Monday, November 30, 2009

Wish you a happy...


გუშინ წავედით ბერლინის ებრაულ მუზეუმში, სადაც სახანუკო ბაზარი და უფასო თოჯინების თეატრი მოეწყო.

თეატრი ბავშვობიდან მძულს. მსახიობები რომ თამაშს იწყებენ (პრინციპში, სხვა რა უნდა დაიწყონ), ხმებს იცვლიან, პლუს ამას დავუმატოთ მარიონეტები და გაქცევა მოგინდება ადამიანს.

ამ სახანუკო სპექტაკლში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ყველას ეცინებოდა ჩემი და ბავშვების გარდა :| მე - გერმანული არ მესმოდა და ბავშვებს კიდევ - დიდური იუმორი, რომ თოჯინებს ძმები კოენები და ვუდი ერქვათ. ეს საერთოდ მაგიჟებს, მშობლებისთვის რომ დგამენ სპექტაკლებს. ბოლოს სპექტაკლი დამთავრდა საშობაო მელოდიაზე მოგონილი სიმღერით: "We wish you a happy Hanukkah... and merry jew year!", so dumb, man!

კიდევ ერთხელ დავეთანხმე ჰოლდენს, რომ კინო, თეატრი - ბითურული სანახაობებია. იმის მაგივრად, რამე თბილი და საყვარელი ზღაპრები გაუკეთონ ბავშვებს, ხმებს სასწაულად იცვლიან - ღრიალებენ, ოხრავენ, ხითხითებენ და დარბაზში დარჩენა მარტო მშობლებს უნდათ. რამდენიმე ბავშვმა კი მოახერხა და მშობლებს გარეთ გააყვანინა თავი.

არ ვიცი, ხანუკა იმდენად კომერციული დღესასწაული გახადეს, რომ სულიერად ვერ აღვიქვამ და თავში სულ ამერიკული ფილმები მიტრიალებს. თვითონ ბაზარს რაც შეეხება, ისიც ჩვეულებრივი წინასადღესასწაულო ბაზრობა იყო, უინტერესო ნივთებით, რომელსაც ცეცხლის ფასი ადევს და რომც არ ედოს, ყიდვის სურვილი მაინც არ გაგიჩნდება.

ჩვენ რაბი როუზის ბავშვები გვყავდა წაყვანილი სპექტაკლზე და იქიდან რომ წამოვედით, სიხარულით მოხტოდნენ. მე კიდევ მათზე მეტად მიხაროდა - რომ ბავშვი აღარ ვარ და მსგავს სპექტაკლებზე არავინ წამიყვანს.

'I wish you a happy whatever you like... :lol: '

Friday, November 27, 2009

All the small things

მოკლედ:

ვარჯიში დავიწყე. სარდაფში სავარჯიშო ველოსიპედი გვიდგას, რომელსაც არავინ იყენებს. 3 წუთიდან დავიწყე, რომ კუნთები არ დამეძაბა, დღეს უკვე 10 წუთზე ავედი და ისეთ ძალას ვგრძნობ კუნთებში. Like Kim Clijsters. ჩემი ბავშვობის, სპორტსმენობის, ოცნება ლაუდერის ინსტიტუტში ხორციელდება. გელით სარდაფში :P

გასულ კვირაში უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა. მაგალითად, დილით მეგონა, რომ ჩემი ოთახის მეზობელ გოგოს ვეჩხუბე და რომ გამეღვიძა, ვეღარ ვხვდებოდი მართლა ვუთხარი რამე უხეშად თუ დამესიზმრა... ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დამესიზმრა. ბავშვობიდან უცნაური სიზმრები მაქვს... და თუ ძალიან მომინდა წინა ღამით დაწყებულ და გაწყვეტილ სიზმარს მეორე ღამეს ვაგრძელებ.

დღეს მიდრაშაში შაბათონი გვაქვს, მთელი გერმანიის მასშტაბით ჩამოდიან გოგოები, ხვალ დილით დვარ თორა უნდა ვთქვა მათთვის. Gosh! სულ მე მხვდება, როცა ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს. კი, მიყვარს სახალხოდ გამოსვლა, მაგრამ მერე მგონია, რომ ჩემს ისედაც მაღალ თვითშეფასებას კიდევ უფრო მაღლა სწევს და თავი მომწონს. მე კიდევ ამაზე მინდა ვიმუშაო, უფრო თავმდაბალი გავხდე.

ჩემი ახალი haircut on Sunday, დღეს უკვე ჩემებურად curly

ბერლინში ისეთი კარგი ამინდებია, მზე, მზე, მზე (მოიცა, რა მზე, დილას ხო წვიმდა??? მგონი, ისევ მესიზმრება)!

Have a great week end!!!

Tuesday, November 24, 2009

ჩემი არა-პოლიტიკა

დღეს ბიბლიოთეკაში წიგნებს ვათვალიერებდი და ისრაელის პოლიტიკური წიგნი მომხვდა თვალში, უფრო სწორად დედაჩემის საყვარელი მოშე დაიანის ფოტო და ჩემი ჟურნალისტის პროფესია გამახსენდა. ზოგს სიმღერები ეკვიატება, მე კიდევ - მთელი დღე პოლიტიკაზე ვფიქრობ. ერთმა გოგომ მკითხა, არ გინდა ამაზე წერდეო? არ ვიცი, man.

გუშინ საღამოს ბუნდესტაგის დასათვალიერებლად ვიყავით. რიგში რომ ვიდექით, უკან მივიხედე და იმხელა სივრცე დავინახე, რაღაცნაირი შიში ვიგრძენი. არ ვიცი, აურა ჰქვია ამას თუ ისტორიის ფსიქოლოგიური გავლენა, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ იდგა ხალხი და წვავდა წიგნებს, როგორ უსმენდნენ ჰიტლერს. საერთოდაც, დიდი ქვეყნის ფობია მჭირს, ჩემს თავს გამოვუტყდი. გუშინვე დავასკვენი, რუსეთი და გერმანია ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს დათვის გამოყენება უყვარს თავის სიმბოლოებად და გაბრაზებული დათვი კიდევ ძალიან საშიშად მეჩვენება.

Thanks Meira for the photo - ალტერნატიული ბერლინი

თუ ბერლინში მოხვდებით, შეიარეთ ბუნდესტაგის სანახავად. სადაც ჩვენ შეგვიშვეს, უზარმაზარი სარკეების შენობაა გარშემო ასასვლელი ბილიკით (სხვა სიტყვას ვერ ვიხსენებ), გაძლევენ ყურთსასმენებს და ბრიტანული აქცენტით გიყვებიან ბერლინის ისტორიას, ნელ-ნელა ადიხარ ამ "ბილიკ-გზაზე" და ბოლოს იხედები ქვემოთ, სადაც ჩანს პარლამენტის დარბაზი, ლურჯი სკამები. დემოკრატიის ზეიმი, hooray! შეგიძლია ნებისმიერ დროს მიხვიდე და ჩახედო პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ უზარმაზარ, ევროპის ლიდერი ქვეყნის ბედს წყვეტენ... მე კიდევ ალტერნატიულ უბანში ვცხოვრობ, სადაც საშობაო ნათურებიც კი არ დაუყენებიათ და პიტ დოერტის მსგავსი ტიპები დადიან. ჰოდა, ვფიქრობ, იმ გოგოს შეკითხვაზე, მინდა მე პოლიტიკა? ან როგორ განისაზღვრება საერთოდ? ისიც ხო პოლიტიკაა, რაც მე მომწონს.

Sunday, November 22, 2009

Someone like this...

ხანდახან ისე მჭირდება ხოლმე გასვლა და ჰაერის ჩაყლაპვა.
ყველას სჭირდება. განსაკუთრებით, მთელი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე რელიგიას როცა სწავლობ უცხო ენებზე, გენატრება მშობლიურ ენაზე ემოციის და განწყობის გამოხატვა. ზოგჯერ, მარტო მშობლიური ენაც არ არის, უბრალოდ ახალი ადამიანების და გარემოს ნახვა გინდა.

გახსოვთ იანა ფრანკზე რომ დავწერე?
დღეს საღამოს სტუმრად დამპატიჟა.
შაბათი რომ გავიდა, წავედი პანკოვში. როგორ მიყვარს ტრამვაით მგზავრობა, რომ იცოდეთ. ერთადერთი ბილეთის ფასი (2,10 ევრო) მაგიჟებს, მაგრამ მაინც სიამოვნებას მანიჭებს 20 წუთიანი მგზავრობა.
როგორი სასიამოვნო სახლი აქვს, უკვე მოგიყევით. დღეს სხვა სტუმრებიც ჰყავდა, ყველა მისი ინტერნეტნაცნობი იყო (და უცებ მე კიდევ უფრო მომინდა, დეკემბერში ანუშკასთან მისვლა), რომლებიც მის შემოქმედებას იცნობენ, წიგნებს, ნახატებს ყიდულობენ, მის შესახებ ყველაფერი იციან. ისეთი საინტერესო ტიპები იყვნენ, ხმადაბლა საუბრობდნენ; ინტელექტუალი რუსულენოვნები, ვგიჟდები: სათვალიანი ქალები და კაცები, ბავშვობაში მოთხრობებს ვწერდი ასეთ ადამიანებზე, კაცებს ინგლისურ სტილზე რომ აცვიათ და ქალებს კიდევ - მოკლედ შეჭრილი თმა და კუბოკრული შარვალი. წინა ცხოვრებაში მარინა ცვეტაევა ვიყავი, открою секрет. სტუმრებს შორის ერთი წყვილი იყო, კაცი თბილისელი აღმოჩნდა, ქართველი მამა ჰყავს, რომლის სანახავად ხშირად ჩადის თბილისში. მომიყვა, ბერლინში რომ ჩამოვიდა, ბინას დიდხანს ეძებდა და ბოლოს ქართული რესტორნის თავზე იქირავა, იცინოდა, "რაღაც არსებობსო". კიდევ ერთი მოსკოველი გოგო იყო, რომელსაც ძალიან უნდა საქართველოს ნახვა; მერე კიდევ ერთი მკითხველი შემოგვემატა, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი... [ან უბრალოდ სიმპათიურად მომეჩვენა :D დიდი ხანია ბიჭებთან ურთიერთობა არ მქონია. ხანდახან სინაგოგიდან ერთად მოვდივართ, ლაიპციგშიც ვნახე 'რამდენიმე', მაგრამ 2 თვის განმავლობაში გოგოების დაწესებულებაში რომ ვსწავლობ/ვცხოვრობ/ვსაუბრობ, დამავიწყდა, რომ არსებობს საპირისპირო და მიმზიდველი სქესი. Man!!!] იანასგან რომ წამოვედი, იმ სიმპათიური ტიპისგან შთაგონებული (მე ხო ყველაფერი შთამაგონებს, bless me), ტრამვაის გაჩერებაზე ჩამოვჯექი და მობილურში ჩავინიშნე. მერე ჩემი წიგნისთვის გამომადგება ;)

Someone like this :) Picture by Jana Frank

იანა ფრანკი კიდევ უფრო დავაფასე, რაც გავიგე, რომ მძიმე დაავადება ჰქონია და ყოველი დღე მისთვის სასწაულია. ზოგს კიდევ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს. თან ასეთ პროექტს აკეთებს, დაბეჭდა რვეულები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს ნახატი, გააფერადოს თავისი სურვილის მიხედვით და მერე გაუგზავნოს მეილზე. მონაწილეობა ბევრს შეუძლია. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ. ორი რვეული მეც მაჩუქა, რომელსაც დეკემბერში (With G-d's help) თბილისში ჩამოვიტან; ერთი, უსიტყვოდ, იულიას ეკუთვნის და მეორე შემიძლია გავუზიარო ყველა მსურველს, ვისაც მოუნდება თავისი შეგრძნებები ამ ფურცლებზე გადმოიტანოს.

Thursday, November 19, 2009

საით ვარდება ბურთი

მიყვარს ექსპერიმენტები. რისკი არა, მაგრამ - გულისამაჩქარებელი სიახლეები.
ბავშვობიდან მიყვარს, როცა ბნელ ოთახში შევდივარ და არ ვიცი, იქ რა დამხვდება :D
ზუსტად ასე ვარ ჩემს თმებზეც.
ალბათ იმიტომ მიყვარს ცდები და "შეცნობები", რომ საკუთარ თავს უკეთესად ვეცნობი და მერე სხვებთან ურთიერთობაც მიადვილდება.
24-ში ორი თვე გახდება, რაც ბერლინში ვარ და ისეთი აშკარაა ჩემი ცვლილება.
ის კი არა, რომ თმა შესაღები მაქვს და დილას ჭაღარები დავითვალე, უბრალოდ გავიზარდე და მომთმენი გავხდი.
ყოველდღე იმაში ვრწმუნდები, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვარ.

ადამიანებს მაინც მატერიალური და ხელჩასაჭიდი ფაქტები გვიყვარს. ჰოდა, დღეს ზუსტად ასეთი დღე მქონდა, როცა ვიგრძენი, რომ არსებობს ყველანაირი გამართლება (luck), არსებობს მისტიკა... ოქეი, შეიძლება ცოტა სასაცილო იყოს ზოგისთვის, მაგრამ ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ YEAH! =))

კვირას ჩვენთან მოდის სტილისტი, რომელიც ერთ გოგოს გაუკეთებს მაკიაჟს, თმას და ყველაფერს. რადგანაც მიდრაშაში 20 გოგო ვართ, ერთერთი უნდა აგვერჩია, რომელსაც უფასოდ დავარცხნ-შეღებავს...
მადრიხებმა ჩამოწერეს ყველას სახელი რიცხვების მიხედვით, ყველა უნდა შევთანხმებულიყავით და ერთი ციფრი გვეთქვა. 5, 7, 2, 9... დაიწყეს გოგოებმა, თავიდან დავფიქრდი 5 თუ 8-მეთქი??? გამახსენდა, რომ იუდაიზმში 8 - სიმბოლური რიცხვია, ღრმა შინაარსის მქონე; მეთქი, 8-ს ვამბობთ და უცებ ყველა დამეთანხმა. ალბათ დანარჩენებმაც ზუსტად ის იფიქრეს 8-ზე, რაც მე =))

ვუდი ალენის 'Match point' იცით? რაც უნდა იძახოს ალენმა ათეისტი ვარო, მაინც არის მის ფილმებში ებრაული inner სიბრძნე. ჰოდა, ის ფილმი ზუსტად ასე მთავრდება, ჩოგბურთის ბურთი ან გადავარდება ბადის იქით, ან - არა...
რა ძალა აგდებს ბურთს? ჩოგბურთშიც კი გამართლებას ეძახიან ამას, რაც უნდა გამოცვივდნენ ფიზიკოსები და ნიუტონის თუ არქიმედეს კანონები ამიხსნან. ზუსტად ასე მოხდა, ყველას 8 ნომერი უნდოდა, მაგრამ ეს 8 ნომერი მარტო მე აღმოვჩნდი. იცით, როგორ გამიხარდა? ღმერთმა იცოდა, როგორ სჭირდება ჩემს თმას ახლა შეღებვა და დავარცხნა, მე კიდევ აქ ამისთვის ფული მენანება. აიღო და ბურთი ბადესთან ისე დააგდო, როგორც მე მინდოდა. თუ გგონიათ, რომ ღმერთი ასეთ წვრილმანებზე არ ფიქრობს, ძალიან ცდებით, He's everywhere!!!

დედაჩემი ბავშვობიდან მეუბნებოდა, როცა რაღაც ძალიან გინდა, ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება და ზუსტად ისე იცხოვრებ, როგორც შენ აირჩევო. მადლობა, ma!!!

Gotta Believe!!!

Tuesday, November 17, 2009

"BUG" Named SOPHIE

წეღან ჩემს ინგლისურ ბლოგზე ვწერდი და მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა.
მგონი, ყველას თავი მოვაბეზრე ჩემი თეორიებით სიკეთეზე, სითბოსა და მზიან ღიმილზე-მეთქი, იქ ვამბობდი, მაგრამ, სინამდვილეში მართლა ეს თეორიებია, რისიც მჯერა და რისთვისაც ვცხოვრობ.

ყოველდღე დილის ლექციების შემდეგ სასადილო ოთახში ვიკრიბებით გოგოები, სია გვაქვს და ყველა ამბობს სიტყვას, რომელსაც "Dvar Torah" ჰქვია, ანუ რაღაც იდეას ვიღებთ თორიდან და საკუთარ ისტორიებს ვუკავშირებთ. დღეს ჩემი ჯერი იყო და რადგან გუშინ ვერ მოვახერხე სიტყვის მომზადება. დღეს ბედად პირკეი ავოტს გავდიოდით, გადავშალე და ჩემი საყვარელი ჰილელისა და შამაის დისკუსიას გადავხედე. ჰილელი ცნობილია, როგორც შედარებით ლიბერალი, ვიდრე შამაი, და რელიგიურ სწავლებაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად ადამიანების სიყვარულს მიიჩნევს. დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრე, რომ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობდეს, იცოდეს ყველაფერი, რისი სწავლაც შესაძლებელია, მაგრამ ამავე დროს არ უყვარდეს ადამიანები, არ სურდეს მათთან ურთიერთობა. რა აზრი აქვს მაშინ ასეთ სიბრძნეს???

შეიძლება სხვა მხრიდან სწორად არ ჟღერდეს, რასაც ვამბობ, მაგრამ თუ არ გიყვარს ადამიანები, როგორ შეიყვარებ იმას, ვინც არასოდეს გინახავს? ზუსტად ესაა იუდაიზმში მნიშვნელოვანი, რომ სულ სწავლობ, ნელ-ნელა უახლოვდები სამყაროს შემქმნელს, სწორედ იმით, რომ ახლობელი ადამიანები გიყვარს, მათ ეხმარები და მერე მიდიხარ სამყაროს მასშტაბით, როცა ხვდები, რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.

რა თქმა უნდა, დვარ თორის შემდეგ ყველამ მითხრა, რომ ძალიან მოეწონა, რაც ვთქვი და ისინიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად ისე აღიქვეს, როგორც მე, თუ თავისებურად. ბუნებრივიცაა, რომ ყველამ ისე დაინახოს ერთი სურათი, როგორი თვალიც აქვთ, გადატანითი მნიშვნელობით, ბუნებრივია.

So, even if I bug you - you know what to do :LOVE:

BONUS:


Monday, November 16, 2009

"მაგნიტური" დღის პოსტი

ხომ იცით, რაღაცნაირი დღეები რომ არის, ჩემს ბავშვობაში მაგნიტურს ეძახოდნენ. მოთენთილი ხარ, თვალები გეხუჭება, ამინდი არ მოგწონს, სასაუბრო თემას ვერ პოულობ, უაზროდ ჭამ და ინტერნეტშიც ვერ გიპოვია ადგილი.
ზუსტად ასე ვარ დღეს :| წერაც მეზარება, კითხვაც და თვალების გახელაც, მაგრამ ვიცი, რომ სიზარმაცე მერევა; ამიტომ მაშინვე ვდგები, შევდივარ ჩემს მეილზე და ხალხს წერილებს ვწერ :) მაგალითად, ვიპოვი ვინმე ადამიანის მისამართს, რომელთანაც დიდი ხანია არ მისაუბრია და თბილ-ტკბილ წერილს მივწერ ხოლმე. მერე წარმოვიდგენ, როგორ უხარია იმ ადამიანს ჩემი წერილის ნახვა. მე თვითონ უფრო მიხარია :)

ერთი ბრაზილიელი გოგო იყო მიდრაშაში 2 კვირის წინ, Nina, ერთად ვარჩევდით თორას კვირის ნაწილს და მერე კიდევ რაღაც წიგნს, რაღაცნაირად დავახლოვდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საკმაოდ პატარაა. დღეს მივწერე წერილი, კიდევ იაელს მივწერე, სექტემბერში რომ გავიცანი, გახსოვთ?

5 საათიც ახლოვდება და შუადღის შესვენება მთავრდება.
წეღან ერთი საინტერესო ბლოგი ვიპოვე და გამახსენდა, რომ ადრე მეც მსგავსად ვწერდი, ახლა კიდევ შევიცვალე და ხან საკუთარ თავსაც ვერ ვცნობ. ჩემი ახლობლები ხომ საერთოდ ვეღარ მიცნობენ ალბათ. არადა, ადამიანი არ იცვლებაო, ჩემთვის რომ გეკითხათ.

პ.ს. ასევე დღეიდან გადავწყვიტე, რომ ცოტა შევცვლი ბლოგის სახეს, მეტს დავწერ და უფრო ხშირად [რეკორდი მაინც სექტემბერში მოვხსენი - 24 პოსტი თვეში].

Sunday, November 15, 2009

Tweet me right!


ტვიტერზე რამდენიმე თვის წინ დავრეგისტრირდი. მგონი, საქართველოში საერთოდ არავინ იყენებდა, სულ რამდენიმე ბლოგერი ვიყავით და იშვიათად ვწერდით რამეს. მერე დამემატნენ უცხო ადამიანები, ერთერთი მათ შორის იყო ინგლისელი ქალი, რომელიც ქართულად წერდა.
დღეს ჩემი ტვიტერი უკვე გატენილია სხვადასხვა ტვიტებით, სპამ-ლინკებით და ა.შ.

საიდან გამახსენდა ტვიტერი? :D

გუშინ, შაბათი დილის სადილზე მიდრაშაში სტუმრად მოვიდნენ მოსკოველი რაბინი და მისი ცოლი; კანადელ-ინგლისელები არიან, მაგრამ 5 წელია რაც რუსეთში ცხოვრობენ. ბუნებრივია, სტუმრები იმიტომ მოდიან ჩვენთან, რომ ბოლოს ლექცია წაგვიკითხონ, საინტერესო ისტორიები გვიამბონ. რაბი მენდელი და მისი მეუღლე ერთერთი ყველაზე მხიარული და ჭკვიანი სტუმრები იყვნენ, ვინც აქამდე გვყოლია.

რაბი მენდელი გვეკითხება, ვის გაქვთ ტვიტერიო? არავინ ელოდა და მე დიდი აღტაცებით ვუპასუხე, მე მაქვს-მეთქი. ისეთი კითხვა იყო, პასუხი სულ რომ არ უნდა, უბრალოდ რიტორიკულის პონტში :embarrassed:

საუბარი ტვიტერზე არ გაგრძელებულა, უბრალოდ გვითხრა, რომ თორა ზოგჯერ იგივეა, რაც მესიჯები ტვიტერზე - ადამიანური ისტორიებით, აბრაამი იქ მიდის, იაკობს ცოლი მოჰყავს, ზღვა შუაზე გაიყო... ძალიან მოკლედ გეუბნება ყველაფერს და თუ რა არის ამის მიღმა, შენ უნდა მიხვდე, ნახო კომენტარები, ისწავლო, იკითხო და გაიგებ. მიყვარს ასეთი რაბები, ყოველთვის უყვართ თანამედროვე ტექნოლოგიების "გამოყენება" საუბარში. მერე ლექცია ცოცხლად მიდის, რადგან ყველამ იცის, რა არის - ტვიტერი, ფეისბუქი და უადვილდება მოსმენა.

თორა რომ დიდი წიგნია, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ აი, ტვიტერის ფუნქციაზე სერიოზულად დავფიქრდი.

ზუსტად ასეა ტვიტერიც :ლოლ: ახლაც არ ვწერ ხშირად მესიჯებს; მაგრამ ნამდვილად მომავლის წიგნია, ადვილად მიხვდება ადამიანი, რამდენ სისულელეში ვხარჯავთ დროს, ამ დროს ეს სისულელეც ჩვენი ცხოვრებაა და დიდზე დიდი აზრი დევს :whatalogicman:

Thursday, November 12, 2009

-3 და ორთოდოქსული ქორწილი


Louise & Yehoshua's wedding Berlin, Germany 01/11/09

ახლა გამახსენდა, რომ მაშინდელ ქორწილზე თქვენთვის არაფერი მომიყოლია :)
+3 ერქვა იმ პოსტს და ამას შემიძლია -3 დავარქვა, ვაშა!!!

ჩემი ფეისბუქელი მეგობრების უმეტესობამ ალბათ ნახეს სურათები ლუისას და იეოშუას ხუპიდან, რომელიც 1 ნოემბერს იყო ზუსტად. ჩემი პოსტების მიხედვით, ალბათ ყველამ იცით, რომ ორთოდოქსი იუდაისტი ვარ და შესაბამისად, ახლა ვსწავლობ ბერლინში, რელიგიურ სკოლაში.
ორთოდოქსული იუდაიზმის შესახებ ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, ამიტომ მე აქ ისტორიას არ მოვყვები, ან რა ისტორია უნდა მოვყვე, ბიბლია მაინც ყველას გექნებათ წაკითხული/ნანახი/გაგონილი.

როგორც სხვა რელიგიებს, იუდაიზმსაც აქვს თავისი განშტოებები, ზოგი რეფორმისტია, ზოგი - ლიბერალი, კონსერვატორი, ორთოდოქსულშიც იყოფიან ლიტვაკები, ხასიდები და ა.შ. რადგანაც ქართველი ებრაელები თავის დროზე (26 საუკუნის წინ) ბაბილონიდან მოვიდნენ საქართველოში და მიიღეს ყველაფერი რელიგიის გარდა - გვარი, ენა, მენტალიტეტი; საერთოდ განსხვავებული ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სეფარდებად თვლის. ვერ ნახავთ ერთ ქართველ ებრაელს, რომელიც თავს ქართველად არ თვლის და ქართული ენა არ იცის. ამიტომ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ერთმორწმუნეობა საერთოდ არაფერს ნიშნავს, ერების მსგავსებას ამით ვერ გაიგებ. რადგანაც დღესდღეობით საქართველოში ძალიან ცოტა ებრაელია დარჩენილი და რელიგიურ ცხოვრებას, სამწუხაროდ, იშვიათი მისდევს, საჭიროდ ჩავთვალე, რომ იმ ცოდნას, რაც მჭირდება ჩემი მომავლისთვის (რომელიც უკვე არჩეული მაქვს), სწორედ ბერლინში მივიღებდი.

რახან ბერლინი ვახსენე, გადავალ ქორწილზე.
ეს იყო ჩემი პირველი რელიგიური ქორწილი - როცა ცერემონია საკმაოდ უბრალოა, ადამიანებს აცვიათ უბრალოდ, ივრითზე ამას ცნიუტი ჰქვია; ხუპის ცერემონიის შემდეგ, დარბაზი ორად იყოფა, ქალები ცალკე ცეკვავენ და კაცები - ცალკე. ორთოდოქსული კანონების მიხედვით, კაცებმა არ უნდა ნახონ მოცეკვავე ქალები, არ უნდა მოისმინონ ქალების სიმღერა.
თუ თქვენთვის ეს გაუგებარია, არ ინერვიულოთ, დედაჩემსაც კი უჭირს "ამ უცნაური წესების" გაგება, ისევე როგორც გათხოვების შემდეგ თავზე დაფარების. კინო მაინც გექნებათ ნანახი, გათხოვების შემდეგ რელიგიური ქალები თმას აღარ აჩენენ, იხურავენ პარიკებს ან სპეციალურ თავსახვევს, ქუდს. (ნახეთ ფილმები, მაგალითად, "დატოვებული ბარგი")
თავიდან მეც მიკვირდა, მაგრამ როცა ახლა ამ წრეში მიწევს ცხოვრება, ვხვდები, ესაა ზუსტად ის, რაც მომწონს. რაც ყოველთვის იყო ჩემს სულში, გულში, ბედნიერი ვარ და ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ უკეთესი იქნება, რადგან დღითიდღე მეტს ვსწავლობ და სცენარისტთან დაახლოებას ვცდილობ.

ერთმა მკითხა, რა მოძველებული წესია, კაცებმა და ქალებმა ცალ-ცალკე იცეკვონ, ერთმანეთს არ შეეხონო და უცებ გამახსენდა, ყველაზე კარგი ახსნა, რომელიც ოლგამ გვითხრა. რამდენ ქორწილში ყოფილხარ, ყველგან შენი მეგობარი უნდა გყავდეს, ან იჯდები მოწყენილი, იჭორავებ მარტოხელა დაქალებთან, მოიგერიებ ტიპებს, თავს რომ გაბეზრებენ, ამ დროს წყვილები ცეკვავენ და ცეკვავენ გემოზე =)) წარმოიდგინეთ, რელიგიურ ებრაულ ქორწილში კიდევ, გოგოები ყველანი ერთად ვცეკვავთ, არ გვაინტერესებს, ვინ კარგად ცეკვავს, ვინ - ცუდად, ვის ჰყავს მეგობარი და ვის - არა, ამ დროს ყველა თანასწორია. დედაჩემსაც ასე ავუხსენი და როგორც შენ გინდა, მთავარია ბედნიერი იყოო. მესმის, ძნელია საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის უცებ ასეთი მკაცრი წესების მიღება. მაგრამ რაც უფრო მკაცრი ჩანს კანონი, მით უფრო ზრდის პიროვნებას შენში და გაძლევს ძალას წინ იარო.

პ.ს. ჩემი ზედმეტი 3 კილოგრამი წარსულს ჩაბარდა და ბერლინში ამინდიც უკეთესია ;)

Wednesday, November 11, 2009

მტირალა ბლოგერი

დღეს აღმოვაჩინე, რომ გავიზარდე, შევიცვალე, მაგრამ ძირითადი ხასიათი იგივე დამრჩა.

ბავშვობაში ჩემს ერთ მეგობარ გოგოს დედა ავად გაუხდა და დიდი ხნის განმავლობაში ყველაფრის გაკეთება თვითონ უწევდა სახლში, ვეღარ გამოდიოდა სათამაშოდ. ძალიან ძალიან მიკვირდა, რომ დედამისი ავად იყო და 5-6 წლის ბავშვს უწევდა დედის მოვლა. ახლაც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია. ჰოდა, ყოველღამე სანამ დავიძინებდი, დედაჩემს ვუყვებოდი მის ამბავს და ვტიროდი. რატომ უნდა უხდებოდეს ბავშვს დედა ავად-მეთქი...

ჩვენს შენობაშია ბავშვების ოთახი, სადაც ძიძა უვლის მასწავლებელი ქალების შვილებს. დღეს დილით ჩემი ერთერთი მასწავლებელი მოვიდა სიცხიანი ბავშვით :(
ჩემი მასწავლებელი ახალგაზრდა ქალია, 30 წლამდე, ქმარიც მუშაობს, პლუს სწავლობს, ამიტომ დილით სამსახურში უწევს ბავშვის მოყვანა, საღამოს ქმარს უტოვებს. იშვიათად დადიან სადმე, რადგან ფინანსურად უჭირთ და ძიძას ვერ გადაუხდიან. აქ ძალიან ძვირია კარგი ძიძის დაქირავება. ჰოდა დღეს რომ დავინახე სიცხიანი ბავშვი, ჩემი მასწავლებელი... უცებ მომინდა დედაჩემთან გავქცეულიყავი და მეტირა, რატომ არის ასე-მეთქი...
რა უსამართლობაა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უამრავი ფული აქვთ და არ უწევთ სიცხიანი ბავშვების ტარება, რომ მერე სამსახური არ დაკარგონ და საერთოდ უხელფასოდ დარჩნენ.

გაკვეთილმა, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა. ისეთი თბილი და საყვარელი მასწავლებელია, აბსოლუტური რწმენის და იმედის მქონე; ვიფიქრე, აი, უნდა მივბაძო და უფრო მეტი ვისწავლო-მეთქი, ვიდრე მარტო ტირილი და უსამართლობაზე წუწუნია.
ვერასოდეს მივხვდებოდი, რა უჭირდა მასწავლებელს, შემთხვევით რომ არ გამეგო მისი ნაცნობისგან, ცოლ-ქმარი ვერსად მიდის, ძიძის ფული არ აქვთო. იმდენი ვიფიქრე, იქნებ შევთავაზო, რომ მე მოვალ და უფასოდ მივხედავ ბავშვს, თუ თქვენ სადმე წასვლა მოგინდებათ-მეთქი. ვერ გავუბედე. შემეშინდა, შეურაცხყოფილად არ ეგრძნო თავი და ის ადამიანიც, ვინც მითხრა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო.

იქნებ იმიტომ არ ვუთხარი, რომ ქვეცნობიერად საფასურის გარეშე მიხმარება მეზარება და იმდენად კარგი ადამიანი არა ვარ?
ან იქნებ, პირიქით, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და მინდა, ყველა სრულყოფილ სამყაროში ცხოვრობდეს, სადაც ჯიბის წონას/ბანკის ანგარიშს მნიშვნელობა არ ექნება?
არ ვიცი :|

მერე საკუთარი თავი წარმოვიდგინე ჩემი მასწავლებლის ადგილას და მთელი საღამო ამაზე ვფიქრობდი... It's so scary; ალბათ, არცერთ ჩვენგანს წარმოუდგენია, რომ შეიძლება თვითონაც მოუწიოს ფულის დაზოგვა, რომ ოჯახი არჩინოს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მიფიქრია ამაზე :(

ჯერ კიდევ სად ვარ.

Tuesday, November 10, 2009

თავისუფლება და kristallnacht



ბერლინში ეს კვირა საკმაოდ სიმბოლურია.

გუშინ (09/11/09) 20 წელი შესრულდა, რაც ბერლინის კედელი დაანგრიეს და ქვეყანა ისევ გაერთიანდა. ჩვენი გოგოები წავიდნენ კედელთან, რომელიც კილომეტრებზე გრძელდება. ამერიკელ გოგოებს განსაკუთრებით უხაროდათ, ეს ხო თავისუფლების დღეა, ყველა წამოდითო. სურვილიც არ გამჩენია იქ წასვლის, სიმართლე გითხრათ. ერთი იმიტომ, რომ კედლის ჩამონგრევა არ ნიშნავს იმ კედლის დაშლას, რაც ადამიანებს თავში მაინც რჩებათ; მეორე, ამერიკელებისთვის შეიძლება იყოს თავისუფლება :ლოლ: მე ნებისმიერ შემთხვევაში ვნახავდი აღმოსავლეთ გერმანიას, კედლის თუ უკედლობის შემთხვევაში ;) მესამე, ყველაზე ლოგიკური მიზეზი - საშინლად დაღლილი ვიყავი, წვიმდა და გარეთ გასვლა მეზარებოდა.

ამასთან ერთად, გუშინ და დღეს (09-10/11/09) 71 წელი გავიდა იმ საშინელი პერიოდის დაწყებიდან, რომელსაც "იუდეველთა საქმის საბოლოო გადაწყვეტა" მოჰყვა. "კრისტალნახტ" - ანუ ბროლის ღამე, დამსხვრეული მინის ღამე, სხვადასხვანაირად უწოდებენ ამ ორ დღეს, როცა მთელი გერმანიისა და ავსტრიის მასშტაბით დაიწყო სინაგოგების და ყველაფერი ებრაულის განადგურება.
დილას სასადილო ოთახში რომ ჩავედი, მაგიდაზე დაუწებებიათ სწორედ ამ დღის, 1938 წლის 9-10 ნოემბრის სურათები, დიდხანს ვუყურე და ბოლოს მაინც ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ადამიანებს ისე დაეხშოთ გონება, რომ მსგავსი მოძალადეები გახდნენ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ადამიანები არაფერს წარმოადგენენ და საბოლოოდ, მათ ცნობიერებას ისევ სცენარისტი მართავს, რომელმაც ალბათ საჭიროდ ჩათვალა ის მომხდარიყო, რაც ხდებოდა საუკუნეების მანძილზე ევროპაში, და გაგრძელდა ყველაზე პროგრესულ მე-20 საუკუნეშიც. კიდევ იტყვიან, რომ ადამიანები უფრო ჭკვიანები გავხდითო. ამ საკითხზე, არც კი ვიცი, მეტი რა ვთქვა ხოლმე :|

წარმოიდგინეთ, რა რთულია გერმანიაში ცხოვრება ჩემთვის, საქართველოდან ჩამოსული ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე ფილოსემიტურ გარემოში გაიზარდა. აქ კიდევ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გადააწყდე წარწერას, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას, ადამიანებს ხოცავდნენ. მჯერა, შევეცდებით კარგი ადამიანები ვიყოთ, რომ მსგავსი საშინელებები აღარ განმეორდეს.

Monday, November 9, 2009

ოხ, ლაიპციგ, ლაიპციგ!..

რაღაცნაირად გულს მიჩუყებს ეს ფოტო :) თბილისს მაგონებს

ლაიპციგის ცა

მთელი ცხოვრება გავიძახი, თავგადასავლები მიყვარს-მეთქი და უკვე ისე მოვაბეზრე ღმერთ, რომ დღეს მშვენიერ თავგადასავალში ამომაყოფინა თავი, თანაც "მასოვკაში" :P

პარასკევ დილით ლაიპციგში წავედით მე და სამი რუსი გოგო.
გადასარევი შაბათი გავატარეთ, სიმპათიური ადამიანები გავიცანით (oh, yeah), მაგიდის ჩოგბურთი ვითამაშეთ. თითქმის ყველას გავაგებინე, რომ მათი რუსული გადმონაშთი ხუმრობები ქართველებისთვის მიუღებელი იყო ;) ხომ უნდა იცოდნენ, რომ არ იხუმრონ ჩემთან.

სანამ თავგადასავალზე გადავალ, უნდა გითხრათ, რომ ლაიპციგში გავიცანი ჩემი თავი :| აქამდე მეგონა, რომ ძალიან "ფრთხიალა" და თავისუფალი ადამიანი ვიყავი. მაგრამ ლაიპციგის უმაგრესი მაღაზიებით დახუნძლული ვაგზლის დალაშქვრის შემდეგ, მივხვდი, რომ მატერიალისტი ვარ. ვიყიდე კაბა შაბათისთვის და სუფრაზე ისეთი წელში გამართული ვიჯექი, ჩემი თავი ვიღაც სხვა მოწიფული ქალი მეგონა. ლაიპციგში მივხვდი, რომ ამაყი ვარ :| მგონია, რომ ბევრს ვჯობივარ; ჩემს ღიმილსაც ვიყენებ ამისთვის და ყველაფერი. მაშინვე ჩემს თავს შევუძახე, რაც გაქვს, ყველაფერი ღმერთის მოცემულია-მეთქი და დავმშვიდდი. მერე გადავწყვიტე, რომ კარგი ადამიანი ვარ და ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩემი თავი მომწონს, ვაღიარებ და მადლობას ვუხდი საყვარელ უზენაეს სცენარისტს ყველაფრისთვის. ხან, ვერც წარმოიდგენთ, ისეთი სასწაულები ხდება ჩემს ცხოვრებაში, როცა ვგრძნობ, ღმერთმა ამწია და გადამსვა უფსკრულზე... უფსკრული ჭვავის ყანა მეგონა და როცა გადამსვა, მერე მივხვდი, თურმე რაც ყოფილა, hell.

Yours truly :D

ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა წავიდე, ყველგან რაღაცნაირად ვიცვლები, საკუთარ თავს და ხასიათს ვიცნობ ხოლმე; ამიტომ მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლებიც. ხომ იცით, თუ არ ცდი, ვერ გაიგებ - მოიგე თუ წააგე. წაგება ჯობია ჯდომას და შიშს, ახლა რომ წავაგო, რა მეშველებაო. ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს საღამოს ლაიპციგიდან ბერლინში რომ ვბრუნდებოდით მატარებლით.
მოვასწარი გაფიქრება და მატარებელიც გაჩერდა.
გამოაცხადეს, რომ ჩვენს წინ მიმავალ მატარებელში უპატრონო ჩემოდანი აღმოაჩინეს და ევროპული პანიკა ხომ იცით, გადმოგვსვეს ცოტა ხნით, წავიდა ის მატარებელი უკან; მერე მეორე მოვიდა და ბოლოს, ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ბერლინში ჩავედით [ამ დროს საათნახევარი უნდა ლაიპციგიდან]. ჩემი თანამგზავრი რუსი გოგოები მეკითხებოდნენ, შენ ხომ ფსიქოლოგია ნასწავლი გაქვს, გვითხარი, ახლა უნდა დავპანიკდეთ თუ არაო? სასაცილოები არიან :ლოლ: პანიკა არავის დამართნია, ბოლოს და ბოლოს, მთელი კვირების განმავლობაში თორას იმისთვის ვსწავლობთ, რომ მსგავსი შემთხვევების არ გვეშინოდეს.

ახლა დავჯექი ჩემი ლიმონიანი ჩაით კომპიუტერთან, სურათებს გადავხედე და მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ :) ბედნიერი ვარ, რომ ვმოგზაურობ, ადამიანებს ვეცნობი, ვსაუბრობ და ახალი კაბის ჩაცმა მიწევს შაბათის სუფრასთან, სადაც უამრავი ადამიანი ზის და ვიცი, საკუთარი ბნელი მხარეების შეცნობის დრო იწყება... =))

ჰო, კიდევ ის გავიგე, რომ სადაც უნდა ვიყო, მარტო არასდროს ვარ, if you know what I mean!

Wednesday, November 4, 2009

აღმოსავლეთი


დღეს დიდი სეირნობის დღე მქონდა.
Rosa Luxemburg-Platz-თან არის სახალხო თეატრი, სადაც სანამ აცივდებოდა, უცნაურ დეკორაციებს დგამდნენ გარეთ. სახასიათო შენობაა. რაიონიც სახასიათოა, თავის დროზე გდრ-ის ცენტრი იყო. მიყვარს ამ ადგილას გავლა, აურა აქვს, სახალხო და სოციალისტური ;)
დღეს რომ მივდიოდი, შევხედე ამ შენობას, წინ "ბორბალი" (ყოველ შემთხვევაში, მე ბორბალი მგონია) და ამ ბორბალთან სამი კაცი დგას. იქვე კომუნისტური პარტიის ოფისია, ასევე ამ ქუჩაზეა ყველაზე უცნაური მაღაზიები, რომლების სურათებიც ადრე დავდე უკვე.
ზუსტად ამ დროს ვფიქრობდი, რას უშვრებიან ადამიანები თავიანთ იდეებს, იდეალებს, როგორც გინდა დაარქვი. ან თუ აქვთ ისეთი იდეალები, როგორიც, დავუშვათ, ჰქონდა ჩე გევარას თავის დროზე და თვითონ როზა ლუქსემბურგს, ვის ქუჩაზეც მივდიოდი ზუსტად. უცებ წარმოვიდგინე, იქნებ ზუსტად ეს ტიპები არიან იდეალისტ-იდეისტები-მეთქი და რაღაცნაირად გამიხარდა. აი, ბავშვს რომ ანდერსენის ზღაპრის სჯერა, თოჯინები შუაღამის შემდეგ იღვიძებენო და ყოველღამე ამოწმებს თოჯინას; თავს აჯერებს, დღეს თმა ცოტა აჩეჩილი აქვს, ალბათ წუხელ მეჯლისზე ბევრი იცეკვაო, ზუსტად ასე დამემართა :D ერთერთმა მათგანმა ჩემ წინ გაიარა და ისეთი სასწაული ბლექბერი თუ ბლუბერი ამოიღო ჯიბიდან, მაშინვე გადავიფიქრე მისი ქერა ჩე გევარობა.

მომწონს ბერლინი.
ერთი თვის წინ ამას ვერ მათქმევინებდი. მიუხედავად იმისა, რომ თავგადაპარსული და გაყინულსახიანი ტიპების დანახვაზე გული მიჩქარდება და ფაშიზმი მახსენდება, მაინც აღმოსავლეთ ნაწილში თავს თითქოს უსაფრთხოდ ვგრძნობ. არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა. რეალურ და პრაქტიკულ ფაქტებზე დაყრდნობით კარგად ვიცი, რომ სოციალიზმიც ისეთივე ფარსია, როგორიც დემოკრატია, მაგრამ ის იდეალი მაინც სულ სხვაა, რაც მე მქონდა რამდენიმე წლის წინ და გულში კიდევ მაქვს. ოღონდ ამას ახლა რელიგიაში ვახორციელებ და გზას ვეძებ.

ისე რომ, თუ გექნებათ შანსი, ჩამოდით ბერლინში, ნახეთ ორივე ნაწილი, გაიარ-გამოიარეთ, ანდერგრაუნდ ბარებში შეიარეთ და მერე პოსტიც დაწერეთ. მაინტერესებს მე სად ვარ და სხვები - სად.

Tuesday, November 3, 2009

დემოკრისია ;)

გუშინ დავწერე ფეისბუქზე, ხალხს საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ბუასილი აინტერესებს-მეთქი.

მერე მივხვდი, რომ ბევრი იტყოდა, ზის ახლა ის თბილად (სახლში მაინც) ბერლინში და იქიდან მჭევრმეტყველებს, რომ ის "ბუასილი" ჩვენი პირადი ცხოვრება არ არისო. არადა, ძალიანაც არის, ვიცი.
საქმე ისაა, რომ ადრე თავისუფალი სიტყვა ძალიან მაღელვებდა, მაგრამ დღეს მგონია, რომ სულ სხვა განზომილებაში ვარ და საერთოდ, არ მჯერა, რომ თავისუფალი სიტყვა არსებობს. ეს იგივეა, რაც დემოკრატია, გულუბრყვილოებს სჯერათ, ბანკირები ჯიბეებს ისქელებენ, ყველა იღიმება, მაკდონალდსში ჭამენ და იუთუბში სვამენ. ეს ბოლო ფრაზა უბრალოდ კარგად გაირითმა.

სიმართლე გითხრათ, მე რა მაწუხებს - არც პატრიარქი მყავს, არც - პაპი (G-d forbid!). ვინც მე მყავს, იმაზე ვერც ვიდეოებს გადაიღებენ და მით უმეტეს ვერ დასცინებენ ;) რადგანაც ვერაფერს იტყვი იმაზე, ვინც არ გინახავს და ვისაც ადამიანის სახე არა აქვს. უბრალოდ, ცოტა სასაცილოდ და პათეტიკურად მომეჩვენა ყველა ის პოსტი, რომელიც ეხებოდა თავისუფალი სიტყვის დარღვევას და "ბავშვების დაჭერას". რახან ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკა არსებობს (ცნობილი 3 თემიდან), ხალხმა სხვა რა უნდა ქნას, bless'em.

მე კი - 2 სტატია მაქვს დასაწერი ჩვენი მიდრაშას საიტისთვის, რომელიც უკვე კარგა ხანია უნდა დამეწერა, მაგრამ სანამ ფული ძალიან არ დამჭირდა, ვერ მოვახერხე. დემოკრატიაში კიდევ ხომ იცით, ფული ძნელი საშოვნელია. მაინც კარგია, რომ წერა ვიცი და არა - გიტარაზე დაკვრა :აღმოსავლეთბერლინურიუკბილოხუმრობა:

Sunday, November 1, 2009

+ 3

ხშირად გვაქვს გაკვეთილები იმაზე, როგორ არ უნდა გავხდეთ მედიის და თანამედროვე ინდუსტრიის მონები.
მაგალითად, ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე მისი გარეგნობა, ვიდრე მისი გუჩის კაბა და ფენდის ჩანთა (კიდევ კარგი, არცერთი გამაჩნია); რომ ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე მისი ინტელექტი. გავა დრო, ყველაფერი გაქრება, კაბაც გაცვდება, სკლეროზიც მოახლოვდება, სამაგიეროდ დარჩება ის შინაგანი სიკეთე, რაც ადამიანს ყოველთვის ჰქონდა.

მოსმენა და აღფრთოვანება კარგია, მაგრამ როცა გამოდიხარ გაკვეთილიდან, რთავ იუთუბს, სხვადასხვა საიტებს და გეუბნებიან, ეს ზუსტად საშენო ლეპტოპია, ეს თეთრი ქურქი შენს ცხოვრებას შეცვლის, this thing was made for you; ძნელია გაუძლო ცდუნებებს და გულში მაინც არ გაიფიქრო, hell, რატომ არ მაქვს მეც ეს ყველაფერიო.

ხან ვფიქრობ, რომ რა სისულელეა ბლოგერობა, როცა მთელი შენი ნათესავ-მეგობრები კითხულობენ, შენგან ელოდებიან სიბრძნესთანმიახლოებას და ძველებურად ვეღარ დაწერ :|

გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად გარეთ ვიყავი ერთ საკაიფო spot-ში, CCCP ჰქვია, ინგლისურ ბლოგზე დავწერე ამაზე უფრო დეტალურად. რუსეთიდან ჩამოსულები ჩაირთვნენ და ტოლსტოის გარდა სხვას ვერ ათქმებინებდი. ბოლოს სელინჯერზე დავიწყე, მაგრამ ერთმა ცივი წყალი გადამასხა, ჰოლდენს რომ მიჰყვე, მართლა nobody's gonna catch you in the rye-ო, ანუ გააფრენო, ზრდილობიანად ასე გამოუვიდა. ჰოდა, მაშინვე მივხვდი, იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო-მეთქი. ღმერთმა იცის, სად უნდა ვიყო. Whatever!

ეს პოსტი გამოწვეულია + 3 გრადუსი სითბოს, + 3 მომატებული კილოგრამის და ქორწილზე წასვლისწინა სტრესის შედეგად. Wish me luck!