Tuesday, April 9, 2013

გული

უტკბესი და უმწარესი...

ეზრას ვუკითხავ სულხან საბა ორბელიანის იგავ–არაკებს და ეს ამოვიჩემე სასწაულად. საბავშვო ილუსტრაციებია, ლილუ დეიდამ გამოუგზავნა 1 წლის წინ, ისეთი კეთილი და უბრალო სახეები აქვთ პერსონაჟებს, ხანდახან ტირილიც კი მინდება. უტკბესსა და უმწარესზე ლამაზი მეფე ხატია თავის ვეზირთან ერთად, რომელსაც მისთვის ლანგარზე ენა მიურთმევია: მსოფლიოში ყველაზე მწარე და თან ყველაზე ტკბილი.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შეესაბამება ფოტო პოსტს – უბრალოდ, ლივ ულმანი ჩემთვის ემოციების სიმბოლოა

დღეს ეზრას რომ ვაძინებდი დღისით, გამახსენდა, რომ 9 აპრილია და ისე დამიმძიმდა გული, აღარ ვიცოდი, რა მექნა. თან ძალიან გავბრაზდი იმის გახსენებაზე, როგორ შესწირეს მსხვერპლად ახალგაზრდა გოგო–ბიჭები რაღაც იდეებს და თვითონ, ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია და მისი უკან მადევრები ისე დაიმალნენ, 1990–ის დადგომამდე აღარ გამოჩენილან.

მეც ვიყავი მოზარდი, სტუდენტი და ვიცი, როგორ გიდუღს ამ პერიოდში ადამიანს სისხლი, როგორ გიცხელდება საფეთქლები და გჯერა, სამყაროს შეცვლა შენს ხელშია. მეცოდებიან ის ახალგაზრდები, 1989 წლის 9 აპრილს რომ ასევე სჯეროდათ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, ისხდნენ და მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ისეთი ლამაზები იყვნენ, ისეთი, 5 წლისაც არ ვიყავი და დღემდე მახსოვს მათი სახეები ფოტოებზე. მათი მშობლები მეცოდებიან და საქართველო მეცოდება საერთოდ.
ვიცი, ისტორიას რომ გადახედო, თითქმის ყველა ქვეყანაში მომხდარა მსგავსი ტრაგედიები: დემოკრატიულ გერმანიაში თავის დროზე, 70–იანების სამხედრო მთავრობის საბერძნეთში, შაჰის ბოლო გაბრძოლებისას ირანში... მაგრამ ისინი არ მტკივა და უბრალოდ, ფაქტებად მახსოვს, ჩვენი 9 აპრილი კიდევ ჩემს ბავშვურ მოგონებებში ძალიან მკვეთრადაა ჩაბეჭდილი, განსაკუთრებით ორი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი გოგო–ბიჭის სურათი მახსენდება სულ, რომლებსაც მინდოდა ერთმანეთი ჰყვარებოდათ და წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ცოცხლები გადარჩნენ და უბრალოდ, გაიქცნენ შორს და მერე სივრცეში ყვავილებივით გაიფანტნენ...

ახლა ძალიან დიდი ვარ და შეიძლება რაღაც იდეებადაც ამიტომ ვთვლი ეროვნულობას და დამოუკიდებლობას, რითიც მაშინ ადამიანებს გონებას ურევდნენ; სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. აღარ მჯერა იდეალებისადმი თავის შეწირვისა, არც იმის, რომ ფიზიკური სიკვდილი ჯობია სულიერს. საერთოდ აღარაფრის მჯერა, ნელ–ნელა დიდი ვხდები და ვშორდებით მე და ეგზიუპერი.

დღეს კიდევ ჩემი ქმრის დედამ მკითხა, საქართველოსკენ არ მიგიწევს გულიო? ისე ლამაზად და სევდიანად მკითხა, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
არ ვიცი.
არ მიმიწევს :|
არსაითაც არ მიმიწევს გული. ყოველ შემთხვევაში, დღეს არ მიმიწევს, როცა 9 აპრილია და მთელ ქვეყნიერებას სისხლიანი ყაყაჩოების სუნი აქვს.

5 comments:

თორნიკე said...

ცოტა ხნის წინ არც ვფიქრობდი სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე,მაგრამ ახლა ვფიქრობ.ზაფხულში მივდივარ თურქეთში და ალბათ არც მე გამომიწევს გული აქეთ.შემდეგ სხვა ქვეყანაში და ა.შ.აშ.მერე რა მოხდა?მთელი სამყარო ღმერთმა შექმნა და მთავარია მოძებნო ადგილი,სადაც კარგად იგრძნობ თავს.სამშობლო კი ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო,ან იქნება და არა ერთადერთი.მოკლედ ამ კომენტარს რამდენიმე წლის შემდეგ რომ ვნახავ საინტერესო რა დამოკიდებულება მექნება.ეს ცვლილებები როგორ გვაშინებს,მაგრამ მაინც მოდის და ვიცვლებით.:)

Anonymous said...

სოფი , ძალიან კარგ ადგილზე ხარ დამიჯერე. მე და ჩემი მეუღლე (განსაკუთრებით მეუღლე) ბერლინში ცხოვრების პერიოდში სულ ვწუწუნებდით რომ ეს რა ქვეყანაა, რომ საჭმელი ის არ არის რაც უნდა იყოს, რომ უგულოები ცივები არაინ, რომ გერმანია კი არა გრელანდიაა. ეხლა ვართ ამ თბილ, გაზაფხულიან, ,,ჯიგარი " ხალხის ქვეყანაში, საჭმელსაც ისეთს ვჭამთ რასაც ბერლინში ვნატრობდით, მაგრამ ჩემი სიცოცხლის რამოდენიმე წელს დაუნანებლად მივცემდი, ოღონდ ეს შემეძლოს ისე ,,უღმერთო" ბერლინში დაბრუნება ჩემს ქმართან და შვილთან ერთად.

Sophie שרה Golden said...

@თორნიკე, ისეთი სამწუხაროა, როცა ადამიანი სამშობლოს ტოვებს და სხვაგან მიდის საცხოვრებლად... მთელი ცხოვრება გრჩება მერე ეს ტრავმა და სულის ტკივილი, მაგრამ როგორც პოსტში დავწერე, სანამ ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ, ფიზიკური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ ამას კაციშვილი ვერ დამაჯერებდა, მაგრამ ასეა, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტად რწმუნდება ამაში.

@თ, მართალი ხარ და მეც ვიცი, მაგრამ ხომ იცი, რა ძნელია და თან ეს სევდა და ყველაფერი ერთად რომ წამოგივლის :| რა ცუდია, რომ ასე გრძნობ ახლა და ბერლინში დაბრუნება გინდა, წესით ხომ სამშობლოზე მყუდრო ადგილი არსად უნდა იყოს. :((

Keti said...

სოფი, ფიზიკურად შეიძლება არ მოგიწევს გული, მაგრამ რაკი ქართულ წიგნებს კითხულობ და თანაც ასეთი გრძნობით, მგონია, საქართველო ისევე ახლოსაა შენთან, როგორც მაშინ, როცა აქ ცხოვრობდი..

მე მაინც მგონია, რომ საკუთარი ქვეყნიდან მუდმივად წასვლა არ არის კარგი. შენ ოჯახი შექმენი და სხვა მდგომარეობა გაქვს, მაგრამ ძალიან მტკივა გული, როცა ამბობენ, რომ წავლენ და უკან არც კი მოიხედავენ.
ვფიქრობ, ამის შესრულებას ვერავინ შეძლებს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოუნდება დაბრუნება.

ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებ, სოფი:*

Sophie שרה Golden said...

ქეთი, არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა, რომ ცხოვრებაში 50%–ზე მეტს ფიზიკურობა წყვეტს.
არავინ მინახავს, სამშობლოდან შორს ცხოვრობდეს და უხაროდეს.
მადლობა, შენც კარგი კვირა გქონოდეს!!!