Sunday, June 29, 2014

ივნისის ბოლო კვირის საკითხავი - განახლებული

ბლოგზე წერა მომენატრა და ვიფიქრე, კვირას ჩემს პოსტს დავუთმობ-მეთქი.

სანამ ფილოსოფიაზე გადავალ, მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს, ძალიან მიხარია, რომ ასე კარგად მიიღეს ჩემი კითხვები და პასუხის გაცემაც არ დაზარებიათ. წინ კიდევ ბევრი კარგი ბლოგერის გესტ-პოსტი გელით. ვაშა!!!

ეს რამდენიმე ხანია ვგრძნობ, რომ ჩემში ორი მე იბრძვის და რაღაცნაირად მტანჯავ-მღლის.
დღეს ტვიტერზე ერთი ქალის ფოტოებს ვათვალიერებდი და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ხანდახან არ ვიცი, ვინ ვარ და სად ვარ (რა თქმა უნდა, არაპირდაპირი გაგებით).
თი წერს თავის ბოლო პოსტში, საშუალოსტატისტიკური დედა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები მაღიზიანებენო.
მე კიდევ ამის წინააღმდეგ ვიბრძვი, რომ არ ვიყო საშუალოსტატისტიკური, რადგან არასოდეს ვყოფილვარ: სულ ავრბოდი და ავრბოდი (ესეც არაპირდაპირი გაგებით), მაგრამ ქმარი და შვილები როცა გახვევია, უკვე ძნელია სირბილი და სადღაც უნდა გაჩერდე, ფასეულობებს გადახედო და გადაწყვიტო, როგორ გინდა შენი შვილები გაზარდო და რისი გინდა, რომ მათ სჯეროდეთ.
ჩემი ქმარი ყოველთვის გაოცებულია, როგორ შემიძლია ვიყო ფემინისტი, სოციალისტი და ამავე დროს ღმ-ერთისაც მწამდეს. არ ვიცი, უბრალოდ შემიძლია. კაცებს უჭირთ ასეთი პასუხის გაგება და მიღება, რომ უბრალოდ შემიძლია, მაგრამ მართლა ასეა :-/

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ეზრა რაღაცაზე წუწუნებდა და ჩვენმა ერთმა ახლობელმა უთხრა, რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარო! აი, ზუსტად მანდ გაიღვიძა ჩემმა მიძინებულმა წითელთმიანმა ფემინისტმა და ძალიან გავბრაზდი. მოიცა, რას ჰქვია გოგო? ისე უთხრა, თითქოს გოგოობა სირცხვილია, თითქოს გოგოები აუცილებლად უნდა წუწუნებდნენ და ტიროდნენ. საშინლად არ მომეწონა და ბუნებრივია, მაშინვე ვუთხარი იმ ადამიანს, ასე აღარასოდეს ეთქვა ეზრასთვის და საერთოდ, არცერთი ბიჭისთვის (მით უმეტეს ჩემი შვილებისთვის), რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ ემოციებს ყველანი თანაბრად გამოვხატავთ სქესისადმი მიკუთვნებულობის გარეშე.

მერე ძილშიც კი გაბრაზებული ვიყავი და ვერ ვისვენებდი.
მინდა, რომ დედებმა საშუალოსტატისტიკურად არ გავზარდოთ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით ბიჭები, არ გავზარდოთ ისეთებად, როგორებიც ზემოთ ნახსენები ახლობელია, რომელსაც როგორც კი საშუალება მიეცემა გოგოებს დასცინის, როგორი სუსტები და წუწუნები არიან. მინდა, ბიჭებმა იცოდნენ, რომ მათი დედა პირველ რიგში გოგოა/ქალია, შესაბამისად ყველა გოგო რაღაც პროცენტით მას ჰგავს. ოღონდ იმას არ ვგულისხმობ, რომ შვილისთვის დედა პირდაპირ ხატივით იყოს და 40 წლამდე მასთან იცხოვროს. იმ შვილს, რომელსაც დედა მართლა უყვარს, არასოდეს მოუნდება სიცოცხლის ბოლომდე მასთან ცხოვრება, მხოლოდ ეგოისტი და ზარმაცი ვაჟიშვილები იქცევიან ასე, რომლებსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამ დროს, "სუსტ" სქესს დასცინიან (ეს ცნება "სუსტი სქესი" ჭირივით მძულს).

ვიმედოვნებ, შევძლებ ჩემი შვილები სტერეოტიპებისგან თავისუფლად გავზარდო და თუ ყველაფერი იდეალურად არ გამომივა, მასთან მიახლოებულად მაინც იყოს.
ვიღაცამ მკითხა, მინდა თუ არა ჩემი შვილებიც ფემინისტები იყვნენ და სავარაუდოდ, მინდა. ოღონდ კლასიკური ფემინისტები, რომლებიც ქალების თავისუფლებას არ იღაღადებენ იმისთვის, რომ ისინი მერე სექსუალურ ობიექტებად აქციონ, რასაც დღევანდელმა ფემინისტებმა "მიაღწიეს". არა, მე მინდა ჩემმა შვილებმა პატივი სცენ ქალებს, როგორც ჩვეულებრივ ინტელექტუალურ ადამიანებს, რომლებსაც მამაკაცებისგან განსხვავებით, კიდევ ბავშვების გაჩენაც შეუძლიათ.

კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია სქესთა თანასწორობაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად აღზრდა მიმაჩნია. როცა დედა სწორად გაზრდის თავის ვაჟს, ემოციებს არ შეაკავებინებს და ამ დროს არ დასცინებს, გოგო ხარო, თითქოს ეს სირცხვილი იყოს, ვფიქრობ, ზუსტად მაშინ შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, თუ არადა მამაკაცები ზუსტად ისეთები იქნებიან, როგორიც ბაბისას ამ პოსტში - ბავშვობიდანვე იმით გონებადაბინდული, რომ ქალები სუსტები და სულელები არიან, რომ კაცმა "თუ არ გაიარ-გამოიარა", ის რა კაცია და მსგავსი საშინელებები, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგვიგონია ჩვენს პატარა, საწყალ სამშობლოში.


ნამდვილ საკითხავს რაც შეეხება, ნატას რეკომენდებულ წიგნს ვკითხულობ, ნორვეგიელი ერლენდ ლოეს (წესით, ლუს უნდა ვამბობდე) "გულუბრყვილოდ მაგარს" (ჩემი დიადი თარგმანი, ბუნებრივია, ისე "Naiv. Super." ჰქვია). კარგი წიგნია და მიყვარს სკანდინავიელები, ქალების არ ეშინიათ და იმიტომ, არც სუსტ სქესად თვლიან და დეკრეტშიც ერთად გადიან. ლოეს წიგნს კი რაც შეეხება, ვფიქრობ, 25 წლისას უფრო მომეწონებოდა, ახლა უბრალოდ ჩემს "წინა" ცხოვრებას მაგონებს და მეცინება. ვფიქრობ, 22-25 წლის ასაკის ადამიანებისთვის მისწრება წიგნი უნდა იყოს. იყო დრო მე "სნობების საყოველთაო დღეზე" ვწერდი ამ ასაკში. საკაიფოა, 25 წლის როცა ხარ და აზრზე არა ხარ, რა გინდა და რატომ გინდა. მე ხანდახან დღემდე ასე ვარ, მაგრამ work is in progress ;-)

ბედნიერი სამუშაო კვირა გქონდეთ!!! პროექტი კი გაგრძელდება, ისიამოვნეთ!

Thursday, June 26, 2014

პოეტური დასაწყისიდან სამყაროს უკანასკნელ ბლოგამდე - 6

კარგა ხანს ვფიქრობდი, თამთას ბლოგის აღწერა როგორ გამეკეთებინა. ზუსტად ორი წუთის წინ მივხვდი, რომ მასში ერთგვარად ჩემს თავს ვხედავ (ახალგაზრდობაში :-D ), თავგადასავლების მაძიებელ მწერალს, რომელიც სულ "იმუქრება", რომ ფინიტა ლა კომედია და მაინც არ ასრულებს. ასე განაგრძე, თამთა, not all who wander are lost... პირიქით, ზოგი მერე big sunny mama-ც კი ხდება, როცა ამის დრო მოდის ;-)




პოეტური დასაწყისიდან სამყაროს უკანასკნელ ბლოგამდე


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?


ბლოგზე წერა 2009 წლის იანვრიდან დავიწყე. მაშინ 17 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მანამდე სხვა ბლოგებს ვკითხულობდი ხოლმე... მაშინ სვითი, დოდი, თინი და სხვები აქტიურად წერდნენ. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დრო იყო საკუთარი ბლოგიც მქონოდა. პრინციპში, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო - წერის მიმართ ჩემს სიყვარულს ვგულისხმობ. მაგალითად, პირველი ლექსი წლინახევრის ასაკში „შევთხზი“ (და დედაჩემმა ჩაიწერა):
ზურიკო და თამთა
მიდიოდნენ გზაზე,
გადმოუხტათ მგელი,
გადახვიეს ხელი.

ასე დაიწყო ჩემი მწერლურ-პოეტური კარიერა. 7-8 წლიდან დაახლოებით 13-14 წლამდე, ალბათ, 20მდე რვეული მაინც მექნება გავსებული ჩემი ლექსებით, მოთხრობებით და ჩანახატებით.
თინეიჯერობის ასაკში დღიურების წერას მივყავი ხელი, რომელთაც საგულდაგულოდ ვმალავდი, მაგრამ ამ ეტაპმაც გაიარა და ბლოგზე გადმოვინაცვლე. უკვე 5 წელზე მეტია, მეტ-ნაკლებად აქტიურად ვწერ. რამდენჯერმე მომბეზრდა და შევწყვიტე, თუმცა, როგორც ხედავთ, დავუბრუნდი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ წერის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა მაქვს. თუმცა ბლოგით, ალბათ, სხვა სურვილებსაც ვიკლავ - თვითგამოხატვის, საკუთარი აზრის დაფიქსირების, თავის დამკვიდრების და ა.შ.

 2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ხანდახან მე თვითონაც ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი? თავს ვერ გამოვიდებ, რომ მკითხველის დიდი არმია მყავს ჩასაფრებული...  ალბათ, პირველ რიგში, მართლა ჩემი თავისთვის ვწერ - არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ მომწონს და მსიამოვნებს ეს პროცესი და შედეგიც... რაღაც დროის შემდეგ მე თვითონაც ვკითხულობ საკუთარ პოსტებს, ბევრი რამ მახსენდება და მეღიმება ხოლმე.  ახლა ცოტათი მაკომპლექსებს ის ფაქტი, რომ დედაჩემი და ხანდახან ჩემი ძმაც მკითხულობენ. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი რომ არა, კიდევ უფრო ღიად დავწერდი. შეიძლება ოდესმე გადავლახო ეს მომენტიც...

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

ზუსტად ამას წინათ დავწერე facebook-ზე სტატუსი, ნურასოდეს მთხოვთ, რომ ერთი საყვარელი რამ დავასახელო მეთქი. ახლა, როცა თითქმის 1 წელია საქართველოდან წასული ვარ, ყველაზე მეტად ადგილებიდან თვითონ თბილისი მენატრება... ალბათ, იმიტომ რომ მოგონებების უმეტესი ნაწილი მასთან მაკავშირებს და იმ ადამიანთა უმრავლესობაც, ვინც მიყვარს, თბილისშია. კიდევ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი სამეგრელოში. იქ 10 დღეზე მეტხანს კი ვერ ვჩერდები ხოლმე, მაგრამ აი ის 10 დღე თუ ბანძაში არ გავატარე, უდიდესი დანაკლისის გრძნობა მექნება... ჰო, ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ, ამბობენ ამ სახელს ებრაული წარმოშობა აქვს და გზაჯვარედინს ნიშნავსო. ბებიაჩემის ახალგაზრდობაში იქ თურმე ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, მერე წავიდნენ ისრაელში... ვერ ვიტყვი განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ადგილია-მეთქი, მაგრამ თავისებური ხიბლი აქვს და, განსაკუთრებით, ჩემთვის... სხვათა შორის, ბებიაჩემს ბაბუაჩემთან პაემნებზე სიარული რომ დაუწყია, ერთხელ ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვამს - აბა, რომელია საუკეთესო ადგილი მსოფლიოშიო... ბაბუას დიდხანს უფიქრია, თან ბებიაჩემი გეოგრაფია და არ უნდოდა თავი შეერცხვინა... ბოლოს უპასუხა რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც ქალაქი, ახლა ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ბებიაჩემს უთქვამს, - ცდები, ამ ქვეყნად ბანძას არაფერი შეედრებაო :D აი, ასე... : )

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ვარ... თუმცა აქ ყოფნის პერიოდში იყო რამდენიმე ბიჭი და ახლაც არის :D 10 დღეში საქართველოში ვბრუნდები - არ ვიცი, რა და როგორ გაგრძელდება ან საერთოდ გაგრძელდება თუ არა, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან ამჟამად თავს შევიკავებ.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო სოფის, რომ ასე ხშირად გვითმობს თავის ბლოგს. თქვენ კი სასიამოვნო დღეებს და თავგადასავლებს გისურვებთ :-) 



Tuesday, June 24, 2014

კერი ბ-ს ახალი ამპლუა, ფუნთუშა, კვარიათი და ლამაზი წვრილმანები - 5

რამდენადაც დედების ბლოგები სანთლით საძებარია, ყოველთვის სასწაულად მიხარია ახალი დედების ბლოგების აღმოჩენა. განსაკუთრებით კი ისეთების, როგორიც ელიზაა - ჭკვიანი, საქმიანი და ლამაზი ფოტოების ავტორი, ისევე როგორიც პატარა ფუნთუშასი, რომლის შესახებაც მის ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.


კერი ბ-ს ახალი ამპლუა, ფუნთუშა, კვარიათი და ლამაზი წვრილმანები


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

იყო პერიოდი, როდესაც სამსახურს ხშირად ვიცვლიდი. ერთერთი ასეთი ცვლილება იყო 2010 წელს. მოვხვდი ახალ კომპანიაში, სადაც ჯერ კიდევ ყალიბდებოდა ყველაფერი. მათ შორის სამუშაო ადგილებიც. ფაქტიურად კარში ვიჯექი და რა თქმა უნდა პირველივე სამუშაო დღეს გავცივდი. მომიწია სახლში დარჩენა და უსაქმურობისგან, მარტოობისგან და ბევრი ფიქრისგან გადავწყვიტე დამეწერა. მივადექი და დავწერე ყველაფერი რაც ენაზე მომადგა. რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ბავშვობაში მქონდა დღიური, სადაც ვწერდი ყველაფერს. ალბათ ეხლაც არის სადმე შენახული და ოდესმე შეიძლება გადავავლო კიდეც თვალი. მაინტერესებდა რა გამოვიდოდა. თან იმ დროს ზუსტად, sex and the city-ს ვუყურებდი ალბათ მეხუთედ და ძალიან მომწონდა კერის სტილი, ის, რომ წერდა, ის, რომ იმ მომენტისათვის არსებულ ემოციებს არ ივიწყებდა.მინდოდა მეც მქონოდა ჩანაწერები ჩემს ახალგაზრდობაზე და ყველა პოსტის დაწერისას დღემდე წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვზივარ შევერცხლილი თმით და ვკითხულობ ჩემი ახალგაზრდობის განცდებს. საინტერესოა როგორი ვიქნები ასაკში…

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ვწერ ჩემთვის, რომ მახსოვდეს რა ასაკში რას ვგრძნობდი და როgორ ვფიქრობდი, რა მაწუხებდა და რა მიხაროდა. ვწერ მათთვის, ვინც წაიკითხავს და იტყვის კარგად გამოსდის წერაო, მათთვის, ვინც თავის მდგომარეობას შეადარებს და იტყვის, მარტო მე არ მაწუხებს ესო, მათთვისაც, ვისაც ჩემდა უნებურად გამoსავალს ვაპოვნინებ და მათთვისაც, ვისთვისაც რამე სიკეთეს მოიტანს ეს პოსტები. ხშირად კონკრეტულ ადამიანებზეა მიმართული ჩემი პოსტები და ვცდილიბ ხოლმე განვაზოგადო, მაგრამ აზრები ხან ისეთი მძაფრია, არ გამოდის.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D

საქართველოში ყველაზე მეტად კვარიათი მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულს ვერ ვიტან და ერთი სული მაქვს ხოლმე მოთოვოს, კვარიათი არის ადგილი, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ. ფაქრიურად პლიაჟზე ვცხოვრობ და არაფერზე ვფიქრობ. ცურვა არ ვიცი და წყალი არ მიყვარს, მაგრამ კვარიათზე ყოველთვის ვოცნებობ.

საზღვარგარეთ 2 ქალაქში ვიყავი ყველაზე ბედნიერი: ფლორენციაში და პრაღაში. ცხოვრებით პრაღაში ვიცხოვრებდი. მგონია, რომ სხვა ქვეყანაში უფრო ბედნიერები ვიქნებოდით და ეს ქვეყანა ჩეხეთი მგონია. პრაღა ჩემი ოცნების ქალაქია.

მახსოვს ერთხელ მე და ჩემმა დეიდაშვილმა გლობუსზე ხელი დავადეთ საქართველოს და მისგან ყველაზე შორი წერტილი მოვძებნეთ. ეს იყო ტუამოტუს კუნძულები. ფანტასტიური კურორტია და ოდესმე მე და ჩემი მეორე მე აუცილებლად წავალთ იქ. საქართველოდან ყველაზე შორს. ეს იქნება ყველაზე სასოამოვნო დასვენება, ტოდესაც ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიქნებით

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

მყავს ქმარი, იგივე ჩემი მეორე მე. ჩვენი ურთიერთობა გარდა სიყვარულისა, მოთმინებაზე დგას. ბევრს ვუთმენთ ერთმანეთს. არცერთს არ გვაქვს საჩუქარი ხასიათი და ჯერ ვუძლებთ. თუ რომელიმეს სეროოზულად აგვევსება მოთმინების ფიალა და სერიოზულად ვაწყენინებთ ერთმანეთს, შეიძლება ურთიერთობის რღვევა დაიწყოს. არ მინდა და მეშინია. ყველაზე ძვირფასი ჩემს ცხოვრებაში ეს ურთიერთობაა. მასზე ახლობელი არავინ მყავს, მასზე მეტად არავინ მიყვარს და მის გარდა არავინ და არაფერი მინდა. ის და ჩვენს შორის ჩაგორებულუ ფუნთუშა. 

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

მკითხველს რა თქმა უნდა ბედნიერ დღეს ვუსურვებ, მაგრამ ისიც მინდა ვუთხრა, რომ თუ ჩემს ბლოგს წაიკითხავენ, ნუ შეხედავენ როგორც ჭკუის სწავლებას. ეს არის უბრალოდ, ხშირად გამწარებულ გულზე, დაწერილი პოსტები, რომლებიც მხოლოდ სამოყვარულო ხასიათს ატარებენ. რა მაწუხებს იმის წერა რომ დავიწყო, ძალიან დიდი სივრცე და ადგილი დამჭირდება. მაწუხებს უამრავი წვრილმანი, რასაც ბევრი ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ ეს ნიშანი ჩემი ხასიათისა არ მაწუხებს, რადგან ბევრი სასიამოვნო წვრილმანის შემჩნევაც შემიძლია. მაგალითად, 2 დღის წინ ზანდუკელის ქუჩაზე აყვავებული ცაცხვის ხის, რომელსაც არამგონია ვინმე ყურადღებას აქცევდეს. ის კი ისე გამალებით ყვავის, დახუნძლული აქვს ტოტები და სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევს… დღეს კი ქვემოთ რომ გაშიშვლებული ხის ფოტოა, ასე ვგრძნობ თავს. ვის როგორ განცდას დაგიტოვებთ, შეგიძლიათ კომენტარში მითხრათ. ფოტოს ავტორი მე ვარ. რაც შეეხება გაგრძელებას, ის აუცილებლად იქნება, ოღონდ უკვე ჩემს ბლოგზე… 


Sunday, June 22, 2014

წვიმის მეფე საკუთარი თავის ძებნაში - 4

კვირადღემშვიდობისა!!!

იმედია, სასიამოვნო დასვენების დღეები გქონდათ.

ზაფხულის მშვიდი საღამოების პროექტი გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საღამოსთვის ვერ ვახერხებ პოსტების გამოქვეყნებას, იმედია, თქვენ ზოგჯერ კითხულობთ საღამოობით და მოგწონთ ჩვენი ბლოგერების ბლიც-კითხვა-პასუხები.

დღევანდელი გესტ-პოსტი როდეს ეკუთვნის, რომელიც ამ ბოლო დროს მხოლოდ წერტილების დასმით გამოხატავს საკუთარ განწყობას და მიხარია, რომ ჩემი ბლოგისთვის ასეთი გულწრფელი პასუხები გაიმეტა.

პროექტის წინა პოსტები იხილეთ ამ ლინკზე.


წვიმის მეფე საუთარი თავის ძებნაში


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

პირველი პოსტი ბლოგზე დავწერე 2009 წლის 29 იანვარს. 29 იანვრამდე რას ვაკეთებდი ინტერნეტში ან მაინცადამაინც ამ 29 იანვარს რა მოხდა ჩემს თავს, სრულიად არ მახსოვს. ადრე, რაღაცა ამბავი მოვყევი, როცა მკითხეს, ბლოგის გაკეთება რატომ და როდის გადაწყვიტეო. ამიტომ, ახლა გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ ამბავზე. მახსოვს ის, რომ აღარ მაკმაყოფილებდა სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილი პოსტები და აქტიურობა, მინდოდა რაიმე საკუთარი ტერიტორია შემექმნა, რომლის მოდერატორი და მმართველი მხოლოდ მე ვიქნებოდი. ბლოგის იდეა, ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ მომწონს - მის შინაარს მთლიანად თავად განვაგებ. 
რაც შეეხება თემატიკას, ხელოვნება ჩემი აღფრთოვანება იყო ბავშვობიდან. შემდეგ, ნელ-ნელა გავიაზრე რომ ხელოვნებას მხოლოდ სიამოვნება და ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. უფრო მეტად ის რეალობის სარკეა. ამ სარკეში ჩახედვა კი ძალიან ბევრს არ სურს და მტკივნეულია, რომ ხელოვნება თავისი არსით არის მახე ადამიანის სულისთვის. ბლოგზე, მსურდა ადამიანები მახეში გამება. სიტყვა ყველაზე დიდი მახეა. საბოლოოდ, ამ გადმოსახედიდან ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად თავად აღმოვჩნდი გამახული. 
6 წლის თავზე ანუ წელს, 2014 წელს, ძალიან შემაშინეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ საიტებზე არსებულმა ჩემმა პროფილ-ავატარებმა. უმეტესი მათგანი წავშალე. დესტრუქცია ჩემი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ივნისის თვე, ბლოგზე "დიდი შესვენების" თვედ გამოვაცხადე. ამ პერიოდში კარგად უნდა გავიაზრო, თუ როგორ უნდა განვაგრძო ბლოგზე წერა და ზოგადად, რა დამოკიდებულებით უნდა გავაგრძელო ცხოვრება. საბოლოოდ, ბლოგი უნდა გარდავქმნა და მოვირგო ჩემს კომფორტულ ქურქად, ჩემს კანად. 
რამდენს ვლაპარაკობ, მაპატიე სოფი, შენი ბლოგის სივრცეს ასე ეგოისტურად რომ ვექცევი. ყველა მკითხველმა მომიტევეთ. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ახლა, სოლ ბელოუს რომანს, "ჰენდერსონი, წვიმის მეფე" ვკითხულობ, და როდესაც ძალიან კარგ წიგნს ვკითხულობ, მინდა ხოლმე რომ ან ძალიან ბევრი ვილაპარაკო, ან სრულიად დავდუმდე. წიგნში, ჰენდერსონი მყოფობასა და ჩამოყალიბებას შორის აკეთებს არჩევანს. არჩევანს არა, უფრო სწორად, იაზრებს ამ ორი სიტყვის არსს და მათ ცხოვრებასთან მიმართებას. ის, რაც ახლა მჭირდება მე. ამიტომ მერე ამ წიგნზე, აუცილებლად დავწერ მიმოხილვას.

  2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ყოველთვის ჩემი თავისთვის ვწერდი. მერე ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის, მერე ძალიან შემრცხვა და ვწერდი ყველა ადამიანისთვის, ვინც კი ინტერნეტში არსებობს, ასაკის, სქესის და მდგომარეობის მიუხედავად. მერე მივხვდი, რომ არ იყო, მთლად სწორი. ყველასთვის კეთილი, კარგი და სასიამოვნო ვერ იქნები. ხელოვნების მახე რაღაც ძალიან გაურკვეველ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზოგჯერ სრულიდ გაუგებარი და შეუფერებელი პოსტებით. მერე ისე გავაკეთე, რომ შევეცადე ისეთი ენით მეწერა, რაც ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ხოლო ზოგჯერ, ისე ვწერდი, რომ პოსტის არსი მხოლოდ მე მესმოდა. თუმცა დამეთანხმებით, ყველაზე უკეთ თქვენივე პოსტების ხომ მხოლოდ თქვენვე გესმით. ეს ბედნიერებაა და სასიამოვნო განცდაა. მით უმეტეს, როდესაც პირადი ტიპის პოსტებზე მიდგება საქმე. 
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად წიგნებზე, ნახატებზე, ფილმებზე და პირად ამბებზე ვწერ, და რატომ არ უნდა დარჩეს ასევე ეს მომავალშიც? უცებ თუ გამოხტება უგულწრფელო პოსტი, იმას აუცილებლად წავშლი. ახლაც, თვალს ვავლებ პოსტებს და ყველა ურწმუნო და უგულწრფელო ამბავს, დაუნანებლად ვშლი.
ვირტუალურ სამყაროში ამ ორი თვისების დაცვა და გამოხატვა ყველაზე რთულია. სულაც არაა აუცილებელი, რაღაც ღირებულებათა კოდექსი შეიმუშავო და მთელი ცხოვრება ამ კოდექსის დაცვით განვლო, მაგრამ არის რაღაც თვისებები, რასაც ყველაზე მედატ ვაფასებთ ხოლმე. 
ჰენდერსონი აფრიკაში წავა, და იქ წვიმის მეფედ იქცევა. ისეთი არაჩვეულებრივი ამბავია, გაგიჟდებით. ალბათ, ცხოვრებაში ჩვენ ყველანი რაღაცის და ვიღაცის მეფეებად უნდა ვიქცეთ, ეს არის ჩვენი დანიშნულება. ოღონდ სხვების დასანახად კი არა, შენთვის, პირველ რიგში. ამ ერთფეროვან ციკლს ხომ უნდა დავაღწიოთ თავი? ვითომ, რატომ არ უნდა უნდოდეს ადამინას, ჩაიდინოს რაიმე სიგიჟე? რას სჯობს სიგიჟეებს? დინი ამერიკის გზებზე რომ დაჰქროდა, ხომ შლეგი იყო? რატომ უნდა დავუტოვოთ მხოლოდ წიგნის პერსონაჟებს ეს სიგიჟეები?

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოშისაზღვარგარეთ და მერე,სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი,როგორც წარმოგიდგენია? 

25 წლის ვარ, მაგრამ საქართველოს გარდა ჯერ არსად ვყოფილვარ. ჩემი ქვეყნის უმეტესი მხარე მოვიარე, ბავშვობის უმეტესობა კი სოფლად მაქვს გატარებული. ხომ იცით, ადგილს მისი ლამაზი სახლები და ტყეები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის მოგონებები, რაც იმ ადგილთან გვაკავშირებს. ასეთი ადგილი ჩემთვის სოფელი ალგეთია. სრულიად ჩვეულებრივი, პატარა, მყუდრო ხეობა მანგლისთან ახლოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი.
აუცილებლად დავათვალიერებ რაჭას, აჭარას და თუშეთს. ზოგადად კავკასიის ქედს მთელს სიგრძეზე, იქით და აქეთ, აფხაზეთისკენ და კასპიის ზღვისკენ, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია და თუ შესაძლებლობა მომეცემა, ვნახო ეს ადგილები, წავალ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ძალიან მიტაცებს კუნძულოვანი ქვეყნები. ისლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია და ავსტრალია არიან პირველები რაც თავში მომდის. ვფიქრობ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი საინტერესო იქნება სანახავად. დედამიწაზე უკვე ბეზრდება ხალხს, ახლა კოსმოსის ათვისების ჯერია. იქნებ, მარსზეც გავფრენილიყავი?

4.  პირადული შეკითხვაგყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო,თუ თავისუფალი ხარროგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰამგონი,საკაიფო პუნქტ-შეკითხვააცოტა "საპაემნოსჰგავს)? 

ამჟამად არც მეგობარი გოგო მყავს და არც მეგობარი ბიჭი. ინტიმურ საკითხში საერთოდ არანაირი კრიტერიუმი არ გამაჩნია. როდესაც ადამიანს ვიცნობ, არ მაქვს წინასწარ შემუშავებული ჩარჩოები და გეგმები. ჩემთვის ძალიან ბევრი საგულისხმო ადამიანი ხელოვნებაში, მეუბნება, რომ სიყვარული არსებობს. მე ჯერ მსგავსი გრძნობა არ მწვევია. მიმაჩნია, რომ აი, იმ ნამდვილ, დიდ, საოცარ, არაამქვეყნიურ გრძნობას არც სქესი აქვს, არც ეროვნება, არც სოციალური სტატუსი, მოკლედ, ამ გრძნობას ვერაფერი აფერხებს. სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ, ძალიან მცირე კარგი მაგალითი მაქვს. ოჯახის ამბავსაც ეჭვის თვალით ვუყურებ და ზოგადად მსგავს საკითხებში, ძალიან ინგმარ ბერგმანი ვარ. რა ვქნა აბა? "შემოდგომის სონატა" მგონია ყველასთან. არც ის მესმის, როგორ უნდა შეინარჩუნონ ადამიანებმა ეს დიდი გრძნობა და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ასეთი გრძნობა ხანგრძლივობაში მყოფობდეს. 
როგორი ეგოისტი და ცუდი ადამიანი უნდა ვიყო, შენ შესანიშნავ ბლოგზე სოფი, შენ შესანიშნავ ოჯახთან, მსგავს რაღაცებს რომ ვამბობ. მაგრამ მე ხომ გულწრფელობას შეგპირდით. მე მჯერა, როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩვენ ბედნიერები ვართო. მე მჯერა, როდესაც ამას ვხედავ კიდეც. ამიტომ მე მჯერა შენი ბედნიერი ოჯახის სოფი.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერორისი თქმაც გინდარაც გაწუხებსანუბრალოდარაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენსმკითხველს.

მადლობა, სოფი სან სუპერ დედა გოლდენო, ასეთი შესანიშნავი ბლოგო-სერიისთვის. ყველა შენს მკითხველს და ყველა პროექტში მონაწილეს ვუსურვებ ბედნიერებას და გაზაფხულის შესანიშნავად გატარებას!



Wednesday, June 18, 2014

ოქსფორდიდან ოქსფორდამდე და განსაკუთრებული სიყვარული - 3

    ჩემი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ერთგვარად მისაბაძი ახალგაზრდა ქალია, საოცნებო მეუღლე, ორი შვილის დედა და დარწმუნებული ვარ, ასეთივე კარგი პროფესიონალი თავის საქმეში.


ჩვენი პირველი გაცნობა წელიწადზე მეტი ხნის წინ შედგა, ონლაინ ბუნებრივია :-)



ეს კი მისი თავმდაბალი ბლოგია, სადაც ბევრ ჟურნალისტსა თუ მწერალზე უკეთ გამოხატავს თავის შეგრძნებებსა თუ გამოცდილებებს.



(პროექტის შესავალი




ოქსფორდიდან ოქსფორდამდე და განსაკუთრებული სიყვარული


ესეც თის პასუხები:

1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

2011 წლის იანვარი იყო. ძალიან მოვიწყინე. ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებდი, საოცრად ვნერვიულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა. დიდი ხნის მანძილზე რამოდენიმე ქართველ ბლოგერს ვკითხულობდი და სულ მქონდა სურვილი მეც გამეკეთებინა ბლოგი.
სადღაც 1 წელი მარტო ვწერდი და მკითხველიც კი არ მყავდა. სიმართლე გითხრათ, არც მანაღვლებდა. პირიქით, მომწონდა კიდეც. ჩემთვის ბლოგს ის დატვირთვა ჰქონდა მაშინაც და ახლაც, რომ ფურცლებიდან რომელზეც გამუდმებით ვწერდი, ელექტრონულად იქცა,  სამუდამოდ შეინახება და თანაც ვერავინ წაიკითხავს ჩუმად. ვგულისხმობ ოჯახის ცნობისმოყვარე წევრი და ა.შ 

  2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ცალსახად ჩემი შვილებისთვის. ძალიან ძალიან მინდა, ერთ დღესაც, მე სადღაც 40 წელს მიტანებულმა ან შეიძლება უფრო ასაკოვანმაც, ჩემს შვილებს გადავუგზვნო ლინკი და ვაჩვენო მათი დედა რას განიცდიდა, რაც წერდა, რას გრძნობდა. სიმართლე გითხრათ მე დიდი სიამოვნებით ველი მაგ დღეს. ღმერთო ჩემო დავჯდები და ყოველი დღის ემოცია თვალწინ დამიდგება და შეიძლება გავგიჟდე. აი ხომ ყვებიან დედები, შენ ამ ასაკში ესე შვებოდი, ან მე იმ დროს ასე ვაკეთბდი, ნეტა რომელი თვე იყო, ან რომელი წელი იყო. წარმოიდგინეთ, წკაპ და სულ ზეპირად ვიცი ყველაფერი. ზუსტად ვიცი, არც ერთი ჩემი ჩანაწერი მომავალში არ მომეწონება, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი ჩემი შვილებისთვის ძალიან ძვირფასი რამე იქნება.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

თემაა. საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქუჩა 108. მეოთხე სართული. იქ ყველგან მე, ბაბუ და ბებო დავდივართ. ყველა ოთახში ვხსედვართ, შუქი არ გვაქვს, საშინელი წლებია, ცივა მაგრამ იმდენი სიყვარულია და ისეთი იდილიაა ღმერთო, დღემდე რომ მომყვება და არასოდეს დამტოვებს. იქ იმდენად სავსეა თითოეული კუთხე მოგონებებით რომ ვერ ვლაპარაკობ, მარტო დავდივარ და გონებაში ფრაგმენტები ტრიალებს. ერთადერთი ადგილია სადაც ბედნიერი ვარ.
რაც შეეხება საზღვარ-გარეთს. :) ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს ეცოდინება რომ ინგლისის ერთი პატარა ქალაქ ოქსფორდი არის ის ადგილი სადაც ზემოთ ხსენებული ადგილის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ვარ. ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ბევრი ქვეყანაც მინახავს, მაგრამ ინგლისი არის ის ადგილი, სადაც დიდი სიამოვნებით დავიმარხებოდი.ღმერთს ისე ვუყვარვარ რომ უკვე 2 ჯერ , რამოდენიმე თვით თანაც ოქსფორდში ვცხოვრობდი. ღმერთო, უკანასკნელად 2011 წელის ვიყავი და უბრალოდ მიჭირს იმ ივნის-ივლისის გადმოცემა რაც იქ დავყავი. ყოველ დღე, მე ვიყავი ბედნიერი. ყოველ დღე, მე ვგრძნობდი რომ წინა ცხოვრებაში იქ ვცხოვრობდი, ყოველ დღე მე ვიყავი აღფრთოვანებული და ყოველი დღის ბოლოს ვგრძნობდი რომ ჩემი ბედნიერება მთავრდებოდა. ეხლა ვარსებობ იმით, რომ ისევ წავალ ოქსფორდში რამოდენიმე წელიწადში. ის პაუზები, ოქსფორდიდან ოქსფორდამდე არსებობაა...არ ვიცი როგორ მოახერხებენ, რას იზამენ, მაგრამ ჩემს შვილებს აუცილებლად დავუბარებ ანდერძს: დამმარხონ ოქსფორდში.
პ.ს ეხლა ივლისში პარიზში მივდივარ, მხოლოდ იმიტომ რომ ინგლისი მერამდენედ უნდა ვნახო.თორემ, მე რომ მკითხოთ სად წახვალ? ღმერთო ჩემო , რა თქმა უნდა ოქსფორდში!

4.  პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

მყავს მეუღლე. ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, არაჩვეულებრივად მაღალი სულიერებით. მე მასთან შედარებით, სულიერ ასპექტში ვარ ჭიაღუა. ადრე ვიღაცამ თქვა ეს თავის ქმარზე და კარგად დავიმახსოვრე, რადგან ზუსტად ისაა რასაც ამდენი ხანი ვფიქრობდი. საერთოდ არ მაინტერესებს მისი სხვა არაფერი. უბრალოდ ის ვიცი რომ არის იმდენად ძვირფასი ადამიანი, იმდენად მაღალი სულიერებით რომ სხვა დეტალები ჩემი და მისი ურთიერთობის, ჩხუბები, ლანძღვა, ზოგჯერ გინებაც J ძალიან weak point არის. ვაჩენ შვილებ და მინდა კიდევ ბევრი გავაჩინო, რადგან მინდა გამრავლდეს. მინდა მისი მთელი ეს სიმდიდრე სულიერი, რაღაც პროცენტით ვინმემ გაიზიაროს. მოკლედ იშვიათი ადამიანობით გამორჩეული ადამიანია. გულია. ცარიელი გულია.

მიყვარს უნიკალურად. ვხლობ მისით.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს

მინდა ვთქვა რომ ეს პროექტი მომწონს. საერთოდ ვგიჟდები დიალოგებზე. მიყვარს ბლიც კითხვებიც. სიამოვნებით ვიქნებოდი რესპოდენტი, ერთი ესაა, ვის აინტერსებს ჩემი ბოდვა. მადლობა სოფის. საერთოდ მადლობა, იმისთვის რომ ამ ინიციატივებით არ იღლება , ცდილობს გააცოცხლოს ძალიან მკვდარი ბლოგსფერო.
ბედნიერი დღე შენ სოფი!
ბედნიერი დღე შენ ანუშკა! (საერთოდ იმ დღეს დარწმუნებული ვარ რომ შენ იყავი. ძალიან ძალიან შორიდან დაგინახე , მაგრამ შენ იყავი. არ შევცდები)

ბედნიერი დღე ნასტასიას! (რომლის ბლოგი ჩემთვის წიგნია)

ბედნიერი დღე ყველას დედამიწაზე!

წარმატებები!