Wednesday, April 30, 2014

სასწაულები რომ ხდება, იმაზე და კიდევ ჩემს სხვა სიბრძნეებზე

მინდა, ერთი სასწაული ამბავი გაგიზიაროთ. ჩემს ერთ ამერიკელ ნაცნობ წყვილს თითქმის მთელი 10-12 წელი არ ჰყავდა შვილი, მერე აყვანა გადაწყვიტეს და ორი საყვარელი ტყუპი ბიჭუნა იშვილეს. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, როცა პატარა ბიჭები ორი თვისები იყვნენ, ამ ქალმა აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო პირველად თავის ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ სიხარული. თანაც ოთხმაგი :) 9 თვის შემდეგ ამ წყვილს კიდევ ორი ტყუპი ბიჭი შეეძინა.
არ ვიცი, შეიძლება ზოგისთვის არაფერი, მაგრამ წარმოიდგინეთ იმ ოჯახის სიხარული და სისავსე. ეს ამბავი როცა გავიგე, მაშინ ჯერ შვილები არ მყავდა და დიდად არ გადავრეულვარ. უბრალოდ, მათი დიდი ხნის მოლოდინი, იმედგაცრუება და დარდი რომ ღმ-ერთმა ასეთი დიდი სიხარულით შეცვალა, ძალიან გამიხარდა. სანამ ადამიანს საკუთარი შვილები არ გეყოლება, არ გამოცდი ტკივილებს, უძილო ღამეებს, დაქანცულ ბეჭებსა და გულის აჩქარებას, როცა შენი შვილი პირველად დედას დაგიძახებს, რთულია სხვების სიხარულის გაზიარება.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მინდა დღევანდელი პოსტი ყველა უშვილო ოჯახს მივუძღვნა, რომელსაც ძალიან უნდა ბავშვები. მინდა არასოდეს დაკარგონ იმედი და იცოდნენ, რომ სასწაულები ხდება, რადგან, სინამდვილეში, არაფერია ბუნებისთვის შეუძლებელი.

ახლა შევეცდები გავიხსენო, თუ რა ვისწავლე ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც დედა გავხდი.
რა ვისწავლე და როგორ გავიზარდე, როგორც ადამიანი და არა მხოლოდ დედა ;)


(ვგიჟდები ამ ქალის ფოტოებზე, ნახეთ რა)



მოთმინება

ამაზე აუცილებელი თვისება და ცნება არ არსებობს.
იცით რატომ აღწევს პიკს გაყრილი ოჯახების რიცხვი? ზუსტად. იმიტომ, რომ ადამიანებს მოთმინების უნარი არა აქვთ. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მოთმინებას, თუ ოჯახში სერიოზული პრობლემებია და ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას უფუჭებენ. მე ვგულისხმობ, მაგალითად, აზრთა სხვადასხვაობებს, რაც ყველა წყვილს შორის ხდება, განსაკუთრებით იმის შემდეგ, როცა ბავშვი იბადება, მათი მშვიდი ცხოვრება იცვლება: კლასიკური ამბავი, როცა ცოლი ბავშვს უვლის, ქმარი დილაადრიან მიდის სამსახურში, დაქანცული მოდის და გემრიელი ცხელ-ცხელი სადილის მაგივრად შემწვარი კარტოფილი ხვდება. არცერთს აქვს ძველი რომანტიკის გახსენების თავი, მხოლოდ ძილი ენატრებათ და აინტერესებთ.
სწორედ მაშინაა აუცილებელი მოთმინება და იმის ცოდნა, რომ ესეც გაივლის, როგორც ყველაფერი, ისევ იქნებიან ახალგაზრდები და ყველაფრისთვის ექნებათ დრო და სურვილი.
ბავშვის ყოლა ზუსტად ამ მოთმინებას აძლიერებს.

გულწრფელად ვთქვა, თუ მტირალა და ჭირვეული ბავშვი "შეგხვდა", არაფერსაც არ აძლიერებს ნევროზულობის გარდა და ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო ემოციების მოსათოკად და გასაანალიზებლად, რომ ბავშვი არაფერ შუაშია: თუ ტირის, ესეიგი რაღაც აწუხებს, რადგან არცერთი ჯანმრთელი ბავშვი არ ტირის უმიზეზოდ (მუცელი სტკივა, შია, საფენი აქვს გამოსაცვლელი, ძილის დრო გადაუცდა და გადაიღალა);
ეზრაზე მიჭირდა და ხშირად ვკარგავდი მოთმინებას, აარონზე უკვე მეტი გამოცდილება მაქვს და მიუხედავად იმსა, რომ ეზრაზე ძლიერი კოლიკები აქვს და ტირილიც უარესი იცის, აღარ ვნერვიულდები და როცა ბავშვი მშვიდ დედას გრძნობს, ისიც მალე მშვიდდება და მაშინვე იძინებს.



გაგება

პიველ რიგში საკუთარი მეუღლის (ქმარმა ცოლის და პირიქით).
ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ ექსპერტი ვარ მამაკაცის ფსიქოლოგიის და ბოლომდე მესმის ჩემი ქმრის, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის დადებითად განვსაჯო და ჩემი ერთერთი საყვარელი მასწავლებლის მეუღლის რჩევა გავიხსენო, რომელიც ნიშნობის დღეს მომცა: იცოდე, შენს ქმარს ყოველთვის ძალიან ეყვარები და შენთვისაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი იქნება, ამიტომ როცა უთანხმოება გექნებათ და გეგონება, რომ თავზე გექცევათ სამყარო და ქორწინება აბსურდია, გაიხსენე, რომ არც მას უნდოდა შენი წყენინება და არც - შენო. სასწაულად მეხმარება ამის გახსენება. არ არსებობს წყვილი, რომელსაც უთანხმოება არ მოსდის, არ კამათობს და ზოგჯერ ერთმანეთსაც არ აწყენინებს.
მთავარია ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება და ყველაფერი კარგად იქნება.

ამ პუნქტში კიდევ, მინდა, ჩემი ერთი საყვარელი მკითხველის შეკითხვას გავცე პასუხი: მეუღლესთან კამათისას არასოდეს გაიხსენოთ ძველი წყენები და ბევრი თემა ერთმანეთში აურიოთ. იკამათეთ ერთი პრობლემის ირგვლივ და მის გადაწყვეტას შეეცადეთ. ასევე არასოდეს და არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა ძნელად გეჩვენებოდეთ, არ ახსენოთ მეუღლის აღზრდა და მშობლები/და-ძმა, რადგან ადამიანს რაც უნდა უთხრა, ისე არ ეწყინება და გულს არ ატკენს, როგორც ახლობელი ადამიანების ძაგება და დაცინვა. ამას გარდა, თუ მეუღლე გიყვარს, მის ახლობლებსაც უნდა სცემდე პატივს და არ რევდე კონფლიქტში, თუკი ისინი არ ერევიან.
საყვარელო ერთგულო მკითხველო მზიანი ქვეყნიდან, მადლობა, რომ მენდე და შენი პრობლემა გამიზიარე, თანაც ბლოგზე დაწერის ნებაც მომეცი.



იუმორი

ვცდილობ (და ხომ მიცნობთ, დიდად არც მიჭირს), მზიანი განწყობა შევინარჩუნო ყოველთვის, რადგან როგორც დედა გრძნობს თავს, ისე მთელი ოჯახი. ვიცი, რომ ჩემი მეუღლისა და შვილების ხასიათიც ჩემზეა დამოკიდებული, ამიტომ ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო, წვრილმან სირთულეებზე არ ვიდარდო და არ გავბრაზდე, როცა ეზრას მოხარშული კვერცხი იატაკზე უვარდება და მერე შთაგონებული ხელოვანი, კვერცხის გულს იატაკზე ტიტყნის :D ან როცა დღეში ცხრაჯერ მიწევს ტანსაცმლის გამოცვლა, რადგან ხან აარონი "მკოცნის" თავისი რძიანი პირით და ხანაც ეზრა "მეფერება" ჭუჭყიანი ხელებით. ამ ყველაფერს მხიარულად ვხვდები (ყოველთვის არა, მით უმეტეს თუ გამოუძინებელი და თმაგაჩეჩილი ვარ) და მადლობელი ვარ შემოქმედის ყველაფრისთვის!
ვისაც ჩემი იუმორი ახალისებს, შეუძლია ტვიტერზე შემოუერთდეს one woman show-ს :)

დღეისთვის სულ ეს იყო.
ბედნიერ მაისს გისურვებთ, თბილს, რბილსა და სურნელოვანს. შხაპუნა წვიმიანს, მხოლოდ საქართველოში რომ იცის და ოოოჰ, რამდენჯერ მიცეკვია და მირბენია ასეთი წვიმის ქვეშ...

Sunday, April 27, 2014

დედის ქრონიკისთვის

რამდენიმე დღის წინ სერიოზული აზრები მომდიოდა პოსტისთვის, მაგრამ ბუნებრივია არ მეცალა. ახლა, როცა ცოტა დავისვენე და მოვიცალე, საერთოდ ვეღარაფერს ვიხსენებ და სავარაუდოდ, ისევ დედური პოსტი გამომივა :D

მაშ ასე, დედური ქრონიკა:

ეზრა როგორი ჯიუტად დამხმარე პირველი შვილია, ჩემმა მკითხველებმა კარგად იცით. ვიცი, გაინტერესებთ, პატარა ბებიკი აარონი როგორიღაა.
[მე ცოტა ეზრასთან შედარებაც მაინტერესებდა და გადავხედე ძველ პოსტს, სადაც ეზრა თითქმის აარონის ასაკისაა და მივხვდი, რომ საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.]

  • აარონს მუქი ფერის თმა და ღია ლურჯი თვალები აქვს, რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ ბევრჯერ შეეცვალოს, რადგან ეზრასაც იმ ასაკში მოლურჯო თვალები ჰქონდა და ახლა თაფლისფერ-მწვანე გაუხდა.
  • ეზრასგან განსხვავებით, აარონმა ლამის დაბადებიდან დაიწყო სიცილი, მაშინ როცა სერიოზული ეზრა მხოლოდ მამას უღიმოდა თვენახევრიდან და დანარჩენებს არც გვამჩნევდა :D
  • რამდენადაც მზიანი და მოცინარია, აარონს ტირილიც ასეთივე ძლიერი აქვს და მის ატირებას ყველაფერი ჯობია, მთელ გულ-მუცელს ამოგიტრიალებს თავისი ხმით.
  • ის ყბადაღებული კენგურუ BabyBjörn, რომელზეც სულ ცუდად ვსაუბრობდი, აარონს ძალიან მოსწონს და საათობით შეგვიძლია სეირნობა, სძინავს ჩემზე ასე ჩამოკიდებულს, სანამ მე ბეჭები არ მომწყდება.
  • ეზრას თუ თავისი გაქუცული ცუგას ყურება უყვარდა, უმცროს ძმას ახლა თავისი აქტიური უფროსი ძმა ართობს და შესაბამისად, აარონი სულ ეზრას უყურებს და უცინის. მუცელშიც როცა მეჯდა, ეზრას ხმაზე ყოველთვის განსაკუთრებულად რეაგირებდა და მოძრაობას იწყებდა. 
  • ის ტანსაცმელი, რაც ეზრას 3-4 თვისას ეცვა, 2,5 თვის აარონს ახლა აცვია, ბუნებრივია, სულ ეზრას ტანსაცმელი (99,5% - პესახისთვის ახალი "კოსტიუმი" ვუყიდეთ, რომ მთლად დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი :ლოლ: ), ჩემნაირი მინიმალისტი და სოციალისტი დედა რომ ტანსაცმელში ფულს არ გადაყრის, ხომ იცით. თანაც რა ჯობია, როცა უფროსი ძმის ტანსაცმელი უმცროსს რჩება; ისეთი თბილი გრძნობაა, თითქოს ყველაფერი თავიდან მეორდება და ზემო თაროზე შენახულ პატარა შარვლებსა და პერანგებს ახალი ბურთულა ბებიკი ხმარობს.
  • ეზრას 6 თვემდე ანგელოზივით ეძინა თავის საწოლში, აარონი კი ზუსტად იმ ლომის ბოკვერივითაა, ბლოგის მარჯვენა მხარეს მასვე რომ აღნიშნავს, სულ ჩემზე მოკრული. გამთენიისას ეზრაც შემოვარდება ოთახში და ზუსტად ასეთი სურათი წარმოგიდგებათ, ოღონდ ერთი შრეკუნიათი ნაკლები :D



დიდი მადლობა, ვისაც ამ პოსტის წაკითხვა არ დაეზარება, კეთილად გაეღიმება და იტყვის, ბედნიერები და ჯანმრთელად იყავითო, იმიტომ რომ მე ზუსტად ამას ვუსურვებ ჩემს კეთილ და თბილ მკითხველებს.

სასიამოვნო კვირადღე გქონოდეთ!!!

Thursday, April 10, 2014

ამენ!

ბავშვი რომ მშობლებისა და თავისი ოჯახის სარკეა, ხომ ყველამ ვიცით.

ეზრა ჯერჯერობით დიდად არ ლაპარაკობს, შეიძლება ითქვას, სულ რამდენიმე სიტყვას ამბობს გასაგებად და დანარჩენს - თავის ენაზე. ზოგმა მითხრა, ეგ იმიტომ, რომ ბიჭია და ბიჭები კიდევ ნელა აკეთებენ ყველაფერსო, ზოგმა - რამდენიმე ენაზე რომ ესაუბრებით, ამიტომ აგვიანებს ენის ადგმასო და მე როგორც sunny დედა, ვფიქრობ, გენეტიკის ამბავი უნდა იყოს. ჩემს ქმარსა და მის ძმასაც გვიან დაუწყიათ ლაპარაკი.

მოკლედ,
ეზრამ იცის, როცა მამა ლოცვას ამბობს და ამთავრებს, ვამბობთ - ამენ! როცა კარგ რაღაცებს ვუსურვებთ ერთმანეთს, ვპასუხობთ - ამენ!
ჰოდა, გუშინ სამზარეულოში ძალიან გულით რომ მეხმარებოდა, სკამი ნიჟარასთან მოადგა და ჭურჭლის დარეცხვა მოინდომა, ფეხი გაუსხლტა და კატასავით, ისე სწრაფად დავიჭირე ჰაერში, რომ ორივეს გული ამოვარდნაზე გვქონდა.
მეთქი, ეზრა, დედას გარეშე არ შეიძლება სკამზე ასვლა, გადმოვარდები და რამეს იტკენ, ღმ-ერთმა დაგიფაროს!
ამენ! - მეუბნება ეზრა სერიოზული სახით.
არ შემეძლო, გაბრაზების მიუხედავად, არ გამეცინა.

მაგრამ პოსტი მხოლოდ ეზრას საყვარელ სიტყვას არ ეხება.

გუშინ ახალ ამბებს ვუყურებდი საღამოს ინტერნეტ-სტრიმინგით რაღაც რუსულ არხზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებს, მერე ქეთის ეს პოსტი გამახსენდა და სასწაულად დამიმძიმდა გული. ახალი ამბების შემდეგ პატარა გადაცემა იყო ყირიმზე და უკვე ისე აჩვენებდნენ, როგორც რუსეთის ნაწილს, ვითომ არაფერი მომხდარიყოს...

იყო დრო, პოლიტიკა მაინტერესებდა, სოციალურ-საზოგადოებრივი ამბებიც და ვწერდი კიდეც ამაზე, ახალგაზრდა ვიყავი, სტუდენტი და მეტი რა მინდოდა. ახლა კი ვუყურებ საინფორმაციოს, ვკითხულობ სხვადასხვა სტატიებს და საშინლად ვღიზიანდები, ხმამაღალი, წიკვინა ჟურნალისტებით და კიდევ უარესი "მწერლებით", იმიტომ რომ სინამდვილეში არავის არაფერი აინტერესებს და როგორც ყოველთვის, უბრალო ხალხი იტანჯება.
შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს უკრაინა, როგორც სახელმწიფო.
ყველას თავისი ადარდებს, ხომ იცით; ვერ ვიტყვი, უკრაინა ძალიან მიყვარს-მეთქი, განსაკუთრებით მისი ნაციონალისტი დასავლეთი ნაწილი, სადაც სისხლისმსმელ ბანდერას და ხმელნიცკის გმირებად თვლიან, უბრალოდ უკრაინაში ზუსტად იგივე განმეორდა, რაც ჩვენთან, აფხაზეთის წართმევისას და ამაზე მწყდება გული. ყირიმელებს იმაში მაინც გაუმართლათ, რომ თავისი სახლებიდან არავინ გამოყრის და მთელი ცხოვრება შემაწუხებელი ლტოლვილის სტატუსი არ ექნებათ.

ამენ-ით რატომ დავიწყე, აღარ მახსოვს, თანაც 2 პატარა ბავშვის დედას, რომლის უფროს შვილსაც ერთი კვირის წინ 2 წელი შეუსრულდა და მეორე პატარას კიდევ - 2 თვე, ლოგიკა არ მოეკითხება. იმას კი, ვინც დაღლილ დედებს, ქალებს და საერთოდ, ადამიანების გრძნობებს დასცინებს, შეუძლია ისევ გაიარ-გამოიაროს :P


მშვიდობა გვქონოდეს ყველას! სულიერი მშვიდობა არ კმარა თურმე, ფიზიკურიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უნდა მშვიდი იყო, თუ შენ გარშემო ომი, ტკივილი, გაჭირვება და უსამართლობა იქნება, მაინც იმოქმედებს შენზე; განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე შვილები გყავს და ეს სამყარო მათთვის და მათი თანატოლებისთვის გინდა. სამყაროს კი მშვიდობა და სიკეთე სჭირდება, რომ ბავშვებიც ასეთები გაიზარდონ.

მშვიდობა თქვენდა, ჩემო საყვარელო მკითხველებო, როგორც ძალიან გონიერი და ქარიზმატული ღმერთის შვილი იტყოდა.
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!!!
სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩემს ყველა მკითხველს.
ამენ!

განსაკუთრებული თბილი მოკითხვა თის!
ასევე განსაკუთრებული სიყვარული და თბილი, მზიანი ჩახუტებები მაყვლისფერთვალება პატარა გოგოს დედას პეპის სამშობლოში და დიდი მადლობა წერილისთვის!!! ძალიან დიდი მადლობა!

მუდამ თქვენი

Sunny Mama სოფი :)

Friday, April 4, 2014

დედის 3 ხერხი (არაპირდაპირი გაგებით)

პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან გაზაფხული უკვე მოვიდა, მთელი კვირაა 20 გრადუსს არ ჩამოსცდენია სითბო. ზამთარიც უცნაურად თბილი გვქონდა. ახლა ვშიშობ, უცებ მაისში არ აურიოს და თოვლი არ მოვიდეს, მაგრამ მანამდე დიდი დროა და დღეს დედის 3 ხერხზე დავწერ, რომელსაც მე ვიყენებ განსატვირთად.

ყველამ ვიცით, შვილებისა და ლეკვების ყოლა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ დამეთანხმება ამაში.
ზოგს ანგელოზი ბუნჩულა შვილები ჰყავს, ზოგს - ანგელოზი, მაგრამ პატარა ეშმაკუნასთვალებიანი, რომელიც მუდამ ახალ-ახალ ოინებს იგონებს.
ამ დროს როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ჩემნაირმა წერა-კითხვა-ცეკვის მოყვარულმა დედამ?



1. დახმარება

მართალია ეზრა ჯერ 2 წლისაა (დიახ, უკვე გახდა ორის! ვაშა!), მაგრამ სასწაულად უყვარს წესრიგი, რომელსაც ზოგჯერ მისებური გაგება აქვს, ბუნებრივია.

მაგალითად, როცა სარეცხის მანქანა რეცხვას მორჩება, ეზრას მოაქვს თეთრეულის კალათა, იცის კარების გაღება და გარეცხილებს ამ კალათაში ჩაწყობა.
ეს უკვე ნახევარი საქმეა, მე მხოლოდ მისი გაფენაღა მრჩება.
ან როცა მაღაზიიდან მოვალთ, ეზრა ჩანთებიდან ამოაწყობს პროდუქტებს და თაროებზე თვითონ შეალაგებს.
თავიდან ვბრაზდებოდი, რომ სტაცებდა ყველაფერს ხელს და სამზარეულოში მიათრევდა, მეშინოდა, არ გაეტეხა, არ გაეფუჭებინა, მაგრამ მერე მივხვდი, დამოუკიდებლობა უნდა მიმენიჭებინა და მისი ნდობა მქონოდა, რომ არაფერს გატეხავდა (გატეხდა ძალიან ხელოვნურად ჟღერს ;) გრამატიკა ბოლომდე არ დამვიწყებია). ასეც მოხდა.
ახლა ეზრამ "იცის", რომ უფროსი ძმაა, შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა აქვს და დახმარებაც კარგად გამოსდის.

2. იაფი სათამაშოები 

ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ბევრი და ძვირი სათამაშოების ყიდვისა, განსაკუთრებით ჭყიპინა მუსიკალური მოწყობილობებისა, რომლებიც ბავშვს აღიზიანებს, არაფერს ასწავლის და მეც თავს მატკიებს.
თანაც შევამჩნიე, ეზრას ბევრად მოსწონს პლასტმასის ბოთლები, კოვზები და ჭიქები, რომლებსაც ერთმანეთში აწყობს, ან ფერებისა და ზომების მიხედვით ალაგებს;
რა თქმა უნდა, ხმაურიანი სათამაშოებიც გვაქვს, რომლებიც ახლობლებმა აჩუქეს, მაგრამ უმეტესად ასეთი იაფი სათამაშოებით ერთობა, რომლებიც გონებასა და მოტორიკას უვითარებენ.

3. ახალი ბებიკი

გარდა ორი წლის ეზრასი, სახლში გვყავს თითქმის ორი თვის ბებიკი აარონი, რომელსაც საშინელი კოლიკები აწუხებს ზუსტად მაშინ, როცა ეზრას სძინავს, შესაბამისად სულ ხელში უნდა მეჭიროს და ვარწიო, რომ დამშვიდდეს და ეზრაც არ გააღვიძოს.

რისი გაკეთება შეუძლია დედას თოთო ბავშვით ხელში?
ცეკვა.
მართლა გეუბნებით.
მშვენივრად ვავარჯიშებ ხელებს და ფეხებს.
გააჩნია, ცხოვრებას როგორ შეხედავ.

ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტის გარდა, განტვირთვაში (ეს ცნება ამჟამად ძალიან სასაცილოდ მეჩვენება) მეხმარება სუფთა ჰაერზე სეირნობა, კეთილი დედების ბლოგები და ფორთოხალი :D გაზაფხულზე ყველას ბევრი ვიტამინი გვჭირდება, სანამ ახალი გემრიელი ხილი მოსულა და ამიტომ ფორთოხალს ვწურავ და ყველანი მისი წვენით ვტკბებით. არ ვიცი, აარონს რამდენად მოსწონს, მაგრამ დანარჩენები კმაყოფილები ვართ.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, მზეს და სინათლეს!!!