Friday, April 4, 2014

დედის 3 ხერხი (არაპირდაპირი გაგებით)

პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან გაზაფხული უკვე მოვიდა, მთელი კვირაა 20 გრადუსს არ ჩამოსცდენია სითბო. ზამთარიც უცნაურად თბილი გვქონდა. ახლა ვშიშობ, უცებ მაისში არ აურიოს და თოვლი არ მოვიდეს, მაგრამ მანამდე დიდი დროა და დღეს დედის 3 ხერხზე დავწერ, რომელსაც მე ვიყენებ განსატვირთად.

ყველამ ვიცით, შვილებისა და ლეკვების ყოლა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ დამეთანხმება ამაში.
ზოგს ანგელოზი ბუნჩულა შვილები ჰყავს, ზოგს - ანგელოზი, მაგრამ პატარა ეშმაკუნასთვალებიანი, რომელიც მუდამ ახალ-ახალ ოინებს იგონებს.
ამ დროს როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ჩემნაირმა წერა-კითხვა-ცეკვის მოყვარულმა დედამ?



1. დახმარება

მართალია ეზრა ჯერ 2 წლისაა (დიახ, უკვე გახდა ორის! ვაშა!), მაგრამ სასწაულად უყვარს წესრიგი, რომელსაც ზოგჯერ მისებური გაგება აქვს, ბუნებრივია.

მაგალითად, როცა სარეცხის მანქანა რეცხვას მორჩება, ეზრას მოაქვს თეთრეულის კალათა, იცის კარების გაღება და გარეცხილებს ამ კალათაში ჩაწყობა.
ეს უკვე ნახევარი საქმეა, მე მხოლოდ მისი გაფენაღა მრჩება.
ან როცა მაღაზიიდან მოვალთ, ეზრა ჩანთებიდან ამოაწყობს პროდუქტებს და თაროებზე თვითონ შეალაგებს.
თავიდან ვბრაზდებოდი, რომ სტაცებდა ყველაფერს ხელს და სამზარეულოში მიათრევდა, მეშინოდა, არ გაეტეხა, არ გაეფუჭებინა, მაგრამ მერე მივხვდი, დამოუკიდებლობა უნდა მიმენიჭებინა და მისი ნდობა მქონოდა, რომ არაფერს გატეხავდა (გატეხდა ძალიან ხელოვნურად ჟღერს ;) გრამატიკა ბოლომდე არ დამვიწყებია). ასეც მოხდა.
ახლა ეზრამ "იცის", რომ უფროსი ძმაა, შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა აქვს და დახმარებაც კარგად გამოსდის.

2. იაფი სათამაშოები 

ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ბევრი და ძვირი სათამაშოების ყიდვისა, განსაკუთრებით ჭყიპინა მუსიკალური მოწყობილობებისა, რომლებიც ბავშვს აღიზიანებს, არაფერს ასწავლის და მეც თავს მატკიებს.
თანაც შევამჩნიე, ეზრას ბევრად მოსწონს პლასტმასის ბოთლები, კოვზები და ჭიქები, რომლებსაც ერთმანეთში აწყობს, ან ფერებისა და ზომების მიხედვით ალაგებს;
რა თქმა უნდა, ხმაურიანი სათამაშოებიც გვაქვს, რომლებიც ახლობლებმა აჩუქეს, მაგრამ უმეტესად ასეთი იაფი სათამაშოებით ერთობა, რომლებიც გონებასა და მოტორიკას უვითარებენ.

3. ახალი ბებიკი

გარდა ორი წლის ეზრასი, სახლში გვყავს თითქმის ორი თვის ბებიკი აარონი, რომელსაც საშინელი კოლიკები აწუხებს ზუსტად მაშინ, როცა ეზრას სძინავს, შესაბამისად სულ ხელში უნდა მეჭიროს და ვარწიო, რომ დამშვიდდეს და ეზრაც არ გააღვიძოს.

რისი გაკეთება შეუძლია დედას თოთო ბავშვით ხელში?
ცეკვა.
მართლა გეუბნებით.
მშვენივრად ვავარჯიშებ ხელებს და ფეხებს.
გააჩნია, ცხოვრებას როგორ შეხედავ.

ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტის გარდა, განტვირთვაში (ეს ცნება ამჟამად ძალიან სასაცილოდ მეჩვენება) მეხმარება სუფთა ჰაერზე სეირნობა, კეთილი დედების ბლოგები და ფორთოხალი :D გაზაფხულზე ყველას ბევრი ვიტამინი გვჭირდება, სანამ ახალი გემრიელი ხილი მოსულა და ამიტომ ფორთოხალს ვწურავ და ყველანი მისი წვენით ვტკბებით. არ ვიცი, აარონს რამდენად მოსწონს, მაგრამ დანარჩენები კმაყოფილები ვართ.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, მზეს და სინათლეს!!!


10 comments:

Natalia said...

ბებიკი <3

Toma said...

mshvenieri strategiebi gipovnia.

dzalian kargia rom ufrosi shvili gexmareba, imashi rac shuedlia. sxvatashoris agmochnda rom aset shemtxvevebshi ufrosi shvilis umcrosisadmi echvianoba ufro mcirdeba.

Sophie שרה Golden said...

ნატალია, ხო, cuteness :)

ტომა, მადლობა. ხო, მართლა ძალიან კარგი საშუალებაა ეჭვიანობის ასაცილებლად, რაც ამ ეტაპზე გამომდის და იმედია, ასე გაგრძელდება.

babisa said...

გილოცავ მოგვიანებით ეზრას დაბდღეს, სულ მახსენდება ხოლმე,რომ 'ჩვენები' ერთ დღეს არიან დაბადებულნი :) მე ის მიხარია, ჩემი წლის რომ გახდა, ასე მგონია, ცოტა დიდია და მალე მეშველება :ოპტიმიზმი:

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა, ბაბისა, ძალიან მესიამოვნა, რომ გახსოვს "ჩვენების" ერთი დაბადების დღე :) მაინც ეს ვერძები რა არიან, ხო? არაუშავს, გავუძლოც ცოტაც და გაიზრდებიან :ლოლ: :D

Keti said...

სამივე ხერხი არაჩვეულებრივია, სოფი!
ძალიან მომწონს, ეზრას დამოუკიდებლობის უნარებს რომ უვითარებ. მგონია, რომ ეს მომავალში მასაც და ყველა პატარას ძალიან გამოადგება – პასუხისმგებლობიან, მზრუნველ ადამიანად ჩამოაყალიბებს

ცეკვის იდეა მომეწონა :)

Eliza Doollittle said...

ცეკვა ვცადე :) მართლა კარგია :)

Anonymous said...

ბავშვებს მოსწონთ როცა თავს დამოუკიდებლად გრძნობენ და თავს ძალიან ამაყად გრძნობენ :)) ძალიან მცირე შანსია რომ ამ დროს რაიმე გააფუჭონ/გატეხონ, ყველაზე ცელქებმაც კი.
მერე რა რომ პატარაა :) ყველაფერს გააკეთებს რაც უნდა, თუ არ იცის აუცილებლად ისწავლის. :) მთავარია მოქმედების საშუალება მიეცეს.

babisa said...

ჰო, გინდა-არ გინდა, მაინც მოქმედებს ეს ვერძობა, ძაან ჯიუტი,თავისნათქვამა და ცოტა ჭირვეულები არიან, რაც დედისთვის მათი პატარაობის ფონზე- რთულია :)) თუმცა, მიხარია, რომ გაიზრდება ეს თვისებები გამოადგებამეთქი,ჰაჰჰაჰ

Sophie שרה Golden said...

ქეთი, მადლობა. იმედი მაქვს, ასე იქნება.
ხო, ცეკვა კარგი რამეა :D

ელიზა, მიხარია, რომ შენც მოგეწონა ცეკვის იდეა :D

გიჟმაჟ, ზუსტად! აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში :)

ბაბისა, მეც ზუსტად ასე მგონია, რომ ეს თვისებები დიდობაში აუცილებლად გამოადგებათ. არასოდეს გაივლიან სხვის ჭკუაზე და საკუთარ გადაწყვეტილებებს მტკიცედ დაიცავენ (ოღონდ მთავარია, სწორი იყოს ეს გადაწყვეტილებები, ღმერთო!!! :D )