I'm Capricorn, - he said. - What are you?
"A Perfect Day for Bananafish" J.D. Salinger
რამდენჯერ მაქვს ეს მოთხრობა წაკითხული და მხოლოდ გუშინწინ "დავაკვირდი", სეიმური რომ თხის რქა ყოფილა. გული მომეწურა.
საშინელი სურდო მაქვს, ისეთი, ფრენი (იმავე დალოცვილი ოჯახის შვილი, როგორც ანუშკა იტყვის ხოლმე) იტყოდა, I would just roll over and die-ო.
ჯერ ჩემი ქმარი გახდა ავად ორი კვირის წინ, მერე ეზრას აუწია სიცხე და ხველება დაიწყო, თან კბილები ჩამოსდის და სასწაულ დღეში ვართ. გუშინ კიდევ დილის 5–ზე, ეზრამ რომ გამაღვიძა, ყელი ისე მტკიოდა, გიჟივით წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი თაფლის მოსაძებნად. ბავშვობიდან მჯერა (ანუ ასე მასწავლეს), უზმოზე თუ ერთ კოვზ თაფლს ნელ–ნელა მოწუწნი, ყელის ტკივილს გადაურჩები.
ყელის ტკივილს კი გადავურჩი, მაგრამ ორივე ნესტო გამეჭედა და არ ვიცი, რამდენი შეკვრა ცხვირსახოცი დავხარჯე უკვე. თვალები მტკივა და მეცრემლება.
მერე დღეს საღამოს ეზრა ისეთი ჰიპერაქტიური იყო, საწოლში ვერ ვაკავებდი და ერთი საათი მოუნდა, სანამ მოკალათდა და დაიძინა.
ხოდა ტირილი მინდოდა. ხანდახან, იცოცხლე, ისეთი ღრიალი ვიცოდი ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს მეზარებ. მერე ჩემს თავს გავახსენე, რომ სატირალი არაფერი მაქვს და დედაჩემი როგორც იტყვის ხოლმე, ღმ–ერთს არ აწყენინოო, მეც გადავწყვიტე არ მეწყენინებინა და ეზრამაც დაიძინა. მეც დავლიე კიდევ ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი და წერა დავიწყე.
Roll over and die, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ არც მე და მეეჭვება, ფრენისაც ეს ნდომებოდა.
მე ვარ თხის რქა სეიმურივით.
ეზრა კიდევ – ვერძი.
ანუ ჩემს ქმარს ადვილი ცხოვრება არა აქვს.
იმის თქმა მინდოდა, რომ რაღაც ბლოგს ვკითხულობდი და იქ წერდა ერთი გოგო, რატომღაც ადამიანები ველოდებით, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება ოდესმეო. ხოდა დავფიქრდი სერიოზულად.
მეც ასე ვიყავი. ეზრა რომ გავაჩინე, ვფიქრობდი, აი, გავა რამდენიმე თვე და ძველებური სოფი ვიქნები, იმავე წონის დაბრუნებას ვინ დარდობს, ან ქალაქობანაში ჩაფლავებას–მეთქი.
ლამის ერთ წელზე მეტი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში აღარ ჩადგება და საერთოდ, ეს კალაპოტი და ჩვეული საშინელი სიტყვებია. ან ვის რა ჯანდაბად უნდა.
რა ჯობია იმას, რომ ცხოვრება შეიცვალა და მეც, ყოველდღე სხვადასხვა სირთულის გადალახვა მიწევს, ვიღლები, მერე მიხარია, ვიცინი...
ბავშვის დაბადების მერე ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო, სოფი, ამას კაი ხნით ადრე უნდა მიხვედრილიყავი და არა 25–ს გადაცილებულსა და 30–ს მიახლოებულ ასაკში. ბავშვები იმიტომ მოდიან ამ ქვეყანაზე ჩვენი დახმარებით, რომ სამყარო შეცვალონ. ყველა მესია არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მშობლების სამყაროსა და მსოფლმხედველობის რაღაც ნაწილის შეცვლას მაინც ახერხებენ.
ზემოთ კი მივწერე ჩემს თავს, "კაი ხნით" ადრე უნდა მიხვედრილიყავი–მეთქი, მაგრამ ვერასოდეს მიხვდები ამას, სანამ დედა არ გახდები და ცხვირგაჭედილი და თვალებდაწითლებული არ წამოხტები გამთენიისას შენი შვილის წამოტირებაზე.
გლასები რატომ გავიხსენე?
გამოიცანით, ვინ არის ჩემი საყვარელი გლასი სეიმურის, ფრენის და ზუის გარდა?
ბესი :) გლასების ირლანდიელი დედა, ახლა ჩასუქებული [ჩემსავით], მაგრამ ერთ დროს წერწეტა [ჩემსავით] მოცეკვავე რომ იყო და წარმომიდგენია, როგორ მსუბუქად დასრიალებდა სივრცეში. ისე მიყვარს ეს ქალი, ისე მიყვარს. იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი შვილები გაზარდა, შვიდივე, ადამიანურები, კეთილები და ჭკვიანები. ძალიან კარგი დედაა ბესი, თან ცოტა ფეთიანიც, როგორც ყველა დედა.
თქვენი საყვარელი გლასი რომელია?









