Wednesday, April 3, 2013

ძალიან დიდი ბიჭი

ამ ბოლო დროს როგორ ცოტას ვწერ ეზრაზე, ხო?
იმიტომ, რომ უკვე "ძალიან" დიდი ბიჭია და თავისი ცხოვრება უჩნდება. ხალიჩაზე უყვარს ჯდომა და "კუბიკებით" თამაში. ოღონდ მერე მალე ბეზრდება და ინტერნეტისა და სხვა კაბელებისკენ მიუწევს გული. ჯერ დამოუკიდებლად ვერ დადის, ავეჯს ეჭიდება და ისე უვლის გარს ოთახს. ბუნებრივია, წიგნების კარადა უკვე მისი საყვარელი დასალაშქრი ადგილია და თუ ვერ მოვასწარი, ეზრა წიგნებში ჩაფლული მხვდება.
ისეთი საყვარელი წიგნები ვუყიდეთ, 8–9 თვიდან რომ დაიწყო "კითხვა" და იმ დღეს სულ შემოაკვნიტა კიდეები, დღეს სკოჩით დავუწებე და გავუმაგრე, იქნებ აღარ შეჭამოს (ქართული წიგნები "წმინდად" გვაქვს შენახული, გერმანული კი არ გვენანება საჭმელად).


მგონი, პურზე მეტად არაფერი უყვარს და პესახზე ხომ არ შეიძლებოდა, ამიტომ ბებიამ გამოუცხო მაცის ფქვილისგან "პეჩენიები" და ამით ვკვებავდი დილით, რძეში ვუფშხვნიდი (რა საყვარელი ზმნაა).
ხილიდან ბანანს არაფერი ურჩევნია, მაგრამ ბანანი ბავშვებს კუჭში კრავს (შეიძლება დიდებსაც, ამდენი არ ვიცი) და მერე მსხლით ჩავუნაცვლებ ხოლმე.

გუშინწინ სტუმრად ვიყავით. ზუსტად იმ გოგოს ოჯახში, ადრე რომ დავწერე, ბავშვი გააჩინა დეკემბერში–მეთქი; მე და ეზრამ მოვინახულეთ და ჩემთან მეგობრობა რომ უნდოდა და მე კიდევ მეზარებოდა. ახლა უკვე მომწონს ის გოგო, ისევ განსხვავებულები ვართ, მაგრამ საერთოც ბევრი გვაქვს.
ხოდა, ამ გოგომ და მისმა ქმარმა დაგვპატიჟეს პესახის ბოლო დღეებში სადილზე. ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. კიდევ სხვა სტუმრებიც ჰყავდათ, კიდევ უფრო თოთო ბავშვით და სასწაულად დადებითი აურა ტრიალებდა სახლში. ეზრა ყველაზე დიდი იყო ბავშვებში, უკვე ჩვენთან ერთად იჯდა სუფრაზე და ქათმის ბულიონს მიირთმევდა (ანუ მე ვაჭმევდი, თეთრი პერანგი რომ ქათმისფრად არ ექცია), ამიტომ, ხომ იცით, ყველას ყურადღებას იქცევდა და თვითონაც უცინოდა და ეთამაშებოდა.

კიდევ რაღაცების დაწერას ვაპირებდი და ვეღარ ვიხსენებ.

[აი, უკვე გამახსენდა პოსტის გამოქვეყნებამდე, მაგრამ ის, რისი დაწერაც მინდოდა, მომდევნო პოსტისთვის იყოს.]