Monday, July 7, 2014

ჩემი ძალა - ჩოგბურთი, ნაწნავები და საძაგელი კვირადღეები

მინდოდა დღეს სუბპოსტებისთვის დამეთმო დრო და ბევრ რამეზე მოკლედ მესაუბრა. მაგალითად იმაზე, როგორი საძაგელი კვირადღე გამოდგა და ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა.
საშინლად ვბრაზობდი, თუ როგორ გაშალეს სუფრა ეზოში ჩემმა მეზობლებმა, გემრიელად ისადილეს და იცინეს, მანამდე გასაბერ აუზში აჭყუმპალავეს ბავშვები, ჩემი ქმარი კი ამ დროს სასწრაფოდ გამოიძახეს, აარონს გაზებმა შემოუტიეს ისევ და მთელი დღე ნახევარ საათზე მეტხანს ვერ დავაძინე, ამ პერიოდში ეზრამ წიგნების კარადა გადმოალაგა, მერე სააბაზანოს იატაკის მოწმენდა გადაწყვიტა და ბუნებრივია, კარგადაც გამოუვიდა... მთელი ოთახის დატბორვა.
ამასობაში თითქის მოსაღამოვდა, სადილად შემწვარი კარტოფილი და შაბათიდან მონარჩენი თევზი გვქონდა. ბავშვები რომ დავაძინეთ, ვიგრძენი, რომ სიქა მქონდა გამძვრალი და ძლივს შევლასლასდი სამზარეულოში ენერგიის მოსაკრებად, რძე დავისხი და გადავწყვიტე ჩვენი წარუმატებელი კვირადღის მაგივრად, ჩემი ყმაწვილქალობის სიყვარულის შესახებ მეამბო.

სიყვარულს, რომელსაც ჩოგბურთი ჰქვია.

ბავშობიდან მიყვარდა სპორტი და სულ მოძრაობაში ვიყავი: ფარიკაობა, სირბილი, ცურვა, ბადმინტონი... ცეკვა :-)

როგორ მინდოდა ჩოგბურთელობა, ამას ვერავინ წარმოიდგენს და არ ვიცი, ვინმე თუ გამიგებს. ჩემზე მეტად, თითქმის დღემდეც, არავის უჩქარდება ალბათ გული, როცა ჯანმრთელ, გრძელ ოქროსფერნაწნავიან გოგოებს ხედავს, რომლებსაც სოფის ოცნება აუსრულდათ, დგანან მწვანე (ფერი კორტის საფარის მიხედვით ცვალებადია) მინდორზე და გრძნობენ თავიანთ ძალას, სუნთქვას, კუნთებს...  ამაზე განსაკუთრებული შეიძლება კიდევ ცურვა იყოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.


მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს, ქალების ჩოგბურთი ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა ამერიკელი დები უილიამსების, განსაკუთრებით კი სერენას გარეშე - უძლიერესი სპორტსმენია, ვერსად გაექცევი


მსოფლიო ჩოგბურთის ჩეხი ლეგენდა მარტინა ნავრატილოვა, ასევე ბექჰენდის ოსტატი ბელგიელი ჟუსტინ ენინი, გერმანიის სიამაყე შტეფი გრაფი და თავმდაბალი ამერიკელი პროფესიონალი ლინდსი დევენპორტი


მარტინა ნავრატილოვას საპატივსაცემოდ დარქმეული სახელით, ჩეხოსლოვაკი ემიგრანტი მშობლებით, სულ რაღაც 167 სმ სიმაღლის, ტექნიკური ჩოგბურთის ოსტატი, უიმბლდონის ჩემპიონი 16 წლის ასაკში, ჭკვიანი და ლამაზი შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი - ჩემი ყველა დროის ფავორიტი!!!

ქალების ჩოგბურთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და სპონტანურია. არასოდეს იცი, ვინ გაიმარჯვებს, ვინ აჰყვება ემოციებს, ვის შემოუტევს არასტაბილური ესტროგენი, ვის ჩამოეშლება თმა და გაბრაზდება, ვის არ მოეწონება ბურთების მიმწოდებელი ბიჭი და ან ვის გააღიზიანებს გაქსუებული მსაჯი, რომელიც მაღლა წამოსკუპებულა და აქეთ-იქით იყურება.
ქალების ჩოგბურთში არავინ არაფერი იცის, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. გასაგებია, რომ არსებობდნენ ისეთი ცივსისხლიანები, როგორებიც მარტინა ნავრატილოვა, ჟუსტინ ენინი არიან, მაგრამ თქვენ ვინ გირჩევნიათ? მე მტირალა მარტინა ჰინგისი, ბრაზიანი სერენა უილიამსი და ნებისმიერი დანარჩენი ლამაზი სლავური წარმოშობის ნაწნავიანი გოგო, რომლებიც რაღაც მომენტში საკუთარ თავს მომაგონებს - მხოლოდ იმიტომ არა, რომ ოდესღაც მეც ისე ვიწნავდი თმას და ქარის საწინააღმდეგოდ მივქროდი, ან იმიტომ, რომ მილან კუნდერას წერილებს ვწერდი და მინდოდა ცოლად გავყოლოდი, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩოგბურთი ჩემთვის ძალაა, სისწრაფე, სილაღე და სილამაზე, რის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია, მაშინაც კი, როცა ზემოთ ნაამბობი საძაგელი კვირადღეები მაქვს და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ სარკეში.

ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ (და აქვე ჩემი ფავორიტი ქალი ჩოგბურთელების სურათებს გიზიარებთ. მამაკაცებზე სხვა დროს იყოს)!

მუდამ Sunny Mama სოფი


პეტრა კვიტოვა - უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული, უკვე მეორედ. ჩეხები უძლიერესები არიან


მარია შარაპოვა - ამერიკაში გაზრდილი რუსი ჩემპიონი


ჟინი ბუშარი - წლევანდელი უიმბლდონის კანადელი სენსაცია, რომელიც მხოლოდ ფინალში პეტრა კვიტოვასთან დამარცხდა


კაროლინ ვოზნიაცკი - პოლონური წარმოშობის დანიელი ჩოგბურთელი, გასული წლების ნომერი პირველი ჩოგანი, რომელიც პირადმა პრობლემებმა პროფესიულად ძალიან დაასუსტა 

3 comments:

Natalia said...

მე მესმის შენი, როგორია გინდოდეს ჩოგბურთელობა, უყურებდე სხვის თამაშს და ლამის ყველა კუნთით გრძნობდე, რას განიცდის იმ დროს ჩოგბურთელი კორტზე.

ეჰ, როგორ მინდოდა მეც, ოღონდ უკვე ზრდასრულ ასაკში, უკვე ყველა გზა რომ მოჭრილია. ყველაზე მაგარი სპორტია და ძალიან მიხარია, რომ ვხვდები ამას (რომ ყველაზე მაგარია), ბევრმა არ იცის და არცაა საჭირო, იცოდეს :))

დაჯი said...

მე ვიცი, რომ ქალების ჩოგბურთზე არასდროს დავდებ ფულს :დ
ისეთი ბილეთი გამიფუჭა უილიამსთან იმ ფრანგმა გოგომ, რომლის სახელსაც არ ვახსენებ, რომ ნერვები მეშლება, თუმცა რადგან ჩოგბურთია, მაინც სასიამოვნოდ მეშლება ნერვები ^__^

Sophie שרה Golden said...

ნატალია, ნატალია!!! ზუსტად :-)

მაგა, ჰაჰა! ქალების ჩოგბურთზე ფული რამ დაგადებინა, თუმცა სერენა უძლიერესი იყო ყოველთვის უიმბლდონზე და წელს ვინ წარმოიდგენდა მის ასეთ მარცხს :-(