Tuesday, October 8, 2013

კეისარს კეისრისა – ქალებს უფრო მეტი!



რამდენი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, როგორ დამეწერა. არც ახლა ვიცი, რადგან ოფიციალური სტატისტიკა ისევ არ მაქვს და არც მედიცინის ექსპერტი ვარ, მაგრამ ადამიანური კუთხიდან მოგიყვებით და ჩემმა მკითხველმა ყოველთვის მშვენივრად იცის, რა და როგორ მიიღოს, მერე კი მიპასუხოს, მეკამათოს, რაც ძალიან მსიამოვნებს და მახარებს. ამიტომ, გთხოვთ, ნებისმიერი აზრი მაინტერებს და პატივს ვცემ.

1. ერთი თვის წინ ჩემმა ახლო ნათესავმა ბავშვი გააჩინა საქართველოში.

როგორ?
საკეისრო. რატომ? ექიმების თქმით, საშვილოსნო არ იხსნებოდა, თუმცა კაციშვილს არ უფიქრია, რომ მისი პირველი ორსულობა იყო და რამდენიმე საათი სჭირდებოდა ორგანიზმს გონზე მოსასვლელად. ამასთან ერთად, საკეისრო უკვე დანიშნული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დედას მუცლის ტკივილი უკვე დასწყებოდა, უკვე არავინ დააცადა და საოპერაციოში გააქანეს.

2. ორი თვის წინ ჩემმა მეგობარმაც გააჩინა ბავშვი საქართველოში.

დიახ. ისევ საკეისრო. რატომ? ვიწრო მენჯები ჰქონდა თურმე. ამაზე პარადოქსული არაფერი გამიგია ჩემი ცხოვრების მანძილზე, გეუბნებით. არადა, მთელი 9 თვე დადიოდა ექიმთან კონსულტაციაზე და მენჯები არავის უხსენებია, 23 წლის ჯანსაღი, ლამაზი გოგოა და უცებ, პირდაპირ მშობიარობის წინ "დაუვიწროვდა" მენჯები. გამანათლეთ რა, ხალხო, მე ვერაფერს ვხვდები!

3. რამდენიმე ხნის წინ ერთმა ლამაზმა ბლოგერმაც გააჩინა ასეთივე ლამაზი ბავშვი საქართველოში.

დიახ. მანაც საკეისროთი. რატომ? მშობიარობის ვადა თითქმის უკვე დამდგარი იყო, მაგრამ ბავშვი ნორმაზე ნაკლებს იწონიდა, ამიტომ ექიმმა ჩათვალა, რომ ბუნებრივად დაბადება გაუჭირდებოდა და მშობლები ლამის დაატერორა, აიძულა საკეისროზე დათანხმებულიყვნენ. სასწაული. არადა, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ადვილია მისი გაჩენა, თუკი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სხვა საშიშროება არ არსებობს.

საერთოდაც, ჩემი ქართველი ნაცნობი გოგოების, თითქმის, 70%–ს საკეისროთი ჰყავს პირველი შვილი გაჩენილი (და ბუნებრივია, შემდეგებიც. სამწუხაროა, ისევ არავინ ცდილობს მეტის წაკითხვას და ინფორმაციის მიღებას, რომ საკეისროს შემდეგ მინიმუმ 3 წელში უპრობლემოდ შეიძლება ბავშვის ვაგინალურად გაჩენა).

თქვენც გადახედეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს და აუცილებლად მომწერეთ, ასეა თუ არა თქვენთანაც.

ჩემს სამივე ახალგაზრდა ქალს საერთო ის ჰქონდა, რომ ეს მათთვის პირველი შვილი იყო.
ვისაც ცოტა კითხვა უყვარს და სამედიცინო ცოდნაც (ჯობია, უფრო ინფორმაციულობა დავარქვა) მეტ–ნაკლებად აქვს, ნებისმიერ საიტსა თუ უფრო სერიოზულ, სამედიცინო ლიტერატურაში შეუძლია ნახოს, რომ პირველი ორსულობა ყოველთვის განსხვავდება მომდევნოებისგან. პირველი მშობიარობის დაწყებაც, შესაბამისად იგვიანებს და საშუალოდ, ქალები 41–42-ე კვირიდან აჩენენ ბავშვებს.
პირველი მშობიარობისას რამდენიმე რთული საათი და შეიძლება დღეც კი დასჭირდეს ორგანიზმს, რომ საშვილოსნო მოამზადოს და ბავშვი დღის სინათლეზე გამოუშვას.

ეს ნიშნავს, რომ მოთმინება და ლოდინია საჭირო.
რამდენი ექიმი იცით საქართველოში, რომელიც 24 საათს მოიცდიდა და მაშინვე საკეისროს არ გააკეთებდა?

მე, მაგალითად, არ ვიცი.
სამაგიეროდ ვიცი ევროპაში რა ხდება. ჩემი აქაური ნაცნობებისა და მეგობრების 99%–ის პირველი, ბუნებრივი, მშობიარობა 12 საათზე ნაკლებს არ გაგრძელებულა (სუსტი შეტევების დაწყებიდან ითვლება).
ბევრი მეტყვის ან თავისთვის გაიფიქრებს, რომ დიდად არ გამეგება საქართველოს სამშობიარო სიტუაცია, მაგრამ ლოგიკურად რომ ვთქვათ, რატომაა დასავლეთ ევროპაში საკეისრო ოპერაციების რიცხვი ასე ძალიან დაბალი აღმოსავლეთთან შედარებით?
მით უმეტეს, რომ დასავლეთ ევროპაში ქალების 50%–ზე მეტი 30 წელს ზემოთ აჩენს ბავშვებს და აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩვენთან, კი – მშობიარე ქალების საშუალო ასაკი 22–ს არ აღემატება. ყველამ იცის, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ადვილია მისთვის ორსულობაცა და მშობიარობაც.
მაშინ რატომ უკეთებენ ყოველ მეორე ჯანმრთელ ქართველ ქალს საკეისროს?

მიზეზი:

1. ვისურვებდი, ის ქართული გაზეთი არ გადამეგდო და შემენახა, სადაც ერთი "ანონომი" ქართველი გინეკოლოგის ინტერვიუ იყო. ექიმი ღიად აცხადებდა, როცა მშობიარე ქალები მასთან მიდიოდნენ და ეტყობოდათ, ლოდინი ეზარებოდათ, ის მაშინვე საკეისროს სთავაზობდა და თუ ქალები არ "გაჭირვეულდებოდნენ", შეკითხვებით არ შეაწუხებდნენ, რამდენად აუცილებელი იყო საკეისრო ბავშვისა და მშობლის ჯანმრთელობისთვის, პაციენტის მოსვლიდან 1 საათში საკეისრო ოპერაცია უკვე მზად იყო.

2. ოპერაციის ფასი [სავარაუდოდ, ხარბი ექიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი]. რამდენადაც ვიცი, საქართველოში საკეისრო ოპერაციას ბუნებრივთან შედარებით ორმაგი ფასი აქვს.

ჩემი ეს პოსტი უმცირესი პროცენტით შეიძლება მოიცავდეს მეცნიერულ კვლევებს. ყველაფერი ზემოთ ნახსენები საკუთარი გამოცდილებისა და ახლობლებზე დაკვირვებების შედეგია.
პირველ რიგში, ამ პოსტის დაწერის მიზეზი ის იყო, რომ ქალებმა გაიგონ და იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ. უფლებები შეკითხვების დასმისა და დაჟინებისა, რომ უთხრან, რამდენად აუცილებელია საკეისრო მაშინ, როცა ქალი და ბავშვი ჯანმრთელები არიან, როცა ბავშვს საკმარისი წყალი, ჟანგბადი აქვს და საშვილოსნოს მომზადებამდე კიდევ მშვიდად შეუძლია დედის თბილ სხეულში დარჩენა; მაშინ, როცა ბავშვი სწორად ზის და ყველანაირი ჩარევის გარეშე გამოსრიალდება თავით და არა ტაკოთი, ზუსტად თავის დროზე და არა მაშინ, როცა ფულისმოყვარულ და უსულგულო ექიმებს მოუნდებათ.

მეორე, საკეისრო რომ ოპერაციაა, ეს უნდა გამემუქებინა, მაგრამ ისედაც ხშირად ვახსენე და მიხვდებოდით. ოპერაცია კი ყოველთვის ნიშნავს შემდეგ გართულებებს, იარებს, ტკივილებს და იმ პერიოდში, როცა ქალს სიმშვიდე სჭირდება, მან ოპერაციიდან დარჩენილი ნაიარევების წამლობაზე უნდა იფიქროს და იდარდოს. აუტანელ ტკივილს რომ თავი დავანებოთ, რაც საკეისრო კვეთის ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ იწყება.
მშობიარობა კი ბუნებრივი მოვლენაა.
არ სჭირდება ქალს ოპერაცია იქ, სადაც ღმერთმა\ბუნებამ მშვენივრად დაულაგა ყველაფერი და თავისი დრო დაუნიშნა.

...

21–ე საუკუნის ქალებს გვჭირდება მეტი ცოდნის, მოთმინებისა და ნებისყოფის გამოჩენა, რომ არავინ ჩაერიოს ჩვენი ჯანმრთელობის საქმეში და დაგვაცადონ ბავშვები ისე გავაჩინოთ, როგორც საჭიროა. ისე, როგორც ჩემი საყვარელი ბეთ ენ ფენელი წერს თავის ერთ ლექსში, გვახსოვდეს ის უნიკალური შეგრძნება, რასაც შენი სხეულის მომზადება, მასზე დაკვირვება და მისგან ახალი სიცოცხლის გამოსხივებაა.
ძალიან ლამაზია.
ძალიან ლამაზია ბუნებრივი მშობიარობა. მსოფლიოში ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ადვილად, უსწრაფესად დავიწყებადი; ყველაზე განსაკუთრებული, რადგან იმ დროს მხოლოდ შენ, შენი ორგანიზმი და შენი გონება ხართ, რომელმაც ეს ორგანიზმი უნდა მოადუნოთ, ხანაც – გაააქტიუროთ და თქვენზე მობმულ პატარა სიცოცხლეს გამოსვლისთანავე ნამდვილი სული აჩუქოთ.
ამ დროს გრძნობ, რომ ღმერთთან ხარ და თვითონ ღმერთის ნაწილი ხარ, ყოველ შემთხვევაში, ამას თუ იგრძნობ, ესე იგი, ზუსტად იმას აკეთებ, რასაც უნდა აკეთებდე.

თუ ჯერ ასე არ გიგრძვნიათ, შემდეგ ცდაზე იყოს ;-)

***
აუცილებლად მინდა დავამატო, რომ არავის ვნსჯი, განსაკუთრებით იმ ქალებს, ვინც თავად აირჩია საკეისრო კვეთის გაკეთება ჯანმრთელობისთვის არსებული საშიშროების გამო. 
თანაც ყველას საკუთარი არჩევანი აქვს და პატივს ვცემ. 
პოსტი კი ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც ამ არჩევნის უფლება არ მისცეს და ინფორმაცია სწორად არ მიაწოდეს.

14 comments:

Anonymous said...

ჰაჰა, რა თემაა.

მე მთელი 9 თვე არაჩვეულებრივი ორსულობა მქონდა.ძალიან კარგი! ხოდა ველოდებოდი მშობიარობას დიდიი ხანი! მაგრამ არ დაიწყო.

იმ საღამოს ჩემს მეგობარს ვესტუმრე, რომელმაც მოყვა რომ , უი ისიც ასე ელოდა მშობიარობის დაწყებას და მერე დამაჩქარებლები გაუკეთეს და ამის გამო ჭინთვები ვერ იგრძნო და ეხლა ბავშვი ჰყავს ავად. თავი დაუზიანდა მშობიარობის დროს და ვერ მეტყველებს, 4 წლისამ ბევრი წვალების შედეგად გაიარა და ა.შ

სახლში მოვედი და ვიტირე. ზუსტად ის სურათი დავხატე . მეორე დღეს ჩემს ქმარს ვუთხარი რომ საკეისრო მინდოდა. უაპელაციოდ.

ვერ დავმალავ და ჩემმა მეანმა, ბ-ნ ამირან ქორიძემ უარი მითხრა საკეისროზე. მითხრა რომ ჩვენების გარეშე, რატომ უნდა გაგჭრაო. დაველოდოთო . მე კატეგორიული ვიყავი. 18 ში მივედი და 19 ში მოვთხოვე საკეისრო. ძალიან შეწუხდა ჩემი ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო მაგრამ უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გამიწია , მთელი დღე იქ დავჯექი და ხან მას, ხანაც მეორე გინეკოლოგს მუდარით სავსე თვალებით ვუყურებდი.

მეორე დღესვე დანიშნა საკეისრო. სპინალურით გავიკეთე. ანუ მეღვიძა. რომ შემოვიდა საოპერაციოში მომმართა: ,,შენსას არ იშლი ხომ? იქნებ გადაიფიქრო" :)))

ზუსტად 10 წუთში გაჩნდა ბავშვი.ნამდვილად რთულია საკეისრო. თუმცა მეორე დღეს დავდიოდი და ყველანაირად ვცდილობდი ტკივილი არ შემემჩნია.

ეხლა მეორე ბავშვის ასე მალე გაჩენა საკეისროს პირობებში რა თქმა უნდა დანაშაულია. მაგრამ რავიცი, მხნედ ვარ. მეორე აპრიორი საკეისრო იქნება.


სიმართლე გითხრა უკმაყოფილო არ ვარ. გულის სიღრმეში ეგოისტურად მიხარია კიდეც ტკივილი რომ ავირიდე თავიდან :))))))

Unknown said...

მეც ქორიძესთან გავაჩინე. მთელი 9 თვე ვგეგმავდი ბუნებრივ მშობიარობას და თავს ვამზადებდი ამისთვის. მშობიარობამდე ოფთალმოლოგმა, ჩემი საეჭვოდ ცუდი მხედველობის შემოწმების შემდეგ დაადგინა რომ მქონდა თვალის ბადურის პერიფერიული დეგენერაცია (შეუქცევადი პროცესია და ბადურა არ ინერგება). არცერთმა საქართველოში მოღვაწე მეანმა,ა რც ამირან ქორიძემ არ "მოაწერა ხელი" ჩემს ბუნებრივ მშობიარობას. გავიკეთე საკეისრო სპინალურით. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემი განცდები ვინმესას ჩამორჩებოდა იმ მომენტში. ხოლო ადამიანები, რომლებიც ამის გამო ირიბად მაქილიკებენ (შენს პოსტს აქ არ ვგულისხმობ) 2 წლის მანძილზე ბევრი შემხვედრია. ძალიან ბევრი. და ზოგი საკმაოდ კორექტულიც კი.

kuda said...

მე მოდუნება მიჭირს და თუ ვიცი, რომ უნდა მეტკინოს, ყველანაირად ვცდილობ თავი როგორმე ავარიდო და მოკლედ, მგონია, რომ ბავშვს დიდ პრობლემას შევუქმნი და ა.შ. თუმცა როცა ორსულად ვიქნები, იმ 9 თვეში შეიძლება გადავიფიქრო კიდეც.
ისე ჩემს გარშემო ვინც საკეისრო გაიკეთა, აქედან ერთს გაურთულდა და უშუალოდ მშობიარობისას გადაწყვიტეს გაჭრა, მეორეს ძალიან დიდი ბავშვი ჰყავდა და თვითონ ძალიან პატარაა ტანით და მესამეს მენჯები დაუწუნეს, თუმცა თვითონ სულ იძახდა, განიერი მაქვსო. ანუ ვერ დაგეთანხმები, რომ ასეთი ტენდენციაა საქართველოში,თუმცა ინფორმირებული დიდად არ ვარ.

Tina Nadiradze said...

მეც ნათიას ჯგუფში ვარ ამჯერად :) ის ფილმი გამახსენდა ახლა, დოკუმენტური, აფრიკელ ქალებზე, ქალების პროექტში ერთმა მონაწილემ რომ მოგვიტანა ... თუმცა, ჯობია, კარგზე ვიფიქროთ და ყველას წარმატება ვუსურვოთ.

ნატა said...

სხვათა შორის ჯანდაცვის მინისტრმა დააყენა ეგ საკითხი, ექიმები შეკრიბა და გათათხა ყველა. მერე იძახის გამაგებინეთ და ამიხსენით მაინცადამაინც საჩხერეში (თუ სენაკში) რატომ არის 90% საკეისროო, რა სჭირთ ქალებს მანდო. ყველა ჩუმად იჯდა, მერე ისეთი სისულელეები თქვეს

მოკლედ ეგ პრობლემა ნამდვილად არის და ზემდგომებაც შენიშნეს, იმედია გამოსწორდება სიტუაცია.

ესაა ჩემი კომენტარი :) :)

რა უნდა მეთქვა კიდევ, თურმე კაცისა და ქალის საპენსიო ასაკში სხვაობა რატომაა იცი ჩვენთან? ეგ კომპენსირებაა წლების განმავლობაში ისტორიულად ქალები დაჩაგრულები რომ იყვნენო, გუშინ გავიგე

Keti said...

მე მგონია, რომ თუ ქალის არჩევანია საკეისრო, არ უნდა შეეწინააღმდეგონ.
ოღონდ წინასწარ მოთმინებით და დაწვრილებით უნდა აუხსნან ყველა უარყოფითი და დადებითი – ორივე შემთხვევის

და არავინ უნდა გრძნობდეს თავს იმ დედაზე უპირატესად, ვინც საკეისრო აირჩია
ამას წინათ წავიკითხე რაღაც სტატია საკეისროთი გაჩენილ ბავშვებზე, სადაც იყო მოსაზრებები და არა დამტკიცებული ფაქტები და გულმოკლული დედა წერდა კომენტარებში, რას ვგრძნობ ახლა თუ ხვდებითო.
ფსიქოლოგიური წნეხი არ უნდა ჰქონდეს ქალს იმის გამო, რომ საკეისროთი გააჩინა, ან ძუძუ არ/ვერ მოაწოვა


აი, როგორც შენ გაქვს, ადამიანურად გადმოცემული აზრი და ინფორმაცია, რატომ უჭირთ ასე ესაუბრონ დედებს? მშვიდად და უფლებების შეუზღუდავად...

Toma said...

sakeisros daniSvna ar daniSvnaze da gadawyvetilebaze eqimia pasuxismgebeli. kidev erTia pacienti ras ambobs da eqimma realurad ra tqva, shesabamisad pirvel sam magalitze verafers vityvi.

informacias rac sheexeba, internetShi uamravi ramis cakitxva sheidleba magram es sxv saxis informaciaa. Eqimi imis eqimia rom gamocdiebit, axali codniT da mtkicebulebebze dafudznebuli gamocdilebit scorad moaxdinos diagnstika da mkurnaloba. rac ar unda bevri vikitxot da chavtvalot rom bevri vicit ekimis codnas mainc ver gavuwevt konkurencias, amitomac arian isini eqimebi legitimireuli profesiis mqone samedicino mushakebi.tumca qartveli eqimebis mimart udoblobis faqtori aqc tamashobs rols.

sakeisros rac Seexeba, chvenTan tu chveneba araa sakeisros ar aketeben, ise araa rom me minda da unda gamiketot, ar gaaketeben. samagierod fsikologiurad amushavebben orsulebs rom bunebrivad imsobiaron sxvadasxva saxis gautkivarebiT an gautkviarebis gareshe.





Toma said...

Natia Barabadze - mgavsi situaciisatvis arsebobs mindfulness, iogas varjishebi da a.s.

xshirad orsuli imitom irchevs sakeisros rom eshinia tkivlis, bavshvis dazianebis sakutar tavze kontrolis dakargivis gamo da a.S. magram es yvelaferi gamosworebadia tu dmaiani miirebs swor informacias. gatkviarebis minium 4 sxvadasxva metodi arsebobs dgesdgeobiT. tu gautkviarebis eshinia kals, ioga da mindfulnesi sagrdnoblad aumkobebsesb sxeulze kontrolis unars, suntqvis kotrols da a.s.

Sophie שרה Golden said...

@თი, დიდხანს ელოდაო, რამდენისგან გამიგია საქართველოში, იცი? კაციშვილი არ ელოდება სინამდვილეში დიდხანს. ჭინთვები ზოგჯერ შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს, სხვადასხვა სიძლიერის. თუ ყველაფერი წესრიგშია, ეს ნორმალურია.
აი სხვებისთის თავის შედარება და რახან სხვას ისე დაემართა, შენც ასე იქნები, ცუდია, მაგრამ ორსულობისას, ვიცი, ყველანაირი წვრილმანი როგორ გაგიჟებს და განერვიულებს ადამიანს :((( მეც მქონია მსგავსი შემთხვევები.

@ანუშკა, რა თქმა უნდა, შენი შემთხვევა სულ სხვაა, ამაზე კამათი არც შეიძლება, როცა ქალის ჯანმრთელობას ეხება საქმე. ქილიკი კიდევ როგორ შეიძლება :(

@ნათია, აი ხედავ, შენგან ნახსენებ სამ მეგობარს საკეისრო გაუკეთეს, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენება საქართველოში. უცხოეთში კიდევ ჩემი 10 მეგობრიდან (მაგალითისთვის) მხოლოდ 1–ს, რადგან ანუშკასავით თვალებზე ჰქონდა პრობლემა. ეს მენჯების დაწუნება კიდევ გამოუცნობი რამეა ჩემთვის :/

@თიკო, აი ტომამ კარგად აღნიშნა, რომ აქ ორსულებს ძალიან კარგად ამზადებენ მშობიარობისთვის და ტკივილის იმდენად აღარ გეშინია, პირიქით, ელოდები კიდეც ამ გამოცდილებას.

@ნატა, მიხარია, რომ მხოლოდ მე არ შემინიშნავს საქართველოს ეს სერიოზული პრობლემა :|
პენსიის ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი. მთელ მსოფლიოში ასეა და მოიცა, ყველას ეგ არგუმენტი აქვს? მე მეგონა, ფიზიკურ ძალაზე იყო, რომ ქალი უფრო სუსტია და ნაკლები მუშაობის სტაჟიც ამიტომ სჭირდება პენსიისთის :დ

@ქეთი, ზუსტად!!! დარწმუნებული ვარ, უმეტესობა არ აირჩევდა საკეისროს, კარგი ექიმები და ბებიაქალები რომ ჰყავდეთ, როგორც დასავლეთ ევროპაში, მაგალითად.
ყველაზე ცუდი ტენდენცია მაინც ისაა, რომ ბევრმა მომწერა მეილზე, რომ სწორედ ეს წნეხი ჰქონდათ საზოგადოებიდანაც და ოჯახიდანაც, რომ ძუძუთი უნდა ეკვებათ ბავშვები და მოკლედ, იდეალურები ყოფილიყვნენ, შედეგად მხოლოდ სტრესი მიიღეს.

@ტომა, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ექიმი იმის ექიმია, ჩემზე მეტი იცოდეს და სწორი არჩევანი გამაკეთებინოს. რასაც სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად ვხედავ. აქაც შემხვედრია რამდენიმე მსგავსი პანიკიორი "ექიმი", მაგრამ უმეტესად ზუსტად ისეა, როგორც შენთან, ჩვენებისა და აუცილებლობის გარეშე, საკეისროს აქ არავინ აკეთებს.

Anonymous said...

ჭინთვებს არ ელოდებიან-ზე მინდაგავაკეთო კომენტარი. ქორიძე ელოდა პატიოსნად, დაახლოებით 20 საათი. მერე გაჭინთვის კი არა, წყლის დალევის თავიც რომ არ ქონდა გოგოს, გაუკეთდა საკეისრო. და მე რასაც ვუყურებ გარშემო, ელემენტარულ "ჩვენებას " ებღაუჭება ყველა, ოღონდ საკეისრო გაიკეთოს, ლამის მოტეხილი ფრჩხილის გამო იკეთებენ, თუმცა აქედან 80% იმას ვერ ხვდება რომ ჰოპლა დავიძინე გავიღვიძე არაა და მერე ჭრილობის მოვლა მოუწევთ და ჩვეულებრივი ოპერაციაა. მე რაც შემეხება, 110% საკეისროს გავიკეთებ, იმიტომ რომ ასე ვთვლი საჭიროდ, ჩემი როგანიზმიდან გამომდინარე და ვერც ერთი ექიმი საპირისპიროში ვერ დამარწმუნებს

nobodyt said...

სოფი განა ჭინთვებს ველოდით. ზოგადად მშობიარობის დაწყებას, მაგრამ ბავშვი თავით მაღლა იყო და არაფერს აპირებდა როგორც ექომ მითხრა.არადა ყველა ვადას გადავაცილე:)

Sophie שרה Golden said...

@ბუნბუნლანდია, ყოჩაღ ქორიძეს, ყველა აქებს მაგას, როგორც ვხედავ.
შენი ჯანმრთელობისა შენ უკეთ იცი და არჩევანიც, ბუნებრივია, შენზეა.

@თი, უი, აბა ეგ სხვა რამე ყოფილა, თავით თუ მაღლა იყო.
თუ 36–ე კვირამდე ბავშვი თავით ქვემოთ არ არის, ყველა ვარიანტში საკეისროს აკეთებენ, რამდენადაც მე ვიცი.

babisa said...

მეც საკეისრო კვეთით გავაჩინე.
ძალიან მინდოდა მშობიარობა და არც განიხილებოდა საკეისრო.. მაგრამ ასე მოხდა.
თუმცა, ვთვლი, ევროპაში ბუნებრივად გავაჩენდი..
როგორც ვიცი, თუ ძალიან სერიოზული მიზეზი არ არის, არ აკეთებენ საკეისრო კვეთას.

Sophie שרה Golden said...

ბაბისა, აი უკვე მერამდენე ქართველი ბლოგერი და მკითხველი ხარ, რომელსაც თურმე საკეისროთი გაუჩენია :/ :( საშინლად არ მომწონს ეს ამბები მე, რა ვქნა!
რა არის მაინც მიზეზი, რომ ასე ხშირია საკეისრო და კაციშვილი არ დაფიქრდება ამაზე?

კი, ევროპაში უკიდურეს შემთხვევაში აკეთებენ, როცა ან დედა, ან ბავშვია საფრთხეში.