Tuesday, July 29, 2014

მარო ბლანკის ვნებები - 12

რამდენადაც ბევრი ლაპარაკი წერა მიყვარს, იმდენად მარიამ ბლანკ აკა ჩორვენზე არ შემიძლია ბევრის თქმა, გარდა ამ ინგლისური ზედსართავი სახელისა: she is HILARIOUS & I love her!!! 



მარო ბლანკის ვნებები


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი? 

თითების "დამაზოლება" კლავიატურით 2006 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც ფუნჯის საჭერად დრო აღარ მრჩებოდა (ხატვას ორჯერ დიდი დრო მიაქვს ვიდრე წერას), ხოდა რაღაცნაირად უნდა გამომეხატა ჩემს თავში არსებული ტარაკნების ომები, თორემ გავგიჟდებოდი.


2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ზუსტად ამ ტარაკნების ომებს აღვწერ დღემდე, უბრალოდ დროთა განმავლობაში ბრძოლის ხერხები დახვეწეს და მეც სხვანაირად დავიწყე წერა. სხვა არაფერი შეცვლილა.
თანაც ისე გამოვიდა რომ ბლოგი ჩემი მოგონებების საუკეთესო შემნახველია. მართლია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ მაგრამ "დახლამულ" თავში ფოლდერები ამერია და რაღაცეებს ვეღარ ვიხსენებ ხოლმე, ამისათვის მოვრბივარ ბლოგზე და ვეძებ კონკრეტულ თარიღებს, იმწუთასვე მახსენდება სად ამიცდა ბანანის ქერქზე ფეხი და რა ჩავიდინე იმ პერიოდში.  შემდეგ დამბალი კარამელივით ვზივარ და ენის წკლაპუნით ვაგემოვნებ მოგონებებს.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D

საქართველოში იმის მიხედვით რაც უკვე ვნახე საყვარელი ადგილი თუშეთია (სამოთხე კი ჭაუხი), ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქალაქში შემთხვევით და ძალიან შეცდომით დავიბადე, მთა მიხმობს.
საზღვარგარეთ ჯერ არ აღმომიჩენია ადგილი სადაც სუნთქვა შემეკრა, ამიტომ მე მგონი ყველაფერი წინ მაქვს. ხოლო სადაც მინდა რომ წავიდე და დავისვენო სულ მალე გაიგებს ყველა ვინც ჩემს ბლოგს თვალს ადევნებს. დიადი გეგმები მაქვს და სულ მალე მოვიყვან სისრულეში

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

ამ ეტაპზე არ მყავს პარტნიორი, თუმცა ყოველ ჯერზე როდესაც ისინი მყოლია კრიტერიუმები როგორც ასეთი სულ რამდენიმე იყო - ადამიანის გულწრფელობა, კომუნიკაციის და აზრის სრულად გამოხატვის უნარი, იუმორი - დანარჩენი მეორადია.
თუმცა გეტყვით რომ ქალების "არჩევის" დროს უფრო "კაპრიზნი" ვარ ვიდრე მამრებზე "ნადირობისას" (ძალიან ხმამაღალი ნათქვამი კი გამოვიდა, მაგრამ შინაარსს ჩაუკვირდით თქვენც)

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

რა მინდა დავწერო და ამასწინად ვფიქრობდი რომ მეთხოვა შენთვის შენი მეუღლის შესახებ საინტერესო, ვრცელი პოსტის გამოცხობა. ვიცი, რომ ფოტოების გავრცელებას არ მიესალმები, მაგრამ გაქვს გენიალური იარაღი - წერა, ხოდა გაგვაცანი რა. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ეტრფის, ვის უგებს, ვის უღიმის ყოველ საღამოს სოფი გოლდენი : ) შექმენი გმირი რომელსაც ჩვენც შევიყვარებთ : )

მგონი ბოლო პუნქტი მაგარი ამოვარდნილია თემიდან, მაგრამ ეგეც კი აბსოლუტურად ასახავს ჩემს ავადმყოფურ ცნობისმოყვარეობას.
Hi that's me there, hiding behind your closet door.


Wednesday, July 23, 2014

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და არალოგიკური (გააჩნია ვისთვის) პოსტი

We twa hae run about the braes,and pu’d the gowans fine;But we’ve wander’d mony a weary fit,sin auld lang syne.
Robert Burns "Auld Lang Syne"


ზაფხულში ბლოგის მკითხველების რიცხვი შედარებით იკლებს ხოლმე და ამიტომ ვიფიქრე, ისეთ პოსტებს დავწერ ამ პერიოდში, რომლებიც ერთგვარი ისტორიული ქრონიკის როლსაც შეასრულებენ და რამდენიმე წლის შემდეგ გამახსენებენ, თუ რა ხდებოდა 2014 წლის ზაფხულში-მეთქი.

როგორც ამელი იტყოდა, დღეს 23 ივლისია, 2014 წელი, 26 გრადუსი ცელსიუსით, მე 29,5 წლის ვარ, სამ წელში ორი შვილის გაჩენიდან შემორჩენილი 10 ზედმეტი კილოგრამით და პიკს მიღწეული თმისცვენით, ისევე როგორც ორი წლის წინ. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვდარდობ, ვიცი, პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) პერიოდის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ის თმა, რაც ორსულობისას არ იცვლებოდა, ახლა ერთდროულად ჩამოვიდეს თავიდან და ჩვენი სახლი ბუნებრივი, creepy "ხალიჩით" მოიფინოს.
(თამთა, ბოდიში ასეთი თმიანი პოსტისთვის ;-) )

ახალბედა დედებო, არ შეგეშინდეთ, როცა მშობიარობიდან 3-4 თვეში თმის საშინელი ცვენა დაგეწყებათ! ნუ შეგეშინდებათ, ბღუჯა თმა რომ შეგრჩებათ ხელში დავარცხნის შემდეგ, ან სააბაზანოს მილები დაგეცობათ, უბრალოდ, აბაზანაში ბადის ჩადება არ დაგავიწყდეთ, მთლად რომ არ გაჭედოთ თბილისის, ისედაც ბედკრული, კანალიზაცია.
საქმე იმაშია, რომ ორსულობისას მომატებული ესტროგენის გამო თმის ბუნებრივი ცვლა (დღეში 100 ღერი თმა) შეჩერებულია, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში კი ესტროგენი თავის ნორმას უბრუნდება და შედეგად, მთელი ის თმა, რაც 9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა გამოცვლილიყო, ერთბაშად გვცვივა და გვაგიჟებს.
ბევრი ისეთ მითებსაც იჯერებს, რომ ვითომ ძუძუთი კვებაა ამის მიზეზი, ზოგი, ვისაც კითხვა ეზარება, სხვა სასაცილო რამეებსაც იგონებს, რაზეც ჩემს ბლოგზე არ ვისაუბრებ.
ერთმა მკითხველმა შეშინებულმა მომწერა, იქნებ, კონტრაცეპციის საშუალებამ გამოიწვიაო და მინდა ყველა დავამშვიდო - არა!!! ბუნებრივია და მალე გაივლის, მაქსიმუმ 3 თვე გაგრძელდეს თმისცვენა, აუცილებლად დაგიბრუნდებათ თქვენი ლამაზი თმა.
ქალები მაგრები ვართ, ხომ იცით. კაცებსაც არაუშავთ, მაგრამ ჩვენთან ახლოს მაინც ვერ მოვლენ.


დევიდ ბოუი და ლიზ ტეილორი

ეს ფოტო საერთოდ არაფერ შუაშია პოსტთან, მაგრამ დღევანდელი პოსტი აბსოლუტურად არალოგიკური მინდა იყოს, ისეთივე, როგორიც ჩემი განწყობაა, ამიტომაც ვისაუბრებ ბევრს, რაც უცებ მომივა თავში და დავდებ ფოტოებს, რომელთა გაზიარებაც ასევე უცებ მომინდება (უცებ-ში აშკარად random-ს ვგულისხმობ, მე ინგლისური ენისა და აზროვნების მსხვერპლი).

2014 წლის ივლისია ისევ, 21-ე საუკუნე და ვითომ ადამიანების უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზე რომ უნდა (არის კიდეც, ოღონდ მხოლოდ დასავლეთ სამყაროში) იყოს აყვანილი, ამ დროს სირიაში ერთ ქალს ქმრის ღალატის გამო ქოლავენ, მეორეს - ცხვირს აჭრიან, სახეს უწვავენ... პალესტინაში ჰამასის წევრები მოტოციკლზე მობმულს ათრევენ თავისივე თანამემამულეს, ერაყში ქრისტიანებს დევნიან, ხოცავენ და მაღაზიებში გამოფენილ მანეკენებს სახეს უფარავენ, საფრანგეთის გაერთიანებულ ემირატებში არაბები ბობოქრობენ ებრაელების წინააღმდეგ...
ბუნებრივია, არგუმენტი, თუ როგორ ჩაგრავს ისრაელი ფანატიკოს ბარბაროს ტერორისტებს (რომლებიც ადამიანებს პატარაობიდან გონებას უწამლავენ და სიძულვილს უნერგავენ) ჩემთან არ მიიღება.
ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული ნათელი წერტილია ახლო აღმოსავლეთში და ამას მე, სოციალისტი ფემინისტი, ვამბობ, რომელსაც დემოკრატიაზე მხოლოდ ეცინება, სამაგიეროდ სჯერა და უნახავს, როგორ ზრუნავენ იქ ქალების (ბუნებრივია კაცებისაც, უბრალოდ როგორც აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაზე, ამაზე ვაკეთებ აქცენტს) უფლებებზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე.
ამიტომ აბსოლუტურად მეორე ადგილზე გადადის ჩემთვის ყველაფერი დანარჩენი. 
ის რელიგია და კულტურა, რომელიც ქალს მხოლოდ სექსის ობიექტად აღიქვამს, თანასწორად არ მიიჩნევს და მისი დასჯა ყოველგვარი კანონის გარეშე შეუძლია, ჩემთვის მიუღებელი და ბარბაროსულია.



სატურნი

აი, ასეთი იქნებოდა ჩემი და სეიმურ გლასის მფარველი პლანეტა, დედამიწასთან ახლოს რომ ყოფილიყო.



პოსტის დასაწყისში შოტლანდიელი რობერტ ბერნსის ლექსია მოყვანილი, რომლის სახელწოდებაც ჩემი უხეში თარგმანით "ძველ კარგ დროს" ნიშნავს და მასში ხალხური მოტივები ჭარბობს, ანუ ზოგიერთი სტროფი ბერნსს არ ეკუთვნის (ეს ინფორმაცია ჩემნაირი პოეზიისა და ისტორიის "ფრიკებისთვის"). ზოგი ამბობს, ავანტიურისტი იყო ესენინივითო, სადღაც ბავშვობაში მისი ლექსების ძველ თარგმანზე მაქვს წაკითხული, ვაჟა-ფშაველას ჰგავსო და მე კიდევ, როგოც საქართველოს მთიანეთში გაზრდილი და იქაური პოეზიის თაყვანისმცემელი, ხინკალსა და ჟიპიტაურთან ერთად, ვთვლი, რომ რობერტ ბერნსი ერთერთი ყველაზე კარგი ტიპია მსოფლიოში. მართალია მის პოლიტიკურ შეხედულებებს კარგად არ ვიცნობ და იქნებ, არც მომწონებოდა, მაგრამ მოდი, ახლა მის ლექსებს დავჯერდები და იმას, შოტლანდიელი რომ იყო და მთები მისთვისაც ისეთი ახლობელი, როგორიც ჩემთვის.


ეს ფოტო უკვე არააქტუალურია და ყველამ ვიცით, ყოფილი პაპი ბენედიქტის (გერმანელი) "ლოცვამ" რომ აჯობა ახლანდელი პაპ ფრანცისკოსას (არგენტინელი), მაგრამ მომავალში იქნებ აღარავის ახსოვდეს და ბლოგზე მექნება ეს "დიადი" უკვდავი მემე. პირველად ჩემს ქმარს ვანახე აღტაცებულმა, მას კიდევ, რატომღაც, დიდ გონებამახვილობად არ მოსჩვენებია და "გულდაწყვეტით" მითხრა, რა სისულელეებს უყურებ შენს ინტერნეტმეგობრებთან ერთადო :ლოლ: რას იზამ, 21-ე საუკუნეში ასეთ ხუმრობებზე გვეცინება "ზოგიერთებს", ისე, რომ დაფიქრდე ადამიანი... არ გვინდა დაფიქრება ამ მომენტში რა, leave me alone :-D


ნორვეგია! 

არ ვიცი, რამენაირად ფილტრავენ ამ ფოტოებს, თუ მართლა ასეთი ფერები არსებობს ბუნებაში? Oh please, leave me alone again! :-D

კარგი, ახლა ღამე მშვიდობისა!!! 

;-)

P.S. ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან ყველაფერი იწყება და მთავრდება. შეიძლება ყველაფერი არ იყოს საკმარისი ცხოვრებაში, სამაგიეროდ სიყვარული და სიკეთეა ყველაფერი.
ჰაჰა მეეჭვება, ვინმეს პოსტი ბოლომდე წაეკითხოს, ამიტომ ტავტოლოგიების "დაშვებაც" შემიძლია და სრულიად უაზრო რაღაცების წერაც, რადგან მხოლოდ ძალიან საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ვართ ღიები და შტერულად მოქცევისაც არ გვერიდება. ასე ვარ მე ამ ბებერ ბლოგზე, ჩემს საყვარელ მკითხველებთან, რომლებსაც მართლა ესმით ჩემი ბლოგის კონცეფცია და ყველაფერი, ისევ და ისევ ყველაფერი ;-)
მადლობა ღმ-ერთო, მადლობა დედა, მადლობა ჩემო ბურთულებო და მათო მამავ, იცით ვინც ხართ ;-) მადლობა მოსე და აარონ, მადლობა იესო, მადლობა ბუდა, მადლობა ჯერომ დევიდ, მადლობა სეიმურ, მადლობა ჰოლდენ, მადლობა ფრენი, მადლობა ერნესტო, მადლობა როზა და კლარა, მადლობა ვაჟა-ფშაველავ, მადლობა ვივალდი, 
მადლობა ნატა, მადლობა ანუშკა, მადლობა ნატალია, მადლობა თამთა, მადლობა როდე, მადლობა მაგა, მადლობა ჯეობლონდო, მადლობა ქეთი, მადლობა ელიზა, მადლობა თი, მადლობა ყველავ!


Monday, July 21, 2014

ქერათმიანის ურთიერთობები და თავგადასავლები - 11

ქართველი ქერათმიანები და მით უმეტეს ბლოგერები არც ისე ბევრია, რამდენადაც მე ვიცი, ამიტომ ჯეობლონდის პოსტები ყოველთვის განსაკუთრებულია. ჯერ მხოლოდ მისი შარშანდელი პოსტი "ქალების ოთახისთვის" რად ღირს. მომწონს მისი წერის სტილი, რადგანაც ყოველთვის ღიად და ძალიან გონებამახვილურად წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე (იხ. მონოგამია და co :დ ).

ისიამოვნეთ და ბედნიერ დარჩენილ ზაფხულს გისურვებთ ყველას!!!

(ეს კი პროექტის ლინკი თავისი მშვენიერი ავტორებით)

ქერათმიანის ურთიერთობები და თავგადასავლები

1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

რა იყო და:
 ჩემი თავგადასავლები არ მაძლევდა მოსვენებას. რაღაც სულელურ ამბებში ვეხვევი ხოლმე, შემდგომ რისი გადახარშვაც მიჭირს. ხოდა, ეს ბევრი ამბავი გროვდება, გროვდება და არასდროს უჩინარდება ჩემი ემოციური ზარდახშიდან. უცნაურია, მაგრამ ასეა. მაწუხებს და მაწუხებს. ვისურვებდი, არ მაწუხებდეს. მეგონა, რომ წერა შემამსუბუქებდა. საბოლოოდ, უფრო მეტად მაინც დღიურში ვწერ. ასე რომ, ვთვლი, ბლოგმა დიდად ვერ გაამართლა ამ მხრივ. მეგონა, მეტად გავიხსნებოდი, თუმცა ვერ შევძელი. 
ძველი პოსტების წაშლა მაინც არ მინდა, თუმცა სიკვდილივით მეშინია გადაკითხვის, რადგან ვიცი, რომ შემომეშლევინება. არც კი მინდა დაფიქრება იმაზე, რომ ვინმე რეალურად კითხულობს ჩემს ბლოგს, თორემ ძალიან შემრცხვება ☺ 

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ძალიან იშვიათად ვწერ. ხან ვწერ და ვერ ვაქვეყნებ. დაკომპლექსებული ბლოგერი ვარ.
ვწერ ზემოთხსენებული მიზეზის გამო და კიდევ იმიტომ, რომ სიამოვნებას მანიჭებს. ბლოგის არგაუქმების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ კიდევ უფრო მეტად გახსნას, თორემ იმდენი, იმდენი მაქვს მოსაყოლი.... ☺
მიყვარს ბლოგები, სადაც გულწრფელად წერენ საკუთარ განცდებზე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ძირითადად, ჩემს განცდებთან ბრძოლაა. და მშურს ცოტათი კიდევაც ასეთი ბლოგერების, რომ თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ გრძნობებზე წერა აუდიტორიის წინაშე.
ის კი არა, არათუ ჩემი თავგადასავლების, არამედ ფიქრების გაზიარებისგანაც კი ვითრევ ხოლმე ფეხს. რატომღაც მგონია, რომ სულელურია და თან, არც არავის აინტერესებს ☺

3. პირადული შეკითხვაგყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის 
თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო,თუ თავისუფალი ხარროგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰამგონი,საკაიფო პუნქტ-შეკითხვააცოტა "საპაემნოსჰგავს)? 
ჩემი პირადი ცხოვრება ცვალებადი და ზედმეტად დინამიურია. მუდმივად მჭირდება ურთიერთობა, რომელიც ადრენალინს მაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ვიწყენ და შინაგანად ვცარიელდები. 
ზოგადად, მონოგამიური ურთიერთობების არ მწამს, მაგრამ საბოლოოდ, არც არამონოგამიური ურთიერთობები, მგონია, რომ ამართლებს. მონოგამიური ურთიერთობები ვერასდროს გაძლევს 100 %-ს იმას, რაც გჭირდება, ხოლო არამონოგამიურის დროს, someone always ends up hurt. საბოლოოდ, ყველაფერი შეგუებამდე მიდის და იქ ფანტაზია კვდება. 

4. აქ კი შეგიძლია ის დაწერორისი თქმაც გინდარაც გაწუხებსან უბრალოდარაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
ჩემი შვილი სოფის უმცროს ბურთულაზე ზუსტად ერთი თვით უფროსია. მესმის და თანავუგრძნობ სოფის, მაგრამ დედობასთან ერთად, ჩემთვის მოულოდნელი რამდენიმე სუბიექტური აღმოჩენაც გავაკეთე. თავიდან დავიწყებ: 
ორსულობა ყველაზე ინდივიდუალური პროცესია მთელ მსოფლიოში და ძირითადად, მისი მიმდინარეობა განწყობაზეა დამოკიდებული. ის კი არა, მგონია, რომ ტოქსიკოზის სირთულეც ჩვენი გონებრივი მდგომარეობიდან მომდინარეობს. ჩემმა 9 თვემ ისე გაიარა, ვერ გავიგე. ბოლო დღემდე ვმუშაობდი და ყოველთვის ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი. ამავე პერიოდში მივხვდი, რამდენად ცუდი ზეგავლენა აქვს ჩემზე და ჩემს საბრალო გარშემომყოფებზე პმს-ს და რა ბედნიერებაა მის გარეშე ცხოვრება. 
მშობიარობისთვის ვიყავი ზე-მობილიზებული. ვიცოდი, რომ ყველაზე მძიმე რამაა ეს ქალის ცხოვრებაში და თავს ვიწყნარებდი, რომ მეორეს მხრივ, სადაც უხსოვარი დროიდან ჩვენი ბებიები აჩენდნენ ყველაზე ბრუტალურ პირობებში, მე, 21-ე საუკუნის ცივილიზაციაში მე რატომ ვერ გავაჩენ?! მეცხრე თვეში ვამბობდი, რომ ჩემი მშობიარობა იქნებოდა ძალიან ადვილი და ბოლოს იმდენჯერ ვთქვი, თავადვე დავიჯერე კიდეც. როდესაც კლინიკაში მივდიოდი დილის 7 საათზე, ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე რთული და მძიმე დღე იწყებოდა.
... და საშინლად გამიცრუვდა მოლოდინი. სანამ ტკივილი რეალური გახდებოდა, გაუტკივარება გაკეთდა. გაუტკივარების გასვლასა და ჩემი ბაყაყის ტირილის გაგონებამდე ზუსტად 15 წუთი იყო შუალედი. ყველაფერი რომ დამთავრდა, ვთქვი, სულ თუ ეს იყო ბავშვის გაჩენის პროცესი,  3-4-ს ახლავე გავაჩენ-თქო ☺
ამბობენ, საკუთარ შვილს გულზე რომ დაგაწვენენ, მაგ დროს სამყარო იცვლება და შენც საოცარ ბედნიერებას გრძნობო. ჩემს შემთხვევაში, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი შვილი ძალიან, ძალიან ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიყვარდა და მგონია, რომ მისი შეყვარება ჯერაც არ დამთავრებულა ჩემთვის.
მშობიარობაზე ბევრად რთული ჩემთვის შემდგომი დღეები აღმოჩნდა. საშინლად სუსტად ვგრძნობდი თავს და ყველაფერი მტკიოდა. მიუხედავად ჩემი მარტივი მშობიარობის, მას შემდგომ ტკივილის შიში დამჩემდა და მაქსიმალურად ვცდილობ, თავიდან ავირიდო.
მე სოფისნაირი გმირი დედა ვერ ვარ და არც მქონია პრეტენზია. სულ თავიდანვე ძიძა ავიყვანე და მაქსიმალურად დავიხმარე ყველა. დახმარების გარეშე, მე მგონი, ვერ შევძლებდი აარონზე არანაკლებ კოლიკებიან ბავშვთან გამკლავებას. მისი არსებობის პირველი ორი-სამი თვე ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. არადა, საკმაოდ ბევრ რთულ პერიოდებს ვითვლი.
მიუხედავად სირთულის და უძილო ღამეების, გამუდმებული ნერვიულობისა და ხშირად უსასოობის შეგრძნების, სტრესი სად უჩინარდება, ვერ ხვდები. უმწეობის შეგრძნება მთავრდება იქ, როდესაც შენი შვილი ტირილს წყვეტს.
ჩემი გარეგნობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის. ზედმეტადაც კი. ჰოდა, როდესაც პირველად გავიგე, რომ ბავშვს ველოდი, პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემს მუცელს სურათი გადავუღე. მეგონა, არასდროს მექნებოდა ისეთი სხეული, როგორც ბავშვის გაჩენამდე. ეს იყო ის უსაფუძვლო შიში, რითაც ჩრდილი მივაყენე ჩემს ბედნიერ ორსულობას, რასაც ძალიან ვნანობ. ძალიან მალე აღვიდგინე ფორმები და წონა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ უკეთესადაც კი გამოვიყურები. ასე რომ, ორსულებს მინდა ვუთხრა, არ ღირს ასეთ წვრილმან საკითხებზე ნერვიულობა, როცა ასეთი სასწაული გელოდებათ წინ. ბუნებამ უკეთესად იცის და we are designed for that. 
არსებობს ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები, რაც ზედმეტად overanalyzing-ს არ მოითხოვს. უბრალოდ, უნდა მოეშვა, ნაკლები იფიქრო და ისიამოვნო. მე ამ საკითხში აშკარად ყოველთვის მქონდა პრობლემები. 
მიუხედავად იმის, რომ ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, სხვა ბევრი მშობლისგან განსხვავებით, მაინც არ ვთვლი, რომ ის ხალხი, ვისაც შვილები არ ჰყავთ, უბედურები არიან. 

P.S. მომიტევეთ ზედმეტად გრძელი პოსტისა და ინგლისური სიტყვებისთვის ☺

Thursday, July 17, 2014

ჩემი ჰობი, ხუთშაბათი და ფავორიტები

იმ დღეს მე და ჩემი ერთი მეგობარი ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამხელა ადგილი უკავია ინტერნეტს ჩვენს ცხოვრებაში. მერე ბლოგებზე საუბარზე გადავედით და ორივეს ერთი "ტკივილი" აღმოგვაჩნდა, რომ ბევრი ჩვენი ახლობელი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ჩვენს ამ ჰობის.


ჰობის!!!
კიდევ იმიტომ გავიმეორე, რომ ბლოგინგი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჰობია ბავშვების გაჩენასთან ერთად :-)
ადამიანის გაქილიკება იმის გამო, რომ ჰობი აქვს და ეს ჰობი ბლოგინგია, მგონი, ძალიან საწყენი უნდა იყოს. აქილიკებენ ვინმეს იმის გამო, რომ ქსოვა უყვარს, ან კერვა, ან ქაღალდებისგან რაღაც სათამაშოების გამოჭრა?
მგონი, არავის.

მე, პირადად, ჩემი ბლოგინგიდან არასოდეს მიშოვია ერთი კაპიკი/ცენტი/თეთრიც კი. თბილისში როცა ვცხოვრობდი მხოლოდ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ჯერ ფილმის ჩვენებაზე დამპატიჟეს სხვა ბლოგერებთან ერთად, მერე კიდევ რაღაც სხვა ღონისძიებებიც იყო - შესაბამისად, ჩემი ბლოგი 100%-იანი ჰობი გამოდის ჩემთვის. ჰობი კი ადამიანს განტვირთვისთვის სჭირდება, ჩემს შემთხვევაში ამას ახალი ადამიანების გაცნობაც ემატება, რომლებთანაც ბევრ საერთოს ვპოულობ და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში შეიძლება არასოდეს ვნახო, მაინც კეთილად ვფიქრობ მათზე და გამახარებს მათი წარმატებები.



როგორც ყოველთვის, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო: ჩემი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ლილუ კითხულობს ბლოგს. დედაჩემმა ერთი-ორჯერ წაიკითხა და გულწრფელად მითხრა, რომ ბლოგის არსს ვერ იგებს და არც ასეთი მოკლე, ფამილარული წერის სტილი იტაცებს (სამაგიეროდ შონ პენი უყვარს). ჩემი ქმარი თავიდან, როცა ვხვდებოდით, ჩემს ინგლისურ ბლოგს კითხულობდა და ისიც ვერ იგებდა, რას ვგულისხმობდი პოსტებში, რომლებიც ცოტა ჩახუჭუჭებული იყო.
ახლო მეგობრებიც ხანდახან გადახედავენ, რომ ჩემი ახალი ამბები შეიტყონ, რადგან იციან, აქ არის ჩემი სახლი და ხშირად აქედან უფრო ბევრი რამის გაგება შეიძლება ჩემზე, ვიდრე რეალური ურთიერთობისას :-)

ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი, აღარ არსებობს კარგი ქართული ბლოგები და ნატალიამაც დაიჩივლა, მხოლოდ სარეკლამო პოსტებს წერენო. ამ დროს, არის კარგი ბლოგები internet-სივრცეში, უბრალოდ, ყველა შეიძლება აღარ შეესაბამებოდეს ჩემს ასაკს, განწყობას და ამიტომაც უფრო სხვანაირი თემატიკის ბლოგები მომწონს, ბავშვებზე და მათი მოვლის საშუალებებზე რომ წერენ, ვიდრე ფილოსოფიურ-ემოციური ჩანახატები. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩანახატებიც მომწონს ძალიან, როცა თავისუფალი დრო მაქვს და დედა-შვილების 24/7 პერიოდიდან რამდენიმე თავისუფალ წუთს მოვიხელთებ.

ბლოგინგი არის ჰობი, ჩემთვის, პირველ რიგში (ok, სოფი, რამდენჯერ უნდა გაიმეორო!).
ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც საკითხი თუ პრობლემა მაწუხებდა და უცებ წერისას ძალიან მარტივად ამოსახსნელი გამხდარა. ფსიქოლოგიაში ხომ ამბობენ, როცა რაღაცას ხმამაღლა ამბობ და შენს თავს უსმენ, ბევრად ადვილად წყვეტ იმ ამოცანას, ასე ვარ მე, ოღონდ წერით.

ბლოგინგში კარგია სხვა ბლოგების, სურათების თვალიერება (საოცარ სიბრძნეს ვღაღადებ ახლა მე), საკუთარი ცხოვრების გაზიარება, სხვების ამბების გაგება, თანადგომა (ონლაინ, მაგრამ ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი), სიცილი, ხანაც წუხილი და ზოგჯერ გაბრაზებაც, როცა ისეთი ადამიანები გიწერენ კომენტარებს, რომლებმაც ბექჰემების ოჯახის ამბები საკუთარზე უკეთესად იციან და არასოდეს დამავიწყდება :ლოლ: აი, ამას ჰქვია, თუ ჰქვია EPIC კომენტარი :დ

Anyhow, მიყვარს ბლოგინგი და სანამ სიამოვნებას ვიღებ ამ ჰობისგან, მანამდე ვწერ და ვწერ, ვინ მიშლის :-)))

თქვენთვის, ჩემი მკითხველი ბლოგერებისთვის, რას ნიშნავს ბლოგი? ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს შეხედულებებს ამაზე, კომენტარების ველში ან სულაც - თქვენივე ბლოგებზე.

----

აქ კი ჩემი კვირის ფავორიტი ბლოგები:

1. ჩემი 90-იანების თაობის, ლამაზსახელიანი (რა ვქნა, ლამაზი სახელების "ხამი" ვარ) 10 თვის გოგონას დედის ბლოგი, რომელიც ძალიან გამართულად და საინტერესოდ წერს იმ თემებზე, რაც ამ ეტაპზე მაინტერესებს.

2. გემრიელი ნამცხვრებისა და სხვა ლამაზი რამეების ბლოგი, რომელსაც შევპირდი, რომ ასეთ "ზებრას" მეც მოვსინჯავდი და ჯერ ვერ მოვიცალე. არ დამვიწყებია ოღონდ.

3. შოშანას ბლოგი. დიახ, ეს ბლოგიც ჩემი ფავორიტი ორიგინალური სახელის გამო გახდა. ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოდ წერს და ფოტოებსაც კარგად არჩევს.

4. ქართული ინტერიერის დიზაინის ბლოგი. ვიცი, მეც ცოტა სკეპტიკურად შევხედე თავიდან, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანად და საინტერესოდ წერს ავტორი.

5. როგორც ყოველთვის, ბონუსად, ინგლისურენოვანი ბედნიერი ქვეყნის ბლოგი, რომელსაც არასოდეს უნახავს 90-იანი წლები, არც ვარდების რევოლუცია და არც ედუ ბაბუს მოსახსენიებელი წაუკითხავს, შესაბამისად, ვერასოდეს გაგვიგებს ჩვენ და ბედნიერებასაც თავისებურად აღიქვამს :დ


ბედნიერ ხუთშაბათს გისურვებთ!!! ისიამოვნეთ ზაფხულით და კარგად დაისვენეთ!!!


P.S. გადავხედე ამ პოსტს და გრამატიკული შეცდომების ზღვა დამხვა. ბოდიშს გიხდით და თუ კიდევ რამე ვერ შევასწორე, ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ კრიტიკას (კონსტრუქციულს :პ ) და ორთოგრაფიულ შესწორებასაც.


Monday, July 14, 2014

წიგნებისა და მცენარეების სიმშვიდეში - 10

ქეთი ჩემი ყველაზე ძველი მკითხველია და ასევე ქეთის ბლოგი ერთერთი პირველი იყო, რომლის კითხვაც დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. ჩემს საყვარელ, ადამიანებისადმი 99% საქებარ, სიტყვებს რომ თავი დავანებო დღეს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ წლების მანძილზე ბლოგომეგობრობით დავინახე, რომ ქეთი სასწაულად გაწონასწორებული ადამიანია. ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი და რამდენიმე მისი კომენტარი სასწაულად დიპლომატიური იყო, როცა ჩემს აზრს აბსოლუტურად არ ეთანხმებოდა, მაგრამ იმდენად კონსტრუქციულად, ოდნავადაც არ გავღიზიანებულვარ. დარწმუნებული ვარ, იცით გამოცდილმა ბლოგერებმა, რომ ბლოგი ზუსტად იმიტომ გვაქვს, რომ გვინდა ყველა ჩვენს აზრს იზიარებდეს და სჯეროდეს იმის, რისიც ჩვენ.
აი, ქეთი კი ზუსტად იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანს თავაზიანად არ დაეთანხმო, საკუთარ აზრზე მყარად იდგე და ამავდროულად, საპირისპირო შეხედულების მქონე არასოდეს გააღიზიანო.
ქეთი, ნამდვილად ბევრის სწავლა შეიძლება შენგან. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ :-)



წიგნებისა და მცენარეების სიმშვიდეში


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

პირველი ბლოგი 2006 წელს შევქმენი. ვასაიდუმლოებდი, რადგან არ ვიყავი ჩვეული საკუთარ გრძნობებზე საუბარს და ჩემთვის სიახლე იყო მათი ღიად გამოხატვა. იმ ბლოგმა რამდენიმე თვე იარსება, მერე დავხურე და დავივიწყე.
ამ ამბის შემდეგ გავიდა ორი წელი და გავხსენი ბლოგი, რომელიც დღემდე მაქვს – ქეთის ბლოგი. სხვათა შორის, მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი სულაც არ ყოფილა ონლაინ-დღიურის წარმოება, აქ მხოლოდ ჩემი ლექსების გამოქვეყნებას ვაპირებდი, ამიტომ ავიღე მისამართად საკუთარი სახელი და გვარი. მაგრამ ლექსების ნეტში დადება მალევე შევწყვიტე, რაც უკვე მქონდა გამოქვეყნებული – ისიც წავშალე და ჩემი ბლოგი ნელ–ნელა იქცა ისეთ პირად სივრცედ, როგორიც არის დღემდე. მოგვიანებით კიდევ ორი ბლოგი გავხსენი – წიგნების და მცენარეების შესახებ. 



2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ. არასდროს გამოვკიდებივარ რეიტინგებს, შესაბამისად, არ მაქვს მკითხველების მოსაზიდად შექმნილი „ხელოვნური“ პოსტები. ვწერ, თუ რაიმე მაქვს სათქმელი, ან „დასამახსოვრებელი“. გამონაკლისი იყო  ე. წ. „ორშაბათის გამოფენა“, რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე რეგულარულად ვმართავდი. თავიდან მხოლოდ საკუთარი განწყობის ნახატებით გამოსახვა მინდოდა, მოგვიანებით რუბრიკა ინფორმაციულიც გავხადე და ერთგვარი ვალდებულებაც გამიჩნდა იმ მკითხველების მიმართ, რომლებიც ორშაბათს ელოდნენ. საერთოდ კი, ბოლო წლებია, სოციალურმა ქსელმა უფრო ჩამითრია, ამიტომ „ქეთის ბლოგი“ ჩემთვის თითქოს კიდევ უფრო ინტიმური გახდა – აქ მოვდივარ იმ სათქმელით, რასაც ქსელში არ ვწერ. რაც შეეხება შედარებით ახალ ბლოგებს: გზაში წაკითხულ წიგნებზე შთაბეჭდილებებს საკუთარი თავისთვისაც ვწერ და მკითხველებისთვისაც – მინდა, ჩავინიშნო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაც ამა თუ წიგნიდან მრჩება და გავუზიარო ეს სხვებსაც. თანაც, ერთი წიგნითაც რომ დავაინტერესო რომელიმე მკითხველი, ძალიან გამიხარდება. რაც შეეხება ფოტობლოგს მცენარეების შესახებ – წლების მანძილზე ჩემი ბაღის თუ ოთახის მცენარეების უამრავი ფოტო დამიგროვდა. მათგან საუკეთესოებს ფლიკრზე ვაქვეყნებდი, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტე, ყველა ახალი ფოტო ბლოგზე შემეკრიბა, მცირე კომენტარებიც დამერთო და ერთგვარი მწვანე არეა შემექმნა. 


3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოშისაზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია

ყველაზე მეტად ჩემი სახლი და ის ადგილები მიყვარს, რომლებიც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავინაწილე  – პირველ რიგში მშობლებთან. ასევე განსაკუთრებული გრძნობები მაქვს დარიალის ხეობის მიმართ. ძალიან მიყვარს მთა. საქართველოს საზღვრებს იშვიათად ვტოვებ, თუმცა ჩემი ყველაზე სასურველი მოგზაურობა ასე წარმომიდგენია: არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში/მეგაპოლისებში ჩასვლა, არამედ რეგიონების ნახვაც. როცა ასეთ მოგზაურობაზე ვფიქრობ, პირველ რიგში ესპანეთი მახსენდება – სიამოვნებით ვიხეტიალებდი ესპანეთში თუნდაც ერთი თვის მანძილზე, წავიდოდი მის სამხრეთში, დაბებში და სოფლებში გავჩერდებოდი, დავაკვირდებოდი ხალხს, მათ წეს–ჩვეულებებს, ბუნებას. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ასეთი მოგზაურობა იქნება. ახლახან ლიტვაში რამდენიმე დღის სწორედ ასე გატარების საშუალება მომეცა და ძალიან ვისიამოვნე. 


4. პირადული შეკითხვაგყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის 
თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარროგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰამგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვააცოტა "საპაემნოსჰგავს)? 

ჩემთვის ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო მეგობრობა, საერთო ინტერესები და საქმეც კი შეიძლება იყოს. ბევრს კამათობენ, არსებობს თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა და მე ყოველთვის მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ არსებობს. საქმეში ვგულისხმობ რაიმე იდეის ერთად განხორციელებას. მინახავს ასეთი წყვილები და მგონია, რომ ძალიან კარგია, როცა წყვილს სიყვარულის და ვნების გარდა საერთო მისწრაფებაც აერთიანებს. ასეთი კავშირები გაცილებით მყარი და ბედნიერი მგონია. ჩემს ურთიერთობებზე კი, თუ არ მიწყენ, არაფერს ვიტყვი


5. აქ კი შეგიძლია ის დაწერორისი თქმაც გინდარაც გაწუხებსან უბრალოდარაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

მინდა, დიდი მადლობა გითხრა შენ, სოფი, ასე რომ გვაკავშირებ ბლოგერებს. კიდევ დიდი მადლობა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რასაც გასცემ. ძალიან მიყვარს შენთან შემოხედვა. ბედნიერ დღეს გისურვებთ შენ და შენს ლამაზ ოჯახს, ასევე ყველა მკითხველს, ვინც შენს მზიან სამყაროს სტუმრობს. 

Friday, July 11, 2014

5 თვის სასწაულის ამბები

აარონი უკვე 5 თვისაა და როგორც იტყვიან, ისე გარბის დრო, უკან მოხედვას ვერ ასწრებ ადამიანი {არქივიდან: ეზრა 5 თვის}, თუმცა პირველი 3,5 თვე ძალიან რთული იყო, ურთულესი და ხშირად მეგონა, რომ არასოდეს დამთავრდებოდა ის პერიოდი. 


საშინელზე უსაშინლესი კოლიკები ჰქონდა, მთელი ის 3,5 თვე სულ ხელში გვეჭირა და ისე ეძინა. საღამო გვძულდა, რადგან ჯერ იყო და უცებ უფროს ძმად ქცეული ეზრას დაძინება ჭირდა, მერე აარონის კოლიკების შეტევა იწყებოდა, რაც ხშირად, ძლივს წვალებით დაძინებულ ეზრას აღვიძებდა და ისეთი ღრიალი ტყდებოდა ჩვენს სახლში, ლამის მეც ავღრიალებულიყავი. რამდენჯერმე შევუერთდი კიდეც ჩემს ბიჭებს.

მადლობა ღმ-ერთს, ახლა გაიარა პირველმა ყველაზე კრიზისულმა პერიოდმა და ბურთულა აარონი ისედაც ღიმილიანი დაბადებიდან, სულ იცინის და გორაობს აქეთ-იქით. უკვე ზურგიდან მუცელზეც ტრიალდება და მიუხედავად იმისა, რომ ეზრასთან ყველა ეტაპი გავლილი მაქვს და ვიცი, რა რის შემდეგ მოდის, მაინც ყოველი ახალი ფაზა ისეთ აღტაცებას მგვრის, თითქოს სასწაული იყოს. არის კიდეც სასწაული. ყველა პატარა სასწაულია, როცა ხედავ, როგორ ფორმირდება შენი გაჩენილი არსება პატარა ხელებსავსავა ბაყაყუნადან პატარა ოქროს ბიჭუნად/გოგონად.

თუმცა ხშირად გაჩენა არც ისეთი ადვილია, როგორიც უნდა იყოს (ბოლოს და ბოლოს, მთელი სამყაროს არსებობის მანძილზე აჩენდნენ და აჩენდნენ ქალები, ვითომ ისეთი რა ძნელი უნდა იყოს).
არ ვიცი, რატომ და ჯერ არ მიამბია თქვენთვის როგორი სტრესული ორსულობა მქონდა აარონზე, ჩემს ინგლისურ ბლოგზე მაქვს დაწერილი და აქ უფრო მოკლედ გაგიზიარებთ.
სასწაულია-მეთქი, ტყუილად არ მიხსენებია.

(როგორც ყოველთვის, ჩემი მსგავსი "დედური" პოსტები ეძღვნება ყველა გადაღლილ დედას და ქალს, ვისაც უნდა (გადაღლილი) დედა იყოს! ღმერთმა ყველას მისცეს ჯანმრთელი შვილები და დანარჩენი კი დედებისთვის არაფერია შეუძლებელი.
ა რ ა ფ ე რ ი !
ჩვენ supernatural გამძლეობას გვაძლევს დედაბუნება)

აარონზე ორსულობის მე-20 კვირაში პლაცენტის უკმარისობა აღმომაჩნდა, რის შედეგადაც ნაყოფი ორი კვირით პატარა იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, ხშირად, ორსულებს უმწვავდებათ მდგომარეობა, ან პირიქით, სტაბილურდება და სასწაულის შემთხვევაში კი, პლაცენტის უკმარისობა ისევე ქრება, როგორც ჩნდება.
პლაცენტა, როგორც იცით, დედისა და ნაყოფის "შუამავალია", მისი საშუალებით გადაიცემა ჟანგბადი სისხლში, რაც ბავშვისთვის სასიცოცხლოდ და ნორმალურად განვითარებისთვის აუცილებელია.

ამ დიაგნოზის დასმის მერე, ბუნებრივია, ძალიან გულდაწყვეტილები და შეშინებულები ვიყავით. პლუს მე ინტერნეტი დავანგრიე ინფორმაციის ძებნით და არაფერი პოზიტიური არ მიპოვია (კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ორსულობისას საერთოდ უნდა დაივიწყოთ გუგლი და სხვა ბოღმა საიტები).

მომდევნო სპეციალური ექოსკოპია, რომელიც პირდაპირ ჟანგბადის რაოდენობას სინჯავს პლაცენტაში, 28-ე კვირას დამინიშნეს. 28-ე კვირა კი ყველაზე კრიტიკული ეტაპია ორსულისთვის, თუ ეს მომენტი გადალახე და ბავშვი შეინარჩუნე, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის (წესით).

ცხოვრებაში იმ 8 კვირაზე მძიმე და ნერვიული პერიოდი არასოდეს მქონია და იმედია, მეტად არც მექნება.
28-ე კვირის გასინჯვაზე რომ მივედით, სადღა იყო პლაცენტის უკმარისობა, ჟანგბადი 100%-ით მიეწოდებოდა ბავშვს, რომელსაც უკვე კარგად ჰქონდა წონა მომატებული და ჩვეულებრივი ნაყოფების ტოლი გამხდარიყო.
ისევ და ისევ, მადლობა ღმ-ერთს!

საბოლოოდ, აარონი ორსულობის 39-ე კვირას გავაჩინე.
ტკივილები სასწაულად დიდხანს გაგრძელდა, არადა ვითომ მეორე ბავშვი სწრაფად ჩნდებაო, ყველა ამტკიცებდა. საღამოს 12-დან დილის 12-მდე გამიგრძელდა შეტევები და მეგონა, აღარასოდეს გამოვიდოდა ეს ბავშვი სამშვიდობოზე, მაგრამ უცებ, დრო როცა მოუვიდა, ზუსტად ორ "მიწოლაში" გაჩნდა ჩემი მეორე ბურთულა ბიჭი, მშვენიერი წონის და აღნაგობის :-)

ძალიან კარგი ბებიაქალები მყავდა, ერთი ისე განიცდიდა ჩემს ტკივილებს (მერე დავაკვირდი, რომ პრაქტიკანტი ყოფილა), სულ ხელზე მეფერებოდა.
ექიმი რუსული წარმოშობის და თამრიკო გვერდწითელის გარეგნობის ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა და რომ გაიგო ქართველი ვიყავი, ისე გაუხარდა, მეგონა, დაკარგული და მიპოვა. კვირადღე იყო და გადარბენა ჰქონდა, თანაც ჩემი მშობიარობა არაფრით გამოირჩეოდა და ამიტომ ბოლო მომენტშიღა შემომისწრო და ბევრი ვერ ვისაუბრეთ, რადგან აარონს გზა უკვე ხსნილი ჰქონდა.
გერმანულ მედიცინასა და მომსახურებას კი ვერაფერი შეედრება, ყველანი სასწაულად თავაზიანები და თბილები არიან, ყოველ შემთხვევაში სამშობიაროში ყველა თავს გევლება. ჩემი ორივე გამოცდილება მხოლოდ დადებითია და ისე მიყვარს ის სამშობიარო, სადაც ჩემი ბიჭები გავაჩინე, ჩემი სახლის გაგრძელება მგონია.

რატომ გავიხსენე უცებ ეს ამბავი, გარდა იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს ქორწილსა და ეზრას დაბადებასთან ერთად? იმიტომ, რომ (აი "იმიტომ რომ"-ში მძიმე სწორად როგორ ისმება, მომკალი და არ მახსოვს, საყვარელო ზინა!!!) ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჩვენს სულიერ გაზრდაზე იმოქმედოს. ნებისმიერი წვრილმანიც კი სასწაულად გვეხმარება ადამიანებს სხვადასხვა რაღაცებზე დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და წინ წავიდეთ ოდნავ უკეთესები, გაზრდილები და ჩვენი გამოცდილებით სხვების გამხნევება და დამშვიდება შევძლოთ. თანაც, როგორც ჩემი ჭკვიანი მეგობარი იტყოდა, ადამიანებს ზუსტად ისეთი სირთულეები გვხვდება ცხოვრებაში, რომელთა გადალახვაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ანუ თუ ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, ესე იგი, ძალაც ეძლევა მის გადასაჭრელად, ამის აბსოლუტურად მჯერა.

მეცნიერება არ არის ზუსტი. არაფერია ამქვეყნად ზუსტი და უცვლელი, ისევე როგორც ჩემი პლაცენტის უკმარისობის დიაგნოზი, რომელიც უცებ ღმ-ერთმა ისე შეცვალა, დიდხანს ვერ ვიჯერებდი და მეშინოდა, ისევ არ "დაბრუნებულიყო". სავარაუდოდ, იმ ეტაპზე მჭირდებოდა მეტი ფიქრი, მეტი მედიტაცია და იმის გაანალიზება, თუ რამხელა სასწაულია ჯანმრთელობა და ასეთივე ბავშვების გაჩენა. რამხელა სასწაულია, საერთოდ, სიცოცხლე, რადგან როგორც დიდი დავითი ამბობს ერთერთ ფსალმუნში, მხოლოდ ცოცხალ ადამიანს თუ შეუძლია ღვთის დიდება.

სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!!!


Tuesday, July 8, 2014

მოგზაურობა, წიგნები და სიყვარული - 9

მარის ბლოგს საკმაოდ დიდი ხანია რაც ვკითხულობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ის ფაქტი მიყვარს (თუ ფაქტის სიყვარული შეიძლება), რომ ბათუმში გადაწყვიტა ცხოვრება და ბედნიერია, მისი ლამაზი გოგონას სახელი მიყვარს კიდევ ძალიან, ასევე ვირჯინია ვულფის გმირები რომ მოსწონს, ესეც მახარებს.

{ამასთან ერთად, როგორც ყოველთვის, მადლობელი ვარ და მჯერა, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი და კარგი ბლოგერი ქალები ჰყავს საქართველოს.}


მარის პასუხები:


მოგზაურობა, წიგნები და სიყვარული


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი? 

ბლოგი 2010-ში შევქმენი, თავიდან ერთადერთი მიზეზით - წერის ვნებას ვერაფერს ვუხერებდი :) ანუ, მიმართულებას ვერ ვუძებნიდი. ძალიან მინდოდა წერა, გენიალური მწერალი ჩემგან არ დადგებოდა, ამიტომ ბლოგის შექმნა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რამდენიმე მოთხრობას დავაგდებ მეთქი. მაგრამ შემდეგ სხვა მიმართულებით  განვითარდა პროცესი. საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს გაზიარება. ყველაფერზე ვწყვები, რაც მიყვარს, რამაც შემცვალა. ამაზე დავიწყე წერა - ჩემს საყვარელ რაღაცეებზე და ვიღაცეებზე. ახლაც ასე გრძელდება. 

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას? 

მგონი, ადრე უფრო საკუთარი თავისთვის ვწერდი -  მსიამოვნებდა წლითიწლობით ჩემი ზრდის პროცესზე დაკვირვება. ახლა მგონია, რომ ლეასთვის ვწერ და ჩემი სხვა, მომავალი შვილებისთვის. ამიტომ ვცდილობ, მხოლოდ კარგი ამბები დავტოვო ბლოგზე.  საყვარელი ადამიანებისთვისაც  ვწერ , ახლა ჩემი ამბების გაზიარება ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა, იმიტომ, რომ შორს დავსახლდი :) ერთიანად ვყვები ხოლმე ჩემს შთაბეჭდილებებზე. კიდევ იმ ადამიანებისთვის ვწერ, რომლებიც არ მიცნობენ, მაგრამ საოცრებებს მეუბნებიან ხოლმე და ზოგჯერ მადლობასაც კი მიხდიან, იმიტომ, რომ თურმე ჩემი პოსტები ცხოვრებაში ეხმარებათ. მე კიდევ მათ მიმართ ვგრძნობ უზარმაზარ მადლიერებას და ცუდ დღეებში იმ კარგ სიტყვებს ვიხსენებ ხოლმე. 

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D

საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმია, ანუ სახლი. სანამ ბათუმი სახლი გახდებოდა, მანამდეც ჩემი საყვარელი ადგილი იყო. ამ ქალაქში ძალიან ადვილია, იყო ბედნიერი. ამისთვის დიდი ძალისხმევაც არაა საჭირო. სადაც არ უნდა წამიყვანოს ჩემმა მოხეტიალე სულმა, ჩემი სახლი აქ არის, ჩემი გული ამ ქალაქშია.

როგორც დაბადებით მაწანწალას, ბევრი ქალაქი მინახავს, მაგრამ ნამდვილი და დიდი სიყვარულით ოდესა და სტამბოლი მიყვარს. ოდესა სასწაულია. არც კი ვიცი, რატომ შემიყვარდა , მაგრამ იმ წამიდან მიყვარს, მატარებლიდან რომ ჩამოვაბიჯე. სტამბოლი კი ჩემთვის არის სიგიჟე, სრული თავისუფლება, ხმაური, სიცოცხლე და ყველაფერი, რაც შეიძლება გიყვარდეს. რომ დავბერდები და სასიცოცხლო ძალები შემომაკლდება, შეიძლება სტამბოლში დავსახლდე. გამოვხანხალდებით მე და ჩემი ქმარი ხმაურიან ქუჩებში, გავაბოლებთ და იმ ჭრელ ხალხში ჩვენი სიბერეც დაგვავიწყდება :)

ოცნების ქალაქი კრაკოვია. ვარშავაში ვიყავი და კრაკოვში ვერ მოვხვდი, ალბათ არ იყო საჭირო და იმიტომ. "ვერონიკას ორმაგი ცხოვრება" ჩემი საყვარელი ფილმია და მაგ ფილმიდან მიყვარს. აუცილებლად წავალ კრაკოვში და თავი ირენ ჟაკობივით ლამაზი მეგონება. ასე მგონია, იქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მელოდება, ოღონდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა შეიძლება ეს იყოს.

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

ქმარი მყავს. ყველას თავისი სიყვარულის ამბავი ჰგონია განსაკუთრებული, მეც ასე ვარ. პირველად ვინც შემიყვარდა, ჩემი ქმარიც ის გახდა, რაღაც ასე გამოვიდა , არადა, დიდი ვიყავი უკვე :) ყოველდღე სხვადასხვანაირად მიყვარს - ნელნელა უფრო ღრმად, უფრო სხვანაირად, უფრო ჩემიანი ხდება დღითიდღე. არ ვიცი, სწორად როგორ გადმოვცე.  ისე კი, თანაცხოვრება ადვილი სულაც არაა და იდეალური ურთიერთობაც ალბათ მხოლოდ გამოგონილ ისტორიებში არსებობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში  უამრავი სირთულეა. რთული პერიოდები ჩვენც გვქონია, მაგრამ ყველა ასეთი პერიოდის შემდეგ უფრო ერთ გუნდად ვყალიბდებით და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი ურთიერთობის ძრავა ალბათ საერთო ინტერესებია. ვგიჟდები, ისე მიყვარს მისი მოსმენა ან მასთან ლაპარაკი. ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება- მყავდეს გვერდით ადამიანი, რომელსაც ჩემი მოსმენა უნდა და რომლისთვისაც ჩემი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. 

ზოგჯერ ჩხუბიც არის ხოლმე, მითუმეტეს, რაც ერთ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ზოგჯერ მგონია ხოლმე , რომ  შეუძლებელს ითხოვს ჩემგან და ვფეთქდები, მაგრამ მერე, რომ ვუფიქრდები, თვითონაც ხშირად შეუძლებელს აკეთებს და მას თუ შეუძლია, ესე იგი, მეც შემიძლია. 

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

ყველას , ვინც წაიკითხავს - რწმენას გისურვებთ. არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანის, საქმის, ცხოვრების, იღბლის, ღმერთის  - მგონი, მერე ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. კიდევ, ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ !

ფოტოზე ბევრი ვიფიქრე და ეს მივამაგრე - ჩვენი მაღაზია ერთი წლის გახდა და ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ იმ ეიფორიის ქვეშ ვარ. ამ ფოტოზე ყველაფერია, რის გამოც ცხოვრება მიყვარს - ლეა, ირაკლი, "წიგნები ბათუმში" და ბავშვები, რომლებიც ზღაპრის საათის მოსასმენად დადიან ხოლმე და დაბადების დღეზე ეს პლაკატი მოგვიტანეს.


დიდი მადლობა, სოფი)

Monday, July 7, 2014

ჩემი ძალა - ჩოგბურთი, ნაწნავები და საძაგელი კვირადღეები

მინდოდა დღეს სუბპოსტებისთვის დამეთმო დრო და ბევრ რამეზე მოკლედ მესაუბრა. მაგალითად იმაზე, როგორი საძაგელი კვირადღე გამოდგა და ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა.
საშინლად ვბრაზობდი, თუ როგორ გაშალეს სუფრა ეზოში ჩემმა მეზობლებმა, გემრიელად ისადილეს და იცინეს, მანამდე გასაბერ აუზში აჭყუმპალავეს ბავშვები, ჩემი ქმარი კი ამ დროს სასწრაფოდ გამოიძახეს, აარონს გაზებმა შემოუტიეს ისევ და მთელი დღე ნახევარ საათზე მეტხანს ვერ დავაძინე, ამ პერიოდში ეზრამ წიგნების კარადა გადმოალაგა, მერე სააბაზანოს იატაკის მოწმენდა გადაწყვიტა და ბუნებრივია, კარგადაც გამოუვიდა... მთელი ოთახის დატბორვა.
ამასობაში თითქის მოსაღამოვდა, სადილად შემწვარი კარტოფილი და შაბათიდან მონარჩენი თევზი გვქონდა. ბავშვები რომ დავაძინეთ, ვიგრძენი, რომ სიქა მქონდა გამძვრალი და ძლივს შევლასლასდი სამზარეულოში ენერგიის მოსაკრებად, რძე დავისხი და გადავწყვიტე ჩვენი წარუმატებელი კვირადღის მაგივრად, ჩემი ყმაწვილქალობის სიყვარულის შესახებ მეამბო.

სიყვარულს, რომელსაც ჩოგბურთი ჰქვია.

ბავშობიდან მიყვარდა სპორტი და სულ მოძრაობაში ვიყავი: ფარიკაობა, სირბილი, ცურვა, ბადმინტონი... ცეკვა :-)

როგორ მინდოდა ჩოგბურთელობა, ამას ვერავინ წარმოიდგენს და არ ვიცი, ვინმე თუ გამიგებს. ჩემზე მეტად, თითქმის დღემდეც, არავის უჩქარდება ალბათ გული, როცა ჯანმრთელ, გრძელ ოქროსფერნაწნავიან გოგოებს ხედავს, რომლებსაც სოფის ოცნება აუსრულდათ, დგანან მწვანე (ფერი კორტის საფარის მიხედვით ცვალებადია) მინდორზე და გრძნობენ თავიანთ ძალას, სუნთქვას, კუნთებს...  ამაზე განსაკუთრებული შეიძლება კიდევ ცურვა იყოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.


მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს, ქალების ჩოგბურთი ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა ამერიკელი დები უილიამსების, განსაკუთრებით კი სერენას გარეშე - უძლიერესი სპორტსმენია, ვერსად გაექცევი


მსოფლიო ჩოგბურთის ჩეხი ლეგენდა მარტინა ნავრატილოვა, ასევე ბექჰენდის ოსტატი ბელგიელი ჟუსტინ ენინი, გერმანიის სიამაყე შტეფი გრაფი და თავმდაბალი ამერიკელი პროფესიონალი ლინდსი დევენპორტი


მარტინა ნავრატილოვას საპატივსაცემოდ დარქმეული სახელით, ჩეხოსლოვაკი ემიგრანტი მშობლებით, სულ რაღაც 167 სმ სიმაღლის, ტექნიკური ჩოგბურთის ოსტატი, უიმბლდონის ჩემპიონი 16 წლის ასაკში, ჭკვიანი და ლამაზი შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი - ჩემი ყველა დროის ფავორიტი!!!

ქალების ჩოგბურთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და სპონტანურია. არასოდეს იცი, ვინ გაიმარჯვებს, ვინ აჰყვება ემოციებს, ვის შემოუტევს არასტაბილური ესტროგენი, ვის ჩამოეშლება თმა და გაბრაზდება, ვის არ მოეწონება ბურთების მიმწოდებელი ბიჭი და ან ვის გააღიზიანებს გაქსუებული მსაჯი, რომელიც მაღლა წამოსკუპებულა და აქეთ-იქით იყურება.
ქალების ჩოგბურთში არავინ არაფერი იცის, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. გასაგებია, რომ არსებობდნენ ისეთი ცივსისხლიანები, როგორებიც მარტინა ნავრატილოვა, ჟუსტინ ენინი არიან, მაგრამ თქვენ ვინ გირჩევნიათ? მე მტირალა მარტინა ჰინგისი, ბრაზიანი სერენა უილიამსი და ნებისმიერი დანარჩენი ლამაზი სლავური წარმოშობის ნაწნავიანი გოგო, რომლებიც რაღაც მომენტში საკუთარ თავს მომაგონებს - მხოლოდ იმიტომ არა, რომ ოდესღაც მეც ისე ვიწნავდი თმას და ქარის საწინააღმდეგოდ მივქროდი, ან იმიტომ, რომ მილან კუნდერას წერილებს ვწერდი და მინდოდა ცოლად გავყოლოდი, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩოგბურთი ჩემთვის ძალაა, სისწრაფე, სილაღე და სილამაზე, რის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია, მაშინაც კი, როცა ზემოთ ნაამბობი საძაგელი კვირადღეები მაქვს და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ სარკეში.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ (და აქვე ჩემი ფავორიტი ქალი ჩოგბურთელების სურათებს გიზიარებთ. მამაკაცებზე სხვა დროს იყოს)!

მუდამ Sunny Mama სოფი


პეტრა კვიტოვა - უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული, უკვე მეორედ. ჩეხები უძლიერესები არიან


მარია შარაპოვა - ამერიკაში გაზრდილი რუსი ჩემპიონი


ჟინი ბუშარი - წლევანდელი უიმბლდონის კანადელი სენსაცია, რომელიც მხოლოდ ფინალში პეტრა კვიტოვასთან დამარცხდა


კაროლინ ვოზნიაცკი - პოლონური წარმოშობის დანიელი ჩოგბურთელი, გასული წლების ნომერი პირველი ჩოგანი, რომელიც პირადმა პრობლემებმა პროფესიულად ძალიან დაასუსტა 

Wednesday, July 2, 2014

ქიმია - To Me You Are Perfect - 8

ძალიან, ძალიან მიყვარს ნატალია. ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და თან არ ვიცნობ.
ყოველთვის მაინტერესებს მისი ამბები და ხან მეჩვენება, რომ ჩემი "დაკარგული" უმცროსი დაა, როგორც ჯერუშა ებოტი იტყოდა და ძალიან მინდა ყველაფერი კარგად ჰქონდეს. მინდა, ქორწილში დამპატიჟოს, როცა ექნება და მერე თავის შვილებზე მიამბოს ხოლმე, როცა ეყოლება, no pressure though :-D
ნატალიას აქვს ლამაზი თვალები და თმები. 
ნატალია, ჩემთვის, ჰგავს კირა ნაითლის. 
ნატალიას უყვარს ეს მომენტი ჩემი საყვარელი ფილმიდან და მეც ისე მიყვარს, ამხელა დარბაისელ ქალსაც კი თვალები მეცრემლება. 


აქ კი ჩემი საყვარელი ნატალიას პასუხები საზაფხულო კითხვებზე:


To Me You Are Perfect - ქიმია


1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი? 

 ბლოგი 2009 წელს გავაკეთე, მარტში. მანამდე აქტიურად ვკითხულობდი სხვა ბლოგებს, რომლებიც იმ დროისთვის საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ხშირად და ბევრს წერდნენ. რატომ გავაკეთე ბლოგი - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მინდოდა წერა, თან ბლოგი ახალი ხილი იყო და ყველას გვაინტერესებდა.

2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

დღემდე ვწერ, მაგრამ იშვიათად. ხშირად წერასაც არაფერი უდგას წინ, მაგრამ მგონია რომ ერთ ადგილს დავტკეპნი და ყველა პოსტი ერთმანეთის მსგავსი იქნება. ამიტომ, მირჩევნია მაშინ დავწერო, როცა ძალიან მენდომება. წერას კი იგივე მიზეზით განვაგრძობ, რითიც დავიწყე - მინდა ჩემი მოსაზრებები სხვებს გავუზიარო, ან უბრალოდ, წლები რომ გავა, ჩემთვის მქონდეს შემონახული ძველი ამბები და გავიხსენო, ვინ ვიყავი და ვინ გავხდი. 

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D

ასარჩევად რომ მქონდეს, პირველ რიგში სვანეთსა და რაჭაში წავიდოდი. ჩემს საყვარელ ადგილებს რაც შეეხება, ერთი ჩემი სოფელია. ჩემი თავშესაფარი.  მეორე - ბათუმი. ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, იცის ჩემი და ამ ქალაქის ურთიერთობის შესახებ. ბათუმში ბევრი კარგი რამე მოხდა და ამიტომ სამუდამო ძაფებით დავუკავშირდი მას. ეს ძაფები ხშირად მეწევა იქეთ, მაგრამ უმეტესად ვერ ვახერხებ ჩასვლას, ამის გამო სულ მენატრება იქაურობა, სულ.
ზოგადად კი, უცნობი ქალაქების აღმოჩენა (არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ) ჩემთვის მის ქუჩებში ხეტიალით იწყება და შეიძლება იქვე მთავრდება. მუზეუმები და სხვა ღირშესანიშნაობები უბრალოდ დამატებითი საქმიანობაა.
ასარჩევად რომ მქონდეს, პირველ რიგში სვანეთსა და რაჭაში წავიდოდი. ჩემს საყვარელ ადგილს რაც შეეხება, ჩემი სოფელია. ჩემი თავშესაფარი. 

საზღვარგარეთ ერთი საყვარელი ადგილი მაქვს - სტამბული. მართალია, მხოლოდ სტამბულში ვარ ნამყოფი, მაგრამ რომ მითხრან, ბარგი ჩაალაგე და სადაც გინდა წადიო, პირველ რიგში სტამბულში წავიდოდი ისევ. რაღაცნაირი ქალაქია, უკან დაბრუნებას მოგანდომებს. ვინც ნამყოფია, ისინი გამიგებენ, რას ვგულისხმობ.
ისე კი, ალპების სოფლებში წავიდოდი, აუტანელ სიმწვანეში. ამ ეტაპზე ეგ მაქვს აკვიატებული. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილი მაქვს გონებაში ჩაჭედილი.
მუდმივი აკვიატება კი კიდევ 2 ქალაქია. ბრიუგე - ამ ქალაქში თუ წავედი, ეს აუცილებლად წინასაშობაო პერიოდში იქნება. ზაფხულში კი დუბროვნიკი მაქვს შეგულებული, სამოთხის ნაგლეჯი.
ზოგადად კი, უცნობი ქალაქების აღმოჩენა (არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ) ჩემთვის მის ქუჩებში ხეტიალით იწყება და შეიძლება იქვე მთავრდება. მუზეუმები და სხვა ღირშესანიშნაობები უბრალოდ დამატებითი საქმიანობაა.

4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

ჩვენი ურთიერთობა 1 წლის გახდა ახლახან. მთავარი ძალა, რის გამოც ის (ურთიერთობა) კვლავ გრძელდება, ქიმიაა. ეს ქიმია პირველივე შეხედვაზე გაჩნდა და დღემდე გვამოძრავებს ერთმანეთის მიმართულებით. თუმცა, ამ თემაზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს და თავს რაღაცნაირად, უხერხულად ვგრძნობ. 

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.

წუხილს არა და სურვილს დავწერდი, რომ ქართველმა ბლოგერებმა ხშირად წერონ და წერონ ის, რაც უნდათ და არა სარეკლამო პოსტები, რაც საკმაოდ ხშირია და მე დიდად არ მაინტერესებს :)

May the force be with us!