Sunday, January 29, 2012

Te doy mi alma...


Ni sol, ni rosa, ni espadaña aguda
ni puerta abierta
en la desierta calle.
Tan sólo el viento
suelto.
El viento gris, desnudo
para un crimen o un sueño.
Mi amante o mi dueño.

Juana de Ibarbourou

აღარც მზე, აღარც ვარდი, აღარც ალესილი ბალახი.
კარებიც დაიკეტა,
მიტოვებულ ქუჩაში
ქარი დარჩა მარტო,
რუხი და შიშველი...

მეტის თარგმნას ჩემი ესპანური და მოთმინება არ ეყო, მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად მივუბრუნდები ხუანა დე იბარბურუს, ბოლომდე მოვუსმენ და იქნებ, წერილიც მივწერო.

ყოველთვის, როცა თოვლი მოდის და მე იმას ვაკეთებ, რაც დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს, სამხრეთ ამერიკას ვუბრუნდები და ახალ ადამიანებს ვეცნობი, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გამეცნო.
რას გავაკეთებდი სიამოვნებით? გერმანულის მაგივრად, ესპანურს ვისწავლიდი კარგად და არასოდეს გავჩუმდებოდი (პირდაპირი მნიშვნელობით არა). თბილ ქვეყნებში ვიცხოვრებდი და არასოდეს ჩავიცმევდი ჩექმებს. კანის ფერი მუქი მექნებოდა და ჭორფლებიც მეტი.
მაგრამ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც არის და როგორც უნდა იყოს, იმიტომ, რომ მე თვითონ ვისურვე ცივ ქვეყანაში ცხოვრება და სცენარისტმაც იმ გვერდზე დაიწყო წერა, რომელიც მე გადავუშალე.


ხუანა დე იბარბურუ ურუგვაელი პოეტი იყო. 1895 წელს დაიბადა მელოში, ურუგვაის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ბრაზილიის საზღვარზე. გაიზარდა და მონტევიდეოში გადავიდა, მაინც დიდხანს და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე წერდა ბუნებაზე, მერე სიყვარულსა და საკუთარ შეგრძნებებზე.
უცნაურია, რომ მისი ლექსები ძალიან მაგონებს მარინა ცვეტაევას პოეზიას. მისი ლექსების რუსულ თარგმანს გადავხედე (როგორც ყოველთვის, უნაკლოს) და იქ ნაკლებად დავინახე მსგავსება, ან შეიძლება დავინახე კიდეც, დღეს ყველა ქალი პოეტი, მგონი, ცვეტაევასავით წერს, ან ცდილობს წერდეს და თარგმნიდეს კიდეც.
ხუანა დე იბარბურუ მაინც განსაკუთრებულია, თუნდაც იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაში დაიბადა, რომელსაც სულ აწუხებს კომპლექსი, ხან არგენტინის და ხანაც უზარმაზარი ბრაზილიის მეზობლობის; ეკონომიკა არ გააჩნია, ჩვენსავით. სამაგიეროდ, სიამაყე და ბევრი სევდიანი მწერალი ჰყავს, როგორც სამხრეთს შეეფერება.

იბარბურუ ფემინისტი იყოო, ინტერნეტში წერენ. ყველა ქალი, პოეტი, ფემინისტია, ოღონდ იმ გაგებით არა, უმეტესობას როგორც ესმის და მერე ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ. ჩემი ხუანა დე იბარბურუ არ არის ისეთი, რადგან იცის, ნებისმიერი "იზმი" ფანატიზმთანაა ახლოს და ძალიან საშიშია.
მხოლოდ სიცოცხლის სიყვარულიზმია უსაფრთხო.

ახლა, როცა ეზრა მკითხავს, კიდევ რას ვაკეთებ, ვეტყვი, რომ მხოლოდ მაიაკოვსკის არ ვკითხულობ გერმანულ კვირადღეებში, ურუგვაელებსაც ვაკვირდები და ძალიან მინდა, მასაც წავუკითხო.
განსაკუთრებით ეს ლექსი, რომელიც შეიძლება ბევრ არაფერს გეუბნებოდეს, თუ ეს ენა არ გიყვარს და მთელ სულს არ დებ მასში, რომ თარგმნო და როგორმე გაიგო. ეზრას მოეწონება, ვიცი და ამიტომ მისია ეს ლექსი:

La hora

Tómame ahora que aun es temprano
Y que llevo dalias nuevas en la mano.

Tómame ahora que aun es sombría
Esta taciturna cabellera mía.

Ahora, que calza mi planta ligera
La sandalia viva de la primavera.

Ahora, que en mis labios repica la risa
Como una campana sacudida a prisa,

Después... ¡ah, yo sé
Que ya nada de eso más tarde tendré!

Que entonces inútil será tu deseo
Como ofrenda puesta sobre un mausoleo.

¡Tómame ahora que aun es temprano
Y que tengo reica de nardos la mano!

Hoy, y no más tarde. Antes que anochezca
Y se vuelva mustia la corola fresca.

Hoy, y no mañana. Oh amate, ¿no ves
Que la enredadera crecerá ciprés?

Sunday, January 22, 2012

ცეკვავენ თუ ეცეკვებათ


რატომ ცეკვავენ, ნეტა, ადამიანები? რატომ უნდებათ ცეკვა? მთელი დღეებია ამაზე მეფიქრება და ვერ მოვიფიქრე.

Monday, January 16, 2012

იანვრის ორშაბათი

საჩუქრები ვის არ უყვარს, განსაკუთრებით სხვადასხვა მაღაზიები რომ აკეთებენ აქციებს და სუვენირებს და რამე–რუმეებს გჩუქნიან. ხოდა, არის ერთი ჩემი საყვარელი მაღაზია აქ, რომლის საიტზეც ყველა სავარაუდო ქვიზს ვავსებ ხოლმე, ვრეგისტრირდები საჩუქრებზე და მერე ფოსტა რომ მომდის, სასწაულად მიხარია. ბუნებრივია, უფრო მეტი მაკულატურა მოდის, მაგრამ მათ შორის, ერთი–ორი ლამაზი კოსმეტიკის ნიმუშიც რომ ურევია, მახარებს.

ამ ბოლო დროს საშინლად მძინავს, გამთენიისას მეღვიძება და თან ისე ფხიზლად, თვალის დახუჭვის სურვილიც არ მიჩნდება. მერე ჩემს ქმარს რომ გავაცილებ და მე თვითონაც მომზადება უნდა დავიწყო, მაშინ ისევ მერევა ძილი და ერთი ხუთი წუთით თბილად ჩაწოლა დღეს 10 საათამდე გამიგრძელდა. მერე უკვე შევუძახე ჩემს თავს, ამდგარიყო და სასწრაფოდ ესაუზმა. საბოლოოდ, პიტნის ჩაი დავლიე, კუჭი მტკიოდა გუშინდელი საღამოდან. წელიწადში რამდენჯერმე მახსენებს ხოლმე თავს ასე უცნაურად, საქართველოში ბორჯომი და ლიკანი მყავდა მხსენელებად და აქაური მინერალური წყლები არ მომწონს, რომელი სასწაული "ბადიდანაც" უნდა იყოს.

სადილად ბრინჯის ფლავი და კატლეტი გვქონდა. სასუსნავი არაფერი მოგვეპოვებოდა და მე უცებ ლიმონის ნამცხვრის რეცეპტი ვიპოვე, ბუნებრივია, ცოტა შევცვალე და კაკაოს მინანქრიან უცნაურ კექსად ვაქციე. სინამდვილეში მრგვალ მაღალ ფორმაში ცხვება და მე შესაბამისი ზომის არ მქონდა სახლში. სილიკონის ფორმები ნამდვილად მისწრებაა და საუკუნეა, ყიდვას ვაპირებ, რომ პერგამენტები და მაიმუნობები აღარ დამჭირდეს.
ადვილი გამოსაცხობია: 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1,5 კოვზი სოდა, 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1, 1/5 ჭიქა ფქვილი, 1/4 ჭიქა ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა. ყველაფერს ერთად თქვეფთ, ფორმაში ასხამთ და 160 გრადუსზე აცხობთ 45–50 წუთი (ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 5–10წთ).
ძალიან მსუბუქი და გემრიელი გამოვიდა, სასწაულად უხდება ჩაის, ნახევარიც აღარ დაგვრჩა ხვალისთვის.


მოკლედ:
  • თებერვლის დასაწყისში გერმანულში ტესტი მაქვს.
  • ლილუს გავებუტე :პ
  • დღეს წამოთოვა ლაიპციგში, ყოველ დილით იმ იმედით ვდგები, რომ გადათეთრებულ ქუჩას დავინახავ და ჯერჯერობით არაფერი ჩანს.
ოქროს გლობუსზე წელს ირანულ ფილმს მიუღია ჯილდო, ზუსტად იმას, რომელზეც გუშინ პოსტი წავიკითხე და ძალიან დამაინტერესდა.

წელს ფავორიტი მიშელ უილიამსი მყავდა და გაიმარჯვა კიდეც; ჯერ არ მინახავს მერილინი როგორ ითამაშა, მაგრამ ამასაც ისეთი სევდიანი თვალები აქვს, ვიცი, მომეწონება. 100%–იან მერილინობას კი ვერავის მოსთხოვ და არც უნდა მოითხოვო, ერთადერთი ნამდვილი მერილინი, მხოლოდ თავად მერილინი იყო.

ესეც ჩემი 16 იანვარი, ორშაბათი.

Wednesday, January 11, 2012

რაც თან დაგვაქვს

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა...
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.
"ვეფხისტყაოსანი"



რამდენი ხანია ჩემს ირანელ ჯგუფელზე მინდოდა დამეწერა. ინგლისურ ბლოგზე კი დავწერე, მაგრამ აქ უფრო გემრიელად მინდა მოყოლა.

მოდი, იმით დავიწყებ, თუ რამხელა გავლენას ვახდენთ სამყაროზე, ადამიანებზე და ჩვენს საკუთარ თავებზე. არ ვიცი, შეიძლება მე შევიგრძნობ ამას განსაკუთრებულად, რადგან ცხოვრების არცთუ ისე ცოტა ხანი მაქვს გატარებული სამშობლოს ფარგლებს გარეთ. დავითის ფსალმუნების გარდა, ჩემი სამოგზაურო წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იყო ხოლმე და როცა საქართველო მენატრებოდა, ან რამე სულისდასამშვიდებლის წაკითხვა მომინდებოდა, გადავშლიდი და ვკითხულობდი. პათეტიკის გარეშე გეუბნებით, ტარიელი, ავთანდილი და რუსთაველის ფემინისტი ქალებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები იყვნენ.
პირველად დედაჩემისგან გავიგონე, თავის მეგობარს ეუბნებოდა, ადამიანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა უცხოეთში მიდიხარ, საკუთარის გარდა, სამშობლოს სახელსაც ატარებო. დედაჩემი ძალიან ჭკვიანია, როგორც ყველა დედა. თუმცა, ბუნებრივია, ბევრჯერ არ ვეთანხმები და იმ მომენტშიც შევეკამათებოდი ალბათ. მაგრამ როცა თვითონ მოვხვდი სიტუაციაში, სადაც საქართველო მხოლოდ პასპორტში კი არა, სახეზეც მეწერა, მივხვდი, როგორი მართალი ყოფილა.

მნიშვნელობა არა აქვს შენს რელიგიას, არავის აინტერესებს შენი ორიენტაცია, ყურადღებას არავინ აქცევს შენს ჩაცმულობას, სამაგიეროდ, ყოველთვის თან გდევს შენი ეროვნება და ის ქვეყანა, სადაც დაიბადე, გაიზარდე და რომელი ენაც შენს სისხლთან ერთად მოძრაობს გულიდან გონებამდე და პირიქით.

ჩემს ინტერნაციონალურ სკოლაში იმდენი ეროვნების ადამიანი სწავლობს, რამდენი ქვეყანაც არსებობს, ალბათ, მსოფლიოში.
რამდენადაც უნდა ვეცადო, სტერეოტიპებისა ან სულაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანების გაცნობის შემდეგ უსწრაფესად მიყალიბდება მათზე აზრი: რუსები თავხედები არიან, განსაკუთრებით ქალები; ზუსტად მათზეა მოგონილი ზედსართავი наглые და უმეტეს შემთხვევაში, თუ ადგილზე არ მოსვი, არაფერი გამოვა; ამერიკელებს – არასოდეს უნდა ენდო, რაც უნდა გაქებდნენ, გიცინოდნენ და სიყვარულს გიხსნიდნენ, ოკეანისიქიდან არიან და ყველაფერი სხვანაირად ესმით, შენი მეგობრები მაინც არასოდეს გახდებიან; სამხრეთელები: ბერძნები, ესპანელები, იტალიელები და ასევე ლათინოამერიკელები – ყველაზე ადვილია მათთან ურთიერთობა, შენი ცხოვრებითაც დაინტერესდებიან, საკუთარზეც გახსნილად გიამბობენ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები, გინდა მათთან მეგობრობა თუ არა;
მუსულმანური სამყარო, რომელიც სუნიტებად და შიიტებად იყოფა და ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. თვითონ შიიტებიც კი განსხვავდებიან. მაგალითად, თურქები ვერ შეედრებიან ირანელებს, ისევე როგორც, არაბები სასწაულად განსხვავებულები არიან.
არ ვიცი, შოთა რუსთაველი "რომელ" არაბეთს გულისხმობდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ "ვეფხისტყაოსანი" სპარსეთს უფრო შეეფერება.

ატომური ბომბი აქვთ? აქვთ.
ქალებს ჩადრები ძალით დააფარეს? დიახ.
საშინელი პრეზიდენტი ჰყავთ? თანაც როგორი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ჯგუფელი ფარვანე (დიახ, ჩვენებურად ფარვანა, იგივე პეპელა, სპარსულადაც ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს) სრულიად გადაწონის თავისი სამშობლოს უარყოფით იმიჯს მსოფლიოში. არ მინახავს სხვა ვინმე ასეთი გონიერი, მშვიდი, გაწონასწორებული, ღიმილიანი და მიმზიდველი; გარეგნობით არა, ერთი ბეწო გოგოა, სპარსული კეხიანი ცხვირით; ხშირი, შავზე უშავესი თმითა და მხოლოდ აღმოსავლეთში რომ აქვთ, ისეთი თვალებით.
ვერ ვიტყვი, ვმეგობრობთ–მეთქი. ის გაცნობითი საუბრებიც, დასვენებაზე, არ ითვლება. უბრალოდ, არის რაღაც უცნაური სულიერი კავშირი ჩვენ შორის, როცა გაკვეთილზე ვსხედვართ, ვგრძნობ, რომ ჩემი ხუმრობები ყველაზე უკეთესად მას ესმის. არ არის საჭირო პრანჭვა–გრეხა მასთან სასაუბროდ და არც ისეთი გაევროპებულ-გაციებულია, როგორც ბევრი ჩვენიანი.

ბუნებრივია, ერთი ადამიანი არ ქმნის მთელ ქვეყანას, ისევე როგორც ქვეყანა არ ქმნის ადამიანს და ვერავის განსჯი ერთი შეხედვით. საერთოდაც, განსჯა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა და იმ სტერეოტიპების მიუხედავად, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მაინც უამრავი მეგობარი მყავს რუსეთიდან, ამერიკიდან, სამხრეთ თუ აღმოსავლეთ ევროპიდან და ყველა მათგანი თავისებურად განსხვავებული, საინტერესო და ძვირფასია ჩემთვის. მაგრამ მაინც არსებობს გეოგრაფიულ მდებარეობაში განსაკუთრებულობა.
როგორც ყველაფერს თავისი სუნი და გემო აქვს, ისეთივე გრძნობებს დავატარებთ ადამიანებიც; სადაც უნდა წავიდეთ და რომელი რელიგიაც უნდა გვქონდეს არჩეული, ზოგსაც დაძალებული, ყოველთვის თან დაგვაქვს ჩვენი აღმოსავლეთი, ჩვენი "ვეფხისტყაოსანი" და ის უცნაური სული, რომელიც ასევე უცნაური, საყვარელი სცენარისტისგან გვაქვს შთაბერილი.

Saturday, January 7, 2012

ნერვიული ქალები


როგორ არის ხანდახან, ხო, როცა არ იცი, რა მუსიკას მოუსმინო, რა ფილმი ნახო, რა წიგნი წაიკითხო. მერე უცებ მოიხედავ და კუთხის კაფის ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს რომ დაინახავ, ლურჯ ქურთუკსა და ლურჯ წინდებში, ხვდები, რომ გაიზარდე; მაგრამ მაინც ისევ ის სოფი გოლდენი ხარ, ქუჩაში რომ დადის და იკარგება თავის ფიქრებში. ის სოფი, ადამიანები რომ უყვარს და ხშირად მათგან მოშორებით ყოფნა ურჩევნია. ისევ ის გოლდენი – ყოველთვის გულიანად რომ იცინის და ირწმუნება, ცხოვრება მწვანე ვაშლია – დიდი და წვნიანიო.

გადის დრო. შენი ცხოვრება იცვლება. იდეალისტი სოციალისტობა დიდი ხანია მოგბეზრდა, თუმცა ეზრას მაინც უყვები, რომ ახალგაზრდობაში თუ სოციალისტი არ იქნები, სხვა ვინ უნდა იყო?

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ 20 წლის შემდეგ შეუძლებელია ახალი მეგობრების გაჩენა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მეგობრების, ძალდაუტანებლად რომ დასხდებით და ბევრ უაზრობაზე ისაუბრებთ. არ მოგიწევს გონების და სხვა გრძნობების დაძაბვა, რამე ისეთი, პოლიტიკურად არაკორექტული არ წამოგცდეს.

იმ დღეს სტუმრად ვიყავით და ზუსტად ასეთი განწყობა მქონდა, როგორიც მსოფლიო მუდოების დედად მაქცევს ხოლმე. ჩემმა ქმარმა მითხრა, ხანდახან უბრალო საუბრის დაჭერა (поддерживать разговор–ის ჩემებური თარგმანი) არ არის ცუდიო (fancy, ამას ადრე დედაჩემი მეუბნებოდა), მაგრამ ნელ–ნელა ეჩვევა ჩემს ხასიათს, როცა არ შემიძლია, ვერც საუბარს "დავიჭერ" და ვერაფერს საერთოდ. მაშინ ვგრძნობ ზუსტად ისეთ მუდო თხის რქად თავს, როგორც ანუშკა წერდა ერთ პოსტში, ხმას ვერ ამომაღებინებ და კაციშვილი არ დაიჯერებს, რომ sunny სოფი ვარ, დრიუ ბერიმორის გმირების მოყვარული.

ასეთ საღამოებზე, განსაკუთრებით, თავის ჭკვიანად მოჩვენება მეზარება. ცოლები და ქმრები ცდილობენ ერთმანეთზე გონებამახვილები აღმოჩნდნენ, ან პირიქით, ცოლები ცალკე "კლუბში" გადიან და იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქმრები კიდევ – თავისთვის, მშვიდად სხედან და საუბრობენ; საერთოდ, კაცები ბევრად relaxed ტიპები არიან, მე თუ მკითხავ. ქალები კიდევ – ნერვიული ხალხი ვართ, იშვიათად ერთმანეთი მოგვეწონოს, ყოველ შემთხვევაში, ამას იშვიათად ვაღიარებთ. ჰოდა, მე ზუსტად მაშინ ვ–numb–დები და ხმას ვერ ვიღებ, როცა სხვა ქალები გუჩის კაბებიდან მედოფის პროცესზე გადადიან. ამ დროს იმდენად არ მინდა ჩემი გონებამახვილობების გამომჟღავნება, რომ მირჩევნია მუდოდ ჩამთვალონ; იმას თავი დავანებოთ, რომ თავი სულაც არ მიმაჩნია დიდ ჭკუის კოლოფად და რაც ვიცი, ჩემთვის ვიცოდე, ესეც მყოფნის.
არ ვიცი, რატომ მემართება ასე. ალბათ იმიტომ, რომ ძნელად მომწონს ადამიანები და არც ის მადარდებს, სხვებს რამდენად მოვეწონები. თუ მე არ მომწონს, მორჩა, უკვე აღარაფერი მაინტერესებს. კიდევ სტერეოტიპებით ვარ, ალბათ, გაჟღენთილი, ან სხვები არიან და მეზარება მათი/ჩემი სტერეოტიპების დამსხვრევა ან პირიქით, დამტკიცება.

პოსტს გადავხედე და მეც კარგი ნევროტიკი და ფეთიანი ჰორმონებით გაჯერებული ვარ, როგორც ყველა მდედრობითი ელემენტი.

რა ვქნა, ჩემი სახლი ყველაზე სრულყოფილად თუ მაგრძნობინებს თავს და დანარჩენი სამყარო იმდენად პატარად მეჩვენება, ჯიბეც არ მჭირდება შესანახად...

[დღეიდან Dash Berlin–ის რემიქსების მოსმენა დავიწყე, სასწაულად მომიხდა. როგორც იქნა, ვიპოვე მუსიკა, ახლა რომ მჭირდებოდა.]