანისტებს შორის ირიცხება, რომლებიც პატარაობიდანვე ცნობილ სცენებზე გამოდიოდნენ და დიდ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.
უნდა ვაღიარო, რომ უკვე დიდი ხანია, ვაპირებ შუმანების სახლ–მუზეუმის ნახვას, ისევე როგორც მენდელსონის (ვაგნერის უბანი ჩემთან ახლოსაა და გარედან ვიცი სახლი) და ვერაფრით მოვახერხე. ვიმედოვნებ, ეზრა ცოტა რომ წამოიზრდება და უკვე ჯდომას შეძლებს, წავალთ და დავათვალიერებთ ყველა საინტერესო სახლსაც და მუზეუმსაც.
ჩემს მეგობარს კი ვუყვებოდი, რაღაც უცნაური აურა უნდა იყოს ლაიპციგში, რომ ამდენი მუსიკოსი დაიბადა და სხვებიც მოდიოდნენ და აქ ცხოვრობდნენ–მეთქი, ბახი მაგალითად, რომელიც წმინდა თომას ეკლესიაში უკრავდა თავის ცნობილ ორღანულ მუსიკას (ასე ჰქვია? ორგანული ქიმიასავით ჟღერს); მერე კიდევ გოეთე, შილერი...
ხანდახან ვფიქრობ, როგორ კულტურულ ცენტრში ვცხოვრობ და იმავე ჰაერს, ან სხვა ატმოსფერულ ნალექებს ვსუნთქავ, რასაც ეს გენიოსები.
თუმცა, იმის აღიარება, რომ გოეთეს "ფაუსტი" ბოლომდე არ წამიკითხავს და "ახალგაზრდა ვერტერის ვნებებმაც" დიდად არ შთამაგონა, ცოტა მერიდება.

კვირა საღამოს როშ ჰაშანაა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშვიდად ვზივარ და პოსტს ვწერ, ცოტა ხანში ნერვიულობა მომივლის, რომ არაფერი მაქვს ჯერ მზად. მხოლოდ ხალის ცომი მოვზილე წუხელ და გავყინე. აი, ასე ყინავს ყველაფერს 5 თვის ბავშვის დედა, რომ როცა ეზრა ნამეტანი აქტიური იქნება, უცებ გამოვიღო, გავადნო და გამოვაცხო. ასევე ვყინავ ნამცხვრების ცომს და მანამდე კიდევ, დედაჩემი როცა აქ იყო, გამიკეთა რაღაცები წასვლის წინ და შემინახა; სასწაულად გამომადგა. მგონი, ყველა ასე აკეთებს, თორემ ადამიანი ვერაფერს მოასწრებდა. განსაკუთრებით ჩემთვისაა პრაქტიკული, რადგან ზოგჯერ ეზრას მთელი დღე ხელში უნდა ჭერა, თამაში, მაიმუნობა და რაც უფრო იზრდება, მით მეტ ყურადღებას ითხოვს; ამიტომ, ან ღამით უნდა ვაკეთო სადილები (მე კი ძილი მირჩევნია) ან ასე გავყინო.
დღესასწაულები სულ სხვანაირი ხდება, როცა საკუთარი ოჯახი გაქვს. ადრე, ყოველთვის მიკვირდა, როცა დედაჩემი ან დეიდაჩემი რაღაცას ვერ მოასწრებდნენ და ვწუწუნებდი, ეს რატომ არ გამოაცხეთ, ის რატომ არ შეწვით და ახლა მე თვითონ რომ მიწევს ყველაფრის გაკეთება, ვხვდები, რომ ისინიც ადამიანები ყოფილან. რა უცნაურია, ხო, რომ ბავშვობაში უფროსები სუპერადამიანები გგონია და ვერ წარმოგიდგენია, მათ რამე ვერ მოასწრონ ან დროზე არ გააკეთონ? სოფელში რომ ვიყავით წელს და წასვლის წინ, ბარგის მომზადება დავიწყე, საჭმელების და რამე, მაშინ დავაფასე დედაჩემიც და დეიდაჩემებიც მილიონჯერ მეტად. ადრე არც ვფიქრობდი ამაზე და გემოზეც ვებუზღუნებოდი ყველას, სადილი დროზე რატომ არ არის ან ჩემი საყვარელი შოკოლადის წამოღება რატომ დაგავიწყდათ–მეთქი.
შეიძლება მე მიკვირს ყველაფერი და ყოველდღე საკუთარი თავის გაცნობაში ვარ, ან ცხოვრებაა სასწაულად უცნაური და საინტერესო. ან ორივე ერთად.

ბედნიერი ხუთშაბათი გქონოდეთ და მალე შაბათ–კვირაც!!!