Monday, October 15, 2012

რასაც დედა გეუბნება



კვირაობით, ეზრას დაბადებამდე, ტრადიცია გვქონდა, ხინკალს ვაკეთებდით. ჩემი ქმარი გიჟდება ხინკალზე და მეც, მგონი, ქართული საჭმელებიდან, ერთადერთი ეს გამომდის კარგად და თანაც, მსიამოვნებს გაკეთება. ეზრა რაც დაიბადა, იმის მერე მხოლოდ ერთხელ გავაკეთეთ, დედაჩემი როცა აქ იყო. მთელი ამბები უნდა, ხომ იცით, ცომის მოზელა, ფარშის გაკეთება–შენელება და პატარა ბავშვი როცა გყავს, ცდილობ, რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი სადილები აკეთო. მაგრამ გუშინ თავისუფალი კვირა გვქონდა და გადავწყვიტეთ ტრადიციის აღდგენა; თან ჩემი ქმრის დედა და ძმა დავპატიჟეთ.
ძალიან გემრიელი ხინკალი გამომივიდა. ადრეც დავწერე "ჩემი" რეცეპტი: 1 კილო ფარშზე ერთი კილო ფქვილი უნდა და სადღაც 50–60 ხინკალი გამოდის, შეიძლება მეტიც, გააჩნია, რა ზომისას მოახვევ.
პირველად, რამდენიმე ხინკალი გაიშალა და სწორედ ამას შეესაბამება სურათი პოსტის დასაწყისში. დედაჩემი, წყლის წამოდუღების შემდეგ, 5 წუთზე მეტს არ აჩერებს და მე სადღაც წავიკითხე, 7 წუთიო და სანამ მერე ქვაბიდან ამოღება დავიწყე, დარბილდა ცომი და ხორცები გადმოცვივდა. ისე რომ, ადამიანს თუ რამე არ გამოგდის, დედის რჩევა უნდა გაიხსენო და ისე გააკეთო, როგორც ის აკეთებდა.

საბოლოო ჯამში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენი ხინკალი, თუმცა ჩემი ქმრის ძმას ჩანგალი ვერ წავართვი, დედა კი – ტრადიციულად, ხელით, ჭამდა.

ეზრას, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტაფილოს პიურე ერგო.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ!

3 comments:

Keti said...

ჩანგალს საქართველოშიც ვერ ართმევენ ხოლმე ზოგიერთებს :) მიყვარს ეგეთი ოჯახური შეკრებები. თბილია.
დედის რჩევები, ჰო, ყოველთვის ამართლებს :)

Kate said...

მართალია!

და ახლა ხინკალი მომინდა. :(

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ხო და მანდ სულ დავცინოდი, ვინც ჩანგლით ჭამდა ხინკალს. დედის რჩევები ყოველთვის ამართლებს, ნამდვილად!!!!

@ქეით, ჩამო, გაგიკეთებ :**