Friday, February 25, 2011

ყველაზე კარგი მუსიკა

ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ ვიტყვი რა.
დრიუს ფილმებში ყველაზე კარგი მუსიკა და სიმღერებია, ისეთი, პარასკევ დილას რომ გინათებს და გითბობს. ამაში მზეც კი მეხმარება, მაგრამ მუსიკა სულ სხვაა.

שבת שלום לכולם
ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებთ!!!


Thursday, February 24, 2011

ფიქრები დილიდან

a Blogger lodger
a Youtube archiver
a Steam blocker
a Pirate bay cracker
a Twitter chatter
a Facebook loner
a Google account sweeper
a Yahoo account swinger
an E-bay shopper
a Flickr poser
a Tumblr lover
just to name a few
make me guess
the big boss' secretary 's
not as busy anymore



დილიდან ვფიქრობდი, ღმ–რთო, ნეტავ, საერთოდ რას ვწერ, სად ვწერ, რატომ ვწერ და ვინ ვარ–მეთქი. მერე ლექციაზე თქვეს, როცა ადამიანი დილიდან ფიქრობ მსგავს რამეებზე, შეიძლება გაგიჟდესო; დავმშვიდდი, რადგან გაგიჟება არ მემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გამიგია, ადამიანი ორჯერ გიჟდებოდეს... თუმცა, არსებობს ალბათ გარკვეული სტადიები. ფაქტია, რომ ცხოვრება იმხელა პროცესია და ისეთი ამბები გხვდება, რომ დილიდანვე დგები/ჯდები და ფიქრობ იმაზე, რატომ წერ ამდენს, ისევ შენთვის, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ გადაიკითხო და დაინახო, როგორი იყავი თუ ადამიანებისთვის, რომ გული გაუთბო, სახე გაუხსნა და იმედი მისცე. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ძნელად გასაგები ხდება ყველაფერი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელები მკიდია კისერზე, ყველგან უნდა დაწერო რაღაც და საკუთარი თავი გამოხატო. არავინ გაძალებს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ გაძლებ ისე, დღეში რამდენიმე სტატუსი არ დაწერო ფეისბუქზე, ტვიტერზე არ გამოხატო შენი სიყვარული რძიანი შოკოლადისადმი, ან ფლიკერზე ბრჭყვიალა სურათები არ დაათვალიერო და მერე ბლოგზე დაპოსტო; ბუნებრივია, ამასობაში იუთუბზე უსმენ საყვარელ სიმღერებს და საერთოდ აღარ გახსენდება, ოდესღაც მაგნიტოფონი რომ გქონდა და კასეტებს ახვევდი.

აი, ახლა ვწერ და ვხვდები, როგორ მომწონს, რასაც ვაკეთებ. მომწონს ყველა ეს სოციალური ქსელი და ამიტომ მაქვს მილიონი "ექაუნთი". მივდივარ, ვბრუნდები, მივდივარ, ვბრუნდები, მივდივარ, ვბრუნდები if you know what I mean...

ტარკოვსკიმ თქვა, ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ სამყარო არასწორადაა მოწყობილიო და პირველად არ დავეთანხმე: სამყარო ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს. სამყარო, უბრალოდ, შექმნილია და მისი მოწყობა (თუ გადაწყობა) პირდაპირ ჩვენზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ჩვენი სოციალური ქსელების პროფილისა და დიზაინის შერჩევა.

ამიტომ, უნდა ვწეროთ, ვწეროთ, მეც და თქვენც. ყველამ, ვინც გრძნობს, რომ ეწერინება და ლამის გული ამოვარდეს ემოციებისგან.
Февраль. Достать чернил и плакать! Писать о феврале навзрыд...

Tuesday, February 22, 2011

საით და სად – 10 წელი


I never regret anything. Because every little detail of your life is what made you into who you are in the end.

Drew Barrymore


დღეს დრიუ ბერიმორის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელსაც იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩემზე მოხდენილი, ვიდრე ნებისმიერ საყვარელ წიგნს ან მუსიკას. დრიუს პოზიტიური როლები, სიცილი და უბრალოება ჯერ კიდევ იმ დროიდან მიყვარდა, 10–11 წლის რომ ვიყავი და მისი პოსტერი (ჟურნალი "ბომონდიდან") კედელზე მქონდა გაკრული.


გადის წლები და მე იმ ასაკის ვხდები, რამხელაც დრიუ 10 წლის წინ იყო; "ჩარლის ანგელოზებში" იღებდა მონაწილეობას, ტომ გრინთან ერთად გიჟობდა და თმებს უცნაურად იჭრიდა. მანამდე 80–იანების ყვავილების ბავშვი იყო, ტანსაცმლის ჩაცმა ხშირად ეზარებოდა და დევიდ ლეტერმანს მაგიდაზე უხტებოდა.
დრიუს ფრაზაც ტყუილად არ მოვიყვანე ეპიგრაფად, ადამიანებს თითოეული წვრილმანი, რაც ცხოვრებაში გვხვდება – გვცვლის, ჩვენზე გარკვეულ კვალს ტოვებს და საბოლოოდ, ისეთ ადამიანებად გვაყალიბებს, როგორებიც ვართ ან გვინდა, რომ შემდეგში ვიყოთ.

უამრავზე უამრავ ფილმში აქვს დრიუს როლი შესრულებული, უმეტესად ტკბილი და სასაცილო გოგოების, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ეძებენ, კარგავენ, ისევ პოულობენ და გზას აგრძელებენ ღიმილით და იმედით, რომ ცხოვრება ზუსტად ისაა, რასაც შენ ქმნი და გიყვარს.

დრიუ დღემდე მაძლევს სტიმულს, ვიყო სასწაულად მხიარული და საკუთარ თავზე გაცინება შემეძლოს, არ შემრცხვეს გრძნობების გამომჟღავნების და იმის, თუ რას იფიქრებენ ადამიანები ჩემზე. როგორც წესი, ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ვიდრე ისინი ჩვენზე სინამდვილეში, რადგან თვითონაც იმაზე დარდობენ, ჩვენ რას ვფიქრობთ მათზე. მოკლედ, ყველაზე კარგია, როცა ადამიანები ერთმანეთზე კეთილად და პოზიტიურად ფიქრობენ, შეცდომების პატიებაც იციან და ხუმრობებზე გაცინებაც.

დრიუ ბერიმორს ეს ყველაფერი შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, იმ დრიუს, რომელსაც მე ფილმებიდან და სურათებიდან ვიცნობ. მეტი არც არის საჭირო, მე ხომ ვიცი, რას ვფიქრობ და თვითონაც იცის, რას ფიქრობს საკუთარ თავზე. საერთოდაც, მე ხომ ამ პოსტს, via დრიუ, საკუთარ თავსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე ვწერ, თქვენც იცით.

დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო და მხიარულო დრიუ! კიდევ მრავალი წელი გაივლის, მეც გავხდები 36–ის და კიდევ ერთხელ დავფიქრდები იმაზე, საით მივდივარ და სად მინდა, ბოლოს აღმოვჩნდე.

Monday, February 21, 2011

რა ყვითელია ეს 21 თებერვალი

Oh, my G-d! Oh my!!!
გაზაფხული მოდის თუ, უბრალოდ, ჩემი ყვითელი სვიტერი მიჭყიტინებს სახეში?
იცით როგორი ამინდია ბერლინში? სასწაულად მოწმენდილი ცისფერი ცა, მზე, მზე, ისეთი მზე, მთელი საუკუნე რომ არ ყოფილა, ალბათ აგვისტოს შემდეგ; მეც სულ ყვითლებში ვარ და ისე მიხარია, თითქოს სამყარო მხოლოდ მზისგან და ჩემი სვიტერისგან შედგება.

ჯერი ჰელიუელს ვუსმენ. ამაზე სპაისური სპაისი ცხოვრებაში არ იარსებებს, ალბათ. დამეთანხმეთ, ყოველთვის კაი ტიპი იყო, ორიგინალური, ცოტა (ცოტა?) თავხედი, წითური და ცოცხალი. ცოცხალი, აი, ისეთი, რომ იტყვი ადამიანზე, რა ცოცხალიაო, თვალები უბრჭყვიალებთ და ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ. რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ ჯინჯერს უფრო ვგავარ და ბავშვობაში baby spice რატომ მიყვარდა მაინცდამაინც?

წუხელ დამესიზმრა, ვითომ ნატამ მომწერა წერილი... რატომ დამესიზმრა, არ ვიცი, ალბათ, დროა, მე მივწერო. წინა ღამით, საერთოდ, დამესიზმრა, რომ საიდუმლო აგენტი ვიყავი, ისეთივე ცივი და ლამაზი, როგორიც ანჯელინა ჯოლია იმ ფილმში, თავის ქმართან ერთად. უცნაური ის იყო, მერე რაღაც კლუბიდან გამომაგდეს და გამეღვიძა. რამდენი ხანია ისე, რაც ჩემს სიზმრებზე აღარ დამიწერია, უცნაურად მძინავს და ვეღარ ვიმახსოვრებ აშკარად. გაზაფხული რომ მოდის, იმედი მაქვს, ჩემი სისხლიც გათბება და სიზმრებიც საინტერესო გახდება...

გუშინ მატარებელში შკვორეცკის "მშიშრების" კითხვა დავიწყე და მაშინვე ძილი მომეკიდა, ერთ წინადადებას ხუთჯერ ვკითხულობდი, რომ გამეგო და მერე თავი დავანებე. რაღაცნაირად, რემარკი მომაგონა წერის სტილით და არ ვიცი, რატომ.

უცნაური თებერვალია წელს, საერთოდ არ ჰგავს იმას, შარშან მე და პასტერნაკი რომ ვწერდით. არ წვიმს, არ თოვს, არც ტალახია, მხოლოდ სასწაულად ყინავს და ყინავს.

21 თებერვალი – Wow!

ბედნიერი კვირა გქონდეთ – მზიანი, ყვითელი, მხიარული და ისეთი, თუ იწვიმებს, let it be raining men, როგორც ჯერი იტყოდა ;)

Friday, February 18, 2011

I vote for Jesse


მიყვარს მე ეს ბიჭი.

სად იყო მარკ ცუკერბერგი (ინგლისურად, ალბათ, ზ – უფრო სწორია, მაგრამ ჩემთვის ც– შაქრულად ჟღერს), როცა ჯესი აისენბერგი ჩემი ერთერთი ფავორიტი ბავშვი მსახიობი იყო. რა ბავშვი, ჩემზე, სულ რაღაც, ერთი წლით დიდია.

იმას არ ვამბობ, რომ "სოციალური ქსელი" ბევრ ოსკარს იმსახურებს, რადგან ბოლომდე არც მინახავს ეს ფილმი. მაინც მგონია, ფეისბუქმა ისე შეცვალა სამყარო, როგორც თავის დროზე ველოსიპედის და რადიოს გამოგონებამ და არ შეიძლება, კინოაკადემიამ ეს არ გაითვალისწინოს. თან ჩვენ რომ ჰოლივუდს ვიცნობთ, რატომღაც მგონია, ეს ფილმი ბევრ კრიტიკოსს "აუჩუყებდა" გულს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული ვინ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ რას უსაყვედურებ ადამიანს, რომელმაც ისტორია შეცვალა, შენ კიდევ – მთელ დღეს მის ქსელში, ფერმის თამაშში ატარებ.

Anyway, screw Mark! I vote for Jesse, the nerdiest hottie of this time! :)

პირველი ფილმი, რაც ჯესის მონაწილეობით ვნახე და სასწაულად მომეწონა "Roger Dodger" იყო; გარდა იმისა, რომ კარგად თამაშობს ტიპური მოზარდის როლს და არ იცის, "ხელები და ფეხები სად წაიღოს", მისი ბიძის როლშიც ძალიან სიმპათიური კემპბელ სკოტია (რომელიც დარწმუნებული ვარ, "Dying Young"–დან გემახსოვრებათ), დიალოგები საინტერესოდ გონებამახვილურია, მერე რომ ფიქრობ და ნამდვილ ცხოვრებას გახსენებს. ჩემნაირ, "ყველანაირი ფილმის", ფრიკებს მოგეწონებათ "იმპერატორის კლუბიც" და ეს ახალი ფილმი "Holy Rollers", რომელიც თავისი უცნაური შინაარსით, ეჭვი მაქვს, ბევრს არც მოეწონება, მაგრამ თუ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ, ვიცხოვროთ; თანაც, მჯერა, ყველაზე უარყოფითიდანაც კი შეიძლება დადებითის სწავლა და გონებრივად გაზრდა, მთავარია ეს გონება გერჩოდეს (რა საკაიფო ზმნაა "გერჩოდეს", გავაფრენ).

Good luck, Jesse, ოსკარამდე! ;)

Friday, February 11, 2011

Live Forever For The Moment

ბედნიერი და მშვიდი შაბათ–კვირა გქონდეთ!!!

თებერვალი კარგად დაიწყო. ისე მშვიდად, როგორც ეს სიმღერა, თან ტკბილად და საინტერესოდ. ასე მგონია, გაზაფხული ნელ–ნელა მოდის... თითქმის უკვე აქაა.

როგორც სიმღერაშია:
Live forever for the moment
Ever searching for the one...



Wednesday, February 9, 2011

ოთხშაბათის გოგოები

ოჰ, სელმა

ჟული

ჩემი უმა

პატარა უინონა

Tuesday, February 8, 2011

მზის სამშაბათი


კარგად ვარ :)
პრაღის სევდამ გამიარა. მეორე დღეა სასწაული მზეა ბერლინში და სასიამოვნოა სიარული.
ლექციებიც ძალიან საინტერესოა და ვგრძნობ, ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მიზანმიმართულია.

ბაკურ სულაკაურის რედაქციას ხელშეკრულებაზე უნდა ხელის მოწერა, მე კიდევ ქართულ კონტრაქტებს არ ვენდობი. შესაბამისად, აქ დავწერ, რომ შეუძლიათ გამოაქვეყნონ ჩემი ეს პოსტი უპრობლემოდ (პრინციპში, კრებული უკვე მზადაა). არა მგონია, რამეზე ხელის მოწერა საჭირო იყოს, როცა ფინანსურ სარგებელს მხოლოდ ერთი მხარე იღებს. ჩემი ბლოგი – ჩემი ყველაზე კარგი ხელშეკრულებაა.

კვირას ლაიპციგში ვიყავი მოტოციკლეტების გამოფენაზე :) სასაცილო იყო, მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, ხშირად ისეთ შტერულ ადგილებში დავდივართ, რომ მხოლოდ ბოლოს ვხვდებით ამას. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა სასწაულ დროს ვატარებთ და ბოლოს ყბები გვტკივა სიცილისგან.

Zara-ში საკაიფო ფასდაკლებებია ისევ. გუშინ ორი ბოლოკაბა ვიყიდე 20 ევროდ.
კიდევ ორი წიგნი 9 ევროდ – სილვია პლატის "The Bell Jar" და ჯეინ ოსტინის "Northanger Abbey".

ჩემი ბავშვობის მეგობრები მენატრებიან: თახვები (იცით, ვინც ხართ).

Thursday, February 3, 2011

ისევ იქიდან

ორჰან ფამუქის "თეთრი კოშკი" წავიკითხე პრაღიდან ბერლინში რომ ვბრუნდებოდი მატარებლით. ჩემს გვერდით ერთი სლოვაკი ბიჭი იჯდა და ის კიდევ ჯონ დარვინის "თემურ ლენგის შემდეგ"–ს კითხულობდა. ისეთი უცნაური იყო. წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანს თავისი წიგნი რომ უკეთესი ჰგონია და უკვირს, როგორ შეიძლება, მე აქ ფამუქის ფილოსოფიურ წიგნს ვკითხულობდე და ვიღაც – მშრალ ისტორიას, თანაც თემურ ლენგზე. იმ ბიჭის სლოვაკობა მაშინ გავიგე, როცა კონტროლიორს ბილეთი აჩვენა და ჩანთა გახსნილი დატოვა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და ჩავიჭყიტე იმის ჩანთაში. მერე წარმოვიდგინე, როგორ ცხოვრობს თავის სლოვაკეთში, ან შეიძლება ახლა უკვე ჩეხეთში, სადაც ბევრი სლოვაკი ცხოვრობს; რისთვის მოდის ბერლინში და რას აკეთებს. უცებ წარმოვიდგინე, რომ მეც ასე ვარ იმ ბიჭივით, დავდივარ და დავდივარ. რა უცნაურია, ზოგჯერ სხვა ადამიანს რომ შეხედავ და შენს თავს ხედავ, ან გინდა, ხედავდე.

იმდენი წიგნის მაღაზია იყო პრაღაში და მე მხოლოდ ერთი წიგნი ვიყიდე. კუნდერას წიგნები აღარ მინდოდა, მაინც ყველა მაქვს თბილისში. კაფკაც მაქვს და მხოლოდ იოზეფ შკვორეცკის "მშიშრები" მომინდა. მერე გამახსენდა, რომ ეს წიგნი, ისევე როგორც პრაღა, თბილისს, საქართველოს მაგონებს; ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, მხოლოდ აზრის თავისუფლად გამოხატვისა არა, ხვალინდელი დღის და საერთოდ, ცხოვრების. ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე წერილებს და მახსენებს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში, მე მაინც ხანდახან მავიწყდება. მაგალითად ის, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოვნა ძნელია და მხოლოდ ტაქსები დადიან; ერთი კილო შაქარი უკვე 3 ლარი ღირს და ყველა ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს. ოღონდ ისიც არ იციან, სად შეიძლება გაიქცნენ და გერმანიის საელჩოს აფარებენ თავს (იმასაც თუ შეფარება ჰქვია)...

მერე თავს ვახსენებ, რომ შორს ვარ და სულ არ არის საჭირო ამდენი ფიქრი და განცდა. ჩემთან ხომ ტრამვაი ღამის 3 საათამდე დადის და შაქარი აქაც არ ღირს 3 ლარზე მეტი. ხვალისაც არ მეშინია, მაგრამ ის საზიზღარი მეფე ხომ არ ვარ, რომელიც ამბობდა, apres moi le deluge–ო, საწყალ სულხან–საბას, კიდევ, იმედი ჰქონდა ("მისი" ლუი, XIV იყო, მაგრამ რა განსხვავებაა). ამას ვერასოდეს ვიტყვი.

პრაღამ ისე გამიღვიძა მიძინებული ნოსტალგია და სევდა. ისე ჰგავს თბილისს, მასაც ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე და სანაპიროც ჰგავს რიყეს. ქუჩაში ბევრი მათხოვარი ზის, ზოგი მოდის და გიყვება, რომ სლოვაკეთიდან, ხორვატიიდანაა...
ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ პრაღაში, ლამაზად აცვიათ და მშვიდად საუბრობენ, ქუჩაში კითხულობენ და ცოტას ეწევიან... რუსულიც უმეტესობას ესმის, მაგრამ სიხარულით არ საუბრობენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, ყველა ძალიან ცდილობს საბჭოთა კავშირის დავიწყებას და ევროპასთან "განსხეულებას", თან რაც შეიძლება სწრაფად და უკანმოუხედავად.
თუმცა, თბილისისგან განსხვავებით, პრაღაში ლამაზი ტრამვაი დადის. მე ძველი, მრგვალი, წითელი ტრამვაი მომეწონა, მოქსოვილქუდიანი მოხუცები რომ სხედან ფანჯარასთან და ახალგაზრდებს ათვალიერებენ, ან სუსნაობენ. მიყვარს, მოხუცებს კანფეტები რომ უყვართ...

დღეს მეც ჩემს "თეთრ კოშკში" ვზივარ ფამუქის გმირივით, მუსიკას ვუსმენ, ვწერ, ვკითხულობ და ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო, არც პრაღაზე, არც თბილისზე, ბერლინიც დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის.
ეს პოსტიც იმის ნიშანია, რომ არ გამომდის.

Wednesday, February 2, 2011

Mé srdce patří do Prahy

By Liora Korob

პრაღის შემდეგ აღარ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა, სად მინდა ან რატომ მინდა. ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია, არცერთი მოგზაურობის შემდეგ ასეთი სევდა არ მიგრძვნია. მართლა იქ დამრჩა გული, სული და გონების ყველაზე დამალული კუთხეებიც.


სამი დღე გავატარე პრაღაში.
ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა. ვიარე, ძალიან ძალიან ბევრი ვიარე, მიუხედავად გაუსაძლისი ყინვისა და სახსრების გათოშვისა. გავსინჯე ჩეხური ლუდი და ვიჯექი ძველ, ულამაზეს პაბში ჩემს ფორთოხლისფერ მეგობართან ერთად.

ხედი ჩემი ოთახიდან

მთელი სამი დღის განმავლობაში ვფიქრობდი მილან კუნდერაზე... ვფიქრობდი მის შეშლილ, სევდიან, ვნებიან და სივრცულ გმირებზე. კაფკას აჩრდილზე... პრაღის მაჰარალსა და მის ცნობილ გოლემზე, რომელიც ახლაც სევდიანი იმალება სინაგოგის ზემო ნაწილში და თავის ოსტატს ელის.

არ ვიცი, ეს თვითონ პრაღა ხდის ადამიანებს მწერლებად თუ მწერლებმა გახადეს პრაღა ასეთ უცნაურ ქალაქად, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთში იმდენად ირევა, ბედნიერიც კი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები. შეიძლება, მე მაქვს ზედმეტად ბევრი ჩეხი მწერლის წიგნი წაკითხული და მთელი ეს მოგზაურობაც ამიტომ გავატარე ნახევრად სომნამბულურად.
ერთადერთი, რაც ნამდვილად გავიგე, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქია, ლამაზი ადამიანებით, წიგნებით და ენით, რომელიც, დღემდე მგონია, რომ მესმის და როცა მელაპარაკებოდნენ, სხვებსაც ეგონათ, მესმოდა.
მესმის.