Wednesday, October 30, 2013

"რა მინდა გამოვიდე"

ბოლო პერიოდში ჩემს რამდენიმე მეგობართან საუბრის შემდეგ, ასევე ჩემი საყვარელი ბლოგების კითხვისა და საკუთარი გამოცდილების დამატებით, მივხვდი, თუ რა მინდა "გამოვიდე", ეზრა რომ გაიზრდება :)

ყველაფერი ჯერ კიდევ იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელიც ჩემმა საყვარელმა მკითხველმა ნინომ "ქალების ოთახისთვის" მომაწოდა. მერე ჩვენი ბებიაქალი გოგოს სიმპათიით, რომელიც ეზრას დაბადების შემდეგ ორ თვეს მოდიოდა, მამხნევებდა, მამშვიდებდა, როგორც ახალ დედას, ჩემს ჯანმრთელობას ამოწმებდა და ეზრასაც, თუ როგორ იმატებდა წონაში და ვითარდებოდა (ეს ყველაფერი სასწაულად კარგად დალაგებული გერმანული ჯანდაცვის სისტემის ნაწილია). მოკლედ, ყოველთვის მზად იყო, მოსულიყო და ჩვენს შეკითხვებზე გაეცა პასუხი. მოვიდოდა თავისი ველოსიპედით და დიდი ჩანთით, სადაც ყველა საჭირო ნივთი ჰქონდა, ციფრული სასწორიდან დაწყებული, მელოგინე დედის ნერვებისდამამშვიდებელი ჩაით დამთავრებული, შემომხედავდა თავისი თბილი ცისფერი თვალებით და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არაფერზე ღირდა ნერვიულობა.
ჩემთვის ბევრ მეგობარზე ახლობელი და გამგები გახდა იმ პერიოდში. დედაჩემსაც კი მეგობრულად ესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ენები საერთოდ არ ესმოდათ :)

სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნებისმიერ სიტუაციაში მჭირდება გამხნევება და დადებითი ემოციები. არა მხოლოდ მიღება, გაცემაც, რადგან ვიცი, იმ მომენტში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის.

თუმცა, რამდენადაც ვხედავ/მინახავს, ექიმები ამ ემოციებს ნაკლებად, ან საერთოდ არ გასცემენ. დამეთანხმებით, რომ ექიმების 50% ამაყი და არათავაზიანია. ამის მაგალითად ჩემი საკუთარი ნათესავი ექიმები მყავს საქართველოში, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები და სპეციალისტები არიან, მაგრამ პაციენტებთან ურთიერთობისას ხშირად ცივები არიან და თავიანთ თანასწორებად არ აღიქვამენ. ანუ ექიმების უმეტესობა ფიქრობს, რომ მან ყველაზე მეტი იცის და ამით უნდა იამაყოს კიდეც. ბუნებრივია, ასეა და სხვანაირად არც უნდა იყოს (ღმ–ერთმა დაიფაროს!), მაშინ როგორღა ვანდობდით მათ საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ უნდა ისედაც შეშინებულ ავადმყოფს ვიღაცამ ზემოდან დახედოს თავისი დიადი განათლებით? ან დამშვიდება–გამხნევების მაგივრად, პანიკაში ჩააგდოს და სხვა წუხილთან ერთად, გულიც გაუხეთქოს?
არა მგონია, ვინმეს უნდოდეს.

ამიტომაც, ბოლო ტენდენციების თანახმად, რასაც ვკითხულობ და ნაცნობებისგან მესმის, ძალიან ბევრი ქალი იწყებს ბებიაქალებთან კონსულტაციაზე (ბუნებრივია, ექიმიც ამოწმებს) სიარულს. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ორსულობა ჯანსაღად ვითარდება, დედა და ნაყოფი კარგად გრძნობენ თავს, ექოსკოპიური გამოკვლევები მინიმუმამდე დაჰყავთ და უფრო მეტი ყურადღება ქალის ფსიქოლოგიურ მომზადებას, სიმშვიდეში ყოფნასა და განტვირთვას ექცევა.
შესაბამისად, პირველი მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, ის ქალები, რომლებიც მსგავს კონსულტაციებს გადიოდნენ და მათ ბებიაქალები სტრესთან გამკლავებას ასწავლიდნენ, ბევრად ადვილად აჩენენ ბავშვებს და საკეისროების შემთხვევა, საერთოდ, თითქმის 1%–მდე დაეცა (საქართველოსთვის ეს შეიძლება "ტრაგედიად" ჩაითვალოს).


მოკლედ, ძალიან მინდა და მოვიფიქრე, ბებიაქალის სპეციალობა ვისწავლო.
გერმანიაში არცთუ ისე ადვილია სწავლა და მით უმეტეს, პროფესიის ასე რადიკალურად შეცვლა. ბევრად მარტივი იქნებოდა, ჩემი დიპლომით უნივერსიტეტში მივსულიყავი და ისევ ბითურული მედია ან მსგავსი ფილოსოფიური ბულშითოლოგიის სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ მორჩა!!! არცერთ პროფესიას აღარ ვთვლი სერიოზულად, გარდა მედიცინისა. [სულის მკურნალობაზე არაფერი გამაგონოთ, ვითომ სხვა რომანტიკული პროფესიები რომ კურნავენ ადამიანს, ამაზე აბსურდული არაფერი გამიგია, ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს, ვის ატყუებენ.]
ვიცი, ცოტა ცალსახა და ზედაპირული გამოსვლა გამომივიდა, მაგრამ ამჟამად ასე ვგრძნობ თავს და არაფრის სწავლა მაინტერესებს, რაც პირდაპირ არ არის დამოკიდებული ჯანმრთელობასთან და ცოცხალ ადამიანებთან, ბავშვებთან და ყველაფერ იმასთან, რაც ჩემს საყვარელ თემებს შეეხება. ჩემი საყვარელი თემების შესახებ კი, შეიტყობდით უკვე ამ წლინახევრის მანძილზე.

ძალიან მაინტერესებს და მინდა ვიცოდე, ჩემი მკითხველისთვის რამ განაპირობა მათი პროფესიის არჩევა და თუ შეიცვლიდნენ ოდესმე? მომენატრა თქვენთან საუბარი, არ დაიზაროთ, მომიყევით რა :)

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!!!

პ.ს. ახლა ამ პოსტს გადავაწყდი, სანდრაზე და გამახსენდა, მანაც რომ შეიცვალა პროფესია და მედდად მუშაობდა სამშობიაროში. თან, ყველაფერთან ერთად, სანდრაც 23 დეკემბერსაა დაბადებული ;) მოკლედ, ყოველთვის მომწონდა ეს ქალი და ახლა კიდევ უფრო, ერთნაირი ინტერესები რომ გვქონია.

Sunday, October 27, 2013

Such a Perfect Day...

ლუ რიდი მოკვდა.

ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, შავ ლაქს ისევ ვისვამდე ფრჩხილებზე და თითებიც ვერცხლის ბეჭდებით მქონდეს ასხმული, ალბათ უფრო სხვანაირ წერილს მივწერდი, მაგრამ ახლა აღარ გამომდის :|
მერე რა, რომ მოკვდა, მაინც მივწერდი. არაფერი ჯობია მკვდრებისთვის წერილის მიწერას. ვერ დაადანაშაულებ, რომ პასუხი არ დაგიბრუნეს.


ლუ რიდი 2005 წელს გავიცანი. ელიზაბეტ ვურცელის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან "პროზაკის თაობა".
მაშინ მეც ვურცელის გმირის მსგავსი პრობლემები მქონდა და სასწაულად ვაიგივებდი მასთან თავს.
გათენებამდე ვწერდი მეც და ლუ რიდს ვუსმენდი... ოღონდ ჩემთან არასოდეს მოსულა, როგორ ლიზისთან.
არც მე მიმიღწევია "როლინგ სტოუნამდე".
უბრალოდ, დღეს ავად ვარ და ეს perfect day კიდევ perfect–ად დასრულდა ლუ რიდის სიკვდილით.

მადლობა ყველაფრისთვის, ლუ!

არაფერს არაფერს არა აქვს მნიშვნელობა ამქვეყნად – მხოლოდ მუსიკა რჩება მაინც და დანარჩენები ყველანი სხვაგან მივდივართ.

Friday, October 25, 2013

5 ფავორიტი

მე, როგორც, მილიონი უცხოური ბლოგის მკითხველს, გული მწყდება საქართველოში ცოტა საინტერესო ბლოგი რომ არსებობს (ან უბრალოდ, მე არ აღმომიჩენია ბევრი). ხალხი ისეთ საინტერესო რაღაცებს წერს, მთელი სამეზობლო–სამეგობრო აქვთ შექმნილი, ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, სხვადასხვა პროექტებს იგონებენ, წერენ და სიამოვნებას ანიჭებენ სხვებსაც და თვითონაც გულს (ან "თავის ჭიას", როგორც ჩვენთან იტყვიან) იხარებენ :)
მუჰამედისა და მთისა არ იყოს, ავდგები და მეც განვაგრძობ რაღაცების მოგონებას, წერას და ახალ–ახალი პროექტების გაკეთებას, რომელიც ყველას გაგვახალისებს და იქნებ, ზოგმა საინტერესო რამეებიც კი იპოვოს მსგავს პოსტებში.

მოკლედ, კვირაში ერთხელ (ძალიან შევეცდები), დავწერ პოსტს "5 ფავორიტი", სადაც ვისაუბრებ ჩემს იმ პერიოდის 5 საინტერესო, მოსაწონ ფილმზე, წიგნზე, მუსიკაზე და არა მხოლოდ, ასევე ამინდზე, ბავშვებზე, მშობიარობაზე, ლაქტაციის სიკეთესა და ბუნებრივია, შამპუნებზეც (ამის გარეშე ვინ ცხოვრობს!) :))))

ესეც პროექტის პირველი 5 ფავორიტი:


1. "კაბარე"

The continent of Europe is so wide, mein Herr...

არ ვიცი, თქვენთვის სალი ბოულსის სახელი რამეს თუ ნიშნავს, მაგრამ მეც კი, ადამიანს, რომელსაც "კაბარე" მინიმუმ 10–ჯერ აქვს ნანახი და მის გმირებთან ერთად უცინია გიჟივით, ხანაც უტირია, სანამ ავტორმა სალის მწვანედ შეღებილი ფრჩხილები არ ახსენა, ვერაფრით გავიხსენე, რატომ მეცნობოდა წიგნში ეს სახელი.
თურმე იმიტომ, რომ ლაიზა მინელის სასწაულად ცნობილი სახასიათო როლი სასაცილო და ქარაფშუტა კაბარეს მომღერლისა, ინგლისელი მწერლის, კრისტოფერ იშერვუდის 1939 წელს დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი.


"ბერლინთან დამშვიდობება" ("Goodbye to Berlin"-ის ჩემეული თარგმანი) ინგლისელი მწერლის, კრისტოფერ იშერვუდის მოთხრობების კრებულია. შეიძლება ერთგვარ მემუარებადაც ჩაითვალოს, თუმცა თავად მწერალი შესავალშივე ეუბნება მკითხველს, რომ ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება.


კრისტოფერ იშერვუდი (და მისი წიგნის მთხრობელიც) 30–იან წლებში ბერლინში ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა; სწორედ ამ პერიოდის ცხოვრება აქვს კიდეც აღწერილი: ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ყოფა, მათი ცხოვრების ისტორია, ვნებები, მისწრაფებები, სურვილები. პარალელურად, ძალიან მსუბუქად ჰყვება ნაციზმის აღზევებაზე, ეკონომიკის დაცემასა და ებრაელებისადმი სიძულვილზე, რომელმაც გერმანელებს ელექტროშოკივით ძარღვებში დაუარათ და ბევრ რამეზე არც დაფიქრებულან.
ვისაც თანამედროვე ლიტერატურა აინტერესებს, თანაც წლინახევრის აქტიური ბავშვი ჰყავს და სწრაფად კითხვის ოსტატია, ძალიან მოეწონება.

2. H&M Conscious Initiative

ადრეც მითქვამს, რომ ხშირად ვყიდულობ ჰ&მ–ში ტანსაცმელს. ყველა საშუალო კლასის ადამიანი ყიდულობს. გასაგებია, რომ ხარისხი უმეტესად ნაგვურია, მაგრამ იაფი და თუ ჰენესი და მორიტცი კარგ ხასიათზე "დაგხვდნენ", შეიძლება კარგი ხარისხის რაღაცებიც გამოურიონ და ტანსაცმელმა იმაზე დიდხანს გაგიძლოს (არ გაიწელოს, არ აიბურძგნოს ორჯერ გარეცხვის მერე), ვიდრე იმედოვნებდი.
ეზრასთვისაც უმეტესად იქ ვყიდულობ ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ სასწაულად სწრაფად იზრდება და სხვა მაღაზიებთან შედარებით, ბავშვების ტანსაცმელი ყველაზე იაფია. ერთადერთი, ფეხსაცმლის ყიდვაზე აქ არც იფიქროთ, ნამდვილი ნაგავია და თანაც ბავშვს კარგი ხარისხის ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეს, რომ ნორმალურად ისუნთქოს ტერფმა და სირბილითაც რბილად და კარგად ირბინოს.


წინა კვირას აღმოვაჩინე, ასეთი ინიციატივა/აქცია გაუკეთებია ჰ&მ–ს, რომ მიგაქვს შენი ძველი ტანსაცმელი (დღეში 2 პაკეტის მიტანა შეგიძლია), აბარებ და ისინი 15%–იანი ფასდაკლების კუპონს გაძლევენ თითო პაკეტ ტანსაცმელზე.
ნუ განსჯით და მეც მეზარება, რამდენად მარკეტინგულად კარგად გათვლილი ნაბიჯია მათი მხრიდან, მაგრამ მე ის მომეწონა, რომ ჩემს ძველ ტანსაცმელს უბრალოდ კი აღარ გადავყრი სპეციალურ კონტეინერში, ჩვენი ქუჩის დასაწყისში რომ დგას, მაღაზიაში ჩავაბარებ და სანაცვლოდ, კიდევ ახალ "ნაჭრებს" ვიყიდი :ლოლ: ის მამშვიდებს, რომ ნახმარ ტანსაცმელს ამუშავებენ და ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებენ.
გერმანიაში ზემოთ ხსენებულ კონტეინერებში გადაყრილ ტანსაცმელსაც სასარგებლოდ იყენებენ, მაგრამ ადამიანების ანგარებიანობისა ხომ იცით, დღევანდელი კვერცხი/15%–იანი ფასდაკლების კუპონი გირჩევნია ხვალინდელ ქათამს, თუ როგორცაა ეგ ამბავი.

3. The Hour


ამ ეპიზოდების ყურება თავიდან რომოლა გარაის (მგონი, უფრო გერია სწორი) გამო დავიწყე, რომელიც ძალიან მომწონს. მერე გავიგე და გავოცდი, რომ ის მეორე, სასწაულად სიმპათიური შავგვრემანი გოგო, უნა ჩაპლინი ყოფილა, დიახ, დიდი ჩარლის შვილიშვილი და ჯერალდინის შვილი, ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი ფლამენკოს მოცეკვავე უნა, ირლანდიური მხოლოდ ბებიის სახელი რომ აქვს.

4. ბლოგი

ამ ეტაპზე ტომას ბლოგი მომწონს ძალიან. ჯერ ერთი ძალიან დიდი ხანია, რაც მისი ბლოგი არსებობს და მე ვკითხულობ. თითქოს ჩვენი ბლოგები ერთად იზრდებოდნენ, ისეთი შეგრძნება მაქვს. მეორე, სასწაული პასუხისმგებლობის მქონე და შრომისმოყვარე ადამიანი ჩანს. მესამე, უცხოეთში ცხოვრობს დიდი ხანია, ისიც გაყინულ ჩრდილოეთში და მგონია, ყველა სამშობლოდან შორს წასულის კარგად მესმის. მეოთხე, მომწონს მისი ყოველდღიური ცხოვრების პოსტები, ყვავილების სურათები, ახალი სახლის მოსაწყობი ფორიაქი... მოკლედ, ამ კვირაში ჩემი ფავორიტი ბლოგია "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა".

5. შამპუნი


ტყუილად არ მიხსენებია.
მთელი ცხოვრება ვეძებ ისეთ შამპუნს, რომლით თავის დაბანაც მესიამოვნება. ანუ დაბანის შემდეგ თმა ზუსტად ისე იქნება, როგორც მე მომწონს: ბუნებრივად აფოფრილი.
როგორც იქნა, ვიპოვე.
საბავშვო გელი–შამპუნი, ჩვენი საყვარელი ფირმა Hipp–ისგან (ეზრას დაბადების დღეზე საჩუქრებიც კი გამოუგზავნეს, რადგან ორსულობისას დავრეგისტრირდი მათ საიტზე და სასწაულად ყურადღებიანი/ჭკვიანი ფირმა გამოდგა), რომელიც თმისა და ტანისთვისაა განკუთვნილი (არა მხოლოდ ბავშვებისათვის). ძალიან ესთეტიკური ქალებისთვის, სავარაუდოდ, ეს შამპუნი არ გამოდგება, აი, ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელმაც 3 წუთში უნდა დაიბანოს თავი, 2 წუთში პირსახოცით გაიშროს (წლებია ფენი გადავაგდე) და სახლი აფეთქებას გადაარჩინოს, რადგან ეზრა კარადიდან ყველანაირ საშიშ სარეცხ საშუალებას გადმოალაგებს და გასინჯვის გარდა, ერთმანეთში შერევასა და აქაფებასაც სიამოვნებით შეეცდება, პირდაპირ მისწრება აღმოჩენაა.

სულ ეს იყო დღეისთვის და ამ კვირისთვის.
ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ, შემოდგომის თბილად და ტკბილად დასრულებას!

Tuesday, October 22, 2013

ტაქტიანი შემოდგომა

აქაც შემოდგომაა :)


ამ კვირაში ისეთი კარგი ამინდები გამოვიდა, ინდიელის ჟაკეტით და კედებით დავდივარ. რა ჯობია ასეთ ამინდს, სასიამოვნოდ რომ გითბობს ზურგი მზეს და ადამიანებიც კარგ ხასიათზე არიან. ნატას ვწერდი, მგონი, ან შეიძლება აქაც მიწერია, (აბა, სხვას ვის აინტერესებს მსგავსი ამბები...), სტაბილური და მშვიდი ცხოვრება რომ აქვთ აქ ადამიანებს, ალბათ ამიტომ თავადაც მშვიდები და თავაზიანები არიან–მეთქი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანებს ნერვები არ აქვთ მოშლილი, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები მიყვარს, ასე 50–70 წლის ასაკის :) იმიტომ, რომ ზუსტად ამ ასაკის ხალხი ეზრას და მე განსაკუთრებით გვაქცევს ყურადღებას და რამდენიმე რჩევასაც მოგვცემს ხოლმე ერთი–ორი მხიარული ბებო. ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, ქუჩაში გამოლაპარაკება, "გამოცნაურება" (ამ სიტყვას სწორად ვერ ვიხსენებ), შორეულ ნათესავებთან შეხვედრა და სრულიად უცხო ადამიანების პირადი პრობლემების მოსმენა. იმხელა სამყარო დააქვს თითოეულ ადამიანს გულში, შეუძლებელია ამის არშემჩნევა და უგულებელყოფა (გეუბნებით, დღეს სასწაული სიტყვები მომდის).

ამაზე იმიტომ ვწერ, სასწაულად მახარებს, სრულიად უცხო ადამიანები რომ მომწერენ და ეზრას მოიკითხავენ ხოლმე. უცნაური არსებები ვართ დედები (როდეს აქვს საკაიფო პოსტი ამაზე); თავიდან, ეზრა რომ გავაჩინე, ბუნებრივია, პირველად მასზე მეკითხებოდნენ და მე მწყინდა, რომ ჩემი მეტი აღარაფერი აინტერესებდათ. ამ ბოლო დროს კი ადამიანები მომწერენ და ეზრას არც ახსენებენ; ახლა ეს მწყინს და ცივად ვპასუხობ, იმიტომ რომ ახლა ეზრა უკვე ჩემი სულის ნაწილია და არა ახალდაბადებული, სხეულისგან უცებ გაუცხოებული ჩვილი, რომელსაც არ იცი, როგორ მოექცე და როგორ აღიქვა (ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცოდი). როცა მას არ მოიკითხავენ, ჩემს ძირითად ფუნქციას უარყოფენ და უკან სწევენ თითქოს, რაც მაღიზიანებს და იმ ადამიანებთან მეგობრობის სურვილს მაკარგვინებს.
დედა ვარ, აბა რა ეგონათ.
თუმცა, მეორე მომენტი: არ ვნსჯი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ თავად არ ჰყავს შვილი ან საერთოდ არ უნდა ყოლა. სანამ თვითონ არ გახდები მშობელი, არ გადაიტან ყველა იმ სირთულეს, რაც ამას მოჰყვება და იმ ნერვიულობას, რასაც ბავშვის ავად გახდომა, ან გადმოვარდნა, თითის ტკენა, კბილის ამოსვლა და მსგავსი "ჩვეულებრივი" ბუნებრივი მოვლენები ჰქვია, ძნელია სხვისი გაგება. უბრალოდ, ზოგ ადამიანს მეტი ტაქტი და გონება აქვს და ზოგს – ნაკლები.

ეს ტაქტი ხომ საერთოდ ცალკე პოსტის თემაა და სხვა დროს იყოს.

ღამე მშვიდობისა!!!
საინტერესო და თბილი დღეები გ(ვ)ქონოდეთ(ს)!!! :)

Tuesday, October 8, 2013

კეისარს კეისრისა – ქალებს უფრო მეტი!



რამდენი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, როგორ დამეწერა. არც ახლა ვიცი, რადგან ოფიციალური სტატისტიკა ისევ არ მაქვს და არც მედიცინის ექსპერტი ვარ, მაგრამ ადამიანური კუთხიდან მოგიყვებით და ჩემმა მკითხველმა ყოველთვის მშვენივრად იცის, რა და როგორ მიიღოს, მერე კი მიპასუხოს, მეკამათოს, რაც ძალიან მსიამოვნებს და მახარებს. ამიტომ, გთხოვთ, ნებისმიერი აზრი მაინტერებს და პატივს ვცემ.

1. ერთი თვის წინ ჩემმა ახლო ნათესავმა ბავშვი გააჩინა საქართველოში.

როგორ?
საკეისრო. რატომ? ექიმების თქმით, საშვილოსნო არ იხსნებოდა, თუმცა კაციშვილს არ უფიქრია, რომ მისი პირველი ორსულობა იყო და რამდენიმე საათი სჭირდებოდა ორგანიზმს გონზე მოსასვლელად. ამასთან ერთად, საკეისრო უკვე დანიშნული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დედას მუცლის ტკივილი უკვე დასწყებოდა, უკვე არავინ დააცადა და საოპერაციოში გააქანეს.

2. ორი თვის წინ ჩემმა მეგობარმაც გააჩინა ბავშვი საქართველოში.

დიახ. ისევ საკეისრო. რატომ? ვიწრო მენჯები ჰქონდა თურმე. ამაზე პარადოქსული არაფერი გამიგია ჩემი ცხოვრების მანძილზე, გეუბნებით. არადა, მთელი 9 თვე დადიოდა ექიმთან კონსულტაციაზე და მენჯები არავის უხსენებია, 23 წლის ჯანსაღი, ლამაზი გოგოა და უცებ, პირდაპირ მშობიარობის წინ "დაუვიწროვდა" მენჯები. გამანათლეთ რა, ხალხო, მე ვერაფერს ვხვდები!

3. რამდენიმე ხნის წინ ერთმა ლამაზმა ბლოგერმაც გააჩინა ასეთივე ლამაზი ბავშვი საქართველოში.

დიახ. მანაც საკეისროთი. რატომ? მშობიარობის ვადა თითქმის უკვე დამდგარი იყო, მაგრამ ბავშვი ნორმაზე ნაკლებს იწონიდა, ამიტომ ექიმმა ჩათვალა, რომ ბუნებრივად დაბადება გაუჭირდებოდა და მშობლები ლამის დაატერორა, აიძულა საკეისროზე დათანხმებულიყვნენ. სასწაული. არადა, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილია მისი გაჩენა, თუკი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სხვა საშიშროება არ არსებობს.

საერთოდაც, ჩემი ქართველი ნაცნობი გოგოების, თითქმის, 70%–ს საკეისროთი ჰყავს პირველი შვილი გაჩენილი (და ბუნებრივია, შემდეგებიც. სამწუხაროა, ისევ არავინ ცდილობს მეტის წაკითხვას და ინფორმაციის მიღებას, რომ საკეისროს შემდეგ მინიმუმ 3 წელში უპრობლემოდ შეიძლება ბავშვის ვაგინალურად გაჩენა).

თქვენც გადახედეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს და აუცილებლად მომწერეთ, ასეა თუ არა თქვენთანაც.

ჩემს სამივე ახალგაზრდა ქალს საერთო ის ჰქონდა, რომ ეს მათთვის პირველი შვილი იყო.
ვისაც ცოტა კითხვა უყვარს და სამედიცინო ცოდნაც (ჯობია, უფრო ინფორმაციულობა დავარქვა) მეტ–ნაკლებად აქვს, ნებისმიერ საიტსა თუ უფრო სერიოზულ, სამედიცინო ლიტერატურაში შეუძლია ნახოს, რომ პირველი ორსულობა ყოველთვის განსხვავდება მომდევნოებისგან. პირველი მშობიარობის დაწყებაც, შესაბამისად იგვიანებს და საშუალოდ, ქალები 41–42-ე კვირიდან აჩენენ ბავშვებს.
პირველი მშობიარობისას რამდენიმე რთული საათი და შეიძლება დღეც კი დასჭირდეს ორგანიზმს, რომ საშვილოსნო მოამზადოს და ბავშვი დღის სინათლეზე გამოუშვას.

ეს ნიშნავს, რომ მოთმინება და ლოდინია საჭირო.
რამდენი ექიმი იცით საქართველოში, რომელიც 24 საათს მოიცდიდა და მაშინვე საკეისროს არ გააკეთებდა?

მე, მაგალითად, არ ვიცი.
სამაგიეროდ ვიცი ევროპაში რა ხდება. ჩემი აქაური ნაცნობებისა და მეგობრების 99%–ის პირველი, ბუნებრივი, მშობიარობა 12 საათზე ნაკლებს არ გაგრძელებულა (სუსტი შეტევების დაწყებიდან ითვლება).
ბევრი მეტყვის ან თავისთვის გაიფიქრებს, რომ დიდად არ გამეგება საქართველოს სამშობიარო სიტუაცია, მაგრამ ლოგიკურად რომ ვთქვათ, რატომაა დასავლეთ ევროპაში საკეისრო ოპერაციების რიცხვი ასე ძალიან დაბალი აღმოსავლეთთან შედარებით?
მით უმეტეს, რომ დასავლეთ ევროპაში ქალების 50%–ზე მეტი 30 წელს ზემოთ აჩენს ბავშვებს და აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩვენთან, კი – მშობიარე ქალების საშუალო ასაკი 22–ს არ აღემატება. ყველამ იცის, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ადვილია მისთვის ორსულობაცა და მშობიარობაც.
მაშინ რატომ უკეთებენ ყოველ მეორე ჯანმრთელ ქართველ ქალს საკეისროს?

მიზეზი:

1. ვისურვებდი, ის ქართული გაზეთი არ გადამეგდო და შემენახა, სადაც ერთი "ანონომი" ქართველი გინეკოლოგის ინტერვიუ იყო. ექიმი ღიად აცხადებდა, როცა მშობიარე ქალები მასთან მიდიოდნენ და ეტყობოდათ, ლოდინი ეზარებოდათ, ის მაშინვე საკეისროს სთავაზობდა და თუ ქალები არ "გაჭირვეულდებოდნენ", შეკითხვებით არ შეაწუხებდნენ, რამდენად აუცილებელი იყო საკეისრო ბავშვისა და მშობლის ჯანმრთელობისთვის, პაციენტის მოსვლიდან 1 საათში საკეისრო ოპერაცია უკვე მზად იყო.

2. ოპერაციის ფასი [სავარაუდოდ, ხარბი ექიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი]. რამდენადაც ვიცი, საქართველოში საკეისრო ოპერაციას ბუნებრივთან შედარებით ორმაგი ფასი აქვს.

ჩემი ეს პოსტი უმცირესი პროცენტით შეიძლება მოიცავდეს მეცნიერულ კვლევებს. ყველაფერი ზემოთ ნახსენები საკუთარი გამოცდილებისა და ახლობლებზე დაკვირვებების შედეგია.
პირველ რიგში, ამ პოსტის დაწერის მიზეზი ის იყო, რომ ქალებმა გაიგონ და იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ. უფლებები შეკითხვების დასმისა და დაჟინებისა, რომ უთხრან, რამდენად აუცილებელია საკეისრო მაშინ, როცა ქალი და ბავშვი ჯანმრთელები არიან, როცა ბავშვს საკმარისი წყალი, ჟანგბადი აქვს და საშვილოსნოს მომზადებამდე კიდევ მშვიდად შეუძლია დედის თბილ სხეულში დარჩენა; მაშინ, როცა ბავშვი სწორად ზის და ყველანაირი ჩარევის გარეშე გამოსრიალდება თავით და არა ტაკოთი, ზუსტად თავის დროზე და არა მაშინ, როცა ფულისმოყვარულ და უსულგულო ექიმებს მოუნდებათ.

მეორე, საკეისრო რომ ოპერაციაა, ეს უნდა გამემუქებინა, მაგრამ ისედაც ხშირად ვახსენე და მიხვდებოდით. ოპერაცია კი ყოველთვის ნიშნავს შემდეგ გართულებებს, იარებს, ტკივილებს და იმ პერიოდში, როცა ქალს სიმშვიდე სჭირდება, მან ოპერაციიდან დარჩენილი ნაიარევების წამლობაზე უნდა იფიქროს და იდარდოს. აუტანელ ტკივილს რომ თავი დავანებოთ, რაც საკეისრო კვეთის ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ იწყება.
მშობიარობა კი ბუნებრივი მოვლენაა.
არ სჭირდება ქალს ოპერაცია იქ, სადაც ღმერთმა\ბუნებამ მშვენივრად დაულაგა ყველაფერი და თავისი დრო დაუნიშნა.

...

21–ე საუკუნის ქალებს გვჭირდება მეტი ცოდნის, მოთმინებისა და ნებისყოფის გამოჩენა, რომ არავინ ჩაერიოს ჩვენი ჯანმრთელობის საქმეში და დაგვაცადონ ბავშვები ისე გავაჩინოთ, როგორც საჭიროა. ისე, როგორც ჩემი საყვარელი ბეთ ენ ფენელი წერს თავის ერთ ლექსში, გვახსოვდეს ის უნიკალური შეგრძნება, რასაც შენი სხეულის მომზადება, მასზე დაკვირვება და მისგან ახალი სიცოცხლის გამოსხივებაა.
ძალიან ლამაზია.
ძალიან ლამაზია ბუნებრივი მშობიარობა. მსოფლიოში ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ადვილად, უსწრაფესად დავიწყებადი; ყველაზე განსაკუთრებული, რადგან იმ დროს მხოლოდ შენ, შენი ორგანიზმი და შენი გონება ხართ, რომელმაც ეს ორგანიზმი უნდა მოადუნოთ, ხანაც – გაააქტიუროთ და თქვენზე მობმულ პატარა სიცოცხლეს გამოსვლისთანავე ნამდვილი სული აჩუქოთ.
ამ დროს გრძნობ, რომ ღმერთთან ხარ და თვითონ ღმერთის ნაწილი ხარ, ყოველ შემთხვევაში, ამას თუ იგრძნობ, ესე იგი, ზუსტად იმას აკეთებ, რასაც უნდა აკეთებდე.

თუ ჯერ ასე არ გიგრძვნიათ, შემდეგ ცდაზე იყოს ;-)

***
აუცილებლად მინდა დავამატო, რომ არავის ვნსჯი, განსაკუთრებით იმ ქალებს, ვინც თავად აირჩია საკეისრო კვეთის გაკეთება ჯანმრთელობისთვის არსებული საშიშროების გამო. 
თანაც ყველას საკუთარი არჩევანი აქვს და პატივს ვცემ. 
პოსტი კი ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც ამ არჩევნის უფლება არ მისცეს და ინფორმაცია სწორად არ მიაწოდეს.

Monday, October 7, 2013

6 დღე კვირაში – ორშაბათი

მეექვსე დღე – ბოლო პოსტი


(თუ სწორად მახსოვს, ეს სურათი ერთ დროს ქეთის ბლოგიდან უნდა მქონდეს შენახული)


ორშაბათი
В грозы, в бури,
В житейскую стынь,
При тяжелых утратах
И когда тебе грустно,
Казаться улыбчивым и простым -
Самое высшее в мире искусство...
 
სერგეი ესენინი "შავი ადამიანი" 
 
 
გუშინ სტუმრები გვყავდა მთელი დღე და საღამოსაც ვერ მოვიცალე.
სამაგიეროდ, წინა ორშაბათს დავიწყე ეს პროექტი და დღეს დავასრულებ, უკეთესიცაა.

დილას მილიონი აზრი მომდიოდა თავში და ახლა, როცა საწერად დავჯექი, ერთიც კი აღარ დამრჩა.

დღეს ქათმის ბულიონი რომ მოვხარშე და გადავწურე, ჩემი მეგობარი ნატას სიტყვები გამახსენდა, რომელმაც ჩემს წერილზე მიპასუხა, ვაიმე, ნევროზი ხომ არ გაქვს, ყველას პირდაპირ რომ ეუბნები, რასაც მათზე ფიქრობო.
ჰოდა, რაღაც დონით, მგონი, მაქვს ნევროზი :|
ნევროზი იმის, რომ ინტელექტუალურად თითქმის არ "ვმოძრაობ" და ხანდახან ძალიან ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს. ერთ პოსტში ვწერდი, არ მინდა მუშაობა, ალბათ–მეთქი, მაგრამ აქ საქმე მუშაობას არ ეხება, გონებრივ აქტიურობაზე ვსაუბრობ.
იმის ნევროზი, რომ დედაჩემი მენატრება სასწაულად.
კიდევ მრავალმხრივი ნევროზი ამქვეყნიური ცხოვრებისა...

რამდენადაც მზიანი ადამიანი ვარ, იმდენად უფრო მეტი დემონი მყავს, რომლებსაც ხან მე ვაფრთხობ და ხანაც – ისინი შემომიტევენ, ესენინის "შავი ადამიანისა" არ იყოს. რომელი გენიოსი პოეტი მე ვარ, მაგრამ ასეა.

Казаться улыбчивой и простой... 

Friday, October 4, 2013

6 დღე კვირაში – პარასკევი

მეხუთე დღე

პარასკევი

როგორც ადვილად მისახვედრია, პარასკევი ჩვენთვის, თითქმის, უკვე შაბათია. ვიწყებ მზადებას, სამზარეულოში ბზრიალს და ამასთან ერთად, ეზრას გართობას.

ეს სამუშაო კვირაც დამთავრდა. რა მალე გავიდა დღეები, თქვენც შეამჩნიეთ, თუ მხოლოდ ჩემთვის გაირბინა ისე გიჟივით, რომ მოხედვაც ვერ მოვასწარი. ადრე ერთმა ნაცნობმა მითხრა, დროს გარბენაზე, ნაყოფიერად თუ ანაწილებ დროს და ასეც გაგყავს, მაშინ ისე იფიქრე, რომ დღეები კი არ გარბიან, შენს ეტლში არიან შებმულნი და ისე მიგყავსო.
მშვენიერი ფილოსოფიაა, არა? :)


ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!

შაბათ შალომ!!!

Thursday, October 3, 2013

6 დღე კვირაში – ხუთშაბათი


მეოთხე დღე


ხუთშაბათი

დღეს გერმანიის გაერთიანების დღეა. დასვენების დღედაა გამოცხადებული და კაციშვილს ვერ ნახავ ქუჩაში, ყველა ისვენებს. საღამოობით სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ ხოლმე ლაიპციგში ამის აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ არასოდეს წავსულვართ. რატომღაც ოქტომბრის ამ პერიოდში სასწაულად ცივა საღამოობით და გარეთ გასვლას ყველაფერი ჯობია. რამდენადაც კედლის დანგრევის ინიციატივა ლაიპციგის უნივერსიტეტის სტუდენტებიდან წამოვიდა თავის დროზე, 1989 წელს, ჩვენს ქალაქს ეს ძალიან ეამაყება.
ისიც ეამაყება ალბათ, რომ ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს კანცლერი ქალიც "ჩვენი" უნივერსიტეტის გამოშვებულია, სადაც ქიმიას სწავლობდა.

რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო არჩევნები იყო გერმანიაში. მე მოქალაქე არ ვარ და შესაბამისად, არ შემხებია. სადაც მოქალაქე ვარ, ცხოვრებაში იქაც არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. გეტყვით, არ მჯერა და მომკალი იმ სლოგანების, ერთ ხმასაც რომ ვითომ დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა წახვიდე არჩევნებზე, შენი აზრი გამოხატო...
არა, იქნებ გერმანიის მოქალაქე რომ ვიყო, წავსულიყავი კიდეც, რადგან მეცოდინებოდა ჩემს ხმას არავინ გააყალბებდა და არავინ მომატყუებდა, მაგრამ სტუდენტობისას თავი არ შემიწუხებია და ახლა, საერთოდ, აზრზე არა ვარ ქართული პოლიტიკის. რაც მესმის და ვკითხულობ, კიდევ, ლამის ჩემი სტუდენტობის პერიოდზე უარესია.
ჩემს მოქალაქეობრივ "ვალდებულებაზე" სულ მეგ რაიანის გმირი მახსენდება "თქვენთან წერილიადან", სასწაულად პოლიტიკის მოყვარული ჟურნალისტი ბოიფრენდი რომ ჰყავს და დაშორების წინ გამოუტყდება, ბოლო არჩევნებზე წასვლის მაგივრად სალონში ფრჩხილები რომ გაიკეთა თუ რაღაც.

იმას ვამბობდი, რომ ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა და საკმაოდ დიდი განსხვავებით.
პოლიტიკა მძულს და მასთან ერთად მედიაც (!), მაგრამ მერკელი იმიტომ მომწონს, რომ კარგი სოციალური პროგრამები აქვს, უცხოელებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, სწავლის, მუშაობისთვის, ჯანმრთელობის დარგი საუკეთესო დონეზეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავის უსკდება გული სამსახურის დაკარგვის გამო, რადგან არც მშიერი მოკვდება და ჯანმრთელობის დაზღვევასაც სახელმწიფო გადაუხდის. ფაქტიურად, თავისებური სოციალიზმია.
და ერთერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი – მომწონს, რადგან ქალია :) თანაც აღმოსავლეთი გერმანიიდან და მისი წინაპრები სოციალისტები იყვნენ.

...............

შემდეგი ლინკები კი ბონუსად :)

როდრიგოს ძალიან საინტერესო პოსტი იუნგზე.

ნატალიას სიზმარი პოლონეთზე. სასწაულად ცივად მეჩვენება ეს ქვეყანა და ხალხი, ცალსახად რაღაცების თქმა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ არ მესმის მათი. ნატალიამ კი მოახერხა, თავისებურად, მშვიდად გაეთბო ყველაფერი.

მარიას საკამათო პოსტი კახეთზე ადრე და ახლა. სიამოვნებით წავიკითხავდი კომენტარებს მისი პოსტის შესახებ. მე ვიტყვი, რომ ეს "ბიფორ–აფტერები" მხოლოდ ფასადური მგონია და არ მჯერა. კახეთის მოვლა ის იქნებოდა, გლეხებს კაპიკებად რომ არ ართმევდნენ ყურძენს და შრომისგან დაგლეჯილ ხელებს გულსაც აყოლებდნენ.

ბოლოს, უცხოური ბლოგის პოსტი განწყობისთვის.

ღამე მშვიდობისა!
ხვალამდე!!!

Wednesday, October 2, 2013

6 დღე კვირაში – ოთხშაბათი


მესამე დღე

ოთხშაბათი

იმ სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ომამდე სამი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა (ადრეც მაქვს ნაამბობი, ზოგს ემახსოვრება). იქიდან ორი ოჯახი, თავისი 7 წევრით სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში გაასახლეს და იქიდან აღარასოდეს დაბრუნებულან. მხოლოდ ერთმა ოჯახმა მოასწრო და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მალევე გაიქცა ამერიკაში.

დღეს მომინდა ამ ადამიანებზე წამეკითხა.
გერმანელებს კი ორგანიზებულობაში ბადალი არ ჰყავთ (იქნება ეს ნაციზმი თუ ჰუმანიზმი), არსებობს სპეციალური საიტი, სადაც შეგიძლია წაიკითხო ყველა იმ ადამიანის ბიოგრაფია, ვისი მემორიალური ქვებიც იმ სახლებიც წინაა ასფალტზე გამოსახული, სადაც ისინი ერთ დროს ცხოვრობდნენ და მეც ადვილად მივაგენი ჩვენი სახლის წარსულ ბინადრებს.

ძალიან მიყვარს ისტორია. ყოველთვის მიყვარდა, სკოლაშიც ვგიჟდებოდი, ანტიკურიდან დაწყებული უახლესით დამთავრებული. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ისტორია და გვაინტერესებდეს, ადამიანები გვახსოვდეს და განსაკუთრებით მათი ქმედებები, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ და უკეთესობისკენ ვისწრაფოდეთ.
ამიტომაც ამ საიტმა ძალიან ჩამითრია დღეს.

ძალიან სიმბოლური და ოდნავ სევდიანი დამთხვევა იყო, რომ ერთერთი ოჯახის მამაც ჩემი ქმრის პროფესიის იყო. ორი ძალიან ნიჭიერი ვაჟი ჰყავდათ, რომლებიც გერმანულ სკოლაში დადიოდნენ, სასწაულად კომუნიკაბელურები იყვნენ და ბევრი მეგობარიც ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ანტისემიტი მასწავლებელი ცუდად ექცეოდათ. რადგან სხვა მიზეზს ვერ ნახულობდნენ, ყველას თანდასწრებით მათ უცხოელებს ეძახდნენ, რომლებიც გერმანელებზე უკეთესად სწავლობდნენ და ამით ადგილობრივ მოსწავლეებს არცხვენდნენ. რა საინტერესოა, არა, ასეთი მიდგომა?
რამდენი მასწავლებელი მინახავს მეც ასეთი, ოღონდ ანტისემიტი არა, უბრალოდ ბავშვების ათვალწუნება რომ იციან და ყველანაირად ავიწროებენ, აწვალებენ, რაც უნდა ფრიადოსნები და ბეჯითები იყვნენ.
კარგია, მთლად ძალიან ბეჯითი რომ არასოდეს ვყოფილვარ ;)

მოკლედ, მინდა, ჩემი ეს პროექტი, "6 დღე კვირაში", ზუსტად ჩვენი სახლის ტრაგიკულ ბინადრებს მივუძღვნა. შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე ხომ ვიცი მათი სახელები, გვარები, ასაკი, პროფესიები, სად უყვარდათ სეირნობა და რომელ მუსიკას უსმენდნენ (ზემოთ ხსენებულ საიტზე ბევრ ადამიანზე დევს მსგავსი ინფორმაცია, იმის დასტური, რომ გერმანული დაზვერვა უმაღლეს დონეზე მუშაობდა). მხოლოდ ის არ ვიცი, ზუსტად რომელ ბინებში ცხოვრობდნენ; ცხოვრობდნენ თუ არა ჩვენს ბინაში, როგორ გამოიყურებოდნენ და რაზე ოცნებობდნენ, რისი იმედი ჰქონდათ და ალბათ როგორ ძლიერ უნდოდათ სიცოცხლე და სიხარული.

როცა მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის გერმანიაში ცხოვრება, უამრავი პასუხი მაქვს. მადლობა ღმ–ერთს, მშვენიერი ქვეყნიდან ვარ და საოცრად ფილოსემიტურ გარემოში გავიზარდე, მაგრამ ჩემი და ბევრი ჩვენნაირი ოჯახის აქ ცხოვრებით მტკიცდება, რომ არცერთი ერია ექსკლუზიური და არავინაა ვინმეზე მეტი ან ნაკლები; ყველას შეუძლია იქ იცხოვროს, სადაც სურვილი აქვს, მთავარია მშვიდობა მოჰქონდეს.
ამიტომ ჩემი მისია მშვიდობაა [რაღაც მესიასავით "ვჟღერ", მაგრამ სასწაულად დაღლილი ვარ, ბეჭები მტკივა და სხვა ვერაფერი მომიფიქრებია].
ღმ–ერთს ყოველთვის მივყავართ ადგილზე, სადაც საჭიროა და ყველამ იქ უნდა ვიცხოვროთ, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ.

Tuesday, October 1, 2013

6 დღე კვირაში – სამშაბათი


მეორე დღე

სამშაბათი

დღეს ანგელა მერკელზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ დავიღალე და მეზარება. იქნებ ხვალ–ზეგ დავწერო, პირდაპირ 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს, მოუხდება.

ეს სურათი რომ დავდე და წერა დავიწყე, ჩემმა ქმარმა შეწუხებულმა მკითხა, ეგ რატომ დადე, შენს თავთან ხომ არ აიგივებო? კაცებს ბევრი რამე პირდაპირ ესმით. იმიტომ რომ მხოლოდ პირდაპირ როცა ეტყვი რაღაცას, მაშინ მიხვდებიან, რასაც გრძნობ და რისი თქმაც გინდა. ვისაც ჰგონია, რომ მათი ვიღაცას უსიტყვოდ ესმის და ეს ვიღაცა ამ დროს მამაკაცია, საშინლად ტყუვდება.
კაცები ვერასოდეს ხვდებიან იმას, თუ რაზე ფიქრობს ქალი, ან რა აწუხებს. შეიძლება იდეალურებიც არსებობენ (რაც არ მჯერა), მაგრამ ჩვეულებრივი, ნორმალური მამაკაცები უმეტესად პირდაპირი ლოგიკის მქონეები არიან. თუ ეუბნები, რომ კარგად ხარ და არაფერი გაწუხებს, გიჯერებენ და თავს განებებენ, მიუხედავად იმისა, რომ შენი თვალები ამ დროს სულ სხვა რამეს ამბობენ. პათეტიკურია, გეუბნებით.

იმ დღეს რამდენიმე გასათხოვარი ნაცნობ–მეგობრის საღამოზე მოვხვდი და მათგან 90% ამბობდა, ნამდვილი ქალური ბედნიერება გვინდაო და მე არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. არცერთს უთქვამს, ჩემი მომავალი ქმრის ბედნიერება მინდა, ან რის გაცემა შემიძლია ურთიერთობებში, ამაზე განვიცდიო.

ექსპერტი არ ვარ, ხომ მეტყობა და ჩემი ფემინისტური წარსულის გამო დიადი რომანების გამოცდილებითაც ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში მართებს ცოტა უკან დახევა და საკუთარ თავზე დაკვირვება: ვინ არის და საით უნდა წასვლა, მერე იმის გააზრება, რას ეძებს ქორწინებასა და საერთოდ, სასიყვარულო ურთიერთობებში, მხოლოდ მიღებას, თუ ემოციების, მზრუნველობის გაცემას და სხვაზე ფიქრს.
ბუნებრივია, გადაჭარბება არაფერში ვარგა, მაგრამ თუ ადამიანი იმაზე იწყებს ფიქრს და ჰგონია, რომ ზედმეტად უყვარს ვიღაც და მასზე ზედმეტად ზრუნავს, მაშინ ცოტა ცუდადაა საქმე. სიყვარული და სითბო ზედმეტი არასოდეს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ ადამიანს პატივისცემა და სიყვარული მობეზრებოდეს (თუ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს, რა თქმა უნდა).

........

რას ვწერ.
სინამდვილეში იმის თქმა მინდოდა, დღეს სარკეში ჩავიხედე და შუბლზე ნაოჭების გაღრმავება/გამრავლება შევამჩნიე. ჩემს ნამდვილ ასაკზე დიდს არასოდეს ვგავდი და ზოგჯერ უმცროსიც ვეგონე ხოლმე, მაგრამ დღეს ისეთ დიდს ვგავდი და ვიფიქრე, ცხოვრება გამექცა–მეთქი. მართლა გეუბნებით.
ჰაჰა.
ოღონდ კარგი კრემების რეკომენდაციას ნუ მომწერთ, როგორც ერთმა მეგობარმა, როცა ეს მოვუყევი, ნაოჭებზე, ლანკომს აქვს სასწაული პროდუქციაო.
მთლად სულიერ ნაოჭებზეც ნუ იფიქრებთ, ამდენი ფილოსოფიის ნერვებიც არ მაქვს.

უბრალოდ, ძალიან გავიზარდე, დეკემბერში 29–ის გავხდები და წესით, 30–იანების კლუბის უფროსად დანიშვნის შანსებიც მეზრდება.

ამ ასაკში სხვა რა არის ტიპიური, გარდა პარანოიისა? :დ