Friday, March 16, 2012

სიზმრები და ახალი კვირები


დღეს დილის 8 საათზე მქონდა ჩემს გინეკოლოგთან შეხვედრა. ყოველთვის განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერია საშიში. ჯერ არავინ მინახავს, ექიმთან ვიზიტი ახარებდეს და შთააგონებდეს. ღამით ცუდად მეძინა, ხშირად მეღვიძებოდა და თან შემაწუხებელი სიზმრები მესიზმრებოდა. ორსულობის სიზმრები ხომ ცალკე თემაა და მგონი, ერთერთი ყველაზე რთული რამე, რაც ამ პერიოდში შეიძლება იყოს. რაც უფრო ახლოვდება "მომენტი", სიზმრებიც მრავლდება და აღელვებაც. ამიტომ თითოეული თბილი სიტყვა, ღიმილი და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მიხარია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი მწერს საქართველოდან, მეკითხებიან, როგორ ვარ და ძალიან მახარებენ; ისეთებიც არიან, რომლებისგანაც უფრო მეტს მოველოდი და ვგრძნობ, თუ მწერენ, ვალდებულების მოხდის გამო. მერე ვფიქრობ და მჯერა, რომ რასაც ვიღებ, იმას ვიმსახურებ და ზუსტად იმდენ ყურადღებას და სიყვარულს, რამდენიც მჭირდება. ალბათ, მე თვითონაც ასე გავცემ ჩემს გრძნობებს, უმეტესად ხომ what goes around comes around. 100%–ით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეტ–ნაკლებად. სიყვარულისა და სითბოს მობეზრება, ბუნებრივია, არ არსებობს, რაც მეტს გასცემ, მეტს იღებ და პირიქით.

ძალიან საყვარელი ექთნები ჰყავს ჩემს ექიმს, ყურიდან სისხლს (ორგანიზმში რკინის რაოდენობას ასე სინჯავენ) ძალიან ადვილად იღებენ (ერთხელ სადღაც ძალიან გამაწვალეს და იმის შემდეგ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს). მერე 20 წუთი ვიწექი და ბავშვის კარდიოგრამას, მოძრაობასა და კუმშვებს (contractions–ის ჩემებური, საშინელი, თარგმანი) იღებდნენ. გამიხარდა, რომ წონაში აღარ მომიმატებია და ჩემმა დიეტამ, "ნაკლები ტკბილეული", გაამართლა, რადგან წინა ორ თვეში სასწაულად მოვიმატე, როცა მანამდე თვეში 2 კგ–ზე მეტს არ ვიმატებდი, შესაბამისად, სახე სასწაულად შემეცვალა და "დამამშვიდებელმა"კომპლიმენტებმაც იმატა. აი, ისეთებმა, ხომ იცით, უბრალოდ, გულის გასახარებლად რომ გეუბნებიან, ამ დროს შენ ყველაზე კარგად იცი, როგორ გამოიყურები და როგორ გრძნობ თავს.

ერთი ბლოგზე ვნახე პოსტი, 10 რაღაც, რაც ორსულს არ უნდა უთხრათო და რამდენიმე უკვე მითხრეს:
"ვაიმე, ორსულად ხარ?" – 27 წლის ქალს რომ ამას გეტყვიან, თან ინტერნეტნაცნობი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ კარგად გიცნობს :დ
"ტყუპებს ელოდები?"
შეიძლება ადამიანის ბუნებაა ასეთი, როცა არ იცი, რა თქვა, სისულელეებს ამბობ. მეც ხშირად ვამბობ და ამიტომ ვცდილობ, სხვებისგანაც არ მეწყინოს.

კარგი.
პარასკევია დღეს უკვე, კიდევ ერთი კვირა გავიდა. აქამდეც ვგრძნობდი კვირების გასვლას, მაგრამ ახლა ეს კვირები ჩემი სულის გარდა, სხეულსაც რომ ემჩნევა, კიდევ უფრო ემოციური გახდა შაბათი. ხანდახან ღამით მეღვიძება და ვფიქრობ, ჯერ არაფერი მომიმზადებია, როგორ მოვასწრებ ყველაფერს, იმდენი რამე გვჭირდება... არა, რაღაცები უკვე მზად გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არა და ჯერ კიდევ იმდენი რაღაც არ მიყიდია, სულ ხვალისთვის ვდებ და მერე ვეღარ ვიცლი. ან ხვალე მომავალ კვირას მოდის და იმას კიდევ მეორე კვირაც ემატება...
მორჩა, შაბათი მოდის და უნდა დავისვენო!!!

ბედნიერ დასვენების დღეეს გისურვებთ!

Monday, March 12, 2012

H – რძე


ძალიან მიყვარს რძე. ჩემს ყოველდღიურ საუზმეს ამზიანებ-არძიანებს. ყავასაც მხოლოდ რძით ვსვამ და კარაქიან–ყველიან პურს ვაყოლებ (ამაზე გემრიელი საუზმე არ არსებობს მსოფლიოში). გერმანიაში ხომ უგემრიელესი პური იყიდება, ყველანაირი ფორმის, ზომის, ხარისხისა და ფერის. მართალია, ჩვენი კოშერი კვების გამო, პურს უმეტესად სახლში ვაცხობ (საცხობში ერთი პური 2,50 ევრო ღირს, ja genau, კაპიტალიზმს ხომ ვერსად გაექცევი!), მზესუმზირას ვურევ და ისეთივე გამოდის, როგორიც ცნობილი გერმანული პურები. როგორც ყველაფერს, აქაც ხარისხის მიხედვით აქვს პურს ფასი. სუპერმარკეტში, რა თქმა უნდა, პური ყველაზე იაფია, Bäckerei–ში ორჯერ ძვირი, სამაგიეროდ ისეთი სურნელის და გემოსი, რომ ვერაფერი შეედრება.

ეს რძე, მაგალითად, რომელსაც ვსვამ, 51 ცენტი ღირს, საკმაოდ გემრიელია

პურზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ, საუზმეზე საუბარს მოჰყვა. რძეზე მინდოდა მომეყოლა. დღეს სახლში წიგნი ვიპოვე რძის პროდუქტებზე და ძალიან გამიტაცა. თუმცა, ბევრი ისეთი რამე გავიგე, რასაც დიდად არ გავუხარებივარ. თურმე ჰომოგენიზირებულსა და პასტერიზებულ რძეში, რომელსაც უმეტესობა ვსვამთ, არავითარი ვიტამინი აღარ არის და "ერთი მკვდარი საკვები პროდუქტიაო", ეწერა. თუმცა ინტერნეტი და პრესა ასეთ რძეს საკმაოდ აქებს და ორსულებსაც ურჩევს, რადგან ყველანაირი ბაქტერია დახოცილია. ახალმოწველილ რძეზე ეწერა, რომ აუდუღებლად მისი დალევა არ შეიძლება. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, სოფელში, ვგიჟდებოდი რძის მოწველის პროცესზე და ზუსტად ის ქაფმორეული და ვედროში ახალჩაჩუხჩუხებული მომწონდა, მაგრამ დალევას გვიშლიდნენ; ადუღებული და თავზე ნაღებმოდებული რძე კიდევ – გულს მირევდა. სამაგიეროდ, ახლა ვსვამ ბევრ, მუყაოს პაკეტში გამომწყვდეულ რძეს, რომელშიც იმდენი დანამატია (და დანაკლისი კიდევ), რომ ვინ იცის, საბოლოოდ რისი დალევა გამომდის. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ საჭირო ვიტამინებსა და ქიმიურ ნივთიერებებს მაინც ვიღებ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ჩვენი ცხოვრება ქიმიაა და ეს სიტყვა ყველას ასე რატომ გვაშინებს, არ ვიცი. თუნდაც, საყვარელი წყალი ქიმიური ელემენტი არაა? H2O, nice to meet you.

Keine Sachsen Milch!!!

გერმანიაში მილიონნაირი რძეა: Vollmilch, იგივე მოუხდელი რძე, ზემოთ ნახსენები ჰომოგენიზირებულ–პასტერიზებული, ცხიმის ძალიან მაღალი და დაბალი შემცველობებით; მოკლედ, საბოლოო არჩევანი უმეტესად ფასსა და ფირმაზე რჩება. აღმოვაჩინეთ, რომ "ჩვენი" ადგილობრივი "საქსონიის რძე", ნაცისტური პარტიის ლობისტია პარლამენტში, შესაბამისად მათი კარაქის შეძენა შევწყვიტეთ, არადა, სიმართლე უნდა ითქვას, ძალიან გემრიელი იყო და ახლა უკეთესი კარაქის ძებნაში ვარ. შეიძლება ცოტა სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი პოლიტიკურ–პრინციპული რაღაცები ადამიანებს გვჭირდება ცხოვრებაში და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მაგალითად, ჩემს აფროამერიკელ ჯგუფელ გოგოს საღამოობით ლაიპციგის რამდენიმე რაიონში მარტო გავლის ეშინია, რადგან ცნობილია, რომ ნაცისტები ცხოვრობენ, ამის შემდეგ, რატომ უნდა ვიყიდო იმ მარკის პროდუქცია, რომელიც ასეთ გონებაშეზღუდულ ხალხს ლობირებს.

სიამოვნებით წავიკითხავდი პოსტს ქართულ რძესა და მის პროდუქციაზე, საერთოდაც, მომენატრა ისეთი კარგი ბლოგი, სადაც "აღზევებული" თემების გარდა, მატერიალურ–სოციალურ–ეკონომიკურ–სამომხმარებლოც იქნება და უკვე იმ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც მე მივეკუთვნები, დააინტერესებს.
ვიცი, ამ ბოლო დროს ორსულობის, ბავშვების, რძეების და ჯანსაღი კვების მეტი აღარაფერი მაინტერესებს და ჩემი ბლოგიც ამ მიმართულებით მიდის.
მომწონს კიდეც, ცხოვრება უნდა იცვლებოდეს და ეს ბლოგი კიდევ ხომ ჩემი ცხოვრების ნაწილია, 2008 წლიდან რომ დაიწყო და იქით წავიდა, საითაც საყვარელმა სცენარისტმა წაიყვანა.

Sunday, March 11, 2012

კვირიდან კვირამდე

ზოგჯერ მინდა, უფრო მეტს ვწერდე, მაგრამ დროს ვერ ვპოულობ. მართლა. ყოველთვის მძულდა ასეთი რაღაცების თქმა და ყველაფრის დროისთვის გადაბრალება, მაგრამ უმეტესად მართლა დრო არ მაქვს. დილიდან შუადღემდე ისევ ჩემს გერმანულ კურსს ვაგრძელებ და სანამ ერთი მასწავლებელი, რომელსაც საქართველოში კომუნისტს დაუძახებდნენ, სასწაულად რთულ ლექსებს გვაზეპირებინებს, მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შვილი გენიოსი უნდა გამოვიდეს.

წინა კვირას ბევრი რამე მითხრეს, ერთმა გოგომ ჩათვალა, რომ სასწაულად მიხდება ორსულობა, მეორემ, რა სასაცილოდ დადიხარო; ჩემს ესპანელ ჯგუფელს აინტერესებდა, გავაცნობ თუ არა ბავშვს ჩემი "სკოლის" ხალხს. ფილიპინელმა ქალმა დამარიგა, რატომ სწავლობ შენს მდგომარეობაში, უნდა ისვენებდეო და როცა საბოლოოდ, არავიზე გავბრაზდი, მივხვდი, რომ ჩემში ბევრი რაღაც შეიცვალა.
ადრე ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი კიდეც, როცა ადამიანი არ იცვლება და წლების განმავლობაში ერთ ადგილს ტკეპნის, წინ არ მიდის, მიჭირს მასთან ურთიერთობა–მეთქი, ალბათ საკუთარ თავსაც ვგულისხმობდი. ამ ბოლო პერიოდში მეტს ვფიქრობ საკუთარ ხასიათზე, ცხოვრებაზე, არჩევანზე და მიხარია, რომ იმ ადამიანად არ დავრჩი, რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი. ძალიან მოსაწყენი ვიქნებოდი საკუთარი თავისთვის და სწორედ აქედან იწყება პრობლემები, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავთან დისჰარმონიით.

ერთი საინტერესო ქალი ამბობდა, როცა შენ კარგად ხარ, ყველა კარგადაა შენ გარშემოო და ამაზე დიდი სიმართლე არსად მომისმენია. აქ კარგად, შეიძლება ზედსართავი სახელითაც შეიცვალოს და როცა მე კარგი ვარ, სხვებიც კარგები არიან, სხვანაირად თითქმის არ არსებობს...

მოკლედ,
ყოველ კვირა დღეს საინტერესო ბლოგს ვიპოვი ხოლმე და მერე მთელი კვირის განმავლობაში ვკითხულობ. არ ვიცი, მსგავსი ქართული ბლოგები ძალიან ცოტაა და უმეტესობა თავიდან ბოლომდე გადაკითხული მაქვს, მაგალითად ანუშკას ბლოგი, რომელიც ჩემთვის დღემდე ფენომენად რჩება, რადგან მთელი ღამე გავათენე მის კითხვაში.


ბიოლოგიური ცვლილებები რა მაქვს ამ პერიოდში?
  • მარჯვენა ხელზე თითის წვერები, მგონი, ბალიშებს ეძახიან, მიბუჟდება ხანდახან. ორგანიზმში ბევრი სითხეა, მათ შორის სისხლი და მისი მიმოქცევა ზოგჯერ რთულდება. ამიტომ ხელის მასაჟი და მოძრაობაა რეკომენდებული.
  • ზოგს ჰგონია, რადგან ბევრი სითხე აქვს, ნაკლები წყალი უნდა დალიოს. პირიქით, ფეხმძიმობისას, დღეში 3 ლიტრამდე წყალი უნდა მიიღო და შესაბამისად, ტუალეტშიც ხშირად ირბინო, მაგრამ სუფთა თირკმელები, უკვე დადებით ანალიზს ნიშნავს, რაც დედისთვისაც კარგია და ბავშვისთვისაც.
  • ხშირი ოფლიანობა, დღეში სამჯერ ვიცვლი ტანსაცმელს. ესეც ორგანიზმში არსებული სითხის გამო.
  • ხშირად მშია და სწრაფად ვიმატებ წონაში. ვცდილობ, ნაკლები ტკბილეული და მეტი ჯანსაღი საკვები მივიღო; მაგრამ ფეხმძიმობის პირველი თვეებისგან განსხვავებით, სულ აღარ მინდება მწვანე სალათები და ხილის ჩირები, მხოლოდ შოკოლადები და ნამცხვრები მახარებს.
  • კუჭის სპაზმები დამეწყო ღამღამობით, რაც ექიმის თქმით, ორგანიზმის მშობიარობისადმი მომზადების დაწყებას ნიშნავს. სასწაული მექანიზმია ადამიანი, მე აღტაცება–აღტყინებას ისევ ვერ ვმალავ.
  • ენერგიის უეცარი მომატება და ვარდნა. ზოგჯერ შემიძლია მთელი დღე არ დავჯდე, მილიონი კიბე ავირბინო, ზოგჯერ კიდევ (განსაკუთრებით შაბათს, ერთგვარი ფსიქოლოგიური მოვლენაცაა ალბათ) – მთელი დღე ძილი მინდა, თან ისე, ემბრიონივით, სახეზე ხელი დავიფარო და ვიძინო იქამდე, სანამ მარკესის გმირივით თევზები არ გამაღვიძებენ.

არც ისე მზიანი პოსტია, მე თუ მკითხავ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი (თუ რაც ჰქვია) ცოტა გულისგამხეთქავია ქალებისთვის, რომლებიც ოდესმე ბავშვის გაჩენას აპირებენ. სინამდვილეში არაფერია ძნელი და ყველაზე კარგი რჩევაა, საკუთარი თავის შეცოდება არ დაიწყო და თავი ავადმყოფად არ ჩათვალო. თუ ყველაფერი კარგად მიდის, პატარა სირთულეებს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა ქალს შეუძლია მათთან გამკლავება. ზემოთ როგორც დავწერე, თუ შენ კარგად ხარ, ბავშვიც კარგად იქნება. დადებით ენერგიას სასწაულად დიდი ძალა აქვს, შესაბამისად, უარყოფითსაც და ამიტომ ზოგჯერ საკუთარ თავთან შებრძოლებაა საჭირო, ეს უკანასკნელი რომ არ მოგერიოს.

სტერეოტიპი: ფეხმძიმე ქალი, რომელიც წუწუნით დგება, სულ წელზე უკავია ხელი და სახე მოღუშული აქვს – მართლა სტერეოტიპია. კარგად რომ დაფიქრდე, არც ისე ძნელია ადგომა (ზოგჯერ არის, თუ ძალიან რბილ სავარძელში ხარ ჩაფლული), მოძრაობა უფრო სწრაფადაცაა შესაძლებელი და წელზე ხელიც ფილმებიდან გვაქვს ნასწავლი, როგორც ყველაფერი სხვა "კლიშეული".

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

Sunday, March 4, 2012

მარტის პირველი და ჩემი მერამდენე კვირა


ხან მშურს ადამიანების, აი, ამერიკაში დაბადებულების, ბევრი სურათის გადაღება რომ იციან და არც გამოქვეყნების ერიდებათ. ყველაფერზე შეუძლიათ საუბარი და არაფერს ინახავენ თავისთვის.
მეც ბევრ რამეს ვამბობ და ვწერ ამ ბლოგზე, ზოგი ამის ნახევარსაც არ ამჟღავნებს, მაგრამ მაინც არ/ვერ ვარ ისეთი გაბედული, როგორც ზოგიერთი. გავიფიქრებ რამეზე, დაწერა მომინდება და ბოლოს გადავწყვეტ, რომ არ ღირს გამოქვეყნება, იმდენად პირადულია და არ უნდა გავაუფერულო. ამ დროს, შეიძლება ბევრ ადამიანს გამოადგეს კიდეც ჩემი გამოცდილება და "გაფიქრებები".
მოკლედ, არ გამომდის, ამერიკაში არ დავბადებულვარ და ევროპაც ხომ "ძალით" ვართ.

დღეს მთელი საღამო ერთი გოგოს ბლოგს ჩავუჯექი, რადგან "ჩემთვის საინტერესო მდგომარეობიდან დაწყებული და რაც ამას მოჰყვება"–ზე წერს. ზოგი პოსტი უინტერესოა და უფერულიც, მაგრამ ზოგჯერ ისეთ საინტერესო რაღაცებს წერს. მაგალითად, მეგობრებზე, როგორი ძნელია მოზრდილ ასაკში ისეთი მეგობრების გაჩენა, რომლებთანაც უბრალო ჭიქა ყავაზე/ჩაიზე წახვალ და ძალდატანების გარეშე ისაუბრებ, მოუსმენ. თან ამასაც ქსოვა უყვარს და ადამიანებს ხომ გვიყვარს, საერთოს რომ ვიპოვით ვინმესთან და კიდევ უფრო მოგვწონს.
მე ჯერ მხოლოდ ჩემთვის და ზოგად რამეებს (მშვენიერი განმარტებაა) ვქსოვ, მოვლენებს წინ რომ არ გავუსწრო. ხომ ვამბობ, სასწაულად ფრთხილი ადამიანი ვარ, ლამის ჩემს თავსაც ვუფრთხი.

სურათებით დავიწყე, ერთადერთი სურათი მაქვს, სადაც მუცელი ზრდას იწყებდა და მომწონდა. ახლა თავიდან ფეხებამდე ყველაფერი ისე შემეცვალა, სარკიდან ხან სულ სხვა ქალი მიყურებს, უცხო ცხვირი რომ გამოუბამს და თავის (ერთ დროს) თხელ კისერზე ლავიწის ძვლების ნატამალიც აღარ უჩანს. ძალიან უცნაური რამეა ეს ორსულობა.
ის ბიბლიური ისტორია, შეიძლება, გაგიგიათ, სადაც იეჰუდას ორივე შვილი (ონანი მაინც გეცოდინებათ, რომლის შემდეგაც "ონანიზმი" წამოვიდა) იმიტომ იღუპება, რომ თამართან ინტიმურ კავშირზე უარს აცხადებენ. თორის ერთერთი კომენტატორი ამბობს, თამარი იმდენად ლამაზი იყო, ეშინოდათ, რომ დაფეხმძიმდებოდა და დაუშნოვდებოდაო. შეიძლება მთლად ასე რადიკალურად არ იყოს, მაგრამ იმ ლამაზი ორსულობიდან, როცა მუცელი "საყვარლად" გაგეზარდა, უკვე მომდევნო ეტაპზე გადადიხარ და სახე, ხელები, ფეხები შეშუპებას იწყებენ, იმ ბრძენკაცს ეთანხმები, ზემოთ რომ ვახსენე.
ყველამ ვიცით (ან არა), რომ ყველა ისტორია, რაც კი თორაშია (ბიბლია უმრავლესობისთვის), იმდენად რეალურია, რაც უნდა ზღაპრად მიაჩნდეს ბევრს, გარემოებები რომ შეცვალო, ან ტექნიკური პროგრესი დაუმატო, მიხვდები, სამყარო დღემდე ისეთივეა, რაც 5771 წლის წინ და დარვინის ევოლუციურ თეორიაზე აბსურდული არაფერი ყოფილა. მილიონზე მეტი წელი რომ გავიდეს, მაიმუნები ადამიანებად ვერასოდეს იქცევიან, იმიტომ, რომ ხშირად, თვითონ ადამიანებსაც კი უჭირთ ადამიანობა.

საიდან სად წავედი. იმაზე მინდოდა დამეწერა, რა ძნელია გერმანიაში ნორმალური ორსულობის ტანსაცმლის პოვნა და შემდეგისთვის გადავდებ. ეს ტანსაცმელ–ფეხსაცმლის ამბები ჩემი საყვარელი თემა მაინც არასოდეს ყოფილა.

Friday, March 2, 2012

სავსე მზე ცალ ფეხზე


წინა შაბათს უცხო ადამიანმა პირველად შემახო მუცელზე ხელი და ვიგრძენი, რომ ოჰო, უკვე ძალიან ორსულად ვყოფილვარ.
შაბათონი გვქონდა ლაიპციგში, როგორც ძველ, კეთილ დროს, როცა მე ჯერ კიდევ სტუმრად ჩამოვდიოდი ბერლინიდან და ჩემს მომავალ ქმარს ანონიმურად ვხვდებოდი; ზუსტად იმ გოგომ დამადო ხელი მუცელზე, რომელიც პირველად მიხვდა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა. მაშინ ვიყავი გამხდარი და ჟღალთმიანი მოცინარი მზე; ვიღაცამ მითხრა, ახლა კიდევ უფრო მზიანი და სიცოცხლით სავსე ხარო, მართალია, სავსე ვარ, თანაც როგორი, სამაგიეროდ, გამხდარი აღარ ვარ.

შაბათონზე, რა თქმა უნდა, უმეტესობა ცდილობდა გამოეცნო, რა სქესის ბავშვი გვეყოლება, რას დავარქმევთ და რა შეგრძნებები მაქვს. ერთმა გოგომ ისიც მკითხა, მეშინია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ოქროს წესია, ორსულს ეს არასოდეს ჰკითხო. პირველი, საიდან უნდა ვიცოდე, შემეშინდეს თუ არა, სანამ გავაჩენდე, მეორე, ხანდახან მეშინია კიდეც, მაგრამ ამის შეხსენება არცერთ ფეხმძიმეს სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ეს შაბათონიც ისეთი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც სასწაულად კარგად გრძნობ თავს და ხვდები, რა ბედნიერებაა, რომ არსებობს შაბათი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი შეკრების ორგანიზებაში მონაწილეობენ. ჩვეულებრივი "ტრენინგები" და სემინარები შემძულდა, იქიდან არაფერი ღირებული წამომიღია, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, სხვას არ უსმენენ და კიდევ უარესი, საკუთარ თავსაც არ უსმენენ და ვერ ხვდებიან, ზოგჯერ, რას ბოდავენ. დაკვირვებიხართ?

სამაგიეროდ, სანამ ერთი ადამიანი მიყვებოდა, რა ძნელია ბერლინში ბინის დაქირავება, როცა დაბალი ხელფასი გაქვს და შენი საცოლე კიდევ სტუდენტია, მივხვდი, რომ ხშირად ისე ვიქცევი, როგორც სხვები. მაგალითად, სანამ ეს ჩვენი ძველი ნაცნობი საკუთარ პრობლემებზე მიყვებოდა, მე გონება სულ აქეთ–იქით გამირბოდა და ბოლოს მივხვდი, ზოგჯერ ისე ვიქცევი, სხვა რომ ასე მოქცეულიყო, ძალიან მეწყინებოდა.
ამაზე სულ მახსენდება ძველი ებრაელი ბრძენი ჰილელი, რომელთანაც ერთი კაცი მივიდა და სთხოვა, ცალ ფეხზე ვიდგები და თორა ისე მასწავლეო; ძალიან ლიბერალი კაცი იყო ჰილელი და უპასუხა, ბევრის სწავლა არ გჭირდება, თორაში წერია (იუდაიზმის მთავარი პრინციპია), სხვას ისე ნუ მოექცევი, როგორც შენ არ გინდა მოგექცნენ და დანარჩენი კომენტარებიაო.
კარგად რომ დაფიქრდე ადამიანი, საშინლად შეგრცხვება, რომ ძალიან ხშირად იქცევი ისე, შენ რომ ასე მოგექცნენ, გულიც გეტკინება, სულიც და ფეისბუქზეც უზარმაზარ სტატუსებს გააშანშალებ, სამაგიეროდ, ის არც გახსენდება, გადაუხადე თუ არა მადლობა უცხო ადამიანს, რომელმაც ქუჩაში გზა დაგითმო, ან დავარდნილი ხელთათმანი მოგაწოდა. ძალიან მარტივი მაგალითებია და რა თქმა უნდა, ცალ ფეხზე თორის სწავლაც კაციშვილს არ შეუძლია, მაგრამ როგორც ერთი ჩემი საყვარელი მასწავლებელი ამბობს, ვერასოდეს ისწავლი წიგნებით იმას, რასაც ადამიანებთან ურთიერთობით და მათთან სიახლოვით.

ძალიან მიხარია, რომ ნაყოფიერი შაბათი იყო და მივხვდი, რა არის ჩემს ხასიათში გამოსასწორებელი და როგორ უნდა ვეცადო, ადამიანებთან საუბრისას გონება არ მეფანტებოდეს. ყველას ჩვენი შაბათი და კვირები გვაქვს. ადამიანებიც არ გვაკლია და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.

გადავხედე და ჩემს ძველ პოსტებს ჰგავს. კარგია, ესე იგი, მოჭარბებული ჰორმონები გონებას ბოლომდე არ აშტერებენ; მე ისევ ვცდილობ, უკეთესი ადამიანი გავხდე და ბოღმიანმა გარესამყარომ ნაკლებად შეძლოს უარყოფითი გავლენის მოხდენა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან "გონებამახვილი" და ვითომ–ინტელექტუალური "სარკასტების" ცვენაა, ამიტომ წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა შაბათს მშვიდად ხვდები, მხიარულ ადამიანებს ესაუბრები (თუნდაც საკუთარ პრობლემებს გიზიარებდნენ ან მუცელს გისინჯავდნენ) და ყველანაირი დაძაბულობა გეხსნება, რადგან არავინ ცდილობს, სხვაზე ჭკვიანი აღმოჩნდეს.

დღესაც ასეთივე შაბათს ვუსურვებ ჩემს თავს და ყველას!

ბედნიერი დასვენების დღეები გქონდეთ!!!